განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001940841
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5246-19 20 ნოემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - სსიპ „ს----–-–----------------------–---------------------–------------–---“
წარმომადგენელი - ი---- შ--–---------
მოწინააღმდეგე მხარე - სს „-----------–-----–--ი
წარმომადგენელი - შ--–----------–-–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „-----------–-----–--მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა, სსიპ „ს----–-–----------------------–---------------------–------------–---სთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ, 319 873.71 ლარისა და ზიანის ანაზღაურების სახით - 2 399.05 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 306 859,6 ლარისა და, ზიანის სახით, 2 301,45 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ „ს----–-–----------------------–--------------------–-----------–----- სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2013 წლის 20 მაისს მხარეებს შორის №1--------- უზუფრუქტის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ტერიტორია და შენობა-ნაგებობები უზუფრუქტის უფლებით მოპასუხეს გადაეცა. ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, უზუფრუქტის საზღაურის სანაცვლოდ, მესაკუთრეს უფლება ჰქონდა საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი საწარმოო პროცედურების განხორციელების მიზნით, უზუფრუქტით გადაცემული ქონებით უსასყიდლოდ ესარგებლა. უზუფრუქტუარი ვალდებული იყო მესაკუთრისთვის ამ ქონების გამოყენებით საკუთარი ამოცანების შესრულებაში ხელი შეეწყო.
2013 წლის 20 მაისის უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 01 ნოემბერს მხარეთა შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, მემორანდუმის მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული შრომითი ხელშეკრულებების გათვალისწინებით, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, მასთან დასაქმებული საკადრო რესურსით (სპეციალისტები), მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში, დახმარებას გაუწევდა. ამავე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხის თანამშრომლის დასაქმების პერიოდში, მოპასუხის თანამშრომელს უხელფასო შვებულება, ამ მემორანდუმის თანდართული ფორმის შესაბამისად, გაუფორმდებოდა.
მემორანდუმი უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, ეფექტიანი თანამშრომლობის მიზნით, 2015 წლის 10 ნოემბრის მემორანდუმით განახლდა, რომლის 3.1 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მოპასუხის წერილობითი/ზეპირსიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული უზუფრუქტის ხელშეკრულების, ასევე, ჩარჩო ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, დახმარებას მის ბალანსზე აღებული მასალების გადაცემასთან დაკავშირებით გაუწევდა. ყოველი გადაცემისას პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო, ყოველი თვის ბოლოს ბუღალტრული შედარების საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტი, თვის განმავლობაში მოხმარებული მასალების საბალანსო ღირებულებისა და მოგების გათვალისწინებით, უნდა შემდგარიყო (ტომი I, ს.ფ. 33-53).
6. მხარეთა შორის დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულებისა და თანამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე არსებული ურთიერთობის ფარგლებში, ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების გარეშე, 2013-2015 წლებში მოპასუხე საკუთარი შეკვეთების დასამზადებლად, მოსარჩელის კუთვნილი მასალების მიღებას და გახარჯვას, ახორციელებდა (მხარეთა ახსნა-განმარტება).
7. 2015 წლის 19 ივნისის №------- წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს 2014 წელს გახარჯული მასალების დაბრუნების ან შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით მიმართა. აღნიშნულის პასუხად, მოპასუხემ 2015 წლის 15 ივლისის №---- წერილით გახარჯულ მასალებთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 298-299)
8. 2015 წლის 22 ივლისის №--- წერილით, მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გახარჯული მასალების ნუსხა, ფასების მითითებით, მიეწოდა. აღნიშნულის პასუხად 2016 წლის 10 ნოემბრის №----- წერილით, მოპასუხემ მოსარჩელეს 2015 წლის 22 ივლისის წერილით გაგზავნილი დოკუმენტაცია უკან დაუბრუნა (ტომი I, ს.ფ. 300-301).
9. 2016 წლის 21 ნოემბრის №------- მიმართვით, მოსარჩელემ მოპასუხეს 2014 წელს თვითნებურად გახარჯული მასალების ღირებულების - 224 890.22 ლარის ანაზღაურება, ხოლო, 2017 წლის 27 აპრილის №------- მიმართვით, 2013-2015 წლებში მოპასუხის მიერ თვითნებურად მოხმარებული მასალების ღირებულების - 319 992 ლარის ანაზღაურება, მოსთხოვა. აღნიშნული მიმართვა მოპასუხეს 2017 წლის 28 აპრილს ჩაბარდა (ტომი I, ს.ფ. 302-305).
მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის 2013-2015 წლებში მის მიერ საკუთარი შეკვეთების დამზადებისთვის გახარჯული მოსარჩელის კუთვნილი მასალების ღირებულება ანაზღაურებული არ არის (მხარეთა ახსნა-განმარტება).
10. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სსიპ „ს----–-–----------------------–--------------------–------ დ--–----“ მოსარჩელის სასარგებლოდ 319 873.71 ლარის ანაზღაურების ვალდებულება მართებულად დაეკისრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 982-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. ასევე, 991-ე მუხლის დანაწესით ირკვევა, რომ პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ მასალების გახარჯვის ფაქტი სადავოდ არ არის გამხდარი, შედავება განხორციელებულია მხოლოდ მოსარჩელის კუთვნილი და მოპასუხის მიერ გახარჯული მასალების ღირებულება, რომელიც მოპასუხის მიერ არ ანაზღაურებულა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს, მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასების შედეგად გახარჯული მასალების ღირებულების დადგენა წარმოადგენს.
11. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდ წილად სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება განაპირობებს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
რაც შეეხება მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. შესაპირისპირებელი მტკიცებულებები სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ მტკიცებულების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სასამართლოს როლს მტკიცებულებების დასაშვებად ცნობასა და მათი შეფასების ნაწილში, ასევე, ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალიც, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრირებას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობა ან ის თუ, როგორ უნდა შეფასდეს იგი, პირველ ყოვლისა, ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა, ეროვნული სასამართლოების ამოცანაა შეაფასონ მათ წინაშე არსებული მტკიცებულებები, ამრიგად, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ევროსასამართლოს შესაძლებლობას არ აძლევს მხოლოდ მტკიცებულებათა შეფასების მხრივ ეჭვქვეშ დააყენოს სამოქალაქო დავის შედეგის სამართლიანობა. თუმცა, სტრასბურგის სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების კონტექსტში მუდმივად აღნიშნავს, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოები ვალდებულნი არიან პროცესის სამართლიანობა უზრუნველყონ, რომელიც, ასევე, მოიცავს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესის სამართლიანობის შემოწმებას. სხვა მხრივ, მხოლოდ ეროვნული სასამართლოს პრეროგატივაა შეაფასოს მხარეთა არგუმენტები, მტკიცებულებები და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები.
ზოგადად, სასამართლოში საქმის განხილვისას ექსპერტიზის დასკვნის მნიშვნელობა დიდია, განსაკუთრებით კი ისეთი გარემოებების დასადასტურებლად, რომელთა შესახებაც მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია. თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნის გაზიარება სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის, მას სხვა მტკიცებულებებთან შედარებით per se უპირატესი ძალა არ გააჩნია, მას სასამართლო სტანდარტულად 105-ე მუხლით დადგენილი წესების მიხედვით აფასებს.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლოს ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 11 ივნისის №--------- დასკვნიდან ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე სსიპ ს----–-–----------------------–---------------------–------- დ--–---- მიერ წარმოდგენილ და დანართში მოცემული საქონლის ჯამური ღირებულება, ჩატარებული კვლევის ფარგლებში, ექსპერტიზის ჩატარების დროისთვის არსებული მდგომარეობით, საორიენტაციოდ, 57 399.47 ლარს შეადგენს. პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვას დანართებში მითითებული მასალების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, როგორც 2013-2015 წლის პირველი კვარტლის, ასევე, 2013-2015 წლის მდგომარეობით წარმოადგენდა. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ წარმოდგენილ დანართში სხვადასხვა დანიშნულების მასალები აღმოჩნდა. დამკვეთის მიერ შესაფასებელ საქონელზე ინფორმაცია იქნა მიწოდებული, წარმოდგენილი ქონების უმეტესი ნაწილი სპეციფიკური ხასიათისაა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქონების მსგავს საქონელზე 2013-2015 წლებში ბიუროში მოთხოვნა შესული არ ყოფილა და შესაბამისად, მათი საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით კვლევა არ ჩატარებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2013-2015 წლის მდგომარეობით წარმოდგენილი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა ვერ მოხერხდა. ექსპერტიზის დასკვნაში, ასევე, განმარტებულია, რომ ექსპერტიზაზე შესაფასებელი საქონელი წარმოდგენილი არ ყოფილა და გამომდინარე აღნიშნულიდან, კვლევა წარმოდგენილ ქონების ჩამონათვალში მითითებული დახასიათებისა (სტანდარტი, მარკა-მოდელი და სხვა) და დამკვეთის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციების საფუძველზე ჩატარდა. ქონების ჩამონათვალში მოცემული დახასიათების (სტანდარტი, მარკა-მოდელი და სხვა) საფუძველზე, ნაწილი ობიექტების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და მათზე კვლევა ვერ ჩატარდა. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საქონლის მსგავსი, ახალი საქონლის ყიდვა-გაყიდვისა და გასაყიდად შეთავაზების ფასებზე ინფორმაციების მოძიების მიზნით, შესაბამის ინტერნეტ საიტებზე კვლევა ჩატარდა. ჩატარებული კვლევის ფარგლებში მოძიებული შეთავაზების წინადადებების საბაზრო ღირებულებების კორექტირება მოხდა. ჩატარებული კვლევის ფარგლებში დანართში წარმოდგენილი საქონლის ნაწილზე, მსგავსი საქონლის ყიდვა-გაყიდვისა და გასაყიდად შეთავაზების ფასების დადგენა ვერ მოხერხდა, რის გამოც მათი შეფასებაც ვერ განხორციელდა (ტომი I, ს.ფ. 405-452).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.
საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში მიუთითა, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული.
სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის კვლევის შედეგად პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ იგი სანდო და განკუთვნად მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მტკიცებულება განკუთვნადი/საქმისთვის მნიშვნელოვნია, თუ მას შეუძლია საქმის რომელიმე გარემოება ნაკლებად სავარაუდო გახადოს ვიდრე იგი წარდგენილი მტკიცებულების არარსებობის პირობებში იქნებოდა. განსახილველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა თავადვე მიუთითებს, რომ ბიუროს მისი შედგენის კომპეტენცია არ გააჩნდა, მსგავსი კვლევა აქამდე არ ჩაუტარებია, მსგავს საქონელზე 2013-2015 წლებში ბიუროში მოთხოვნა შესული არ ყოფილა და შესაბამისად, მათი საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით, კვლევა არ ჩატარებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2013-2015 წლის მდგომარეობით წარმოდგენილი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა ვერ მოხერხდა. ამასთან, იმ საქონლის საბაზრო ღირებულებასთან მიმართებითაც, რომელზეც ექსპერტიზის დასკვნა საბოლოო ფასს ადგენს, განმარტავს, რომ დასკვნა საორიენტაციო ხასიათისაა. გარდა აღნიშნულისა, დასკვნიდან დგინდება, რომ მეთოდი, რომელიც საბაზრო ფასის დადგენისას იქნა გამოყენებული არააპრობირებული და არასანდოა, ვინაიდან იგი მხოლოდ ელექტრონულ საიტებზე განთავსებული ფასების შეჯერების გზით იქნა დადგენილი და რაიმე პროფესიული გამოთვლის სტანდარტი/კვლევის მეთოდი გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, ვინაიდან დასკვნა ორაზროვანია, შესაფასებლად წარდგენილ უმეტეს საგნებზე დასკვნას არ იძლევა და საბოლოო დასკვნაც არაიმპერატიულია, პალატა ასკვნის, რომ გადაწყვეტილებას აღნიშნულ მტკიცებულებას ვერ დააფუძნებს და მასზე დაყრდნობით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მხარისთვის გარკვეულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს და მის უფლებებსა და ინტერესებზე გავლენას ახდენს.
13. რაც შეეხება საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნებს, რომლებიც ერთი მხრივ, შპს „თ-------------------“ მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს, ხოლო მეორე მხრივ, შპს „ბ------–-------–--------–---------------------–--------“ აუდიტორული დასკვნა, რომელიც 2016 წლის 02 ნოემბერს არის შედგენილი, მათ პალატა სხვა გამაბათილებელი ან/და მეტად რელევანტური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, დასაბუთებულად მიიჩნევს (ტომი I, ს.ფ. 54-297, ტომი II, ს.ფ. 6-56).
აუდიტორული დასკვნები ფაქტობრივად მხარეთა შორის ამ ურთიერთობის წარმოშობამდე არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებები ფასებს ეფუძნება. შპს „თ-------------------“ მიერ შედგენილი დასკვნა სასამართლოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნის არარელევანტურობაში არწმუნებს, ვინაიდან მტკიცებულებაში მითითებულია, რომ „ა“ პუნქტთან დაკავშირებული: 2014 წლის 07 თებერვლის 01 ხელშეკრულების შედარებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 ივნისის №--------- დასკვნასთან შედარებით დადებითი სხვაობა 296 პოზიციაში გამოვლინდა; ასევე, „ბ“ პუნქტთან დაკავშირებული: 2016 წლის 11 ივლისის----- ხელშეკრულების შედარებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 ივნისის №--------- დასკვნასთან მიმართებით დადებითი სხვაობა 609 პოზიციაში გამოვლინდა; გარდა ამისა, „გ“ პუნქტთან დაკავშირებული: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 ივნისის №--------- დასკვნაში 1 410 პოზიცია ფიქსირდება, საიდანაც დაუდგენელი (განუსაზღვრელი) პოზიცია ჯამში - 375, რომლიდანაც 156 პოზიციის საქონელი ხსენებულ ხელშეკრულებებში ნასყიდობის ობიექტს წარმოადგენს.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ აუდიტორული დასკვნა, სწორედ მხარეთა შორის წლების განმავლობაში შედგენილ გახარჯვის აქტებს ემყარება და მათში მითითებული მასალების ღირებულებებს აჯამებს, სადავო გახარჯული მასალების საბაზრო ღირებულების დასადგენად სანდო მტკიცებულებას წარმოადგენს, ვინაიდან იგი მხარეთა საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მოპოვებულ დოკუმენტაციას ეყრდნობა.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აუდიტორული კომპანია შპს „ბ------–-------–--------–---------------------–--------“ აუდიტორულ დასკვნას, პალატა მიიჩნევს, რომ იგი საქმეში არსებული ერთადერთი მტკიცებულებაა, რომლითაც სადავო გახარჯული მასალის საბაზრო ღირებულების დადგენაა შესაძლებელი (ტომი I, ს.ფ. 54-297). აუდიტის წინაშე დასმულ საკითხს სს „-----------–-----–--ის მიერ მიწოდებული მასალების რაოდენობისა და ღირებულების პირველად დოკუმენტაციასთან (მასალების გადაცემის აქტებთან) შედარება წარმოადგენდა. აუდიტის დასკვნის შესადგენად სადავო მასალების რეესტრი, მასალების გადაცემის აქტები, სს „-----------–-----–--ის შეკეთების ნომენკლატურა და სსიპ ს--– „დ--–----“ შეკვეთების ნომენკლატურა წარედგინა.
აუდიტისთვის წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა-გაანალიზების საფუძველზე დადგინდა, რომ სს „-----------–-----–--ის მიერ მიწოდებული მასალების რეესტრში ჩამოთვლილი მასალები (1 539 პოზიცია, 2%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით, ღირებულებით 319 873.71 ლარი, რაოდენობრივად მასალების გადაცემის აქტებში (სულ 46 აქტი 168 ფურცელზე) შედის. ასევე, აქტების შესწავლით დადგინდა, რომ აქტებში გადაცემული და გახარჯული მასალების რაოდენობაა მითითებული, გადაცემა შეკვეთებიდან ხდებოდა, რომლებიც სს „-----------–-----–--ის შეკვეთების ნომენკლატურაში მითითებული ნორმების იდენტურია, ხოლო, მიღება და გახარჯვა იმ შეკვეთებზე ხდებოდა, რომლებიც სსიპ ს--– „დ--–----“ შეკვეთების ნომენკლატურაში მითითებული ნომრები იდენტურია. აღნიშნულ აქტებს ხელს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები აწერდნენ და მას სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დ--–----“ ძირითადი წარმოების ხელმძღვანელი ამტკიცებდა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის ჩვენებას. რ----------------, რომელიც სადავო პერიოდში აპელანტ საწარმოშიც მუშაობდა ამჟამად კი, საწარმოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, განმარტა, რომ მისთვის, როგორც დ--–---- წარმოებისთვის მასალების ღირებულება ცნობილი იყო, ღირებულება დ--–---- ხელმძღვანელობასთან ზეპირსიტყვიერად თანხმდებოდა. სადავო მასალები საბჭოური წარმოების იყო, რომელიც საქართველოში სხვადასხვა გზებით შემოდიოდა, მსგავსი პროდუქტის მოძიება საქართველოს ბაზარზე შეუძლებელია. მოწმის განმარტებით არასოდეს, გახარჯული მასალის ფასები და ოდენობა სადავო არ გამხდარა, მოლაპარაკების დროს მხოლოდ საფასურის გადახდის მეთოდი ხდებოდა პრობლემური. მისივე განმარტებით, ყველა მიღება-ჩაბარების აქტს ნომენკლატურა და ფასები ახლდა, რაც შეეხება იმას დოკუმენტაციაში მითითებული ფასები რეალური იყო თუ არა, მოწმის განმარტებით, ვინაიდან ყველა მასალას თავისი ნომენკლატურა აქვს, მას სააქციო საზოგადოების ბუღალტერიაში იდენტიფიცირების მოხდენა შეეძლო, გარდა ამისა, მისი პროფესიიდან გამომდინარე მან გასახარჯი მასალის რეალური ღირებულება იცოდა. გარდა ამისა, მისი განმარტებით, გასახარჯი მასალების ღირებულების შეთანხმება არა მისი გახარჯვის, არამედ მათ გახარჯვამდე ხდებოდა, როდესაც რაიმე კონკრეტული პროდუქტის დასამზადებლად მასალა იყო საჭირო და მის მიწოდებას ლოჯისტიკის სამსახური ვერ ახდენდა, მაშინ ხდებოდა ფასების გადამოწმება, ლოჯისტიკის სამსახურთან შეთანხმება და მასალების გახარჯვა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწმის ჩვენება ღირებული მტკიცებულებაა იმ მიმართებით, რომ მან მოდავე პირებს შორის სამეწარმეო ურთიერთობის არსებობა, ფასებზე ზეპირსიტყვიერი შეთანხმება და ის ფაქტი დაადასტურა, რომ გახარჯული მასალები საქართველოს ბაზარზე არ მოიპოვებოდა, შესაბამისად, ცალსახა ხდება, რომ გახარჯული მასალების ღირებულების დასადგენად ერთადერთ საშუალებას სწორედ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული დოკუმენტაციიდან ინფორმაციის მიღება წარმოადგენს, რის გამოც პალატას ექმნება მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო მოპასუხის მიერ მოხმარებული მოსარჩელის კუთვნილი მასალების ღირებულების განსაზღვრის ნაწილში სწორად დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2016 წლის 02 ნოემბრის აუდიტორულ დასკვნას, რომლის საფუძველზეც მოპასუხის მიერ მოხმარებული მასალების - 1 539 პოზიციის საერთო ღირებულება 319 873.71 ლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება მოპასუხის შედავებას, უშუალოდ მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხის განსაზღვრის ნაწილში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ №-- აქტს (ტომი I , ს.ფ. 104), სადაც 53-ე პოზიციად მითითებულია, რომ მის მიერ 750 კგ. ელექტროდია მოხმარებულია, მაშინ როდესაც მათ მიერ რეალურად 0.75 გრამი ელექტროდი გაიხარჯა. მოპასუხის შედავების თანახმად, ამ ნაწილში პროდუქციის ღირებულება 12.495 ლარით უნდა განსაზღვრულიყო. ასევე №-- აქტში (ტომი I, ს.ფ. 178) მე-10 პოზიციად მითითებულია, რომ მოსარჩელემ 86 კგ პროდუქცია მოიხმარა, მაშინ როდესაც მან, რეალურად, 8.6 კგ. გახარჯა. სააპელაციო პალატა ადგენს, რომ მოსარჩელის მიერ სათანადო და დასაბუთებული შედავების არარსებობის პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ხსენებული ღირებულება მართებულად გამოაკლო გახარჯული მასალების საერთო საბაზრო ღირებულებას და, საბოლოო ჯამში, მოპასუხეს 306 859.6 ლარი მართებულად დააკისრა.
14. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტს 2017 წლის 28 აპრილიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ზიანის ანაზღაურების სახით, მიუღებელი შემოსავალი, ყოველთვიურად, 2 301.45 ლარის ოდენობით მართებულად დაეკისრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.
მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის, როგორც არაპირდაპირი ზიანის, დაკმაყოფილებისთვის საჭირო წინაპირობები უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკითაა განმტკიცებული. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი, თავისი ბუნებით, გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო, ადგილი არ ექნებოდა. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურება ყოველთვიურად, 2399,05 ლარის ოდენობით, ანუ სს „ს----------–--------–-“ სადავო თანხის დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში, მისაღები სარგებლის - წლიური 9%-ის ოდენობით იყო მოთხოვილი.
ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, თუმცა, მიდგომა ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით განსხვავებულია, რაც განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვითი უნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც ყველა შემთხვევაში, ფულს სარგებლის მოტანის უნარს ანიჭებს. ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. პალატა განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას არ სჭირდება.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მასალების თვითნებური გახარჯვითა და შემდგომში მრავალი წლის განმავლობაში გახარჯული მასალის ღირებულების აუნაზღაურებლობით, მოსარჩელისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ყოველწლიური 9%ის დაკისრება სამართლიანი და ობიექტურია.
15. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს გახარჯული მასალების საორიენტაციო საბაზრო ღირებულების დადასტურება ევალებოდა. ამ მიმართებით მოსარჩელემ მხარეთა შორის წლების განმავლობაში ნაწარმოები დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტები, ნომენკლატურები და მხარეთა შორის მასალის ღირებულების ანაზღაურების შესახებ გაგზავნილი წერილები წარმოადგინა. ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილია ორი აუდიტორული დასკვნა, კერძოდ, „ბ------–-------–--------–---------------------–--------“ 2016 წლის 02 ნოემბრის აუდიტორულ დასკვნაში მითითებულია, რომ აქტებში მითითებული გადაცემული და გახარჯული მასალების რაოდენობა შეკვეთის ნომენკლატურებში მითითებული რაოდენობის იდენტურია. ასევე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „თ-------------------“ 2018 წლის 22 აგვისტოს აუდიტორული დასკვნა, რომელიც ღირებულების განსასაზღვრად ფაქტობრივად მხარეთა შორის ამ ურთიერთობის წარმოშობამდე არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებებს ფასების განსაზღვრისა და დადებითი სხვაობების გამოვლენას ეფუძნება.
რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მას მოსარჩელის მიერ მითითებული მასალის ღირებულებისგან განსხვავებული ოდენობის დადასტურების მოვალეობა გააჩნდა. ამ მიმართებით მოპასუხემ მიუთითა მოსარჩელის მიერ 2016 წლის 21 ნოემბერს (--------- გაგზავნილ წერილში ასანაზღაურებელ ოდენობად 224 890,22 ლარის მითითების შესახებ, ხოლო 2017 წლის 27 აპრილის წერილში (-------- ასანაზღაურებელ ოდენობად 319 992 ლარის მითითების შესახებ, რომელიც მისი აზრით, ცხადყოფდა, რომ თავად მოსარჩელე ვერ უზრუნველყოფდა გახარჯული მასალების ზუსტი ღირებულების მითითებას. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატა, რა თქმა უნდა, იზიარებს აპელანტის (მოპასუხის მოსაზრებას), თუმცა მიუთითებს, რომ მტკიცებულების საქმის მასალებში არსებობა ცალსახად სასამართლოს მიერ მის გაზიარებას ან და რომელიმე ფაქტობრივი გარემოების მის საფუძველზე დადგენას არ გულისხმობს. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში სხვა ორი უფრო წონადი მტკიცებულება არსებობს აუდიტორული დასკვნების სახით, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის მიერ გაგზავნილ წერილებში ღირებულების მითითებისას უზუსტობები იკვეთება, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს არ ცვლის. გარდა ამისა, სს „-----------–-----–--ის წინადადება გარკვეული რაოდენობის დავალიანების დაფარვის თაობაზე სხვა უფრო კვალიფიციური მტკიცებულებით შეთავაზებულზე მეტი დავალიანების არსებობის დადასტურებას არ გამორიცხავს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. არსებობის ფაქტს რაც შეეხება აპელანტის არგუმენტს მის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გაზიარების შესახებ, სააპელაციო პალატა მას ვერ გაიზიარებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას საფუძვლად ვერ დაუდებს. ამ მიმართებით უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო პროცესში დისპოზიციურობის პრინციპის არსებობას გაესვას ხაზი, რა დროსაც სასამართლო მიიღებს და გაიზიარებს იმ მტკიცებულებას, რომელსაც სხვა მტკიცებულებებზე უპირატესი ძალა აქვს, მტკიცებულების უპირატესი ძალა მისი სანდოობის, რელევანტურობის, განკუთვნადობისა და იმპერატიულობის შეფასების გზით უნდა დადგინდეს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში გაუგებარია თუ რა მეთოდოლოგია იქნა გამოყენებული დასკვნის შედგენისას, ამასთან თავად ექსპერტი მიუთითებს, რომ მსგავსი შეფასება ბიუროს მიერ წარსულში არ განხორციელებულა. ამავე მტკიცებულებაში მოყვანილი ფაქტები და გაკეთებული დასკვნა საკონსულტაციო ხასიათისაა და იმგვარ იმპერატიულ მითითებებს არ შეიცავს, რომელიც მას სხვა მტკიცებულებებთან შედარებით უპირატეს ძალას მიანიჭებდა. ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, საკვლევად გადაცემულ მასალების სიიდან უმრავლესობაზე ექსპერტიზის დასკვნა მსჯელობას არ შეიცავს, მათი საბაზრო ღირებულების დადგენა ვერ მოხერხდა, აღნიშნული რელევანტურობის თვალსაზრისით დასკვნას მტკიცებულებით ძალას უკარგავს და სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას საქმეში სხვა უფრო წონადი მტკიცებულებების არსებობის პირობებში გადაწყვეტილება მის საფუძველზე მიიღოს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გახდეს.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 7 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ „ს----–-–----------------------–---------------------–------------–---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სასამართლო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლე თამარ ალანია
თამარ ზამბახიძე