განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2019
საქმის ნომერი
330100118002393563
ინსტანცია
თარიღი
13.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002393563, №1/ბ-1768-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ნადეჟდა მარანელი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ც-------–---–----

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ა------- ი--------ე კ-–--–---–ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------------------;

 

ადვოკატი - გ---------------ე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სასჯელი:

 

ჯარიმა 2200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შეუმსუბუქდა და განესაზღვრა 2000 (ორი ათასი) ლარი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ა------- კ-–--–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა მის მიერ ჩადენილი ქმედების არათანაზომიერი - მსუბუქი სასჯელი, რითაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ა------- კ-–--–---–ის პიროვნების შეფასების ასპექტში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი ამოწურული არ არის და ა------- კ-–--–---–ი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ა------- კ-–--–---–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლომ შეაფასა არასწორად, შესაბამისად განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი;

▪ არცერთმა მოწმემ არ დაადასტურა ა------- კ-–--–---–ის მიერ ს------- ღ--------–-–---–ის მიმართ მუქარის ფაქტი და მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ შემოესმათ ყვირილი სიტყვებით ,,გამიღე კარი“, რაც არანაირ დანაშაულებრივ ქმედებას არ წარმოადგენს;

▪ დაზარალებულმა სასამართლოში განაცხადა (გამოკითხვის ოქმშიც იგივეს უთითებს), რომ ა------- კ-–--–---–ის მიერ განხორციელებული მუქარის დროს მეზობლები გარეთ იმყოფებოდნენ და აღნიშნულს ესწრებოდნენ, თუმცა სასამართლოში დაკითხული მეზობელი ამბობს, რომ მსჯავრდებულის მხრიდან არათუ მუქარის ფაქტს არ ჰქონია ადგილი, არამედ შეურაცხყოფაც არ მიუყენებია, რაზეც სასამართლო არაფერს ამბობს და მიუთითებს, რომ მეზობლები კონფლიქტის დაწყებას არ შესწრებიან, რაც დაუსაბუთებელი და არასწორია;

▪ მოწმე ნ-----–- მ------–---–ი აცხადებს, რომ ს------- ღ--------–-–---–ი იქით ემუქრებოდა ა-------ს ციხეში ჩალპობით და მაქსიმალურად ცდილობდა ა-------ის მდგომარეობიდან გამოყვანას და ამ ყველაფერს ვიდეოთი იღებდა, აღნიშნულს ესწრებოდნენ სხვა მოწმეებიც;

▪ საპატრულო ეკიპაჟის წევრების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ა------- კ-–--–---–ი იყო სრულიად გაწონასწორებულ და მშვიდ მდგომარეობაში, იმყოფებოდა ეზოში, ხოლო დაზარალებული იმყოფებოდა სახლში ბავშვთან ერთად;

▪ დაზარალებულის ჩვენებაში არის მთელი რიგი წინააღმდეგობა სხვა პირდაპირ მოწმეების ჩვენებებთან, რაც შეეხება ლ---- კ-–--–---–ის ჩვენებას, იგი სულ სხვა შემთხვევაზე საუბრობს, რა დროსაც შემაკავებელი ორდერი იქნა გამოწერილი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით, ა------- კ-–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია:

 

2018 წლის 13 მარტს, ღამის საათებში, ქ------–--–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ა------- კ-–--–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ძმის ყოფილ მეუღლეს - ს------- ღ--------–-–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ა------- კ-–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 13 მარტიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით) შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ს------- ღ--------–-–---–მა განმარტა, რომ 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ---- კ-–--–---–თან, რომელსაც დაშორდა 2017 წელს, ხოლო ამ უკანასკნელის სახლიდან წასვლის შემდეგ სახლი გაიფორმა მისმა მაზლმა - ა------- კ-–--–---–მა, რომელიც მის მიმართ გახდა აგრესიული და ითხოვდა შვილებთან ერთად წასულიყო სახლიდან. ერთხელ, როდესაც დედამისი იყო მასთან სტუმრად, ა------- კ-–--–---–მა შეამტვრია კარები ფეხით, დაამტვრია მაგიდა, სკამი, ტელევიზორი და შუშები, რის გამოც ძალიან შეეშინდა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რასაც მოჰყვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა. 2018 წლის 13 მარტს, შვილების სანახავად მისული ლ---- კ-–--–---–ის წასვლიდან ხუთ წუთში გაიგონა ეზოში შესასვლელ რკინის კარზე ბრახუნის, ყვირილის, ღრიალის და ლანძღვის ხმა „გააღე კარები შენიო...“. გადაიხედა და დაინახა, რომ ა------- კ-–--–---–ი აბრახუნებდა კარზე და მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემაკავებელი ორდერის გამო დაზარალებული ერიდებოდა ბრალდებულთან კომუნიკაციას, რის გამოც შვილს - ლ---- კ-–--–---–ს სთხოვა ჩასვლა კარის გასაღებად, მაგრამ ლ----ს ბიძამისის შეეშინდა და დაიწყო ტირილი. მან კვლავ გადაიხედა და ა------- კ-–--–---–ს ჰკითხა ჰქონდა თუ არა გასაღები, რაზეც ამ უკანასკნელმა კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა - „გასაღები კი არა, ჩამოეთრიე შე ნაგავოო, კარები გააღე შე შემოსახლებულო, თორემ ყელს გამოგჭრიო.“ აღნიშნულზე უპასუხა, რომ პატრულში დარეკავდა, რაზეც ა------- კ-–--–---–მა ამოსძახა - „სანამ შენ დარეკავ, მე დავრეკავ და თუ დამიჭერენ ხომ იცი ექვსი თვის სიცოცხლე დაგრჩა და რომ გამოვალ შევასრულებ მუქარას და ყელს გამოგჭრიო“, აღნიშნული აღიქვა რეალურად, რაზეც ძალიან შეეშინდა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. დაზარალებულის განმარტებით, იმ მომენტში ბრალდებული იყო სრულიად არაადეკვატური, მთელი ძალით ღრიალებდა, ანგრევდა კარებს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რის გამოც თავს დაცულად არ გრძნობდა და წინა აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე დარწმუნებული იყო, რომ ა------- კ-–--–---–ი მუქარას შეასრულებდა. მას დღემდე ეშინია ბრალდებულის ისე, რომ ფანჯარას ვერ ტოვებს ღიას, ხოლო როდესაც დასაძინებლად წვება, დანას იდებს თავთან, რომ ბრალდებულის მისვლის შემთხვევაში თავის დაცვა შეძლოს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას არასრულწლოვანმა მოწმე ლ---- კ-–--–---–მა განმარტა, რომ ს------- ღ--------–-–---–ი არის მისი დედა, ლ---- კ-–--–---–ი არის მისი მამა, ხოლო ა------- კ-–--–---–ი - ბიძა. დედასა და ბიძას ჰქონდათ კამათი შარშან, ა-------ი ეუბნებოდა დედას ,,კარები გამიღე, ყელს გამოგჭრიო.“ დედა არ უღებდა კარებს, მერე თვითონ გააღო კარები, შემოვიდა და ტელევიზორი, შუშა და მაგიდის ფეხი გატეხა. კარების გაღებაზე იყო გაბრაზებული და დედას ეუბნებოდა ყელს გამოგჭრიო. დედამ თქვა, რომ პოლიციას გამოუძახებდა. მერე მოვიდა პოლიციაც, სახლში ამ დროს იყვნენ დედა და ძმაც, ხოლო მეზობლები იყვნენ გარეთ. მისივე განმარტებით, როდესაც დედამ უთხრა გაეღო კარები ა-------ი ბიძიასთვის, ის არ წავიდა, რადგანაც შეეშინდა.

 

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ნ----–- ღ--------–-–---–მა განმარტა, რომ მისი შვილი ს------- ღ--------–-–---–ი და ლ---- კ-–--–---–ი რეგისტირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, მაგრამ შემდეგ დაშორდნენ. ერთხელ, როდესაც სტუმრად იმყოფებოდა ს------- ღ--------–-–---–თან, ა------- კ-–--–---–მა კარებს ფეხი მიარტყა, ჩაამტვრია და შეუვარდა სახლში, დაამტვრია ტელევიზორი და კარის მინა, იყო ძალიან აგრესიული და ითხოვდა მისი შვილის და შვილიშვილების სახლიდან წასვლას. საპატრულო პოლიციის გამოძახების შედეგად გამოიცა შემაკავებელი ორდერი და რადგან მათი მარტო დატოვების ეშინოდა, რამდენიმე კვირა ცხოვრობდა შვილთან და შვილიშვილებთან ერთად. ა-------ი დადიოდა ეზოში, იგინებოდა და ილანძღებოდა მისი შვილის მისამართით. შემდეგ დაბრუნდა თავის საცხოვრებელ სახლში, მაგრამ შეშინებული ხშირად უკავშირდებოდა შვილს. ერთ-ერთი დაკავშირების დროს, ს-------მ უთხრა, რომ საპატრულო პოლიცია ჰყავდა გამოძახებული, რადგან ა-------ი იყო ძალიან აგრესიული, ითხოვდა კარების გაღებას და ემუქრებოდა ყელის გამოჭრით, შიშს კი უმყარებდა ის გარემოებაც, რომ ა-------მა უკვე სცადა მის შვილზე ხელით შეხება, რა დროსაც მან შეუშალა ხელი.

 

მოწმე ნ-----–- ი--–---–ის ჩვენებით,საღამოს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა ყვირილის ხმა, თავდაპირველად არ მიუქცევია ყურადღება, რადგანაც ეგონა, რომ ბავშვები ყვიროდნენ, მაგრამ შემდეგ ა------- კ-–--–---–ის ხმა იცნო და გავიდა გარეთ. ა------- კ-–--–---–ი იდგა ქუჩაში მეზობლის მანქანაზე მიყრდნობილი და ეძახდა ს------- ღ--------–-–---–ს გაეღო კარი, ს------- კი ეუბნებოდა, რომ არ გაუღებდა. მან ს------- ღ--------–-–---–ს შესთავაზა კარის გაღება, რაზეც განუმარტა, რომ ბრალდებული ემუქრებოდა და კარებს ვერ გააღებდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა: რ----------–--–----ის, მ----–--–----ის და ნ-----–- მ------–---–ის ჩვენებების თანახმად, მათ გაიგონეს კარებზე ბრახუნის და ა------- კ-–--–---–ის ხმა - „კარები გამიღეო“, მაგრამ კონფლიქტის დასაწყისს არ შესწრებიან.

 

მოწმე თ------------–-----ის ჩვენებით, არის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მეოთხე სახაზო საპატრულო სამმართველოს, ნაძალადევის პირველი ოცეულის პატრულ ინსპექტორი. შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 21:00 საათის შემდეგ მიიღო ს------- ღ--------–-–---–ის შეტყობინება, რომ ნ----------------------ში ყოფილი მაზლი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შეტყობინების შესვლიდან მისამართზე მისვლამდე მიიღეს ა------- კ-–--–---–ის შეტყობინებაც, რომ მდგმური არ უღებდა სახლის კარს. მისამართზე გამოცხადებისას დაზარალებული დახვდათ აღელვებული და განერვიულებული. ხოლო ა------- კ-–--–---–ის განმარტებით, დაზარალებულს აგინებდა და ემუქრებოდა - ყელის გამოჭრით. მის მიერ მოხდა ბრალდებულის დაკავება და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკაც.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მეოთხე სახაზო საპატრულო სამმართველოს, ნაძალადევის პირველი ოცეულის პატრულ ინსპექტორმა მ-----------ემ.

 

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე დავით მეტონიძემ განმარტა, რომ მის მიერ საპროცესო წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მონაწილეობით, გამოკითხული იქნა ლ---- კ-–--–---–ი.

 

მოწმე ლ-–--------ს ჩვენებით, მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება, დაიკითხა მოწმეები, მოიძია ბრალდებულის შესახებ ინფორმაცია და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები.

 

ა------- კ-–--–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ყოფილ რძალთან ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, რადგან ეს უკანასკნელი უსაფუძვლოდ ითხოვდა სახლის გადაფორმებას. შემთხვევის დღეს კარის დაკეტვის გამო აბრახუნებდა ჭიშკარზე, თუმცა რძალი კარს არ უღებდა და პირიქით, ცდილობდა მისი მდგომარეობიდან გამოყვანას.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ა------- კ-–--–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;

 

კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. 33-ე მუხლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2018 წლის 13 მარტს ა------- კ-–--–---–ს კონფლიქტი მოუვიდა ყოფილ რძალთან - ს------- ღ--------–-–---–თან, თუმცა მსჯავრდებული უარყოფს მუქარის ფაქტს.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როცა პირი ადამიანს ემუქრება ძალადობრივი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ ადრესატს უჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, ვინაიდან აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში). ამასთან, შიში უნდა იყოს საფუძვლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, ა------- კ-–--–---–ს 2018 წლის 22 იანვრამდე აეკრძალა ს------- ღ--------–-–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც იმყოფებოდა მსხვერპლი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, ს------- ღ--------–-–---–ის დაცვის მიზნით ა------- კ-–--–---–ის მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი 6 თვის ვადით. ა------- კ-–--–---–ს აეკრძალა ს------- ღ--------–-–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც იმყოფებოდა მსხვერპლი. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით.

 

ზემოაღნიშნული დამცავი ორდერის პირობების დარღვევის ფაქტზე 2018 წლის 11 თებერვალს ა------- კ-–--–---–ის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 თებერვლის დადგენილებით, ა------- კ-–--–---–ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

 

ა------- კ-–--–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ს------- ღ--------–-–---–ი და მისი ოჯახის წევრები ცდილობდნენ მისი მდგომარეობიდან გამოყვანას, რის გამოც იყო ორი შემთხვევა, როდესაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინა, ამ გარემოებიდან გამომდინარე ადგილი ჰქონდა ნივთების დაზიანების ფაქტსაც. დაზარალებულის, მოწმე ნ----–- ღ--------–-–---–ის ჩვენებების, სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ არ წარმოადგენს უსაფუძვლოს ს------- ღ--------–-–---–ის განმარტება, რომლის თანახმად, მან მუქარის შედეგად განიცადა შიში.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს თბილისში, ნ----------------------ში ადგილი ჰქონდა ა------- კ-–--–---–ს და ს------- ღ--------–-–---–ს შორის კონფლიქტს, რის გამოც ორივე მხარის მხრიდან გამოძახებული იყო პოლიცია. ხმაურზე მითითებულ მისამართზე გასვლის ფაქტს ადასტურებენ მოწმეებიც. კარის ჩაკეტვის ფაქტს არ უარყოფს დაზარალებულიც, რომელმაც ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ ერიდებოდა ა-------თან კომუნიკაციას, რის გამოც შვილს - ლ----ს სთხოვა ჩასვლა კარის გასაღებად, მაგრამ ბავშვს ბიძამისის შეეშინდა და დაიწყო ტირილი. მან კითხა ა-------ს ჰქონდა თუ არა გასაღები, რაზეც ამ უკანასკნელმა კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა და დაემუქრა ყელის გამოჭრით.

 

დაცვის მხარე ადასტურებს კონფლიქტის არსებობას მსჯავრდებულსა და დაზარალებულ ს------- ღ--------–-–---–ს შორის და ა------- კ-–--–---–ის მხრიდან შეურაცხყოფის მიყენებას, თუმცა გამორიცხავს მუქარის განხორციელების ფაქტს, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს დაუსაბუთებლობის გამო.

 

დაზარალებულის ჩვენებით, შემთხვევის დღეს, როდესაც მსჯავრდებული ითხოვდა კარების გაღებას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მის შეკითხვაზე ჰქონდა თუ არა გასაღები, ა------- კ-–--–---–მა კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა და დაემუქრა ყელის გამოჭრით. დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მეზობლებს არ გაუგონიათ მუქარის ფაქტი. თუმცა, თავად დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ მეზობლები შეიკრიბნენ ხმაურზე, შესაბამისად, ცხადია, რომ ისინი ვერ შეესწრებოდნენ კონფლიქტის დასაწყისს და ამ არგუმენტზე დაყრდნობით უსაფუძვლოა უპირობოდ დაზარალებულის ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმა. ამასთან, მოწმე ნ-----–- ი--–---–ის ჩვენებით, როდესაც მან ს------- ღ--------–-–---–ს მოუწოდა კარის გაღებისკენ, დაზარალებულმა უპასუხა, რომ კარებს ვერ გააღებდა, რადგანაც მსჯავრდებული მას ემუქრებოდა. მოწმეთა მხრიდან გადმოცემული ფაქტები დაზარალებულის მხრიდან განხორციელებული პროვოცირების, ტელეფონით გადაღების თაობაზე, თითქოსდა დაზარალებული იყო დარიგებული და ა.შ., არ ადასტურებს ა------- კ-–--–---–ის უდანაშაულობას და მოწმეთა მისვლამდე მუქარის არარსებობის ფაქტს.

 

მეორე ძირითადი საფუძველი, რასაც უთითებს დაცვის მხარე, არის არასრულწლოვან ლ---- კ-–--–---–ის ჩვენება. დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ მოწმე უთითებს სულ სხვა შემთხვევაზე, რაზეც უკვე გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და არ უსაუბრია 2018 წლის 13 მარტის ეპიზოდზე.

 

ის გარემოება, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება დაედოს არასრულწლოვნის ჩვენებას, დასაწყისშივე წარმოადგენს უსაფუძვლო მსჯელობას. არასრულწლოვანი მოწმის ჩვენების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის ასაკს. ჩვენების მიცემისას ლ---- კ-–--–---–ი იყო მხოლოდ 9 წლის, რომელმაც ჩვენება მისცა 2019 წლის 15 ივლისს, შემთხვევიდან წელიწადის და 4 თვის გასვლის შემდეგ. ლ---- კ-–--–---–ი ბავშვია და შესაძლოა ყველაფერი ისე ვერ აღიქვას და გადმოსცეს, როგორც ზრდასრულმა ადამიანმა, რაც არ მიუთითებს მის არაგულწრფელ ხასიათზე.

 

პალატა არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანმა დაკითხვის დროს მიუთითა, რომ დედამისი ბიძამისს არ უღებდა კარს, ა-------მა კი თვითონ გააღო კარები, შემოვიდა, ტელევიზორი, შუშა და მაგიდის ფეხი გატეხა, რომ ა-------ი კარების გაღებაზე იყო გაბრაზებული და დედას ეუბნებოდა ყელს გამოგჭრიო. დედამ კი თქვა, რომ პოლიციას გამოუძახებდა. სახლში ამ დროს იყვნენ დედა და ძმაც, ხოლო მეზობლები იყვნენ გარეთ.

 

ტელევიზორის და სხვა საგნების დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მართალია, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს, რომ ლ---- კ-–--–---–მა ჩვენების მიცემისას სრულად ისაუბრა წინა ფაქტთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, არასრულწლოვანს არ გაუკეთებია არც ერთი შეუსაბამო განცხადება. როგორც ს------- ღ--------–-–---–მა განმარტა, ერიდებოდა ა------- კ-–--–---–თან კომუნიკაციას, რის გამოც შვილს - ლ---- კ-–--–---–ს სთხოვა ჩასვლა კარის გასაღებად, მაგრამ ლ----ს ბიძამისის შეეშინდა და დაიწყო ტირილი. აღნიშნული დადასტურებული აქვს თავად ლ---- კ-–--–---–საც, რომელმაც აღნიშნა, რომ დედასა და ბიძას ჰქონდათ კამათი შარშან, ა-------ი ეუბნებოდა დედას ,,კარები გამიღე, ყელს გამოგჭრიო.“ დედა არ უღებდა კარებს. როდესაც დედამ უთხრა, გაეღო კარები ა-------ი ბიძიასთვის, ის არ წავიდა, რადგანაც შეეშინდა. შესაბამისად, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს არასრულწლოვნის ლ---- კ-–--–---–ის ჩვენების გაუზიარებლობის თაობაზე. ასევე მოწმის ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველი არ არის ის, რომ არასრულწლოვანმა მოწმემ არ დაადასტურა ს------- ღ--------–-–---–ის ჩვენება ბალიშის ქვეშ დანის დადების თაობაზე.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის 13 მარტს, ღამის საათებში, ქ------–--–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ა------- კ-–--–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ძმის ყოფილ მეუღლეს - ს------- ღ--------–-–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, პალატას არ გააჩნია ეჭვის შეტანის საფუძველი დაზარალებულ ს------- ღ--------–-–---–ის ჩვენებაში, რადგან გამყარებულია შვილის ჩვენებით და საქმეში წარმოდგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად ამყარებს რწმენას ა------- კ-–--–---–ის მხრიდან მუქარის განხორციელების თაობაზე. რაც შეეხება დაზარალებულის მხრიდან ა------- კ-–--–---–ის მდგომარეობიდან გამოყვანას, ასეთის დადასტურების შემთხვევაც კი არ ათავისუფლებს ა------- კ-–--–---–ს პასუხისმგებლობისგან. აღსანიშნავია, რომ მოწმეები თავიდანვე არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, შესაბამისად, მათი მხრიდან დაფიქსირებული გარემოებები ვერ გახდება დაზარალებულის მხრიდან ცრუ ჩვენების მიცემის დადასტურების საფუძველი.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, N12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ დაცვის ძირითად არგუმენტებზე იმსჯელა თბილისის სააპელაციო პალატამ და მიიჩნია, რომ ა------- კ-–--–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო გარემოებები, რაზეც მიუთითა დაცვის მხარემ, არ არის საკმარისი მათი გაუზიარებლობისათვის.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

პალატა ასევე გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პალატა მიუთითებს სასჯელის მიზნებზე, რასაც წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 13 მარტის მდგომარეობით არსებული რედაქცია), რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი ა------- კ-–--–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს, სადაც სასამართლომ მიუთითა, რომ სასჯელის სამართლიანობა ფასდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ამასთან, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის დანიშვნა არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს დასაბუთებული აქვს ყველა ის ნიშანი, რომლის გათვალისწინებითაც მიიღო გადაწყვეტილება ჯარიმის გამოყენების თაობაზე. ა------- კ-–--–---–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, რაც შეეხება დაზარალებულთან კონფლიქტური ვითარების არსებობას, როგორც დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტა, სამოქალაქო დავის შედეგად, ისინი ერთ სახლში აღარ ცხოვრობენ, ხოლო ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არ აღიარებს დანაშაულს, არ წარმოადგენს დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველს. გასათვალისწინებელია დრო - 2018 წლის 13 მარტიდან გასულია ხანგრძლივი დრო და ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის დამამძიმებელი გარემოება, რაც საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა გახდებოდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანია, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ა------- კ-–--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი.

 

ა------- კ-–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 13 მარტიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით) დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, ა------- კ-–--–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა------- კ-–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე