განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.12.2019
საქმის ნომერი
330310018002323033
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1425-19

N-30310018002323033

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) ხატია არდაზიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ს-------------------ა“

წარმომადგენლები - გ--------–----–--ე, ი-----–-----------ა, ნ-----------–-ა, ნ------------–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტო

წარმომადგენლები - მ---------------–---–ი, ნ----------ა

 

მესამე პირი - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი

წარმომადგენლები - თ---–------–-–---–ი, ი------------ე

 

მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

წარმომადგენლები - ბ-------------ა, გ--–--------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ს-------------------ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. 2016 წლის 7 ივნისს, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გამოცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი NS----------- სასწრაფო დახმარების ავტომანქანების შესყიდვის მიზნით. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერის პირობებს, სხვა პირობებთან ერთად წარმოადგენდა არანაკლებ 2016 წელს გამოშვებული სასწრაფო დახმარების მანქანების მიწოდება და პრეტენდენტის საქართველოს ბაზარზე არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება. მითითებულ პირობებთან დაკავშირებით, შპს ,,ს-------------------ამ“ შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში, კითხვა-პასუხის მოდულში დასვა კითხვები - შესაძლებელი იყო თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეთავაზება, რომლებიც არის ექსპლუატაციაში არმყოფი, მაგრამ გამოშვების წელი არ არის ,,არანაკლებ 2016 წელი“ და რატომ ზღუდავდა შემსყიდველი ორგანიზაცია კომპანიას, რომელსაც არ გააჩნია ,,საქართველოში ბაზარზე საქმიანობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება“, მაშინ როცა ისინი სთავაზობენ მსოფლიოში ცნობილი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბრენდის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გააჩნია ევრო ქრაშ ტესტის დამადასტურებელი სერტიფიკატი და აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის ყველა სახის მოთხოვნას. კითხვები განხილული იქნა სატენდერო კომისიის მიერ და 2016 წლის 17 ივნისს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის შესახებ, ხოლო იმავე შესყიდვის ობიექტზე სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა 2016 წლის 06 ივლისს კვლავ გამოაცხადა NS----------- ელექტრონული ტენდერი, თუმცა ამჯერად გათვალისწინებული იქნა შპს ,,ს-------------------ას“ კითხვები და ტენდერი გამოცხადდა ზემოაღნიშნული სადავო პირობების გარეშე.

 

აღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო კომისიის 2016 წლის 8 აგვისტოს N- ოქმით გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ს-------------------ა“.

 

NS----------- ელექტრონული ტენდერის შედეგები შპს ,,ჯ----------------მა“ გაასაჩივრა დავების განხილვის საბჭოში. საჩივარში მიუთითა, რომ შპს ,,ს-------------------ას“ მიერ შემსყიდველისათვის შეთავაზებულ მოდელს არ გააჩნია მოთხოვნილი უსაფრთხოების დამადასტურებელი ,,ქრაშ ტესტი“ და მოითხოვა შპს ,,ს-------------------ას“ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ----------------ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სატენდერო კომისიას დაევალა გადაესინჯა 2016 წლის 8 აგვისტოს სხდომის N- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება.

 

სატენდერო კომისიამ იმსჯელა და 2016 წლის 16 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება NS----------- ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 22, 25, 29-30, 33-34, 92-99).

 

1.2.2. 6 ერთეული სასწრაფო დახმარების ავტომანქანის შესყიდვის მიზნით სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ელექტრონული ტენდერები გამოცხადებული იქნა ასევე 2016 წლის 19 სექტემბერს (NS----------- ელექტრონული ტენდერი) და 15 ნოემბერს (NS----------- ელექტრონული ტენდერი).

 

აღნიშნულ ტენდერებში შპს ,,ს-------------------ას“ მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ორივე ტენდერი მის მიერ გასაჩივრებული იქნა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში. საჩივრები არსებითად შეეხებოდა სატენდერო დოკუმენტაციაში არსებულ მოთხოვნას ,,ქრაშ ტესტის“ შესახებ და პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული ავტომანქანების მიერ ,,ქრაშ ტესტის“ გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის საკითხს. ორივე შემთხვევაში დავების განხილვის საბჭოს მიერ გაუქმებული იქნა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებები და კომისიას დაევალა სადავო საკითხების ხელახალი შეფასება, ხოლო კომისიის მიერ სატენდერო პროცედურების გახანგრძლივების გამო, როგორც NS-----------, ასევე NS----------- ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, მიღებული იქნა გადაწყვეტილებები აღნიშნული ტენდერების შეწყვეტის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 35-47; 48-65; ტ. 2, 110-115).

 

1.2.3. 2016 წლის 9 ნოემბერს შპს ,,ს-------------------ამ“ საჩივრით მიმართა სსიპ კონკურენციის სააგენტოს, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების, მათ შორის: სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, შპს ,,ს-------------------ის“ და შპს ,,ჯ----------------ის“ მიმართ, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის და მე-10 მუხლების შესაძლო დარღვევის შესახებ. საჩივარში მიუთითა, რომ შპს ,,ს-------------------ი“ და შპს ,,ჯ----------------ი“ ერთმანეთთან არამართლზომიერ გარიგებაში იმყოფებიან და მიკროავტობუსების (ძირითად შემთხვევაში, სპეციალიზებული) შესყიდვის მიზნით სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში შეთანხმებულად მონაწილეობენ. ასევე აღნიშნა, რომ რიგი შემსყიდველი ორგანიზაციები, სატენდერო პირობების ფორმულირებით, შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას ხელს უშლიან. კერძოდ, შპს ,,ს-------------------ა“ კონკრეტული ტენდერის პირობების მხოლოდ ერთ კომპანიაზე მორგებად განიხილავდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის დაწესებას.

 

სსიპ კონკურენციის სააგენტოს 2016 წლის 23 დეკემბრის N--- ბრძანებით შპს ,,ს-------------------ას“ 2016 წლის 9 ნოემბრის საჩივარი არ იქნა დასაშვებად ცნობილი და მომჩივანს უარი ეთქვა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე.

 

ბრძანებაში საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ განხილული და შეფასებული იქნა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული NS-----------, S-----------, NS----------- ელექტრონული ტენდერების პირობები, მიმდინარეობა და შედეგები, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლთან მიმართებაში. სააგენტომ დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ბაზაში არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ტენდერში კონკურენტული გარემოს შექმნის მცდელობას. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სათანადოდ იყო დასაბუთებული შესასყიდი სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის ,,ქრაშ ტესტის“ აუცილებლობა. ამდენად, სააგენტომ მიიჩნია, რომ მომჩივანი სათანადოდ ვერ ადასტურებდა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტს და შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებდნენ გონივრული ეჭვის სამართლებრივ სტანდარტს, რაც მოკვლევის დაწყების აუცილებელი პირობაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ შპს ,,ს-------------------ას“ საჩივარი არ აკმაყოფილებდა საჩივრის დასაშვებობის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.

 

სსიპ კონკურენციის სააგენტოს 2016 წლის 23 დეკემბრის N--- ბრძანება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში (ტ. 2, ს.ფ. 190-195; 214-234).

 

1.2.4. 2017 წლის 19 სექტემბერს, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გამოცხადებული იქნა N N----------- ელექტრონული ტენდერი სასწრაფო დახმარების ავტომანქანების შესყიდვის მიზნით. სატენდერო დოკუმენტაცია აღარ ითვალისწინებდა მოთხოვნას ,,ქრაშ ტესტის“ შესახებ. აღნიშნული ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში არცერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო მონაწილეობა (ტ. 2, ს.ფ. 267).

 

1.2.5. 2017 წლის 18 ოქტომბერს, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გამოცხადებული იქნა N N----------- ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 10 ერთეული სასწრაფო დახმარების ავტომანქანის შესყიდვის მიზნით. სატენდერო დოკუმენტაცია აღარ ითვალისწინებდა მოთხოვნას ,,ქრაშ ტესტის“ შესახებ. ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია შპს ,,ს-------------------ას“. N----------- ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა შპს ,,ს-------------------მა“ (ტ. 2, ს.ფ. 116-118; ტ. 1, ს.ფ. 66).

 

1.2.6. 2017 წლის 07 აპრილს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული იქნა N N----------- ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 10 ერთეული სასწრაფო დახმარების (რეანომობილი) ავტომანქანის შესყიდვის მიზნით.

 

აღნიშნულ ტენდერში ყველაზე დაბალი შესყიდვის ფასი წარდგენილი იქნა შპს ,,ს-------------------ას“ მიერ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიამ 2017 წლის 1 მაისის სხდომაზე განიხილა შპს ,,ს-------------------ას“ წინადადება და დაადგინა, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი არ იყო სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი რიგი ტექნიკური დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამდენად, შპს ,,ს-------------------ას“ დაევალა არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა, წარედგინა შემდეგი დოკუმენტები: ინფორმაცია ავტომანქანების საგარანტიო და სერვისის პირობების შესახებ; ინფორმაცია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესახებ; შეთავაზებული ავტომანქანის დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, მწარმოებლის მიერ დადგენილი; ავტომანქანის საბაზისო მოდელის დეტალური სქემები და ნახაზები, ზომების მითითებით; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების შიდა აღჭურვის განმახორციელებელი სპეციალიზირებული საწარმო/ქარხნის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერთიფიკატი/სერთიფიკატები; განზრახვათა ხელშეკრულება ან/და შეთანხმების რაიმე სხვა სახის დოკუმენტი სპეციალიზირებულ საწარმო/ქარხანასთან იმის თაობაზე, რომ სპეციალიზირებული საწარმო/ქარხანა უზრუნველყოფს აღნიშნული ტენდერისათვის მისაწოდებელ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების აღჭურვას; ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეთავაზებული ავტომანქანის მარკა არის საქართველოს ან/და ევროკავშირის წევრ ქვეყნების ბაზარზე არსებულ სასწრაფო დახმარების სამსახურებში ,,B” ან ,,C” კატეგორიით. შპს ,,ს-------------------ამ“ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები; ავტომანქანის ევრო 5 სტანდარტის დამადასტურებელი დოკუმენტი; სამედიცინო აპარატურაზე ISO სერთიფიკატები ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად; ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ; ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა საშუალებითაც პრეტენდენტი განახორციელებს ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების სერვისს; დანართი N1 (ფასების ცხრილი) ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული საბოლოო ფასის 1 437 172 ლარის შესაბამისად.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს ,,ს-------------------ას“ მიერ წარდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია. სატენდერო კომისიამ 2017 წლის 10 მაისის სხდომაზე განიხილა პრეტენდენტის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტები და დაადგინა, რომ მათგან სამი დოკუმენტი არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის პირობებს. კერძოდ, სრულად არ იყო წარმოდგენილი მოთხოვნილი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია, არ იყო წარდგენილი იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ შეთავაზებული ავტომანქანები განეკუთვნებოდა სასწრაფო დახმარების სამსახურებში ,,B“ ან ,,C” კატეგორიას და არ იყო წარდგენილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის შიდა აღჭურვის განმახორციელებელი სპეციალიზირებული საწარმო/ქარხნის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს-------------------ა“ დისკვალიფიცირებული იქნა სატენდერო პროცედურებიდან (ტ. 3, ს.ფ. 197-199; ტ. 1, ს.ფ. 68-72).

 

1.2.7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ,,სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის სპეციალიზირებული ავტომანქანების 10 ერთეული რეანომობილის სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 მაისის N- სხდომის ოქმი შპს ,,ს-------------------ამ“ გაასაჩივრა დავების განხილვის საბჭოში.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს-------------------ას“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიას დაევალა გადაესინჯა 2017 წლის 10 მაისის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება.

 

გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ სატენდერო კომისია სხდომის ოქმში არ მსჯელობს თუ რის საფუძველზე არ მიიჩნია შპს ,,ს-------------------ას“ მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ დოკუმენტში მითითებული მახასიათებლები და ,,A---------------------“ ევრაზიის რეგიონის დირექტორატის წერილზე თანდართულ ნახაზებში მოცემული ინფორმაცია ,,მწარმოებლის მიერ დადგენილად.“ ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წლის 10 მაისის N- სხდომის ოქმში არ არის განვითარებული მსჯელობა განიხილა თუ არა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიამ შპს ,,ს-------------------ას“ მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია (ამონაწერი იურიდიული პირების, ფიზიკური პირების - მეწარმეების და სამოქალაქო ფორმირებების ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან შპს ,,ა--------–------ის“ შესახებ; კერძო საწარმო ,,სახელმწიფო ავტოსატრანსპორტო სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის“ მიერ გაცემული უკრაინაში ბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის (WMI) საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნორმის სიმბოლოების (VIS) ბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის (VIN) მწარმოებლის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭების 2013 წლის 26 ივლისის N-26 და 2016 წლის 16 მაისის N-263 მოწმობები; შპს ,,ა--------–------ის“ 2017 წლის 4 მაისის N-- წერილი), შპს ,,ა--------–------ის“ გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებად და რის საფუძველზე. გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ შესაბამის სხდომის ოქმში არ არის განვითარებული მსჯელობა თუ რამდენად განიხილება შპს ,,ა--------–------ის“ სახელზე გაცემული ,,ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სერტიფიკატი სტანდარტების EN ISO შესაბამისად“, რომელიც ძალაში იყო 2016 წლის 14 აგვისტომდე. ამასთან, აღნიშნულია, რომ კომისიამ უნდა იმსჯელოს 2017 წლის 10 მაისის N- სხდომის ოქმში მითითებულ ჩანაწერზე, სადაც სატენდერო კომისია აღნიშნავს, რომ მას გაუჩნდა გონივრული ეჭვი, რომ შპს ,,ა--------–------ის“ რეგისტრაციის თარიღი მიზანმიმართულად იქნა მითითებული არასწორად, შპს ,,ა--------–------ის“ გამოცდილების ვადის გახანგრძლივების მიზნით. ასევე, გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის ფორმულირებიდან არ იკვეთებოდა, რომ პრეტენდენტს უნდა წარედგინა ინფორმაცია 2007 წლის შემდგომ ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის მიერ დადგენილ სასწრაფო მანქანების ტიპებზე, რომლებიც განსაზღვრავს მათ ზომებსა და აღჭურვილობებს. ამდენად, დავების განხილვის საბჭომ მიუთითა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების ჩამოყალიბებისას უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ მოთხოვნა უნდა იყოს კონკრეტული და არ უნდა უშვებდეს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

 

დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიამ 2017 წლის 16 ივნისს გადასინჯა 2017 წლის 10 მაისის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ შპს ,,ს-------------------ას“ მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ორ სადავო პირობას: შეთავაზებული ავტომანქანების ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს და არ იყო წარდგენილი საწარმოს/ქარხნის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, კომისიამ დაადგინა, რომ შპს ,,ს-------------------ას“ მიერ ჩადენილი იქნა არაკეთილსინდისიერი ქმედება, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით. კერძოდ, წარდგენილ დოკუმენტაციაში ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის - შპს ,,ა--------–------ის“ რეგისტრაციის თარიღად მითითებული იყო 29.05.2011 წელი, რაც კომისიის მიერ გადამოწმებული იქნა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე, სადაც აღნიშნული ორგანიზაციის რეგისტრაციის თარიღად მითითებული იყო 29.05.2012წელი. ამასთან, სატენდერო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოსა და უკრაინის იუსტიციის სამინისტროებს შორის ელექტრონული (ფოსტის) მიმოწერის შედეგად დადგინდა, რომ ,,იურიდიული პირების, ფიზიკური პირების-მეწარმეების და საზოგადოებრივი ფორმირებების სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-10 მუხლის თანახმად, დოკუმენტები და მონაცემები, რომლებიც იურიდიული პირების, ფიზიკური პირების-მეწარმეების და სამოქალაქო ფორმირებების ერთიან სახელმწიფო რეესტრში შეტანას ექვემდებარებიან და შეტანილნი არიან მასში, ასეთი დოკუმენტები და მონაცემები ითვლება საიმედოდ და შეიძლება გამოყენებული იქნას მესამე პირთან დავის დროს. ამდენად, სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ დასტურდებოდა, რომ შპს ,,ა--------–------ის“ რეგისტრაციის თარიღია არა 2011 წლის 29 მაისი, არამედ 2012 წლის 29 მაისი. შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ ზემოაღნიშნული ორი პირობის დარღვევისა და არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო, სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს-------------------ა“ დისკვალიფიცირებული იქნა სატენდერო პროცედურებიდან (ტ. 1, ს.ფ. 75-88).

 

1.2.8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ,,სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ფუნქციონირებისათვის სპეციალიზირებული ავტომანქანების 10 ერთეული რეანომობილის სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ივნისის N- სხდომის ოქმი შპს ,,ს-------------------ამ“ გაასაჩივრა დავების განხილვის საბჭოში.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს-------------------ას“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიას დაევალა გადაესინჯა 2017 წლის 16 ივნისის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება.

 

გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიამ უნდა გადასინჯოს შპს ,,ს-------------------ას“ დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო, დეტალურად უნდა იმსჯელოს იმ საკითხზე, თუ რამდენად შეიძლება, რომ შპს ,,ა--------–------ის“ 2017 წლის 4 მაისის N-- წერილი, სადაც მითითებულია, რომ შპს ,,ა--------–------ი“ 5 წელიწადზე მეტია რაც დაკავებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის წარმოებით, ჩაითვალოს ამავე კომპანიის მიერ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტად და რის საფუძველზე, ასევე სატენდერო კომისიამ დეტალურად უნდა იმსჯელოს რას და რატომ ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული სადავო დოკუმენტი/ინფორმაცია და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისთვის საკმარისია მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შორის თუნდაც ერთი შეუსაბამობა. ამდენად, საბჭოს თავის გადაწყვეტილებაში აღარ განუვითარებია მსჯელობა სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1. პუნქტის მოთხოვნასთან (ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია) დაკავშირებით შპს ,,ს-------------------ას“ მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ დოკუმენტებზე/ინფორმაციაზე.

 

დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიამ 2017 წლის 13 ივლისს გადასინჯა 2017 წლის 16 ივნისის N- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ შპს ,,ს-------------------ას“ მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რის გამოც სატენდერო კომისიის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს-------------------ა“ დისკვალიფიცირებული იქნა სატენდერო პროცედურებიდან.

 

გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში არ მსჯელობს სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1. პუნქტის მოთხოვნასთან (ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია) დაკავშირებით შპს ,,ს-------------------ას“ მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ დოკუმენტებზე/ინფორმაციაზე. მეტიც, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისთვის საკმარისია მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შორის თუნდაც ერთი შეუსაბამობა. ამდენად, აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის საფუძვლით, შპს ,,ს-------------------ას“ სატენდერო პროცედურებიდან დისკვალიფიცირების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 91-101).

 

1.2.9. 2017 წლის 12 დეკემბერს სსიპ კონკურენციის სააგენტოს საჩივრით მიმართა შპს ,,ს-------------------ამ“ და მოითხოვა: 1) დაიწყოს საქმის მოკვლევა ურთიერთშეთანხმებული ეკონომიკური აგენტების, შპს ,,ს-------------------ის“, შპს ,,ი-------------ს“, სს ,,ჰ---------------------------–ოს“, შპს ,,კ-----------------------ას“, შპს ,,ჯ----------------ის“ და სს ,,ფ----------ოს“ მიმართ, სახელმწიფო შესყიდვებში I, II, III და IV კლასისა და მარშუტკის ტიპის, სპეც. მანქანების შესყიდვაზე, შეთანხმებული მოქმედების შედეგად კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვის თაობაზე. შეთანხმებული მოქმედებები მდგომარეობს: გაყიდვის ფასების არაპირდაპირ დადგენაში, მომხმარებლის სხვა ნიშნით განაწილებაში, სახელმწიფო შესყიდვებში სატენდერო წინადადების შეთანხმებული პირობების დაწესება; 2) დაიწყოს საქმის მოკვლევა, მოპასუხე შემსყიდველი ორგანიზაციების, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, შპს ,,გ-------------------------ის“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, სახელმწიფო შესყიდვებში I, II, III და IV კლასისა და მარშუტკის ტიპის, სპეც. მანქანების შესყიდვაზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტებისათვის უპირატესობის მინიჭებისა და მომჩივანი ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შეფერხების გზით, კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვის თაობაზე. მოთხოვნის საფუძვლებად მითითებულია: ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები, მე-10 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები და 23-ე მუხლი.

 

სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 23 იანვარს მიღებული იქნა N0---- ბრძანება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ნაწილში, დაუშვებლად იქნა ცნობილი შპს ,,ს-------------------ას“ საჩივარი, მოპასუხე შემსყიდველი ორგანიზაციების - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის და შპს ,,გ--------------------------ის“ მიმართ, თანდართული დასკვნის გათვალისწინებით. აღნიშნული დასკვნის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების სავარაუდო დარღვევის ნაწილში, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან მიმართებით, შპს ,,ს-------------------ას“ საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, ,,განცხადებისა და საჩივრის ფორმების, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის N-0/09-1 ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და გონივრული ეჭვის სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის საფუძველზე, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების სავარაუდო დარღვევის ნაწილში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მიმართებით, შპს ,,ს-------------------ას“ საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი გონივრული ეჭვის სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის საფუძველზე (ტ. 2, ს.ფ. 30-43; 44-61).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევისა. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, ერთი მხრივ, უზრუნველყოს ისეთი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, რომელიც გამორიცხავს კონკურენციის შეზღუდვას და შესაბამისად, მეწარმეთა და მომხმარებელთა უფლებების შელახვას, ხოლო მეორე მხრივ, ჩაერიოს ადეკვატური ზომების გამოყენებით იქ, სადაც ადგილი აქვს ასეთი კონკურენციის შეზღუდვას. ამრიგად, თავისუფალი კონკურენციის, როგორც თავისუფალი მეწარმეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციით დადგენილი ვალდებულებაა.

 

სასამართლომ მხედველობაში მიიღო ყოფილი ევროპული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების 101-ე მუხლი, რომელიც კრძალავს ბაზრის ორ ან მეტ დამოუკიდებელ ოპერატორს შორის ისეთი შეთანხმებების დადებას, რომლებიც ზღუდავს კონკურენციას. ეს დებულება ეხება, როგორც ჰორიზონტალურ შეთანხმებებს (ფაქტობრივ და პოტენციურ კონკურენტებს შორის, რომლებიც მიწოდების ჯაჭვის ერთი და იგივე დონეზე მოქმედებენ), ისე ვერტიკალურ შეთანხმებებს (კომპანიებს შორის, რომლებიც სხვადასხვა დონეზე მოქმედებენ, მაგალითად მწარმოებელსა და დისტრიბუტორს შორის). ევროკავშირის კონტექსტში, 101-ე მუხლის ყველაზე მძიმე დარღვევა არის კონკურენტების მიერ კარტელების შექმნა, რაც იწვევს ფასების ფიქსირებას ან/და ბაზრის დაყოფას. ხელშეკრულების 101-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს აკრძალულ შეთანხმებებს, როგორიცაა ა) შესყიდვის ან გაყიდვის ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა (ფიქსირება); ბ) წარმოების, ბაზრების, ტექნიკური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა; გ) ბაზრების განაწილება; დ) იდენტურ გარიგებებზე განსხვავებული/დისკრიმინაციული პირობების გამოყენება გარკვეულ სავაჭრო პარტნიორებთან, რითაც ხდება მათი კონკურენციულად წამგებიან მდგომარეობაში ჩაყენება; ე) გარიგების პირობად მხარისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულების დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციული თვალსაზრისით დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან. ხელშეკრულების 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბათილია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი აკრძალული შეთანხმება, თუ მასზე არ ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისები. ხელშეკრულების 102-ე მუხლი კრძალავს ბაზარზე კომპანიების მიერ დომინანტური პოზიციის დაკავებას და ამ პოზიციის ბოროტად გამოყენებას, მაგალითად, შეუსაბამო ფასების დაწესებით, წარმოების შეზღუდვით ან მომხმარებელთა ინტერესების საზიანოდ ინოვაციაზე უარის თქმით. დომინირების ბოროტად გამოყენებად ითვლება ა) პირდაპირ ან არაპირდაპირ არასამართლიანი გასაყიდი ან შესაძენი ფასების ან ვაჭრობის სხვა რომელიმე არასამართლიანი პირობის დაწესება; ბ) მომხმარებლის საზიანოდ წარმოების, ბაზრების ან ტექნიკური განვითარების შეზღუდვა; გ) სავაჭრო პარტნიორებთან არათანაბარი პირობების გამოყენება ერთგვაროვანი გარიგებების შემთხვევაში, რითაც მათ აყენებს არათანაბარ პირობებში კონკურენციის თვალსაზრისით; დ) ხელშეკრულების წინაპირობად მეორე მხარისათვის ისეთი ვალდებულებების დაკისრება, რომელიც თავისი ბუნებით ან კომერციული დანიშნულებით არ უკავშირდება ხელშეკრულების ასგანს. აკრძალულია არა დომინირებული მდგომარეობა, არამედ მისი ბოროტად გამოყენება. შესაბამისად ამ მუხლის გამოყენება ხდება შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობისა და ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში. ამასთან, ევროკავშირის წესებით, ამ მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელია, რომ გეოგრაფიული ბაზარი მოიცავდეს მინიმუმ ერთი ქვეყნის მთელ ტერიტორიას. დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრისას, გარდა საბაზრო წილისა ევროკომისია ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: კონკურენტების მდგომარეობა, ბაზარზე შესასვლელი და წარმოების გაფართოების ბარიერები, მასშტაბის ეფექტი, მყიდველის საბაზრო ძალაუფლება, სანედლეულო ბაზების ფაქტორების ხელმისაწვდომობა, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხი, საბაზრო მდგომარეობის სტაბილურობა, ბაზრის განვითარების დონე, მნიშვნელოვანი აქტივებისადმი წვდომა, ფირმისა და მისი კონკურენტების ფინანსური რესურსები და სხვა. გარდა იმისა, რომ ანტიმონოპოლიური უწყებები იყენებენ 101-ე და 102-ე მუხლებს, რომ არ დაუშვან არაჯანსაღი თუ შეზღუდული კონკურენცია, ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული სასამართლოებიც ხელმძღვანელობენ აღნიშნული მუხლებით მომხმარებელთა უფლებების დასაცავად.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ერთის მხრივ, ევროკავშირსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 203-ე მუხლის მიხედვით, მხარეები აცნობიერებენ თავისუფალი და შეუზღუდავი კონკურენციის მნიშვნელობას თავიანთ სავაჭრო ურთიერთობებში. 204-ე მუხლის თანახმად, მხარეებს მათ შესაბამის ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეთ ყოვლისმომცველი კონკურენციის კანონები, რომლებიც ეფექტიანად იქნება მიმართული ანტიკონკურენციულ შეთანხმებებზე, შეთანხმებულ ქმედებებსა და დომინირებული საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიების ერთპიროვნულ ანტიკონკურენციულ ქმედებაზე და რომლებიც ითვალისწინებს შერწყმების ეფექტიან კონტროლს, თავისუფალი კონკურენციის მნიშვნელოვანი შეზღუდვისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით. მხარეებს უნდა გააჩნდეთ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კონკურენციის კანონების ეფექტიან აღსრულებაზე პასუხისმგებელი და შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანო.

 

საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებასთან ერთად და მათგან გამომდინარე, თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაცვის პრინციპებსა და ნორმებს ეროვნულ დონეზე განსაზღვრავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით განისაზღვრება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდველი ქმედებები, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენცია, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და მისი თანამდებობის პირის ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე, რომლებიც, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს ან/და შეუძლია გამოიწვიოს ქვეყნის სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა და აღკვეთა; ასევე, ქვეყნის საზღვრების გარეთ განხორციელებულ ქმედებაზე, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და ზღუდავს მას ან/და არსებითად აუარესებს კონკურენტულ გარემოს.

 

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, კერძოდ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა, ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა, ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

 

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური აგენტი არის პირი, რომელიც, განურჩევლად რეზიდენტობისა, საწარმოს სამართლებრივი ფორმისა, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და სხვა გაერთიანება, რომლებიც არიან ბაზრის მონაწილეები ან/და ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო ამავე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკურენცია არის შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად.

 

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კონკურენციის პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სააგენტო. ამავე კანონის მე-172 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, ამ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

 

აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია აწარმოოს საქმის მოკვლევა წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით, ხოლო 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოში საჩივრის წარდგენის უფლება აქვს მომჩივანს. მან სააგენტოში საჩივართან ერთად უნდა წარადგინოს მტკიცებულებები. მომჩივანი მხარედ განიხილება და ეკისრება მტკიცების ტვირთი.

 

სასამართლომ მიუთითა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტო განცხადების ან/და საჩივრის მიღებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სწავლობს განცხადების ან/და საჩივრის დასაშვებობის საკითხს. თუ განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს განცხადების განხილვაში შესაბამისი ეკონომიკური აგენტის მონაწილეობა და მისცეს მას განცხადების თაობაზე საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა. სააგენტო ვალდებულია საჩივარი აცნობოს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს. მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები საჩივრის თაობაზე. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს წარუდგენს საჩივრის თაობაზე საკუთარ შენიშვნებსა და მოსაზრებებს, სააგენტო საქმის მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. სააგენტო განმცხადებელს ან/და მომჩივანს აცნობებს განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების ან მის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე. სააგენტოს უფლება აქვს, მოსთხოვოს განმცხადებელს ან/და მომჩივანს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა და განუსაზღვროს მისი წარდგენის ვადა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის შეჩერების საფუძველია. განცხადებისა და საჩივრის ფორმებს, მათი წარდგენის წესს და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ვადებს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

 

,,განცხადებისა და საჩივრის ფორმები, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები“ დამტკიცებულია კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-1 ბრძანებით.

 

მითითებული წესის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, განცხადებისა და საჩივრის ფორმები, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები (შემდგომში ,,პროცედურა“) შემუშავებულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“) შესაბამისად. ეს პროცედურა განსაზღვრავს კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში “სააგენტო”) წარსადგენი განცხადების და საჩივრის ფორმებს, მათი წარდგენის წესს, დასაშვებობის პროცედურებსა და ვადებს. ამავე წესის მე-6 მუხლის თანახმად, სააგენტო განცხადების/საჩივრის მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების/საჩივრის ამ პროცედურის მე–5 მუხლისა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონითა და ამ პროცედურის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის დებულებები, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო განცხადებას/საჩივარს შეისწავლის მისი შემოსვლიდან 30 დღის ვადაში. საქმის სირთულიდან გამომდინარე, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 დღით. აღნიშნულ ვადაში სააგენტოს გამოაქვს გადაწყვეტილება საჩივრის/განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება განმცხადებელს/მომჩივანს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს სსიპ კონკურენციის სააგენტოს საჩივრით მიმართა შპს ,,ს-------------------ამ“ და მოითხოვა: 1) დაიწყოს საქმის მოკვლევა ურთიერთშეთანხმებული ეკონომიკური აგენტების, შპს ,,ს-------------------ის“, შპს ,,ი-------------ს“, სს ,,ჰ---------------------------–ოს“, შპს ,,კ-----------------------ას“, შპს ,,ჯ----------------ის“ და სს ,,ფ----------ოს“ მიმართ, სახელმწიფო შესყიდვებში I, II, III და IV კლასისა და მარშუტკის ტიპის, სპეც. მანქანების შესყიდვაზე, შეთანხმებული მოქმედების შედეგად კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვის თაობაზე. შეთანხმებული მოქმედებები მდგომარეობს: გაყიდვის ფასების არაპირდაპირ დადგენაში, მომხმარებლის სხვა ნიშნით განაწილებაში, სახელმწიფო შესყიდვებში სატენდერო წინადადების შეთანხმებული პირობების დაწესება; 2) დაიწყოს საქმის მოკვლევა, მოპასუხე შემსყიდველი ორგანიზაციების, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, შპს ,,გ-------------------------ის“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, სახელმწიფო შესყიდვებში I, II, III და IV კლასისა და მარშუტკის ტიპის, სპეც. მანქანების შესყიდვაზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტებისათვის უპირატესობის მინიჭებისა და მომჩივანი ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შეფერხების გზით, კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვის თაობაზე. მოთხოვნის საფუძვლებად მითითებულია: ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები, მე-10 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები და 23-ე მუხლი.

 

1.3.2. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მოკვლევის წესსა და პროცედურებს განსაზღვრავს ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო მის მიერ საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იწყებს საქმის მოკვლევას და იღებს გადაწყვეტილებას არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო მე-13 პუნქტის შესაბამისად, სააგენტო შეიმუშავებს და ამტკიცებს მოკვლევის წესსა და პროცედურას.

 

,,საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა“ დამტკიცებულია კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-5 ბრძანებით.

 

მითითებული წესის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა (შემდგომში ,,წესი“) შემუშავებულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“) შესაბამისად. ეს წესი განსაზღვრავს კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონკურენციის სააგენტოს (შემდგომში “სააგენტო”) მიერ საქმის მოკვლევის განხორციელების წესსა და პროცედურას, საქმის მოკვლევის პროცესში მონაწილე პირების უფლებებსა და ვალდებულებებს.

 

სასამართლომ მიუთითა ,,საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის“ მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა განცხადების ან საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. საქმის მოკვლევის დაწყების საფუძველია გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ დარღვეულია კანონის შესაბამისი მუხლი. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, განცხადების/საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყების ან მის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს შეუძლია უარი თქვას განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 23 იანვარს მიღებული იქნა N0---- ბრძანება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ნაწილში, დაუშვებლად იქნა ცნობილი შპს ,,ს-------------------ას“ საჩივარი, მოპასუხე შემსყიდველი ორგანიზაციების - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის და შპს ,,გ--------------------------ის“ მიმართ, თანდართული დასკვნის გათვალისწინებით. აღნიშნული დასკვნის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების სავარაუდო დარღვევის ნაწილში, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან მიმართებით, შპს ,,ს-------------------ას“ საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, ,,განცხადებისა და საჩივრის ფორმების, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის N-0/09-1 ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და გონივრული ეჭვის სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის საფუძველზე.

 

1.3.3. სასამართლომ მიუთითა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე, რომლის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტების თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათების დაწესება, რომლებიც მას კონკურენტებთან (პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით უპირატესობას ანიჭებს და ზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო საქმიანობისა და დამოუკიდებლობის აკრძალვა, შეჩერება ან/და სხვაგვარად შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამასთან, სასამართლომ მიუთითა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-1 ბრძანებით დამტკიცებულ ,,განცხადებისა და საჩივრის ფორმების, მათი წარდგენის წესსა და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და ვადებზე“, რომლის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადების ან/და საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარი ან მათ საფუძველზე წარმოებული მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების არსებობა არის, იმავე საკითხზე ან იმავე საფუძვლით ერთი და იმავე პირის მიერ განმეორებით შემოტანილი განცხადების ან/და საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველი თუ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება.

 

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,ს-------------------ას“ მიერ 2017 წლის 12 დეკემბერს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიმართ წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის ერთ-ერთ საფუძველს სწორედ ,,განცხადებისა და საჩივრის ფორმების, მათი წარდგენის წესისა და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი წარმოადგენდა. მოპასუხის პოზიციით, კონკურენციის სააგენტომ შპს ,,ს-------------------ას“ მიერ 2016 წლის 9 ნოემბერს წარდგენილი საჩივრის ფარგლებში ერთხელ უკვე იმსჯელა NS-----------, NS----------- და NS----------- ტენდერების შესახებ, 2017 წლის 12 დეკემბრის საჩივარში კი ახლადაღმოჩენილი გარემოებები არ იკვეთებოდა. ამდენად, ამ ნაწილში შპს ,,ს-------------------ას“ საჩივარი აღნიშნული საფუძვლით, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიუთითებს, რომ ახლადაღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენდა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს გამოცხადებული N------------ ელექტრონული ტენდერი, სადაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ტენდერის პირობებიდან ამოღებული იქნა ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნა, რის გამოც გაიმარჯვა შპს ,,ს-------------------მა“.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის აღნიშნული არგუმენტაცია და მიუთითა, რომ საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ 2016 წლის 9 ნოემბერს შპს ,,ს-------------------ამ“ საჩივრით მიმართა სსიპ კონკურენციის სააგენტოს, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების, მათ შორის: სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, შპს ,,ს-------------------ის“, შპს ,,ჯ----------------ის“ მიმართ, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის და მე-10 მუხლების შესაძლო დარღვევის შესახებ. საჩივარში მიუთითა, რომ შპს ,,ს-------------------ი“ და შპს ,,ჯ----------------ი“ ერთმანეთთან არამართლზომიერ გარიგებაში იმყოფებიან და მიკროავტობუსების (ძირითად შემთხვევაში, სპეციალიზებული) შესყიდვის მიზნით სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში შეთანხმებულად მონაწილეობენ. ასევე აღნიშნა, რომ რიგი შემსყიდველი ორგანიზაციები, სატენდერო პირობების ფორმულირებით, შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას ხელს უშლიან. კერძოდ, შპს ,,ს-------------------ა“ კონკრეტული ტენდერის პირობების მხოლოდ ერთ კომპანიაზე მორგებად განიხილავდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის დაწესებას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ კონკურენციის სააგენტოს მიერ აღნიშნული საჩივრის ფარგლებში განხილული და შეფასებული იქნა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული NS-----------, S-----------, NS----------- ელექტრონული ტენდერების პირობები, მიმდინარეობა და შედეგები, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლთან მიმართებაში. სააგენტომ დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ბაზაში არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ტენდერში კონკურენტული გარემოს შექმნის მცდელობას და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სათანადოდ იყო დასაბუთებული შესასყიდი სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის ,,ქრაშ ტესტის“ აუცილებლობა. ამდენად, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 23 დეკემბრის N--- ბრძანებით შპს ,,ს-------------------ას“ 2016 წლის 9 ნოემბრის საჩივარი არ იქნა დასაშვებად ცნობილი და მომჩივანს უარი ეთქვა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ერთხელ უკვე შეაფასა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული NS-----------, S-----------, NS----------- ელექტრონული ტენდერები და დაადგინა, რომ არ არსებობდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, შპს ,,ს-------------------ას“ მიერ წარდგენილი საჩივრის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველი, რის გამოც 2016 წლის 9 ნოემბრის საჩივარი არ იქნა მიჩნეული დასაშვებად. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ სსიპ კონკურენციის სააგენტოს 2016 წლის 23 დეკემბრის N--- ბრძანება, მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ შპს ,,ს-------------------ას“ არ გაუსაჩივრებია და იგი შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და განმარტა, რომ შპს ,,ს-------------------ას“ მიერ 2017 წლის 12 დეკემბერს წარდგენილ საჩივარში NS-----------, S-----------, NS----------- ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებით, არ იკვეთებოდა ახლადაღმოჩენილი გარემოებები, რის გამოც კონკურენციის სააგენტომ მართებულად მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვინაიდან არსებობდა იმავე საკითხზე, იმავე საფუძვლით და იმავე პირის მიერ შეტანილი საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს გამოცხადებული N----------- ელექტრონული ტენდერი ვერ ჩაითვლება NS-----------, S-----------, NS----------- ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებულ ახლადაღმოჩენილ გარემოებად. სასამართლომ მიუთითა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერის შესყიდვის ობიექტი NS-----------, S-----------, NS----------- ელექტრონულ ტენდერების შესყიდვის ობიექტის იდენტური იყო, არ აქცევს ამ ტენდერს უკვე დასრულებული, გასაჩივრებული, განხილული და გადაწყვეტილი ტენდერების შესაძლო ხელახალი განხილვის საფუძვლად არსებულ ახლადაღმოჩენილ გარემოებას. სასამართლომ განმარტა, რომ N----------- ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე წარმოადგენს დამოუკიდებელ ტენდერს, დამოუკიდებელი პირობებით, რომელიც სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ სასწრაფო დახმარების ავტომანქანების შესყიდვის მიზნით, ხუთი უშედეგოდ დასრულებული ელექტრონული ტენდერის შემდეგ, მეექვსედ იქნა გამოცხადებული. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მათგან ოთხი ტენდერი (NS-----------, NS-----------, S-----------, NS-----------) ვერ შედგა შპს ,,ს-------------------ას“ მიერ მათი დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრების გამო. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ საჩივრები, გარდა NS----------- ტენდერისა, შეეხებოდა ტენდერის პირობებში არსებულ ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სამედიცინო დახმარების ცენტრმა 2017 წლის 19 სექტემბერს, ხოლო შემდგომ 18 ოქტომბერს გამოაცხადა ტენდერი ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის დაწესების გარეშე.

 

საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კონკურენციის სააგენტოს შპს ,,ს-------------------ას“ 2016 წლის 9 დეკემბრის საჩივრის განხილვისას არ უმსჯელია 2017 წლის 18 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერის შესახებ, ამდენად ამ ნაწილში სააგენტომ მოსარჩელის 2017 წლის 12 დეკემბრის საჩივარი დაუშვებლად ცნო გონივრული ეჭვის სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო.

 

სასამართლომ მიუთითა სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის N-0/09-5 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის“ მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა განცხადების ან საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. საქმის მოკვლევის დაწყების საფუძველია გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ დარღვეულია კანონის შესაბამისი მუხლი. სასამართლომ აღნიშნა, რომ გონივრული ეჭვის ცნება საქართველოს კანონმდებლობით განმარტებული არ არის. ამდენად, სსიპ კონკურენციის სააგენტოს, როგორც კონკურენციის სამართლის აღმასრულებელ და კონკურენციის პოლიტიკის განმახორციელებელ ორგანოს, უფლება აქვს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი გონივრული ეჭვის სტანდარტს. ამასთან, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოში საჩივრის წარდგენის უფლება აქვს მომჩივანს. მან სააგენტოში საჩივართან ერთად უნდა წარადგინოს მტკიცებულებები. მომჩივანი მხარედ განიხილება და ეკისრება მტკიცების ტვირთი.

 

განსახილველ შემთხვევაში სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს გამოცხადებულ ტენდერში კონკურენციის შემზღუდველ პირობად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო პირობებიდან ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის ამოღების ფაქტს.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლს, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილება განსაზღვრავს მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნების მინიმალურ სტანდარტს, ხოლო შემსყიდველ ორგანიზაციას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება თავად განსაზღვროს პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სატენდერო დოკუმენტაციიდან ამოეღო ,,ქრაშ ტესტის“ შესახებ მოთხოვნა, ვინაიდან ტენდერების ჩაშლა სწორედ ამ მოთხოვნას უკავშირდებოდა, კერძოდ, პრეტენდენტების მიერ ვერ ხდებოდა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ისეთი ავტომანქანების შეთავაზება, რომლებიც სატენდერო დოკუმენტაციაში არსებულ ,,ქრაშ ტესტის“ შესახებ მოთხოვნის პირობას აკმაყოფილებდნენ, რაც იწვევდა ტენდერების გასაჩივრებას და შესყიდვის პროცედურების გახანგრძლივებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაიზიარა კონკურენციის სააგენტოს პოზიცია და მიუთითა, რომ სატენდერო დოკუმენტაციიდან ,,ქრაშ ტესტის“ შესახებ მოთხოვნის ამოღება, თავის მხრივ ვერ ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევად. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ავტომობილების შესყიდვის მიზნით 2016 წლის განმავლობაში გამოცხადებული სამი ტენდერი სწორედ სატენდერო დოკუმენტაციაში ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის არსებობის გამო არ შედგა. ამდენად, ,,ქრაშ ტესტის“ ამოღებით შემსყიდველმა ორგანიზაციამ გააფართოვა იმ პირთა წრე, ვისაც შეიძლებოდა მონაწილეობა მიეღო ტენდერში, მათ შორის ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ იმ პრეტენდენტებსაც, ვინც წინა ტენდერებში ვერ მიიღეს მონაწილეობა ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის გამო ან ვერ დააკმაყოფილეს აღნიშნული პირობა. ამდენად, შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედება ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის ამოღების შესახებ არ წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველ ქმედებას, პირიქით, აღნიშნული მოქმედებით სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ხელი შეუწყო ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და საშუალება მისცა ეკონომიკურ აგენტებს, მათ შორის შპს ,,ს-------------------ასაც“ ჩართულიყვნენ სატენდერო პროცედურებში. სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის გარეშე ტენდერის გამოცხადების მომენტისთვის შპს ,,ს-------------------ა“ სხვა ტენდერებში არაკეთილსინდისიერი ქმედებების ჩადენის გამო შავ სიაში იყო რეგისტრირებული, შემსყიდველ ორგანიზაციას ვერ დააბრკოლებდა ხუთი უშედეგოდ გამოცხადებული ტენდერის შემდგომ, სატენდერო პროცედურების გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, გამარტივებული პირობებით გამოეცხადებინა ელექტრონული ტენდერი და შეესყიდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანები. ამდენად, მოსარჩელე მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა სატენდერო პირობები კონკრეტულ ეკონომიკურ აგენტს მოარგო და მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის გარეშე ტენდერი, რაც შპს ,,ს-------------------ა“ შავ სიაში იქნა რეგისტრირებული და იგი მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა ტენდერში, სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია. სასამართლომ განმარტა, რომ ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის გარეშე ტენდერი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ 2017 წლის 19 სექტემბერსაც იქნა გამოცხადებული, თუმცა მასში არცერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო მონაწილეობა, რის გამოც ტენდერი არ შედგა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სასწრაფო დახმარების ავტომობილების შესყიდვის მიზნით სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ თავდაპირველად, 2016 წლის 7 ივნისს გამოცხადებული ტენდერი ცენტრმა სწორედ შპს ,,ს-------------------ას“ მიერ წარდგენილი კითხვების გამო შეწყვიტა, სრულად გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი შენიშვნები და მომდევნო ელექტრონული ტენდერი შპს ,,ს-------------------ას“ მიერ დაყენებული სადავო პირობების გარეშე გამოაცხადა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არ წარმოიშობა გონივრული ეჭვი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, რის გამოც არ არსებობდა კონკურენციის სააგენტოს მიერ შპს ,,ს-------------------ას“ 2017 წლის 12 დეკემბრის საჩივრის საფუძველზე, მოკვლევის დაწყების საფუძველი.

 

1.3.4. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 23 იანვრის N0---- ბრძანებას სადავოდ ხდის ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, შპს ,,ს-------------------ას“ მიერ წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად ცნობის ნაწილში. აღნიშნული ბრძანების თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მიმართებით, მოსარჩელე მხარის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი ასევე გონივრული ეჭვის სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო. სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, მოსარჩელე აპლირებს იმ გარემოებაზე, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან შპს ,,ს-------------------ას“ დისკვალიფიკაცია დაუსაბუთებელი მიზეზებით ხდებოდა იმისთვის, რომ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულიყო მის მიერ წინასწარ შერჩეული პრეტენდენტი.

 

საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 07 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული იქნა N N----------- ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 10 ერთეული სასწრაფო დახმარების (რეანომობილი) ავტომანქანის შესყიდვის მიზნით. აღნიშნულ ტენდერში ყველაზე დაბალი შესყიდვის ფასი წარდგენილი იქნა შპს ,,ს-------------------ას“ მიერ, თუმცა 2017 წლის 1 მაისის სხდომაზე კომისიამ დაადგინა, რომ პრეტენდენტის მიერ სრულად არ იყო წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დოკუმენტები და განუსაზღვრა მას დამატებითი ვადა დოკუმენტაციის წარსადგენად. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის გამო, სატენდერო კომისიის მიერ სამჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება შპს ,,ს-------------------ას“ სატენდერო პროცედურებიდან დისკვალიფიკაციის შესახებ. მათგან ორი გადაწყვეტილება პრეტენდენტის მიერ გასაჩივრებული იქნა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში, თუმცა საბჭოს მიერ საჩივრები არცერთხელ არ ყოფილა სრულად დაკმაყოფილებული. ორივე შემთხვევაში შპს ,,ს-------------------ას“ საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სატენდერო კომისიას დაევალა დეტალურად ემსჯელა პრეტენდენტის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტებისა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პირობების შესაბამისობაზე. გასათვალისწინებელია, რომ 2017 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ შპს ,,ს-------------------ას“ მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ორ სადავო პირობას: შეთავაზებული ავტომანქანების ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს და არ იყო წარდგენილი საწარმოს/ქარხნის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად, დავების განხილვის საბჭოს მიერ 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საბჭომ აღარ იმსჯელა ტექნიკური მახასიათებლების შესახებ წარდგენილ დოკუმენტზე და მიუთითა, რომ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისთვის საკმარისია მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შორის თუნდაც ერთი შეუსაბამობა. საბოლოოდ კი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიამ 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს-------------------ას“ დისკვალიფიკაცია განახორციელა მხოლოდ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ ტენდერის პირობები შპს ,,ს-------------------ასთვის“ ცნობილი იყო ტენდერის გამოცხადებისას და ისინი მას სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, გაუგებარია რატომ თვლის მოსარჩელე მის მიერ აღნიშნული პირობების შეუსრულებლობის გამო სატენდერო პროცედურებიდან დისკვალიფიკაციას, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან კონკურენციის შემზღუდველ ქმედებად, მაშინ როცა სატენდერო პირობები მოსარჩელისათვის თავიდანვე იყო ცნობილი, თუმცა აღნიშნული პირობების შესახებ შპს ,,ს-------------------ას“ არანაირი პრეტენცია არ გამოუთქვამს და მონაწილეობა მიიღო N----------- ელექტრონულ ტენდერში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შპს ,,ს-------------------ამ“ მხოლოდ მას შემდეგ მიიჩნია ტენდერის პირობები კონკურენციის შემზღუდველად, რაც მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები სატენდერო კომისიამ სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ პირობებთან შეუსაბამოდ მიიჩნია და მიიღო გადაწყვეტილება მისი დისკვალიფიკაციის შესახებ. შპს ,,ს-------------------ას“ მიერ წარდგენილი დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა და ამდენად, დისკვალიფიკაციის შესახებ სატენდერო კომისიის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება კი ცდება მოცემული დავის ფარგლებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და მიიჩნია, რომ შპს ,,ს-------------------ას“ მიერ კონკურენციის სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოძიებული ინფორმაციისა და დოკუმენტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე არ დგინდებოდა გონივრული ეჭვი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის თაობაზე, რის გამოც სააგენტომ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლით არ არსებობდა ამ ნაწილში შპს ,,ს-------------------ას“ მიერ წარდგენილი საჩივრის დასაშვებობის საფუძველი.

 

სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია, მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ორი აბსოლუტური საფუძველი: გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი) და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია, მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება (სსკ-ის 394-ე მუხლი „ე1“ ქვეპუნქტი).

 

აპელანტის მოსაზრებით, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ, გასაჩივრებულ ტენდერებთან დაკავშირებით, სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა „ს-------------------ას“ დასაბუთება, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის იმავე ობიექტზე გამოცხადებული ახალი ტენდერი წარმოადგენდა ახლადაღმოჩენილ გარემოებას იმ ტენდერთან მიმართებით, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის მიერ განხილული იყო შპს „ს-------------------ას“ 2016 წლის 9 ნოემბრის საჩივრის ფარგლებში. აღნიშნულ ტენდერებს შორის კავშირს ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარე, როდესაც აღნიშნავს, რომ „ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის არსებობის გამო ტენდერების შეწყვეტიდან გამომდინარე, შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2017 წლის 10 ოქტომბერს გამოაცხადა ახალი ტენდერი „ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის გარეშე. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარისათვის ნათელია, რომ ტენდერი, ნომრით: N-----------, შეეხებოდა იმავე ობიექტის შესყიდვას, რასაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ შპს „ს-------------------ა“ უფრო ადრინდელი საჩივრის ფარგლებში განხილული ტენდერები და მოწინააღმდეგე მხრეს ხელახლა უნდა შეესწავლა აღნიშნული ტენდერები, ახლადაღმოჩენილი გარემოების გამო.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლომაც დაინახა ზემოაღნიშნულ ტენდერებს შორის კავშირი, როდესაც მიუთითა, რომ „ხუთი უშედეგოდ დასრულებული ელექტრონული ტენდერის შემდეგ, მეექვსედ იქნა გამოცხადებული ტენდერი“. სასამართლო ტენდენციურია, როდესაც მიუთითებს, რომ ტენდერების გაუქმება ხდებოდა შპს „ს-------------------ას“ საჩივრების გამო. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონკურენციის სააგენტოსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრება წარმოადგენს კანონით მინიჭებულ უფლებას, რომლითაც შპს „ს-------------------ას“ არ უსარგებლია ბოროტად. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ შპს „ს-------------------ას“ 2016 წლის 9 ნოემბრის საჩივრის ფარგლებში საქმის მოკვლევისას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სათანადოდ იყო დასაბუთებული შესყიდვის ობიექტზე „ქრაშ ტესტის“ არსებობის აუცილებლობა. შპს „ს-------------------ას“ ახალი 2018 წლის 12 დეკემბრის საჩივრის ფარგლებში მოწინააღმდეგე მხარე ავითარებს წინააღმდეგობრივ მსჯელობას, რომ 2017 წლის 10 ოქტომბრის ტენდერში, ნომრით: N-----------, „ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის ამოღება ემსახურება კონკურენტული გარემოს ხელშეწყობას. აღნიშნულ ნაწილში მოწინააღმდეგე მხარეს ფორმალური საფუძვლით რომ არ ეთქვა უარი შპს „ს-------------------ას“ საჩივრის განხილვაზე, დაინახავდა შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებას, მისი რჩეული პრეტენდენტის წარმატების ხელშეწყობისათვის, რის შედეგადაც მოსალოდნელია, რომ შპს „ს-------------------ას“ სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდა მოწინააღმდეგე მხარე.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ გასაჩივრებულ ტენდერთან დაკავშირებით აპელანტი მიუთითებს, რომ შპს „ს-------------------ა“ სასარჩელო მოთხოვნით ასაჩივრებდა არა სატენდერო პირობებს, არამედ აღნიშნული პირობების შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ისეთ არაგონივრულ განმარტებას, რაც არ გამომდინარეობდა მოთხოვნის შინაარსიდან და რომელის საფუძველზეც დაუსაბუთებლად ხდებოდა კომპანიის დისკვალიფიკაცია ტენდერიდან. შპს „ს-------------------ას“ აღნიშნული პოზიცია გაიზიარა კონკურენციის სააგენტოსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომაც, როდესაც შემსყიდველ ორგანიზაციას მიუთითა, რომ სატენდერო პირობები ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ არ იძლეოდეს ორაზროვანი განმარტების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან სატენდერო პირობების განმარტება ხდებოდა შპს „ს-------------------ას“ საწინააღმდეგოდ. სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის ფარგლები, როდესაც მიუთითა, რომ მის დავის ფარგლებს სცდებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „ს-------------------ას“ დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ს-------------------ას“ მიერ გასაჩივრებულია მოწინააღმდეგე მხარის ბრძანება, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს უნდა შეესწავლა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კომპანიის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისობა კონკურენციის კანონმდებლობასთან. სასამართლოს აღნიშნულ დავაში უნდა შეეფასებინა: რამდენად სწორად შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარემ და შესაბამისად, უნდა შეეფასებინა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „ს-------------------ას“ დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

3.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ვრცელდება ეკონომიკური აგენტის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და მისი თანამდებობის პირის ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე, რომლებიც, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს ან/და შეუძლია გამოიწვიოს ქვეყნის სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა და აღკვეთა; ასევე, ქვეყნის საზღვრების გარეთ განხორციელებულ ქმედებაზე, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და ზღუდავს მას ან/და არსებითად აუარესებს კონკურენტულ გარემოს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, კერძოდ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა, ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა, ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური აგენტი არის პირი, რომელიც, განურჩევლად რეზიდენტობისა, საწარმოს სამართლებრივი ფორმისა, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და სხვა გაერთიანება, რომლებიც არიან ბაზრის მონაწილეები ან/და ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას, ხოლო ამავე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკურენცია არის შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად. ამავე კანონის 16.1 მუხლის თანახმად, კონკურენციის პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სააგენტო, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია, ამავე კანონის მე-172.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არის კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, ამ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

 

აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტების თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათების დაწესება, რომლებიც მას კონკურენტებთან (პოტენციურ კონკურენტებთან) შედარებით უპირატესობას ანიჭებს და ზღუდავს კონკურენციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო საქმიანობისა და დამოუკიდებლობის აკრძალვა, შეჩერება ან/და სხვაგვარად შეფერხება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 30.09.2014წ. №30/09-1 ბრძანებით დამტკიცებულია ,,განცხადებისა და საჩივრის ფორმები, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები“. აღნიშნული ბრძანების მე-6 მუხლის თანახმად, სააგენტო განცხადების/საჩივრის მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების/საჩივრის ამ პროცედურის მე–5 მუხლისა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონითა და ამ პროცედურის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის დებულებები, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო განცხადებას/საჩივარს შეისწავლის მისი შემოსვლიდან 30 დღის ვადაში. საქმის სირთულიდან გამომდინარე, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 დღით. აღნიშნულ ვადაში სააგენტოს გამოაქვს გადაწყვეტილება საჩივრის/განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება განმცხადებელს/მომჩივანს. მითითებული ბრძანების 12.3 მუხლის თანახმად, განცხადების ან/და საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარი ან მათ საფუძველზე წარმოებული მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების არსებობა არის, იმავე საკითხზე ან იმავე საფუძვლით ერთი და იმავე პირის მიერ განმეორებით შემოტანილი განცხადების ან/და საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველი თუ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება.

 

პალატა ასევე მიუთითებს „კონკურენციის შესახებ“ კანონის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 30.09.2014წ. №30/09-5 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქმის მოკვლევის წესსა და პროცედურაზე“. აღნიშნული „წესის“ მეორე მუხლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა განცხადების ან საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. საქმის მოკვლევის დაწყების საფუძველია გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ დარღვეულია კანონის შესაბამისი მუხლი. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, განცხადების/საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყების ან მის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს შეუძლია უარი თქვას განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს სსიპ კონკურენციის სააგენტოს საჩივრით მიმართა შპს ,,ს-------------------ამ“ და მოითხოვა: 1) დაიწყოს საქმის მოკვლევა ურთიერთშეთანხმებული ეკონომიკური აგენტების, შპს ,,ს-------------------ის“, შპს ,,ი-------------ს“, სს ,,ჰ---------------------------–ოს“, შპს ,,კ-----------------------ას“, შპს ,,ჯ----------------ის“ და სს ,,ფ----------ოს“ მიმართ, სახელმწიფო შესყიდვებში I, II, III და IV კლასისა და მარშუტკის ტიპის, სპეც. მანქანების შესყიდვაზე, შეთანხმებული მოქმედების შედეგად კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვის თაობაზე. შეთანხმებული მოქმედებები მდგომარეობს: გაყიდვის ფასების არაპირდაპირ დადგენაში, მომხმარებლის სხვა ნიშნით განაწილებაში, სახელმწიფო შესყიდვებში სატენდერო წინადადების შეთანხმებული პირობების დაწესება; 2) დაიწყოს საქმის მოკვლევა, მოპასუხე შემსყიდველი ორგანიზაციების, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, შპს ,,გ-------------------------ის“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, სახელმწიფო შესყიდვებში I, II, III და IV კლასისა და მარშუტკის ტიპის, სპეც. მანქანების შესყიდვაზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტებისათვის უპირატესობის მინიჭებისა და მომჩივანი ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შეფერხების გზით, კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვის თაობაზე. მოთხოვნის საფუძვლებად მითითებულ იქნა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები, მე-10 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები და 23-ე მუხლი.

 

სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 23.01.2018წ. N0---- ბრძანების მეორე პუნქტით, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ნაწილში დაუშვებლად იქნა ცნობილი შპს ,,ს-------------------ას“ საჩივარი, მოპასუხე შემსყიდველი ორგანიზაციების - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის და შპს ,,გ--------------------------ის“ მიმართ, თანდართული დასკვნის გათვალისწინებით. აღნიშნული დასკვნის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების სავარაუდო დარღვევის ნაწილში, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან მიმართებით, შპს ,,ს-------------------ას“ საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, ,,განცხადებისა და საჩივრის ფორმების, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის N-0/09-1 ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და გონივრული ეჭვის სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ შპს ,,ს-------------------ას“ მიერ 2017 წლის 12 დეკემბერს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიმართ წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის ერთ-ერთ საფუძველს სწორედ ,,განცხადებისა და საჩივრის ფორმების, მათი წარდგენის წესისა და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი წარმოადგენდა. მოპასუხის პოზიციით, კონკურენციის სააგენტომ შპს ,,ს-------------------ას“ მიერ 2016 წლის 9 ნოემბერს წარდგენილი საჩივრის ფარგლებში ერთხელ უკვე იმსჯელა NS-----------, NS----------- და NS----------- ტენდერების შესახებ, 2017 წლის 12 დეკემბრის საჩივარში კი ახლადაღმოჩენილი გარემოებები არ იკვეთებოდა. ამდენად, ამ ნაწილში შპს ,,ს-------------------ას“ საჩივარი აღნიშნული საფუძვლით, დაუშვებლად იქნა ცნობილი. მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიუთითებს, რომ ახლადაღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენდა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს გამოცხადებული N------------ ელექტრონული ტენდერი, სადაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ტენდერის პირობებიდან ამოღებული იქნა ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნა, რის გამოც გაიმარჯვა შპს ,,ს-------------------მა“.

 

სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელის ზემოაღნიშნული არგუმენტაცია, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ 09.11.2016წ. შპს ,,ს-------------------ამ“ საჩივრით მიმართა სსიპ კონკურენციის სააგენტოს, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების, მათ შორის: სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, შპს ,,ს-------------------ის“, შპს ,,ჯ----------------ის“ მიმართ, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის და მე-10 მუხლების შესაძლო დარღვევის შესახებ. საჩივარში მიუთითა, რომ შპს ,,ს-------------------ი“ და შპს ,,ჯ----------------ი“ ერთმანეთთან არამართლზომიერ გარიგებაში იმყოფებიან და მიკროავტობუსების (ძირითად შემთხვევაში, სპეციალიზებული) შესყიდვის მიზნით სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში შეთანხმებულად მონაწილეობენ. ასევე აღნიშნა, რომ რიგი შემსყიდველი ორგანიზაციები, სატენდერო პირობების ფორმულირებით, შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას ხელს უშლიან. კერძოდ, შპს ,,ს-------------------ა“ კონკრეტული ტენდერის პირობების მხოლოდ ერთ კომპანიაზე მორგებად განიხილავდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის დაწესებას. სსიპ კონკურენციის სააგენტომ აღნიშნული საჩივრის ფარგლებში განიხილა და შეაფასა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული NS-----------, S-----------, NS----------- ელექტრონული ტენდერების პირობები, მიმდინარეობა და შედეგები, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლთან მიმართებაში. სააგენტომ დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ბაზაში არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ტენდერში კონკურენტული გარემოს შექმნის მცდელობას და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სათანადოდ იყო დასაბუთებული შესასყიდი სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის ,,ქრაშ ტესტის“ აუცილებლობა. ამდენად, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 23.12.2016წ. N--- ბრძანებით შპს ,,ს-------------------ას“ 09.11.2016წ. საჩივარი არ იქნა დასაშვებად ცნობილი და მომჩივანს უარი ეთქვა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ერთხელ უკვე შეაფასა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული NS-----------, S-----------, NS----------- ელექტრონული ტენდერები და დაადგინა, რომ არ არსებობდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, შპს ,,ს-------------------ას“ მიერ წარდგენილი საჩივრის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველი, რის გამოც 09.11.2016წ. საჩივარი არ იქნა მიჩნეული დასაშვებად. ამასთანავე, სსიპ კონკურენციის სააგენტოს 23.12.2016წ. N--- ბრძანება მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ შპს ,,ს-------------------ას“ არ გაუსაჩივრებია და იგი შესულია კანონიერ ძალაში.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შპს ,,ს-------------------ას“ მიერ 12.12.2017წ. წარდგენილ საჩივარში, NS-----------, S-----------, NS----------- ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებით არ იკვეთებოდა ახლადაღმოჩენილი გარემოებები, რის გამოც, კონკურენციის სააგენტომ მართებულად მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვინაიდან არსებობდა იმავე საკითხზე, იმავე საფუძვლით და იმავე პირის მიერ შეტანილი საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ 18.10.2017წ. გამოცხადებული N----------- ელექტრონული ტენდერი ვერ ჩაითვლება NS-----------, S-----------, NS----------- ელექტრონულ ტენდერებთან დაკავშირებულ ახლადაღმოჩენილ გარემოებად. მხოლოდ ის გარემოება, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერის შესყიდვის ობიექტი NS-----------, S-----------, NS----------- ელექტრონულ ტენდერების შესყიდვის ობიექტის იდენტური იყო, არ აქცევს ამ ტენდერს უკვე დასრულებული, გასაჩივრებული, განხილული და გადაწყვეტილი ტენდერების შესაძლო ხელახალი განხილვის საფუძვლად არსებულ ახლადაღმოჩენილ გარემოებას. N----------- ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე წარმოადგენს დამოუკიდებელ ტენდერს, დამოუკიდებელი პირობებით, რომელიც სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ სასწრაფო დახმარების ავტომანქანების შესყიდვის მიზნით, ხუთი უშედეგოდ დასრულებული ელექტრონული ტენდერის შემდეგ, მეექვსედ იქნა გამოცხადებული. დადგენილია, რომ მათგან ოთხი ტენდერი (NS-----------, NS-----------, S-----------, NS-----------) ვერ შედგა შპს ,,ს-------------------ას“ მიერ მათი დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრების გამო. ამასთანავე, საჩივრები, გარდა NS----------- ტენდერისა, შეეხებოდა ტენდერის პირობებში არსებულ ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სამედიცინო დახმარების ცენტრმა 2017 წლის 19 სექტემბერს, ხოლო შემდგომ 18 ოქტომბერს გამოაცხადა ტენდერი ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის დაწესების გარეშე. ამასთანავე, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ კონკურენციის სააგენტოს შპს ,,ს-------------------ას“ 09.12.2016წ. საჩივრის განხილვისას არ უმსჯელია 18.10.2017წ. გამოცხადებული ტენდერის შესახებ, ამდენად ამ ნაწილში სააგენტომ მოსარჩელის 12.12.2017წ. საჩივარი დაუშვებლად ცნო გონივრული ეჭვის სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო.

 

3.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 06.02.2014წ. N121 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი” ადგენს მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნების მინიმალურ სტანდარტს, ხოლო შემსყიდველ ორგანიზაციას გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება თავად განსაზღვროს პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, სატენდერო დოკუმენტაციიდან ამოეღო ,,ქრაშ ტესტის“ შესახებ მოთხოვნა, ვინაიდან ტენდერების ჩაშლა სწორედ ამ მოთხოვნას უკავშირდებოდა, კერძოდ, პრეტენდენტების მიერ ვერ ხდებოდა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ისეთი ავტომანქანების შეთავაზება, რომლებიც სატენდერო დოკუმენტაციაში არსებულ ,,ქრაშ ტესტის“ შესახებ მოთხოვნის პირობას აკმაყოფილებდნენ, რაც იწვევდა ტენდერების გასაჩივრებას და შესყიდვის პროცედურების გახანგრძლივებას. პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ სატენდერო დოკუმენტაციიდან ,,ქრაშ ტესტის“ შესახებ მოთხოვნის ამოღება ვერ ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევად. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ ავტომობილების შესყიდვის მიზნით 2016 წლის განმავლობაში გამოცხადებული სამი ტენდერი სწორედ სატენდერო დოკუმენტაციაში ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის არსებობის გამო არ შედგა. ამდენად, ,,ქრაშ ტესტის“ ამოღებით შემსყიდველმა ორგანიზაციამ გააფართოვა იმ პირთა წრე, ვისაც შეიძლებოდა მონაწილეობა მიეღო ტენდერში, მათ შორის ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ იმ პრეტენდენტებსაც, ვინც წინა ტენდერებში ვერ მიიღეს მონაწილეობა ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის გამო ან ვერ დააკმაყოფილეს აღნიშნული პირობა. ამდენად, შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედება ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის ამოღების შესახებ არ წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველ ქმედებას, პირიქით, აღნიშნული მოქმედებით სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ხელი შეუწყო ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და საშუალება მისცა ეკონომიკურ აგენტებს, მათ შორის, შპს ,,ს-------------------ასაც“, ჩართულიყვნენ სატენდერო პროცედურებში. ის გარემოება, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის გარეშე ტენდერის გამოცხადების მომენტისთვის შპს ,,ს-------------------ა“ სხვა ტენდერებში არაკეთილსინდისიერი ქმედებების ჩადენის გამო შავ სიაში იყო რეგისტრირებული, შემსყიდველ ორგანიზაციას ვერ დააბრკოლებდა ხუთი უშედეგოდ გამოცხადებული ტენდერის შემდგომ, სატენდერო პროცედურების გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, გამარტივებული პირობებით გამოეცხადებინა ელექტრონული ტენდერი და შეესყიდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანები. მოსარჩელე მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა სატენდერო პირობები კონკრეტულ ეკონომიკურ აგენტს მოარგო და მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის გარეშე ტენდერი, რაც შპს ,,ს-------------------ა“ შავ სიაში იქნა რეგისტრირებული და იგი მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა ტენდერში, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ,,ქრაშ ტესტის“ მოთხოვნის გარეშე ტენდერი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ 2017 წლის 19 სექტემბერსაც იქნა გამოცხადებული, თუმცა მასში არცერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო მონაწილეობა, რის გამოც ტენდერი არ შედგა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სასწრაფო დახმარების ავტომობილების შესყიდვის მიზნით სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ თავდაპირველად, 2016 წლის 7 ივნისს გამოცხადებული ტენდერი ცენტრმა სწორედ შპს ,,ს-------------------ას“ მიერ წარდგენილი კითხვების გამო შეწყვიტა, სრულად გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი შენიშვნები და მომდევნო ელექტრონული ტენდერი შპს ,,ს-------------------ას“ მიერ დაყენებული სადავო პირობების გარეშე გამოაცხადა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არ წარმოიშობა გონივრული ეჭვი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, რის გამოც არ არსებობდა კონკურენციის სააგენტოს მიერ შპს ,,ს-------------------ას“ 2017 წლის 12 დეკემბრის საჩივრის საფუძველზე, მოკვლევის დაწყების საფუძველი.

 

3.4. აპელანტი, სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 23.01.2018წ. N0---- ბრძანებას სადავოდ ხდის ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, შპს ,,ს-------------------ას“ მიერ წარდგენილი საჩივრის დაუშვებლად ცნობის ნაწილში. აღნიშნული ბრძანების თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მიმართებით, მოსარჩელე მხარის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი ასევე გონივრული ეჭვის სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო. მოსარჩელე აპლირებს იმ გარემოებაზე, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან შპს ,,ს-------------------ას“ დისკვალიფიკაცია დაუსაბუთებელი მიზეზებით ხდებოდა იმისთვის, რომ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულიყო მის მიერ წინასწარ შერჩეული პრეტენდენტი.

 

სააპელაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 07.04.2017წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა N----------- ელექტრონული ტენდერი, აუქციონის გარეშე 10 ერთეული სასწრაფო დახმარების (რეანომობილი) ავტომანქანის შესყიდვის მიზნით. აღნიშნულ ტენდერში ყველაზე დაბალი შესყიდვის ფასი წარდგენილ იქნა შპს ,,ს-------------------ას“ მიერ, თუმცა 01.05.2017წ. სხდომაზე კომისიამ დაადგინა, რომ პრეტენდენტის მიერ სრულად არ იყო წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დოკუმენტები და განუსაზღვრა მას დამატებითი ვადა დოკუმენტაციის წარსადგენად. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის გამო, სატენდერო კომისიის მიერ სამჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება შპს ,,ს-------------------ას“ სატენდერო პროცედურებიდან დისკვალიფიკაციის შესახებ. მათგან ორი გადაწყვეტილება პრეტენდენტის მიერ გასაჩივრებული იქნა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში, თუმცა საბჭოს მიერ საჩივრები არცერთხელ არ ყოფილა სრულად დაკმაყოფილებული. ორივე შემთხვევაში შპს ,,ს-------------------ას“ საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სატენდერო კომისიას დაევალა დეტალურად ემსჯელა პრეტენდენტის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტებისა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პირობების შესაბამისობაზე. 06.06.2017წ. გადაწყვეტილებით სატენდერო კომისიამ დაადგინა, რომ შპს ,,ს-------------------ას“ მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ორ სადავო პირობას: შეთავაზებული ავტომანქანების ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს და არ იყო წარდგენილი საწარმოს/ქარხნის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად, დავების განხილვის საბჭომ 06.07.2017წ. გადაწყვეტილებაში აღარ იმსჯელა ტექნიკური მახასიათებლების შესახებ წარდგენილ დოკუმენტზე და მიუთითა, რომ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისთვის საკმარისია მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შორის თუნდაც ერთი შეუსაბამობა. საბოლოოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიამ 13.07.2017წ. გადაწყვეტილებით შპს ,,ს-------------------ას“ დისკვალიფიკაცია განახორციელა მხოლოდ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო.

 

საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ტენდერის პირობები შპს ,,ს-------------------ასთვის“ ცნობილი იყო ტენდერის გამოცხადებისას და ისინი მას სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, გაუგებარია, რატომ თვლის მოსარჩელე მის მიერ აღნიშნული პირობების შეუსრულებლობის გამო სატენდერო პროცედურებიდან დისკვალიფიკაციას, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან კონკურენციის შემზღუდველ ქმედებად, მაშინ როცა სატენდერო პირობები მოსარჩელისათვის თავიდანვე იყო ცნობილი, თუმცა აღნიშნული პირობების შესახებ შპს ,,ს-------------------ას“ არანაირი პრეტენცია არ გამოუთქვამს და მონაწილეობა მიიღო N----------- ელექტრონულ ტენდერში. ამასთან, შპს ,,ს-------------------ამ“ მხოლოდ მას შემდეგ მიიჩნია ტენდერის პირობები კონკურენციის შემზღუდველად, რაც მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები სატენდერო კომისიამ სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ პირობებთან შეუსაბამოდ მიიჩნია და მიიღო გადაწყვეტილება მისი დისკვალიფიკაციის შესახებ. შპს ,,ს-------------------ას“ მიერ წარდგენილი დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა და ამდენად, დისკვალიფიკაციის შესახებ სატენდერო კომისიის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სცდება მოცემული დავის ფარგლებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ შპს ,,ს-------------------ას“ მიერ კონკურენციის სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოძიებული ინფორმაციისა და დოკუმენტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, არ დგინდებოდა გონივრული ეჭვი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის თაობაზე, შესაბამისად, სააგენტომ სწორად მიიჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლით არ არსებობდა ამ ნაწილში შპს ,,ს-------------------ას“ მიერ წარდგენილი საჩივრის დასაშვებობის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია, მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ს-------------------ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: ხატია არდაზიშვილი

 

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

 

დავით ახალბედაშვილი