განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020310018002617116
საქმე N3/ბ-298-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტები:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურა
2. ზუგდიდის რაიონული პროკურატურა
წარმომადგენელი – ნ--------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ--------------ა
წარმომადგენელი – თ--------------ა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით გ--------------ას სარჩელის უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2018 წლის 04 სექტემბერს გ--------------ამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს საქართველოს მთავარი პროკურატურის (უფლებამონაცვლე საქართველოს გენერალური პროკურატურა) და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის გ--------------ას უკანონოდ დაკავების, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენების გამო მორალური ზიანის 50 000 ლარის და მატერიალური ზიანის 14571,90 ლარის ოდენობით (მ/შ სამსახურიდან დათხოვნის გამო მიუღებელი ხელფასი - 7080 ლარი, ადვოკატის ჰონორარი - 5100 ლარი, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას ანგარიშზე ჩარიცხული - 1720 ლარი, ექსპერტიზის საფასური 671,90 ლარი) ანაზღაურება;
მოსარჩელის განმარტებით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2017 წლის 27 ნოემბერს, ბრალდებულ გ--------------ას მიმართ წარმოებული საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, განხილულ იქნა პროკურორ ნ---------------ის შუამდგომლობა წარდგენილ ბრალდებაზე პროკურორის მიერ უარის თქმის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ბრალდებულ გ--------------ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა გაუქმდა და გ--------------ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
გ--------------ა დაკავებულ იქნა 2017 წლის 16 მარტს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს მიერ და წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და მოთავსებულ იქნა ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში. გ--------------ას ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. გამოძიების დასრულების შემდეგ საქმე წარიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც საქმის განხილვა მიმდინარეობდა თითქმის 8 თვისა და 11 დღის განმავლობაში. სასამართლო განხილვის დასრულებამდე გ--------------ას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ გ--------------ას ყაჩაღობა არ ჰქონდა ჩადენილი, რის გამოც, ბრალდების მხარე იძულებული გახდა ბრალდებაზე ეთქვა უარი.
სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო გ--------------ას მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი, რამაც განაპირობა სასამართლოსადმი მიმართვის აუცილებლობა.
მოპასუხე – ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და 1005-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომელთა თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. რეაბილიტირებული პირისაათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
აღნიშნული ნორმების დანაწესებიდან გამომდინარე მოპასუხემ განმარტა, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ამასთან, სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში კი საქართველოს პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. გ--------------ას მიმართ აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე, მის მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამ მიზნით და კანონის შესაბამისად, მის მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტს - სასამართლოს განჩინებას. აღკვეთის ღონისძიების სახის შერჩევისას არსებობდა ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები მისი გამოყენებისათვის, რის გამოც აღნიშნული ღონისძიებები არ უნდა იქნეს მიჩნეული უკანონოდ.
მოპასუხემ განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს თუ პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 2017 წლის 27 ნოემბერს, ბრალდებულ გ--------------ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით გ--------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას (ზუგდიდის რაიონული პროკურატურა) გ--------------ას სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის - 13054,90 ლარის და მორალური ზიანის 7000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. 17.03.2017წ. გ--------------ას წარედგინა ბრალდება დანაშაულის ნიშნებით, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით;
2.1.2. გ--------------ა დააკავეს 16.03.2017 წელს;
2.1.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 19.03.2017წ. განჩინებით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა და ის შეასახლეს ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში. დაცვის მხარე შუამდგომლობდა გირაოს შეფარდებას, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა უარყოფილ იქნა;
2.1.4. მოცემულ საქმეზე სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებდა ზუგდიდის რაიონული პროკურატურა. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა 8 თვის და 11 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში დაცვის მხარემ ოთხჯერ მიმართა სასამართლოს შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი (5000 ლარის ოდენობით) შეცვლის შესახებ, თუმცა ეს შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული შუამდგომლობების საპასუხოდ ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვდა გ--------------ას მიმართ გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვებას;
27.11.2017წ. სხდომაზე ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ უარი თქვა გ--------------ას მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 27.11.2017წ. განჩინებით ბრალდებული გ--------------ას მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
2.1.5. გ--------------ამ პატიმრობაში გაატარა 8 თვე და 11 დღე;
2.1.6. გ--------------ას ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ მან საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა, რაც გამოიწვევდა მის ფსიქოლოგიურ ტანჯვას;
2.1.7. პენიტენციურ დაწესებულებაში მოსარჩელის ყოფნის პერიოდში გ--------------ას უკანონოდ დაკავებასთან, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემასთან, აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით გაღებული აქვს შემდეგი ხარჯები: ადვოკატის ჰონორარი 5100 ლარი, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას ანგარიშზე ჩაურიცხეს 1720 ლარი, საიდანაც გაიხარჯა 1619,68 ლარი, ექსპერტიზის საფასური 671,90 ლარი;
2.1.8. გ--------------ა 08.02.2016 წლიდან 01.01.2017 წლამდე მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის კოლხეთის სატყეო უბნის ტყის მცველის თანამდებობაზე.
იგი 01.01.2017 წლიდან გადაყვანილია ამავე სამსახურის კოლხეთი-მარტვილის სატყეო უბნის ტყის მცველის თანამდებობაზე.
17.03.2017წ-დან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
აღნიშნულ პერიოდში მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 590 ლარს.
გ--------------ასთან შრომითი ურთიერთობა განახლდა 15.03.2018 წლიდან.
მოსარჩელის უკანონოდ დაკავების, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენების გამო მიუღებელი აქვს 7080 ლარი კუთვნილი გადასახადების ჩათვლით. ამ გადასახადების გარეშე მისაღები თანხა შეადგენს 5664 ლარს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სასამართლოს აზრით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის შინაარსი იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პროკურატურას), რომლის ქმედებითაც მოქალაქეს მიადგა ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოყვანილი ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ე.ი. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ის განსაზღვრავს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება ადამიანისა და მისი უფლებების, როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს პრეროგატივას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამრთლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
დადგენილია, რომ გ--------------ას მისი უკანონოდ დაკავების, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენების გამო მიადგა 13054,90 ლარის მატერიალური ზიანი, რაც მას უნდა აუნაზღაურდეს.
ზემოაღნიშნული მსეჯლობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილიყო, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ზიანის ოდენობასთან მიმართებაში და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. პირადი არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებას კი ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და გამოსახულება.
მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის გასაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისმობს ფიზიკურ და ზეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმების სიმძიმე, კერძოდ ის, რომ იგი 8 თვისა და 11 დღის მანძილზე იყო პატიმრობაში, რაც არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებული იყო გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან და სტრესთან, თავის მხრივ, ყოველივე ეს აუცილებლად აისახებოდა დაპატიმრებული პირის ჯანმრთელობაზე. მართალია, ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, რასაც ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც გამართლდა. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში.
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის განსაზღვრისას, ასევე, ვერ იქნება გადამწყვეტი ქმედების კვალიფიკაცია, აქ მთავარი ის ტკივილია, რომელიც ქმედებამ (მოქმედებამ თუ უმოქმედობამ) გამოიწვია მოსარჩელეში. შედეგების გამოსწორება ძალიან ხშირად შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა იყო 7000 ლარი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება 2019 წლის 22 ივლისს გააჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და გ--------------ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამრთლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 992-ე მუხლებზე და 1005-ე მუხლის მესამე ნაწილზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი საქართველოს პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია;
3.1.2. აპელანტამ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე თანახმად, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად კი, პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი, მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-14 ნაწილის თანხმად, განაჩენი – პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას. ამავე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, განჩინება არის სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის და განკარგულების გარდა) ნებისმიერ საკითხზე. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.
გ--------------ა დააკავეს 2017 წლის 16 მარტს დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. აღნიშნული განჩინება გასაჩივრებული იქნა გ---------- დაცვის მხარის მიერ, რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა 2019 წლის 19 მარტის განჩინება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის "ი" ქვეპუნქტის თანახმად, გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს, თუ პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 2017 წლის 27 ნოემბერს, ბრალდებულ გ--------------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნა შეწყდა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის გამო;
3.1.3. აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებელის ბრალისა. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009 წლის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, რაც გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე, დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისააა, დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და აშ), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 10.04.2014წ. ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-648-623(3კ-13) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს.
შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიეღო როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი პრაქტიკა, ისე საქართველოს საერთო სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკა. კერძოდ:
· "ჯ----–---–- საქართველოს წინააღმდეგ, ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 600 (ექვსასი) ევროს ოდენობით (მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი, საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა).
· "კ------- საქართველოს წინააღმდეგ საქმეში, აღიარებულ იქნა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-6 მუხლი ეხებოდა მის მიმართ მიღებულ უკანონო განაჩენს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი. კომპენსაციის სახით შეთავაზებულ იქნა 4 000 (ოთხი ათასი) ევრო.
· "ფ-–------ საქართველოს წინააღმდეგ", ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასმართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 1500 (ათას ხუთასი) ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 9 თვისა და 12 დღის მანძილზე.
· საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით (№ბს-648-623(2კ-13) გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რომლითაც საქართველოს პროკურატურას ლ.ა-ს სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა (ლ.ა გორის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ცნობილი იქნა დამნაშავედ და პატიმრობაში გაატარა თითქმის 1 წელი) საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრიული თანხაა 7 500 ლარი.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 01 აპრილის №3/3906-14 გადაწყვეტილება, მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 7 000 ლარი (სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას), მოსარჩელე ბ. ი-მ პატიმრობაში გაატარა 05 თვე, შემდგომ შეეფარდა გირაო, 6,5 წლის განმავლობაში იყო ძებნაში, სისხლის სამართლის საქმე იხილებოდა 7 წლის მანძილზე.
· ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის № 3/9-16 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 5 000 ლარი. მოსარჩელე ა.კ-მ პატმრობაში გაატარა 8 თვე და 11 დღე.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის №3/2531-16 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 5 400 ლარი, მოსარჩელე ფ.თ-მ პატიმრობაში გაატრა 8 თვე და 21 დღე.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ოქტომბრის №3/3692-16 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაღვრა 7 800 ლარი. მოსარჩელე ს. კ-მ პატიმრობაში გაატარა 1 წელი და 06 დღე.
· ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის №1/380-12 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 7 500 ლარი. მოსარჩელე რ.ხ-მ პატიმრობაში გაატარა 1 წელი და 13 დღე.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის №3/780-16 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 10 000 ლარი (სოლიდარულად დაეკისრა შსს-ს და საქართველოს პროკურატურას) რ.ხ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 19 წლის მანძილზე.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის №3/8374-16 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 4 500 ლარი, მოსარჩელე ნ.ბ-მ პატიმრობაში გაატრა 8 თვე და 27 დღე.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს №3/110-17 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 9 600 ლარი, მოსარჩელე ზ. გ-მ პატიმრობაში გაატარა 01 წელი 03 თვე და 03 დღე.
· კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის 3/5834-17 გადაწყვეტილება, მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 3 000 ლარი, მოსარჩელე ო.ქ-მ პატიმრობაში გაატარა 5 თვე და 2 დღე.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის 3/6493-18 გადაწყვეტილებით მორალური ზიანის თანხა განისაღვრა 4000 ლარით, მოსარჩელე ა. მ--------- წ/პატიმრობაში გაატარა 08 თვე და 10 დღე.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის №3/5200-17 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 10 800 ლარი, მოსარჩელე რ.ა-მ სასამართლო განაჩენის საფუძველზე პატიმრობაში გაატარა 1 წელი და 6 თვე.
· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის №3ბ/164-19 გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას კ.ე-ს სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის ანაზღაურება (კ. ე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი, 1 თვე და 7 დღე). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ევროპული და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკის გათვალიწინებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა შეადგენს 6 500 ლარს;
3.1.4. აპელანტი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ--------------ამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მარტის განჩინებით წინასწარ პატიმრობაში გაატარა 8 თვე და 11 დღე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიმართ მიმდინარეობდა 8 თვე და 11 დღე, რაც შეწყდა საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის გამო. შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 08 აპრილისა (ბს-972-936 (3კ-08) და 2014 წლის 10 აპრილის (ბს-648 623(3კ-13) განჩინებებში ჩამოყალიბებული განმარტებების შესაბამისად, ასევე მსგავს საქმეებზე საქართველოს საერთო სასამართლოები პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურისათვის მორალური ზიანის სახით - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის დაკისრება არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან და სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს. ამასთან, აპელანტი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ პირის მიმართ სასამართლო განხილვების შედეგად კი არ დადგა გამამართლებელი განაჩენი, არამედ საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის გამო მიღებული იქნა განჩინება გ---------- მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ;
3.1.5. აპელანტი ასევე არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის სახით თანხის დაკისრების ნაწილში და აღნიშნავს, რომ მატერიალური ზიანის სახით საქართველოს პროკურატურას გ--------------ას სასარგებლოდ, ყოველგვარი მსჯელობისა და დასაბუთების გარეშე დაეკისრა 13 054.90 (ცამეტი ათას ორმოცდათოთხმეტი და ოთხომოცდაათი) ლარის გადახდა. მატერიალური ზიანის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა: ადვოკატის ჰონორარის - 5 100 ლარის, პატიმრობის პერიოდში ჩარიცხული თანხის - 1720 ლარის, ექსპერტიზის თანხის - 671,90 ლარისა და ხელფასის - 7080 ლარის ანაზღაურება.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, მატერიალური ზიანის სახით მოპასუხე მხარისათვის თანხის დაკისრების ნაწილში მიუთითა, რომ მოსარჩელეს მიადგა 13054,90 ლარის ზიანი, რაც უნდა აუნაზღაურდეს. თუმცა, საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია რაში გამოიხატა აღნიშნული ზიანი და რა დაადგინა სასამართლომ. გაუგებარია, კერძოდ, რა მიიჩნია მატერიალურ ზიანად და რა ოდენობით.
გ--------------ას ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა 7080 ლარის, როგორც იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გ---------- უნდა მიეღო ხელზე 5664 ლარი. თუმცა, გაუგებარია რა დაადგინა სასამართლომ და რა პერიოდზე იქნა დაანგარიშებული აღნიშნული თანხა. კერძოდ, დაანგარიშება მოხდა შრომითი ურთიერთობის შეჩერებიდან აღდგენამდე პერიოდზე თუ, შეჩერებიდან განჩინების გამოტანის პერიოდზე. სასამართლო არც ამ გარემოებაზე მსჯელობს და მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებში მითითებით შემოიფარგლა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2010 წლის 20 იანვრის (Nას-1156-1176-211) განჩინებაში განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისთვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედებების უშუალო შედეგი. სასამართლომ უნდა შეაფასოს რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება მხარე მიიღებდა ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებებზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ, უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტითა და მტკიცებულებებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 თავი განსაზღვრავს სხვა საპროცესო მოქმედებებს, მათ შორის, რეგლამენტირებულია ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების საპროცესო შესაძლებლობა, კერძოდ, 159-ე-162-ე მუხლებით განსაზღვრულია ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, წესი და ვადა.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2017 წლის 11 დეკემბრის №03/29734 ცნობა, საიდანაც ჩანს, რომ გ---------- 2017 წლის 17 მარტიდან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. თუმცა, სამართლებრივი საფუძვლები ცნობაში მითითებული არ არის. ასევე, წარმოდგენილია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის 15 მარტის №1086/კ ბრძანება გ----------თან შრომითი ურთიერთობის განახლების შესახებ, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე და მითითებულია, რომ შრომითი ურთიერთობა განახლდა 2018 წლის 15 მარტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტისთვის გაუგებარია პირველ რიგში ის, თუ რა პერიოდისთვის დაეკისრა მოპასუხეს აღნიშნული თანხა და მეორე ის, რომ მას შემდეგ რაც განახლდა შრომითი ურთიერთობა, გ--------------ამ მიიღო თუ არა განაცდური. აპელანტი მიუთითებს, რომ ამ მხრივ საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატის 2011 წლის 24 ოქტომბრის № ას-307-291-2011 განჩინება, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ზიანის ანაზღაურება, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება”. ასევე მნიშვნელოვანია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის №3ბ/561-16 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც მიუღებელი შემოსავლის ოდენობა განისაზღვრა გამამართლებელი განაჩენის მიღების მომენტისათვის და არა შრომის ხელშეკრულების მთელ პერიოდზე. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2018 წლის 27 დეკემბრის №ბს1218(2კ-18)) განმარტება, რომ გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის საფუძველს. ამდენად პირი აღდგენილ უნდა იქნეს ყველა იმ უფლებებში, რომელიც მოიცავს გამამტყუნებელი განაჩენიდან გამამართლებელი განაჩენის გამოტანის პერიოდს;
3.1.6. საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეულ ხარჯებთან, რაც მოსარჩელის მითითებით შეადგენდა 5100 ლარს, აპელანტი აღნიშნავს, რომ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. მართალია საქმეში წარმოდგენილი იქნა გადახდის ქვითრები, მაგრამ არ ყოფილა წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხელშეკრულებები, მაშინ როდესაც, ,,ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ,,ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე". ამასთან, საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი ადვოკატის მიერ აღნიშნული თანხების შემოსავალში ასახვისა და შესაბამისი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და ოდენობა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა;
3.1.7. მოპასუხისთვის დაკისრებულ ექსპერტიზის ხარჯებთან დაკავშირებით, აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ გ. კ------- გასწია 671.90 ლარის ხარჯი ექსპერტიზის ჩატარებისთვის. მეტიც, საქმეში წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტი 500 ლარზე და სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადარიცხული 501 ლარის ოდენობის ქვითარი. გარდა ამისა, არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა საქმეში წარმოდგენილი, რომ აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება და შესაბამისი ხარჯის გაწევა გამოწვეული იყო გარკვეული აუცილებლობით. გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით, მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს, ერთის მხრივ ხარჯების გაწევის ნამდვილობის დადასტურება, ხოლო მეორეს მხრივ მათ გაწევის აუცილებლობა. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ნებისმიერი გაწეული ხარჯი, არამედ მხოლოდ ის, რომელიც გაღებულია სასამართლოს წინაშე დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან უფლების აღსადგენად;
3.1.8. რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას გ----------თვის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას 1720 ლარის ოდენობით, აპელანტი განმარტავს, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კონკრეტული მტკიცებულებებიდან, რომლითაც დადგენილი იქნება მისი ოდენობა. ხარჯების ანაზღაურების დაკისრება შეიძლება მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული, რომელთა დადასტურების საუკეთესო საშუალებაა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა. აღნიშნულზე საუბრობს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში. ამასთან, თუნდაც დასტურდებოდეს, რომ მართლაც გაწეულ იქნა ხარჯი, ანაზღაურებისათვის საგულისხმოა ის გარემოება, რომ ეს ხარჯი არა გ---------- მიერ, არამედ სხვა პირთა მიერ იქნა გაწეული, რასაც თავად მოსარჩელეც უთითებდა თავის სასარჩელო განცხადებაში. მეტიც, არაერთი სასამართლო გადაწყვეტილებაა და ჩამოყალიბებული პრაქტიკაა ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად აპელანტისთვის გაუგებარია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება. ამ ნაწილშიც სასამართლო არ ასაბუთებს და არ მსჯელობს, თუ რა დაადგინა და რატომ მიიჩნია (თუ მიიჩნია) 1720 ლარი გ----------ათვის მიყენებულ ზიანად. ამასთან, საგულისხმოა, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის შენახვის ხარჯები გაწერილია კანონმდებლობით და სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო საკვებით, რომელიც შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენენტებს, ასევე, სამედიცინო მომსახურებით და პირველადი მოხმარების საგნებით, ხოლო ამანათების მიღება და პირად ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა გამომდინარეობს პირადი სურვილიდან და წარმოადგენს მის უფლებას, რაც არ არის დაკავშირებული აუცილებლობასთან და შესაბამისად იგი ვერ განიხილება როგორც მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი და შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან მისი ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამის თაობაზე მსჯელობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია თავის 2013 წლის 24 სექტემბრის (საქმე №3/2357-13) გადაწყვეტილებაში, რომელიც ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/1393-13) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივლისის (№ბს-233-230(2კ-14)) განჩინებით.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა ასევე იშუამდგლომლა სასამართლოს წინაშე საქმეში მესამე პირად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბმის თაობაზე იმ მოტივით, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი ანგარიშსწორება უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის განკარგვის უფლებამოსილება/კომპეტენცია კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გააჩნია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 09 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ზუგდიდის რაინული პროკურატურის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება გ--------------ასთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; კერძოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას გ--------------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 11435,90 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - სადავო ურთიერთობის შრომის კოდექსით მოწესრიგების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც ამ ნაწილში მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:
4.1.1. გ----------------------------ა ზუგდიდის რაიონულმა სამმართველომ დააკავა 2017 წლის 16 მარტს, 22:35 საათზე;
4.1.2. 2017 წლის 13 მარტს გ----------------- წარედგინა ბრალი დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით;
4.1.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მარტის განჩინებით ბრალდებული გ--------------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა. ბრალდებულის პატიმრობის ათვლა დაიწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 16 მარტის 22:35 საათიდან;
4.1.4. მოცემულ საქმეზე სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებდა ზუგდიდის რაიონული პროკურატურა;
4.1.5. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა 8 თვის და 11 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში დაცვის მხარემ ოთხჯერ მიმართა სასამართლოს შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი (5000 ლარის ოდენობით) შეცვლის შესახებ, თუმცა ეს შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული შუამდგომლობების საპასუხოდ ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვდა გ--------------ას მიმართ გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვებას;
4.1.6. 2017 წლის 27 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ უარი თქვა გ--------------ას მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;
4.1.7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილის, ნ---------------ის შუამდგომლობა წარდგენილ ბრალდებაზე პროკურორის მიერ უარის თქმის გამო დევნის შეწყვეტის თაობაზე, _ დაკმაყოფილდა. ბრალდებულ გ--------------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და გ--------------ა დაუყოვნებლივ განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
4.1.8. გ--------------ამ პატიმრობაში გაატარა 8 თვე და 11 დღე;
4.1.9. სსიპ ლ----------------–ი სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 მაისის N--------- სასამართლო ფსიქოლოგიური-ექსპერტიზის დასკვნის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ გ--------------ას ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ მან საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა, რაც გამოიწვევდა მის ფსიქოლოგიურ ტანჯვას;
4.1.10. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2017 წლის 11 დეკემბერს გაცემული N-------- ცნობის მიხედვით, გ--------------ა 2016 წლის 08 თებერვლიდან 2017 წლის 01 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის კოლხეთის სატყეო უბნის ტყის მცველის თანამდებობაზე. იგი 2017 წლის 01 იანვრიდან გადაყვანილი იქნა ამავე სამსახურის კოლხეთი-მარტვილის სატყეო უბნის ტყის მცველის თანამდებობაზე. 17.03.2017 წლიდან გ--------------ას შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნულ პერიოდში მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 590 ლარს;
4.1.11. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის 15 მარტის N------ ბრძანებით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის კოლხეთი-ჩხოროწყუს სატყეო უბნის მცველს გ--------------ას შრომითი უერთიერთობის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის გამო, განუახლდა შრომითი ურთიერთობა 2018 წლის 15 მარტიდან. 2018 წლის 15 მარტის N------ ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის N50 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის (ნ--------–--) 2018 წლის 08 იანვრის N------ მოხსენებითი ბარათი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის N------ წერილი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმის ამონაწერი (საქმე N------) და გ--------------ას განცხადება.
4.1.12. გ--------------ასთან შრომითი ურთიერთობა განახლდა 15.03.2018 წლიდან.
4.1.13. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გ--------------ას უფლებების დაცვას ახორციელებდნენ ადვოკატები: ი-----------–-ა, ვ----------------ა და ი----–----ა. გ--------------ას მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატების მომსახურებისათვის გადახდილი აქვს - 5100 ლარი (1. მიმღები: ი-----------–-ა, თანხა: 2500 ლარი, თარიღი: 20.12.2017, დანიშნულება: გ--------------ას სისხლის სამართლის საქმეზე; 2. მიმღები: ი-----------–-ა, თანხა: 300 ლარი, თარიღი: 07.12.2017, დანიშნულება: იურიდიული მომსახურების საფასური; 3. მიმღები: ი----–----ა, თანხა: 300 ლარი, თარიღი: 18.03.2017წ. დანიშნულება: მომსახურების საფასური (სისხლის სამართლის საქმეზე), 4. მიმღები: ი----–----ა, თანხა: 1000 ლარი, თარიღი: 11.12.2017, დანიშნულება: გ--------------ას საადვოკატო მომსახურების ღირებულება სისხლის სამართლის საქმეზე; 5. მიმღები: ვ----------------ა, თანხა: 1000 ლარი, თარიღი: 11.12.2017, დანიშნულება: გ--------------ას საადვოკატო მომსახურების ღირებულება სისხლის სამართლის საქმეზე, წინასწარი გამოძიება, სასამართლო და ექსპერტიზა);
4.1.14. საქმეში წარმოდგენილი სს „-----------–----------- ამონაწერის მიხედვით, 01.04.2017 წლიდან 01.11.2017 წლამდე პერიოდისთვის, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას გ--------------ას ანგარიშზე ჩაურიცხეს 1720 ლარი, საიდანაც გაიხარჯა 1619,68 ლარი.
4.1.15. გ--------------ას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულის ინტერესების დამცველების ინიციატივით სსიპ ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებულ იქნა დაქტილოსკოპიური და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზები. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მომზადდა 2017 წლის 21 ნოემბერს, დასკვნის ნომერი: 0--------, რეგისტრაციის ნომერი: 1---------, ხოლო სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მომზადდა 2018 წლის 18 მაისს, დასკვნის ნომერი: 0--------- რეგისტრაციის ნომერი: 1---------. ექსპერტიზების ჩატარებასთან დაკავშირებით გ--------------ას გაღებული აქვს ხარჯი 671,90 ლარი (1. გადახდის თარიღი: 22.11.2017, გადახდილი თანხა: 501 ლარი, გადახდის საშუალება: კომპანია „-------------, მიმღები: სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დოკუმენტის ნომერი: 1---------; 2. გადამხდელი: გ--------------ა, გადახდის თარიღი: 21.08.2018წ. გადახდილი თანხა: 170,90 ლარი);
4.1.16. 2017 წლის 17 მარტიდან გ--------------ას შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნულ პერიოდში მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 590 ლარს. გ--------------ას უკანონოდ დაკავების, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენების გამო მიუღებელი აქვს 7080 ლარი კუთვნილი გადასახადების ჩათვლით. ამ გადასახადების გარეშე მისაღები თანხა შეადგენს 5664 ლარს;
4.1.17. 2019 წლის 23 აგვისტოს გ--------------ას წარმომადგენელ თ--------------ას მიერ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, შრომითი ურთიერთობის განახლების შემდეგ გ--------------ას მიღებული ჰქონდა თუ არა განაცდური.
აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2019 წლის 05 სექტემბრის N-------- მიმართვაში აღნიშნულია, რომ გ--------------აზე შრომის ანაზღაურების დარიცხვა და გაცემა ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან მას შეჩერებული ჰქონდა შრომითი ურთიერთობა და შესაბამისად იგი ვერ მოხვდა სამუშაო დროის გამოყენების ტაბელში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს მის მიმართ დავალიანება არ გააჩნია;
4.1.18. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით („თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“) და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. იმავე მუხლის მე-5 პუნქტით, ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება.
საქმეზე ბ------------------------- საქართველოს წინააღმდეგ (Baisuev and Anzorov v. Georgia) 18/12/2012 წ. მიღებულ გადაწყვეტილებაში (საჩივრის N 39804/04) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა: „... კონვენციის მე-5 მუხლი მოიცავს ფუნდამენტურ უფლებას, კერძოდ სახელმწიფოს მხრიდან პირის დაცვას თვითნებური ჩარევისგან მისი თავისუფლების აღკვეთის გზით. „თავისუფლების უფლების“ დეკლარირებისას, მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი მოიცავს პირის ფიზიკურ თავისუფლებას; მისი მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ არცერთ პირს არ აღეკვეთოს თავისუფლება თვითნებურად. ეს არ უკავშირდება უბრალო შეზღუდვებს გადაადგილების თავისუფლებაზე, მსგავსი შეზღუდვები რეგულირდება მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით. იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი თავისუფლების აღკვეთას, საწყისი წერტილი უნდა იყოს პირის კონკრეტული სიტუაცია და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ საქმის დროს წარმოშობილი მთელი რიგი ფაქტორები, როგორებიცაა, სადავო ღონისძიების განხორციელების ტიპი, ხანგრძლივობა, შედეგი და მეთოდი. თავისუფლების აღკვეთასა და თავისუფლების შეზღუდვას შორის განსხვავება მდგომარეობს ხარისხში ან ინტენსივობაში და არა მის ხასიათში ან არსში (იხ. Guzzardi v. Italy, 6 November 1980, Series A no. 39, §92, and H.L. v. the United Kingdom, no. 45508/99, §89, ECHR 2004-IX; see also Austin and Others v. the United Kingdom [GC], nos. 39692/09, 40713/09 and 41008/09, §§ 52 60, ECHR 2012). კონვენციის მე–5 მუხლი შეიძლება გამოყენებული იქნეს მოკლე ვადით თავისუფლების აღკვეთის შემთხვევებშიც (იხ. Gillan and Quinton v. the United Kingdom, no. 4158/05, §57, ECHR 2010 ... (extracts), როდესაც მომჩივნები გააჩერეს ჩრეკის მიზნით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 30 წუთს (იხ. Iliya Stefanov v. Bulgaria, no. 65755/01, §71, 22 May 2008, and Foka v. Turkey, no. 28940/95, §75, 24 June 2008)“.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით, წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას: ა) ნებისმიერი პირი, რომლის წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებები და თავისუფლებებიც დაირღვა, უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დარღვევა ჩაიდინეს ოფიციალურად მოქმედმა პირებმა; ბ) უზრუნველყოს თითოეული პირის იურიდიული დაცვის უფლება, ვინც კი ასეთ დაცვას მოითხოვს, რომელიც დადგენილია კომპეტენტური სასამართლო, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ხელისუფლების ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ ამ სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის შესაბამისად და განავითაროს სასამართლო დაცვის შესაძლებლობები; ც) უზრუნველყოს კომპეტენტური ორგანოების მიერ არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენება. პაქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ყველას ვინც უკანონო დაკავების ან პატიმრობის მსხვერპლი გახდა უნდა ჰქონდეს კომპენსაციის მიღების სასამართლოს მიერ აღსრულებადი უფლება. მე-5 პუნქტი ადგენს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის კონკრეტული, ეფექტური დაცვის საშუალების მაგალითს და წევრ სახელმწიფოებს ევალებათ უზრუნველყონ აღნიშნული საშუალების ხელმისაწვდომობა. ეს კონკრეტული დაცვის საშუალებები არ ანაცვლებს, არამედ ემატება სხვა საშუალებებს, რაც შეიძლება საჭირო იყოს კონკრეტულ სიტუაციაში უკანონო ან თვითნებური დაკავების ან პატიმრობის მსხვერპლისთვის პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. მე-4 პუნქტი ითვალისწინებს სწრაფ საშუალებას პირის მიმდინარე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის, მე-5 პუნქტი კი ხაზს უსვამს, რომ უკანონო დაკავების ან პატიმრობის მსხვერპლს აქვს აგრეთვე ფინანსური კომპენსაციის უფლება. „უკანონო პატიმრობა მოიცავს პატიმრობას, რომელიც კანონიერი იყო დაწყების მომენტში, მაგრამ შემდგომში გახდა უკანონო...“ /იხ. პაქტის ზოგადი კომენტარი ნო 24, თარგმნილი სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მხარადაჭერით) ().
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-13 მუხლით (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს. „კონვენციის მე-13 მუხლი უზრუნველყოფს სახელმწიფოში სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებას კონვენციაში წარმოდგენილ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რა სახითაც არ უნდა იყოს ისინი ასახული შიდა კანონმდებლობაში“ (Soering v. U.K.).
ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი განმარტავს, თუ რას მოიცავს ეფექტიანი დაცვის საშუალებებს და მიუთითებს, რომ როდესაც პირი აცხადებს, რომ მისი უფლებები დაირღვა უკანონო ბრალდებით და ამ პროცესში სისხლისსამართლებრივი იძულების მექანიზმების გამოყენებით, - ეფექტიანი დაცვის საშუალება მოიცავს - გამოძიების წარმოებას პასუხისმგებელ პირთა გამოსააშკარავებლად და დასასჯელად, მომჩივანის ხელმისაწვდომობას საგამოძიებო პროცესზე და, საჭიროების შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდას.
პალატა მორალური ზიანის მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებაში (იხ. საქმე №ბს-485-474(2კ-14)) განვითარებულ მოტივაციაზე, რომელშიც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად ყველასთვის არის გარანტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებების შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მიხედვით პირს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზაკ-ის 208.1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ზაკ-ის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. ამდენად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოების და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად (სკ-ის 1005.3). ხსენებული კონსტიტუციური ნორმები არ შეიცავენ მითითებას ბრალზე, როგორც ზიანის ანაზღაურების პირობაზე. კანონმდებელი ითვალისწინებს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის ცალკეულ შემთხვევებს (მაგ. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება), სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი საგამონაკლისო წესით ადგენს სახელმწიფოს მიერ ზიანის ანაზღაურების წესს თანამდებობის პირების და ორგანოების ბრალის მიუხედავად.
სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: დამდგარი ზიანი, მართლწინააღმდეგობა - უკანონო ბრალდება/მსჯავრდება, მიზეზობრივი კავშირი უკანონო ბრალდებასა და დამდგარ ზიანს შორის, აგრეთვე პირის მარეაბილიტერებელი გარემოება. უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის თავისუფლების ხელყოფას და ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა. მატერიალური (ქონებრივი) ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, შემოსავლის მიუღებლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში, დამატებითი ხარჯების გაწევაში და ა.შ., ხოლო არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვ., თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით (სკ-ის 413 მუხ.).
სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ზიანის არსებობა, ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები, ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.’’
სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალური მართლზომიერების მიუხედავად დაუსაბუთებლად არღვევს პირის კონსტიტუციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის 22.11.1984წ. N7 ოქმის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 23.02.2000წ. N155-IIს დადგენილებით) მესამე მუხლის თანახმად, ,,თუ საბოლოო გადაწყვეტილებით პირი მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან სასჯელის მოხდისაგან ის გათავისუფლდა, რადგან ახალმა ან ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მართლმსაჯულება არაჯეროვნად განხორციელდა, ამგვარი მსჯავრდების გამო შეფარდებული სასჯელისათვის მას მიეკუთვნება კომპენსაცია შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონის ან დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით“. უფრო მეტიც, საქმეზე ,,პ------------------------------- სომხეთის წინააღმდეგ“ (Case of Poghosyan and Baghdasaryan v. Armenia, 12.09.2012წ., განაცხადი N22999/06) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მსჯავრდების დადასტურებისას, პირისათვის დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანისათვის კომპენსაციის გადახდა უნდა მოხდეს ეროვნულ კანონმდებლობაში აღნიშნული დანაწესის არარსებობის შემთხვევაშიც (§ 51).
პალატა მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში მყოფი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინება გ--------------ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ უდავოდ წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის საფუძველს. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც უკავშირდება რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემას, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ვინაიდან არ დაიშვება ნორმის ისე განმარტება, რომ პირს არ მიეცეს უფლების აღდგენის ეფექტური, ქმედითი შესაძლებლობა (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-13 მუხლი), საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია არ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მისი უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან. პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია, იგი არ არის დამოკიდებული ზიანის მიმყენებლის ცნობიერებასა და მის სამართლებრივ შეფასებაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ რეაბილიტაცია სისხლის სამართლის პროცესში არის იმ პირის უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებელად დაექვემდებარა სისხლისსამართლებრივ დევნასა თუ პასუხისმგებლობას. პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს.
სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას. ამასთანავე გამოძიების მწარმოებელ ორგანოს არა აქვს საქმის შედეგის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობა, მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საკმარისობის კუთხით სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება. გამოძიება სახელმწიფო საქმიანობის განსაკუთრებული სახეობაა, საგამოძიებო საქმიანობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მას უხდება თავისი საქმიანობის წარმართვა ინფორმაციული დეფიციტის პირობებში. ამასთანავე, საგამოძიებო საქმიანობის აღნიშნული სპეციფიკა არ ქმნის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლების საფუძველს, ხსენებულმა გარემოებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მხოლოდ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის ფარგლებზე.
ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დამახასიათებელია ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრინციპი (სკ-ის 992 მუხ.), თუმცა აღნიშნული დანაწესი არ არის აბსოლუტური ხასიათის. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ზიანი როგორც უკვე აღინიშნა ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. შესაბამისად, პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია საქართველოს გენერალური პროკურატურის მითითება ბრალის, როგორც უკანონო ბრალდების/მსჯავრდების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების აუცილებელ წინაპირობაზე. დაუშვებელია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით (სკ-ის 992, 1005.1 მუხ.) დადგენილი მოთხოვნების განვრცობა სპეციალური ნორმით (სკ-ის 1005.3 მუხ.) მოწესრიგებულ კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე, რომელსაც ადგილი აქვს უკანონო ბრალდებისა და უკანონო მსჯავრდების შემთხვევაში.
მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს უფლებების სრულყოფილი რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უსაზღვროდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. იგი უნდა განისაზღვროს გონივრულად და სამართლიანად.
საქართველოს სკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას (სუს ბს-972-963(3კ-08) 08.04.2009წ. გადაწყვეტილება). მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა და სხვა. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანი არ არის ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელის სოციალურ მდომარეობას, მის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმების სიმძიმეს. მართალია პირის მიმართ იძულებითი ღონისძიების გამოყენება, სისხლისსამართლებრივი დევნა დაკავშირებულია ნეგატიურ განცდებთან და უქმნის პირს დისკომფორტს, თუმცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მყოფი პირი, გონივრულ ფარგლებში, ვალდებულია ითმინოს ამ პროცესის ნეგატიური შედეგები. მორალური ზიანის კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება.
საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ მოსარჩელის თავისუფლების უკანონო აღკვეთამ თანაც საკმაოდ მძიმე ბრალდებით უდავოდ გამოიწვია მისი სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვა, რაც ასევე მძიმე სულიერ განცდებთან და რეპუტაციასთან იყო დაკავშირებული. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობა (7000 ლარი) სრულ შესაბამისობაშია არაქონებრივი ზიანის სატისფაქციურ, პრევენციულ, რეპრესიულ მიზანთან და რაც მოსარჩელის უკანონო პატიმრობით გამოწვეული ნეგატიური განცდების შემსუბუქებას, დადებითი ემოციების გამოწვევასა და მისი სულიერი გაწონასწორების მიღწევას ემსახურება.
სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას აღკვეთის ღონისძიების სახით მოსარჩელის პატიმრობაში ყოფნის გამო მიუღებელი ხელფასის, როგორც მიუღებელი შემოსავლის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში და აღნიშნავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც (სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი), თუმცა მიუღებელ შემოსავლად ითვლება მხოლოდ ისეთი შემოსავალი, რომელიც პირს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა არამართლზომიერი ქმედების არარსებობის შემთხვევაში. პალატა განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი არსით წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს და მის დასადგენად აუცილებელია გათვალისწინებული იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალის, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ქმედებასთან, რაც კონკრეტულად უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ გ--------------ამ შრომითი შემოსავლები ვერ მიიღო სისხლისსსამართლებრივი პერიოდში შრომითი უფლებების შეზღუდვის გამო, რაც მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული - გ--------------ას 2017 წლის 17 მარტიდან 2018 წლის 15 მარტამდე შეჩერებული ჰქონდა შრომითი ურთიერთობა მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი საქმის გამო. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გ--------------ას მიუღებელი ხელფასი უნდა აუნაზღაურდეს ფაქტობრივად მოცდენის მთელი პერიოდისთვის 2017 წლის 17 მარტიდან 2018 წლის 15 მარტამდე, რაც როგორც საქმის მასალებით დგინდება, შესაბამისი გადასახადების გათვალისწინებით შეადგენს 5664 ლარს.
სააპელაციო სასამართლო ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას საადვოკატო მომსახურებისათვის და ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯისა ანაზღაურების ნაწილში და მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება აღნიშნული ხარჯების გაღება მოსარჩელის მხრიდან. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები (სსკ-ის 103.1 მუხ.), სწორედ მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს იგი თავის მოთხოვნებს (სსკ-ის 102.1 მუხ.), ამასთანავე, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსკ-ის 102.3 მუხ.).
საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება ი-----------–-ას, ვ----------------ასა და ი----–----ას მხრიდან მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა, რის გამოც სასამართლომ უნდა განიხილოს საქმის მასალებით დადასტურებული ადვოკატების მიერ მოსარჩელისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლებლობა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დასტურდება ადვოკატებისათვის მომსახურების საფასურის გადახდის ფაქტი, შესაბამისად, მარწმუნებელსა და ადვოკატს შორის დავალების ხელშეკრულების წერილობითი ფორმით არარსებობა არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა კანონი არ ითვალისწინებს სპეციალურ ფორმას ამ ტიპის ხელშეკრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.
პალატა მიუთითებს, რომ მარწმუნებელსა და ადვოკატს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მატერიალური საფუძველი დავალების ხელშეკრულებაა (სკ-ის 709-ე მუხ.). სამოქალაქო კოდექსი დავალების ხელშეკრულების ნამდვილობისთვის განსაზღვრულ ფორმას არ ითვალისწინებს. დავალების ხელშეკრულებით მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სკ-ის 710-ე მუხ.). გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, რაც შესაძლოა განხორციელდეს წინასწარ, პერიოდულად ან შემდგომში, პრეზიუმირებულია. იურიდიული მომსახურების გაწევის შემთხვევაში ივარაუდება მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, საწინააღმდეგო დამტკიცებას საჭიროებს. ზოგადი წესის მიხედვით ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება “ა------ საქართველოს წინააღმდეგ”).
საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ გ--------------ას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულის ინტერესების დამცველების ინიციატივით სსიპ ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებულ იქნა დაქტილოსკოპიური და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზები. ექსპერტიზების ჩატარება გამოწვეული იყო ბრალდებულის უფლებების სრულყოფილად დაცვის აუცილებლობით და ემსახურებოდა უფლებების დარღვევის თავიდან აცილებას (დაქტილოსკოპიური ექსპეტრტიზა) და უფლებების აღდგენას (სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა). ექსპერტიზების ჩატარებასთან დაკავშირებით გ--------------ას გაღებული აქვს ხარჯი 671,90 ლარი
პალატა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატის მომსახურებისა და ექსპერტიზის დანიშვნისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.). იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (სსკ-ის 53.1 მუხლი).
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პროცესი მნიშნელოვნად განსხვავდება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოებისაგან, სისხლის სამართლის პროცესში განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპის მიუხედავად (მე-9 მუხ.), სისხლის სამართალწარმოება ორიენტირებულია არა თანასწორ პირთა შორის არსებული ქონებრივი დავის გადაწყვეტაზე, ადმინისტრაციული აქტის, ხელშეკრულების ან ორგანოს ქმედების მართლზომიერების დადგენაზე, არამედ პირის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტაზე, დანაშაულებრივი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებისა და მისი ჩამდენი პირის დადგენაზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზანია დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესების დადგენა (1-ლი მუხ.), ამდენად, განსხვავებულია სასამართლოში საქმის წარმოების, გადაწყვეტილების მიღების მარეგულირებელი ნორმებიც.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განხილვის შედეგის მიუხედავად, კოდექსი ადგენს ბრალდებულის მიერ ადვოკატის მომსახურების ხარჯის უშუალოდ ანაზღაურებას, გარდა იმ შემთხვევისა თუ დაცვა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე (91.1 მუხ.), შესაბამისად, შეთანხმებითი დაცვის განხორციელების შემთხვევაში ბრალდებული ყოველთვის თავად ახდენს მის მიერ შერჩეული ადვოკატის მომსახურების ანაზღაურებას, მათ შორის დადებული შეთანხმების შესაბამისად. მსჯავრდებულს ასევე ეკისრება მის ან მისი ადვოკატის მიერ დაზარალებულის, მოწმის, თარჯიმნისა და ექსპერტის მოწვევის, წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის, მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების, ბრალდების მხარისგან მიღებული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯების ანაზღაურება (91.2 მუხ.). ამასთან, კოდექსი არ იცნობს ბრალდებულის გამართლების შემთხვევაში მის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ბრალდების მხარისათვის დაკისრების შესაძებლობას, არ არის განსაზღვრული ამ ხარჯის შესახებ სასამართლოსათვის ინფორმაციის წარდგენის, შუამდგომლობის დაყენების, ხარჯის ოდენობის დაანგარიშების წესი. კოდექსის 91-ე მუხლი ახდენს მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ გაწეული ხარჯის მსჯავრდებულის მიერ ანაზღაურების წესს, კონკრეტულად უთითებს ხარჯის ოდენობის განმსაზღვრელ მტკიცებულებებსა და ანაზღაურებაზე ვალდებულ სუბიექტზე (2-5 ნაწ.), თუმცა აღნიშნული მოწესრიგება არ გულისხმობს დაუსაბუთებელი ბრალდების/მსჯავრდების გამო პირის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარს. სისხლის სამართლის პროცესში მოქმედი მხარეთა თანასწორობის პრინციპი (9.1 მუხ.) პრაქტიკულად ვლინდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა წარდგენაში, მოწმეთა გამოძახებაში, ექსპერტიზის დანიშნაში და სხვა საპროცესო ქმედებების განხორციელებისას თანასწორობაში, არამედ თანასწორობაში აგრეთვე სამართალწარმოებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხში. ბრალდებულს, როგორც სისხლის სამართლის პროცესის ცენტრალურ ფიგურას, უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა ჯეროვნად და ეფექტიანად დაიცვას თავი წარდგენილი ბრალდებისაგან. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა იქნეს განმარტებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი, რომელიც უკანონო ბრალდების/მსჯავრდების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ითვალისწინებს, სწორედ აღნიშნული ზიანის ფარგლებში უნდა მოვიაზროთ გამართლებულის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯები, რადგან მათი გაწევა მოხდა უკანონო ბრალდებისგან თავდაცვის მიზნით.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ--------------ას მიმართ განხორციელებული უკანონო ბრალდების გამო მისთვის სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში გაწეული საპროცესო ხარჯის (ადვოკატის მომსახურების საფასური, ექსპერტიზის ჩატარების თანხები), როგორც რეაბილიტირებული პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლებს, მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.
სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მოთხოვნას პენიტენციალურ დაწესებულებაში გ--------------ას ყოფნის პერიოდში მის ანგარიშზე გადარიცხული თანხების ზიანად მიჩნევის დაუსაბუთებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით. შესაბამისად პალატა ასკვნის, რომ სახელმწიფოს მიერ პენიტენციალურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირზე გამოყოფილი თანხის ზემოთ თავად ამ პირის მხრიდან საკუთარი სახსრებით რაიმე მატერიალური ან სხვა სახის სიკეთის დამატებით მიღება ვერ განიხილება ფაქტობრივად დამდგარ ზიანად და არ ექვემდებარება მოპასუხეზე დაკისრებას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად გაწეული თანხების გათვალსიწინებით და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 11435,90 ლარის ოდენობით, საიდანაც ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯია - 5100 ლარი, ექპერტიზის საფასურია - 671,90 ლარი, ხოლო მიუღებელი ხელფასის თანხაა - 5664 ლარი (ხელზე ასაღები).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ ნაწილობრივ შეძლეს დაესაბუთებინათ სააპელაციო საჩივრის მართებულობა, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება გ--------------ასთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; კერძოდ, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას გ--------------ას სასარგებლოდ დაეკისრო მატერიალური ზიანის ანაზღაურება 11435,90 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი
6. სასამართლო ხარჯები
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ” ქვეპუნქტით.
სარეზოლუციონაწილი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება გ--------------ასათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას გ--------------ას სასარგებლოდ დაეკისროთ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 11435.22 ლარის ოდენობით;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება;
5. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6 გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე