განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
330210117002049242
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002049242

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7966-18 30 ოქტომბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - შპს „ა---------------“

 

წარმომადგენელი - ბ-----------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ------“

 

წარმომადგენელი - დ------------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შპს „ა---------------“-მა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, შპს „ტ------“-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოპასუხისთვის, დავალიანების 15 000 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების ვალდებულება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლოში მოთხოვნა 9 000 აშშ დოლარამდე შემცირდა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ა---------------“-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2013 წლის 04 დეკემბერს შპს „ა---------------“ -სა და მოპასუხე შპს „ტ------“-ს შორის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება (#--------) დაიდო, მოსარჩელემ მოპასუხეს 10 000 აშშ დოლარი, ერთი თვის ვადით, თვეში 5%-ის დარიცხვით, ასესხა. სესხი და სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტები მოპასუხეს 2014 წლის 04 იანვრის ჩათვლით უნდა დაებრუნებინა. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა: მოდელი: დაფ. CF 85 430, სახელმწიფო ნომერი: #Y------ გამოშვების წელი 2001, დაგირავდა (ს.ფ. 14-23).

 

6. შპს „ტ------“-მა მოსარჩელისგან 9 500 აშშ დოლარი კვლავ ისესხა. სესხის დაბრუნების ვადად 2014 წლის 04 სექტემბერი განისაზღვრა. 2015 წლის 31 იანვარს, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, საპროცენტო სარგებლის ოდენობა თვიური 5%-ის ნაცვლად 4% გახდა (ს.ფ. 21-24, მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მოპასუხის საკუთრებაში არსებული დაგირავებული ავტომანქანის (მოდელი: დაფ. CF 85 430, სახელმწიფო ნომერი: #Y------ გამოშვების წელი 2001) ღირებულებამ 12 000 ლარი (იმ დროისთვის 5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი) შეადგინა (ს.ფ. 28-36).

 

8. 2014 წლის 12 იანვარს მოპასუხემ, 2013 წლის 04 დეკემბრის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან (#--------) გამომდინარე მოსარჩელეს სესხის თანხის ნაწილი - 8000 აშშ დოლარის ოდენობით, დაუბრუნა. 2014 წლის 04 ივნისამდე მოპასუხემ ეტაპობრივად კიდევ 1500 აშშ დოლარი დაფარა (ს.ფ. 22).

 

9. მოსარჩელემ, როგორც კრედიტორმა ავტოსატრანსპორტო საშუალება (დაფ. CF 85 430, სახელმწიფო ნომერი: #Y------ გამოშვების წელი 2001) მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო საკუთრებაში მიიღო, ხოლო, დარჩენილი დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით 2017 წლის 14 აგვისტოს სარჩელი აღძრა. ამასთან, 2017 წლის 8 დეკემბერს, გირავნობის საგნის რეალიზაცია - 5 000 აშშ დოლარად მოახდინა (ს.ფ. 22, 164-167).

 

10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტის მიერ გირავნობის საგნის საკუთრებაში გადაცემას, მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოუწვევია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. პალატა განმარტავს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება, მის ნამდვილ ნებას შეესაბამება. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტა მხარეთა ნების განმარტების და არა სასამართლოს მიერ კანონის განმარტების ან/და ნორმის შეფარდების მართებულობის დადგენას ეხება, ამიტომ, მსგავსი კატეგორიის დავების გადაწყვეტისას მხარეთა ახსნა-განმარტებებს და საქმეში არსებულ სხვა სახის მტკიცებულებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ნების განმარტება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება, მოულოდნელი/გაუგებარი არ იყოს.

 

ხელშეკრულება მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენა და მისი წერილობითი ფორმირებაა, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში ნების განმარტება უნდა განხორციელდეს განსამარტ ტექსტთან მჭიდრო კავშირში, ნების განმარტება ადექვატური უნდა იყოს ხელშეკრულების დადებისას არსებულ ფაქტებთან, ვითარებასთან და მოვლენათა განვითარებასთან, ასევე, ნების განმარტება გონიერი ადამიანის განსჯის სტანდარტიდან უნდა გამომდინარეობდეს.

 

2013 წლის 04 დეკემბერს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციის 2601-ე მუხლის თანახმად, დაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში ამ კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და ამის შესახებ პირდაპირ უნდა აღინიშნოს ხელშეკრულებაში. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის, ზემოაღნიშნული კანონის ნორმებისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების განმარტების შედეგად, სააპელაციო პალატამ სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს მხარეთა მიერ გამოხატულ ნებას და უნდა დაადგინოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე მოხდა თუ არა მხარეთა მიერ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის მიღებით ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მხარეებმა კანონის დისპოზიციური ნორმით მინიჭებულ შეთანხმებას მიაღწიეს და ხელშეკრულების შეწყვეტა არა გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის მიღებას, არამედ მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებას დაუკავშირეს.

 

საქმის მასალებში წერილობითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი 2013 წლის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების 4.2.3 პუნქტში, რომელიც მოგვიანებით მხარეთა შორის გაფორმებული ცვლილებების თანახმადაც, შეცვლილი ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, მითითებულია, რომ დაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში. ამავე ხელშეკრულების 4.2.5. პუნქტის მიხედვით, მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის რეალიზაცია დადგენილი წესით. უშუალოდ მოგირავნის მიერ საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში, მოგირავნე ვალდებულია გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით. ასევე, შეთანხმების 5.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ხელშეკრულების მე-5 პუნქტი, რომელიც დასათაურებულია, როგორს „სესხის უზრუნველყოფა“ წარმოადგენს იმ გენერალურ დათქმას, რომლითაც მხარეებმა მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობის ქცევის წესი დაადგინეს. როგორც აღინიშნა, 5.3 პუნქტში საუბარია გირავნობის საგნის რეალიზაციაზე, სადაც კონკრეტიზებული არ არის გირავნობის საგნის რეალიზაციის სახე, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეები სამოქალაქო კოდექსით მინიჭებული უფლებით მოქმედებდნენ და დაადგინეს, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, მოგირავნეს უფლება რჩებოდა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით აღსრულება დამგირავებლის ნებისმიერ ქონებაზე მიექცია. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 პუნქტიც, რომელიც დასათაურებულია, როგორც „მსესხებლის (დამგირავებლის) განცხადებები, გარანტიები და ვალდებულებები“. ხელშეკრულების ამ ნაწილში, როგორც მსესხებლის გარანტია, არსად არ არის მითითებული, რომ გირავნობის საგნის მოგირავნისთვის საკუთრებაში გადაცემა, ვალდებულების სრულად შესრულებას უდრიდა და კრედიტორი დაკმაყოფილებულად მიიჩნეოდა, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ მოვალეს ამგვარი გარანტია სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლისა და ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად არ გააჩნდა.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 პუნქტს, სადაც გირავნობის საგნის რეალიზაციის წესია შეთანხმებული. აღნიშნული დებულებით დამგირავებელს საკუთარი გადაწყვეტილებით, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რეალიზაციის წესის შერჩევის უფლებამოსილება მიენიჭა. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ დამგირავებელი გააჭიანურებს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, სამოქალაქო კოდექსის 2601-ე და 283-ე მუხლების თანახმად, გირავნობის საგანი შეიძლება გადავიდეს მოგირავნის საკუთრებაში. მოგირავნეს უფლება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გირავნობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით მიმართოს და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა მოითხოვოს. აღნიშნული დანაწესის ხელშეკრულების 5.3 პუნქტთან ერთობლიობაში წაკითხვით ცალსახა ხდება, რომ ვინაიდან მოდავე მხარეებმა გირავნობის საგნის რეალიზაციის წესის ერთ-ერთ სახედ, მოგირავნის საკუთრებაში გირავნობის საგნის გადაცემა განსაზღვრეს და რეალიზაციის სახის (მოხდებოდა ეს საკუთრებაში გადაცემის შემდეგ თუ გადაცემამდე - პირდაპირი რეალიზაციის გზით) არჩევა მოგირავნის არჩევანს მიანდეს, ნიშნავს, რომ მათ სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის ძირითადი დანაწესისგან განსხვავებული შეთანხმება მიიღეს და გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულების დამგირავებლის ნებისმიერ ქონებაზე მიქცევის თაობაზე შეთანხმდნენ.

 

მხარეთა მიერ გამოხატული ნების განმარტებისას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს არა მხოლოდ შეთანხმების ლოგიკურ, გონივრულ და სიტყვა-სიტყვით განმარტებას, არამედ მათ კონკლუდენტურ მოქმედებებსაც. საქმის მასალებით ირკვევა და ხსენებული არც მხარეთა ახსნა-განმარტებით გამხდარა სადავო, რომ რომ გირავნობის საგნის მოსარჩელისთვის გადაცემა ნებაყოფლობით მისი არაერთი გაფრთხილების შედეგად მოხდა. ხსენებული ცხადყოფს, რომ გირავნობის საგანი მოსარჩელემ საკუთრებაში სწორედ ხელშეკრულების 13.1 „გ“ პუნქტის შესაბამისად მიიღო. პალატის აზრით, აუცილებელია ყურადღება მიექცეს გირავნობის საგნის გადაცემისას დამგირავებლის მიერ განხორციელებული მოქმედებების მიზანსაც. კერძოდ, კერძო აღმასრულებლის მიერ გირავნობის საგნის გადაცემისა და მისი დათვალიერების შესახებ ოქმიდან ირკვევა, რომ გირავნობის საგნის გადაცემა 2017 წლის 04 მაისს განხორციელდა. საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც გირავნობის საგნის ღირებულებაა შეფასებული, 2017 წლის 08 ივნისითაა დათარიღებული, სარჩელი კი, 2017 წლის 14 აგვისტოს აღიძრა. აღნიშნულ მოვლენათა განვითარება სასამართლოს უქმნის დასაბუთებულ რწმენას, რომ გირავნობის საგნის საკუთრებაში გადაცემა სწორედ მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით განხორციელდა, კრედიტორის მიერ სწორედ ამიტომ მოხდა ექსპერტიზის ჩასატარებლად დამატებითი ხარჯის გაწევა და შემდგომ, სასარჩელო ფასიდან ექსპერტიზით დადგენილი ღირებულების ძირითადი ვალდებულებისგან გამოკლება.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გონივრული განსჯისა და მოსარჩელის მიერ განხორციელებული მოქმედებების მიზნობრიობის შესწავლის შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ გირავნობის საგნის მოგირავნისთვის გადაცემის მიზანს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით რეალიზაცია წარმოადგენდა, ხოლო, მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულების 5.3 და 13.1 „გ“ პუნქტები კი, მოსარჩელეს ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, მოვალის ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესაძლებლობას აძლევდა.

 

11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მისი შემცირებული მოთხოვნის შესაბამისად (ს.ფ. 179), 9 000 აშშ დოლარი უნდა დაეკისროს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601-ე მუხლის თანახმად დაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში ამ კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და ამის შესახებ პირდაპირ უნდა აღინიშნოს ხელშეკრულებაში.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობით დადგინდა, რომ დაგირავებული ნივთის კრედიტორის სარგებლობაში გადასვლის შესაძლებლობა მხარეთა შორის შეთანხმებული იყო, ასევე, შეთანხმებული იყო სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლისგან განსხვავებული ქცევის წესი, რაც ხსენებული დისპოზიციური ნორმის გამოყენებას გამორიცხავს, კერძოდ, ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში მოგირავნეს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, დამგირავებლის ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესაძლებლობა მიენიჭა.

 

ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება და მხარეთა მიერ სადავოდ არაა გამხდარი გარემოება მასზედ, რომ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დროისთვის ვალდებულების ძირითადმა ოდენობამ 10 500 აშშ დოლარი შეადგინა და სარგებლის გადახდის ვალდებულება სესხის სრულად გადახდამდე შეთანხმდა (ს.ფ. 23), ასევე უდავოა, რომ მოსარჩელემ, მიუხედავად გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ფაქტობრივად მიღებული 3 000 აშშ დოლარისა (ს.ფ. 164-168), ძირითად ვალდებულებას 5 000 აშშ დოლარი, ანუ ექსპერტიზის დასკვნით მითითებული ღირებულება გამოაკლო (ს.ფ. 4, 178-183), ასევე, უდავოა, რომ მოსარჩელე 2014 წლიდან 2017 წლამდე (სარჩელის აღძვრის მომენტი), ხელშეკრულებაში მითითებულ პროცენტზე ნაკლების, კერძოდ, ყოველთვიურ 1,11 %-ის დაკისრებას მოითხოვდა (ს.ფ. 1-9, 14,178-183), სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხისთვის 9 000 აშშ დოლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.

 

12. სააპელაციო პალატა პროცესის მხარეებს განუმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით ვერ დაამტკიცებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის მხარეებზე დაკისრება. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს,. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპზე დაყრდნობით, მოსარჩელეს ევალებოდა ემტკიცებინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გირავნობის საგნის მოგირავნისთვის საკუთრებაში გადაცემა, ღირებულების არასაკმარისობის შემთხვევაში, კრედიტორის დაკმაყოფილებას და შესაბამისად, ვალდებულების შესრულებულად ცნობას არ იწვევდა. ამ მიმართებით მოსარჩლემ მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, გირავნობის საგნის შეფასების თაობაზე ექსპერტიზის დასკვნა და გირავნობის საგნის რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა. ამასთან, სასამართლოში საქმისწარმოების დროს ყურადღება მიაპყრო ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეთა ნების განმარტებისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს, რაც სასამართლოს მხარეთა ნების გონივრული განსჯის შესაძლებლობას აძლევდა.

 

აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შეძლო სასამართლოს წინაშე რელევანტური მტკიცებულებების ან/და დასაბუთების წარმოდგენა, მასზედ რომ მხარეთა ნება სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლს სრულად შეესაბამებოდა და გირავნობის საგნის მოგირავნისთვის საკუთრებაში გადაცემით (მიუხედავად მისი ღირებულებისა) ვალდებულება შესრულებულად, ხოლო, ხელშეკრულება შეწყვეტილად მიიჩნეოდა. იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების 5.3 პუნქტი, ზოგადად, გირავნობის საგნის რეალიზაციაზე საუბრობს და ერთმანეთისგან არ მიჯნავს მის საკუთრებაში გადაცემის შემდგომ თუ გადაცემის გარეშე რეალიზაციას, ასევე, როდესაც ხელშეკრულების მე-13 პუნქტი დეტალურად განმარტავს გირავნობის საგნის რეალიზაციის წესსა და სახეებს, რაც პირდაპირაა დაკავშირებული მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზანთან (13.1 „გ“ ქვეპუნქტი), სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არსებობს.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, ახალი გადაწყვეტილების მიღებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შემცირებული მოთხოვნის პროპორციულად, მოწინააღმდეგე მხარე „შპს ტ------“-ს შპს „ა---------------“-ის სასარგებლოდ, მის მიერ ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 720 ლარი, ხოლო, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის 960,12 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „ა---------------“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. შპს „ა---------------“-ის სარჩელი (შემცირებული მოთხოვნის შესაბამისად) დაკმაყოფილდეს;

 

4. „შპს ტ------“-ს „შპს „ა---------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 9 000 აშშ დოლარის გადახდა;

 

5. „შპს ტ------“-ს გადასახდელად დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე შპს „ა---------------“ -ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 720 ლარისა და 960,12 ლარის ოდენობით ანაზღაურება;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

 

მოსამართლეები თამარ ალანია

 

თამარ ზამბახიძე