განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2019
საქმის ნომერი
190210018002247629
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
18.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210018002247629

საქმე №2ბ/5589-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - მიხეილ გოგიშვილი, ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - შპს ”რ-------ის ა------ი”

წარმომადგენელი - ირაკლი ნინუა

მოწინააღმდეგე მხარე - სს "ს--------------------------------------–-----ი”

წარმომადგენელი - არკადი პარუნიანი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – სადაზღვევო პრემიის დავალიანების ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2016 წლის 27 მარტს მხარეებს შორის დაიდო სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება NV-------------, რომლის საფუძველზე დაზღვეული იქნა შპს „რ-------ის ა------ის' თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მოპასუხის მიერ ჯამურად 1 065 127.20 ლარის ოდენობით სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. ამასთან, საზღაურის გადახდის ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად დამზღვევის მიერ დანიშნული პირის ლ---- გ--–--ის მეშვეობით პერიოდულად ხდებოდა დაზღვეულ პირთა სიაში ცვლილებები, შესაბამისად იცვლებოდა სადაზღვევო პრემიის ოდენობა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „რ-------ის ა------ის საკონტაქტი პირია ლ---- გ--–--ე. ხელშეკრულებით დაზღვეულია შპს „რ-------ის ა------ის“ უმაღლესი რანგის 12 თანამშრომელი, საშუალო რგოლის 120 თანამშრომელი და 1987 რიგითი თანამშრომელი.

 

2. რ-------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს "ს--------------------------------------–-----ი”-მ და მოპასუხე შპს ”რ-------ის ა------ის” მიმართ ითხოვა სადაზღვევო პრემიის დავალიანების 29 454,06 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2.1. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2016 წლის 27 მარტს მხარეებს შორის დაიდო სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულება N V-------------, რომლის საფუძველზე დაზღვეული იქნა შპს „რ-------ის ა------ის" თანამშრომლები და მათი ოჯახი წევრების ჯანმრთელობა. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე იღებდა ჯამურად 1 065 127.20 ლარის ოდენობით სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულებას. ამასთან, საზღურის გადახდის ვადის გადცილებისათვის გათვალისწინებულია პირგასამტელო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. დაზღვევის ხელშეკრულების თანახადმ დამზღვევის მიერ დანიშული პირის ლ---- გ--–--ის მეშვეობით პერიოდულად ხდებოდა დაზღვეულ პირთა სიაში ცვლილებები, შესაბამისად იცვლებოდა სადაზღვევო პრემიის ოდენობა. მოპასუხემ გადაიხადა სადაზღვევო პრემიის ნაწილი. მოპასუხეს გადასახდელი აქვს სადაზღვევი პრემიის დავალიანება 29454.06 ლარი.

 

3. მოპასუხის შესაგებელი:

 

შპს ”რ-------ის ა------ი“ სარჩელს არ ცნობს შემდეგი გარემოებების გამო: სარჩელის ჩაბარებამდე შპს “რ-------ის ა------ის“ ხელმძღვანელობა საერთოდ არ იყო ინფორმირებული 2016 წლს 27 მარტს სს „ს--------------------------------------–-----თან“ დადებული სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულების თაობაზე. საზოგადოების დირექტორის ცვლილების შედეგად ამ ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია საზოგადოების ხელმძღვნელებს არ გადასცემიათ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით მთლიანდ ამოღებულია შპს რ-------ის ა------ის საფინანსო დოკუმენტაცია, რის გამოც არ ფლობენ ინფორმაციას მოსარჩელესთან დადებული სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო შენატანების ოდენობის და გადახდევის შესახებ, რის გამოც მხოლოდ მოსარჩელის მიერ შედგენილი ცნობის საფუძველზე სადაზღვევო პრემიის დავალიანების დადგენა საფუძველს მოკლებულია.

 

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ”ს--------------------------------------–-----ის” სარჩელი. შპს” რ-------ის ა------ს" დაეკისრა სს ”ს--------------------------------------–-----ისათვის” 29 454,06 ლარის გადახდა; (იხ. გადაწყვეტილება)

 

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს ”რ-------ის ა------მა”.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

5.1. აპელანტის განმარტებით,სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად თავად მოპასუხის პოზიცია, რომ დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად დამზღვევის მიერ დანიშული პირის ლ---- გ--–--ის მეშვეობით შეიძლება პერიოდულად ხდებოდა დაზღვეულ პირთა სიაში ცვლილებები, შესაბამისად იცვლებოდა სადაზღვევო პრემიის ოდენობა, მაგრამ მოპასუხეს გადასახდელი სადაზღვევო პრემიის დავალიანება 29 454.06 ლარს რომ შეადგენს, აღნიშნულის დამადასტურებელი, მხოლოდ 2016 წლის 27 მარტს სს „ს--------------------------------------–-----“-თან დადებული სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შენატანების ოდენობასა და მათი გადახდის შესახებ, სს „ს--------------------------------------–-----ი“-ს მიერ წარმოდგენილი 30.03.2017წ. N3412 ცნობის საფუძველზე გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის სახით ძირითადი დავალიანების - 29 454,06 ლარის ფაქტობრივ გარემოებად დადგენა ყოველგვარ საფუძვლებს მოკლებულია. სარჩელით საქმეში წარმოდგენილი არ არის ინვოისი, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხე მხარეს მოსთხოვა ამ თანხის გადახდა, რადგან მხარეებს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების 3.7. პუნქტის მიხედვით, დამზღვევი ვალდებულია ანგარიშსწორება მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით და ამავე მუხლით დადგენილი ოდენობით, ინვოისის წარდგენის საფუძველზე. ამასთანავე, მზღვეველის მიერ ინვოისის წარუდგენლობა არ ათავისუფლებს დამზღვევს თანხის გადახდის მოვალეობისაგან, მაგრამ სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინვოისის წარდგენის გზით არის შესაძლებელი სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების შესრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სადაზღვევო პრემიის გადახდა ყოველთვიურად სახელშეკრულებო ჯამური თანხის 1/12 ნაწილის ოდენობით, რაც შეადგენს თვეში 88 760,6 ლარს (სექტემბრის პრემია გადახდილია 89 909 ლარი, აპრილის პრემია 88 673,50 ლარი, ივნისის პრემია 89 801,17 ლარი, მაისის პრემია 89 801,06 ლარი, ივლისის პრემია 90 691,66 ლარი, აგვისტოს პრემია 90 287,76 ლარი), ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია სახელშეკრულებო პრემიის ოდენობის შეცვლა შპს რ-------ის ა------ში დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრთა ცვლილებების შესაბამისად, ხოლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებით - მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში დაზღვეულ პირთა რაოდენობა იცვლებოდა, პერიოდულად იზრდებოდა დაზღვეულ პირთა რაოდენობა, რაც თავდაპირველად შეთანხმებული სადაზღვევო პრემიის ცვლილების საფუძველი გახდა, ამიტომაც შპს რ-------ის ა------ის სარჩელის მიმართ ეს საწინააღმდეგო მთავარი არგუმენტი და პოზიცია პირველი ინსტანციის სასამართლოს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას ნამდვილად მოითხოვდა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სარჩელის ჩაბარებამდე შპს რ-------ის ა------ის ხელმძღვანელობა საერთოდ არ იყო ინფორმირებული 2016 წლის 27 მარტს სს „ს--------------------------------------–-----"-თან დადებული სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულების თაობაზე. საზოგადოების დირექტორის ცვლილების შედეგად ამ ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია საზოგადოების ხელმძღვნელებს არ გადასცემიათ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით მთლიანდ ამოღებულია შპს „რ-------ის ა------ის“ საფინანსო დოკუმენტაცია, რის გამოც მხარე არ ფლობდა და დღესაც არ ფლობს ინფორმაციას მოსარჩელესთან დადებული სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო შენატანების ოდენობის და გადახდევინების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი

 

6. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

7. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლს, რომლის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). ამდენად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (და არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.

 

8. მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

8.1. 2016 წლის 27 მარტს სს „ს--------------------------------------–------სა“ და შპს „რ-------ის ა------ს“ შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების საგანია შპს „რ-------ის ა------ში“ დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევა. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო პრემია დაანგარიშდება დანართი N1 და N2-ში წარმოდგენილი პირობებისა და დაზღვეულთა რაოდენობის შესაბამისად. ამასთან, პრემიის სრულად გადახდის პასუხისმგებლობა ეკისრება დამზღვევს. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, საწყისი საკონტრაქტო პრემიაა 1 065 127.0 ლარი. სადაზღვევო პრემიის გადახდა ხდება ყოველთვიური გადახდისას საწყისი საკონტრაქტო პრემიის 1/12 ნაწილი ფიქსირებულად. სადაზღვევო პრემიის გადახდა ხორციელდება საანგარიშო თვის არაუგვიანეს 28 რიცხვამდე. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დაზღვეულ პირთა რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში ავტომატურად ხდება გრაფიკით გადასახდელი პრემიის კორექტირება.

 

8.2. დაზღვევის ხელშეკრულების 3,7 პუნქტის მიხედვით, დამზღვევი ვალდებულია ანგარიშსწორება მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით და ამავე მუხლით დადგენილი ოდენობით, ინვოისის წარდგენის საფუძველზე. ამასთანავე, მზღვეველის მიერ ინვოისის წარუდგენლობა არ ათავისუფლებს დამზღვევს თანხის გადახდის მოვალეობისაგან.

 

8.3. დაზღვევის ხელშეკრულების დანართი N1-ის მიხედვით, შპს „რ-------ის ა------ის“ მხრიდან საკონტაქტო პირია ლ---- გ--–--ე, რომელთანაც ელექტრონული წერილების გაცვლით თანხმდებოდა დაზღვევის ხელშეკრულებაში ცვლილებები. კერძოდ, ლ---- გ--–--ემ 2016 წლის 14 აპრილის, 28 აპრილის, 15 მაისის, 1 ივნისს, 16 ივნისის, 22 ივნისის, 29 ივნისის, 18 ივლისის, 15 აგვისტოს, 30 აგვისტოს, 15 სექტემბრის, 1 ოქტომბრის, 13 ოქტომბრის, 31 ოქტომბრის, 1 ნოემბრის, 15 ნოემბრის, 1 დეკემბრის, 16 დეკემბრის, 30 დეკემბრის, 13 იანვრის, 30 იანვრის წერილებით სადაზღვევო კომპანიას ეცნობა დაზღვეულ პირთა სიაში ცვლილების შესახებ.

 

8.4. საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით დასტურდება, რომ შპს რ-------ის ა------მა 2017 წლის 3 იანვარს გადაიხადა სექტემბრის თვის სადაზღვევო პრემია 89 909 ლარი, 2016 წლის 8 ივნისს გადაიხადა აპრილის თვის პრემია 88 673.50 ლარი, 2016 წლის 18 ივნისს გადაიხადა ივნისის თვის პრემია 89 801.17 ლარი, 2016 წლს 18 ივნისს გადაიხადა მაისის თვის პრემია 89 801.06 ლარი, 2016 წლის 18 აგვისტოს გადაიხადა 90691.66 ლარი ივლისის თვის პრემია, 2016 წლის 24 ნოემბერს 90 287.76 ლარი აგვისტოს თვის პრემია.

 

8.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 22 მარტის განჩინების საფუძველზე შპს „რ-------ის ა------იდან“ ფინანსური პოლიციის მიერ ამოღებულია საზოგადოების საბუღალტრო დოკუმენტაცია.

 

8.6. სს „ს--------------------------------------–-----ის“ 30.03.2017წ. N3412 ცნობის საფუძველზე შპს „რ-------ის ა------ს“ გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის სახით გააჩნია ძირითადი დავალიანება - 29 454,06 ლარის ოდენობით.

 

9. აპელანტი დავალიანების დაკისრებას უარყოფს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხოლოდ ინვოისის წარდგენის გზით იყო შესაძლებელი სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების შესრულება.

აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან მხარეებს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების 3.7 პუნქტის მიხედვით, დამზღვევი ვალდებულია ანგარიშსწორება მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით და ამავე მუხლით დადგენილი ოდენობით, ინვოისის წარდგენის საფუძველზე. ამასთანავე, მზღვეველის მიერ ინვოისის წარუდგენლობა არ ათავისუფლებს დამზღვევს თანხის გადახდის მოვალეობისაგან. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინვოისის წარდგენის გზით სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების შესრულება, თუმცა ხელშეკრულებაშია ასევე დათქმა, რომლის მიხედვით ინვოისის წარუდგენლობა არ ათავისუფლეს დამზღვევს თანხის გადახდის მოვალეობისაგან. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სადაზღვევო პრემიის გადახდა ყოველთვიურად სახელშეკრულებო ჯამური თანხის 1/12 ნაწილის ოდენობით, რაც შეადგენს თვეში 88 760,6 ლარს. სექტემბრის პრემია გადახდილია 89 909 ლარი, აპრილის პრემიაა 88 673,50 ლარი, ივნისის პრემია 89 801,17 ლარი, მაისის პრემია 89 801,06 ლარი, ივლისი პრემია 90 691,66 ლარი, აგვისტოს პრემია 90 287,76 ლარი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია სახელშეკრულებო პრემიის ოდენობის შეცვლა შპს რ-------ის ა------ში დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრთა ცვლილებების შესაბამისად. მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში დაზღვეულ პირთა რაოდენობა იცვლებოდა, პერიოდულად იზრდებოდა დაზღვეულ პირთა რაოდენობა, რაც თავდაპირველად შეთანხმებული სადაზღვევო პრემიის ცვლილების საფუძველიცაა.

 

ამდენად, ინვოისის წარუდგენლობა არ ათავისუფლეს დამზღვევს, შპს „რ-------ის ა------ს“ თანხის გადახდის მოვალეობისაგან.

 

10. რაც შეეხება აპელანტის განმარტებას, რომ სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელის მიერ გაცემული ცნობის თანახმად მიიჩნია არსებული დავალიანების არსებობა, აღნიშნულზე პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, როგორც მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის, ისე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების დადასტურება. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კოდექსის 433-ე მუხლის თანახმად: თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე,ანდა შესრულების შესახებ დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე. ასეთ შემთხვევებში კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად.

 

პალატამ შეისწავლა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ დაზღვევის ხელშეკრულების პირობები მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა სრულად, ხოლო მოპასუხის მხრიდან კი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ იქნა შესრულებული, რასაც მოწმობს საგადასახადო დავალებები და ცნობა დავალიანების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და ამის საფუძველზე მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ვალდებულების წარმოშობის) დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება- საგადასახადო დავალებები. მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში პალატა მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლების თაობაზე მოპასუხის ვალდებულებაზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ვერ გაართვა თავი აღნიშნული ვალდებულების შესრულებას: მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მას არ წარმოუდგენია სადაზღვევო პრემიის დავალიანების სრულად ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება. მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ საზოგადოების დირექტორის ცვლილების შედეგად ამ ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია საზოგადოების ხელმძღვნელებს არ გადასცემია და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით მთლიანდ ამოღებულია შპს „რ-------ის ა------ის“ საფინანსო დოკუმენტაცია, რის გამოც არ ფლობს ინფორმაციას მოსარჩელესთან დადებული სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო შენატანების ოდენობის და გადახდევინების შესახებ, აღნიშნული გარემოება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საკმარისი პირობა ვერ გახდება.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

11. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ”რ-------ის ა------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს რ-------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: მიხეილ გოგიშვილი

 

ოთარ სიჭინავა