განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003135574
საქმე №1ბ/1875-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - რ--------------ის,მსჯავრდებულ - მ----------------ის,ადვოკატ - ლ-------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ----------------ის ადვოკატ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მ--------------------------------ის მიმართ - (პ/ნ 0----------) - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–------------------------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–--------------------------------------; - ამჟამად პატიმარი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით:
მ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ-----------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 26 ივნისიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
მ----------------მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 28 მაისს, ღამის საათებში, მ----------------ი იმყოფებოდა ქ--------–--–-------------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა გ--------------------------–------–-–--------–--------------”-ის მარკის ავტომანქანას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ----------------ის ადვოკატმა ლ-------------ემ. სააპელაციო საჩივრით აპელანტმა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, მ----------------ის მიმართ სასჯელის სახით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთიდან ერთი მესამედის პირობითად ჩათვლა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მ----------------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, აანაზღაურა ზიანი და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ----------------ის ადვოკატ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია მხარეებს არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში სადავოდ არ გაუხდიათ. მ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ მოწმეების: ზ---------–------------------------–--------–----------------------–--–---–-–---–---------------–-–---–-----–-–-------------------–---------–---------------------–---------------–-----–---------------ს გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმებს; ამოცნობის ოქმებს; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს; დათვალიერების ოქმებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებსაც საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
შესაბამისად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ----------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა იზიარებს საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, კერძოდ:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული მ----------------ი სრულად აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; უდავოდ გახადა მტკიცებულებები; არ არის ნასამართლევი; დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი. აღნიშნულის საფუძველზე პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მ----------------ის მიმართ გამოყენებული სასჯელის ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალოს პირობითად, რაც თანაზომიერი და პროპორციული იქნება მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, ვადიანი თავისუფლეის აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დარჩენილი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა. ამასთან, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს სრული საფუძველი იმისა, რომ მ----------------ს დანიშნული სასჯელი ნაწილობრივ ჩაეთვალოს პირობითად, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ----------------ის ადვოკატ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში;
მ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მ----------------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/3-ით და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით.
მ-----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 26 ივნისიდან.
ნივთმტკიცება:
კომპიუტერული დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით; მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე