განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002839215
საქმე №1/ბ-1593-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ბესიკ ბუგიანიშვილი
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - თ-------------ას,ადვოკატების - ტ------–--------ის, გ---------------–--ლის,მსჯავრდებულ - ზ-----------–-----ის მონაწილეობით,თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ-------------ას და მსჯავრდებულ ზ-----------–-----ის ადვოკატ გ---------------–--ლის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ზ-----------–-----ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------------, პ/№ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
ზ-----------–-----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით;
მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სადგომში უკანონოდ შეღწევით, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
მანვე ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ზ-----------–-----მა გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2018 წლის 22 დეკემბერს ატარებდა კალაშნიკოვის კონსტრუქციის „A------“ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, მასში მოთავსებულ 44 (ორმოცდაოთხი) ცალ 5,45 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნასთან ერთად, რითაც იმავე დღეს, ლ------------–---–თან ერთად დააყაჩაღა ქ. თბილისში, კოჯრის გზატკეცილზე მდებარე შპს „ფ------“, რის შემდგომაც იგი შეინახა ქ-------–--–-----------------–ის ქუჩა №--------ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბუჩქებში, სპორტულ ჩანთაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის და 2018 წლის 30 მარტის განჩენთა ერთობლიობით ზ-----------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც დღეის მდგომარეობით იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ; 2018 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური „A-----“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღითა და მასში მოთავსებული 44 (ორმოცდაოთხი) ცალი 5,45 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით აღჭურვილი ზ-----------–-----ი და მაკაროვის კონსტრუქციის საშტატო ნიმუშის „IIM“ ცეცხლსასროლი პისტოლეტითა და მასში მოთავსებული 5 (ხუთი) ცალი 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით აღჭურვილი ლ------------–---–ი, ჯგუფურად, თავს დაესხნენ ქ------–--–---------–------–ი, კოჯრის გზატკეცილზე მდებარე შპს „ფ------ს“ ავტოგასამართ სადგურს და ოპერატორ გოჩა უმუდუმოვს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს შპს „ფ------ს“ კუთვნილი თანხა 411 (ოთხასთერთმეტი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის და 2018 წლის 30 მარტის განაჩენთა ერთობლიობით ნასამართლევი და დღეის მდგომარეობით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ-----------–-----ი, 2018 წლის 26 დეკემბერს, 12:36 საათიდან 12:46 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ-------–--–-----------–---–-------------ში უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს - კერძოდ დანას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენით:
ზ-----------–-----ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ-----------–-----ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ-----------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ზ-----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზ-----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ზ-----------–-----ის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების, ასევე ყაჩაღობის ნაწილში სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, უტყუარ, რელევანტურ და ავთენტიკურ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში; ხოლო ცივი იარაღის ტარების ნაწილში, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზ-----------–-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ-------------ამ და მსჯავრდებულ ზ-----------–-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---------------–--ლმა. ბრალდების მხარე ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას და ზ-----------–-----ის დამნაშავედ ცნობას როგორც საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
დაცვის მხარე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ზ-----------–-----ის მიმართ ჯარიმის გამოყენებას, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით, მისთვის წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის დამატებას ახლადდანიშნულ სასჯელზე.
პროკურორმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ განაჩენი გამართლებულ ზ-----------–-----ის მიმართ არის კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ ცალმხრივი სამართლებრივი შეფასება მისცა როგორც გამართლებულის მიერ ჩადენილ ქმედებას, ასევე მის მამხილებელ მტკიცებულებებს. სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული როგორც მოწმეთა ჩვენებები, ისე წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობამაც, ბრალდების მხარის აზრით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა გამართლებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტი. კერძოდ, ბრალდებულ ლ------------–---–-------–-------------–-----------–-–---–----–--–-------------------–-----------–---–----–-------------------------------–--------–---–ის ჩვენებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------8 დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, პირის ამოცნობის ოქმებით და ნივთიერი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ-----------–-----ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, ასევე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და 3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, პროკურორის განმარტებით, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - ლ------------–---–ის ჩვენება და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სხვა ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში იძლევიან დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ზ-----------–-----მა ჩაიდინა ყველა ბრალად წარდგენილი ქმედება. რაც შეეხება გ-------------------------------–--–--ის ჩვენებებს, პროკურორის შეფასებით ისინი ნაკლებად სარწმუნოა. აღნიშნულმა მოწმეებმა თავად დაადასტურეს, რომ მათთან ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების ოქმზე არსებული მინაწერები, შესრულებულია სწორედ მათ მიერ, ხოლო საფუძვლიანად ვერ ახსნეს, თუ რატომაა ოქმების შინაარსი განსხვავებული სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებისგან.
დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ მსჯავრდებულ ზ-----------–-----ს სრულიად აქვს გაცნობიერებული მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში და მას განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის სანქციის მაქსიმალური სასჯელი. ასევე, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ზ-----------–-----ის მიმართ განაჩეთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულმა გულწრფელად აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია აღნიშნული კვალიფიკაციის ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფ მართმსაჯულებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს, რომ მსჯავრდებულ ზ-----------–-----ს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისიწინებით, ჩაეთვლება მოხდილად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა თ-------------ამ, ასევე მსჯავრდებულმა ზ-----------–-----მა და მისმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პალატა არ იზიარებს პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ზ-----------–-----ის ქმედებაში გამოვლენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეების: ლ-–--–------–-–---–-----------------–---–---------------–----–---–-------–-----------–---–-------------------–--------------------–---–----------------------–---–-------------------–---–------------------------------------–--------–-----------------------------------------–--------–-----------------------------------------------------------–----------------------–---------------–-–-------------------------------–-------------------------------–-–---–-----------------–---–---------------------------------–-------------------------------–---–----------------------------------------------------------------–----------------–---------–---–--------------------–--–---–------------–------–---–----------–------------------------–-–---–------------------–----------------------–-–---–-----------------–--–-–---–------------------------–---–ის ჩვენებები, ასევე საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ნაწილი არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, სასამართლოს მიერ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ-------------------ა განაცხადა, რომ მუშაობს ქ. თბილისში, დაბა შინდისში, კოჯრის გზატკეცილზე მდებარე შპს „ფ------ს“ ავტოგასამართ სადგურში, ოპერატორად. 2018 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, დაანგარიშებული დღის შემოსავალი შეიტანა ბანკში და დაბრუნდა სამუშაო ოთახში. ამ დროს მასთან მასთან შევიდა ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ორი პიროვნება, ერთ-ერთი ნიღბით შემოსილი, რომლებმაც მოსთხოვეს ფული. ჯიბიდან ამოიღო 400 ლარი და მისცა. შემდეგ თავდამსხმელებმა შეამოწმეს ოთახებში არსებული კარადები და როდესაც ვერაფერი ნახეს, წავიდნენ. დაზარალებულმა დაადასტურა მისი მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, რა დროსაც ამოიცნო ერთ-ერთი ბრალდებული ლ------------–---–ი. მოწმის განმარტებით, ამ უკანასკნელს, თავდასხმის დროს ნიღაბი არ ეკეთა. რაც შეეხება ზ-----------–-----ის ფოტოსურათით ამოცნობას, გ---------------მა განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ფოტოსურათში იცნო ზ-----------–-----ი, რადგან ამ პიროვნებას ბავშვობიდან იცნობს და ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს, თუმცა ლ------------–---–თან ერთად მყოფი მეორე თავდამსხმელი იყო თუ არა ზ-----------–-----ი, არ იცის, რადგან ის პირი ნიღბის მიღმა ვერ ამოიცნო. დაზარალებულმა განმარტა, რომ ფოტოსურათით ამოცნობისას გამომძიებელმა კითხა - იცნობდა თუ არა წარდგენილი პირებიდან რომელიმეს, რაზეც დაადასტურა, რომ იცნობდა ზ-----------–-----ს, თუმცა გამომძიებლისთვის არ უთქვამს, რომ ზ-----------–-----მა იგი დააყაჩაღა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–--–---მ განაცხადა, რომ არის ტაქსის მძღოლი. ბრალდებულ ლ------------–---–ს იცნობს ბავშობიდან. 2018 წლის 22 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით 11 საათამდე, გააჩერა ორმა პიროვნებამ, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ლ------------–---–ი. მათ სურდათ შინდისში წაყვანა, რაზეც დათანხმდა. შინდისში ასვლისას სოფლის შუაგულში მგზავრებმა სთხოვეს, რომ გაეჩერებინა მანქანა და დალოდებოდა მათ, რადგან ნაცნობები უნდა ენახათ. გადაუხადეს 50 ლარი და გადავიდნენ ავტომანქანიდან. დაახლოებით 15-20 წუთში დაბრუნდნენ მანქანაში და წამოვიდნენ თბილისში. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და გაანცხადა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიუთითა ის ადგილი, სადაც ჩაისვა და შემდგომში ჩამოსვა ხსენებული პირები. ფოტოსურათით და პირის ამოცნობისას ამოიცნო ლ------------–---–ი, სხვა პირი არ ამოუცვნია, ვინაიდან სიბნელის გამო არ დაუნახავს მანქანაში სხვისი სახე. ზ-----------–-----ი მან პირველად ნახა სასამართლოში ჩვენების მიცემისას და შემთხვევის დღეს იგი მის მანქანაში ნამდვილად არ მჯდარა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–-----------–-–---–მა განაცხადა, რომ იგი 2018 წლის 22 დეკემბერს მუშაობდა შინდისის გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ფ------ში“ მენეჯერის თანამდებობაზე. შემთხვევის ღამეს მას დაურეკა ოპერატორმა უმუდუმოვმა, რომელმაც უთხრა, რომ დააყაჩაღეს და 411 ლარი წაიღეს. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებლებმა ამოიღეს ვიდეოკამერების ჩანაწერები და დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა და ადასტურებს საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე მისი ხელმოწერების ნამდვილობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ------------–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ის და ზ-----------–-----ი 2018 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღებით თავს დაესხნენ ქ. თბილისში, დაბა შინდისში, კოჯრის გზატკეცილზე მდებარე შპს „ფ------ს“ ავტოგასამართ სადგურს. ისინი ოპერატორ გოჩა უმუდუმოვისგან, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 411 ლარის ოდენობით ფულად თანხას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა შ--–-----------------------------–---–------–------------------–-------–--------–-–---–---------------–--------–---–-------–--------------მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერება და ავთენტიკურობა.
2018 წლის 23 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ქ. თბილისში, დაბა შინდისში, კოჯრის გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართი სადგური „ფ------“, რის შედეგადაც ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები, ანაწმენდები და ხელის თითის კვლები.
2018 წლის 26 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ლ------------–---–მა მიუთითა ის ადგილები, სადაც მან და ზ-----------–-----მა გააჩერეს ტაქსი და წავიდნენ შინდისში. შინდისში მისვლისას მან ასევე მიუთითა ადგილი, სადაც ჩაიდინეს ყაჩაღობა. ლ------------–---–მა გამოძიებას ქ.თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მიუთითა ადგილი, სადაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეინახა ცეცხლსასროლი იარაღები, რომლითაც მან და ზ-----------–-----მა ჩაიდინეს ყაჩაღობა.
2018 წლის 26 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ქ-------–--–-----------------–ის ქუჩა №--------ს მიმდებარე ტერიტორია, რის შედეგადაც ამოღებული იქნა პისტოლეტი მჭიდით და 5 ცალი ვაზნით, ავტომატი, 2 ცალი მჭიდი და 44 ვაზნა, ექსპერტების მიერ განმუხტვის დროს გამოყენებული ერთი წყვილი ხელთათმანი, მუქი ფერის სპორტული ჩანთა და თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი.
2018 წლის 26 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ი-----–--–---მ წარდგენილი სამი პიროვნებიდან აღნაგობით, სიმაღლით, სახის ფორმით, წარბების და ტუჩების მოხაზულობით, თვალის ფერით, შუბლით და საერთო იერსახით ამოიცნო მისი ნაცნობი ლ------------–---–ი, რომელმაც 2018 წლის 22 დეკემბერს იმგზავრა მისი ტაქსით.
2018 წლის 26 დეკემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, გ-------------------ა წარდგენილი სამი პიროვნებიდან სიმაღლით, სახის ფორმით, თვალის ფერით, წარბების მოხაზულობით, შუბლით, ტუჩების მოხაზულობით და საერთო იერით ამოიცნო ლ------------–---–ი, პირი რომელმაც მოახდინა მისი დაყაჩაღება.
2018 წლის 26 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ი-----–--–---მ სახის ფორმით, წარბების და თმის ფორმით, თვალის ფერით და სახის საერთო იერით ამოიცნო ზ-----------–-----ი, რომელმაც 2018 წლის 22 დეკემბერს, ლ------------–---–თან ერთად იმგზავრა მისი მანქანით ჯავახიშვილის ქუჩიდან, დაბა შინდისამდე.
2018 წლის 26 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, გ-------------------ა სახის ფორმით, თვალის ფერით, წარბების ფორმით და სახის საერთო იერით ამოიცნო ზ-----------–-----ი, რომელსაც 2018 წლის 22 დეკემბერს, ბენზინგასამართ სადგურ „ფ------ში“ ყაჩაღური თავდასხმის დროს სახეზე ეკეთა ნიღაბი და ხელში ეჭირა ავტომატი.
2018 წლის 26 დეკემბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ-------–--–-----------–---–-------------ში, შსს ძველი თბილისის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ზ-----------–-----ს, რის შედეგად მას შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა ვერცხლისფერი გასაშლელი დანა, წარწერით „Police“.
2018 წლის 31 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე ივანე ცინცაძის ჩვენების შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მოწმემ თანმიმდევრულად უჩვენა 2018 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ი---------–---–-- ქუჩაზე ლ------------–---–ის და თანმხლები პირის მასთან ტაქსში ჩასხდომის ადგილი, შემდეგ გზა, რომელიც გაიარა მათთან ერთად და დაბა შინდისში გაჩერების ადგილი. ადგილი, სადაც დაახლოებით 20 წუთს დაელოდა მგზავრებს და ადგილი სადაც ჩამოსვა ლ------------–---–ი თანმხლებ პირთან ერთად.
2018 წლის 31 დეკემბრის ცივი იარაღის ექსპერტიზის №2----ცი დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მოქ. ზ-----------–-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული და ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
2018 წლის 31 დეკემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის N2---/ბ დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებით ამოღებული ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული „A----- Y“ მოდელის 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი. მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, როგორც ცალმაგად, ასევე ავტომატურ რეჟიმში; ამოღბული პისტოლეტი არის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში „პმ“. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 5 ცალი ობიექტი მიეკუთვნება 9მმ კალიბრის ვაზნას, საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 44 ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 5,45 მმ კალიბრის ვაზნა, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
2019 წლის 8 მაისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------8 დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ქ. თბილისში, დაბა შინდისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ფ------ში“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორების, მენეჯერის და სათავსო ოთახებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების ლ------------–---–ისგან და ზ-----------–-----ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განაჩენით, ზ-----------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 6 (ექვსი) წელი ჩაეთვალა პირობით, 6 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით, ზ-----------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ზ-----------–-----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზ-----------–-----ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
აქვე პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1------ გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია შემდეგი: ,,მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის, ისევე როგორც მართლმსაჯულების განხორციელებისას, ზოგადად, სახელმწიფო შებოჭილი უნდა იყოს მკაფიოდ ფორმულირებული საკანონმდებლო ნორმებით, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს თვითნებობის ან შეცდომის დაშვების საფრთხეს. სახელმწიფოს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც დანაშაულთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების გამოძიებისკენ არის მიმართული, არ უნდა იქნეს ბოროტად გამოყენებული. გონივრულმა, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრულმა საკანონმდებლო ნორმებმა უნდა დააბალანსოს ბუნებრივი უპირატესობა, რომელიც შეიძლება ბრალდების მხარეს დაცვის მხარესთან შედარებით გააჩნდეს და შესაძლებლობა მისცეს ბრალდებულს, სრულყოფილად დაიცვას საკუთარი ინტერესები, რაც, თავის მხრივ, მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება. ასეთია კანონის უზენაესობის პატივისცემისა და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების მოთხოვნა. თვითნებობისა და შეცდომის თავიდან აცილება ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს, ხელს უწყობს დანაშაულის სათანადოდ გამოძიებას, რეალური დამნაშავის გამოვლენას და შემდგომ მის მსჯავრდებას“.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ გ---------------ის და მოწმე ივანე ცინცაძის ჩვენებეზე, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას გამორიცხეს ბრალდებულ ზ-----------–-----ის მონაწილეობა განსახილველ დანაშაულებრივ ქმედებაში. გ---------------მა დაადასტურა, რომ იგი ბავშვობიდან იცნობს ზ-----------–-----ს, რომელიც არ ყოფილა 2018 წლის 22 დეკემბერს მის სამუშაო ადგილზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირი. ასევე, მოწმე ი-----–--–---მ კატეგორიულად განაცხადა, რომ ზ-----------–-----ი ხსენებულ დღეს მის ავტომანქანაში არ მჯდარა ლ------------–---–თან ერთად. ორივე მათგანის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციით ეჭვის ქვეშ იქნა დაყენებული მათი მონაწილეობით ჩატრებული ზ-----------–-----ის ამოცნობის ოქმების სისწორეც, რომელთა შინაარსის ხელმოწერებით დადასტურება მათი მხრიდან სათანადოდ ვერ იქნა ახსნილი სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. თუმცა ის ფაქტი, რომ მოწმეების გ---------------ის და ივანე ცინცაძის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოძიების ეტაპზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გადმოცემულ ინფორმაციას, სააპელაციო პალატის შეფასებით, ბადებს არაერთ ეჭვს, რაც მნიშვნელოვნად უკარგავს დამაჯერებელობა და სანდოობას მოწმეთა ჩვენებებს. ამდენად, სასამართლო აფასებს რა დაზარალებულ გ---------------ის და მოწმე ივანე ცინცაძის ჩვენებებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ მათ მიერ სასამართლო სხდომაზე მოწოდებული ინფორმაცია და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით დადგენილი გარემოებები არ უნდა იქნეს გაზიარებული და შეფასებული, როგორც ზ-----------–-----ის დამნაშავეობის ან უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
რაც შეეხება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ზ-----------–-----ის თანაბრალდებული პირის - ლ------------–---–ის ჩვენებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თანაბრალდებულების მიერ მიცემული ჩვენებები უფრო სიღრმისეულად უნდა იქნეს შესწავლილი და შეფასებული, რადგანაც ის მდგომარეობა, რომელშიც თანამზრახველები (თანაბრალდებულები) აღმოჩნდებიან ჩვენების მიცემისას, განსხვავდება ჩვეულებრივი მოწმეების მდგომარეობისგან (Romanov v. Russia, § 102). მსგავს შემთხვევებში სასამართლოს მიერ გათვალისწინებული უნდა იქნას მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც რელევანტური იყო ჩვენებების სანდოობის შეფასებისას. მათ შორის სასამართლომ ყურადრება უნდა გაამახვილოს თანაბრალდებულის მოტივზე, რის გამოც იგი აძლევს მამხილებელ ჩვენებას, ამასთან გასათვალისწინებელია მისი დაკითხვის დრო, ვითარება, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის სპონტანური ხასიათი და მის მიმართ ჩვენების მიცემის მიზნით რაიმე იძულების არარსებობა.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებული ლ------------–---–ი სრულად დაეთანხმა მისთვის წარდგენილი ბრალდების ფორმულირებას და აღიარა, რომ 2018 წლის 22 დეკემბერს, სწორედ ზ-----------–-------ან ერთად დაესხა თავს ქ. თბილისში, დაბა შინდისში, კოჯრის გზატკეცილზე მდებარე შპს „ფ------ს“ ავტოგასამართ სადგურს. ორივე მათგანი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები და გ---------------ისგან სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ ფულად თანხას 411 ლარის ოდენობით. ასევე, ლ------------–---–მა სამართალდამცავებს აჩვენა ის ადგილი, სადაც დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ შენახული ჰქონდათ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები. სააპელაციო პალატა, რათქმაუნდა, ლ------------–---–ის დისკრედიტაციას ვერ მოახდენს მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებით, რომ მასა და ბრალდების მხარეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და აღიარების სანაცვლოდ, მის მიმართ გამოყენებული იქნა გარკვეული შეღავათები. თუმცა კანონის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში კი ზ-----------–-----ის ბრალეულობის დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ბრალდებულ ლ------------–---–ის ჩვენება, რომლის გასამყარებლადაც, ამ უკანასკნელის საპროცესო სტატუსიდან გამომდიანრე, საჭირო იყო სხვა, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების მოწოდება, რაც ვერ იქნა უზრუნველყოფილი ბრალდების მხარის მიერ.
პროკურორი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ კიდევ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რაც ლ------------–---–ის ჩვენებასთან ერთობლიობაში ადასტურებს დანაშაულებრივ ქმედებაში ზ-----------–-----ის მონაწილეობას, არის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. თუმცა მოცემულ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ შპს „ფ------“, სადაც განხორციელდა თავდასხმა, არის ავტოგასამართი სადგური, სადაც დღის განმავლობაში ხდება არაერთი კლიენტის მომსახურება. მსგავსი ტიპის დაწესებულებიდან პირის სუნის ნიმუშის ამოღება კი ვერ იქნება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის უპირობო საფუძველი. ანალოგიურ მსჯელობას ავითარებს საქართველოს უზენაესი სასამართლო 2017 წლის 20 მარტის N5------- გადაწყვეტილებაში, სადაც მიუთითა, რომ ბრალდებულის მიერ აფთიაქით სარგებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა და აფთიაქიდან აღებულ სუნის ნიმუშებზე ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საკასაციო პალტამ მიიჩნია, რომ საჭირო იყო სხვა მტკიცებულება, რომელიც პირდაპირი სახით დაადასტურებდა კონკრეტულ დღეს, მოწმეთა ჩვენებებით მითითებული დროის პერიოდში, ბრალდებულის აფთიაქში ყოფნის ფაქტს. ამასთან, ზ-----------–-----ის შემთხვევაში, მტკიცებულებების საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე გამოკვლევისას წარმოიშვა ვერსია, რომ დაზარალებული გ---------------ი და ბრალდებული ზ-----------–-----ი არიან ბავშვობობის ნაცნობები და ხვდებოდნენხოლმე ერთმანეთს. ამდენად, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკციებულებებით ნათლად არ გამოვლინდა შპს „ფ------ში“ ზ-----------–-----ის სუნის ნიმუშის აღმოჩენის მიზეზები, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგი ვერ გახდება იმ გარემოების უტუარად დადგენის საფუძველი, რომ ეს უნაკანსკნელი სწორედ 2018 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე იმყოფებოდა აღნიშნულ ავტოგასამართ სადგურზე, რა დროსაც უკანონოდ ატარებდა, ასევე უკანონოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს და ყაჩაღური თავდასხმის გზით დაეუფლა ფულად თანხას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლები ინფორმაციას იძლევიან მხოლოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე, ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე პირები, მათთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და მათი ჩვენებები ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისათვის. რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ ვიდეომასალას, აღნიშნული მტკიცებულება ირიბადაც კი ვერ ადასტურებს, რომ გ---------------ზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა ზ-----------–-----მა. ნივთიერი მტკიცებულების გასხნისა და დათვალიერების ოქმების თანახმად, აშკარაა, რომ შეუძლებელია იმ ორი პირის იდენტიფიცირება, რომლებიც შემთხვევის დროს შევიდნენ შპს „ფ------ს“ შენობაში, რამდენიმე წუთში კი გამოვიდნენ უკან და სირბილით დატოვეს მიმდებარე ტერიტორია.
ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, მათივე მონაწილეობით გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ზ-----------–-----ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს და განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს.
ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არაერთი საეჭვო და ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოება, ბრალდების მხარემ კი მოპოვებული და სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით, ვერ უზრუნველყო აღნიშნული ეჭვების გაბათილება და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სასამართლოს დარწმუნება, რომ ზ-----------–-----მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ასევე, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სადგომში უკანონოდ შეღწევით, არაერთგზის.
რაც შეეხება ზ-----------–-----ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღნიშნული დადასტურებულია საქმეზე გამოკველული და გამოკვლევის გარეშე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, ზ-----------–-----ის პირადი ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 31 დეკემბრის ცივი იარაღის ექსპერტიზის №2----ცი დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის და 2018 წლის 30 მარტის განაჩენებით, ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და მოცემული კვალიფიკაცია დაცვის მხარის მიერაც არ გამხდარა სადაო. ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ისინი არიან ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ ზ-----------–-----ის მიერ ჩადენილი იქნა ცივი იარაღის ტარება, განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯვრდებულ ზ-----------–-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე. მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს პალატა ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირად და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მსჯავრდებულ ზ-----------–-----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას პალატა ნაწილობრივ იზიარებს დაცვის ხმარის არგუმენტაციას მის მიმართ არსებულ შემამსუბუქებელ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მოცემულ შემთხვევაში ზ-----------–-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ინდივიდუალური მახასიათებლების და მის მიერ ახალი დანაშაულებრივი ქმედების პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩადენის გათვალისწინებით პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია ზ-----------–-----ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულის სასჯელის ჯარიმით შეცვლა. ასევე, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისთვის, მისი წარსულის გათვალისწინებით, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ-----------–-----ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს. თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ზ-----------–-----ის მიმართ დანიშნულია სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ამასთან, შეძლებს დააფიქროს ზ-----------–-----ი, რომ უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი და გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ზ-----------–-----ის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენი;
ზ-----------–-----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ-----------–-----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ-----------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ზ-----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზ-----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, ზ-----------–-----ის და ლ------------–---–ის სუნის ნიმუშები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები და ზ-----------–-----ისგან აღებული ხელის კვლები, ლაზერულ დისკთან ერთად, დალუქული ერთ პაკეტად (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), ლ------------–---–ისგან ელექტრონული სკანერით აღებული ხელის კვალის ნიმუში (ინახება ელექტრონულ ბაზაში) განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, ადგილმდებარეობის ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, ლ------------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, ი-----–--–---სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
- მაკაროვის კონსტრუქციის, უნომრო პისტოლეტი, 1 (ერთი) ცალი მჭიდით, დალუქული ერთ პაკეტად (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში) გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს;
- №5----- ავტომატი, 2 (ორი) ცალი მჭიდით, 30 (ოცდაათი) ცალი 5,45 მმ კალიბრის ვაზნა და 3 (სამი) ცალი 9მმ კალიბრის ვაზნა, დალუქულ ერთ პაკეტად (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში) გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს;
- სპორტული ჩანთა, პოლიეთილენის პარკი დალუქული ერთ პაკეტად (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში) განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ექსპერტის მიერ გამოყენებული ერთი წყვილი ხელთათმანი, დალუქული ერთ პაკეტად (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში) განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ზ-----------–-----ისგან პირადი ჩხრეკით ამოღებული ცივი იარაღი - კერძოდ დანა, დალუქული სახით (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში) განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- ლ------------–---–ის, ზ-----------–-----ის ნერწყვის ნიმუში და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, დალუქული ცალ-ცალკე პაკეტებში, 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე იარაღებიდან აღებული ნიმუშები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- სს „თიბისი ბანკიდან“ და სს „ტ------------ნ“ გამოთხოვილი ინფორმაცია 3-3 ცალ ლაზერულ დისკზე, ლომბარდ „გოლდ კრედიტიდან“, მაღაზია „თბილისურიდან“, შპს „ფ------დან“, ქ-------–----–-----------------------------------–--------–---------დან გამოთხოვილი ინფორმაცია 5 ცალ ლაზერულ დისკზე დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
- „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქულ მდგომარეობაში და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი დალუქულ მდგომარეობაში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი
ბ. ბუგიანიშვილი