განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002117966
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7532-18 30 ოქტომბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები – თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - ა---------– ჯ---–ია
წარმომადგენლები - ქ---------------, გ----------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „A---------“
წარმომადგენელი - ა-–-----------------–----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „A----------მა“ ა---------– ჯ---–იას წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და სესხის სახით გაცემული 100 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, ა---------– ჯ---–იას შპს „A----------ის“ მიმართ 100 000 აშშ დოლარისა და გაღებული საპროცესო ხარჯის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ა---------– ჯ---–იამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2012 წლის 25 ივნისს, 16 საათსა და 16 წუთზე, შპს „A----------მა“ ა---------– ჯ---–იას, საბანკო ანგარიშზე, 100 000 აშშ დოლარი გადაურიცხა. ფულადი გზავნილის ინფორმაციაში - ტრანზაქცია პირად გადარიცხვადაა დაკვალიფიცირებული (ტომი I, ს.ფ. 33, 70, 49-54).
6. 2012 წლის 25 ივნისს, 16 საათსა და 14 წუთზე შპს „A----------მა“ ნ----–- ჯ---–იას, საბანკო ანგარიშზე, 200 000 აშშ დოლარი გადაურიცხა. ფულადი გზავნილის ინფორმაციაში - ტრანზაქცია პირად გადახდაა დაკვალიფიცირებული (ტომი I, ს.ფ. 84).
7. 2012 წლის 03 ივლისს ა---------– ჯ---–იამ ნ----–- ჯ---–იას, საბანკო ანგარიშზე, 100 000 აშშ დოლარი გადაურიცხა. საგადასახადო დავალებაში გადახდა პირად გადარიცხვადაა დაკვალიფიცირებული (ტომი I, ს.ფ. 87).
8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის, კერძოდ, ა---------– ჯ---–იასა და შპს „A----------ეს“ შორის, 100 000 აშშ დოლარის სესხის სახით გადაცემა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და მსესხებელი განსაზღვრულ ვადაში, გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას უნდა კისრულობდეს.
ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი 100 000 აშშ დოლარის მიღებას - საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, სადავოდ არ ხდის, ამასთან სადავო თანხის ა---------– ჯ---–იასთვის ჩარიცხვა საქმეზე წარმოდგენილი შეუდავებელი წერილობითი მტკიცებულებითაც დასტურდება. აპელანტის პრეტენზია შეეხება თანხის სესხად მიღებას. შესაბამისად, ნათელია, რომ აპელანტი სადავოდ ხდის დავის სამართლებრივ მოწესრიგებას, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიკაციას. აპელანტის მოსაზრებით, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება გადაცემული თანხის მიზნობრიობა და აპელანტის მიერ თანხის უკან დაბრუნების შესახებ ვალდებულების აღება.
ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს. სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება ანუ, გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით ან თანხის სხვა სამართლებრივ საფუძველზე მიღებით.
საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2012 წლის 25 ივნისს, 16 საათსა და 16 წუთზე, შპს „A----------მა“ ა---------– ჯ---–იას საბანკო ანგარიშზე 100 000 აშშ დოლარი გადაურიცხა. ფულადი გზავნილის ინფორმაციაში - ტრანზაქცია პირად გადარიცხვადაა დაკვალიფიცირებული (ტომი I, ს.ფ. 33, 70, 49-54). როგორც აღინიშნა მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებივი ურთიერთობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, მით უფრო, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა თანხის სარჩელში მითითებული ოდენობით მიღების ფაქტი და სადავოდ მხოლოდ თანხის გადაცემის მიზნობრიობა გახადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს სწორედ იმაზე, მოცემული ნორმით არ არის გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი და დასადგენი გარემოებების თავისებურების გათვალისწინებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პროცესუალური მტკიცებულებების სახე. მართალია მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სადავო თანხის გადარიცხვის გზით მოპასუხეებისათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება (ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერი) წარმოადგინა, თუმცა მასში რაიმე მინიშნება/მითითება მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაზე არ არის. პირიქით, გადახდის დანიშნულებად პირადი გადარიცხვაა მითითებული. როდესაც საუბარია კომპანიის მიერ ფიზიკური პირისთვის საკმაოდ სოლიდური თანხის გადარიცხვაზე, არსებობს პრეზუმფცია, რომ იურიდიულ პირს, როგორც საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულ პირს, ფინანსური დოკუმენტაციის გამართულად წარმოება ევალება. შესაბამისად, მას გადაცემული თანხის სამართლებრივი ბუნების დასადასტურებლად სხვა უფრო რელავანტური ან/და წონადი მტკიცებულებების წარმოდგენა ხელეწიფებოდა, როგორადაც შესაძლებელია საწარმოს ფინანსური დოკუმენტაცია იქნეს მიჩნეული. ასევე, იგი, როგორც გამსესხებელი კისრულობს სამართლებრივ რისკს, რომელიც თანხის დაუბრუნებლობას შეეხება. შესაბამისად, მტკიცება მასზედ, რომ 100 000 აშშ დოლარი, ყოველგვარი წერილობითი გარანტიების გარეშე, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ფიზიკურ პირს გადაეცა, თანაც ისე, რომ თანხის გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტში პირადი დანიშნულება იქნა არჩეული და საწარმოს ფინანსური დოკუმენტაცია/გატარებები წარმოდგენილი არ არის, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის თაობაზე სერიოზულ ეჭვებს აჩენს. ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სესხის ხელშეკრულების კვალიფიკაციისთვის საჭირო მეორე კუმულაციური პირობა - მსესხებლის მიერ მიღებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულების აღებაა, რაც საქმის მასალებში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. თუმცა, მოპასუხეს (აპელანტს), რომლის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებასაც გადაცემული თანხის მიზნობრიობის დადგენა წარმოადგენდა, სასამართლოს წინაშე მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ უშუამდგომლია. აღნიშნული ყურადსაღებია იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ სესხის ხელშეკრულების დადების დამტკიცება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით შეუძლებელია, თუმცა, გადაცემული თანხის მიზნობრიობის დადგენა ამგვარი მტკიცებულებით შესაძლებელი და აუცილებელიცაა. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს მოპასუხის მიერ შესაგებელში განხორციელებულ შედავებას მასზედ, რომ მოსარჩელე კომპანიის მიერ 100 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნების მოთხოვნით არცერთი წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა საქმის მასალებით არ დასტურდება, რაც მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, გადაცემული თანხის სასესხო ურთიერთობად კვალიფიცირების შესაძლებლობას გამორიცხავს, თუმცა, ვინაიდან საქმის მასალებით სადავო თანხის მოპასუხისთვის გადაცემა დადასტურებულია, ამიტომ სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, კონდიქციური ვალდებულების არსებობის წინაპირობები გამოიკვლიოს.
9. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელე კომპანიის მიერ აპელანტისთვის გადარიცხული 100 000 აშშ დოლარის უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე უკან დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
სასამართლოს უპირველესი ამოცანა სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირებასა და იმის დადგენაში მდგომარეობს თუ, რის საფუძველზე, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზეა დამყარებული მოთხოვნა. მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში კი, სასამართლომ უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ იურიდიულ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოძიებული ნორმა (ან ნორმები) უნდა შეიცავდეს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც დავის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებაა და იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ დადგინდეს ნორმის წინაპირობები (მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა), რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას. საბოლოოდ, სასამართლომ შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. პროცესის მონაწილე მხარე კი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნა მეორე მხარის მიმართ, ვალდებულია, სულ მცირე, მიუთითოს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა ადგენს. აქედან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას გამორიცხავს.
თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ასრულებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას იწვევს. მაშასადამე, იმ ვითარებაში, როდესაც დადასტურებულია და მოპასუხის მიერ სადავო თანხის მიღება უარყოფილი არ არის, იმის მტკიცების ვალდებულება და სათანადო სამართლებრივი საფუძვლის მითითება, რომ მიღებული თანხის საკუთრებაზე წარმოეშვა მოპასუხეს უფლება, მისივე მტკიცებისა და მითითების ტვირთია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამგვარ მტკიცებად ვერ იქნება მიჩნეული მოპასუხის განმარტება მასზედ, რომ სადავო თანხა მოსარჩელე კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენდა, ვინაიდან იგი ნ----–- ჯ---–იას ეკუთვნოდა, რომელიც რუსეთში ბიზნეს საქმიანობით დაგროვილ თანხას დ------------- (მოსარჩელე კომპანიის დირექტორის) კონტროლირებად კომპანიებში რიცხავდა და მისი მეშვეობით ახდენდა თანხის საქართველოში შემოტანას. თუმცა, ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ შეუდავებელ წერილობით მტკიცებულებას, რომლის თანახმად, ა---------– ჯ---–იამ სადავო თანხის მიღებიდან ერთ კვირაში, კერძოდ, 2012 წლის 03 ივლისს, მის ბიძა - ნ----–- ჯ---–იას, საბანკო ანგარიშზე, 100 000 აშშ დოლარი გადაურიცხა (ტომი I, ს.ფ. 87).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია თუ, მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა თანხის გადაცემა. ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლის თანახმად, 2012 წლის 25 ივნისს, 16 საათსა და 14 წუთზე შპს „A----------მა“ ნ----–- ჯ---–იას საბანკო ანგარიშზე 200 000 აშშ დოლარი გადაურიცხა და ამ შემთხვევაშიც გადარიცხვა პირადი დანიშნულების იყო (ტომი I, ს.ფ. 84), ასევე, ა---------– ჯ---–იამ მიღებული თანხა ერთ კვირაში ნ----–- ჯ---–იას სრულად გადაურიცხა, სააპელაციო პალატას ექმნება მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ საქმეზე მოპასუხედ დასახელებულ პირს მიღებულ თანხაზე საკუთრების უფლება არ წარმოშობია, ანუ სხვის ხარჯზე არ გამდიდრებულა, მან მოთხოვნის შესაბამისად, მიღებული თანხა შესაბამის ადრესატს გადასცა. გარდა ამისა, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა მასზედ, რომ ა---------– ჯ---–ია განხორციელებულ ტრანზაქციაში ე.წ. „გამტარ“ რგოლს წარმოადგენდა, კერძოდ, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2012 წლის 25 ივნისს, 16 საათსა და 16 წუთზე, შპს „A----------მა“ ა---------– ჯ---–იას საბანკო ანგარიშზე 100 000 აშშ დოლარი გადაურიცხა. ფულადი გზავნილის ინფორმაციაში - ტრანზაქცია პირად გადარიცხვადაა დაკვალიფიცირებული. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ შეუდავებელ წერილობით მტკიცებულებას, რომლის თანახმად, ა---------– ჯ---–იამ სადავო თანხის მიღებიდან ერთ კვირაში, კერძოდ, 2012 წლის 03 ივლისს, მის ბიძა - ნ----–- ჯ---–იას, საბანკო ანგარიშზე, 100 000 აშშ დოლარი გადაურიცხა. ა---------– ჯ---–იას „გამტარის“ როლს, ასევე, ადასტურებს საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მსგავსი „პირადი გადარიცხვები“ შპს „A----------სა“ და ნ----–- ჯ---–იას შორის წარსულშიც არსებობდა. ზემოაღნიშნული მსჯელობის თანახმად, პალატა მიიჩნევს, რომ სხვის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრებას და ხსენებული თანხის მისგან კონდიქციური წესით გამოთხოვას გამორიცხავს. პალატა შეჯამების სახით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას წარმოდგენილი შესაგებელი აბრკოლებს, რადგანაც მასში დაბრუნების კონდიქციის შემაფერხებელი (976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) წანამძღვარია მითითებული.
სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სადავო თანხის მოძრაობა ობიექტური კატეგორიაა, ანუ მისი დამტკიცება მატერიალური მტკიცებულებების წარდგენის გზით შესაძლებელია, ხოლო, თანხის გადაცემის მიზნობრიობის დადგენა სუბიექტური კატეგორიაა, მისი დადგენა სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილი და ობიექტური შეფასებით ხდება, შესაბამისად, გადაცემული თანხის მიზნობრიობის დადგენა სუბიექტური აღქმის საგანია. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილებისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გონივრული განსჯის შედეგად სააპელაციო პალატას შეექმნა იმგვარი სუბიექტური აღქმა, რომ სადავო თანხა საქმეზე მოპასუხედ დასახელებული პირისგან გამოსათხოვ თანხას არ წარმოადგენს, რაც სარჩელს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელს ხდის.
10. სადავო საკითხის სრულად ამოწურვის თვალსაზრისით სააპელაციო პალატა მოდავე მხარეებს განუმარტავს, რომ მისთვის ცნობილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეზე დამკვიდრებული პრაქტიკა, რა დროსაც სადავო თანხის გამოთხოვის შესაძლებლობა კონდიქციური წესით დადგინდა. თუმცა, პალატის მოსაზრებით, განსახილველ საქმეში არსებობს შეუდავებელი მტკიცებულება, რომლითაც მოპასუხის მიერ მიღებული თანხის მესამე პირისთვის სრული ოდენობით გადაცემაა დადასტურებული, ამასთან, იმგვარი ტიპის გადარიცხვები, როგორიც განსახილველ დავაშია სადავოდ გამხდარი, შპს „A----------სა“ და ნ----–- ჯ---–იას შორის წარსულშიც არსებობდა, რამაც სასამართლოს შეუქმნა რწმენა, მასზედ, რომ ა---------– ჯ---–ია ხსენებულ გადარიცხვაში მხოლოდ ე.წ „გამტარის“ როლს ასრულებდა. ხსენებული დეტალები განსახილველ დავას სრულებით განასხვავებს აქამდე უზენაესი სასამართლოს მიერ განხილული საქმეებისგან და შესაბამისად, განსხვავებული სამართლებრივი შედეგის დადგომას ითვალისწინებს.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა სააპელაციო პალატას ა---------– ჯ---–იას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაზიარების საფუძველს აძლევს. ამიტომ, პალატა ასკვნის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივარი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარის ოდენობით, გადასახდელად „A----------ს“ უნდა დაეკისროს. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი, ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა---------– ჯ---–იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. შპს „A----------ის“ სარჩელი ა---------– ჯ---–იას მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „A----------ს“ ა---------– ჯ---–იას მიმართ დაეკისროს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. შპს „A----------ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად ჩაითვალოს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები თამარ ალანია
თამარ ზამბახიძე