განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210019002792794
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5158-19 07 აგვისტო, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – მედეა წიკლაური
აპელანტი - სს „ს----------–---------------------------“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ი--- ა--------
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს----------–---------–-–--------–----------------“ (მოსარჩელე )
წარმომადგენელი - თ-------- ფ-----------, თ------ მ--------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.03.2019წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება 3889 ლარის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში (ტ.2, ს.ფ.8), ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 4609.10 ლარის ოდენობით. ასევე დაეკისროს პირგასამტეხლო 4609.10 ლარის 0.1% (4.61 ლარი) 2018 წლის 08 ნოემბრიდან ყოველდღიურად, ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მხარეთა შორის 22.11.2017წ. დადებული ხელშეკრულებით დაზღვეული იქნა მოპასუხის სათაო ოფისი, მასში არსებული მოძრავი ქონებით და მარაგებით. მზღვეველის ვალდებულება ვრცელდებოდა ასევე ნებისმიერი გარეგანი ზემოქმედების შედეგად მიყენებულ დაზიანებაზე. 08.10.2018წ. შენობის შემინული გარე ფასადის ორ ერთეულ მინა-პაკეტზე დაფიქსირდა გარეგანი დაზიანება, რომლის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობა მოპასუხეს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. 10.10.2018წ. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს წერილით და მოთხოვა ზიანის ანაზღაურება. მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა ზიანი შემთხვევის დადგომიდან ერთი თვის ვადაში, თუმცა აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა. 25.10.2018წ. მოსარჩელემ დაზიანებული მინები შეცვალა საკუთარი ხარჯით, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 4703.17 ლარი. მოპასუხეს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ფრანშიზის - 2%-ის გამოკლებით, რაც შეადგენს 4609.10 ლარს. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 4609.10 ლარის 0.1%-ის ოდენობით.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მოპასუხის განმარტებით, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2---------წ. დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი ოფისის გარე ფასადის ორი მინა-პაკეტის საბაზრო ღირებულება შეადგენს 634.80 ლარს, აღდგენითი-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 100 ლარს, რასაც უნდა გააკლდეს ფრანშიზა 2% და ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 720 ლარს და 10 თეთრს. მოპასუხის მითითებით, უსაფუძვლოა მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ვინაიდან ვალდებულების შესრულების პირობა დადგა მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლომ გამოითხოვა გამოძიებიდან ექსპერტიზის დასკვნა და დადასტურდა სადაზღვევო შემთხვევის ოდენობა. მოპასუხის მითითებით არარეალურია შესრულებული სამუშაოების ღირებულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2017წ. გადაწყვეტილებით:
1. სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. სს ,,ს----------–--------------------------ს“ სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4609 (ოთხიათასექვსასცხრა) ლარის და 10(ათი) თეთრის გადახდა.
3. სს ,,ს----------–--------------------------ს“ სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4609 (ოთხიათასექვსასცხრა) ლარის და 10(ათი) თეთრის 0.1%-ის _ 04 (ოთხი) ლარის და 61(სამოცდაერთი) თეთრის გადახდა ყოველდღიურად 2018 წლის 08 ნოემბრიდან დაკისრებული თანხის სრულად გადახდამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე (რომელი ვადაც ადრე დადგება).
4.1. 2017 წლის 22 ნოემბერს მხარეთა შორის შორის გაფორმდა დაზღვევის (მომსახურების შესყიდვის) ხელშეკრულება №6------------- ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ აიღო ვალდებულება გაეწია მოსარჩელის სათაო ოფისის, მასში არსებული მთელი მოძრავი ქონების და მარაგების დაზღვევის მომსახურება ხელშეკრულების დანართი №1 და №2 შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო თანხა განისაზღვრა 28 799.13 ლარით, მომსახურების გაწევის ვადა _ 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ქონების დაზღვევის №0----- პოლისის მიხედვით, სადაზღვევო რისკებს/პირობებს შორის მითითებულია ნებისმიერი გარეგანი ზემოქმედების შედეგად მიყენებული დაზიანება. შენობა-ნაგებობის ნაწილობრივ დაზიანებაზე ფრანშიზა განისაზღვრა 2% ზარალის თანხიდან. დადგენილია, რომ მოსარჩელე მზღვეველს უხდიდა სადაზღვევო პრემიას.
4.2. 10.10.2018წ. მოსარჩელემ განაცხადით მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ 08.10.2018წ. შენობის შემინულ ფასადზე დაზიანდა ორი ერთეული მინა-პაკეტი, აღნიშნული შემთხვევის შესახებ 2018 წლის 08 ოქტომბერს მიმართული ჰქონდათ ცხელ ხაზზე მოპასუხისათვის, განცხადებას თან ერთვოდა ხარჯთარღიცხვა, რომლის მიხედვით აღდგენის საერთო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა 4703.17 ლარით და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება (ს.ფ. 54). განაცხადი მოპასუხეს ჩაბარდა 2018 წლის 15 ოქტომბერს (ს.ფ. 63) მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა 08.10.2018წ. შედგენილი საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი. შემდეგ წარადგინა ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების 2018 წლის 15 ნოემბრის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 08.10.2018წ. დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ------–--–-, ბ-------–---–------------ში მდებარე ს----------–---------–-–--------–----------------ს ცენტრალური ოფისის გარე ფასადის მინის დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ს.ფ. 62).
4.3. საპატრულო პოლიციის 2018 წლის 08 ოქტომბრის რეაგირების ოქმის მიხედვით, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ქ------–--–-, ბ-------–---–------------ში, სადაც ს----------–---------–-–--------–----------------ს შენობის გარე ფასადზე დაზიანებული იყო ორი მინა (ს.ფ. 64).
4.4. 2018 წლის 12 ოქტომბერს მოსარჩელეს და შპს ,,კ-----------ს“ შორის გაფორმდა სამუშაოს შესყიდვის ხელშეკრულება, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 4703 ლარის და 17 თეთრი დღგ-ს ჩათვლით. შპს ,,კ-----------მა“ შეასრულა დაზიანებული მინა-პაკეტის შეცვლის სამუშაოები, სამუშაოები განხორციელდა 15-დან 18 მეტრის სიმაღლეზე ამწე მექანიზმების გამოყენებით, 2018 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა სამუშაოების ინსპექტირების აქტი, 2018 წლის 25 ოქტომბერს _ სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი და მოსარჩელემ შპს ,,კ-----------ს“ ჩაურიცხა 4703.17 ლარი (ს.ფ. 82-88).
4.5. მოპასუხემ 2018 წლის 16 იანვარს მიმართა მოსარჩელეს იმაზე მითითებით, რომ არ იქნა წარდგენილი ექსპერტიზის შედეგები დაზიანების მიზეზების შესახებ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი არ არის დადასტურებული. ვინაიდან არ დასტურდებოდა დაზღვეული რისკით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის ფაქტი, მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას 2018 წლის 10 ოქტომბრის №6914/07 განაცხადით მოთხოვნილი ანაზღაურება დარეგულირებულიყო დადებითად (ს.ფ. 133-134).
4.6. ს.ს. ,,ს----------–---------–-–--------–----------------“-ს მიმართ (ს/კ: 204995176) მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (რეაბილიტაციის პროცესი).
4.7. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის დასკვნის მიხედვით, ქ------–--–-, ბ-------–---–------------ში მდებარე შენობის ფასადის მინა-პაკეტის გარე მხარეს აღინიშნება გამჭოლი დაზიანება, რომლის გარეშემო გაშლილია მრავლობითი ბზარი, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. შენობის გარე ფასადის ორი მინა-პაკეტის საბაზრო ღირებულება (პირდაპირი ხარჯით) შეადგენს 634.80 ლარს, აღდგენითი-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება (პირდაპირი ხარჯით) შეადგენს 100 ლარს (ს.ფ. 187-188).
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მითითებას იმის შესახებ, რომ შენობის ფასადის მინა-პაკეტის დაზიანებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა მხოლოდ 734.80 ლარის ოდენობით, რადგან საქმეში წარმოდგენილია შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და მოსარჩელის მიერ მინა-პაკეტის აღდგენის ღირებულების _ 4703.17 ლარის გადახდის მტკიცებულება. რაც შეეხება შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის დასკვნას, მასში მითითებულია მინა-პაკეტის აღდგენის სავარაუდო ღირებულება, ამასთან დასკვნაში აღნიშნული არაა, რომ აღდგენითი სამუშაოები შესასრულებელი იყო შენობის ფასადზე 15-დან 18-მდე სიმაღლეზე, რაც საჭიროებდა ამწე-მექნიზმების გამოყენებას, უნდა განხორციელებულიყო დაზიანებული მინის დემონტაჟი, შემდეგ აღდგენა მაკომპლექტებელი მასალებით და ყოველივე აღნიშნული სამუშაოები გამორიცხავს დასკვნაში მითითებულ აღდგენის ღირებულებას. ასევე, მოპასუხის მიერ მითითებული 2018 წლის 09 მარტის ინვოისი, რომელშიც ერთეული მინა- პაკეტის ღირებულება აღნიშნულია 317 ლარი, არ ადასტურებს 734.80 ლარის ზიანს, მაშინ, როდესაც მოსარჩელემ მინა-პაკეტის აღდგენისათვის რეალურად გადაიხადა 4703.17 ლარი. ამდენად, დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი 4703.17 ლარის ოდენობით.
4.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს მზღვეველის ვალდებულებას, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ანუ მზღვეველის ვალდებულების წარმოშობისათვის საჭიროა არა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა, არამედ ამ შემთხვევის განმაპირობებელი გარემოებების (რისკის) დაზღვევაზე მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.
სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ 2018 წლის 08 ოქტომბერს მოსარჩელის სათაო ოფისის გარე ფასადის მინა-პაკეტის დაზიანების შედეგად დადგა სადაზღვევო შემთხვევა. მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მითითებული თანხის 2%-ის (ხელშეკრულებით განსაზღვრული ფრანშიზის) გამოკლებით _ 4609 ლარის და 10 თეთრის ოდენობით.
4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ პირგასამტეხლო. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.1 პუნქტის მიხედვით, მოპასუხის მიზეზით მომსახურების დაგვიანებით, არასრულად, ხარვეზით ან საერთოდ არ გაწევის შემთხვევაში, ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შეუსრულებელი მომსახურების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მომსახურების ჯეროვნად და სრულად გაწევამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება. ხელშეკრულების დანართი №2-ის პირველი პუნქტის მიხედვით, მზღვეველმა სადაზღვევო თანხა უნდა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან ან ზარალის ოდენობის განსაზღვრიდან ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევა დადგა 2018 წლის 08 ოქტომბერს, განისაზღვრა ზიანის ოდენობა და აღნიშნულის შესახებ ეცნობა მზღვეველს, ხოლო მზღვეველმა ერთი თვის ვადაში არ შეასრულა 4609 ლარის და 10 თეთრის გადახდის ვალდებულება, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 08 ნოემბრიდან ყოველდღიურად 4609 ლარის და 10 თეთრის 0.1%-ის ოდენობით თანხის სრულად გადახდამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე (რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება).
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.03.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება 3889 ლარის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ:
5.1. 08.10.2018წ. მოპასუხის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება მოსარჩელის კუთვნილი შენობის გარე ფასადის შემინულ მინა-პაკეტზე დაზიანების აღმოჩენის თაობაზე, ხოლო 15.10.2018წ. მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო 2018 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებული წერილი, რომელსაც ერთვის 2018 წლის 09 ოქტომბრის განაცხადი, ხარჯთაღრიცხვა და სურათი. ამდენად, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, თითქოს მოსარჩელემ 2018 წლის 10 ოქტომბერს მიმართა მზღვეველს.
5.2. ხელშეკრულების პირობების თანახმად დამზღვევი ვალდებულია მიაწოდოს მზღვეველს წერილობითი განცხადება სადაზღვევეო ანაზღაურებაზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს წარმოშობილი ზარალის ყველა გარემოება და მიზეზი, აგრეთვე დოკუმენტები კომპეტენტური ორგანოებიდან, რომლებშიც დადასტურებულია სადაზღვევო შემთხვევის ფაქტი. სასამართლომ ხელშეკრულების პირობების საწინააღმდეგოდ სადაზღვევო შემთხვევის ფაქტი არასწორად მიიჩნია დადასტურებულად 2018 წლის 10 ოქტომბრის განაცხადით. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი დადასტურებულად ვერ მიიჩნევა ვერც დამზღვევის მიერ 2018 წლის 16 ნოემბერს წარმოდგენილი რეაგირების ოქმით და პოლიციის 7-ე განყოფილების წერილებით. ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენისათვის თავად დამზღვევმა ითხოვა დრო და მოსარჩელეს აცნობა, რომ გამოძიების ფარგლებში დანიშნული იყო ექსპერტიზა დაზიანების გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით. სწორედ დაზიანების გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდგომ იყო შესაძლებელი სადაზღვევო შემთხვევის ფაქტი. დამზღვევის მიერ მისი ვალდებულება არ შესრულებულა და არ წარმოუდგენია სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული შესაძლებელი გახდა მხოლოდ სასამართლოში მზღვეველის შუამდგომლობის საფუძველზე გამოძიებიდან ექსპერტიზის დასკვნის გამოთხოვის შემდგომ.
5.3. სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ გარე ფასადის ორი მინა-პაკეტის საბაზრო ღირებულება შესადგენს 634,80 ლარს ხოლო მათი აღდგენითი-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება კი შეადგენს 100 ლარს. დასკვნა არის კატეგორიული და უსწოროა სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ეს არის სავარაუდო ღირებულება. სასამართლო უთითებს, რომ შპს ,,კ-----------თან" გაფორმებულ ხელშეკრულებით სამუშაოები უნდა შესრულდეს 15 მ და 18 მ სიმაღლეზე და მათი წარმოება ხდება ამწე-მექანიზმების გამოყენებით. სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას. კერძოდ, ხელშეკრულების დანართი 2-ის მე-5 პუნქტის თანახმად, სამუშაოების წარმოება ხდება ამწე-მექანიზმებით (კალათა) რომლიც მოწოდებულ იქნება შემსყიდველის, ანუ მოსარჩელის მიერ და ეს არც შპს ,,კ-----------ის" ინვოისით არ არის გათვალისწინებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7. 22.11.2017წ. სს „ს----------–---------–-–--------–----------------ს“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „დამზღვევი“ ) და სს „ს----------–--------------------------ს“ (შემდგომში „მოპასუხე“ , „მზღვეველი“) შორის გაფორმდა მომსახურების შესყიდვის (დაზღვევის) ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:
- ვადა: 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
- ხელშეკრულების საგანი: დამზღვევის სათაო ოფისის (შენობა-ნაგებობის) და მასში არსებული მოძრავი ქონების და მარაგების დაზღვევის მომსახურება დანართი №1 და №2-ის (ტექნიკური პირობა) შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 17-30).
- სადაზღვევო რისკი - ნებისმიერი გარეგანი ზემოქმედების შედეგად მიყენებული დაზიანება (ტ.1, ს.ფ.31).
- ფრანშიზა შენობა-ნაგებობის ნაწილობრივ დაზიანებაზე: ზარალის თანხის 2% (ტ.1, ს.ფ.31).
8. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დამზღვევის მიერ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად არის შესრულებული ვალდებულება პოლისით განსაზღვრული გრაფიკით სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე.
9. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 08.10.2018წ. რეაგირების ოქმის მიხედვით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შეტყობინების საფუძველზე გამოცხადა ქ. თ---–--–-, ბ-------–---–------------ში, სადაც მოსარჩელის შენობის გარე ფასადზე დაზიანებული იყო ორი მინა (ტ.1, ს.ფ. 64,65).
შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის VII განყოფილების 15.11.2018წ. წერილის თანახმად, განყოფილებაში 08.10.2018წ. დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ------–--–-, ბ-------–---–------------ში მდებარე ს----------–---------–-–--------–---------------ის ცენტრალური ოფისის გარე ფასადის მინის დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ტ.1, ს.ფ.66).
10. 10.10.2018წ. მოსარჩელემ განაცხადით მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ 08.10.2018წ. შენობის შემინულ ფასადზე დაზიანდა ორი ერთეული მინა-პაკეტი და რომ აღნიშული შემთხვევის შესახებ მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს იმავე დღეს ცხელი ხაზის საშუალებით. განცხადებას თან ერთვოდა ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვით შემინული ფასადის აღდგენის საერთო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენდა 4 703.17 ლარს (ტ.1, ს.ფ. 54-61). განაცხადი მოპასუხეს ჩაბარდა 15.10.2018წ. (ტ.1, ს.ფ. 63).
მოგვიანებით მოპასუხეს წარედგინა 08.10.2018წ. შედგენილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეაგირების ოქმი, ასევე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის VII განყოფილების 15.11.2018წ. წერილი გამოძიების დაწყების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 66).
საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის მოპასუხისთვის 08.10.2018წ. რეაგირების ოქმის და 15.11.2018წ. წერილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა საქმეში წარმოდგენილია მზღვეველის 16.01.2019წ. წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ აღნიშნული დოკუმენტები მოპასუხეს წარედგინა 20.11.2019წ. (ტ.1, ს.ფ. 133). შესაბამისად, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მითითებული დოკუმენტების 20.11.2018წ. მზღვეველისთვის ჩაბარების ფაქტს.
11. მოსარჩელის მოთხოვნა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განსახილველ შემთხვევაში დადასტურებული არ იყო სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი. კერძოდ, მოპასუხის 16.01.2019წ. წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმით და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 15.11.2018წ. წერილით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე დადასტურებული არ იყო სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი. მოპასუხის განმარტებით, წარდგენილი არ იყო ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ, ექსპერტიზის შედეგები დაზიანების გამომწვევი მიზეზების თაობაზე და ამდენად, დადასტურებული არ იყო სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი (ტ.1, ს.ფ. 133,134).
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.02.2019წ. განჩინების საფუძველზე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის VII განყოფილებიდან გამოთხოვილი იქნა სისხლის სამართლის საქმეზე ფასადის მინის დაზიანების მიზეზების დადგენის მიზნით ჩატარებული ექპერტიზის დასკვნა (ტ.1, 175-177). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2---------წ. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ფოტომასალის მიხედვით მინაპაკეტის გარე მხარეს (ნაწრთობ მინაზე) აღინიშნება გამჭოლი დაზიანება რომლის გარშემოც გაშლილია მრავლობითი ბზარები, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად (ტ.1, ს.ფ. 183-188).
13. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2---------წ. დასკვნაზე დაყრდნობით დაადასტურა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი და ამ საფუძვლით სარჩელი ცნო მიყენებული ზიანის 734.80 ლარით განსაზღვრის ნაწილში (იხ.: 19.03.2019წ. სხდომის ოქმი, 14:06:39-14:07:57). შესაბამისად, დგინდება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2%-იანი ფრანშიზის გამოკლებით იმ თანხის ოდენობა, რა ნაწილშიც მოპასუხე ცნობს სარჩელს შეადგენს 720.10 ლარს.
ამასთან, მოპასუხე სადავოდ ხდის მიყენებული ზიანის ოდენობას და განმარტავს, რომ ზიანი 2---------წ. ექესპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით უნდა განისაზღვროს 734.80 ლარის ოდენობით და არა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. სადავოა ასევე პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება იმ დასაბუთებით, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა დამზღვევს, რომელმაც არ უზრუნველყო მზღვეველისთვის დაზიანების მიზეზების შესახებ სათანადო მტკიცებულების წარდგენა და შესაბამისად, არ არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (19.03.2019წ. სხდომის ოქმი, 14:01:40- 14:07:57). იგივე საფუძვლებს ეყრდნობა აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში (ტ.2, ს.ფ.7-18).
14. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფრანშიზის გამოკლებით უნდა განისაზღვროს 4453.88 ლარის ოდენობით.
შპს „კ-----------ის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, რომელიც მზღვეველს ჩაბარდა 15.10.2018წ., შემინული ფასადის დაზიანებული მინა-პაკეტის აღდგენის საერთო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა 4703.17 ლარით (ტ.1, ს.ფ. 57,63).
საქმეში ასევე წარმოდგენილია 12.10.2018წ. მოსარჩელესა და შპს ,,კ-----------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა დაზიანებული მინა-პაკეტის გამოცვლის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 4703.17 ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულებას N1 დანართის სახით ერთვის შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა. ხელშეკრულების N2 დანართის შესაბამისად, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 15 მ.-დან 18 მ. სიმაღლეზე, სამუშაოების წარმოება უნდა მომხდარიყო ამწე-მექანიზმებით (კალათა), რომელიც მიწოდებული უნდა ყოფილიყო შემსყიდველის მიერ (ტ.1, ს.ფ. 73-80). 23.10.2018წ. შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ შპს „კ-----------მა“ მოსარჩელეს ჩააბარა შესყიდვის 12.10.2018წ. შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო (ტ.1, ს.ფ. 83-85). შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა #2) თანახმად, შესრულდა 4703.17 ლარის ღირებულების დაზიანებული მინა-პაკეტის გამოცვლის სამუშაოები (ტ.1, ს.ფ.86). აღნიშნული თანხა მოსარჩელემ შპს ,,კ-----------ს“ გადაურიცხა 2---------წ. (ტ.1, ს.ფ.88).
როგორც წინასწარი ხარჯთაღრიცხვის, ისე შესრულებული სამუშაოების აქტის შესაბამისად, დაზიანებული მინა პაკეტის ფართობი შეადგენს 6 მ2, ერთი ერთეულის ღირებულება შეადგენდა 330 ლარს, ხოლო მასალის ჯამური ოდენობა 1980 ლარს (იხ.: ხარჯთარღირცხვა, ტ.1, ს.ფ.79, შესრულებული სამუშაოების აქტი, ტ.1, ს.ფ. 86).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2---------წ. დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი შენობის გარე ფასადის ორი მინა პაკეტის საბაზრო ღირებულებამ პირდაპირი ხარჯებით შეადგინა 634.80 ლარი, ხოლო მისი აღდგენითი-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულებამ - 100 ლარი (ტ.1, ს.ფ.185-189). დასკვნაში აღინიშნა, რომ დასკვნა მოიცავს ექსპერტის პროფესიონალურ აზრს მის მიერ დადგენილი ღირებულების მაჩვენებლებთან მიმართებაში (სავარაუდო ფასი) კონკრეტული თარიღისთვის და არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტიად იმისა, რომ აღნიშნული ღირებულება შემდგომში არ განიცდის ცვლილებას.
დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, მინა-პაკეტის საერთო ფართი შეადგენს 5,52მ2 (ტ.1, ს.ფ. 187). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაზიანებულ ფართობზე მითითებას შეიცავდა ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვაც (ტ.1, ს.ფ.186).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში შსს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2---------წ. დასკვნაში მოცემული სამუშაოების ღირებულებების სავარაუდოობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სამუშაოების ღირებულება უნდა განისაზღვროს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის და შესრულებული სამუშაოების აქტის შესაბამისად, რომლებიც ასახავენ სამუშაოების რეალურ ღირებულებას.
რაც შეეხება უშუალოდ დაზიანებული მინა პაკეტის ფართობს, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შსს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2---------წ. დასკვნაში მინა პაკეტის ფართობი ცალსახად არის განსაზღვრული 5.52 მ2-ით, დეტალურადაა მოცემული ასევე ფართობის დაანგარიშების წესი (ტ.1, ს.ფ.186,187), განსხვავებით საქმეში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვისგან, რომლის მიხედვითაც დაზიანებული მინა პაკეტის ფართობი შეადგენს 6 მ2-ს, რაც პალატის მოსაზრებით, შესაძლოა, წარმოადგენდეს დაზიანებული ფართობის - 5.52მ2 -ის დამრგვალებულ ოდენობას (ტ.1, ს.ფ.79,86). შესაბამისად, სამართლიანი იქნება, თუ დაზიანებული მინის ფართობის ოდენობა განსაზღვრული იქნება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ოდენობით - 5.52 მ2-ით (ტ.1, ს.ფ. 187), ხოლო აღნიშნულის მხედველობაში მიღებით დაკორექტირდება ხარჯთაღრიცხვაში მოცემული სამუშაოების ჯამური ოდენობა.
გათვალისწინებით იმისა, რომ ხარჯთაღრიცხვაში და შესრულებული სამუშაოების აქტის შესაბამისად, ერთი მ2-ის ღირებულება შეადგენს 330 ლარს, დგინდება, რომ 5.52მ2-ის ღირებულება შეადგენს 1821.6 ლარს ( 5.52X330 ). შესაბამისად, დადგენილია, რომ ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ ოდენობასთან შედარებით სხვაობა შეადგენს 158.4 ლარს (1980 -1821.6), რაც უნდა გამოაკლდეს ხარჯთარღიცხვაში მოცემულ ჯამურ ოდენობას 4703,17-ს. ამდენად, შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა განისაზღვროს 4544.77 ლარით (4703,17-158.4).
სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2%-იანი ფრანშიზის გამოკლებით შეადგენს 4453.88 ლარს (4544.77-ის 2%= 90.89; 4544.77-90,89 =4453.88).
15. საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეთა შორის სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თანხის ანგარიშში მოხდა 720.10 ლარზე ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, რის თაობაზეც 04.07.2019წ. შედგა მიღება ჩაბარების აქტი შედგა (ტ.2, ს.ფ. 58-61). ამდენად, ამ თანხის ნაწილში ვალდებულება შესრულებულია 04.07.2019წ..
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის მითითება საკმარისია (იხ.:სუსგ. 08.04.2016წ. საქმეზე Nას- 1053-993-2015; ასევე სუსგ 06.05.2015წ. საქმე #ას-1158-1104-2014).
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის (მზღვეველის) მიზეზით მომსახურების დაგვიანებით, არასრულად, ხარვეზით ან საერთოდ არ გაწევის შემთხვევაში, ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შეუსრულებელი მომსახურების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მომსახურების ჯეროვნად და სრულად გაწევამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე (რომელი ვადაც ადრე დადგება) (ტ.1, ს.ფ. 17,18).
გათვალისწინებით იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის დათქმულ ვადაში აუნაზღაურებლობის საფუძვლით და მხარეთა შორის სადავო არ არის თავად სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი, უნდა დადგინდეს, რა დროიდან წარმოეშვა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ანუ რა დროიდან უნდა დაეკისროს მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სადაზღვევო თანხის გადაუხდელობის გამო.
ხელშეკრულების 2.3.2 პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია, სადაზღვევო პოლისის, დამზღვევის მიერ დასაბუთებული და მტკიცებულებებით დადასტურებული საპრეტენზიო განაცხადის ან/და მზღვეველის მოთხოვნით ყველა საჭირო შესატყვისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით გასცეს გადაწყვეტილება სადაზღვევო თანხის ოდენობისა და გადახდის შესახებ. 2.3.3. პუნქტით მზღვეველი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დამზღვევზე გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება ან მოტივირებული უარი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 10.10.2018წ. წერილით, რომელიც მოპასუხეს ჩაბარდა 15.10.2018წ., მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ 08.10.2018წ. შენობის შემინულ ფასადზე დაზიანდა ორი ერთეული მინა-პაკეტი. განცხადებას თან ერთვოდა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შემინული ფასადის აღდგენის საერთო ღირებულების თაობაზე, ასევე დაზიანებული ფასადის ფოტოსურათები (ტ.1, ს.ფ. 54-61, 63). 20.11.2018წ. მზღვეველს ჩაბარდა 08.10.2018წ. შედგენილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეაგირების ოქმი, ასევე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის VII განყოფილების 15.11.2018წ. წერილი იმის თაობაზე, რომ 08.10.2018წ. დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ქ------–--–-, ბ-------–---–------------ში მდებარე ს----------–---------–-–--------–----------------ს ცენტრალური ოფისის გარე ფასადის მინის დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (ტ.1, ს.ფ. 66, 133).
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ 20.11.2018წ. მდგომარეობით, როდესაც როგორც თავად მოპასუხე ადასტურებს, ჩაბარებული ჰქონდა საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი, ხარჯთაღრიცხვა, დაზიანებული ფასადის ფოტოსურათები და 15.11.2018წ. წერილი მასზედ, რომ ფასადის მინის დაზიანების ფაქტზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, მოპასუხისთვის ცნობილი გახდა დაზიანების გამომწვევი მიზეზები და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი. პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოგვიანებით შსს სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2---------წ. დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად, დაეყრდნო სწორედ წარდგენილ ფოტომასალას (ტ.1, ს.ფ.187).
ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერი, რომ დამზღვევი ვალდებულია მზღვეველს წარუდგინოს დასაბუთებული და მტკიცებულებებით დადასტურებული საპრეტენზიო განაცხადი, გულისხმობს დამზღვევის ვალდებულებას, წარადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც მზღვეველს შესაძლებლობა ექნება მიიღოს გადაწყვეტილება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის თაობაზე და აღნიშნული ჩანაწერი არ შეიძლება განმარტებულ იქნეს იმდაგვარად, რომ ყველა შემთხვევაში მზღვეველს უნდა წარედგინოს ექსპერტიზის დასკვნა დაზიანებების გამომწვევი მიზეზების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ 20.11.2018წ. მდგომარეობით, რა დროისთვისაც მზღვეველისთვის ხელმისაწვდომი იყო დაზიანებული ფასადის ფოტომასალა, საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი და პოლიციის ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა დაზიანებული ფასადის აღდგენის შესახებ, მზღვეველისთვის ხელმისაწვდომი იყო ყველა ის მტკიცებულება, რაც მას ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მისცემდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ 20.11.2018წ.-დან ხელშეკრულების 2.3.1 და 2.3.2 პუნქტში მოცემული ვადების გათვალისწინებით (10+10 სამუშაო დღე) მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა 2018 წლის 19 დეკემბრიდან და სწორედ ამ დროიდან უნდა დაეკისროს მას პირგასამტეხლოს გადახდა.
დადგენილია, რომ 04.07.2019წ. აქტის საფუძველზე სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თანხის ანგარიშში მოხდა 720.10 ლარზე ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა და ამ თანხის ნაწილში ვალდებულება შესრულდა. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 4453.88 ლარის 0.1%-ის - 4.45 ლარის გადახდა ყოველდღიურად 2018 წლის 19 დეკემბრიდან 2019 წლის 04 ივლისამდე; ხოლო 3733.78 ლარის 0.1%-ის - 3.73 ლარის გადახდა ყოველდღიურად 2019 წლის 04 ივლისიდან დაკისრებული თანხის სრულად გადახდამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე (რომელი ვადაც ადრე დადგება).
17. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 386.22 ლარის ოდენობით (ტ.2, ს.ფ.19,27). აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს 3889 ლარის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა 08.11.2018წ.-დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 4.61 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 3889 ლარს დამატებული 1659.6 ლარი (4.61 X 12 X 30) რაც შეადგენს 5548.6 ლარს, რომლის 4% შეადგენს 221.94 ლარს. ამდენად, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 164.28 ლარის ოდენობით (386.22 -221.94).
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
წინამდებარე გადაწყვეტილებით მოპასუხეს პირგასამტეხლო ეკისრება არა 08.11.2018წ.-დან, არამედ 19.12.2018წ.-დან. შესაბამისად, დგინდება, რომ დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა 41 დღის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, რაც შეადგენს 182.45 ლარს (4453.88-ის 0.1%=4.45; 4.45X41=182.45). ამასთან, ნაცვლად გადაწყვეტილებით დაკისრებული 4609.10 ლარისა, განისაზღვრა 4453.88 ლარზე მოთხოვნის საფუძვლიანობა. ამდენად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულია 155.22 ლარის ნაწილში. ჯამში აპელანტის მოთხოვნა კმაყოფილდება 337.67 ლარის ნაწილში. შესაბამისად, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 13.5 ლარის ოდენობით (337.67-ის 4%).
ვინაიდან სარჩელი კმაყოფილდება 3733.78 ლარის და პირგასამტეხლოს - 1602 ლარის ( 4.61 X 12 X 30) ნაწილში, რაც ჯამში შედგენს 5335,78 ლარს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 160.07 ლარის ოდენობით (5335,78-ის 3 %). ამასთან, მოსარჩელეს 720.10 ლარის ნაწილში სარჩელის ცნობის გამო სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს 21.60 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „ს----------–---------------------------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.03.2019წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. სს ,,ს----------–--------------------------ს“ სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3733.78 ლარის გადახდა.
4. სს ,,ს----------–--------------------------ს“ სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
- 4453.88 ლარის 0.1%-ის - 4.45 ლარის გადახდა ყოველდღიურად 2018 წლის 19 დეკემბრიდან 2019 წლის 04 ივლისამდე;
- 3733.78 ლარის 0.1%-ის - 3.73 ლარის გადახდა ყოველდღიურად 2019 წლის 04 ივლისიდან დაკისრებული თანხის სრულად გადახდამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე (რომელი ვადაც ადრე დადგება).
5. სს ,,ს----------–--------------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 164,28 ლარის ოდენობით.
6. სს ,,ს----------–---------–-–--------–----------------ს“ სს ,,ს----------–---------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 13.5 ლარის ოდენობით.
7. სს ,,ს----------–--------------------------ს“ სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 160.07 ლარის ოდენობით.
8. სს ,,ს----------–---------–-–--------–----------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს 21.60 ლარი.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ზამბახიძე