განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.04.2019
საქმის ნომერი
330310018002310170
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002310170

საქმე №3ბ/2650-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი

მოსამართლეები - თამარ ონიანი,გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,სა---------–--------------–---–------------------ი“

წარმომადგენლები - აკ-------–--ე, მა-------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენლები - ლა–--------–---–ი, ცი------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „სა---------–--------------–---–------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული (საქმე №3/5732-15) გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2015 წლის 04 თებერვლის შპს ,,სა---------–--------------–---–------------------ის“ მიმართვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 04 მაისის N65/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ დებულების დანართი N1-ის 21-ე მუხლის თანახმად, ,,ინფორმატიკის“ საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით წარედგინა აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში, ,,ინფორმატიკის“ საბაკალავრო პროგრამა ელექტრონული ფორმით და სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის 12 თებერვლის MES 7 15 00107932 მიმართვით შპს ,,სა---------–--------------–---–------------------ს“ ეთხოვა მათ მიერ მიმდინარე წლის 04 თებერვალს წარდგენილი Nგ-10 სააკრედიტაციო განაცხადთან დაკავშირებით გადაეხადა საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასური, რაც მოსარჩელის მიერ დადგენილ ვადაში იქნა წარდგენილი.

 

3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის 15 მაისის N294 ბრძანებით შეიქმნა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც დაევალა ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შემოწმების მიზნით შპს ,,სა---------–--------------–---–------------------ში“ ვიზიტის განხორციელება. ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრა 02 დღით. ამავე ბრძანებით ექსპერტებს მიეცათ 3 დღის ვადა ვიზიტის დასრულების შემდეგ დასკვნის შედგენისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისათვის. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც 2015 წლის 28 მაისის მიმართვით გადაეგზავნა შპს ,,საქართელოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტს“, ხოლო იმავე წლის 08 ივნისის მიმართვით ეცნობა, რომ 12 ივნისს, 15:00 სთ-ზე დანიშნულია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების მიზნით ადრესატს ეთხოვა სხდომაზე დასწრება და საჭიროების შემთხვევაში მოსაზრებების წარდგენა.

 

4. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ 2015 წლის 12 ივნისის სხდომაზე განიხილა შპს ,,სა---------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის საკითხი, რომელიც, ოქმის მიხედვით, განხილულ იქნა მე-10 საკითხად, ექსპერტების მიერ წარდგენილ იქნა შენიშვნები დასკვნიდან და შემუშავებული რეკომენდაციები, კერძოდ, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დარგის მიმართულებით პროგრამაში შეტანილ იქნეს არჩევითი კურსები, პროექტი (IT-15) იყოს უფრო პრაქტიკული ხასიათის ნაშრომი, პროგრამაში დაემატოს პრაქტიკის კომპონენტი, პროგრამაში დაშვების წინაპირობებში განისაზღვროს ინგლისური ენის ფლობის შიდა კრიტერიუმები. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამას არ მიენიჭა აკრედიტაცია (მომხრე - 3, წინააღმდეგი - 3).

 

5. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ განიხილა თვითშეფასების კითხვარში ასახული ინფორმაცია, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, ასევე გაეცნო დაინტერესებული მხარის პოზიციას. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 04 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,სა---------–--------------–---–------------------ს“ უარი ეთქვა ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციაზე. გადაწყვეტილების მეორე პუნქტით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 12 ივნისის N5 სხდომის ოქმის მე-10 ნაწილი ცნობილ იქნა ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული №3/5732-15 გადაწყვეტილებით შპს „სა---------–--------------–---–------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 12 ივნისის №53 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „სა---------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული №3/5732-15 გადაწყვეტილების საფუძველზე, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ 2017 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე ხელახლა განიხილა შპს ,,სა---------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხი, რომელიც, ოქმის მიხედვით, განხილულ იქნა მე-3 საკითხად. სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის და სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, აკრედიტაციის საბჭომ მიიჩნია, რომ ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებისთვის საჭირო იყო, რომ უნივერსიტეტს გააჩნდეს სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც ექსპერტთა დასკვნით პროგრამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ხოლო საბჭოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, წარმოდგენილ პროგრამას არ გააჩნდა საჭირო ტექნიკური ლაბორატორია (ჰაბი, სვიჩი, ქსელური მოწყობილობები, კომპიუტერის არქიტექტურისთვის საჭირო ლაბორატორია, დედაპლატები, კვების ბლოკი და სხვა ლაბორატორიული ინსტრუმენტები). სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით შპს ,,სა---------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე (მომხრე - 0, წინააღმდეგი - 12).

 

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ განიხილა დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაცია, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 275 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 276 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 28 დეკემბრის №72 გადაწყვეტილებით შპს ,,სა---------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე. ამავე გადაწყვეტილების მეორე პუნქტით საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №17 სხდომის ოქმის მე-3 ნაწილი ცნობილ იქნა ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 04 მაისის N65/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 272 მუხლის პირველი და მე-12 პუნქტების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილება და ოქმი განხილული უნდა იქნეს როგორც ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. სასამართლომ მიუთითა აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, 63-ე, 66-ე მუხლებზე.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული №3/5732-15 გადაწყვეტილების შინაარსზე და მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 12 ივნისის №53 გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერების საკითხზე და მიიჩნია, რომ „იმ პირობებში, როდესაც არათუ სადავო გადაწყვეტილებაში, არამედ, მის განუყოფელ ნაწილად მიჩნეული ოქმის შესაბამის - მე-10 ნაწილში, არ არის დეტალიზებული აკრედიტაციაზე უარის თქმის საფუძვლები, უფრო მეტიც, იგი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, ანუ სრულად არის თუ არა გაზიარებული ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომელ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტის მოთხოვნებთან შეუსაბამობას აქვს ადგილი, რაც შეუძლებელს ხდის სასამართლოს მიერ შეფასდეს სადავო აქტის მატერიალური კანონიერების საკითხი. ამდენად, უდავოა, რომ გადაწყვეტილება საბჭოს მიერ მიღებულია ზაკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გასაჩივრებული აქტი არ შეიცავდა არანაირ დასაბუთებას მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, მითითებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების საკითხზე არ უმსჯელია. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტი ექსპერტთა ჯგუფის მიერ ახალი დასკვნის შედგენის ვალდებულების თაობაზე და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს საკითხის ხელახალი განხილვისას უნდა შეეფასებინა შპს ,,სა---------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე შედგენილი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის არსებული დასკვნა, დეტალურად უნდა მიეთითებინა სრულად არის თუ არა გაზიარებული ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებები და რეკომენდაციები და მხოლოდ აღნიშნული შედეგად მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის სხდომის პროცედურული დარღვევით ჩატარების თაობაზე. სასამართლომ მიუთითა ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 272 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმების გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ეცნობა ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე და მონაწილეობდა 2017 წლის 28 დეკემბერის ზეპირ მოსმენაში. ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №17 სხდომის ოქმით დგინდება, რომ შპს ,,სა---------–--------------–---–------------------ის“ რექტორს მიეცა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ასახულ ძირითად შენიშვნებთან დაკავშირებით დაწესებულების არგუმენტაციის დაფიქსირების შესაძლებლობა, რაც აისახა ამავე სხდომის ოქმში. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას შესვენების პერიოდში მისი დასწრების გარეშე საბჭოს მიერ საკითხის განხილვის თაობაზე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირის - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრის - გი---------------ას განმარტებაზე, რომელმაც მიუთითა, რომ თავად ესწრებოდა 2017 წლის 28 დეკემბერს გამართულ საბჭოს სხდომას (ხმის მიცემის უფლების გარეშე) და აღნიშნა, რომ დაწესებულების წარმომადგენელს მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, ხოლო სხდომაზე გამოცხადებული შესვენების პერიოდში დაინტერესებული პირის - დაწესებულების წარმომადგენლის დასწრების გარეშე ახალი საკითხი არ განხილულა, არამედ საბჭოს წევრებს შორის მიმდინარეობდა მსჯელობა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნა დაწესებულების წარმომადგენლის მონაწილეობა საქმეში და მიეცა საქმესთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის არგუმენტაცია საბჭოს სხდომის საჯაროობის დარღვევის შესახებ, რის გამოც იგი გაზიარებული ვერ იქნება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში, აუცილებელია ყურადღება მიექცეს აქტის დასაბუთებას. ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი ან ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაუდო საკუთარ გადაწყვეტილებას.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 04 მაისის N65/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 272 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, საბჭო აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის პროექტზე წარმოდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის აპელირება სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე და მიუთითა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №72 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №17 სხდომის ოქმის მე-3 ნაწილი ცნობილ იქნა ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მითითებული სხდომის ოქმის შინაარსზე, რომლითაც დგინდება, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის და სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ოქმით ასევე ირკვევა, რომ დაწესებულებისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებისათვის საჭირო სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობა. კერძოდ, აკრედიტაციის ექსპერტმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ პროგრამის კურსდამთავრებულის სრულყოფილი ცოდნისთვის აუცილებელია დაწესებულებას გააჩნდეს სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (ჰაბი, სვიჩი, ქსელური მოწყობილობები, კომპიუტერის არქიტექტურისათვის საჭირო ლაბორატორია, დადაპლატები, კვების ბლოკი და სხვა ლაბორატორიული ინტსტრუმენტები), რაც განსახილველ შემთხვევაში დაწესებულებას არ გააჩნდა. ამასთან, ექსპერტმა ამავე სხდომაზე დამატებით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროგრამის განხორციელებისათვის და წარმატებით მუშაობისთვის საჭირო იყო სპეციალური კომპიუტერული კლასის არსებობა, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა სათანადო ლაბორატორიული ინვენტარით, მაგალითად: სპეციალური ჰაბით, რომელსაც ექნებოდა ე.წ. ვაერლესი და სპეციალური მოწყობილობები, რაც ექსპერტებმა ვიზიტის დროს ვერ აღმოაჩინეს.

 

,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (ექსპერტთა მიერ ვიზიტის განხორციელებისას მოქმედი რედაქცია) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, ჩაატაროს პერსონალის, აკადემიური/მოწვეული პერსონალის, სტუდენტებისა და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სხვა პირთა ინტერვიურება. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიურება.

 

საქმეში წარმოდგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის მიღწევად დაწესებულებას არ გააჩნია შესაბამისი მატერიალური რესურსი. კერძოდ, სილაბუსებში გათვალისწინებულია ლაბორატორიული მეცადინეობა და ორგანიზაციას არ გააჩნია შესაბამისი ლაბორატორიული ბაზა.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება საქმეში წარმოდგენილ შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე და მიიჩნია, რომ შპს „სა---------–--------------–---–------------------ი“ ვერ მიუთითებს აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა დაწესებულებაში ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის ეტაპზე სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ჰაბი, სვიჩი, ქსელური მოწყობილობები, კომპიუტერის არქიტექტურისათვის საჭირო ლაბორატორია, დედაპლატები, კვების ბლოკი და სხვა ლაბორატორიული ინსტრუმენტები) არსებობა. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შპს „სა---------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შეუსაბამობის ფაქტი, რაც პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოდგენდა.

 

ამას გარდა, მოსარჩელის მითითება სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არაობიექტურობაზე და მიკერძოებულობაზე იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ არსებობს არაერთი პრაქტიკა, როდესაც მსგავსი ხარვეზების შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ საგანმანათლებლო პროგრამას მიანიჭა აკრედიტაცია, აღნიშნული სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,მსგავსი“ არ ნიშნავს ,,იდენტურს“, ანუ არ დასტურდება საქმის გარემოებათა იდენტურობა. ამდენად, ამ პირობებში ზოგადი პრაქტიკის მოყვანა ყოველგვარ დასაბუთებას არის მოკლებული. შესაბამისად, გადაწყვეტილება აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს სასამართლოს განმარტებაზე, რომ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის N72 გადაწყვეტილება და ამავე ადმინისტრაციული ორგანოს 2017 წლის 28 დეკემბერს გამართული სხდომის ოქმი მიჩნეულ უნდა იქნეს ერთიან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და ემსჯელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 106-ე მუხლზე, რადგან საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც სზაკ-ის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულია შეადგინოს სხდომის ოქმი და აღნიშნული ნორმა არ შეიცავს მითითებას, რომ სხდომის ოქმში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილების დასაბუთება. დასაბუთებას უნდა შეიცავდეს წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ცალსახად მიჯნავს ერთმანეთისგან სხდომის ოქმს, რომელშიც მოცემულია სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც მოცემულია დასაბუთება.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 04 მაისის N65/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების" 272 მუხლის პირველი და მე-12 პუნქტები, რადგან ნორმების გრამატიკული, სისტემური და მიზნობრივი განმარტებიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება ორი სამართლებრივი დოკუმენტის შედგენა: ა) სხდომის ოქმი; ბ) გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი). სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მტკიცება, რომ სხდომის ოქმი შეიძლება იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განუყოფელი ნაწილი, ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულებისთვის თავის არიდებას.

 

აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ დაარღვია საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევის ვალდებულება. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების 6.3 პუნქტში მიუთითებს, რომ 2016 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული N3/5732-15 გადაწყვეტილებით, სასამართლოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების საკითხზე არ უმსჯელია და ამიტომ არ იზიარებს შპს „სა---------–--------------–---–------------------ის“ პოზიციას ექსპერტთა ჯგუფის მიერ ახალი დასკვნის შედგენის ვალდებულების თაობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს საკითხის ხელახალი განხილვისას უნდა შეეფასებინა უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის არსებული დასკვნა, დეტალურად უნდა მიეთითებინა სრულად არის თუ არა გაზიარებული ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებები და რეკომენდაციები და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებებზე და აღნიშნავს, აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნა იმდენად არაკვალიფიციურად და არასრულად არის შედგენილი, რომ შეუძლებელი იქნებოდა ხელახალი სააკრედიტაციო ვიზიტის გარეშე საბჭოს გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მაგალითად, შპს „სა---------–--------------–---–------------------ის“ აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შეფასებები მიემართება ისეთ სტანდარტებსა და ქვესტანდარტებს, რომლებთანაც ამ ფაქტებსა და შეფასებებს კავშირი არ აქვს. 2015 წელს შედგენილ დასკვნაში მითითებული არ არის, რომ უნივერსიტეტს არ აქვს „ჰაბი, სვიჩი, ქსელური მოწყობილობები, კომპიუტერის არქიტექტურისთვის საჭირო ლაბორატორია, დედაპლატები, კვების ბლოკი და სხვა ლაბორატორიული ინსტრუმენტები.“ ეს ჩანაწერი, როგორც ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ჩნდება 2017 წლის 28 დეკემბრის სხდომის ოქმში. სასამართლომ არ შეაფასა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლის - ქეთევან ინანაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით წარდგენილი ფაქტები, რაც პირდაპირ უკავშირდება ზემოაღნიშნულ საკითხს. აკრედიტაციის საბჭოს მიერ დაშვებული არსებითი ხასიათის შეცდომა სწორედ საქმის გარემოებების არასრულად გამოკვლევას და აკრედიტაციის ექსპერტთა ხელახალი ვიზიტის განხორციელებაზე უარის თქმას უკავშირდება.

 

მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ცვლილების ფაქტი და ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასების არარსებობა გასაჩივრებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში. კერძოდ, სააკრედიტაციო ვიზიტი შპს „სა---------–--------------–---–------------------ში“ განახორციელდა 2015 წლის 20-21 მაისს და ვიზიტის საფუძველზე შედგენილ იქნა აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნა. საბჭოს გადაწყვეტილება კი, რომელიც ეყრდნობა ამ დასკვნას, მიღებულია 2017 წლის 28 დეკემბერს. მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლიდან 2017 წლების ჩათვლით არსებითი ცვლილებები განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის N65/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებაში. კერძოდ: ა) 2015 წელს მოქმედი რედაქციის თანახმად (მუხლი 28, პუნქტი 1), აკრედიტაციის საბჭოს აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნისა და ზეპირი მოსმენის საფუძველზე შეეძლო მხოლოდ 3 სახის გადაწყვეტილების მიღება: - საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ; - საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ; - საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით (№144/ნ) განხორციელებული ცვლილების თანახმად (მუხლი 275, პუნქტი 1), ამ ნაწილში დისკრეციული უფლებამოსილება გაფართოვდა და პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებაც დაემატა. აკრედიტაციის საბჭო არც გადაწყვეტილებაში და არც სხდომის ოქმში არ განიხილავს და არ მსჯელობს პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შესაძლებლობაზე. ბ) 2015 წელს მოქმედი რედაქციის საფუძველზე (მუხლი 28, პუნქტი 3), საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღებოდა იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა ვერ დააკმაყოფილებდა აკრედიტაციის ერთ-ერთ სტანდარტს. 2017 წლის 28 დეკემბერს სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქციის თანახმად (მუხლი 27(6), პუნქტი 5) აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის რომელიმე სტანდარტი ამ დებულების 27-ე მუხლით გათვალისწინებული სამდონიანი სკალის მიხედვით „არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან“.

 

აპელანტი აღნიშნავს, კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნის ფორმის ცვლილება. კერძოდ, 2017 წელს დამტკიცდა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ. 2015 წელს დამტკიცებული ფორმისგან განსხვავებით, ახალ ფორმაში გაჩნდა სტანდარტებთან და ქვესტანდარტებთან მიმართებაში აკრედიტაციის ექსპერტთა შეფასებების მრავალდონიანი შეფასების შკალა. ასეთი შეფასების შკალა არ იყო მოცემული 2015 წელს მოქმედ აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნის ფორმაში. ამდენად, 2017 წელს გადაწყვეტილების მიღების დროს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს უნდა ეხელმძღვანელა აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნის ახალი ფორმით, რადგან სხვაგვარად შეუძლებელი იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის N72 გადაწყვეტილების დასაბუთებით ნაწილში მითითებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის N65/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების 276 მუხლის მე-5 პუნქტის წინაპირობების შემოწმება. ამასთანავე, აღნიშნული ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა და მიუთითებს დებულების 27-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების შემოწმების ვალდებულებაზე. დებულების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი (სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რეგულაცია), აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება სამდონიანი შკალის მიხედვით: - შესაბამისობაშია მოთხოვნებთან; - ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან; - არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან.

 

2015 წელს აკრედიტაციის ექსპერტთა მიერ შედგენილ დასკვნაში არ არის მოცემული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება ზემოაღნიშნული შკალის მიხედვით, რადგან 2015 წელს ასეთი შეფასების შკალა არსებობდა. თუმცა, ეს დასკვნა იქცა 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად იმ პირობებში, როცა მოქმედებდა აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის სამდონიანი შკალა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებით ნაწილში მკაფიოდ არის მითითებული ეს გარემოება. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ვალდებულების მიუხედავად, არც ოქმში და არც გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა სამდონიან შკალასთან მიმართებაში პროგრამის შეფასების შესახებ. ამდენად, შპს „სა---------–--------------–---–------------------ში“ უნდა განხორციელებულიყო ხელახალი ვიზიტი და ხელახალი ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, ექსპერტები პოზიციას წარადგენდნენ 2017 წელს მოქმედი დასკვნის ფორმის მიხედვით, რომელშიც მოცემული იქნებოდა მსჯელობა დაწესებულების სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.

 

აპელანტი აღნიშნავს, სამართლებრივად დაუსაბუთებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს აკრედიტაციის წარმოების ერთი ეტაპი (ექსპერტთა ვიზიტი და დასკვნის შედგენა) მოქცეული იყოს 2015 წელს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ხოლო მეორე ეტაპი (საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება) - 2017 წლის კანონმდებლობის ფარგლებში.

 

გასაჩივრებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია (6.4. პუნქტი), რომ სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის სხდომის პროცედურული დარღვევით ჩატარების თაობაზე. სასამართლო ამ შეხედულებას ამყარებს შემდეგი არგუმენტით: მოწმემ, გი---------------ამ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ ,,სხდომაზე გამოცხადებული შესვენების პერიოდში დაინტერესებული პირის - დაწესებულების წარმომადგენლის გარეშე ახალი სადავო საკითხი არ განხილულა, არამედ საბჭოს წევრებს შორის მიმდინარეობდა მსჯელობა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.“ აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს ასეთი მსჯელობა ეწინააღმდეგება როგორც კანონმდებლობას, ასევე ამავე გადაწყვეტილებით გაკეთებულ დასკვნებს. კერძოდ, 2015 წლის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სხდომის ოქმის 33-ე გვერდზე აღნიშნულია, რომ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა 19:51 საათზე. სხდომა განახლდა 20:38 საათზე. ამ პერიოდის განმავლობაში საბჭოს წევრები შეკრებილნი იყვნენ ე.წ. ,,სათათბირო ოთახში“ და მსჯელობდნენ უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხზე. საბჭოს წევრების მიერ აღნიშნულ პერიოდში აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხების დახურულად, არასაჯაროდ განხილვის ფაქტს ადასტურებს სხდომის ოქმის 33-ე გვერდზე მითითებული გადაწყვეტილებები სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებაში. საბჭოს გადაწყვეტილებები მიღებული აქვს არა თითოეული საკითხის განხილვის შემდეგ, არამედ ე.წ. შესვენებაზე ანუ სათათბიროდ გასვლის შემდეგ. 2015 წელს აკრედიტაციის საბჭოს ,,სათათბირო ოთახში" იმყოფებოდა ექსპერტი მა----------ე, რომელიც აკრედიტაციის საკითხს განიხილავდა საბჭოს წევრებთან ერთად. უნივერსიტეტისთვის უცნობი იყო, თუ რა მოსაზრებებს გამოთქვამდნენ საბჭოს წევრები და ექსპერტი მა----------ე ,,სათათბირო ოთახში" და შესაბამისად უნივერსიტეტის წარმომადგენელს არ მიეცა საშუალება სრულად წარედგინა საკუთარი მოსაზრება საბჭოს წევრების არგუმენტების საწინააღმდეგოდ. უნივერსიტეტის წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ ნაწილობრივ წარედგინა მოსაზრება, რადგან მან საბჭოს წევრების მოსაზრებების მოსმენა მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო.

 

2017 წელს აკრედიტაციის საბჭომ სხდომა წარმართა 2015 წელს ჩატარებული სხდომის იდენტურად - განიხილა საკითხი შპს „სა---------–--------------–---–------------------ის“ წარმომადგენლებთან ერთად, შემდეგ გამოაცხადეს სხდომაზე შესვენება და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს დაატოვებინეს სხდომის ოთახი, შესვენებაზე კი საბჭოს წევრებმა გააგრძელეს მსჯელობა. როგორც 2017 წელს ჩატარებულ სხდომაზე დამსწრე პირი აღნიშნავს, საბჭოს წევრებს შორის მიმდინარეობდა მსჯელობა უკვე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. მოწმე მკაფიოდ აღნიშნავს, რომ შესვენებაზე მსჯელობა მიმდინარეობდა და ამ მსჯელობას არ ესწრებოდა უნივერსიტეტის წარმომადგენელი. ეს ფაქტი ადასტურებს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ნაწილობრივ დახურვას და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის მოსაზრების წარდგენის უფლების შეზღუდვას. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლი, რადგან საბჭოს ფორმალურად არ გამოუცხადებია სხდომა დახურულად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გარდა ამისა, დარღვეულია საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. ღიად კენჭისყრის ჩატარების ვალდებულების დარღვევის მტკიცებულება თავად გასაჩივრებული, 2017 წლის 28 დეკემბრის სხდომის ოქმია. კერძოდ, ოქმის პირველ გვერდზე აღნიშნულია, რომ სხდომას ესწრებოდა საბჭოს 15 წევრი. აქედან თვითაცილება განაცხადა ერთმა წევრმა. თუმცა, შპს „სა---------–--------------–---–------------------ის“ კენჭისყრაში მონაწილეობა დარჩენილი 14 წევრიდან მიიღო მხოლოდ 12-მა წევრმა. აღნიშნული 12 წევრის ვინაობა კი მითითებული არ არის ოქმში, მიუხედავად სხდომის და კენჭისყრის ღიად და საჯაროდ წარმართვის კანონისმიერი ვალდებულებისა. ეს გარემოება არ არის შეფასებული სასამართლოს მიერ.

 

აპელანტი თვლის, რომ სახეზეა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულების დარღვევა. არასწორია განმარტება, რომ აკრედიტაციის სხდომის ოქმი არის გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილი.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, მიუხედავად ცალსახა სასამართლო პრაქტიკისა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში პირველი ინსტანციის სასამართლო არ ასაბუთებს თავის პოზიციას. სასამართლო მხოლოდ შემოიფარგლება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის და სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ გამოთქმული პოზიციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლო არ აფასებს, რომ ექსპერტთა დასკვნა 2015 წელს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არის შედგენილი, 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება კი კანონმდებლობის შეცვლილ რედაქციას ეყრდნობა და არც ერთ მათგანში არ არის მითითებული, რომელი სტანდარტი არის დარღვეული, არ არის მითითებული არც ერთი ნორმა. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება დასაბუთებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ იმსჯელებდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების მე-16 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის დარღვევაზე, კერძოდ, რატომ ვერ უზრუნველყოფს დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ასეთ მსჯელობას კი სადავო აქტი და სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს.

 

გასაჩივრებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში (6.5 პუნქტი) მითითებულია, რომ სასამართლო ვერ გაიზიარებს უნივერსიტეტის მიერ საქმეში წარმოდგენილ შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტი ვერ მიუთითებს აკრედიტაციის მიზნებისთვის საჭირო კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა დაწესებულებაში ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის ეტაპზე სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ჰაბი, სვიჩი, ქსელური მოწყობილობები, კომპიუტერის არქიტექტურისთვის საჭირო ლაბორატორია, დედაპლატები, კვების ბლოკი და სხვა ლაბორატორიული ინსტრუმენტები) არსებობა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შპს ,,სა---------–--------------–---–------------------ის" ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შეუსაბამობის ფაქტს, რაც პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მსჯელობაში დაშვებულია შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეცდომები: პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულება N UNI_178, გაფორმებული 2014 წლის 10 ნოემბერს (აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტამდე). ნასყიდობის ხელშეკრულებით უნივერსიტეტმა შპს „ორ-------–------საგან“ შეიძინა 685 ლარის ღირებულების სვიჩი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ასევე მითითებულია, რომ უნივერსიტეტმა შეიძინა ვაერლეს ადაპტერი. „სვიჩის“ და „ვაერლეს ადაპტერის“ არსებობა სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე, რაც დასტურდება შესყიდვის დოკუმენტაციით, არის მკაფიო ნიშანი, რომ სასამართლომ ვერ შეძლო მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევა.

 

აპელანტი აღნიშნავს, 2017 წლის 28 დეკემბერს ჩატარებულ საბჭოს სხდომას ესწრებოდა მხოლოდ ერთი ექსპერტი. სხდომას არ ესწრებოდა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე - კა-----------------–---–ი. საბჭოს შემადგენლობაში კი არ არის IT სფეროს სპეციალური ცოდნის მქონე პირი. ამიტომ, პოზიციის წარდგენა იყო ცალმხრივი და ეფუძნებოდა მხოლოდ ერთი პირის შეფასებებს და შეხედულებებს. საბჭო სრულად ეყრდნობა მხოლოდ ერთი ექსპერტის არაკვალიფიციურ შეფასებას. არაკვალიფიციური შეფასების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას არარეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დროს, რადგან რეგულირებადი პროგრამებისგან (იურიდიული, სამედიცინო, პედაგოგიური, საზღვაო, ვეტერინარია) განსხვავებით, არარეგულირებად პროგრამებზე არ არსებობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი დარგობრივი სტანდარტი, რომელშიც გაწერილი იქნებოდა ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაში რა სასწავლო კურსები უნდა ისწავლებოდეს და რა აღჭურვილობა უნდა იყოს ლაბორატორიაში. ექსპერტის შეფასება გამომდინარეობს არა კონკრეტული საკანონმდებლო მოთხოვნიდან, არამედ მისი გემოვნებიდან და პირადი შეხედულებებიდან, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული სამსახურებრივი გამოცდილებიდან. სასამართლო არ ფლობდა შესაბამის სპეციალურ ცოდნას ამ სფეროში. ამრიგად, საქმის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია არსებობდეს დამოუკიდებელი, კვალიფიციური სპეციალისტის შეფასება, რომელსაც აქვს IT სფეროსა და სასწავლო დაწესებულებებში წარმატებული საქმიანობის გამოცდილება.

 

აპელანტი აღნიშნავს, დაწესებულებას შეძენილი ჰქონდა რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ლაბორატორიული მოწყობილობა, რაც სრულიად საკმარისია ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის. სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ ,,სილაბუსებში გათვალისწინებულია ლაბორატორიული მეცადინეობა და ორგანიზაციას არ გააჩნია ლაბორატორიული ბაზა." არც საბჭოს სხდომის ოქმში და არც სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომელი სასწავლო კურსის სილაბუსებს გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანო.

 

აპელანტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით, აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს უნივერსიტეტმა სასამართლოს მიუთითა მსგავსი საქმეები, სადაც საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამას ანიჭებს აკრედიტაციას, მიუხედავად იმისა, რომ აკრედიტაციის სტანდარტები სრულად არ აქვს დაკმაყოფილებული დაწესებულებას. აღნიშნული ფაქტების დასტურად, უნივერსიტეტმა წარადგინა შესაბამისი საქმეები (მაგალითად, 2015 წლის 18 მარტის N4 სხდომის ოქმის 24-ე გვერდზე მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ეხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაციის საკითხს. მიუხედავად მატერიალური რესურსის არარსებობისა, პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა იმავე სხდომაზე). პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ,,მსგავსი" არ ნიშნავს ,,იდენტურს", ,,ანუ არ დასტურდება საქმის გარემოებათა იდენტურობა. ამდენად, ამ პირობებში ზოგადი პრაქტიკის მოყვანა ყოველგვარ დასაბუთებას არის მოკლებული." აპელანტი თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ასეთი განმარტება სრულად ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის არსს, თანასწორობის პრინციპს და საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს, აგრეთვე ლიტერატურაში გავრცელებულ მოსაზრებებს. კერძოდ: 1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით." (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392; საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477). 2. კონსტიტუციით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს ყველასთვის თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას და სამართლიანი კრიტერიუმების გამოყენებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დადგენილი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული თანასწორობის პრინციპიდან. ეს პრინციპი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოებისთვის თვითნებობის აკრძალვას. დაუშვებელი და აკრძალულია არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასება და პირიქით, არსებითად არათანაბარი საქმის გარემოებების თვითნებურად თანაბარი შეფასება. აღნიშნული პრინციპის ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ასახვა ემსახურება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებების დაცვას. დაუშვებელია რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლა, რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამასთანავე, არ არსებობს სრულიად იდენტური ფაქტები. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის არსი მდგომარეობს იმაში, რომ არსებითად ერთნაირი საქმის გარემოებების შემთხვევაში მიღებულ იქნეს ერთნაირი გადაწყვეტილება (პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სახელმძღვანელო, თბილისი, 2010, გვ. 28). აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ თუ აკრედიტაციის ექსპერტთა და აკრედიტაციის საბჭოს მოსაზრებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხსენებული საგანმანათლებლო პროგრამები არ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნას, რადგან დაწესებულებას არ აქვს შესაბამისი ლაბორატორია, დაუშვებელი იყო შპს „სა---------–--------------–---–------------------თან“ მიმართებით განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, რადგან ეს საქმეები არსებითად მსგავსია.

 

აპელანტი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით და ის უნდა გაუქმდეს სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლების გათვალისწინებით.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია შპს „სა---------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.

 

საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს აწესრიგებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს ადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრედიტაცია არის აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.

 

აკრედიტაციის მიზანი კი, აღნიშნული საკანონმდებლო აქტი 63-ე მუხლის პირველი პუნქტით განიმარტება, როგორც აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის გზით განათლების ხარისხის ასამაღლებლად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის სტანდარტებია: ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა; ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა; გ) სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა; დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა; ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები. მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მითითებული მუხლის მოქმედი რედაქცია ასევე ადგენს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ოთხი სახის: ა) აკრედიტაციის შესახებ; ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ; გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ; დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, განათლების უფლების რეალიზება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ შესაბამისი განათლების სისტემის შექმნასთან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაცია კი მიზნად ისახავს განათლების სისტემის სრულყოფას, დაწესებულების მიერ სტუდენტისთვის ხარისხიანი და სათანადო განათლების მიცემის უზრუნველყოფას. ამდენად, აკრედიტაციის საკითხის განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის ზედმიწევნით დაცვით. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს ,,სა---------–--------------–---–------------------ს“ უარი ეთქვა ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციაზე. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ აპელანტს უარი აკრედიტაციაზე თავდაპირველად ეთქვა საბჭოს 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული №3/5732-15 გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ცნობილი ბათილად და საბჭოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „სა---------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით.

 

ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ 2017 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე ხელახლა განიხილა შპს ,,სა---------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხი. ამდენად, სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და მოქმედი რედაქციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სასამართლოს აქტების შესრულების სავალდებულოობა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. გადაწყვეტილების აღსრულება კი გამოიხატება გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებასა და შესრულებაში. კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული №3/5732-15 გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 12 ივნისის №53 გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერების საკითხზე და მიიჩნია, რომ „იმ პირობებში, როდესაც არათუ სადავო გადაწყვეტილებაში, არამედ, მის განუყოფელ ნაწილად მიჩნეული ოქმის შესაბამის - მე-10 ნაწილში, არ არის დეტალიზებული აკრედიტაციაზე უარის თქმის საფუძვლები, უფრო მეტიც, იგი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, ანუ სრულად არის თუ არა გაზიარებული ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომელ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტის მოთხოვნებთან შეუსაბამობას აქვს ადგილი, რაც შეუძლებელს ხდის სასამართლოს მიერ შეფასდეს სადავო აქტის მატერიალური კანონიერების საკითხი. ამდენად, უდავოა, რომ გადაწყვეტილება საბჭოს მიერ მიღებულია ზაკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით“. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი იყო დაუსაბუთებელი, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა. ამდენად, მოცემული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა უზრუნველეყო ახალი, დასაბუთებული, არგუმენტირებული აქტის გამოცემა, რაც მიღწეული იქნებოდა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის, მათ შორის, არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად. ამავდროულად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ დაუვალებია, რომ სავალდებულო იყო ახალი ექსპერტთა დასკვნის შედგენა, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს საკითხის ხელახალი განხილვისას უნდა შეეფასებინა შპს ,,სა---------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაზე შედგენილი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის არსებული დასკვნა, დეტალურად უნდა მიეთითებინა სრულად არის თუ არა გაზიარებული ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებები და რეკომენდაციები და მხოლოდ აღნიშნულის შედეგად მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. სადავო შემთხვევაში კი, საბჭოს მიერ გამოკვლეული და შესწავლილი იქნა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, ექსპერტის დასკვნა. საქმეში წარმოდგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის თანახმად კი, პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის მიღწევად დაწესებულებას არ გააჩნია შესაბამისი მატერიალური რესურსი. კერძოდ, სილაბუსებში გათვალისწინებულია ლაბორატორიული მეცადინეობა და ორგანიზაციას არ გააჩნია შესაბამისი ლაბორატორიული ბაზა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 04 მაისის N65/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 272 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭო აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის პროექტზე წარმოდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

 

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №72 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №17 სხდომის ოქმის მე-3 ნაწილი ცნობილ იქნა ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის და სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ოქმით ასევე ირკვევა, რომ დაწესებულებისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებისათვის საჭირო სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობა. კერძოდ, აკრედიტაციის ექსპერტმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ პროგრამის კურსდამთავრებულის სრულყოფილი ცოდნისთვის აუცილებელია დაწესებულებას გააჩნდეს სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (ჰაბი, სვიჩი, ქსელური მოწყობილობები, კომპიუტერის არქიტექტურისათვის საჭირო ლაბორატორია, დადაპლატები, კვების ბლოკი და სხვა ლაბორატორიული ინტსტრუმენტები), რაც განსახილველ შემთხვევაში დაწესებულებას არ გააჩნდა. ამასთან, ექსპერტმა ამავე სხდომაზე დამატებით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროგრამის განხორციელებისათვის და წარმატებით მუშაობისთვის საჭირო იყო სპეციალური კომპიუტერული კლასის არსებობა, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა სათანადო ლაბორატორიული ინვენტარით, მაგალითად: სპეციალური ჰაბით, რომელსაც ექნებოდა ე.წ. ვაერლესი და სპეციალური მოწყობილობები, რაც ექსპერტებმა ვიზიტის დროს ვერ აღმოაჩინეს.

 

,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (ექსპერტთა მიერ ვიზიტის განხორციელებისას მოქმედი რედაქცია) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, ჩაატაროს პერსონალის, აკადემიური/მოწვეული პერსონალის, სტუდენტებისა და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სხვა პირთა ინტერვიურება. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიურება.

 

სადავო შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა შესაბამისი წესით შედგენილი ექსპერტიზის დასკვნით. ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება საქმეში წარმოდგენილ შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე და სწორად მიიჩნია, რომ შპს „სა---------–--------------–---–------------------ი“ ვერ მიუთითებს აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა დაწესებულებაში ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის ეტაპზე სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ჰაბი, სვიჩი, ქსელური მოწყობილობები, კომპიუტერის არქიტექტურისათვის საჭირო ლაბორატორია, დედაპლატები, კვების ბლოკი და სხვა ლაბორატორიული ინსტრუმენტები) არსებობა. ამდენად, დადგენილია შპს „სა---------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შეუსაბამობის ფაქტი, რაც პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოდგენდა.

 

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის სხდომის პროცედურული დარღვევით ჩატარებას, „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 272 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმების გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

 

დადგენილია, რომ აპელანტს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ეცნობა ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე და იგი მონაწილეობდა 2017 წლის 28 დეკემბერის ზეპირ მოსმენაში. ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2017 წლის 28 დეკემბრის №17 სხდომის ოქმით დგინდება, რომ შპს ,,სა---------–--------------–---–------------------ის“ რექტორს მიეცა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ასახულ ძირითად შენიშვნებთან დაკავშირებით დაწესებულების არგუმენტაციის დაფიქსირების შესაძლებლობა, რაც აისახა ამავე სხდომის ოქმში. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას შესვენების პერიოდში მისი დასწრების გარეშე საბჭოს მიერ საკითხის განხილვის თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირის - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრის - გი---------------ას განმარტების თანახმად, იგი თავად ესწრებოდა 2017 წლის 28 დეკემბერს გამართულ საბჭოს სხდომას (ხმის მიცემის უფლების გარეშე) და აღნიშნა, რომ დაწესებულების წარმომადგენელს მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, ხოლო სხდომაზე გამოცხადებული შესვენების პერიოდში დაინტერესებული პირის - დაწესებულების წარმომადგენლის დასწრების გარეშე ახალი საკითხი არ განხილულა, არამედ საბჭოს წევრებს შორის მიმდინარეობდა მსჯელობა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნა დაწესებულების წარმომადგენლის მონაწილეობა საქმეში და მიეცა საქმესთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის არგუმენტაცია საბჭოს სხდომის საჯაროობის დარღვევის შესახებ.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ამდენად, თანასწორობის პრინციპი, ერთი მხრივ, მოითხოვს, რომ იდენტური საკითხი იდენტურად გადაწყდეს, მეორე მხრივ კი, დაცული უნდა იყოს კანონიერების პრინციპი, რადგან არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში. ამასთანავე, საქმის გარემოებათა იდენტურობა აუცილებლად უნდა დასტურდებოდეს, რაც არ ნიშნავს ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის ერთგვარად გადაწყვეტის ვალდებულებას. სადავო შემთხვევაში კი იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერია, ხოლო იდენტური გარემოებების არსებობა და მისი სხვაგვარად გადაწყვეტა სხვა დაწესებულების მიმართ არ დგინდება, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან მიმართებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის შპს „სა---------–--------------–---–------------------ის“ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, შპს „სა---------–--------------–---–------------------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე და სახეზე არ არის გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები გასაჩივრებულ ნაწილში, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს „სა---------–--------------–---–------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე მანანა ჩოხელი

 

მოსამართლეები თამარ ონიანი

 

გიორგი ტყავაძე