განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120210018002692536
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/765 -19 18 ოქტომბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - შპს „--------–- პ--------------“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - თ---------- შ-----–--- (დირექტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ო----- ჯ-----–---
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალციხის რაიონული სასამართლოს 06.12.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 17.01.2019წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 3141.68 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
2. ა---––---- რაიონული სასამართლოს 06.12.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
1. მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი მოპასუხე შპს „--------–- პ--------------ს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. შპს „--------–- პ-------------ს“ (ს/ნ N2--------) შინაგან საქმეთა სამინისტროს (ს/კ N2--------) სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 3141.68 ლარის გადახდა.
2.1. მოსამზადებელი სხდომა დანიშნული იქნა 2018 წლის 6 დეკემბერს 11:00 საათზე ა---––---- რაიონულ სასამართლოში (მის: ქ.-----––------------–---–---------,). მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სასამართლო უწყება გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე (იურიდიული მისამართზე) - ქ. თბილისი, გ----------- ქ----. სასამართლო უწყება მოპასუხეს ჩაბარდა 2018 წლის 22 ნოემბერს, ჩაიბარა ორგანიზაციის დამფუძნებელმა კ------------- შ-----–---მ. მისთვის ცნობილი იყო 2018 წლის 6 დეკემბერს ჩანიშნული პროცესი შესახებ, თუმცა მოპასუხე პროცესზე არ გამოცხადდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- მხარეთა შორის 2---------წ. გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ M-- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებისათვის მიეწოდებინა საკვები პროდუქტები (ყველი), ხელშეკრულებით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტების მიწოდების ვადები. ხელშეკრულების 11.4.ბ ქვეპუნქტის თანახმად, განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის ვადის გადაცილებით მიწოდების შემთხვევაში შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის დაკისრების უფლებამოსილება.
- მიმწოდებლის მიერ დარღვეული იქნა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ საკვები პროდუქტი (ყველი), რ--------- ბაზაზე ნაცვლად 2017 წლის 30 ოქტომბრისა მიწოდებულ იქნა 2017 წლის 20 ნოემბერს, ოცდაერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
- წ--–--- ბაზაზე ნაცვლად 2017 წლის 30 ოქტომბრისა მიწოდებულ იქნა 2017 წლის 20 ნოემბერს, ოცდაერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
- ა---––---- ბაზაზე ნაცვლად 2017 წლის 31 ოქტომბრისა მიწოდებულ იქნა 2017 წლის 21 ნოემბერს, ოცდაერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
- ც----------- ბაზაზე ნაცვლად 2017 წლის 31 ოქტომბრისა მიწოდებულ იქნა 2017 წლის 21 ნოემბერს, ოცდაერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
- ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.4 პუნქტის ,;ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების დანართი 1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის შემსყიდველის მიერ მიმწოდებელ კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 24 934 ლარის 0,15% •ის ოდენობით (24 934 * 0,15% * (21+21+21+21), რაც თანხობრივად შეადგენს 3 141,68 ლარს. მოპასუხის მიერ ამ დრომდე არ მომხდარა დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა.
2.3. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნებს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამასთან არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 17.01.2019წ. განჩინებით საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ა---––---- რაიონული სასამართლოს 06.12.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3.1. მოპასუხეს სასამართლო უწყება გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, გ----------- ქ----, რომლიც წარმოადგენს მის იურიდიული მისამართს. სასამართლო უწყება შპს ,,ნ-------–- პ-------------ს’’ ჩაბარდა 2018 წლის 22 ნოემბერს (ჩაიბარა დამფუძნებელმა კ------------- შ-----–---მ, იხ. მტკიცებულება საფოსტო გზავნილი AP 0----------), ამდენად მოპასუხე მხარისათვის ცნობილი იყო 2018 წლის 6 დეკემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხე არ გამოცხადებულა სასამართლო პროცესზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, რის გამოც უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლო უთითებს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიული მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად).
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ შპს ,,ნ-------–- პ--------------ს’’ იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, გ----------- ქ----. სწორედ აღნიშნულ მისამართზე მოხდა მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გზავნილი ჩაბარდა დამფუძნებელს კ------------- შ-----–---ს. ასევე, საჩივრის განხილვის სხდომაზე დაბარების მიზნით უწყება გაგზავნილი იქნა შპს ,,ნ-------–- პ--------------ს’’ იურიდიული მისამართზე და სასამართლო უწყება კვლავ ჩაიბარა დამფუძნებელმა კ------------- შ-----–---მ. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომელმაც მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილზე არ იმყოფება ორგანიზაციის დირექტორი, თანამშრომლები უკავშირდებიან დამფუძნებელს კ------------- შ-----–---ს, რომელიც მოდის და იბარებს ორგანიზაციაში მისულ კორესპონდენციას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 06.12.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 17.01.2019წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო უწყება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელ კ------------- შ-----–---ს, რომელიც არ მართავს იურიდიულ პირს და არც პირდაპირ და არც ირიბად არ არის დაკავშირებული კომპანიის საქმიანობასთან. საზოგადოების დირექტორი არის თ---------- შ-----–---. ამავე დროს, კომპანიას აქვს კანცელარია, სადაც უნდა მომხდარიყო უწყების გადაცემა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კომპანიის რეპუტაციაზე, ვინაიდან მოპასუხე კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. 21 დღით პროდუქციის დაგვიანებით მიწოდება განპირობებული იყო იმით, რომ ჩასანაცვლებელი პროდუქციის ლაბორატორიულ ანალიზს და შეთანხმების გაფორმებას დაჭირდა 21 დღე, რის შემდგომაც მოპასუხემ განაახლა პროდუქციის მიწოდება.
აპელანტის განმარტებით, 0.15%-ის ოდენობით პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და მისი დაკისრება ეწინააღმდეგება სასამართლო პრაქტიკას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
5. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
6. 25.10.2018წ. ახალციხის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში „მოსარჩელე) შპს „--------–- პ--------------ს“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით (ტ. I, ს.ფ. 2-18). სარჩელი ეფუძნება გარემოებებს მასზედ, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და საკვები პროდუქტი (ყველი) რ---------, წ--–---, ა---––---- და ც----------- ბაზებზე მიწოდებული იქნა 21 კალენდარული დღის დაგვიანებით. ამდენად, მოპასუხეს ხელშეკრულების 11.4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა დაეკისროს ყოველდღიურად ხელშეკრულების ღირებულების - 24 934 ლარის 0.15% ოდენობით პირგასამტეხლო, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯამში შეადგენს 3141,68 ლარს (ტ.1, ს.ფ.5).
7. სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე ახალციხის რაიონული სასამართლოს 06.12.2018წ. სასამართლო სხდომაზე მიწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ჩამბარებელი პირის უფლებამოსილებას და განმარტავს, რომ საზოგადოების პარტნიორი კ------------- შ-----–--- არ მართავს იურიდიულ პირს და არ არის დაკავშირებული კომპანიის საქმიანობასთან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 06.12.2018წ. 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება მოპასუხეს გაეგზავნა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე - თბილისი, გ----------- ქ---- და ჩაბარდა საზოგადოების დამფუძნებელს, კ------------- შ-----–---ს 22.11.2018წ.(ტ.1, ს.ფ. 60,62).
04.06.2018წ. მომზადებული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ საზოგადოების პარტნიორები არიან: კ------------- შ-----–--- (50% წილი) და ნ-----–---- შ-----–--- (50% წილი), საზოგადოების დირექტორი კი თ---------- შ-----–---ა. ამავე ამონაწერით დასტურდება, რომ თბილისი, გ----------- ქ----, წარმოადგენს საზოგადოების რეგისტრირებულ მისამართს (იხ.: ამონაწერი ). იგივე მისამართი ჰქონდა მითითებული მოპასუხეს მოსარჩელესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში (ტ.1, ს.ფ.21).
,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად).
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზე საზოგადოების 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისთვის გზავნილის ჩაბარება ითვლება მოპასუხე იურიდიული პირისთვის გზავნილის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებად და არ არსებობს გზავნილის არაუფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება საჩივრის ავტორის მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხე კომპანიას გააჩნია კანცელარია, პალატა მიუთითებს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სტრუქტურა და შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში უფლებამოსილი პირების მეშვეობით ახორციელებს საკუთარ მოვალეობებს. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც კანცელარიის თანამშრომლის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად მხარის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას შეეხებოდა, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ორგანიზაციის საქმიანობის შიდა სტრუქტურული ხარვეზები სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საპროცესო უფლების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს და მსგავსი არგუმენტები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევა (იხ.: სუსგ №ას-959-1238-09, 28 დეკემბერი, 2009 წელი).
შესაბამისად, საზოგადოების რეგისტრირებულ მისამართზე მყოფი პარტნიორისთვის უწყების გადაცემა ითვლება უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებად, რაც მას წარმოუშობდა უწყების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის გადაცემის ვალდებულებას.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
როგორც მითითებული ნორმის შინაარსიდან ირკვევა, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევა. ამდენად, თუ მოპასუხეს სურს შეჯიბრებითობის ფარგლებში დავის არსებით განხილვაში, მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობის მიღება, იგი (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები მიიჩნევა დადასტურებულად. იმისათვის, რომ სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საკმარისია სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოთხოვნას. შესაბამისად, მოპასუხის გამოუცხადებლობის დროს გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, თანაც ისე, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის მითითება საკმარისია (იხ.:სუსგ 08.04.2016წ. საქმე Nას- 1053-993-2015; ასევე სუსგ 06.05.2015წ. საქმე #ას-1158-1104-2014).
ამდენად, პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, დასტურდება თუ არა დარღვევის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი (სუსგ 23.03.2018წ. საქმე №ას-181-181-2018 , 06.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
პალატას მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული და სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები მასზედ, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადები, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
9. რაც შეეხება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე მითითებას, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პალატა ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ამ თუ იმ ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, სამართლებრივი შეფასების საკითხია, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოპასუხის არგამოცხადების პირობებშიც იმსჯელოს მისი გონივრულობის საკითხზე (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1125-1072-2014; 29 მაისი, 2015 წელი).
განსახილველ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობა.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, თავად მეწარმეა და ა.შ, ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება (იხ.: სუსგ Nას-1451-1371-2017 13.11.2018წ.).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც მეწარმე სუბიექტია, დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის შეუსაბამოდ მაღალი შეთანხმებული პირგასამტეხლო. ის არ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს დაარწმუნებდა სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობაში. პალატის მოსაზრებით, მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არ არსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა: დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას და სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას. ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და მხარეთა თანასწორობის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მხარის უფლებები. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების წინაპირობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.
10. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ. 10).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „--------–- პ--------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 06.12.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 17.01.2019წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე