განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2019
საქმის ნომერი
330210118002342933
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002342933

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/8074-18 05 დეკემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – თამარ ალანია

მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ელ----------------–-–---–ი

 

წარმომადგენელი - მა-----------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ბო-----------–----ა

 

წარმომადგენელი - მა-------------ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის დადგენა, სარგებლის სახით გადახდილი თანხის ჩათვლა ძირი თანხის ანგარიშში, კრედიტორის წინაშე გადასახდელი დავალიანების მოცულობის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს შემცირება, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ელ----------------–-–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ბო-----------–----ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. ბო-----------–----ასა და ელ----------------–-–---–ს შორის სანოტარო წესით დამოწმებული 2015 წლის 04 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2015 წლის 04 დეკემბრის განსაზღვრა; მოვალის მიერ კრედიტორისთვის სარგებლის სახით გადახდილი 2700 აშშ დოლარის სესხის ძირითად თანხის ანგარიშში გადახდილად ჩათვლა; 2015 წლის 04 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე გადასახდელი სესხის ძირითად თანხად 7300 აშშ დოლარის განსაზღვრა; კრედიტორის წინაშე სარგებლის სახით 300 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულების არსებობის ფაქტის დადგენა; 2015 წლის 04 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.12%-ის ოდენობით შემცირება, მისი 0.001%-მდე განისაზღვრა, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობად 86.6 აშშ დოლარის დადგენა და 2018 წლის 14 თებერვლის ნოტარიუს ელისო შიხიაშვილის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ელ----------------–-–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2015 წლის 04 ივნისს ბო-----------–----ასა და ელ----------------–-–---–ს შორის სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ელ----------------–-–---–მა გამსესხებლის ბო-----------–----ასაგან 10 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირ თანხაზე სამი პროცენტის დარიცხვით, ექვსი თვის ვადით, 2015 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით, ისესხა (ს.ფ. 25-29).

 

6. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-10 მუხლის მიხედვით, მესაკუთრის ან/და მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო კანონით დადგენილი წესით, ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით მიემართა. კრედიტორის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების წარდგენის საფუძველზე, ნოტარიუსი უფლებამოსილი იყო სააღსრულებო ფურცელი ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე გაეცა (მოსარჩელის ახსნა-განმარტება, ს.ფ. 25-29).

 

7. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.12%-ის ოდენობით, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე განისაზღვრა (ს.ფ. 25-29).

 

8. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, თბ--–--–-------------------–-------------------------------------–---------------------------–---------------------–----–-------–------------------------------------–--------------------------------------–---------------------------------------------------–--------------------------------------------------, იპოთეკით დაიტვირთა. იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა (ს.ფ. 25-29, 31-32).

 

9. 2018 წლის 14 თებერვალს ნოტარიუსმა ელ-----–----–---–-ა, კრედიტორის განცხადების საფუძველზე სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სააღსრულებო ვალდებულების სახედ და მოცულობად იპოთეკის საგნის: ელ----------------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე, ქ-------–--–------------------–----------- აუქციონზე რეალიზაცია განისაზღვრა.

 

აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად: სესხის ძირი თანხა 10 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 4 ნოემბრიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.12 პროცენტის ოდენობით სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი და აღსრულების ხარჯები განისაზღვრა (ს.ფ. 33-35).

 

10. სააღსრულებო ფურცელი კრედიტორმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინა, სადაც მოვალის მიმართ 14 500 აშშ დოლარისა და 126.72 ლარის გადახდა იქნა მოთხოვნილი (ს.ფ. 36-40).

 

11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოვალემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სარგებლის გადახდის თაობაზე კეთილსინდისიერად შეასრულა, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის ავტომატურ გაგრძელებას იწვევდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

აპელანტის განმარტებით, ვინაიდან სესხის ხელშეკრულება დადებული იყო ექვსი თვის ვადით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ გადახდილი თანხა სესხის ძირ თანხას უნდა გამოკლებოდა ანუ, ძირითადი ვალდებულების ანგარიშში უნდა ჩათვლილიყო. სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 პუნქტს, რომლის თანახმად: სესხი უნდა დაბრუნდეს ექვსი თვის ვადაში 2015 წლის 04 დეკემბერს. მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების ვადაზე ადრე დაბრუნება. მხარეები, ასევე უფლებამოსილნი არიან გააგრძელონ სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნების ვადა. მხარეთა შეთანხმებით ყოველთვიური სარგებლის კეთილსინდისიერი გადახდის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება ვალდებულების შესრულებამდე. სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკარს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და ძირითადი თანხის, დარიცხული სარგებლისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ასევე ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის ვადაზე ადრე გაცემა მოსთხოვოს.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა და შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებისა და მსჯელობის საგანს წარმოადგენს ხელშეკრულების მე-4 მუხლში გამოვლენილი ნების განმარტების საკითხი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ნების გამოვლენის განმარტების წესს ადგენს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს.

 

2015 წლის 04 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სადავო მე-4 მუხლი მოვალის მიერ პროცენტის კეთილსინდისიერად გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებას ითვალისწინებდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ხელშეკრულების სადავო მუხლი (ისევე როგორც სხვა მუხლები) არ შეიცავს პირობას ხელშეკრულების წერილობითი ფორმით გაგრძელების სავალდებულოობაზე. ფორმის დაცვის ვალდებულება იპოთეკის ხელშეკრულებას მიემართება და მის ძალაში შესვლაზე ახდენს გავლენას. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავოა არა იპოთეკის გარიგებაში ცვლილების შეტანის ან/და გაგრძელების არამედ, სესხის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი, რომელიც რთული ფორმით დადების ვალდებულებას მხარეებს არ წარმოუშობს, მით უფრო კი, ისეთ შემთხვევებში როდესაც მხარეთა მიერ ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელების პირობები წინასწარ დეტალურად იქნა განჭვრეტილი და ხელშეკრულებით გაწერილი.

 

ამდენად, სადავო ხელშეკრულების ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, სესხი უნდა დაბრუნებულიყო ექვსი თვის ვადაში 2015 წლის 04 დეკემბერს, თუმცა, მითითებული მუხლი ამავდროულად, ამ ვადის გასვლის შემდგომ, მოვალის მიერ სარგებლის კეთილსინდისიერად გადახდის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადის ავტომატურ გაგრძელებას - ვალდებულების შესრულებამდე, ითვალისწინებდა. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული დათქმის სწორად განმარტებისათვის არსებითი მნიშვნელობისაა დადგინდეს 2015 წლის 04 ივნისიდან 2014 წლის 04 დეკემბრამდე მსესხებელმა სარგებელი კეთილსინდისიერად გადაიხადა თუ არა. საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ კრედიტორისთვის ამ პერიოდში ექვსჯერ სარგებლის სახით 300 აშშ დოლარის გადახდა სადავოდ არ გამხდარა. კერძოდ, მსესხებელმა 2015 წლის ივნისიდან 2015 წლის დეკემბრამდე, 6 თვის პერიოდში 1800 აშშ დოლარი გადაიხადა. ერთი თვის სარგებელი 300 აშშ დოლარი მსესხებელმა ხელშეკრულების დადებისთანავე, ხოლო დანარჩენი - 2015 წლის 11 ივლისს - 300 აშშ დოლარი, 2015 წლის 15 სექტემბერს - 300 აშშ დოლარი, 2015 წლის 9 ნოემბერს - 600 აშშ დოლარი, 2015 წლის 18 დეკემბერს - 300 აშშ დოლარი, გადაიხადა. ამ მიმართებით სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ განხორციელებულ შედავებას, მასზედ, თითქოს მოვალის მიერ ვალდებულება კეთილსინდისიერად არ სრულდებოდა ვინაიდან მას აგვისტოს თვის სარგებელი გადახდილი არ აქვს პალატა ვერ გაიზიარებს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და მათი გონივრული განსჯის შედეგად ცალსახა ხდება, რომ აგვისტოს თვის საპროცენტო სარგებლის ანგარიშში ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის მიერ გადახდილი 300 აშშ დოლარი ჩაითვალა. საპირისპირო დასკვნის პირობებში მივიდოდით დასკვნამდე, რომ ხელშეკრულების ექსვსთვიან მოქმედების ვადაში მხარეს შვიდი თვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება დაეკისრებოდა, რაც რა თქმა უნდა, კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა და მოვალის ინტერესს გაუმართლებლად შელახავდა.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში მოვალე სარგებლის გადახდას კეთილსინდისიერად ახორციელებდა, აღნიშნული თავის მხრივ, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, კონკლუდენტურ მოქმედებას წარმოადგენდა, რომელსაც მხარეებმა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დაუკავშირეს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები სავალდებულო წესით ხელშეკრულების წერილობითი ფორმით გაგრძელების აუცილებლობაზე არ შეთანხმებულან, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით, ისინი არ იყვნენ შეზღუდული ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე თანხმობა ზეპირად განეცხადებინათ, რაც მოსარჩელის მოთხოვნას ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2015 წლის 04 დეკემბრამდე დადგენის შესახებ უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს ხდის.

 

სააპელაციო პალატის დასკვნას ამყარებს საქმის მასალებში არსებული წერილობითი მტკიცებულებაც, რომლის ნამდვილობაც მოდავე მხარეთა მიერ კანონით დადგენილი წესების დაცვით სადავოდ გამხდარი არ ყოფილა. კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელწერილით დგინდება, რომ ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შემდეგ მოვალე ყოველთვიურად კვლავ 300 აშშ დოლარს იხდიდა, თანხის მიღება დოკუმენტში შემდეგი სახითაა მოხსენიებული: ჩავიბარე 300 აშშ დოლარი - 11 ივლისი, ჩავიბარე 300 აშშ დოლარი - სექტემბერი 2015 წელი, მივიღე 600 აშშ დოლარი - 9 ნოემბერი და ასე შემდეგ, ყველა შემთხვევაში როდესაც 300 აშშ დოლარის ნაცვლად სხვა თანხის გადახდა ფიქსირდება ამავე ხელწერილის თანახმად იკვეთება, რომ წინა თვის გადახდა განხორციელებული არ იყო. კერძოდ, 9 ნოემბერს მიღებული 600 აშშ დოლარი ოქტომბრის თვის სარგებლის გადახდას მიემართებოდა, რასაც ადასტურებს შემდგომში აპრილი, მაისი და ივნისის თვის სარგებლის - 900 აშშ დოლარის ერთად გადახდაც (ს.ფ. 30). სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ დოკუმენტში მითითებული გადახდის პერიოდულობა, მოცულობა, მოვალისა და კრედიტორის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს მხარეთა მიერ გამოხატული ნების კონკლუდენტურ შესრულებაზე, ანუ მასზედ, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ვალდებულების სრულად გადახდამდე, სარგებლის ყოველთვიური გადახდის პირობით, გაგრძელებულიყო.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, პალატა არ იზიარებს აპელანტის განმარტებას, თითქოს კრედიტორის მიერ გადახდილი 2700 აშშ დოლარი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის ნაწილს წარმოადგენდა და ასკვნის, რომ სადავო თანხა მისი არსით ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი იყო, შესაბამისად, აღნიშნული თანხის ძირითადი თანხის ანგარიშში ჩათვლის საფუძველი არ არსებობს და ამ მიმართებით სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.

 

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. სააპელაციო პალატამ შეისწავლა სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესთან შესაბამისობის საკითხი და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო სესხზე ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 3%-ით არის განსაზღვრული, მიაჩნია, რომ საპროცენტო სარგებლის აღნიშნული ოდენობა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით დადგენილ სტანდარტს არ ეწინააღმდეგება.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებელი 2016 წლის იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით საპროცენტო სარგებელს იხდიდა, რითიც აღნიშნული ხელშეკრულების ვადა 2016 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით გაგრძელდა. ვინაიდან სადავო სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელ მოცულობად სესხის ძირითადი თანხა და პირგასამტეხლოა მითითებული, რომლის ათვლაც 2016 წლის 04 ნოემბრიდან დაიწყო, პალატა ადგენს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

13. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არათანაზომიერად მაღალია და იგი 1000 აშშ დოლარამდე უნდა შემცირდეს.

 

კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე, პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს. სასამართლოსთვის აღნიშნული უფლების მინიჭების მნიშვნელობაზე სააპელაციო სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს, მანამდე კი პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებასა და მისი მოვალისთვის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებზე გაამახვილებს ყურადღებას.

 

14. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ვინაიდან სადავო ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა -გამოსახული (ს.ფ. 26-30).

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მოვალის მიერ დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა სადავოდ არ არის გამხდარი.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება იყო შეთანხმებული. კერძოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.12%-ის ოდენობით, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე განისაზღვრა.

 

რაც შეეხება მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია და შემცირებას ექვემდებარება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

 

პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.

 

პალატა განმეორებით განმარტავს, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს. ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატამ მხედველობაში მიიღო რა, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა და მოცულობა, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, ასევე, მხედველობაში მიიღო აპელანტის მიერ მრავალი თვის განმავლობაში სარგებლის სახით გადახდილი საკმაოდ სოლიდური თანხის ოდენობა, მივიდა დასკვნამდე, რომ კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და იგი 4500 აშშ დოლარის ნაცვლად 1000 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს. შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს 2018 წლის 14 თებერვალს ნოტარიუს ელისო შიხიაშვილის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში სადაც პირგასამტეხლოს ოდენობა სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული ოდენობის (1000 აშშ დოლარი) შესაბამისად იქნება მითითებული.

 

15. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდ წილად სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება განაპირობებს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

რაც შეეხება მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. შესაპირისპირებელი მტკიცებულებები სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ მტკიცებულების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-28-25-2017).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სწორედ მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ 2015 წლის 04 ივლისიდან 2015 წლის 04 დეკემბრამდე მოპასუხეს სარგებელს არ უხდიდა და შესაბამისად, ხელშეკრულება ავტომატურად არ გაგრძელებულა. აღნიშნული გარემოების დამტკიცება მოსარჩელემ მის მიერ სარჩელში საპირისპირო შინაარსის მქონე ახსნა-განმარტების მიცემის გამო ვერ შეძლო. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა ედასტურებინა, თუ რა გარემოება გამორიცხავდა ხელშეკრულების ვალდებულების სრულად შესრულებამდე ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობას. ამ მიმართებით მოვალე აცხადებდა, რომ ძირითადი ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებას წარმოადგენდა, რის გამოც ყოველი შემდგომი შეთანხმება მხარეთა შორის ასევე, წერილობითი ფორმით უნდა დადასტურებულიყო. აღნიშნული აპელირება სააპელაციო პალატამ მოწინააღმდეგე მხარის დასაბუთებული შედავების გამო არ გაითვალისწინა, კერძოდ, ნების გონივრული განმარტების პრინციპის თანახმად, ხელშეკრულების მე-4 პუნქტში მოდავე მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება შეფასდა და დადგინდა, რომ კერძო ავტონომიის პირობებში, მხარეებმა სესხის ხელშეკრულების ვადის ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობა გაითვალისწინეს, შესაბამისად ვინაიდან სესხის ხელშეკრულების დადება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც წერილობით, ასევე ზეპირი ფორმითაა შესაძლებელი, ხსენებული პირობის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ იკვეთება, ამიტომ ამ მიმართებითაც სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ნაწილში აპელანტის მეირ წარმოდგენილ შედავებას, იგი სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია განსაკუთრებით კი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოვალეს ძირითადი თანხის გადაუხდელობის პირობებში, ყოველთვიური სარგებლის სახით საკმაოდ სოლიდური საპროცენტო სარგებელი აქვს გადახდილი, რაც კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას ნაწილობრივ უკვე უზრუნველყოფდა. შესაბამისად, ამ მიმართებით პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლია და პირგასამტეხლოს ოდენობა 4500 აშშ დოლარიდან 1000 აშშ დოლარამდე შეამცირა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა მათზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ნაწილობრივ დაძლია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ელ----------------–-–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლოში ბაჟის სახით 1077 ლარი აქვს გადახდილი, საიდანაც დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, ბო-----------–----ას ელ----------------–-–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად 269, 25 ლარი უნდა დაეკისროს, გადახდილი ბაჟი დარჩენილ ნაწილში, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადებაზე გადახდილი 50 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ ბაჟის სახით გადახდილ 760 ლარს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ გადასახდელად 190 ლარი უნდა დაეკისროს, ხოლო, გადახდილი ბაჟი დარჩენილ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ელ----------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და ელ----------------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

4. 2015 წლის 04 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა 1 000 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვროს;

 

5. შევიდეს ცვლილება 2018 წლის 14 თებერვლის სააღსრულებო ფურცელში და ელ----------------–-–---–ის მიერ ბო-----------–----ასათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა 1 000 აშშ დოლარით განისაზღვროს;

 

6. დარჩენილ ნაწილში ელ----------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

7. ბო-----------–----ას ელ----------------–-–---–ის სასარგებლოდ ბაჟის სახით 459,25 ლარის გადახდა დაეკისროს, ელ----------------–-–---–ის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩენილ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად ჩაითვალოს;

 

8. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა 2018 წლის 14 თებერვლის N1-------- სააღსრულებო ფურცლის მოქმედება;

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე