განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210018002657413
საქმე №2ბ/205-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი
საჩივრის ავტორი - სს „თ--–--ი“ (მოწინააღმდეგე მხარე, მოსარჩელე)
წარმომადგენლები - კ---------------–---–ი, ვ-–---------------–--ლი
მოწინააღმდეგე მხარე - დ-------–---------ი (აპელანტი, მოპასუხე)
წარმომადგენელი - მ--------------ა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
დავის საგანი საჩივარში - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
1. საჩივრის ავტორის მოთხოვნა
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სს „თ--–--ის“ მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო. დ-------–---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „თ--–--ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „თ--–--ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხე დ-------–---------ს დაეკისრა 2551,15 ლარი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა დ-------–---------მა, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.01.2019 წ. განჩინებით დ-------–---------ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 11 აპრილს 16:00 საათზე.
11.04.2019 წ. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი დ-------–---------ი და მისი წარმომადგენელი მ--------------ა, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის, სს „თ--–--ის“ წარმომადგენელი. აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სასამართლოს განმარტებით, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი, მაგრამ არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში:
- აპელანტი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე;
- არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით;
- სააპელაციო საჩივარსა და აპელანტის ახსნა-განმარტებაში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს აპელანტის მოთხოვნას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სარჩელში მითითებულ მისამართზე (ტ. I, ს.ფ. 2) გაეგზავნა უწყება, განჩინება და სააპელაციო საჩივარი. უკუგზავნილით დასტურდებოდა, რომ სს „თ--–--ის“ სახელზე გაგზავნილი გზავნილი 25.01.2019წ. ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მ---------–---მ პ/ნ 0----------. (ტ. II, ს.ფ. 10).
აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს 2019 წლის 11 აპრილის 16:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გამოუცხადებელ მხარეს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარის (სააპელაციო მოპასუხის) გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროა კიდევ ერთი პირობის არსებობა, კერძოდ, აპელანტის (მოპასუხის) მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე და 230-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, აპელანტის მოწინაღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, პალატამ დადგენილად მიიჩნია აპელანტის სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 1---------წ. გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება დაიდო იძულებით;
- სს „თ--–--ის“ მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს არა მოპასუხე დ-------–---------ის დავალიანებას, არამედ მშენებლის - შპს „ბ-------ის“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს;
- სს „თ--–--ის“ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო საჩივარსა და აპელანტის ახსნა–განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, ჩაითვალა დამტკიცებულად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. საჩივრის საფუძვლები
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, იმავე დღეს, 2019 წლის 11 აპრილს 15:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლე ლ--–---------–---სთან, N---ე დარბაზში დანიშნული იყო სასამართლო სხდომა, სადაც ვ-–---------------–--ლი ასევე წარმოადგენდა სს ,,თ--–--ს’’. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქალაქო სასამართლოდან - სააპელაციო სასამართლოს მიმართულებით გადატვირთული იყო მოძრაობა, წარმომადგენელმა ვერ მოახერხა დათქმულ დროს სააპელაციო სასამართლოში პროცესზე გამოცხადება.
საჩივრის ავტორი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დასაბუთებული არ არის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირ განხილვაზე, რომელიც დანიშნული იყო 2019 წლის 11 აპრილს, 16:00 საათზე, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის, სს ,,თ--–--ის’’ წარმომადგენელი.
დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ-------–---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „თ--–--ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სსკ-ის 233.1 მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.
იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის ბოლო წინადადების ამავე კოდექსის 215.3 მუხლთან შეჯერების შედეგად, პალატა განმარტავს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 1. საპატიო მიზეზად შეუძლია მიუთითოს ,,სხვა გარემოებებზეც’’, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და 2. რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზანშეწონილობაზე, ეს ორი წინაპირობა კუმულაციურად უნდა არსებობდეს.
უდავოა, რომ საჩივრის ავტორი არ მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 233.1 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების რომელიმე საფუძველზე. საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, კერძოდ, იმავე დღეს, 2019 წლის 11 აპრილს 15:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლე ლ--–---------–---სთან, N---ე დარბაზში, ასევე ჰქონდა სასამართლო სხდომა, სადაც ვ-–---------------–--ლი წარმოადგენდა სს ,,თ--–--ს’’. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქალაქო სასამართლოდან - სააპელაციო სასამართლოს მიმართულებით გადატვირთული იყო მოძრაობა, წარმომადგენელმა ვერ მოახერხა დათქმულ დროს სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე გამოცხადება.
როგორც აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მომჩივანს (საქართველოს სსკ-ის 102-ე და 103.1 მუხლები).
მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეს (საჩივრის ავტორს) სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს: 1. სასამართლო უწყება, რომლითაც დასტურდება, რომ სს ,,თ--–--ი’’ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მოსამართლე ლ--–---------–---) მიწვეული იყო მხარედ 2019 წლის 11 აპრილს 15:30 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე (ტომი 2; ს.ფ. 88); 2. 11.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მოსამართლე ლ--–---------–---) გამართულ სასამართლო სხდომაზე სს ,,თ--–--ს’’ წარმოადგენდა ვ-–---------------–--ლი. სხდომის ოქმის თანახმად, სხდომა დაიწყო 15:30 საათზე და დასრულდა 15:35 საათზე (ტომი 1; ს.ფ. 89-90).
ზემოაღნიშულ გარემოებებს სააპელაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო 16:00 საათზე, შესაბამისად, 15:35 საათიდან - 16:00 საათამდე, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს საკმარისი დრო (25 წუთი) ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებისათვის, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით.
ამასთან, საჩივარში მითითებული გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმართულებით მოძრაობა შეფერხებული იყო, არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით. ასევე, პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნულ პრობლემას (საცობი), მისი არსებობის შემთხვევაშიც კი, ხელი არ უნდა შეეშალა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლისთვის, ტელეფონით დაკავშირებოდა სასამართლოს და ეცნობებინა სასამართლო სხდომაზე დაგვიანების ან გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, რაც მას არ განუხორციელებია. საჩივრის ავტორი ასევე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი, თუნდაც, დაგვიანებით გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში.
ასევე, პალატა ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარე სს ,,თ--–--ი’’ არის რა იურიდიული პირი, გარდა იმისა რომ ჰყავს არაერთი იურისტი, შეზღუდული არ არის, სასამართლოში წამომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვოს თავისი სხვა თანამშრომელიც. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, სს „თ--–--ს“ შეეძლო გამოეჩინა წინდახედულობა და სააპელაციო სასამართლოში მოცემულ საქმეში მონაწილეობის მისაღებად მოევლინა სხვა თანამშრომელი, რაც მას არ განუხორციელებია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ხოლო, მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარსა და ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (1. 1---------წ. გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება დაიდო იძულებით; 2. სს „თ--–--ის“ მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს არა მოპასუხე დ-------–---------ის დავალიანებას, არამედ მშენებლის - შპს „ბ-------ის“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს; 3. სს „თ--–--ის“ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია). ამასთან, ამავე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის ძალით დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას.
პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 664-635-2016, 02.03.2017 წ; პ.202).
რაც შეეხება აპელანტის მითითებას სარჩელის არსებით მხარესთან დაკავშირებით, (იხ. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები), პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ--–--ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. ეს განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისიწნებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გ. გიორგიშვილი