განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.11.2019
საქმის ნომერი
330210019002802740
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210019002802740

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1614-19 12 ნოემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - სს „------ ბ---- ს----------–--“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ლ-–- ბ------

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „---------–- წ-----“, ზ---- ჯ------–---–-, ი------–- კ------–--- (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ---–- ჟ----- (ზ---- ჯ------–---–-ს და ი------–- კ------–---ს წარმომადგენელი).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.01.2019წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება საპროცენტო სარგებლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და საპროცენტო სარგებლის სახით - 3 913.33 ლარის დაკისრება.

 

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 26 843.92 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 22 223.95 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3 913.33 ლარი და პირგასამტეხლო - 706.64 ლარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.01.2019წ. გადაწყვეტილებით:

1. სს „------ ბ---- ს----------–--ს“ სარჩელი მოპასუხეების - შპს „---------–- წ-----ს“, ი------–- კ------–---სა და ზ---- ჯ------–---–-ს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. შპს „---------–- წ-----ს“, ი------–- კ------–--სა და ზ---- ჯ------–---–ს სს „------ ბ---- ს----------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 17.02.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების - 22 223,95 ლარის, საპროცენტო სარგებლის - 1261,65 ლარის, პირგასამტეხლოს - 706,64 ლარის გადახდა.

3. დანარჩენ ნაწილში სს „------ ბ---- ს----------–--ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

2.1. სს „------ ბ---- ს----------–--სა“ და შპს „---------– წ-----ს“ შორის 2017 წლის 17 თებერვალს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 30 000 ლარი, სესხი გაიცა 17.07.2017-დან 10.02.2020 წლამდე ვადით - 1088 დღით. ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი -16%. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკი ასევე უფლებამოსილია დააკისროს მსესხებელს საურავის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1.0%-ის ოდენობით, ამასთან საურავის დარიცხვა განხორციელდება 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

2.2. 2017 წლის 17 თებერვალს ბანკსა და ზ---- ჯ------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა ბ----ს წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 38 000 ლარით.

 

2.3. 2017 წლის 17 თებერვალს ბანკსა და ი------–- კ------–--ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 38 000 ლარით.

 

2.4. სს „------ ბ---- ს----------–--ს“ მიერ 17.02.2017 ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხები მსესხებელმა აითვისა.

 

2.5. მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ვალდებულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი და 2018 წლის 12 თებერვლის შემდეგ გადახდა აღარ განუხორციელებია.

 

2.6. 2017 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულება შეწყდა ვადამდე 22.03.2018 წელს.

 

2.7. მოპასუხეთა მიერ გადასახდელი ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენს 22 223.95 ლარს.

 

2.8. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის 867-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლზე და მოპასუხეებს დააკისრა ძირითადი თანხის სახით 22 223.95 ლარის გადახდა.

 

2.9. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის 2017 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური 16%.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის გადახდის ვალდებულება არსებობს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სარგებლის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამის თაობაზე შეთანხმებული არიან (იხ. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი).

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლით განსაზღვრული სარგებელი, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტის გამცემს აქვს, არის არა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი, არამედ მიუღებელი შემოსავალი. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. შესაბამისად, განსხვავებულია მათი მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება (იხ. სუსგ №ას-932-882-2015).

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულება შეწყდა 22.03.2018 წელს. მოსარჩელემ განმარტა, რომ სარგებელი დათვლილია სესხის ვადის ამოწურვამდე - 2020 წლის 10 თებერვლამდე, მაგრამ მოსარჩელეს არ მიუთითებია სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობაზე, კერძოდ კი, იმის შესახებ, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ ვადის დარღვევისათვის პროცენტის გადახდაზე. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან კრედიტორს გააჩნია არა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის, არამედ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელე არის კომერციული ბანკი და იგი შემოსავალს იღებს მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულებების გაცემის გზით, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებას საჭიროებს არა მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის არსებობა, არამედ მისი ოდენობაც. მიუღებელი შემოსავალი ერთ-ერთი სახეა ზიანისა. იგი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ, სუსგ №ას-459- 438-2015, 2015 წლის 07 ოქტომბერი). მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ Nას-307-291-2011).

 

წარმოდგენილ სარჩელში საერთოდ არ არის მითითებული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი საფუძვლები.

 

შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისაგან კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტის - 22.03.2018წ. მდგომარეობით და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 1 261.65 ლარის გადახდა.

2.10. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლებზე და დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.01.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება საპროცენტო სარგებლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და საპროცენტო სარგებლის სახით 3 913.33 ლარის დაკისრება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

3.1. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი ადასტურებს და ამტკიცებს მოსარჩელის მოთხოვნას საპროცენტო სარგებლის სრულად დაკისრების თაობაზე, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება. ამდენად, მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელში მოთხოვნილი ოდენობით.

 

სასამართლო არასწორად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 404-ე, 411-ე, 412-ე მუხლებზე. მიუღებელი შემოსავლის მტკიცება სარჩელში საჭირო გახდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი საპროცენტო სარგებლის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ გადახდის ვალდებულებაზე მხარებს შორის წინასწარი შეთანხმება არ იარსებებდა. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების 4.5 პუნქტი ითვალისწინებდა საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდის პირობას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულვებელყო.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

- სს „------ ბ---- ს----------–--ს“ (შემდგომში „მოსარჩელე“) და შპს „---------– წ-----ს“ (შემდგომში „მოპასუხე“/“მსესხებელი“) შორის 17.02.2017წ. გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 30 000 ლარის ოდენობით, წლიური 16 %-ის დარიცხვით, 10.02.2020წ.-მდე ვადით.

 

- გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკი იყო უფლებამოსილი დაეკისრებინა მსესხებლისათვის საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1.0%-ის ოდენობით, ამასთან, საურავის დარიცხვა განხორციელდებოდა 60 კალენდარული დღის განმავლობაში (ს.ფ. 18-23).

 

- 17.02.2017წ. მოსარჩელეს და ზ---- ჯ------–---–ს და ი------–- კ------–--ს (შემდგომში „მოპასუხე“/„თავდები“) შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდებ პირთა პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 38 000 ლარით (ს.ფ. 24,25; 30,31).

 

- მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ვალდებულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი და 12.02.2018წ. შემდეგ გადახდა აღარ განუხორციელებია.

 

- გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ 17.02.2017წ. ხელშეკრულება შეწყდა ვადამდე, 22.03.2018 წელს.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.01.2019წ. გადაწყვეტილებით მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 17.02.2017წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების - 22 223,95 ლარის, საპროცენტო სარგებლის - 1261,65 ლარის, პირგასამტეხლოს - 706,64 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს საპროცენტო სარგებლის გადახდა დაეკისრა ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღამდე - 22.03.2018წ მდგომარეობით - 1 261.65 ლარის ოდენობით. სესხის ვადის ამოწურვამდე პერიოდზე საპროცენტო სარგებლის დაკისრებაზე სარჩელს ეთქვა უარი.

 

აპელანტის მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საპროცენტო სარგებლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, ანუ 2651.68 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.

 

პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობების არსებობაზე (ს.ფ. 2-17). სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეთათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის დაკისრება. სარჩელის მე-4 ფაქტობრივ გარემოებაში მოსარჩელე მიუთითებს მასზედ, რომ მოვალეებს ბანკის მიმართ გააჩნიათ დავალიანება 26 843.92 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის - 22 223,95 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3 913.33 ლარი და პირგასამტეხლო - 706.64 ლარი (ს.ფ. 5). ამდენად, მოსარჩელე მიუთითებს სარჩელის წარდგენის (12.04.2018წ.) მომენტისათვის არსებულ დავალიანებაზე, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით დავალიანების ოდენობად ასახელებს 3 913.33 ლარს და ითხოვს მოპასუხეთათვის საპროცენტო სარგებლის სახით სწორედ აღნიშნული თანხის დაკისრებას.

 

პალატა განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შემადგენლობის შემოწმების მიზნით, პალატა აღნიშნავს შემდეგს: მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე და ამავე კოდექსის 867-868 მუხლებით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო (სუსგ საქმეზე №ას-435-2019, 31 მაისი, 2019 წელი). ამასთან,სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. პალატა მიუთითებს, რომ ამგვარი ფაქტები მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია და როგორც უკვე აღინიშნა, სასარჩელო მოთხოვნასაც წარმოადგენდა სარჩელის წარდგენის დროისათვის საპროცენტო სარგებლის სახით არსებული დავალიანების დაკისრება და არა ზიანის ანაზღაურება.

ამდენად, გასაზიარებელია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა მასზედ, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობაზე, კერძოდ კი, იმის შესახებ, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ ვადის დარღვევისათვის პროცენტის გადახდაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლო იხილავს დავას სარჩელის ფარგლებში და უფლება არ აქვს თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნოს მხარეს ის რაც, მას არ უთხოვია. სარჩელის მოთხოვნისა და ფაქტობრივი გარემოებების მითითების ტვირთი კი დისპოზიციურობის პრინციპის საფუძელზე ეკისრება მოსარჩელეს (სსსკ-ის მე-3, 177-ე 178-ე, 248-ე მუხლები). ამდენად, სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის იმპერატიული შეზღუდვიდან გამომდინარე ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.

 

როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა მხოლოდ მხარის პრეროგატივაა, სასამართლოს როლი, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, განისაზღვრება მხარეთა მიერ განსაზღვრული მოთხოვნის საფუძვლიანობის მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებაში. ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (სუსგ საქმეზე №ას-395-374-2013, 23 სექტემბერი, 2013 წელი; სუსგ საქმეზე №ას-1851-2018, 2 მაისი, 2019 წელი).

 

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მართებულად დაეკისრათ კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტის - 22.03.2018წ. მდგომარეობით, 1 261.65 ლარის ოდენობით და არ არსებობს საპროცენტო სარგებლის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

7. პალატას მიაჩნია, რომ აპელანტების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

8. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ს.ფ. 226).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს „------ ბ---- ს----------–--ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.01.2019წ. გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე : თამარ ზამბახიძე