განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.10.2019
საქმის ნომერი
330310019002857728
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1060-19

N330310019002857728

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ნ-------–----ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - თ------–------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ნ-------–----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.2.1. ქ. თბილისში, ბ---------------აზე მდებარე ნაკვეთი 23/042-ის (ყოფილი ს---------------------–ი) მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 3 დეკემბერს პოლიციამ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილება მისცა მოსარჩელე ნ-------–----ას ოჯახს, ქ. თბილისში, ბ---------------აზე, მდებარე ნაკვეთი 23/042-ზე (ყოფილი ს---------------------–ი) თვითნებურად დაკავებული ფართის დატოვების მიზნით.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მოსარჩელე ნ-------–----ას შორის, 2015 წლის 15 დეკემბერს დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომლითაც სამინისტრომ აიღო ვალდებულება მოსარჩელე ნ-------–----ას ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის ქირის უზრუნველყოფის თაობაზე, ხოლო მოსარჩელე ნ-------–----ამ თავის მხრივ, აიღო ვალდებულება დაეტოვებინა მის მიერ თვითნებურად დაკავებული ფართი ქ. თბილისში, ბ---------------აზე, ნაკვეთი 23/042 (ყოფილი ს---------------------–ი).

 

ქ. თბილისში, ბ---------------აზე, ნაკვეთი 23/042-ზე (ყოფილი ს---------------------–ი) მდებარე ფართის დაკავების სამართლებრივი საფუძველი, რაიმე სათანადო დოკუმენტის სახით, მოსარჩელე ნ-------–----ას არ აქვს.

 

მოსარჩელე ნ-------–----ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2015 წლის 13 ივლისს, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 4.50 ქულა, მათ შორის, სოციალური კრიტერიუმების მიხედვით, ბინის ქირის ნაწილში - 1.5 ქულა, ხოლო მესაკუთრის მიერ ობიექტების გამოთავისუფლების პროცესის ნაწილში 3 ქულა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ხელახლა განხორციელდა მოსარჩელე ნ-------–----ას ოჯახის პირობების შეფასება და 2019 წლის 11 მარტს მის ოჯახს მოაკლდა 3 ქულა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნივთში (ფართში) ცხოვრების კრიტერიუმში და საბოლოოდ განესაზღვრა 1.5 ქულა სოციალური კრიტერიუმის მიხედვით, ბინის ქირის ნაწილში (ს.ფ.14-16; 47-64).

 

1.2.2. მოსარჩელე ნ-------–----ამ 2019 წლის 17 იანვარს, განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მისი ოჯახისათვის 3 ქულის მომატება მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნივთში (ფართში) ცხოვრების კრიტერიუმში.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 თებერვლის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე ნ-------–----ას უარი ეთქვა მისი ოჯახისათვის 3 ქულის მომატებაზე იმ საფუძვლით, რომ მისი ოჯახი არ ცხოვრობდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნივთში (ფართში) (ს.ფ. 85-86).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სააგენტო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 - „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ.

 

ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ-------–----ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2015 წლის 13 ივლისს, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 4.50 ქულა, მათ შორის, სოციალური კრიტერიუმების მიხედვით, ბინის ქირის ნაწილში - 1.5 ქულა, ხოლო მესაკუთრის მიერ ობიექტების გამოთავისუფლების პროცესის ნაწილში 3 ქულა. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ხელახლა განხორციელდა მოსარჩელე ნ-------–----ას ოჯახის პირობების შეფასება და 2019 წლის 11 მარტს მის ოჯახს მოაკლდა 3 ქულა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნივთში (ფართში) ცხოვრების კრიტერიუმში. საბოლოოდ განესაზღვრა 1.5 ქულა სოციალური კრიტერიუმის მიხედვით, ბინის ქირის ნაწილში.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე ნ-------–----ამ 2019 წლის 17 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მისი ოჯახისათვის 3 ქულის მომატება მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნივთში (ფართში) ცხოვრების კრიტერიუმში, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 თებერვლის წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე ნ-------–----ას უარი ეთქვა მისი ოჯახისათვის 3 ქულის მომატებაზე იმ საფუძვლით, რომ მისი ოჯახი არ ცხოვრობდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნივთში (ფართში).

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი არის საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

სასამართლოს განმარტებით, მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი გულისხმობს სათანადო სამართლებრივი საფუძვლით, მესაკუთრის მიერ, პირისათვის ასეთი ფართის მფლობელობაში გადაცემას, სადაც გამოვლენილი იქნება მესაკუთრის ნება პირის მფლობელობასთან დაკავშირებით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №6) შესაბამისად, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი არის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში) დევნილი ოჯახის ცხოვრება, რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა, დევნილი ოჯახი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი სახლი/ბინა და იპოთეკური სესხის გადაუხდელობის გამო დაკარგა აღნიშნული საკუთრება და ოჯახის მდგომარეობა, აღნიშნული კრიტერიუმით ფასდება 3 ქულით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისში, ბ---------------აზე, მდებარე ნაკვეთი 23/042-ის (ყოფილი ს---------------------–ი) მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 3 დეკემბერს პოლიციამ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილება მისცა მოსარჩელე ნ-------–----ას ოჯახს, ქ. თბილისში, ბ---------------აზე, მდებარე ნაკვეთი 23/042-ზე (ყოფილი ს---------------------–ი) თვითნებურად დაკავებული ფართის დატოვების მიზნით. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მოსარჩელე ნ-------–----ას შორის, 2015 წლის 15 დეკემბერს დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომლითაც სამინისტრომ აიღო ვალდებულება მოსარჩელე ნ-------–----ას ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის ქირის უზრუნველყოფის თაობაზე, ხოლო მოსარჩელე ნ-------–----ამ თავის მხრივ, აიღო ვალდებულება დაეტოვებინა მის მიერ თვითნებურად დაკავებული ფართი ქ. თბილისში, ბ---------------აზე, ნაკვეთი 23/042 (ყოფილი ს---------------------–ი).

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა ქ. თბილისში, ბ---------------აზე, ნაკვეთი 23/042-ზე (ყოფილი ს---------------------–ი) მდებარე ფართის მოსარჩელის ოჯახის მიერ დაკავების სამართლებრივი საფუძვლის, რაიმე სათანადო დოკუმენტის სახით არარსებობის ფაქტი. ამრიგად, სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელე ნ-------–----ას ოჯახის მიერ მართლზომიერ მფლობელობაში ქ. თბილისში, ბ---------------აზე, ნაკვეთი 23/042-ზე (ყოფილი ს---------------------–ი) მდებარე ფართის არსებობის ფაქტი და თვით მოსარჩელე მხარეს, ზემოთ აღნიშნული შეთანხმებით დადასტურებული აქვს, რომ მას თვითნებურად ჰქონდა დაკავებული ქ. თბილისში, ბ---------------აზე, ნაკვეთი 23/042-ზე (ყოფილი ს---------------------–ი) მდებარე ფართი. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის არსებითი დარღვევის გარეშე.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლებზე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი არა აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერად არის მიჩნეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა, მისი ოჯახისათვის 3 ქულის მომატების მოპასუხისათვის დავალების თაობაზე.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლოს ყურადღება სათანადოდ არ გაუმახვილებია 3 ქულის მინიჭების საკითხზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ (დანართი N4) პირველად განისაზღვრა, თუ რატომ უნდა მიენიჭებინათ დევნილებისათვის 3 ქულა. მინისტრის 04.06.2018წ. N1577 ბრძანებით ცვლილება შევიდა N320 ბრძანებაში და მითითებულ იქნა: „ა.ა) დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას“; „ა.ა.ბ) მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას“. საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-8 გვერდის ბოლო წინადადებაში ნახსენებია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2015 წლის 13 ივლისს დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 4,5 ქულა, მათ შორის, სოციალური კრიტერიუმის მიხედვით, ბინის ქირის ნაწილში - 1,5 ქულა, ხოლო მესაკუთრის მიერ ობიექტის გამოთავისუფლების პროცესის ნაწილში - 3 ქულა. მე-9 გვერდზე მითითებულია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, ხელახალი შეფასების შედეგად, 2019 წლის 11 მარტს მოსარჩელეს მოაკლო 3 ქულა, რადგან იგი არ ფლობდა მართლზომიერად მის მიერ დაკავებულ ფართს. აპელანტი საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ ჩანაწერი, სადაც საუბარია 3 ქულის მინიჭებაზე, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ფლობს მართლზომიერად საცხოვრებელ ფართს, დანართში განხორციელდა 2018 წლის 4 ივნისს. სასამართლოსათვის ცნობილია და სადავო არ არის, რომ მოსარჩელე ყოფილ ს---------------------–ში შევიდა 2012 წელს. შესაბამისად, 2015 წლის დასაწყისში, იმ პერიოდში არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, მას სწორად მიენიჭა 3 ქულა. ამ პირობებში, 2018 წლის 4 ივნისს განხორციელებული ცვლილების შედეგად, მას ჩამოაკლდა 3 ქულა. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული ცვლილება მასზე არ უნდა განხორციელებულიყო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

3.1. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი, ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლებითაც უზრუნველყოფილ იქნება დევნილის უფლებების დაცვა დევნილობის პერიოდში და მისი პრობლემების გადაჭრა. ამასთან, შესაბამისი პრობლემის გადაჭრისას, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან, იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმებით.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1), რომლითაც „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებლად მიჩნეულია დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია („წესის“ 3.1 მუხლი). აღნიშნული “წესის“ შესაბამისად, კომისია ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სააგენტო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს (3.2, 3.3 მუხლები).

 

მითითებული „წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ზემოაღნიშნული 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებულია „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7).

 

დადგენილია, რომ თბილისში, ბ---------------აზე მდებარე N23/042 ნაკვეთის (ყოფილი ს---------------------–ი) მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, 03.12.2014წ. პოლიციამ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილება მისცა ნ-------–----ას ოჯახს, თბილისში, ბ---------------აზე მდებარე N23/042 ნაკვეთზე (ყოფილი ს---------------------–ი) თვითნებურად დაკავებული ფართის დატოვების მიზნით. ასევე დადგენილია, რომ ნ-------–----ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის ოჯახის მდგომარეობაც 13.07.2015წ. შეაფასა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. შეფასების შედეგად, ოჯახს მიენიჭა 4.50 ქულა, მათ შორის, სოციალური კრიტერიუმების მიხედვით: ბინის ქირის ნაწილში - 1.5 ქულა, ხოლო მესაკუთრის მიერ ობიექტების გამოთავისუფლების პროცესის ნაწილში - 3 ქულა. ამავე სამინისტროსა და მოსარჩელე ნ-------–----ას შორის 15.12.2015წ. დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომლითაც სამინისტრომ აიღო ვალდებულება ნ-------–----ას ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის ქირის უზრუნველყოფის თაობაზე. თავის მხრივ, ნ-------–----ამ აიღო ვალდებულება, დაეტოვებინა თვითნებურად დაკავებული ფართი, სამინისტროს მოთხოვნისთანავე.

 

საქმეში არსებული 11.03.2019წ. N0------ წერილით დგინდება, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ხელახლა განახორციელა ნ-------–----ას ოჯახის პირობების შეფასება და შედეგად, მიიჩნია, რომ ოჯახს „მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული ფართიდან (ყოფილი კომპაქტური) გამოსახლების“ კრიტერიუმში მოაკლდა მინიჭებული 3 ქულა, ვინაიდან ოჯახს თვითნებურად ჰქონდა დაკავებული ფართი „ჰ---------–-ს შენობაში“, რომელიც დევნილთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში არ არის რეგისტრირებული, როგორც დევნილთა ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტი.

 

17.01.2019წ. ნ-------–----ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ითხოვა მისი ოჯახისათვის 3 ქულის მომატება, მისი ოჯახის მიმართ ობიექტიდან გამოსახლების პროცედურის განხორციელების გარემოების გათვალისწინებით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.02.2019წ. N0------ წერილით ნ-------–----ას უარი ეთქვა მისი ოჯახისათვის 3 ქულის მომატებაზე, ვინაიდან იგი ვერ აკმაყოფილებდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ დადგენილ პირობებს, გამოსახლების კრიტერიუმში ქულის მისანიჭებლად.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ნ-------–----ას ოჯახის 13.07.2015წ. მდგომარეობით შეფასების დროს მოქმედი, ზემოაღნიშნული 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული N4 დანართის („საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“) „ა“ პუნქტის შესაბამისად, დევნილებს, რომლებიც ცხოვრობდნენ კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებში და ამ ობიექტის მესაკუთრე ახორციელებდა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, ენიჭებოდათ 3 ქულა. ამავე რედაქციის N5 დანართის („სოციალური კრიტერიუმი“) „ა.ა“ პუნქტის შესაბამისად, თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი, ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, დადგენილი საარსებო მინიმუმის ნახევარზე ნაკლებია, ოჯახს ენიჭება 2 ქულა; თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი, ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, დადგენილ საარსებო მინიმუმის ნახევარზე მეტია ან უტოლდება მას - 1.5 ქულა; თუ ოჯახის შემოსავლების ჯამი, ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, დადგენილ საარსებო მინიმუმს აღემატება შესაბამისი საარსებო მინიმუმის ნახევარი ოდენობით - 1 ქულა. თუ დევნილი ოჯახი იხდის საცხოვრებელი ფართისათვის საჭირო ქირას, ზემოაღნიშნულ ქულას ემატება დამატებით 1.5 ქულა. დადგენილია, რომ სამინისტრომ, 13.07.2015წ. მდგომარეობით, სწორედ მითითებული დანართებით დადგენილი პირობების დაცვით შეაფასა მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობა და ოჯახს მიანიჭა 4.50 ქულა, მათ შორის, სოციალური კრიტერიუმის მიხედვით: ბინის ქირის ნაწილში - 1.5 ქულა, ხოლო მესაკუთრის მიერ ობიექტის გამოთავისუფლების პროცესის ნაწილში - 3 ქულა.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31.9 და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ამასთანავე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხიმგებლობას, უკუძალა არა აქვს. ამდენად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს ის ნორმა, რომლის მოქმედების პირობებშიც შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ-------–----ას ოჯახის პირობების ხელახალი შეფასების დროს უკვე მოქმედებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ ახალი რედაქცია (დანართი N6, 04.06.2018წ.). მითითებული დანართის „ა.ა“ პუნქტის შესაბამისად, 3 ქულა ენიჭება დევნილ ოჯახს, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და: ა.ა.ბ) მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას; ა.ა.გ) მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა. ამდენად, მითითებული ნორმის ახალი რედაქცია, მესაკუთრის მხრიდან ობიექტის დევნილთაგან გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურის პირობებში, დევნილისათვის 3 ქულის მინიჭების შესაძლებლობას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დევნილი ოჯახი ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ ზემოაღნიშნული N6 დანართის მოქმედი რედაქციის პირობებში მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახს აღარ ეკუთვნოდა „მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული ფართიდან (ყოფილი კომპაქტური) გამოსახლების“ კრიტერიუმში მინიჭებული 3 ქულა, ვინაიდან ოჯახს თვითნებურად ჰქონდა დაკავებული ფართი „ჰ---------–-ს შენობაში“ და შენობა არ იყო რეგისტრირებული დევნილთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში, როგორც დევნილთა ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტი.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მხარეები სადავოდ არ ხდიან მოსარჩელის ოჯახის მიერ თბილისში, ბ---------------აზე მდებარე ყოფილი ს---------------------–ის ფართის თვითნებურად დაკავების ფაქტს, ნორმატიული აქტის ახალი რედაქციის მოქმედების პირობებში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელის ოჯახისათვის „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმში” 3 ქულის დამატებაზე უარის თქმა კანონშესაბამისია. უდავოა, რომ ნ-------–----ას ოჯახის 13.07.2015წ. მდგომარეობით შეფასებისას, 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული N4 დანართი („საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“) ოჯახისათვის 3 ქულის მინიჭების აუცილებელ პირობად არ ადგენდა ოჯახის ცხოვრებას მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში. ამდენად, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობაშია კანონისათვის უკუძალის მინიჭების დაუშვებლობის კონსტიტუციურ პრინციპთან, სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტის შესაბამისი ნორმა, ახალი რედაქციით აუარესებს მოსარჩელის მდგომარეობას - 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) შესაბამისად, დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამდენად, ზემოაღნიშნულ კრიტერიუმში 3 ქულის დამატებაზე უარის თქმა გავლენას ახდენს მოსარჩელის ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობის განსაზღვრაზე, რამაც თავის მხრივ, უნდა განაპირობოს ოჯახის უზრუნველყოფა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ანუკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.02.2019წ. N0------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა და არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ-------–----ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის პირველი თებერვლის N0------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და უნდა დაევალოს მოპასუხეს, ნ-------–----ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მისი ოჯახისათვის 3 ქულის დამატებისა და საერთო ჯამში 4,5 ქულის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 389-ე, 391-ე, 393-ე, 394-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნ-------–----ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ნ-------–----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 01 თებერვლის N0------ წერილობითი მიმართვა, ნ-------–----ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მისი ოჯახისათვის 03 (სამი) ქულის დამატებისა და საერთო ჯამში 4,5 ქულის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნ-------–----ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მისი ოჯახისათვის 03 (სამი) ქულის დამატებისა და საერთო ჯამში 4,5 ქულის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი