განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120100119002990142
საქმე №1ბ/1847-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
9 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის მდივანი: მერი ლაბარტყავა
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: კახაბერ ლეკიშვილი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ------ ნ------ე, (პირადი ნომერი: 1----------), დაბადებული 1----–-–----------, დუშეთში, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: დუშეთის რაიონი, სოფელი წ-----, ფაქტობრივად მცხოვრები: ადიგენის რაიონი, ს------–-------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, და „ე“ ქვეპუნქტიბით, სსკ-ის 111,115-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნატით.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
ადვოკატი: ოთარ გოგოლაძე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------ ნ------ე და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარემ ითხოვა აღნიშნული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 20 მარტს, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გ------ ნ------ე გასამართლებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
გ------ ნ------ე სისტემატურად ამცირებდა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით ღირსებას და პატივს ულახავდა მეუღლეს თ----- ა----–---ს, რის გამოც 2019 წლის 3 მარტს, ადიგენის რაიონის სოფელ უდეში საცხოვრებელ სახლში, თ----- ა----–---მ 10 აბი კლოფელინის მიღებით სცადა თვითმკვლელობა, ვინაიდან, მისთვის აუტანელი იყო გ------ ნ------ისაგან განხორციელებული სისტემატური დამცირება.
გ------ ნ------ე არასრულწლოვან შვილებს მ------ და ე--------–--ეებს, ასევე მათი თანდასწრებით ბებიას, სისტემატურად ამცირებდა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით ღირსებას და პატივს ულახავდა მეუღლის დედას ე---------- ა----–---ს, რის გამოც გ------ ნ------ის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად ე----------, მ------ და ე--------–--ეები განიცდიდნენ ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი, არაერთგზის.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორზე მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.
დაზარალებულ თ----- ა----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან გ------ ნ------ე გაიცნო 2009 წელს და ცოლად გაჰყვა. თავიდან ორი თვის განმავლობაში მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხოლო ორი თვის შემდეგ გ------ ნ------ემ დაიწყო ალკოჰოლური სასმელის მიღება. როდესაც სახლში ბრუნდებოდა სცემდა, აყენებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას, მისგან სასმელის საყიდელ ფულს ითხოვდა, თუმცა მას შემოსავალი არ ჰქონდა, აიძულებდა დედამისთან დაერეკა და მისთვის ეთხოვა ფულის გამოგზავნა, აიძულებდა კრედიტის აღებას, სახლის და მიწების გაყიდვას. უარის შემთხვევაში მასზე ფიზიკურად ძალადობდა და სკამს ურტყამდა. ტელეფონზე ურეკავდა ე---------- ა----–---ს და მას ტელეფონით ასმენინებდა თუ როგორ სცემდა და სკამს როგორ ურტყამდა. მან ასევე ერთხელ ნათურაც კი გატეხა და შუშით დასერვით ემუქრებოდა. ყოფილა შემთხვევები როდესაც თავად ჩამოსულა დედასთან ფულის წასაღებად და დედას ხშირად შეუმჩნევია მისთვის ფიზიკური დაზიანებები გატეხილი ცხვირი, ჩალურჯებები სხეულზე და სხვა. როდესაც ამის მიზეზს ეკითხებოდა, იგი ატყუებდა მას და ცდილობდა დედას არ ენერვიულა. ყოფილა შემთხვევები როდესაც გ------ ნ------ეს ის დედამისის თვალწინ უმიზეზოდ უცემია და ასევე უმიზეზოდ, არაერთხელ უცემია დედამისიც და მათი შვილებიც. იყო შეთხვევები როდესაც გ------ ნ------ეს მოწმე და დედამისი ერთად უცემია სკამის ფეხებითაც. როდესაც გ------ ნ------ე სახლში თავის ოჯახის წევრებსაც ეჩხუბებოდა, მას დედამისი ეუბნებოდა, რომ „მე რატომ მეჩხუბები, წადი და შენი „ნაბიჭვარი“ ცოლი სცემეო“, რის შემდეგაც გ------ ნ------ეს მასზე გადაჰქონდა აქცენტი და მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა - აყენებდა შეურაცხყოფას. კასპში გ------ ნ------ესთან თანაცხოვრების პერიოდში, მათ საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდათ, ცხოვრობდნენ ფერმაში, მათთვის გამოყოფილ ერთ ოთახში, თუმცა შემდეგ გ------ ნ------ემ ეს ოთახიც დაანგრია და შემდეგ პირუტყვთან ერთად ბოსელში ცხოვრობდნენ. ამ ყველაფრის ფონზე მას შეხვდა წითელა, გახდა ცუდად და აპირებდა დედამისთან წასვლას. თუმცა, გ------ ნ------ე ამის ნებას არ რთავდა და ეუბნებოდა, რომ მოკვდი და დავისვენებ შენგანო. გ------ ნ------ის გვერდით ცხოვრება მისთვის გაუსაძლისი იყო, რის გამოც იგი დედამისთან წავიდა. დედამისმა ის მიიყვანა ექიმთან რათა წითელაზე ემკურნალა, რა დროსაც გაიგო, რომ იყო ფეხმძიმედ. ამ პერიოდში გ------ ნ------ე ჩადიოდა ხოლმე მასთან, თუმცა აგრძელებდა მის ცემას, ეუბნებოდა, რომ „მუცელს უნდა გადაჰყოლოდა“ და ურტყამდა მას ბეჭებში, ასევე მას იატაკზე წააქცევდა ხოლმე და ფილტვების მიდამოებში ურტყამდა, რის გამოც მას ფილტვში წყალი ჩაუდგა. მას ამ დროს სამკურნალო ფულიც არ ჰქონდა და ნასესხები ფულით ყიდულობდა წამლებს, რადგან ფილტვიდან წყალის ამოღების შემთხვევაში მის ორსულობას და ჯანმრთელობას სამომავლოდ საფრთხე შეექმნებოდა. სახლიდან გასული გ------ ნ------ე შინ ყოველთვის შუაღამით ბრუნდებოდა. კარები რომ არ გაეღოთ ყველაფერს ლეწავდა, კარ-ფანჯარას ფეხს ურტყამდა და ისე შედიოდა. იმ წუთშივე მასაც და დედამისსაც ტელეფონი თუ ჰქონდათ, უმტვრევდა, რომ არსად დაერეკათ დახმარების სათხოვნელად. შიშით ვერსად დარეკავდა რადგან ნ------ე მას ემუქრებოდა. სულ დაუმტვრია ოთხი ტელეფონი. იგი მათ ემუქრებოდა დახოცვით და ცოცხლად დაწვით. გ------ ნ------ე ასევე სცემდა ხოლმე მის შვილსაც - მ------ ა----–---ს. მან შვილის დაბადებისას თავისი გვარი არ მისცა, როდესაც მას გვარს ეკითხებოდნენ ბავშვი ამბობდა, რომ გვარად ა----–--- იყო, რაც გ------ ნ------ეს აღიზიანებდა და ამის გამო ბავშვს უმოწყალოდ სცემდა. დედაც ურჩევდა შვილს, როდესაც შეეკითხებოდნენ გვარს ეთქვა, რომ გვარად ნ------ე იყო და მამა მას აღარ სცემდა. გ------ ნ------ე უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებდა მეორე შვილის - გოგოს მიმართ, მას საკუთარ შვილად არ აღიარებდა, ამბობდა რომ „ნაბიჭვარიაო“. როდესაც ოთხი წლის ბავშვს ბაღში მანიკურები წაუსვეს ხელზე, მას ეუბნებოდა, რომ ის და მისი გოგო „საბოზაოდ“ ერთად დადიოდნენ. ბავშვი ათვალწუნებული ჰყავდა, სულ ეჩხუბებოდა, სცემდა და მისი მოტანილი საკვების ჭამასაც კი უშლიდა. იგი ბავშვებს ერთმანეთისგან ასხვავებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭსაც სცემდა ხოლმე ის უფრო უყვარდა ვიდრე გოგო. გ------ ნ------ე ოჯახში ყველას ეჩხუბებოდა და სცემდა. ერთხელაც მან ამის გამო 112-ზე დარეკა, რის შემდეგაც პოლიციელებმა გ------ ნ------ე წაიყვანეს, ხოლო ისინი დაამშვიდეს და უთხრეს, რომ არაფრის შიში ჰქონოდათ. თუმცა ორი საათის შემდეგ, პოლიციელებმა გ------ ნ------ე უკან დააბრუნეს და მათ უთხრეს, რომ ის იმ ღამეს მის მეგობართან გაათევდა, ხოლო მეორე დღეს თავის სოფელში დაბრუნდებოდა - კასპში. პოლიციელების წასვლისთანავე გ------ ნ------ე შევარდა მათთან სახლში, მასაც, ბავშვსაც და დედამისსაც ე---------- ა----–---საც სკამები გადაამტვრია თავზე, დედამისს ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ისინი გამოკეტა ოთახში, აგინებდა მათ და ემუქრებოდა, რომ ცეცხლს წაუკიდებდა და გადაწვავდა. მოწმის განმარტებით, მან ამ დროს ოთახიდან გამოსვლა მოახერხა, გაიქცა და დახმარება ითხოვა. მეზობლები მივიდნენ მათს დასახმარებლად და დაამშვიდეს ისინი. ამ ყველაფერს გ------ ნ------ე უარყოფდა და ამბობდა, რომ ეს ყველაფერი მათ მოიგონეს. გ------ ნ------ეს ჰყავს სხვა შვილიც. მას თვისი შვილების ტანსაცმელი იმ შვილისთვის მიჰქონდა და იძახდა რომ ამათ ტანსაცმელი არ სჭირდებოდათ. მას ოჯახიდან ასევე მიჰქონდა სხვადასხვა ნივთები, ასევე წაიღო ბავშვის ნათლობის ოქროს ჯვარი. მოწმის განმარტებით, იგი ასრულებს სეზონურ სამუშაოებს და ამ მცირე შემოსავლით არჩენს ოჯახს. გ------ ნ------ე უმიზეზოდ ეჩხუბებოდა მას. ბოლოს მან აიჩემა, რომ თითქოსდა 800 ლარიანი კაბა ჰქონდა ნაყიდი და ამ კაბის ჩვენებას ითხოვდა. 3 მარტის შემთხვევის დროსაც ამასთან დაკავშირებით მოუვიდათ ჩხუბი. გ------ ნ------ემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში ორჯერ გაარტყა და ყავის ჭიქა ესროლა. გ------ ნ------ე მასზე უსაფუძვლოდ ეჭვიანობადა. როდესაც 3 მარტი გათენდა, გ------ ნ------ემ სახლში განაცხადა რომ სოფელში - კასპში აპირებდა წასვლას, რაზეც მათ პრეტენზია არ გამოუთქვამთ. თუმცა გ------ ნ------ე ამბობდა რომ ისე არ აპირებდა წასვლას, სანამ მას და მის ქალიშვილს არ მოკლავდა ან დააინვალიდებდა. ასევე უთხრა, რომ მიცვალებულების მაცივრები ვისაც ებარა მისთვის დაერეკა და ეთქვა, რომ მისთვის და მისი შვილისთვის ორი მაცივარი შეენახათ. ასევე აყენებდა მას შეურაცხყოფას და სახეშიც გაარტყა. ამ დღეს გ------ ნ------ემ სახლში მიიყვანა მისი მეგობრები და მას მათ თვალწინ უთხრა, რომ მისი „მტ......ბი“ მიუყვანა, რაზეც მისულებმა გადაიხარხარეს. ეს ყველაფერი იმდენად მტკივნეული იყო, რომ „ჭკუიდან გადავიდა“. გ------ ნ------ე ამბობდა, რომ მას დაურეკეს და უთხრეს, რომ მის ცოლს სხვადასხვა ა/მანქანებში ხედავდნენ და ყველა მასზე ლაპარაკობდა. თითქოს მისი საქციელით შვილს (ბიჭს) არცხვენდა და შვილი მამას ეუბნებოდა, რომ ასეთი დედის გამო მას რცხვენოდა. როდესაც შვილი ეწინააღმდეგებოდა მამას, რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს გ------ ნ------ე მასაც ეჩხუბებოდა, სცემდა და ეუბნებოდა, რომ მას დედამისი ყველგან არცხვენდა. ეს ყველაფერი მისთვის იმდენად მტკივნეული იყო, რომ იძულებული გახდა 10 აბი „კლოფელინი“ დაელია. მოწმის განმარტებით, მას თავის მოკვლა გადააწყვეტინა სწორედ ამ გარემოებებმა. პირუტყვის სადგომში წამლების დალევის შემდეგ, სანამ წამალი იმოქმედებდა სურდა მოფერებოდა შვილებს, დაუძახა და ჩაეხუტა. შემდეგ როდესაც იგრძნო, რომ წამალი მოქმედებას იწყებდა, ე---------- ა----–---მ დაუძახა და უთხრა, ქმარი ეძახდა. მას არ ახსოვს როგორ აიარა კიბეებზე და დაწვა დივანზე. როდესაც დედამისმა უთხრა რომ ამდგარიყო და ქმრისთვის მიეხედა, მან უთხრა, რომ ვერ ადგებოდა, ხოლო ბავშვმა უთხრა ბებიამისს, რომ დედამისმა წამლები დალია. გ------ ნ------ე ამ დროს იძახდა, არაფერია შაქრიანი წყალი დალიე და გამოკეთდებიო, რადგან „ძაღლის ჯიშის იყო“. როდესაც დედა გაიქცა დახმარების სათხოვნელად მეზობელთან, გ------ ნ------ე მას დარეკვის საშუალებასაც არ აძლევდა. იგი ასევე იმაზეც გაბრაზდა, რომ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. იძახდა რომ „მოკვდეს ბავშვები მე დამრჩება, ბიჭს მე წავიყვან, გოგოს ბავშვთა სახლში ჩავაბარებო“. ასევე ხელს უშლიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას მის გადაყვანაში. მოწმის განმარტებით, როდესაც გ------ ნ------ემ 2017 წლის დეკემბრის შემთხვევის შემდეგ საპატიმრო დაწესებულება დატოვა, იგი უფრო უარესად იქცეოდა. როდესაც იგი სახლში დაბრუნდა ერთი წლის შემდეგ, უყვიროდა თუ როგორ გაუბედა დაჭერა. ამის შემდეგ დაუწყო მუქარა, რომ ან დახოცავდა მას და მის შვილს ან დააინვალიდებდა. მას ასევე აგრესია ჰქონდა ე---------- ა----–--ის მიმართ, რადგან მან პოლიციაში დარეკა და მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ამის გამო ეჩხუბებოდა და ურტყამდა. ასევე ეჩხუბებოდა შვილსაც ჩვენების მიცემის გამო. ბავშვები დღესაც დაშინებულები არიან და ნებისმიერ ხმაურზე ჰგონიათ, რომ გ------ ნ------ე სახლში დაბრუნდა და ეშინიათ. გ------ ნ------ე მას „ნაბიჭვარს“ ეძახდა რადგან იგი ნაშვილებია, პირველად მისგან გაიგო ამ ფაქტის შესახებ. დაზარალებულის მოთხოვნაა, რომ გ------ ნ------ე კანონის შესაბამისად, უმკაცრესად დაისაჯოს.
დაზარალებულ ე---------- ა----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი შვილი თ----- ა----–--- ცხრა წლის განმავლობაში გ------ ნ------ის მეუღლე იყო. ისინი ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ კასპში. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. მათ შორის მუდამ კონფლიქტი იყო. გ------ ნ------ე ხშირად სცემდა მეუღლეს, მათ შორის სხვადასხვა საგნის, მაგალითად, სკამის ფეხების გამოყენებითაც. მათი თანაცხოვრების პერიოდში გ------ ნ------ე მას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა კასპიდან და უთხრა მოესმინა ტელეფონისთვის რადგან, სკამის ფეხებით უნდა ეცემა თ----- ა----–--- და ეს სკამის ფეხები მისთვის უნდა გადაემტვრია. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ თ----- ა----–--- წამოვიდა კასპიდან და სახლში დალურჯებული და დასისხლიანებული დაბრუნდა. მოგვიანებით ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ სოფელ უდეში, მის საცხოვრებელ სახლში და იქ აგრძელებდნენ ცხოვრებას. ამ პერიოდშიც არ ამოწურულა მათ შორის კონფლიქტი და გ------ ნ------ე კვლავ სისტემატიურად აყენებდა თ----- ა----–---ს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მისი თანდასწრებით და მიმართავდა მას უწმაწური სიტყვებით. გ------ ნ------ე ალკოჰოლურ სასმელს ხშირად მოიხმარდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებს აწიოკებდა და ფიზიკურადაც უსწორდებოდა. იგი როდესაც სცემდა თ----- ა----–---ს, ხოლო თავად სთხოვდა გ------ ნ------ეს რომ შეეწყვიტა ძალადობა, ის პასუხობდა, რომ შენი შვილი არ არის, რაში გენაღვლებაო. ამაში გულისხმობდა იმას, რომ თ----- ა----–--- არ არის მისი ბიოლოგიური შვილი. მოწმის განმარტებით, გ------ ნ------ე მასაც, მის შვილსაც და შვილიშვილებსაც ხშირად შეხებია ხელით. ჩხუბის დაწყებამდე გ------ ნ------ე მათ უმტვრევდა მობილურ ტელეფონებს, სულ დაუმტვრია 4-ჯერ, რათა მათ არსად დაერეკათ დახმარების სათხოვნელად და შემდეგ იწყებდა მათზე ფიზიკურ ძალადობას. ტელეფონებთან დაკავშირებით გ------ ნ------ე ხშირად უმეორებდა მეუღლეს, რომ ეს ტელეფონები არასწორი ცხოვრების წესით ნაშოვნი ფულით ჰქონდა შეძენილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გ------ ნ------ე მათზე ფიზიკურ ძალადობას და ოჯახის აწიოკებას ახორციელებდა დღე-ღამის სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ინტენსივობით. მისი მხრიდან ჩხუბის მიზეზი შესაძლოა ნებისმიერი რამ გამხდარიყო, თუნდაც ტელეფონზე დარეკვა. იგი ასევე იხსენებს შემთხვევას, როდესაც მან გ------ ნ------ის ქმედებების გამო დარეკა პოლიციაში. პოლიციამ გ------ ნ------ე წაიყვანა გამოსაკითხად, შემდეგ პოლიციამ იგი მეზობლის სახლში დატოვა ღამის გასათევად. გ------ ნ------ე გაბრაზებული იყო მათზე და პოლიციის წასვლის შემდეგ, იგი მათ სახლში მიუვარდა და ფიზიკურად გაუსწორდა ამის გამო. როდესაც ბავშვმა დაინახა, რომ გ------ ნ------ე დედამისს სცემდა მან ამის გამო დაიწყო ტირილი და გ------ ნ------ემ ამის გამო ისიც სცემა. იგი ოჯახის აწიოკებაში გულისხმობს ჩხუბს და აქვე იხსენებს ერთ შემთხვევას, როდესაც გ------ ნ------ემ დარეკა სახლში და თ----- ა----–---ს განუცხადა, რომ მას ყველა მისი ,,საყვარელი“ ნანახი ჰყავდა, მის გვერდით იმყოფებოდნენ სოფელ უდის ცენტრში და ამის გამო მათ დახოცვას აპირებდა. ოჯახის წევრებს შეეშინდათ და ბავშვები ღამით სახლიდან სხვაგან წაიყვანეს დასაძინებლად. გარდა ამისა, გ------ ნ------ე მუდმივად ემუქრებოდა მათ ცოცხლად გატყავებით, სახლში ხელყუმბარის შეგდებით, აფეთქებით და მათი დაწვით. გ------ ნ------ე შვილებიდან უპირატესობას ბიჭს ანიჭებდა, რადგან ამბობდა, რომ ის მისი გვარის გამგრძელებელი იყო ხოლო გოგოს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას და შვილადაც არ აღიარებდა და ამბობდა, რომ მას გოგო უკვე ჰყავდა დამტირებლად და მეტი გოგო საჭირო აღარ იყო მისთვის. მიუხედავად ამისა გ------ ნ------ე განურჩევლად სცემდა შვილებსაც და დანარჩენებსაც. როდესაც ის სახლში არ იყო, ბავშვები დაშინებულები იყვნენ, რომ მოსვლისას მამა მათ სცემდა და გვიანობამდე ფხიზლობდნენ და ელოდებოდნენ მამის სახლში მოსვლას რათა მას ისინი არ ეცემა. ასევე ბავშვები იმდენად არიან დაშინებულები, რომ ნებისმიერი ხმაურის გაგონებისას ჰგონიათ რომ გ------ ნ------ე სახლში დაბრუნდა და მისი შიშით იმალებიან. მოწმე ასევე იხსენებს ერთ შემთხვევას, როდესაც საჭმლის ჭამის დროს გ------ ნ------ის შვილმა - მ------მ მამამისის თეფშიდან საჭმლის ულუფა აიღო, თუმცა ამის გამო გ------ ნ------ე გაბრაზდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ყოველივე ამის გამო მცირეწლოვანი ბავშვები დაშინებულები არიან და მათ აქვთ ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური პრობლემები, საჭიროებენ მკურნალობას. ნ------ის მხრიდან ძალადობა არ შეწყვეტილა არც თ----- ა----–--ის ფეხმძიმობისას და არც შემდგომ პერიოდში. გ------ ნ------ე მუდმივად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. მოწმის ჩვენებით, მისი ოჯახის წევრებმა მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლეს გ------ ნ------ესთან საერთო ენის გამონახვა და იგი მუდმივად იგივე ქმედებებს იმეორებდა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც გ------ ნ------ეს სახლიდან გამოგდებული ცოლ-შვილი თავისი ნებით უკან წაუყვანია კასპში, თუმცა კვლავ უჩხუბია და შემდეგ კვლავ გამოუყრია სახლიდან. მოწმე ასევე იხსენებს ერთ შემთხვევას, როდესაც გ------ ნ------ემ მოითხოვა ბიჭის თავისთან - კასპში წაყვანა, ოჯახის წევრებმაც გადაწყვიტეს, რომ მისი მოთხოვნა შეესრულებინათ, რათა გ------ ნ------ის მხრიდან შემდგომი გართულებები თავიდან აერიდებინათ. მან თავად ჩაუყვანა გ------ ნ------ეს შვილი. ნ------ე მას დახვდა კასპის გადასახვევთან და ჩაიბარა შვილი, ხოლო მოწმემ გზა გააგრძელა თბილისისკენ. გზაშივე დაინახა, რომ გ------ ნ------ე ბავშვს სცემდა. გარდა ამისა, გ------ ნ------ე მასთან მყოფ შვილს უკრძალავდა დედასთან ტელეფონით კონტაქტს და როგორც შემდეგ ბავშვისგან გახდა ცნობილი გ------ ნ------ე მას ეუბნებოდა, რომ სანამ დედას არ დაივიწყებდა მანამდე სცემდა. ოჯახის წევრები გ------ ნ------ის შიშით ვერანაირ რეაგირებას ვერ ახდენდნენ. მოწმე ასევე იხსენებს შემთხვევას როდესაც გ------ ნ------ემ დაურეკა მათ მობილურზე და განუცხადა, რომ თუ ბავშვს მომდევნო დღეს წაიყვანდნენ მათთვის უმჯობესი იყო თუ არა და საერთოდ ვეღარ ნახავდნენ და მომდევნო დღესვე წავიდა შვილიშვილის წამოსაყვანად, როგორც შემდეგ გაარკვია გ------ ნ------ე პასუხისგებაში იყო მიცემული და ბავშვს მთელი ღამე პოლიციის შენობაში ჰქონდა გატარებული. მოწმე ასევე იხსენებს მიმდინარე წლის 3 მარტის შემთხვევას, გ------ ნ------ე ერთი კვირის ჩამოსული იყო კასპიდან და 3 მარტს განაცხადა, რომ დედა ენატრებოდა და სანახავად უნდა წასულიყო. მან მეზობლისგან უსესხა 20 ლარი გზისთვის, თუმცა წასვლის ნაცვლად გ------ ნ------ემ ამ ფულით ალკოჰოლური სასმელი იყიდა, თავისნაირი სოფელ უდეში მცხოვრები მეგობრები სახლში მიიყვანა და მათთან ერთად დალია. ამ დროს მის პატარა გოგოს, რომელიც ოთხი წლისაა, ხელზე მანიკური შენიშნა. ამის გამო გ------ ნარიძემ შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ----- ა----–---ს და განუცხადა, რომ ის და მისი პატარა გოგო მსუბუქი ყოფაცევის ქალები იყვნენ. ეს მისმა შვილმა თ----- ა----–---მ ძალიან განიცადა, აიღო მოწმის კუთვნილი გულის დამამშვიდებელი წამალი - კლოფელინის მთელი ყუთი, ჩავიდა საქონლის სადგომში და მიიღო აღნიშნული წამლის 10 აბი. შემდეგ თ----- ა----–--- სახლში დაბრუნდა და საწოლზე დაწვა. ამ დროს გ------ ნ------ე ეძახდა მას, რა დროსაც თ----- ა----–---მ თქვა, რომ ცუდად იყო. მან გამოჰკითხა ცუდად ყოფნის მიზეზი და წამლის მიღებაც კი შესთავა, თუმცა თ----- ა----–---მ მას უთხრა, რომ წამლები ჰქონდა მიღებული და სავარაუდოდ ამიტომ იყო ცუდად. მან გამოიძახა სასწრაფო დახმარება. წამლების დალევის შესახებ გ------ ნ------ემ არაფერი იცოდა, ამ დროს იგი სასმელს სვამდა. როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, ნ------ის მეგობრები წავიდნენ, სასწარაფო დახმარების მანქანის მძღოლმა მეზობელმა კაცმა და გ------ ნ------ემ მისი შვილი საკაცით ჩაიყვანეს კიბეებზე, ამ დროს გ------ ნ------ე მისი და ბავშვების მისამართით იწევდა დასარტყმელად. თ----- ა----–---ს იქვე დაუმაგრეს გადასხმის დანადგარი, თუმცა გ------ ნ------ე ავიდა სასწრაფოს მანქანაში და ჩამოგლიჯა. იწევდა ექიმისკენ, ექთანს კინაღამ თვალები დასთხარა. შემდეგ ვიღაცამ პოლიციაში დარეკა და მოწმეს ზუსტად აღარ ახსოვს იმ დღეს განვითარებულ მოვლენათა თანმიმდევრობა. როგორც მან მეზობლებისგან იცის, გ------ ნ------ე ნანობდა მომხდარს, იძახდა ეს რა დამემართაო. სასწრაფოს მანქანის ქვეშ წვებოდა გადამიაროსო, თუმცა შემდეგ იძახდა თ----- ა----–--ის მისამართით, რომ რა კარგია, მოკვდები, ბავშვები მე დამრჩებაო. ამ დღეს მან ფსიქოლოგიურად კვლავ იძალადა მოწმეზე. გ------ ნ------ე მატერიალურად არასდროს დახმარებია ოჯახს. იშვიათად ყიდულობდა მცირე რაოდენობით ტკბილეულს შვილებისთვის და მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა. გარდა ამისა, იგი სახლში არაფერს აკეთებდა, ,,ბატონივით“ იყო და ყველა მას ,,ემსახურებოდა“. იგი ასევე ითხოვდა, რომ სახლი გაეყიდათ და კასპში ეცხოვრათ. გ------ ნ------ე მეუღლის მიმართ იგივე ქმედებებს ახორციელებდა კასპში ცხოვრების პერიოდშიც, იქიდან ჩამოსული თ----- ა----–--- ყოველთვის ნაცემი და დალურჯებული იყო, ასევე ამ ყველაფრის გამო თ----- ა----–---ს ფეხმძიმობის დროსაც შეექმნა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები. მოწმის თქმით, მისი შვილი თ----- ა----–--- დღიურად მუშაობს და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მეზობლებს და ახლობლებს ეხმარება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ამით არჩენს ოჯახს. როდესაც ის სამუშაოდ იყო წასული გ------ ნ------ე მას მობილურზე ურეკავდა და მუდმივად დიდ ხანს საუბარი სურდა, იმ შემთხვევაში თუ თ----- ა----–--- ტელეფონის გათიშვას დააპირებდა მას შეურაცხყოფას აყენებდა და დამამცირებლად ეუბნებოდა, რომ ტელეფონს იმიტომ უთიშავდა, რომ ინტიმური ურთიერთობა გაეგრძელებინა. გ------ ნ------ე ყველანაირად ზღუდავდა მეუღლეს, უკრძალავდა მას მეზობელთან ან მეგობართან მისვლას და თუ სახლში ვინმე მივიდოდა იმათაც მის საყვარლებად მიიჩნევდა და შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. გ------ ნ------ე ასევე კასპში ყოფნისასაც უკრძალავდა მეუღლეს ახლობლებთან კონტაქტს, თ----- ა----–---ს საკუთარი ტელეფონიც არ ჰქონდა და მალულად, რამდენიმე დღეში ერთხელ, სხვისი ტელეფონით რეკავდა დედამისთან. ამ ყველაფერმა თ----- ა----–--- მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თავი მოეკლა.
მოწმის განმარტებით, როდესაც გ------ ნ------ე 2017 წლის დეკემბრის ფაქტთან დაკავშირებით მეუღლის ცემის გამო პასუხისგებაში მიეცა, სასჯელის მოხდის შემდეგ იგი კვლავ მათთან დაბრუნდა სოფელ უდეში და მიუხედავად პოლიციის გაფრთხილებისა, რომ სახლში არ შეეშვათ, გ------ ნ------ე ძალის გამოყენებით მაინც მიდიოდა მათ სახლში - კარებს ანგრევდა. მათს დახმარებას ვერავინ ბედავდა რადგან გ------ ნ------ე ყველას ემუქრებოდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ ივარაუდეს, რომ გ------ ნ------ე გამოსწორდებოდა და აღარ გააგრძელებდა მსგავს საქციელს, თუმცა ასე არ აღმოჩნდა და ციხიდან გამოსვლიდან ორი თვის შემდეგ ასეთი შედეგი განსახილველი საქმე დადგა სახეზე. გარდა ამისა, მოწმე იხსენებს შემთხვევას, როდესაც ტელეფონი დაუმტვრია, იგი მას სახლში არ მიჰყვებოდა, კიბეებზე ძალის გამოყენებით აათრია, მას ეგონა რომ გ------ ნ------ე მის მოკვლას აპირებდა. გ------ ნ------ეს ბავშვები მეზობლის სახლში ჰყავდა გადამალული და როდესაც მოწმემ მათი ძებნა დაიწყო და გარეთ გაიხედა, ამ დროს იგი გ------ ნ------ემ დაინახა, ტელეფონი დაუმტვრია, ხელი დაარტყა და სახლში აათრია. გ------ ნ------ე ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, როგორც კი რაიმე თანხას მოიპოვებდა მუდამ სასმელს ყიდულობდა, რის შემდეგაც უფრო მეტად აგრესიული ხდებოდა. მოწმე ადასტურებს გამოძიების დროს მის მიერ მიცემულ ჩვენებას და განმარტავს, რომ იგი გ------ ნ------ის მხრიდან ცემის გარდა, უფრო მტკივნეულად განიცდიდა იმ ფაქტს, რომ ნ------ე მის შვილს მის თვალწინ სცემდა, ამის გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვასაც. ამ ფაქტს ასევე მტკივნეულად აღიქვამდნენ ბავშვებიც, მათ უმეტეს შემთხვევაში ეშინოდათ მამის. როდესაც გ------ ნ------ე მათ ტკბილეულს მოუტანდა, ამ დროს მიდიოდნენ მასთან, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში როდესაც გ------ ნ------ე მათ სცემდა, დედამისს მათ თვალწინ სცემდა და სახლში სულ ჩხუბობდა, მათ მამის ეშინოდათ და მამასთან მისვლა არ უნდოდათ. მან დახმარებისთვის მიმართა გ------ ნ------ის ოჯახის წევრებსაც ძმას და დედას, თუმცა მათ არაფერი მოუმოქმედებიათ და ამან გ------ ნ------ე უფრო გააღიზიანა. მოწმის განმარტებით, მათ შიში აქვთ, რომ გ------ ნ------ის განთავისუფლების შემთხვევაში, მუქარას მოიყვანს სისრულეში და დახოცავს.
არასრულწლოვანი დაზარალებულის მ------ ა----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის რვა წლის. იხსენებს, რომ მამამისს ხშირად მიჰყავდა ხოლმე კასპში და ეუბნეოდა სანამ დედას არ დაივიწყებდა იქამდე სცემდა. თან ამას რომ ეუბნეოდა სცემდა. ასეთი რაღაცეები კასპში და უდეშიც ხდებოდა. საჭმელზე უარს რომ ეუბნეოდა ურტყავდა. მამამისი ასევე მის დასაც სცემდა, რადგან ამბობდა რომ მისი შვილი არ იყო. მის ბებიას და დედასაც სცემდა. მამამისმა ბებიას უთხრა, რომ დედამისი მოენატრა და კასპში უნდა წასულიყო, ფული უსესხა, მამამ მიიყვანა ბიჭები ჭამეს და ამის გამო დედა გაბრაზდა და წამლები დალია. დედამისმა წამლები ბოსელში დალია. ზამთარი იყო, ის და ეკა გუნდაობდნენ, რა დროსაც დედამ უთხრა მისულიყვნენ და ჩახუტებოდნენ. ახლა მის დასთან დედასთან და ბებიასთან ცხოვრობს. მას არ უნდა, რომ მამა დაბრუნდეს სახლში, რადგან მის დას, ბებიას და დედას სცემდა. როდესაც მამა ურტყავდა სტკიოდა. ასეთი ჩხუბი ხშირად ხდებოდა ხოლმე. მამამისი სახლში ნასვამი ხშირად მიდიოდა. დედა კარგად ექცეოდა. არ იცის ის თუ რატომ ეუბნეოდა მამამისი, რომ დედა დაევიწყებინა. საჭმელს, რომ არ ჭამდა ურტყავდა სახეში. ერთ დღეს ფორთოხალი მიიტანა სახლში და ეუბნეოდა, რომ არ ეჭამა რადგან თავისთვის მიიტანა და არა მისთვის. მის დასაც ასე ექცეოდა, ფორთოხლის ჭამას მის დასაც უშლიდა და ეუბენოდა რომ მათ არ უნდა ეჭამათ რადგან თავისთვის მიიტანა და უნდა ეყურებინათ მხოლოდ. მამამისმა სტუმრები, რომ მიიყვანა სახლში, დედა გაბრაზდა. ეს სტუმრები მისი კლასელების მამები იყვნენ. სტუმრები პურის საჭმელად და დასალევად მიიყვანა. მამამისს ყოველდღე მიჰყავდა სტუმრები დასალევად. დედამისმა წამლები, რომ დალია მერე უთხრა, რომ მისულიყვნენ და ჩახუტებოდნენ. მამამისს კასპში აქვს სახლი, სადაც თავის დედასთან ერთად ცხოვრობს და უდეში იშვიათად ჩადიოდა. ღამე კატა რომ ჩამოხტებოდა ეშინოდა რადგან ეგონა მამამისი მივიდა სახლში.
არასრულწლოვანი დაზარალებულის ე--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ოთხი წლის. სახლში ცხოვრობს თავის ძმასთან ბებიასთან და დედასთან ერთად. მას არ უნდა, რომ მამა მივიდეს სახლში, რადგან მამა ფეხებზე ურტყავდა. სახლში დედას ბებიას და მ------საც ურტყავდა. ფორთოხალის ჭამის გამო მისი ძმა მ------ სცემა. დედამ წამლები, რომ დალია სახლში იყო. ამ დროს თოკს ეძებდა, რომ თავი მოეკლა. დედამისმა ბოსელში დალია წამლები და მერე აკოცა და მოეფერა, შემდეგ მ------მ ტირილი დაიწყო. ამ დროს მამა ღვინოს სვამდა. დედამისმა წამლები რომ დალია ამ დროს მამამისი მეგობარ ბიჭებან ერთად სვამდა. დალევის დროს არავისთან არ უჩხუბია და არც არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
მოწმე ჯუნა ყირიმლიშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 3 მარტს 112-დან შევიდა შეტყობინება, რომ პირი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, შემთხვევის ადგილზე მისვლისას პაციენტი - თ----- ა----–--- იმყოფებოდა საწოლში, იყო ადინამიური, კონტაქტში არ შედიოდა, უგონო მდგომარეობაში არ ყოფილა, თუმცა კითხვებზე შენელებულად სცემდა პასუხებს. ანამნეზის გაკეთებისას, პაციენტის წნევა იყო საკმაოდ დაბალი, მას გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, მედდას-ხათუნა მ------–---–ს მისცა შესაბამისი მითითებები დაუყენეს გადასხმის სისტემა და დაიწყეს მედიკამენტოზური თერაპია. იქვე იმყოფებოდა პაციენტის დედა, ანამნეზის გასაკეთებლად მან ჰკითხა თუ რა მოხდა და ასევე დაიწყო პაციენტთან კონტაქტი, რომელიც შენელებულად პასუხობდა, რომ დალია წამალი - 10 აბი კლოფელინი. აღნიშნული მის მიერ საგანგაშოდ იქნა მიჩნეული და სხვა ფორმით დაიწყო მკურნალობა, რადგან წნევა იყო დაბალი 60-40-ზე. ამ ფონზე მან გადასცა ცენტრს, რომ პაციენტი უნდა გადაეყვანათ დაწესებულებაში და მისი ოჯახის წევრებიც ჩააყენა საქმის კურსში. დაიწყეს პაციენტის მომზადება გადასაყვანად, გადაიყვანეს ჯერ სასწრაფო დახმარების მანქანაში, სადაც მას კვლავ გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს ადიგენის „ევექსის სამედიცინო ცენტრში“. მოწმის განმარტებით, პაცინეტთან მარტო დარჩენისას ანამნეზის შეგროვებისას, როდესაც მან იკითხა აღნიშნული ოდენობის წამლის დალევის მიზეზი, რადგან ეს ოდენობა სასიკვდილოა, პაციენტმა მას განუმარტა, რომ ესეთ სიცოცხლეს სიკვდილი ერჩივნა, რადგან მეუღლე მას ყოველთვის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მასზე ფიზიკურად ძალადობდა და მისთვის გაუსაძლისი იყო ესეთი სიცოცხლე. მოწმის განმარტებით, მან გ------ ნ------ე პირველად ნახა შემთხვევის ადგილზე. მას აუხსნეს პაციენტის მძიმე მდგომარეობა, განუმარტეს, რომ მან თვითმკვლელობის მიზნით დალია წამლები და განუმარტეს, რომ უნდა გადაეყვანათ სამედიცინო დაწესებულებაში. გ------ ნ------ემ კონფლიქტის გარეშე, თანხმობა გამოთქვა აღნიშნულზე და მათ დაეხმარა პაციენტის საკაცით მანქანამდე გადაყვანაში. პაციენტის მანქანაში გადაყვანისას, როგორც მას ექიმებმა შეატყვეს მეუღლის დანახვისას თ----- ა----–--- უფრო ცუდად ხდებოდა, მას დაეწყო ტრავმული კანკალი, რის შემდეგაც ექიმებმა უთხრეს გ------ ნ------ეს, რომ მათთვის მუშაობაში ხელი არ შეეშალა და მანქანიდან ჩასულიყო, რის შემდეგაც ის აგრესიული გახდა, ყვიროდა „რას მიკეთებთ“, პაციენტს სისტემა მოუგლიჯა, დაიწყო გაწევ-გამოწევა. ნ------ე შეურაცხყოფას აყენებდა გარშემომყოფებს, მათ შორის ექიმებსაც, მას მეუღლესთან ერთად სურდა ყოფნა და არ უნდოდა, რომ ის ექიმებთან მარტო დარჩენილიყო რადგან არ გამოეკითხათ, მიხვდა, რომ თავის საქციელზე პასუხისგება მოუწევდა. ეს არეულობა გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ მათ დაეხმარა მძღოლი, ჩამოსვეს გ------ ნ------ე მანქანიდან და წავიდნენ საავადმყოფოში.
მოწმე ხათუნა მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 3 მარტს, საღამოს დაფიქსირდა გამოძახება, რომ ადიგენის რაიონის სოფელ უდეში პაციენტი-თ----- ა----–--- იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, დანიშნულების ადგილზე მისვლისას პაციენტი იწვა საწოლში, არ იყო აქტიური, უგონო მდგომარეობაში არ ყოფილა, მაგრამ ჰქონდა ძილიანობა, წნევა ჰქონდა დაბალი, კითხვებზე ნელ-ნელა სცემდა პასუხებს. მან შეასრულა ექიმის მითითებები და პაციენტს გაუკეთა წამალი. როდესაც პაციენტს ჰკითხეს ცუდად ყოფნის მიზეზი, მან უთხრა, რომ მიიღო 10 აბი კლოფელინი, რადგან ქმარი მას აყენებდა შეურაცხყოფას და იძულებული გახდა, რომ თავი მოეკლა. ამ დროს იქვე იმყოფებოდნენ ჯუნა ყირიმლიშვილი და პაციენტის დედა. ექიმის მითითებით მან პაციენტს გაუმზადა გადასხმის სისტემა მანქანაში, ამასობაში პაციენტიც, მანქანამდე საკაცით გამოიყვანეს მანქანის მძღოლმა და მისმა მეუღლემ - გ------ ნ------ემ. მანქანაში განთავსებისას პაციენტს დაუდგეს სისტემა და დაიწყეს სამედიცინო დაწესებულებაში მის გადასაყვანად მზადება. მოწმემ არ იცის საიდან შეიტყო გ------ ნ------ემ მეუღლის თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ. პაციენტს ეტყობოდა, რომ ქმრის შიში ჰქონდა კანკალებდა მის დანახვაზე და ნერვიულობდა. როდესაც გ------ ნ------ემ შეიტყო, რომ მისმა მეუღლემ 10 აბი კლოფელინი დალია თავის მოკვლის მიზნით, გაღიზიანდა, გახდა აგრესიული, მათაც შეამჩნიეს, რომ პაციენტს ქმრის ეშინოდა და გ------ ნ------ეს მისცეს მითითება, რომ სასწრაფო დახმარების მანქანიდან ჩასულიყო, რის შემდეგაც გ------ ნ------ე უფრო აგრესიული გახდა, ამის შემდეგ პაციენტი გადაყვანილ იქნა ადიგენის სამედიცინო დაწესებულებაში.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 მარტის N170/05/9-4 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ადიგენის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N330-ისა და სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ახალციხის რაეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1167-002065-ის მიხედვით თ----- ა----–---ს სხეულზე ტრავმული დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. მისი ავადმყოფური მდგომარეობა გამოწვეულია მედიკამეტოზური ინტოქსიკაციით და მისი ავადმყოფური მდგომარეობა ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული ინტოქსიკაცია თავის ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ექსპერტმა დ----- მ------–---–მა ჩვენებით დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე. მანვე განმარტა, რომ სამედიცინო ჩარევის გარეშე გარდაიცვლებოდა თუ არა თ----- ა----–--- ამის თქმა დაზუსტებით შეუძლებელია.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 აპრილის N002672519 სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გ------ ნ------ის ქმედებით მისი მეუღლე თ----- ა----–--- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 აპრილის N002672919 სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გ------ ნ------ის ქმედებით მისი შვილი ე--------–--ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 აპრილის N002672719 სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გ------ ნ------ის ქმედებით მისი შვილი მ------ ა----–--- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 აპრილის N002672819 სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გ------ ნ------ის ქმედებით მისი სიდედრი ე---------- ა----–--- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ექსპერტმა თ------- კ----ემ ჩვენებით დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე. მანვე განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს იხელმძღვანელა საქმის მასალებით და თავად დაზარალებულებისაგან მიღებული ინფორმაციით რაც სრულყოფილად ასახულია მის მიერ გაცემული დასკვნების კვლევით ნაწილში. გ------ ნ------ის ქმედებებით მისი ხანგრძლივობისა და დაზარალებულებისათვის მიყენებული შეურაცხყოფის სიმძიმის გათვალისწინებით დაზარალებულების ფსიქოემოციური მდგომარეობა მიაღწევდა ტანჯვის ხარისხს.
2019 წლის 3 მარტს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ადიგენის რაიონის სოფელ უდეში ე---------- ა----–--ის საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელი ფართის დათვალიერებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა. პირუტყვის სადგომის დათვალიერების დროს ნანახი და ამოღებული იქნა ცარიელი მედიკამენტის ფირფიტა არაქართულენოვანი წარწარით „KLOFELIN“.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენით, გ------ ნ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“’ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
პოლიციის თანამშრომლებმა შ----- პ----–---–მა, ე-–------ ტ-------ემ, გ------- ტ-------ემ, დ----- ფ---–---–--ემ, მ------ ი-----ემ, მ-----– შ-----ემ, თ----- ა--------–---–მა, ასევე ექსპერტმა რ------ კ------ემ თავიანთი ჩვენებებით დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და მათ მიერ შედგენილი დოკუმენტების სისწორე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------ ნ------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ------ ნ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისი გამართლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მას მასზედ შერაცხული დანაშაულებები არ ჩაუდენია, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. კერძოდ:
დაზარალებულ თ----- ა----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ------ ნ------ეს ცოლად გაჰყვა 2009 წელს, ორი თვის შემდეგ, გ------ ნ------ემ დაიწყო ალკოჰოლური სასმელის მიღება და ეჭვიანობის ნიადაგზე აყენებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას, სთხოვდა სასმელის ფულს და აიძულებდა ფული დედისთვის ეთხოვნა. როდესაც დედამისთან საცხოვრებლად გადავიდნენ იგი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შეურაცხყოფას აყენებდა დედამისს - ე---------- ა----–---ს, არ ინდობდა არც მცირეწლოვან შვილებს - მ------ და ე--------–--ეებს. ოჯახის წევრებზე განხორციელებულმა ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ძალადობამ მიიღო სისტემატური ხასიათი, რისთვისაც იგი მსჯავრდებულიც იქნა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 2018 წელს და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან კვლავ განაგრძო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ოჯახის ყველა წევრის მიმართ. უფრო უარესად იქცეოდა, განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა მისი დედის - ე---------- ა----–--ის მიმართ, რადგან მან დარეკა პოლიციაში და მისცა ჩვენება, ამის გამო ეჩხუბებოდა და ურტყავდა მას, ასევე მის შვილის - მ------ ა----–---ს. 2019 წლის 3 მარტს, გ------ ნ------ე კვლავ ეჩხუბა მას, ესროლა ყავის ფინჯანი და სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი. განაცხადა, რომ კასპში აპირებდა წასვლას, რისთვისაც სჭირდებოიდა 20 ლარი, (რაც დედამისმა უსესხა და მისცა), თუმცა მან განაცხადა, რომ ისე არ წავიდიდა სანამ მას და მის ქალიშვილს არ მოკლავდა ან დააინვალიდებდა. ასევე უთხრა, რომ მიცვალებულების მაცივრები ვისაც ებარა მისთვის დაერეკა და ეთქვა, რომ მისთვის და მისი შვილისთვის ორი მაცივარი შეენახათ. იმავე დღეს, გ------ ნ------ემ სახლში მეგობრები მიიყვანა და მათ თვალწინ უთხრა, რომ მისი "მტ......ბი" მიიყვანა, რაზეც მისმა მეგობრებმა გადაიხარხარეს. ამბობდა, რომ მას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ცოლს სხვადასხვა ა/მანქანაში ხედავდნენ და ყველა მასზე ლაპარაკობდა. თავისი საქციელით იგი თავის შვილს (ბიჭს) არცხვენდა. აიძულებდა შვილსაც ასე ეთქვა და თუ არ ამბობდა მასაც სცემდა. ეს ყველაფერი ისე მტკივნეულად აღიქვა, რომ „ჭკუიდან გადავიდა“ და იძულებული გახდა პირუტყვის სადგომში 10 აბი "კლოფელინი" დაელია. მისი განმარტებით, მას თავის მოკვლა სწორედ ამ გარემოებებმა გადააწყვეტინა.
დაზარალებულ თ----- ა----–--ის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულ ე---------- ა----–--ის ჩვენებასთან, რითაც დადგენილია, რომ გ------ ნ------ე გათხოვებიდან, მუდმივად ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თავის მეუღლეს - თ----- ა----–---ს, თავად მას და არასრულწლოვან შვილებს. სასტიკად სცემდა მათ. იგი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, რის გამოც კიდევ უფრო აგრესიული ხდებოდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ეგონათ შეიცვლებოდა, თუმცა არაფერი შეცვლილა, გ------ ნ------ე ძალის გამოყენებით შედიოდა მათ სახლში და აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, მათ დახმარებას ვერავინ ბედავდა, რადგან იგი ყველას ემუქრეოდა. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ გ------ ნ------ის ცემისაგან განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, თუმცა უფრო მეტად ის სტკიოდა, როდესაც მის შვილს და შვილიშვილებს გ------ ნ------ე მის თვალწინ სცემდა. ბავშვები იმდენად არიან შეშინებულები, რომ ნებისმიერი ხმაურის გაგონებისას ჰგონიათ, რომ გ------ ნ------ე დაბრუნდა სახლში და მისი შიშით იმალებიან. მისივე ჩვენებით, 3 მარტს გ------ ნ------ემ ნასესხები ფულით ალკოჰოლური სასმელი იყიდა, მამაკაცები მიიყვანა სახლში და მათთან ერთად სვამდა. ამ დროს მის ოთხი წლის გოგოს, ხელზე მანიკური შენიშნა. ამის გამო გ------ ნარიძემ შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ----- ა----–---ს და განუცხადა, რომ ის და მისი პატარა გოგო მსუბუქი ყოფაცევის ქალები იყვნენ. ეს მისმა შვილმა თ----- ა----–---მ ძალიან განიცადა, აიღო მოწმის მისი კუთვნილი გულის დამამშვიდებელი წამალი - კლოფელინის მთელი ყუთი, ჩავიდა საქონლის სადგომში და დალია 10 აბი.
გარდა აღნიშნულისა, გ------ ნ------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულებების ჩადენა დადასტურებულია, ასევე არასრულწლოვანი დაზარალებულების ე--------–--ის და მ------ ა----–--ის ჩვენებებით. კერძოდ, მ------ ა----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას არ უნდა მამა სახლში დაბრუნდეს ვინაიდან მამა მას სცემს, ასევე სცემს მის დას და ეუბნება რომ მისი შვილის არ არის, დედას და ბებიას. როდესაც მამა სცემს მას სტკივა. ერთხელ მამამ ბიჭები მიიყვანა სახლში საჭმელად და დასალევად, დედა გაბრაზდა და ბოსელში წამლები დალია, შემდეგ კი ჩაეხუტა მათ. მოწმე ე--------–--ის ჩვენებით, ასევე დადგენილია, რომ მას არ უნდა მამა სახლში მივიდეს რადგან ეშინია, მამა მას ფეხებში სცემს, ასევე სცემს მის ძმასაც.
მოწმეების ჯუნა ყირიმლიშვილის და ხათუნა მერებაშვილის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 3 მარტს, როდესაც 112-დან შესული შეტყობინეს საფუძველზე, გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, ნახეს, რომ თ----- ა----–--- არ შედიოდა კონტაქტში და კითხვებს შენელებულად პასუხობდა. მას გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება და როდესაც შეიტყვეს რომ მიღებული ჰქონდა 10 აბი კლოფელინი, გადაწყვიტეს მისი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში. როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ მიიღო ასეთი რაოდენობის წამალი, მან უპასუხა, რომ ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი ერჩივნა, რადგან მეუღლე მას ყოველთვის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. როდესაც პაციენტი გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო მანქანაში, შეატყვეს, რომ მეუღლის დანახვისა იგი ცუდად ხდებოდა, რის გამოც მოუწოდეს გ------ ნ------ეს დაეტოვებინა ავტომანქანა, რაზეც იგი გახდა აგრესიული, მოგლიჯა სისტემა და დაიწყო გაწევ-გამოწევა და ყვირილი. იგი მძღოლის დახმარებით ჩაყვანილი იქნა ავტომანქანიდან, რის შემდეგაც შეძლეს პაციენტის გადაყვანა ადიგენის "ევექსის სამედიცინო ცენტრში".
გარდა აღნიშნულისა, გ------ ნ------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულებების ჩადენა დადასტურებულია ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რითაც დადგენილია, რომ პირუტყვის სადგომიდან ამოღებული იქნა ცარიელი მედიკამენტის ფირფიტა არაქართულენოვანი წარწერით "KLOFELIN", ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 აპრილის დასკვნებით, რითაც დადგენილია, რომ გ------ ნ------ის ქმედებით მისი მეუღლე თ----- ა----–---, სიდედრი ე---------- ა----–---, შვილები - მ------ და ე--------–--ეები განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 მარტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რითაც დადგენილია, რომ თ----- ა----–--ის ავადმყოფური მდგომარეობა გამოწვეული იყო მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანი მოწმეების ჩვენებაზე და აღნიშნავს, რომ ისინი დღეის მდგომარეობით კვლავ შეშინებული არიან და ეშინიათ მამის სახლში მისვლის, მათ არ უნდათ მამის სახლში მისვლა, რადგან მამა მათ სცემს, თ----- ა----–--ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც იგი ადასტურებს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ გ------ ნ------ე კიდევ უფრო აგრესიულად იქცეოდა, განსაკუთრებით მისი დედის - ე---------- ა----–--ის და მისი შვილის მ------ ა----–--ის მიმართ, ჩვენების მიცემის გამო აყენებდა მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას; ე---------- ა----–--ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც იგი ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ეგონათ, რომ გ------ ნ------ე შეიცვლებოდა, თუმცა შეცდნენ, გ------ ნ------ე ძალის გამოყენებით უვარდებოდათ სახლში და მათ დახმარებას ვერავინ ბედავდა. ამდენად, დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ოჯახური ძალადობისათვის გ------ ნ------ემ ერთხელ უკვე მოიხადა სასჯელი და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზეც, იგივე ფაქტებზე დაყრდნობით სდებენ მსჯავრს, ემსახურება მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, მსჯავრდებულ გ------ ნ------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებების არაერთგზისობით არასწორად დაკვალიფიცირების თაობაზე, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნაში, პირდაპირ არის მოცემული თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება საქართველოს სსკ-ის 115-ე და 1261 მუხლით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები არაერთგზისობად. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261 , 137-ე-139-ე, 141-ე, 143-ე და 144-ე-1443 მუხლებით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით ან რომელიმე სხვა ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენით კი დადგენილია, რომ გ------ ნ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------ ნ------ემ ჩაიდინა თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორზე მეტი პირის მიმართ, არაერთგზის, დანაშაული გათვალისიწნებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, და „ე“ ქვეპუნქტებით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------ ნ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
გ------ ნ------ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ------ ნ------ეს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი გ------ ნ------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება -ერთი ცალი კლოფელინის ცარიელი ფირფიტა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ------ ნ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ------ ნ------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, და „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ------ ნ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
გ------ ნ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 მარტიდან.
გ------ ნ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტის მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი კლოფელინის ცარიელი ფირფიტა განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/