განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1693-19
N330310117002191511
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ბ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ე---------------–--–ი
მესამე პირი - ჯ--------------–---–ი
წარმომადგენლები - შ--–----------–-–---–ი, ა-–---------------------ე
დავის საგანი - აღმასრულებლის მოქმედების უკანონოდ ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2/1----14), ქ. თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „მ--------------“ ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 88 687,61 ლარის გადახდა 2011 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანების სახით. შპს „მ--------------“ ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ 2011 წლის 20 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის გადახდის ვადისგადაცილების გამო დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 1652 ლარის ოდენობით, ხოლო 2013 წლის 25 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე გადაუხდელი საიჯარო ქირის 0,01 პროცენტი. შპს „მ--------------“ ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 56 977,4 ლარის გადახდა, მხარეებს შორის 2011 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღნაგობის საფასურის სახით. შპს „მ--------------“ 2011 წლის 20 სექტემბრის აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საფასურის გადახდის ვადისგადაცილების გამო ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 1647,9 ლარის ოდენობით, ხოლო 2013 წლის 25 ნოემბრიდან აღნაგობის გადაუხდელი საფასურის 0,01 პროცენტი, ვალდებულების შესრულებამდე, დანარჩენ ნაწილში თბილისის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „მ--------------“ შეგებებული სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 20 სექტემბრის N0------- ბრძანებაზე თანდართული და მხარეებს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 10.4 და 10.5 პუნქტები. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 20 სექტემბრის N0------- ბრძანებაზე თანდართული და მხარეებს შორის გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულების 8.4 და 8.5 პუნქტები. ქ. თბილისის მერიას შპს „მ--------------“ სასარგებლოდ დაეკისრა საბაგიროს ღირებულების - 200 422,5 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა. ქ. თბილისის მერიას შპს „მ--------------“ სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 152 020,73 ლარის გადახდა საზოგადოებრივი კვების ობიექტის მშენებლობისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად. შპს „მ--------------“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით. ქ. თბილისის მერიას შპს „მ--------------“ სასარგებლოდ დაეკისრა 4610 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად. ქ. თბილისის მერიას შპს „მ--------------“ სასარგებლოდ დაეკისრა 25-0 ლარის გადახდა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების პირველი პუნქტის თანახმად (საქმე N2/1----14), სამოქალაქო საქმეზე N2/1----14, სს "მ--------------" (ს/ნ 2--------) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ჯ--------------–---–ი (პ/ნ 0----------), ხოლო ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით (საქმე N2/1----14), გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,სამოქალაქო საქმეზე N2/1----14, სს "მ--------------" (ს/ნ 2--------) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს ჯ--------------–---–ი (პ/ნ 0----------), მხოლოდ ქ. თბილისის მერიის მიმართ არსებული სს ,,მ--------------“ მოთხოვნის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ (საქმე N2/1----14) შესულია კანონიერ ძალაში (ტ.1, ს.ფ. 17-42; ტ.2, ს.ფ. 74-77; 130-138).
1.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე N2/1----14) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინებით (საქმე N2ბ/1---16), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2016 წლის 21 ივნისს მიღებულ იქნა დამატებითი განჩინება (საქმე N2ბ/1---16), რომლის თანახმად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სს ,,მ--------------" უფლებამონაცვლე ჯ--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2 5-0 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 43-76).
1.2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინება (საქმე N2ბ/1---16) და 2016 წლის 21 ივნისის დამატებითი განჩინება (საქმე N2ბ/1---16) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების/დამატებითი განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით (საქმე №ას-9-----------), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის დამატებითი განჩინება. ჯ--------------–---–ის შუამდგომლობა იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ N2--------) ჯ--------------–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისრა საკასაციო სამართალწარმოების გამო იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 800 ლარის ანაზღაურება. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით (საქმე №ას-9-----------) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე N2/1----14) შევიდა კანონიერ ძალაში და ამავე სასამართლოს მიერ 2017 წლის 07 ივლისს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი (საქმე N2/1----14), კრედიტორის - ჯ--------------–---–ის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-10 (ქ. თბილისის მერიას შპს „მ--------------“ სასარგებლოდ დაეკისრა საბაგიროს ღირებულების - 200 422,5 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა) და მე-11 (ქ. თბილისის მერიას შპს „მ--------------“ სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 152 020,73 ლარის გადახდა საზოგადოებრივი კვების ობიექტის მშენებლობისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად) პუნქტების იძულებით აღსრულების მიზნით (ტ.1, ს.ფ. 77; 147).
1.2.4. 2017 წლის 26 ივლისს ჯ--------------–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ივლისის სააღსრულებო ფურცელი (საქმე N2/1----14) და მოითხოვა მოვალე - ქ. თბილისის მერიისთვის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხების: 200422.5 ევროსა და 152020.73 ლარის იძულებით აღსრულება.
2017 წლის 09 აგვისტოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეტყობინებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია A1------- სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 07.07.2017 წელს გაცემული N2/1----14 სააღსრულებო ფურცლის იძულებით აღსრულების შესახებ. აღნიშნული შეტყობინებით, მოვალე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა წინადადება სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხების ერთი თვის ვადაში, ნებაყოფლობით გადახდის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 143-144; 182-183).
1.2.5. 2017 წლის 29 აგვისტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა N1------------- წერილით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განიხილა 2017 წლის 9 აგვისტოს შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც მოთხოვნილია 2017 წლის 7 ივლისის N2/1----14 სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული 718 134.12 ლარის გადახდა ჯ--------------–---–ის სასარგებლოდ (A1------- სააღსრულებო საქმე).
წერილში აღინიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 2017 წლის 9 აგვისტოს მიღებული იქნა განკარგულება N2-------- ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაზე ჯ--------------–---–ის სასარგებლოდ დაკისრებულ თანხას გამოაკლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის N2/1----14 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ შპს ,,მ-------------ზე“ დაკისრებული საიჯარო ქირისა და აღნაგობის საფასური, შესაბამისი პირგასამტეხლოებით 2013 წლის 25 ნოემბრამდე, რამაც შეადგინა 148 964.91 ლარი და 2013 წლის 25 ნოემბრიდან გადარიცხვის დღემდე საიჯარო ქირისა და აღნაგობის საფასურის გადაუხდელობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო 0.01%. დარჩენილი 556 020,87 ლარი კი N0---- საგადასახადო დავალების თანახმად, ჩარიცხული იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალიანება ჯ--------------–---–ის მიმართ დაფარულია სრულად და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის 2/1----14 გადაწყვეტილების აღსრულებულად ჩათვლა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის 2017 წლის 29 აგვისტოს N1------------- წერილს თან დაერთო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 9 აგვისტოს განკარგულება N2-------- და 2017 წლის 16 აგვისტოს საგადახდო მოთხოვნა N0---- (ტ.1, ს.ფ. 184-189).
1.2.6. 2017 წლის 04 სექტემბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა NA1--------007/001 წერილით მიმართა ჯ--------------–---–ს და მის წარმომადგენელს და აცნობა, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილია ქ. თბილისის მერიის 2017 წლის 29 აგვისტოს N1------------- წერილი ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ შპს ,,მ-------------ზე“ დაკისრებულ თანხებსა და ქ. თბილისის მერიის მიერ შპს ,,მ--------------“ სასარგებლოდ გადასახდელი თანხების ურთიერთგაქვითვის შესახებ. ამასთან, ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ქ. თბილისის მერიის მიერ ჩარიცხულია 556 020.87 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კრედიტორს ეთხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის შემჭიდროვებულ ვადაში, წერილობით ეცნობებინა ეთანხმებოდა თუ არა წერილში მოყვანილ გარემოებებს და ამცირებდა თუ არა მოვალის მიმართ მის მოთხოვნას.
აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 04 სექტემბრის NA1--------007/001 წერილის პასუხად, ჯ--------------–---–ის წარმომადგენელმა 2017 წლის 08 სექტემბერს წერილით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელს და აცნობა, რომ კრედიტორი არ ეთანხმებოდა წერილში მოყვანილ გარემოებებს და არ ამცირებდა მოთხოვნას მოვალის მიმართ. აღნიშნულ წერილს თან დაერთო: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.07.2016 წლის NB---------- გადაწყვეტილება შპს ,,მ--------------“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინების (საქმე N2/1-----2016) თანახმად, სს ,,მ--------------“ (ს/ნ 2--------) მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. სს ,,მ-------------“ (ს/ნ 2--------) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, ხოლო რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.07.2016 წლის NB---------- გადაწყვეტილებით გაუქმდა სს ,,მ--------------“ რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ. 270-273; 277-280).
1.2.7. 2017 წლის 22 სექტემბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა - მ------------–---–მა N6---- წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურს და აცნობა, რომ აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსისა და საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამატებით შესწავლის საფუძველზე (კრედიტორის ჯ--------------–---–ის განცხადება, თანდართული განჩინება N2/2/1----14, 29.12.2015წ), თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ვერ იქნება გათვალისწინებული 2017 წლის 29 აგვისტოს N1------------- წერილში მოყვანილი არგუმენტები. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს ჩარიცხვით - 556020.87 ლარიდან დაფარულია მხოლოდ N2/1----14 სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხები ნაწილობრივ, კერძოდ, 152 020.73 ლარი და 200 422.5- ევროდან - 143 982.37 ევროს ექვივალენტი ლარი. ამდენად, მოვალეს ეთხოვა დარჩენილი დავალიანების ნებაყოფლობით გადახდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში განემარტა, რომ მის მიმართ გატარდებოდა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები დარჩენილი დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - მ------------–---–ის 2017 წლის 22 სექტემბრის მოქმედება (N6---- წერილი) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა - ბ---------------ემ გაასაჩივრა საჩივრით 2017 წლის 06 ოქტომბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 06 ნოემბრის N5--- ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს - ბ---------------ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ტ.1, ს.ფ. 204-205; 295-299; 372-375).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს აღსრულების ქვემდებარე აქტებს, რომლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 26 ივლისს ჯ--------------–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ივლისის სააღსრულებო ფურცელი (საქმე N2/1----14) და მოითხოვა მოვალე - ქ. თბილისის მერიისთვის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხების: 200422.5 ევროსა და 152020.73 ლარის იძულებით აღსრულება. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უარი განაცხადა წინადადების შესრულებაზე იმ საფუძვლით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 2017 წლის 9 აგვისტოს მიღებულ იქნა განკარგულება N2-------- ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაზე ჯ--------------–---–ის სასარგებლოდ დაკისრებულ თანხას გამოაკლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის N2/1----14 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ შპს ,,მ-------------ზე“ დაკისრებული საიჯარო ქირისა და აღნაგობის საფასური, შესაბამისი პირგასამტეხლოებით 2013 წლის 25 ნოემბრამდე, რამაც შეადგინა 148 964.91 ლარი და 2013 წლის 25 ნოემბრიდან გადარიცხვის დღემდე საიჯარო ქირისა და აღნაგობის საფასურის გადაუხდელობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო 0.01%. დარჩენილი 556 020,87 ლარი კი N0---- საგადასახადო დავალების თანახმად, ჩარიცხული იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალიანება ჯ--------------–---–ის მიმართ დაფარულია სრულად და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის 2/1----14 გადაწყვეტილების აღსრულებულად ჩათვლა.
სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-183 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება.
საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - მ------------–---–ის 2017 წლის 22 სექტემბრის მოქმედება (N6---- წერილი) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა - ბ---------------ემ გაასაჩივრა საჩივრით 2017 წლის 06 ოქტომბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 06 ნოემბრის N5--- ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს - ბ---------------ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მითითებული ბრძანების გამოცემისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არსებითად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის N2/2/1----14 უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების თანახმად (რომელიც შესულია კანონიერ ძალაში) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებაში გასწორდა დაშვებული უსწორობა და განჩინების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: სამოქალაქო საქმეზე N2/1----14, სს "მ--------------" უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს ჯ--------------–---–ი, მხოლოდ ქ. თბილისის მერიის მიმართ არსებული სს ,,მ--------------“ მოთხოვნის ნაწილში. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას არ ჩაბარებია და იგი არ არის შესული კანონიერ ძალაში, რის გამოც მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, ჯ--------------–---–ი წარმოადგენს შპს ,,მ--------------“ უფლებამონაცვლეს ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,მ--------------“ მიმართ დადგენილი როგორც მოთხოვნების, ისეთი ვალდებულებების ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღსრულებულია სრულად.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის აღნიშნული არგუმენტაცია და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსი კონსულტანტის 2018 წლის 11 დეკემბრის N2------ წერილითა და მასზე თანდართული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით უტყუარად დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ (საქმე N2/1----14), შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, ცალსახაა, რომ სამოქალაქო საქმეზე N2/1----14, ჯ--------------–---–ი წარმოადგენს შპს ,,მ--------------“ უფლებამონაცვლეს მხოლოდ ქ. თბილისის მერიის მიმართ არსებული სს ,,მ--------------“ მოთხოვნის ნაწილში. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის უსწორობის გასწორების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინების ჩაბარებისა და განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხის კვლევა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს. მეტიც, სასამართლოს მოსაზრებით, გასათვალისწინებელია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უსწორობის გასწორების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით (საქმე N2ბ/5--19), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი, რაც დამატებით ადასტურებს უსწორობის გასწორების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტს.
1.3.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.
მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჯ--------------–---–ი წარმოადგენს შპს ,,მ--------------“ უფლებამონაცვლეს მხოლოდ ქ. თბილისის მერიის მიმართ არსებული სს ,,მ--------------“ მოთხოვნის ნაწილში და არ წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2/1----14) სს ,,მ--------------თვის“ დაკისრებული ვალდებულებების ნაწილში ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლეს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ იყო უფლებამოსილი, მოეხდინა ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვა, ვინაიდან, ჯ--------------–---–ი წარმოადგენს სს ,,მ--------------“ უფლებამონაცვლეს მხოლოდ მოთხოვნის უფლების ნაწილში და მასზე არ ვრცელდება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით სს ,,მ--------------თვის“ დაკისრებული ვალდებულებები, შესაბამისად, ვალდებულების ნაწილში იგი არ წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მხარეს, რაც მხარეთა შორის არსებულ ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის წინაპირობას წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ------------–---–ის 2017 წლის 22 სექტემბრის მოქმედება (წერილი N6----) სრულად შეესაბამება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი უკანონოდ ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს აღმასრულებლის ქმედებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ 2017 წლის 06 ოქტომბერს წარდგენილ საჩივარზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 06 ნოემბერს მიღებული N5--- ბრძანების ბათილად ცნობისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის N2/1----14 გადაწყვეტილების, თბილისის საააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის N2ბ/1---16 დამატებითი განჩინების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 05 მაისის Nას-9----------- განჩინების აღსრულებულად ცნობის დავალების საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე, 331 მუხლებზე და მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ "ა" არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, "ბ" გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, "გ' არასწორად განმარტა კანონი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამდენად, არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი.
აპელანტი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 18.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში – ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც. მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, სს „მ--------------” (ყოფილი შპს ,,მ-------------“) რეგისტრაცია გაუქმებულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სახელშეკრულებო უფლებამონაცვლეობის საკითხს. სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს, რომ როდესაც ხდება მოთხოვნის დათმობა, მოთხოვნის ახალ მფლობელზე გადადის არამარტო მოვალისთვის მოთხოვნის წარდგენის უფლება, არამედ ვალდებულებაც, პასუხი აგოს მის მიმართ აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში არსებულ შესაგებლებზეც. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე დგინდება, რომ ჯ--------------–---–ს სს “მ-------------მ“ დაუთმო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ არსებული მოთხოვნა, რის საფუძველზეც ჯ--------------–---–ი ავტომატურად გახდა იმ შესაგებლის ადრესატიც, რომლის წაყენებაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შეეძლო სს „მ--------------ათვის“, ამ სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა.
აპელანტის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილი იყო ჯ--------------–---–თან ანგარიშსწორებისას მოეხდინა მოთხოვნის გაქვითვა, ვინაიდან ჯ--------------–---–ი, კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ითვლება სს „მ--------------“ უფლებამონაცვლედ. ამდენად, თბილისის სააღსრულებო ბიურო (აღმასრულებელი მ------------–---–ი) არ იყო უფლებამოსილი, ზემოხსენებული არგუმენტი მხედველობაში არ მიეღო, ვინაიდან არსებობდა ყველა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაც გადაწყვეტილების აღსრულებულად მიჩნევის წინაპირობას წარმოადგენს. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ შესულია კანონიერ ძალაში, აღნიშნული განჩინება ქ. თბილისის მერიას არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით და მისი არსებობის თაობაზე ცნობილი გახდა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე. აღნიშნულს ადასტურებს ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის N2ბ/5--19 განჩინება.
აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 244-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე, რაც არ გამოხატულა მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაში. მტკიცებულებათა შეფასების შედეგი უნდა აისახოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არამხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს. შემთხვევითი არ არის, რომ ქართული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს თავისი პოზიცია თითოეულ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა ყოველთვის იწვევს მის გაუქმებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის განმარტებით, იმისათვის, რომ არ მოხდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შელახვა, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა. აღნიშნული კანონის 25.1 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
ამავე კანონის 183.1 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 26.07.2017წ. ჯ--------------–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.07.2017წ. N2/1----14 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხების: 200422.5 ევროს და 152020.73 ლარის იძულებით აღსრულება მოითხოვა. 09.08.2017წ. თბილისის სააღსრულებო ბიურომ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეტყობინებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. 29.08.2017წ. N1------------- წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ 09.08.2017წ. მიიღო N2-------- განკარგულება, ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“. აღნიშნული განკარგულების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ჯ--------------–---–ის სასარგებლოდ დაკისრებულ თანხას გამოაკლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.09.2015წ. N2/1----14 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ შპს ,,მ-------------ზე“ დაკისრებული საიჯარო ქირისა და აღნაგობის საფასური, შესაბამისი პირგასამტეხლოებით 2013 წლის 25 ნოემბრამდე, რამაც შეადგინა 148 964.91 ლარი და 2013 წლის 25 ნოემბრიდან გადარიცხვის დღემდე საიჯარო ქირისა და აღნაგობის საფასურის გადაუხდელობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო 0.01%. დარჩენილი 556 020,87 ლარი კი N0---- საგადასახადო დავალების თანახმად, ჩარიცხულ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. განმცხადებლის მითითებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალიანება ჯ--------------–---–ის მიმართ დაფარულია სრულად და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის 2/1----14 გადაწყვეტილების აღსრულებულად ჩათვლა.
დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა - მ------------–---–მა N6---- წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსისა და საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციის დამატებით შესწავლის საფუძველზე, თბილისის სააღსრულებო ბიურო ვერ გაითვალისწინებდა 29.08.2017წ. N1------------- წერილში მოყვანილ არგუმენტებს. შესაბამისად, 2017 წლის 16 აგვისტოს ჩარიცხვით - 556020.87 ლარიდან დაფარულია მხოლოდ N2/1----14 სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხები ნაწილობრივ, კერძოდ, 152 020.73 ლარი და 200 422.5- ევროდან - 143 982.37 ევროს ექვივალენტი ლარი. ამდენად, მოვალეს ეთხოვა დარჩენილი დავალიანების ნებაყოფლობით გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გატარდებოდა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები დარჩენილი დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად. აღმასრულებლის აღნიშნული ქმედება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გაასაჩივრა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. აღსრულების ეროვნული ბიუროს 06.11.2017წ. N5--- ბრძანებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.12.2015წ. N2/2/1----14 განჩინებით გასწორდა უსწორობა 22.12.2015წ. განჩინებაში და განჩინების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „სამოქალაქო საქმეზე N2/1----14, სს "მ--------------" უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს ჯ--------------–---–ი, მხოლოდ ქ. თბილისის მერიის მიმართ არსებული სს ,,მ--------------“ მოთხოვნის ნაწილში“. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.12.2015წ. განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ (საქმე N2/1----14) შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, მართებულია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ N2/1----14 სამოქალაქო საქმეზე, ჯ--------------–---–ი შპს ,,მ--------------“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მხოლოდ ქ. თბილისის მერიის მიმართ არსებული სს ,,მ--------------“ მოთხოვნის ნაწილში. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის უსწორობის გასწორების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.12.2015წ. განჩინების ჩაბარებისა და განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხის კვლევა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს. გასათვალისწინებელია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 29.12.2015წ. განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.01.2019წ. N2ბ/5--19 განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნული დამატებით ადასტურებს 29.12.2015წ. განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტს.
პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლზე (ვალდებულებათა გაქვითვის შესაძლებლობა) და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჯ--------------–---–ი შპს ,,მ--------------“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მხოლოდ ქ. თბილისის მერიის მიმართ არსებული სს ,,მ--------------“ მოთხოვნის ნაწილში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ იყო უფლებამოსილი, მოეხდინა ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვა. ამდენად, ჯ--------------–---–ი წარმოადგენს სს ,,მ--------------“ უფლებამონაცვლეს მხოლოდ მოთხოვნის უფლების ნაწილში და მასზე არ ვრცელდება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით სს ,,მ--------------თვის“ დაკისრებული ვალდებულებები. ვალდებულების ნაწილში იგი არ წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მხარეს, რაც მხარეთა შორის არსებულ ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის წინაპირობას წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მ------------–---–ის 22.09.2017წ. მოქმედება (წერილი N6----) სრულად შეესაბამება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად, არ არსებობს მისი უკანონოდ ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს 06.11.2018წ. N5--- ბრძანების ბათილად ცნობისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.09.2015წ. N2/1----14 გადაწყვეტილების, თბილისის საააპელაციო სასამართლოს 21.06.2016წ. N2ბ/1---16 დამატებითი განჩინების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.05.2017წ. Nას-9----------- განჩინების აღსრულებულად ცნობის დავალების საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი