განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2019
საქმის ნომერი
200100118002502277
ინსტანცია
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002502277

საქმე #1ბ/2000-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ვ--–------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #2----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ--–----------------------–---------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; ზ-----------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #2----------), დაოჯახებულის, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ--–----------------------–---------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--–------------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ-----------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

ვ--–------------–---–ისა და ზ-----------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 5 მაისს, თ--–----------------------–---------ის ბოლოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზ-----------–---–მა და ვ--–------------–---–მა ძალადობით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ე-–---------–-–---–ს, რის შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ე-–---------–-–---–ს ზურგის არეში აღენიშნება ერთეული ნაჭდევები, თხემის არეში კანქვეშა ჰემატომა. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენით:

 

ვ--–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

ზ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----------–-----მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას ვ--–------ და ზ-----------–---–ების მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, კერძოდ, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულების - ვ--–------------–---–ისა და ზ-----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. ვ--–------------–---–ისა და ზ-----------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეების - ე-–---------–-–---–ის, გ--–----------–---–ის, ბ------------–---–ისა და ი------------–---–ის ჩვენებების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ--–------ და ზ-----------–---–ებმა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ვ--–------------–---–ისა და ზ-----------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამო მათ მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მათ მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და მომეტებული საფრთხე, კერძოდ, ის გარემოება, რომ მათ ჩაიდინეს განზრახი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული მოხუცი კაცის მიმართ და არ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულების - ვ--–------------–---–ისა და ზ-----------–---–ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სააპელაციო პალატას მიაჩნია, ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია განზრახი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნებია, რომლის გარეშეც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში პასუხისმგებლობის დამამძიმებლად და სასჯელის გასამკაცრებლად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულები არ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, მას აქვს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, ასევე ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციებით ნათლად ჩანს, კანონმდებელმა ბრალდებულს მიანიჭა უფლება, არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, არ დაიბრალოს დანაშაული და ამ უფლების გამოყენება ბრალდებულის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. აქვე, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენი, რითაც, ფაქტობრივად, მსჯავრდებულები დაეთანხმნენ მათთვის წარდგენილ ბრალდებას და განაჩენით დანიშნული სასჯელის სახესა და ზომას, რის შესახებაც ასევე მითითებულია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრის შესაგებელში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულებისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მათთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულების პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სასჯელების შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება, ზოგადად, სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ვ--–------------–---–ისა და ზ-----------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ მსჯავრდებულების მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მათი მხრიდან წარსულში ვინმეს მიმართ რაიმე ძალადობის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ჰყავთ ოჯახი და არიან ოჯახის მარჩენალები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დანაშაულის ჩადენის მაპროვოცირებელი გახდა დაზარალებულის მხრიდან ვ--–------------–---–ის მიმართ დედის შეგინების ფაქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების - ვ--–------------–---–ისა და ზ-----------–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მათი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულების - ვ--–------------–---–ისა და ზ-----------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ--–------------–---–ისა და ზ-----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულების - ვ--–------------–---–ისა და ზ-----------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ვ--–------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;

 

ზ-----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულების - ვ--–------------–---–ისა და ზ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;

 

ყადაღა მოეხსნას თელავის რაონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის ზ------------–---–ისა და ვ--–------------–---–ის მიმართ 2018 წლის 31 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ვ--–------ ი----–---–ის (პირადი №2----------), ზ-----------–---–ის (პირადი №2----------), მ----–----ის (პირადი №2----------), მ------ ი----–---–ის (პირადი №2----------) უძრავ ქონებას;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ჯოხი, რომელიც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე