განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080140019003251125
საქმე №61/ა-20-2019წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა, მსჯავრდებულ ვ-------------------ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განაჩენით ვ-------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, შთანთქა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი (მოუხდელი ნაწილი) და ვ-------------------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; მსჯავრდებულ ვ-------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო პირველი განაჩენით (ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით) დანიშნული სასჯელის მოხდის დაწყების მომენტიდან - 2017 წლის 14 ნოემბრიდან; დადგინდა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი: - 01 ცალი СD-R დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
2019 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ვ-------------------ემ და მოითხოვა დამატებითი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება და ჩამორთმეული უფლების აღდგენა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 მაისი განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 14 ნოემბრიდან. სს საქმეზე დაზარალებულმა გ----------------–--ემ საპატრულო პოლიციის მიმართ შედგენილ განცხადებაში მიუთითა, რომ მას არ აქვს არავითარი პრეტენზია და თანახმაა მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 23 მაისის N0----------- გადაწყვეტილებით მის მიმართ გამოყენებული იქნა პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა 2019 წლის 24 მაისს. ამ დროიდან დაიწყო დამატებითი სასჯელის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის 1 წლიანი ვადის ათვლა და ამჟამად გასულია 5 თვე. დაკავებამდე მსახურობდა საკონტრაქტო პროფესიულ სამხედო სამსახურში, საიდანაც გათავისუფლდა 2017 წლის 9 ნოემბერს. ამჟამად იმყოფება უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, როგორც ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეს დანიშნული აქვს მხოლოდ საყოფაცხოვრებო სუბსიდია 22 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 0 ლარს. სს ,,თიბისი ბანკის’’ მიერ გაცემული ცნობით ერიცხება დავალიანება 3000 ლარამდე. მამა ა-–------------------ე დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა შეადგენს 45250 და იღებს შემწეობას 50 ლარის ოდენობით. სოციალური სამსახურის მიერ მოხდა მისი ქონებრივი მდგომარეობის შემოწმება და დარეგისტრირდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა დაუდგინეს 38890, თუმცა ჯერ დახმარება არ მიუღია. სხვა რაიმე შემოსავალი მას და მამამისს არ გააჩნიათ. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის გამო უარს ეუბნებიან სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებაზე. საცხოვრებელი ადგილიდან ხასიათდება დადებითად (იხ. შუამდგომლობა).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ვ-------------------ის შუამდგომლობა.
აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ-------------------ემ და ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინების გაუქმება და მის მიმართ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განაჩენით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენა. საჩივრის ავტორი საჩივარს ასაბუთებს შუამდგომლობაში მითითებული არგუმენტაციით (იხ. საჩივარი).
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 285-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღებ პირველი ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს, მსჯავრდებულის შუამდგომლობის საფუძველზე რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 291-ე მუხლის თანახმად კი, ამ კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შეიძლება ერთჯერადად, 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც 1 თვის ვადაში იხილავს საჩივარს ზეპირი მოსმენის გარეშე.
დადგენილია, რომ ვ-------------------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 23 მაისის N0----------- გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ვ-------------------ის მიმართ გამოყენებული იქნა პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა 2019 წლის 24 მაისს. ამ დროიდან დაიწყო დამატებითი სასჯელის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის 1 წლიანი ვადის ათვლა და ამჟამად გასულია 06 თვე.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულ ვ-------------------ის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი ხასიათდება დადებითად, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; დაზარალებული თანახმაა მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები; დაკავებამდე მსახურობდა საკონტრაქტო პროფესიულ სამხედო სამსახურში; როგორც ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეს დანიშნული აქვს მხოლოდ საყოფაცხოვრებო სუბსიდია 22 ლარის ოდენობით; შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 0 ლარს; სს ,,თიბისი ბანკის’’ მიერ გაცემული ცნობით ერიცხება დავალიანება 3000 ლარამდე; მამა ა-–------------------ე დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა შეადგენს 45250 და იღებს შემწეობას 50 ლარის ოდენობით; თავად მსჯავრდებულიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა დაუდგინეს 38890. მსჯავრდებულის განმარტებით, სხვა რაიმე შემოსავალი მას და მამამისს არ გააჩნიათ, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის გამო უარს ეუბნებიან სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებაზე, რის გამოც, იმყოფებიან უკიდურესად შეჭირვებულ მდგომარეობაში, შესაბამისად, მართვის უფლება მისი ოჯახისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამასთან, მოხდილი აქვს განაჩენით დანიშნული სასჯელის (მართვის უფლების ჩამორთმევის) ნახევარზე მეტი. ყოველივეს მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებული ვ-------------------ე გათავისუფლდეს საქმიანობის უფლების (მართვის უფლების) ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და მსჯავრდებულ ვ-------------------ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 285-ე, 291-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ვ-------------------ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2.გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება, ვ-------------------ის მიმართ;
3.მსჯავრდებული ვ-------------------ე გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განაჩენით საქმიანობის უფლების (მართვის უფლების) ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან;
4.განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /ლ. თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. სირაძე/
/თ. სვანიძე/