განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2019
საქმის ნომერი
010142219700101895
ინსტანცია
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700101895

საქმე №1აგ/169-19წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

გერონტი კახეთელიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა-----------–-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ------–----------ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის განაჩენით: დამტკიცდა 2014 წლის 27 მაისს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს უფროს პროკურორ გ----------------–---–ს (ზემდგომი პროკურორის გ-------------–---–ის თანხმობით), ბრალდებულ ა-----------–-ას და ადვოკატ ზ-------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ა-----------–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან ნაწილი - 2 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) წელი.

 

ამავე განაჩენით მსჯავრდებულ იქნა ვ----------------ე.

 

2019 წლის 13 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართ მსჯავრდებულ ა-----------–-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ------–----------ამ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ა-----------–-ას მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულ ა-----------–-ას მსჯავრდებას საფუძვლად დაედო ე. წ. მოწმე-დაზარალებულ ფ-------------–-----------ის განცხადება იმის შესახებ, რომ მან 2013 წლის აგვისტოს თვეში გადაწყვიტა ბიზნესის დაწყება წ--–--- რაიონში და ეძებდა ადგილს ავტომანქანების გაზგასამართი მოძრავი სპეციალური ავტომანქანის დასაყენებლად, რა მიზნითაც იგი 2013 წლის 16 სექტემბერს ჩავიდა ქ. წ--–--ში და მივიდა წ--–--- მ----–----–------------------–ი, რათა გაერკვია, თუ რა პროცედურები და დოკუმენტაცია იყო საჭირო აღნიშნული საქმიანობის დაწყებისათვის. ფ. ა-–-----------ის განმარტებით, იგი გამგეობასთან შემთხვევით შეხვდა მის ნაცნობს, წ--–--- გამგეობის თანამშრომელს ვ----------------ეს, რომელსაც აუხსნა იქ ყოფნის მიზეზი და სთხოვა დახმარება საჭირო პროცედურების გარკვევაში. ვ----------------ემ მას განუმარტა, რომ წ--–--- რაიონში მას ჰქონდა კარგი ავტორიტეტი, გამგეობაში კი მის გარეშე არაფერი ხდებოდა და დაეხმარებოდა მას გამგეობის კუთვნილ მიწაზე მისთვის სასურველ ადგილზე ყოველგვარი ნებართვის გარეშე ავტომანქანების გაზგასამართი მოძრავი სპეციალური ავტომანქანის დაყენებაში, რაშიც მას ასევე დაეხმარებოდა მისი მეგობარი ბორია ანუ ა-----------–-ა, რომელიც იყო ქ. წ--–--- ს---------–------------------------------------------- და რაიონში სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით. ამ ყველაფერში ვ----------------ემ მას წინასწარ საქმის დაწყებამდე პატივისცემის სახით მოსთხოვა 10 000 (ათი ათასი) ლარის გადაცემა, რის შემდეგ, ის კმაყოფილი დასცილდა ვ. კ-------ეს და წავიდა სახლში. ფ. ა-–-----------ის განმარტებით, მან გვიან გააცნობიერა, რომ ვ. კ-------ე მას სთხოვდა ქრთამს და განცხადებით მიმართა ანტიკორუფციულ სააგენტოს.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, როგორც საქმის მასალებიდან და მოწმეთა - ა------------–----ისა და ლ----------ას გამოკითხვებით ირკვევა, ბრალდების ერთადერთი მოწმე ფ-------------–-----------ი ქ. წ--–--ში იმყოფებოდა მსჯავრდებულების - ა. დ----–-ას და ვ. კ-------ის დაკავებამდე რამდენიმე ათეული დღით ადრე რამდენჯერმე და ყველასთან თავს წარადგენდა როგორც ბაქოელი ბიზნესმენი, რომელიც დაინტერესებული იყო კერძო ფართების შეძენით შემდგომი ბიზნესის გამართვის მიზნით. შუამდგომლობის ავტორის აზრით, აღნიშნული გარემოება პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ბრალდების მოწმე ცრუ ჩვენებას იძლეოდა, როგორც საგამოძიებო ორგანოებში მოწმის სახით გამოკითხვისას, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხვის დროს.

შუამდგომლობის ავტორის მითითებით, მის მიერ დადგენილი და მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რითაც დადასტურებულია, რომ მოწმე ფ-------------–-----------ი არის ჟურნალისტური გამოძიებით ტელევიზიაში არაერთგზის გაჟღერებული ე. წ. აგენტ-პროვოკატორის რ----–------------ის ჯგუფის წევრი და ის არაერთგზის გამოყენებული ჰყავს სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულთა პროვოკაციებსა და ფაბრიკაციებში. აღნიშნულის დასტურად შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა 14 სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ფ-------------–-----------ი ფიგურირებს როგორც მოწმე-დაზარალებული თანამდებობრივ დანაშაულებსა და თაღლითობებში.

შუამდგომლობის თანახმად, ა-----------–-ას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი პროკურორის გ----------------–---–ის მიერ ა. დ----–-ასა და ვ. კ-------ეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური, ძალადობრივი, იძულებითი და დაშინებით ზემოქმედებები, რითაც მან იძულებული გახადა პროკურატურის ორგანოებთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარებით. პროკურორ გ----------------–---–ის მხრიდან ზეწოლის განხორციელების ფაქტების დასადასტურებლად, შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა: მოქალაქე ე----------–----ე-ჯ------------- ფეისბუქ გვერდზე არსებულ პუბლიკაციაზე, სადაც დასახელებულია პროკურორი გ----------------–---–ი და დეპუტატ ე--------–-ას მიერ ამ პროკურორის მიმართ გაკეთებულ შეფასებაზე.

შუამდგომლობის ავტორი ასევე აპელირებს მოწმე მ-----------–---სთან მის მიერ ჩატარებულ გამოკითხვის შინაარსზე, სადაც ამ უკანასკნელმა მიუთითა, რომ ის ადგილი, სადაც ვ. კ-------ესა და მის ახლობელ აზერბაიჯანელ მოქალაქეს ფ. ა-–-----------ს უნდა დაეყენებინათ მოძრავი გაზ-გასამართი ავტომობილი, არ არის ქ. წ--–--- მუნიციპალიტეტის გამგებლობაში. სახელმწიფო საკუთრება არის მასზე მიმაგრებული და მას განკარგავს მეპაიეთა ჯგუფი, რომლის მიწის გადასახადსაც იხდის კოოპერატივი და უიმისოდ სხვას არ აქვს უფლება აღნიშნული ტერიტორიის გამოყენების.

განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად შუამდგომლობის ავტორი ასევე უთითებს ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ვახტან კ-------ის და მოწმეების - ა------------–----ისა და ლ----------ას გამოკითხვის ოქმებზე, რომლებითაც დასტურდება, რომ ფ-------------–-----------ს იცნობდნენ როგორც საქმოსან ბიზნესმენს, რომელსაც სურდა ქ. წ--–--ში რაიმე ფართის შეძენა კომერციული პირებისაგან და ვ----------------ესთან ერთად ნახა ა------------–----ის მაღაზიის პირველი სართულის ნახევარი ფართი, რომელსაც გადაუღო სურათები და აჩვენა ვითომ მის ბიზნესპარტნიორ ირანელ მოქალაქეებს. თუმცა ფ. ა-–-----------მა გადაიფიქრა ა. ბ---–----ის კერძო საკუთრების შეძენა, რის შემდეგაც ვ. კ-------ეს ფ. ა-–-----------ისათვის შეუთავაზებია მისი ღია კაფის შეძენა.

შუამდგომლობის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2017 წლის 17 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერით, მისამართი, ქ. წ--–--, ქ---------–--–--------ის მესაკუთრე არის წ--–--- რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივი და აღნიშნული არ არის სახელმწიფო საკუთრება. ასევე, წ--–--- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 04 ივლისის მომართვის პასუხად დადგენილია, რომ ზემოთ დასახელებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება არ ირიცხება წ--–--- მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს საკუთრებაში.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ა-----------–-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ------–----------ას შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

 

ა)სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

 

ბ)არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

 

გ)სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

 

დ)არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

 

ე)არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

 

ე1)არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

 

ვ)ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

 

ზ)წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

 

ზ1)წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

 

თ)არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

 

პალატა აღნიშნავს, დასახელებული მუხლის „ზ” ქვეპუნქტი აგებულია იმ პრინციპზე, რომ სასამართლოს უნდა წარედგინოს ისეთი ახალი მტკიცებულება ან ფაქტი, რომელიც სამართალწარმოების განხორციელებისა და გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ობიექტურად არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, ასევე მხარემ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო სამართალწარმოების დროს ამ მტკიცებულების ან ფაქტის სასამართლოსათვის წარდგენა.

 

მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს რამდენიმე მოტივზე, რაც ახლად გამოვლენილ გარემოებად და, შესაბამისად, ა-----------–-ას მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიაჩნია, კერძოდ, დაზარალებული ფ-------------–-----------ი მიაჩნია აგენტ-პროვოკატორად, რომელიც არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე იქნა გამოყენებული სამართლადამცავი ორგანოების მიერ უდანაშაულო პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. აღნიშნულს კი ადასტურებს 14 საქმეზე მითითებით, რომელშიც დაზარალებული თითქოსდა აგენტ-პროვოკატორად მონაწილეობდა. პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობაში ჩამოთვლილ სისხლის სამართლის საქმეებში ფ-------------–-----------ის აგენტ-პროვოკატორად მონაწილეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, აღნიშნული ჩამონათვალი ასევე ვერ დაადასტურებს ა-----------–-ასა და ვ----------------ის სისხლის სამართლის საქმეში ფ-------------–-----------ის აგენტ-პროვოკატორად მონაწილეობს ფაქტს. ასეთი გარემოება არ არის დადგენილი რაიმე მტკიცებულებით, შუამდგომლობის ავტორის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით კი, ვერ გახდება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

 

კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც შუამდგომლობის ავტორი უთითებს, როგორც ახლად გამოვლენილ გარემოებაზე, არის საქმის განმხილველი პროკურორის - გ----------------–---–ის მიერ ა-----------–-ას მიმართ განხორციელებული ზეწოლა, რამაც საბოლოოდ ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება გამოიწვია. პროკურორის მხრიდან ზეწოლის ფაქტს კი შუამდგომლობის ავტორი ადასტურებს მოქალაქე ე----- ბ---–----ის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაკეთებული პოსტითა და დეპუტატის შეფასებით. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, რომლის დამტკიცებამდე სასამართლო დარწმუნდა, რომ აღნიშნული შეთანხმება მიღწეულ იქნა იძულების, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს და ნებაყოფლობითია. ამავე განაჩენით მხარეებს განემარტათ განაჩენის გასაჩივრების უფლება, კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ჰქონდა უფლება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარედგინა საჩივარი განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიიჩნევდა, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, დ) სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულ ა-----------–-ას აღნიშნული უფლებით არ უსარგებლია. შუამდგომლობის ავტორს არც ამჯერად წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება პროკურორის მხრიდან ა-----------–-ას მიმართ ზეწოლის განხორციელების თაობაზე. ამ მიმართებით მის მიერ შუამდგომლობაში დასახელებული არგუმენტები კი, არ არის კავშირში განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან.

 

შუამდგომლობას ერთვის მ----- ფ---–--ის, ვ----------------ის, ლ----------ას და ა------------–----ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები. რაც პალატას ასევე არ მიაჩნია ახალ გარემოებად, კერძოდ:

გამოკითხვის ოქმის თანახმად, მ-----------–--- განმარტავს, რომ წინასწარი გამოძიებისას საგამოძიებო ორგანოში ყოფნის დროს იყო ძლიერ ნაბახუსევი, რის გამოც ხელი მოაწერა გამომძიებლის მიერ დაწერილ ჩვენებას. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მ-----------–--- დაკითხულია სასამართლოში საქმის განხილვისას 2014 წლის 24 თებერვალს და ბუნებრივია მას ჰქონდა შესაძლებლობა სასამართლოსთვის მიეწოდებინა ის ინფორმაცია, რაც მისთვის იყო ცნობილი, მითუმეტეს, რომ ბრალდებულს ჰყავდა დამცველი და შეეძლო მოწმისთვის დაესვა დაცვის პოზიციის დასაბუთებისათვის საჭირო ყველა შეკითხვა. რაც შეეხება ვ----------------ის გამოკითხვის ოქმს, იგი მსჯავრდებულია ამავე საქმეზე და მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რა დროსაც მან აღიარა მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა და დაეთანხმა საპროცესო შეთანხმებაში ასახულ ყველა პირობას. ხოლო, ა------------–----ის და ლ----------ას, გამოკითხვის ოქმების შინაარსიდან ირკვევა, რომ ვ----------------ისა და ა-----------–-ას მიერ განხორციელებული ქმედების თაობაზე მათ ინფორმაცია არ გააჩნდათ.

 

შუამდგომლობის ავტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად ასევე მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით და წ--–--- მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილის თანახმად, ტერიტორია, რომელზეც ფ. ა-–-----------ს უნდა დაეყენებინა მოძრავი გაზ-გასამართი ავტომობილი, არ არის ქ. წ--–--- მუნიციპალიტეტის გამგებლობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ითვალისწინებს, რომ შუამდგომლობაში არსადაა სადავოდ მიჩნეული თანხის - 10 000 ლარის მოთხოვნის ფაქტი და არც ამ ფაქტის არსებობაა გაბათილებული შუამდგომლობაზე დართული რომელიმე დოკუმენტით. შესაბამისად, სასამართლოს მიერ იმ არგუმენტის გაზიარების შემთხვევაშიც, რომ სადავო ტერიტორია არ შედიოდა ქ. წ--–--- მუნიციპალიტეტის გამგებლობაში, სახეზე იქნებოდა სხვა დანაშაულის ნიშნები, რაზე მსჯელობის შესაძლებლობაც, მოცემული შუამდგომლობის განხილვის ფარგლებში სასამართლოს არ გააჩნია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ამოწმებს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და რამდენად არის ის დასაბუთებული. თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუშვებლად ცნობს მას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა-----------–-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ------–----------ას შუამდგომლობა ცნობილი უნდა იქნეს დაუშვებლად.

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-313-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა-----------–-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ------–----------ას შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნეს ცნობილი.

 

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

გ. კახეთელიძე