განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2019
საქმის ნომერი
330210017001814006
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001814006

საქმე №2ბ/4584-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმთა პალატა

 

შემდეგი შემადგენლობით:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

დიანა ბერეკაშვილი

ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი - ნ----- გოგიშვილი

 

აპელანტი - სს „გ-------–ი“

წარმომადგენელი - ნ----- პ----–---–ი, მ--- თ-------

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ------- თ------ი“

წარმომადგენელი - ტ------– ჩ----–---–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი - შეთანხმების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სრულად დაკმაყოფილდეს სარჩელი

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სს „გ-------–ის“ სარჩელი შპს „მ------- თ------ის“ მიმართ 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა სს „გ-------–ის“ მოთხოვნა შპს ,,მ------- თ------ისთვის" 265 143.21 (ორას სამოცდახუთი ათას ას ორმოცდასამი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარის დაკისრების თაობაზე.სს ,,გ-------–ის" მოთხოვნა შპს ,,მ------- თ------ისთვის" მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების 265 143. 21 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით 2017 წლის 21 თებერვლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.საქმეში წარმოდგენილი სარეკლამო მომსახურების გაწევის თაობაზე კონტრაქტებით დგინდება, რომ სს „გ-------–სა“ (ყოფილი შპს „ჯი-მარტი“; შპს „გ-------–ი“) და შპს „მ------- თ------ს“ შორის 2010-2013 წლებში არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა სს „გ-------–ის“ ტერიტორიაზე შპს „მ------- თ------ის“ სარეკლამო მასალების განთავსების შესახებ, შესაბამისი მომსახურების საფასურის ანაზღაურების პირობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარეკლამო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებები დანართებით, ტომი I, ს.ფ. 69-94, 201-243, 335-338)

 

2.2. 2014 წლის 01 დეკემბერს სს „გ-------–სა“ და შპს „მ------- თ------ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც შპს „მ------- თ------მა“ აღიარა სს „გ-------–ის“ მიმართ 2014 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით დავალიანების არსებობა 293 143.21 ლარის ოდენობით და აიღო ვალდებულება ეტაპობრივად, თვეში არანაკლებ 4 000 ლარის გადახდით მოეხდინა დავალიანების დაფარვა. შეთანხმება ხელმოწერილ იქნა სს „გ-------–ის“ დირექტორის ნ-------- გ--------ის და შპს „მ------- თ------ის“ დირექტორის ირაკლი მაშავას მიერ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - 2014 წლის 01 დეკემბრის შეთანხმება (ტომი I, ს.ფ. 95)

 

2.3. 2015 წლის 31 იანვარს, 28 თებერვალს, 31 მარტს, 30 აპრილს და 31 მაისს სს „გ-------–სა“ და შპს „მ------- თ------ს“ შორის გაფორმდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე შეთანხმებები, მხარეთა შეთანხმებით მოხდა სს „გ-------–ის“ დავალიანების კონკერტული ოდენობებით შემცირება შპს „მ------- თ------ის“ მიმართ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე შეთანხმებები (ტომი I, ს.ფ. 347-370).

 

2.4. 2015 წლის 01 ივლისს შპს „მ------- თ------სა“ და სს „გ-------–ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც დადგინდა 2015 წლის 01 ივლისიდან მათ შორის 2014 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული ვალის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ შეთანხმების შეჩერება. ხელშეკრულების შეჩერების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 01 ივლისიდან სს „გ-------–ის“ მიერ 2013 წლის 25 სექტემბრამდე შპს „მ------- თ------ის“ სასარგებლოდ წარმოშობილი ვადამოსული ფულადი ვალდებულების შესრულების დაწყებამდე. შეთანხმება სს „გ-------–ის“ მხრიდან ხელმოწერილ იქნა დირექტორ ნ-------- გ--------ის, ხოლო შპს „მ------- თ------ის“ მხრიდან დირექტორ ირაკლი მაშავას მიერ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას- 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმება (ტომი I, ს.ფ. 199).

 

2.5. 2016 წლის 11 ოქტომბერს შპს „მ------- თ------ს“ გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა სს „გ-------–ის“ მიმართ არსებული დავალიანების - 265 143.21 ლარის დაფარვის თაობაზე. აღნიშნული შეტყობინება შპს „მ------- თ------ს“ ჩაბარდა 2016 წლის 21 ოქტომბერს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: წერილი, საფოსტო დასტური (ტომი I, ს.ფ. 101-102).

 

2.6. 2016 წლის 28 დეკემბერს სს „გ-------–ის“ და შპს „მ------- თ------ის“ ბუღალტრებს შორის შედგენილი შედარების აქტის თანახმად, სს „გ-------–ს“ ერიცხება დავალიანება შპს „მ------- თ------ის“ მიმართ 2016 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით ჯამურად 442 854.52 ლარი. ამასთან, სს „გ-------–ს“ 2016 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით გააჩნია შპს „მ------- თ------ის“ მიმართ დებიტორული მოთხოვნა 265 143.21 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - 2016 წლის 28 დეკემბრის შედარების აქტი (ტომი I, ს.ფ. 200).

 

2.7. საქმეში წარმოდგენილი სს „გ-------–ის“ პირადი ბარათის ამონაწერითა და დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ შპს „მ------- თ------ს“ სს „გ-------–ის“ მიმართ გააჩნია დავალიანება 265 143.21 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: ამონაწერი პირადი ბარათიდან, დავალიანების შესახებ ცნობა (ტომი I, ს.ფ. 96-99).

 

2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის განჩინებით დამტკიცდა ამჟამად სს „გ-------–ის“ კრედიტორთა მიერ კრედიტორთა კრებაზე მიღებული რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა განსაზღვრის შესახებ ცვლილებების პროექტი. სს „გ-------–ის“ რეაბილიტაციის მმართველსა და საწარმოს დირექტორს შორის უფლებამოსილებათა წრის განსაზღვრის პროექტის მე-3 პუნქტის პირველი ნაწილის თანახმად განისაზღვრა, რომ საწარმოს (სს „გ-------–ის“) წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს დირექტორი, რეაბილიტაციის მმართველთან შეთანხმებით. ამავე პუნქტის მე-3 ნაწილის მიხედვით, საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული მიმდინარე ხელშეკრულებების (გარიგებების) დადებასა და არსებული ხელშეკრულებების (გარიგებების) შეწყვეტაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრა დირექტორი, თუ ცალკეულ შემთხვევებში არსებული ან დასადები ხელშეკრულების ღირებულება არ აღემატებოდა 25 000 ლარს. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული ხდებოდა რეაბილიტაციის მმართველის წინასწარ თანხმობაზე. ამ პუნქტის მიზნებისათვის საოპერაციო ხელშეკრულება (გარიგება) ნიშნავდა გარიგებას რომელიც ეხებოდა საქონლის შესყიდვა/გაყიდვას, კომუნალური გადასახადების გადახდას. ამავე პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ შესაბამისი შეზღუდვები, აგრეთვე რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილებები უნდა დარეგისტრირებულიყო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის განჩინება, რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა წრის განმსაზღვრელ დოკუმენტში ცვლილებების დამტკიცების მიზნით კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე სასამართლოში წარდგენილი განცხადება;

- სს „გ-------–ის“ რეაბილიტაციის მმართველსა და საწარმოს დირექტორს შორის უფლებამოსილებათა წრის განსაზღვრის პროექტი ( ტომი II, ს.ფ. 103-115).

 

2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ივნისის განჩინებით დამტკიცდა ამჟამად სს „გ-------–ის“ კრედიტორთა კრების 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება რეაბილიტაციის მმართველად შპს „ბ------ ქ---- კ-----------–--ი“ - ნ------- პ------–---–ის დანიშვნის შესახებ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ივნისის განჩინება ( ტომი II, ს.ფ. 123-126).

 

2.10. სს „გ-------–ის“ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დადგენილია, რომ მიმდინარეობს სს „გ-------–ის“ რეაბილიტაციის საქმისწარმოება და საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად დაფიქსირებულები არიან გენერალური დირექტორი - გ------- ხ---–---–ი, ხოლო რეაბილიტაციის მმართველად - შპს „ბ------ ქ---- კ-----------–--ი“. 2015 წლის 06 მაისის მდგომარეობით კი საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად დაფიქსირებული იყვნენ გენერალური დირექტორი - ნ-------- გ--------ე, ხოლო რეაბილიტაციის მმართველად - გ------- ჩ----–---–ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - სს „გ-------–ის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 105-106, ტომი II, ს.ფ. 81-86).

 

2.11. საქმეში წარმოდგენილი სს „გ-------–ის“ რეაბილიტაციის გეგმის პროექტით, კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრით, თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი რეესტრებითა და ქვითარით დადგენილია, რომ შპს „მ------- თ------ი“ წარმოადგენს სს „გ-------–ის“ არაუზრუნველყოფილ კრედიტორს (მეექვსე რიგში), რომლის მიმართაც აღიარებული დავალიანება შეადგენს 371 320.72 ლარს და სს „გ-------–ის“ მიერ 2018 წლის 02 აპრილს, 29 ივნისს და 26 სექტემბერს მოხდა კრედიტორის მიმართ აღიარებული დავალიანების ნაწილის დაფარვა სამ ეტაპად, ჯამურად 43 667.58 ლარის ოდენობით, თანხის დაფარვა განხორციელდა სასამართლოში სარჩელის შემოტანის შემდეგ, საქმის განხილვის პერიოდში.

 

2.12. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად დადგენილია, რომ სს „გ-------–სა“ და შპს „მ------- თ------ს“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ

მოთხოვნები, რომელიც 2016 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით შედგენილი შედარების აქტის თანახმად განისაზღვრა: სს „გ-------–ის“ დავალიანება - 442 854.52 ლარის ოდენობით, ხოლო შპს „მ------- თ------ის“ დავალიანება - 265 143.21 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ სს „გ-------–ი“ იმყოფება გადახდისუუნარობის რეჟიმში და მის მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმის წარმოება. შპს „მ------- თ------ი“ აღიარებულია არაუზრუნველყოფილ კრედიტორად და მის სასარგებლოდ 2018 წლის აპრილში, ივნისსა და სექტემბერში განხორციელდა აღიარებული დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს,, რომ 2014 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, შპს „მ------- თ------ს“ ყოველთვიურად უნდა ეხადა არანაკლებ 4 000 ლარის ოდენობით დავალიანება და ვინაიდან 2015 წლის ივლისიდან აღარ ხდება გადახდა, მხარემ დაკანრგა ინტერესი თანხის ეტაპობრივად გადახდაზე და ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხე ვალდებულია მოახდინოს მთლიანი დავალიანების ერთიანად გადახდა. მხარე განმარტავს, რომ 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმება, რომლითაც მოხდა დავალიანების გადახდის ვადის გადაწევა სანამ სს „გ-------–ი“ არ მოახდენდა თავისი დავალიანების დაფარვის დაწყებას, წარმოადგენს ბათილ გარიგებას, ვინაიდან იგი არ დადებულა უფლებამოსილი პირის - რეაბილიტაციის მმართველის თანხმობით.

 

მოსარჩელის განმარტების საწინააღმდეგოდ, მოპასუხე აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს არაუზრუნველყოფილ, აღიარებულ კრედიტორს და მის მიმართ არსებული სს„გ-------–ის“ დავალიანება მნიშვნელოვნად აღემატება მოპასუხის დავალიანებას სს „გ-------–ის“ მიმართ. სწორედ ამ მიზნით შეთანხმდა 2014 წლის 01 დეკემბერს დავალიანების ეტაპობრივად გადახდევინება, რომ ნაწილ-ნაწილ მომხდარიყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. მოგვიანებით, ვინაიდან აღარ ხდებოდა დავალიანების გაქვითვა, 2015 წლის 01 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა გარიგება დავალიანების გადახდევინების ვადის გადაწევაზე, სანამ სს „გ-------–ი“ არ დაიწყებდა თავისი ვალდებულების შესრულებას და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ეტაპობრივად დაკმაყოფილებას, მათ შორის შპს „მ------- თ------ის“ დაკმაყოფილებას.

 

მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ თავდაპირველად თანხის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ შეთანხმება ხელმოწერილია იგივე დირექტორის მიერ, რომელთანაც მოხდა შეთანხმების გაფორმება ვალდებულების შესრულების ვადის გადაწევის თაობაზე. ის ფაქტი, რომ დირექტორი არ იყო უფლებამოსილი შეთანხმების ხელმოწერაზე და საჭირო იყო რეაბილიტაციის მმართველის თანხმობა, მოპასუხისათვის არ იყო ცნობილი და ვერც იქნებოდა ცნობილი, ვინაიდან სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში არანაირი დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვა დაფიქსირებული არ იყო, ხოლო უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ შეთანხმება დირექტორსა და რეაბილიტაციის მმართველს შორის არ იყო სათანადო წესით რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში. აღნიშნული კი გამორიცხავდა გარიგების ბათილად მიჩნევის ფაქტობრივ- სამართლებრივ საფუძვლებს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „გ-------–ი“ იმყოფება გადახდისუუნარობის რეჟიმში და მის მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმის წარმოება. საზოგადოების ამონაწერში ხელმძღვანელ პირებად დარეგისტრირებულ არიან დირექტორი და რეაბილიტაციის მმართველი. სასამართლო განჩინებით გამიჯნულია დირექტორსა და რეაბილიტაციის მმართველს შორის უფლებამოსილებები, რომელიც არ არის სათანადო წესით რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მიუხედავად დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის არარსებობისა, მოპასუხესთან 2015 წლის 01 ივლისს დადებული გარიგება ბათილია, ვინაიდან მხარე მონაწილეობდა გადახდისუუნარობის პროცეში, იგი აღიარებულია კრედიტორად და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო უფლებამოსილების შეზღუდვის ფაქტი. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ სს „გ-------–მა“ დაკარგა ინტერესი დავალიანების ნაწილ-ნაწილ დაფარვის თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით მოვალეს უნდა დაეკისროს დავალიანების მთლიანად და ერთჯერადად გადახდევინება.

მოპასუხე მხარე კი განმარტავს, რომ მსგავსად 2014 წლის 01 დეკემბრის შეთანხმებისა, 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმება ხელმოწერილ იქნა ერთიდაიგივე პირის - სს „გ-------–ის“ გენერალური დირექტორის მიერ და შესაბამისად, მხარეს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით რეესტრში არ არსებული და დაურეგისტრირებელი მონაცემების გამო.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკირსრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

სასამართლო უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე Nას-1338-1376-2014, 29.06.2015წ. სადაც განმარტებულია შემდეგი: „ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბ------ის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.“ „თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.

 

კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.

 

კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.“

 

სასამართლო უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე რომლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ამ მუხლის შესაბამისად, უფლების ბოროტად გამოყენება გულისხმობს ნებისმიერი სამართლურთიერთობის მონაწილე პირისათვის თავისი უფლების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულებას. ნებისმიერი უფლება და მოვალეობა უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად. აღნიშნული პრინციპი ვლინდება სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტის მიერ სხვა პირის ინტერესების გათვალისწინებაში, თუმცა იმ მოცულობით, რომ არ მოხდეს თავად უფლების მქონე პირის ინტერესების არათანაზომიერად შეზღუდვა. უფლების გამოყენების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ამ უფლების მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების შემთხვევაში, როდესაც უფლების მქონე პირის ინტერესი სხვისთვის ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული და უფლების გამოყენება არ ისახავს მისი განხორციელების აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესების დაცვას. უფლების ბოროტად გამოყენების შეფასებისას, აუცილებელია დადგინდეს უფლების მქონე პირის ქმედება ობიექტური მოქმედებაა, რაც უფლების გამოყენებას ამართლებს, თუ იგი უპირატესად მხოლოდ სხვა პირისათვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად და აღნიშნულის გამო მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეები ადასტურებენ, რომ როგორც სს „გ-------–ს“, ასევე შპს „მ------- თ------ს“ ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ ფულადი ვალდებულება შესასრულებელი. ამასთან, შპს „მ------- თ------ის“ მოთხოვნა, მნიშვნელოვნად აღემატება სს „გ-------–ის“ მოთხოვნას. მოსარჩელე მხარე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმება დაიდო შესაბამისი ნებართვის გარეშე და ბათილია, ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 2014 წლის 01 დეკემბრის შეთანხმებით აღიარებული დავალიანების სრულად გადახდა, ვინაიდან კრედიტორმა (სს „გ-------–მა“) დაკარგა ინტერესი ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებაზე, კომპანია იმყოფება რეაბილიტაციის პროცესში და მისთვის მნიშვნელოვანია ფულადი სახსრების მიღება. სასამართლო მიუთითებს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია კანონმდებლის მიზანი, რომ კანონი მიზნად ისახავს კრედიტორისა და მოვალის უფლებებისა და ინტერესების თანაზომიერად დაცვას. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარე იმყოფება გადახდისუუნარობის რეჟიმში და მის მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმის წარმოება, ხელშეკრულების მეორე მხარეს ეკრძალება ვადამოსული მოთხოვნების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, მოვალის მიმართ უკვე დაწყებული იძულებითი სააღსრულებო წარმოება კი ჩერდება („გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ სქართველოს კანონის 21-ე მუხლი). შედეგად, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე პირი, რომელიც გადახდისუუნარობის რეჟიმში კრედიტორია, კანონით გათვალისწინებული საფუძლვების გამო ვერ ღებულობს მოთხოვნის აღსრულებას.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების მოვალეობას. მოსარჩელე მხარე ცდილობს თავისი სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, იმ მოცემულობაში, როდესაც სანაცვლო ვალდებულება აქვს შესასრულებელი მოპასუხის მიმართ და მის მიერ შესასრულებელი ვალდებულება მნიშვნელოვნად აღემატება მოპასუხის გადასახდელ დავალიანებას. მოპასუხე მხარისათვის დავალიანების ერთჯერადად და მთლიანად დაკისრება გამოიწვევს მისი უფლებების დაუსაბუთებლად ხელყოფას, ვინაიდან მოპასუხეს პირიქით გააჩნია მოთხოვნის უფლება და მხარეთა შეთანხმება დავალიანების ეტაპობრივად გაფორმების თაობაზე მხარეთა შორის მიღწეულ იქნა სწორედ იმ მიზნით, რომ ეტაპობრივად მომხდარიყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის განმარტება თანხის ეტაპობრივად გადახდის მიმართ ინტერესის დაკარგვის გამო დავალიანების სრულად მოთხოვნის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი კრძალავას უფლების ბოროტად გამოყენებას და ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე სუბიექტს აკისრებს სხვისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესებისადმი კეთილსინდისიერ და გულისხმიერ დამოკიდებულებას. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს ვალდებულების შესრულების თაობაზე შეთანხმების ბათილად აღიარების იურიდიულ ინტერესს და მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.აპელანტის განმარტებით, სასამართლომ, ერთის მხრივ დადგენილად მიიჩნია სს „გ-------–სა“ და „მ------- თ------ს“ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ერთმანეთის მიმართ მოთხოვნების არსებობა, რომელიც განისაზღვრა 2016 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით შედგენილი აქტით, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას. შედარების აქტით დასტურდება, რომ სს „გ-------–ის“ შესასრულებელი ვალდებულება ბევრად აღემატება მოპასუხის გადასახდელ დავალიანებას; ამასთან, სს „გ-------–ის“ მხრიდან შესასრულებელ ვალდებულებაზე უკვე ნამსჯელი აქვს სასამართლოს რეაბილიტაციის გეგმისა და კრედიტორთა რეესტრის დამტკიცების პროცესში და მეტიც, ყოველ კვარტალური გადახდებით (რეაბილიტაციის გეგმის თანახმად), იხდის დავალიანებას მოსარჩელე.

 

აპელანტის განმარტებით, 2016 წლის 28 დეკემბრის შედარების აქტში პირდაპირ მითითებულია (არც მხარეთა შორისაა სადავო), რომ სს „გ-------–ს“ მ------- თ------ის წინაშე, 2013 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხება 375 461.01 ლარის ვალდებულება (დავალიანება), ეს უკანასკნელი აღიარებულია არაუზრუნველყოფილ კრედიტორად და განხორციელებულია აღიარებული დავალიანების ნაწილობრივი დაფარვა. შესაბამისად, ვინაიდან სს „გ-------–ის“ მხრიდან ხდება რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, მოპასუხე მხარე არ აყენებს მოთხოვნას მიმდინარე, ანუ 2013 წლის 25 სექტემბრის შემდგომ წარმოშობილ ვალდებულებაზე. ამდენად, გაურკვეველია, სასამართლოს შეფასება სს „გ-------–ის“ არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

 

აპელანტის განმარტებით, სრულიად ალოგიკურია სასამართლოს განმარტებები „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლთან დაკავშირებით, რამდენადაც სასამართლომ რეალურად დაზარალებულად სს „გ-------–ის“ ნაცვლად, შპს „მ------- თ------ი“ მიიჩნია, როგორც არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მსხვერპლი. ის გარემოება, რომ გადახდისუუნარობის პროცესში ხელშეკრულების მეორე მხარეს ეკრძალება ვადამოსული მოთხოვნების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, არ ნიშნავს იმას, რომ მისი მოთხოვნა აღუსრულებელი რჩება. სწორედ ეს მოცემულობაა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც დამტკიცდა სასამართლოს მიერ რეაბილიტაციის გეგმა და გეგმის შესაბამისად სრულდება გადარიცხვები მ------- თ------ის სასარგებლოდ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით და იმ ფაქტით, რომ მოპასუხის ვადაგადაცილებული ვალდებულება სრულიად დაუსაბუთებლად იქნა დაკავშირებული გადახდისუუნარობის პროცესთან, სს „გ-------–ი“ აღმოჩნდა უფლების რეალიზების გარეშე.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა 2014 წლის 1 დეკემბრის შეთანხმება, როდესაც განმარტა, რომ აღნიშნული შეთანხმებით ნაწილ-ნაწილ, ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, შემდეგ გარემოებათა გამო:

2014 წლის 1 დეკემბრის შეთანხმება მხარეთა შორის გაფორმდა სს „გ-------–ის“ გადახდისუუნარობაში შესვლის შემდგომ (2013 წლის 24 სექტემბერი). ამ პერიოდისთვის სს „გ-------–ს უკვე აღიარებული ჰქონდა შპს „მ------- თ------ის“ მიმართ მოთხოვნა, დამტკიცებული იყო კრედიტორთა რეესტრი და რეაბილიტაციის გეგმა. 2014 წლის 1 დეკემბრით შპს „მ------- თ------ის“ მიერ აღიარებული ვალდებულება იყო რეაბილიტაციის შემდგომ პერიოდში წარმოშობილი ვალდებულება. კომპანიის გადახდისუუნარობის რეჟიმში ყოფნის პერიოდში დაუშვებულია გადახდისუუნარობამდე და გადახდისუუნარობის შემდგომ წარმოშობილ ვალდებულებებს შორის ურთიერთგაქვითვა, ვინიდან „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ საქართველოს კანონის“ 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმით არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი წინადადება, რომლის თანახმად, ერთი რიგის სხვადასხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ვადა და პირობები განსხვავებული იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იმავე რიგის ყველა კრედიტორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. აღნიშნულიდან გამომდინარე გადახდისუუნარობამდე და გადახდისუუნარობის შემდეგ წარმოშობილი დავალიანებების ურთიერთგაქვითვის შემთხვევაში შპს „მ------- თ------ი“ აღმოჩნდებოდა სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში, რაც კანონის ზემოაღნიშნული ნორმის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მოპასუხის ვალდებულება იყო მიმდინარე დავალიანება, რომელიც უნდა დაეფარა ნაწილ-ნაწილ, თვეში არანაკლებ 4000 ლარის ოდენობით გადახდით. ამავე შეთანხმების ფარგლებში, დასაშვებად მიიჩნიეს მხარეებმა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაც, როგორც ალტერნატიული ვარიანტი, რაც თავისთავად გულისხმობს გაქვითვებს მიმდინარე ვალდებულებებს შორის, რამეთუ სხვაგვარ შეთანხმებას მხარეები ვერ დადებდნენ ზემოაღნიშნული ნორმის უხეში დარღვევის გარეშე. ამავე 2014 წის 1 დეკემბრის აქტით, სს „გ-------–ს“ ჰქონდა უფლება, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სრულად მოეთხოვა თანხის დაკისრება, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და ჩამოაყალიბა სრულიად დაუსაბუთებელი დასკვნა, რომ მოსარჩელემ დაკარგა ინტერესი თანხის ეტაპობრივ გადახდაზე.

 

აპელანტის მტკიცებით, სს „გ-------–ის“ მოთხოვნას წარმოადგენდა 2015 წლის 1 ივლისის შეთანხმების ბათილად ცნობა, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ დადებული გარიგებისა. ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლად მოპასუხე უთითებდა სწორედ დასახელებულ აქტზე და აღნიშნავდა, რომ ამ აქტით გადავადებული ჰქონდა ვალდებულების შესრულების პერიოდი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც გარიგება იდება უფლებამოსილი მესამე პირის ნებართვის გარეშე, იგი ბათილად მიიჩნევა და არ წარმოშობს ამ გარიგებით გათვალისწინებულ შედეგებს მონაწილე პირთა მიმართ.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ერთის მხრივ გამოიყენა ზემოაღნიშნული ნორმა, თუმცა სრულიად არასწორად განმარტა მოცემულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით, რამდენადაც სადაო შეთანხმება გაფორმებული იყო არაუფლებამოსილის პირის მიერ, დოკუმენტთან დაკავშირებით არ არსებობდა რეაბილიტაციის მმართველის თანხმობა/ხელმოწერა. სასამართლოსთვის ცნობილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა, რომ რეაბილიტაციის მმართველსა და გენერალურ დირექტორს შორის გაფორმებულია უფლებამოსილებათა გამიჯვნის დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებულია სასამართლოს მიერ. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, რეაბილიტაციის მმართველთან შეუთანხმებლად, ვალდებულების შესრულების გადავადების თაობაზე შეთანხმების გაფორმება, დაუშვებელია.

 

სასამართლოს განმარტებით, საზოგადოების, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმისწარმოების შესახებ ინფორმაცია ექვემდებარება მეწარმეთა და არასამეწარმეო პირების რეესტრში ასახვა რეგისტრაციას და მხარეს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით რეესტრში არარსებული და დაურეგისტრირებელი მონაცემების გამო. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს კანონის ლოგიკური განმარტებიდან და შესაბამისად ვერ გაიზიარებს მას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა რეესტრში ასახულია, რომ მიმდინარეობს სს „გ-------–ის“ რეაბილიტაციის საქმისწარმოება და ხელმძღავნელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად მითითებულია შპს „ბ------ ქ---- კ-----------–--ი“ და გენერალური დირექტორი;

 

აღნიშნული ინფორმაციის ასახვა სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა სასამართლოს მიერ თანახმად „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონისა, შესაბამისად განჩინებით, რომლითაც დამტკიცდა უფლებამოსილების გამიჯვნის დოკუმენტი არ განსაზღვრულა სს „გ-------–ის“ ვალდებულება, რომ დოკუმენტის რეგისტრაცია მოეხდინა სამეწარმეო რეესტრში;

 

უფლებამოსილებათა გამიჯვნის დოკუმენტი დამტკიცდა კრედიტორთა კრებაზე და აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას იღებდა შპს „მ------- თ------ი“, როგორც კრედიტორი. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საკითხი სადაოდ არ გაუხდია შპს მ------- თ------ს (გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მეოთხე ნაწილი - რეაბილიტაციის პროცესში რეაბილიტაციის მმართველისა და საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებათა წრეს განსაზღვრავს კრედიტორთა კრება. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე რეაბილიტაციის მმართველსა და კრედიტორებს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილების ფარგლები, მისი ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის საკითხები. პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საბანკო გარანტიის ან/და პასუხისმგებლობის დაზღვევის გამოყენება);

 

2019 წლის 18 მარტს საქმეზე #2/10085-18, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე - შეთანხმების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება (მოსარჩელე სს „გ-------–ი; მოპასუხე - შპს „ჯ---- პ----ი“). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც კომპანიის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება და იგი იმყოფება რეაბილიტაციის პროცესში, სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაცია წარმოშობს ამ საზოგადოებასთან გარიგების დადების მსურველი სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების გადამოწმების მოვალეობას. გარიგების მონაწილე მეორე მხარე წინდახედულობის ფარგლებში მოვალეა გამოარკვიოს ხელმძღვანელთა და წარმომადგენელთა კომპეტენცია კონკრეტული გარიგების გაფორმების დროს. გაკოტრებისა თუ რეაბილიტაციის პროცესი გულისხმობს საზოგადოების მენეჯმენტის არასათანადო საქმიანობის შედეგად საზოგადოების გადახდისუუნარობანდე მიყვანას, რაც განაპირობებს კიდეც ამ ხელმძღავნელ პირთა უფლება-მოვალეობების გარკვეული წესებითა და პირობებით შეზღუდვას. შესაბამისად არ მიიჩნია სასამართლომ შეთანხმებაზე დირექტორის ხელმოწერის არსებობა უფლებამოსილი პირის ხელმოწერად;

 

მართალია საქართველო არ განეკუთვნება პრეცედენტული სამართლის ქვეყნებს, თუმცა აღნიშნული განმარტების ციტირება მნიშვნელოვანია კონკრეტულ ვითრებაში იმ დასაბუთებით, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობა განავითარა იმავე სასამართლომ, იგივე შემადგენლობით, ფაქტობრივად იდენტური საქმის განხილვისას. მით უფრო დაუსაბუთებელი და გაურკვეველია კონკრეტულ საქმეთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ საწინააღმდეგოს მტკიცება.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე (ახსნა-განმარტების ეტაპზე) მოპასუხე მხარემ განმარტა, იმ მოცემულობაში, თუ სასამართლო ბათილად მიიჩნევს 2015 წლის 1 ივლისის შეთანხმებას ვალდებულების გადავადების შესახებ, მაშინ შპს „მ------- თ------ის“ ვალდებულება შესასრულებლად სრულად ვადამოსული არაა. მაშინ როდესაც, მხარემ რეალურად აღიარა სს „გ-------–ის“ მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტი (თუნდაც ნაწილობრივი), სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა არცერთი სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ გაიზიარებდა მოთხოვნის საფუძვლიანობას სადავო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, მაინც გაუგებარია სასამართლოს შეფასება დავალიანების დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სასამართლო ცალსახად ასკვნის, რომ სს „გ-------–ს“ დაწყებული აქვს რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული გადახდები. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 1 დეკემბრის შეთანხმების თანახმად, შპს „მ------- თ------ს“ გააჩნია ვადამოსული შესასრულებელი ვალდებულებები მოსარჩელის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთს და მტკიცებულებათა სახეებს, რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრიც, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა არარსებობის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოსარჩელემ სარწმუნოდ დაადასტურა დავალიანების არსებობა, რაც სრულად იქნა უგულებელყოფილი სასამართლოს მიერ.

 

აპელანტის განმარტებით, საბოლოოდ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ჩამოაყალიბა წინააღმდეგობრივი სამართლებრივი დასკვნები რამეთუ, ერთის მხრივ სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცებულებებით დადგენილია რომ შპს „მ------- თ------ს“ სს „გ-------–ის“ მიმართ გააჩნია დავალიანება 265 143.21 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არ დაკმაყოფილდა სს „გ-------–ის“ მოთხოვნა დავალიანების დაფარვის თაობაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ძირითადად ეყრდნობა სამოქალაქო სამართლებრივ პრინციპებს, როგორიცაა კეთილსინდისიერება (თუმცა სრულიად გაურკვეველია მისი გამოყენება სს ,,გ-------–ის“ მიმართ ამ კონკრეტულ საქმეში), ამასთან არ არის მითითებული კონკრეტული სამოქალაქო სამართლებრივი ნორმები, რომელითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას, რითაც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით სააპელაციო საჩივარი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოში განხორციელებულ მტკიცებულებით საქმიანობას, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებების სამართლებრივ კვალიფიკაციას, აპელაციაში იხილება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი და ფაქტობრივი ან მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლებით უკვე გამოკვლეული ფაქტებისა და მტკიცებულებების ფარგლებში (იხ. დიდი პალატის 17.032016წ. გადაწყვეტილება; საქმე №ას-121-117-2016).

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას კანონის გამოყენებაზე იმ მოტივით, რომ მას კანონის ნორმა უსამართლოდ ან არაზნეობრივად მიაჩნია.

 

მე-5 მუხლის თანახმად კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია).

 

თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

 

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა სამართლის ანალოგია იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ,,იმ პირობებში, როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარე იმყოფება გადახდისუუნარობის რეჟიმში და მის მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმის წარმოება, ხელშეკრულების მეორე მხარეს ეკრძალება ვადამოსული მოთხოვნების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, მოვალის მიმართ უკვე დაწყებული იძულებითი სააღსრულებო წარმოება კი ჩერდება („გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ სქართველოს კანონის 21-ე მუხლი). შედეგად, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე პირი, რომელიც გადახდისუუნარობის რეჟიმში კრედიტორია, კანონით გათვალისწინებული საფუძლვების გამო ვერ ღებულობს მოთხოვნის აღსრულებას“.

 

საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარე ცდილობს თავისი სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.

 

სააპელაციო სასამართლოს აზრით, სამართლებრივი მდგომარეობის გამოყენება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება უფლების ბოროტად გამოყენებად, როდესაც პირი უფლებას იყენებს მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, ხოლო მას თავად უფლების გამოყენების რეალური ინტერესი არ გააჩნია. სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა უფლების გამოყენების რეალური ინტერესი.

 

გადახდისუუნარობის პროცესით გათვალისწინებული ღონისძიებების მიზანია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შეფასება, მისი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ზომების შემუშავება, და თუ ასეთი ზომები ითვლება შეუსაბამოდ ან შეუძლებელად, ყველაზე თანაბარი და სამართლიანი გადახდისუუნარო მოვალის კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილება. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის 21 მუხლის თანახმად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე; გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა სამეურვეო ქონებაში მიიმართება; იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა;

 

ამავე ნორმის თანახმად, საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები; გრძელდება მოვალის საქმიანობის უწყვეტობისათვის არსებითი საქონლის/მომსახურების მიწოდება და ამ საქონლის/მომსახურების მოვალისთვის მიმწოდებელ პირს ეკრძალება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის საფუძვლით იმ ხელშეკრულების შეწყვეტა, რომელიც ითვალისწინებს მოვალის სასარგებლოდ მისი საქმიანობის უწყვეტობისათვის არსებითი საქონლის/მომსახურების მიწოდების დაწყებას ან/და გაგრძელებას, თუ მოვალე ასრულებს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებს. აღნიშნულ პირს ხელშეკრულების ან საქონლის/მომსახურების მიწოდების შეწყვეტა შეუძლია მნიშვნელოვანი გარემოების არსებობისას, მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოვალემ ამ პირის მიმართ არ შეასრულა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულება და მისი შეუსრულებლობიდან გასულია 14 სამუშაო დღეზე მეტი.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის თანახმად რეაბილიტაციის პროცესში რეაბილიტაციის მმართველისა და საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებათა წრეს განსაზღვრავს კრედიტორთა კრება. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე რეაბილიტაციის მმართველსა და კრედიტორებს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილების ფარგლები, მისი ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის საკითხები. პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საბანკო გარანტიის ან/და პასუხისმგებლობის დაზღვევის გამოყენება.

 

„გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმით არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი წინადადება, რომლის თანახმად, ერთი რიგის სხვადასხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ვადა და პირობები განსხვავებული იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იმავე რიგის ყველა კრედიტორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

ამავე კანონის 50-ე მუხლის თანახმად დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებისათვის პასუხისმგებელია რეაბილიტაციის მმართველი. რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებას ზედამხედველობს კრედიტორთა კრება. ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად ნებისმიერ კრედიტორს აქვს უფლება, მიიღოს ან/და გაეცნოს მოვალის წლიურ ანგარიშს, აგრეთვე რეაბილიტაციის გეგმის იმ ნაწილს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ამ კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადასა და პირობებს. რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია უზრუნველყოფილ კრედიტორებს რეაბილიტაციის გეგმით განსაზღვრულ ვადებში წარუდგინოს ამომწურავი ინფორმაცია რეაბილიტაციის გეგმის მიმდინარეობის შესახებ.

 

აღნიშნული ნორმების შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარე იმყოფება გადახდისუუნარობის რეჟიმში და მის მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმის წარმოება, ხელშეკრულების მეორე მხარეს ეკრძალება ვადამოსული მოთხოვნების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, მოვალის მიმართ უკვე დაწყებული იძულებითი სააღსრულებო წარმოება კი ჩერდება.

 

ის გარემოება, რომ გადახდისუუნარობის პროცესში ხელშეკრულების მეორე მხარეს ეკრძალება ვადამოსული მოთხოვნების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, არ ნიშნავს, რომ მისი მოთხოვნა აღუსრულებელი რჩება. დაუშვებულია გადახდისუუნარობამდე და გადახდისუუნარობის შემდგომ წარმოშობილ ვალდებულებებს შორის ურთიერთგაქვითვა, ვინიდან გადახდისუუნარობამდე და გადახდისუუნარობის შემდეგ წარმოშობილი დავალიანებების ურთიერთგაქვითვის შემთხვევაში შპს „მ------- თ------ი“ აღმოჩნდებოდა სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში, რაც კანონის ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევას წარმოადგენს.

 

დადგენილია, რომ სს „გ-------–ი“ იმყოფება გადახდისუუნარობის რეჟიმში და მის მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის საქმის წარმოება.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 01 დეკემბერს სს „გ-------–სა“ და შპს „მ------- თ------ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც შპს „მ------- თ------მა“ აღიარა სს „გ-------–ის“ მიმართ 2014 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით დავალიანების არსებობა 293 143.21 ლარის ოდენობით და აიღო ვალდებულება ეტაპობრივად, თვეში არანაკლებ 4 000 ლარის გადახდით მოეხდინა დავალიანების დაფარვა. შეთანხმება ხელმოწერილ იქნა სს „გ-------–ის“ დირექტორის ნ-------- გ--------ის და შპს „მ------- თ------ის“ დირექტორის ირაკლი მაშავას მიერ (მტკიცებულება: 2014 წლის 01 დეკემბრის შეთანხმება, ტომი I, ს.ფ. 95).

 

2015 წლის 01 ივლისს შპს „მ------- თ------სა“ და სს „გ-------–ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც დადგინდა 2015 წლის 01 ივლისიდან მათ შორის 2014 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული ვალის ეტაპობრივად დაფარვის შესახებ შეთანხმების შეჩერება. ხელშეკრულების შეჩერების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 01 ივლისიდან სს „გ-------–ის“ მიერ 2013 წლის 25 სექტემბრამდე შპს „მ------- თ------ის“ სასარგებლოდ წარმოშობილი ვადამოსული ფულადი ვალდებულების შესრულების დაწყებამდე. შეთანხმება სს „გ-------–ის“ მხრიდან ხელმოწერილ იქნა დირექტორ ნ-------- გ--------ის, ხოლო შპს „მ------- თ------ის“ მხრიდან დირექტორ ირაკლი მაშავას მიერ (მტკიცებულება: 2015 წლის 01 ივლისის შეთანხმება, ტომი I, ს.ფ. 201).

 

დადაგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის განჩინებით დამტკიცდა ამჟამად სს „გ-------–ის“ კრედიტორთა მიერ კრედიტორთა კრებაზე მიღებული რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა განსაზღვრის შესახებ ცვლილებების პროექტი. სს „გ-------–ის“ რეაბილიტაციის მმართველსა და საწარმოს დირექტორს შორის უფლებამოსილებათა წრის განსაზღვრის პროექტის მე-3 პუნქტის პირველი ნაწილის თანახმად განისაზღვრა, რომ საწარმოს (სს „გ-------–ის“) წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს დირექტორი, რეაბილიტაციის მმართველთან შეთანხმებით. ამავე პუნქტის მე-3 ნაწილის მიხედვით, საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული მიმდინარე ხელშეკრულებების (გარიგებების) დადებასა და არსებული ხელშეკრულებების (გარიგებების) შეწყვეტაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრა დირექტორი, თუ ცალკეულ შემთხვევებში არსებული ან დასადები ხელშეკრულების ღირებულება არ აღემატებოდა 25 000 ლარს. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული ხდებოდა რეაბილიტაციის მმართველის წინასწარ თანხმობაზე. ამ პუნქტის მიზნებისათვის საოპერაციო ხელშეკრულება (გარიგება) ნიშნავდა გარიგებას რომელიც ეხებოდა საქონლის შესყიდვა/გაყიდვას, კომუნალური გადასახადების გადახდას. ამავე პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ შესაბამისი შეზღუდვები, აგრეთვე რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილებები უნდა დარეგისტრირებულიყო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში (მტკიცებულებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის განჩინება, რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა წრის განმსაზღვრელ დოკუმენტში ცვლილებების დამტკიცების მიზნით კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე სასამართლოში წარდგენილი განცხადება, სს „გ-------–ის“ რეაბილიტაციის მმართველსა და საწარმოს დირექტორს შორის უფლებამოსილებათა წრის განსაზღვრის პროექტი, ტომი II, ს.ფ. 103-115).

 

საქმეში წარმოდგენილი სს „გ-------–ის“ რეაბილიტაციის გეგმის პროექტით, კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრით, თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი რეესტრებითა და ქვითარით დადგენილია, რომ შპს „მ------- თ------ი“ წარმოადგენს სს „გ-------–ის“ არაუზრუნველყოფილ კრედიტორს (მეექვსე რიგში), რომლის მიმართაც აღიარებული დავალიანება შეადგენს 371 320.72 ლარს და სს „გ-------–ის“ მიერ 2018 წლის 02 აპრილს, 29 ივნისს და 26 სექტემბერს მოხდა კრედიტორის მიმართ აღიარებული დავალიანების ნაწილის დაფარვა სამ ეტაპად, ჯამურად 43 667.58 ლარის ოდენობით, თანხის დაფარვა განხორციელდა სასამართლოში სარჩელის შემოტანის შემდეგ, საქმის განხილვის პერიოდში.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობა.

 

მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ. შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს.

 

მითითებული ნორმა ეხება, როგორც კანონით დადგენილ, ისე მხარეთა მიერ შეთანხმების საფუძველზე დაწესებულ სავალდებულო თანხმობას. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ კანონით დადგენილ სავალდებულო თანხმობის (ნებართვის) არარსებობისას გარიგების ნამდვილობა კონტრაჰენტის მოქმედებაზე დამოკიდებული არაა და ცალსახად ბათილია, ხოლო თუ მესამე პირის თანხმობა ხელშეკრულების ან სხვა ვალდებულებით-სამართლებრივი ინსტიტუტის მეშვეობითაა გათვალისწინებული, ამგვარი თანხმობის გარეშე დადებული გარიგების ნამდვილობა კონტრაჰენტის კეთილსინდისირებაზეა დამოკიდებული და მნიშვნელოვანია იმის დადგენა, იცოდა თუ არა კონტრაჰენტმა გარიგების დადებისას მისი ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე. იურიდიული პირის შემთხვევაში ამგვარი შეზღუდვა რეგისტრირებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით, ან მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ ხელშემკვრელი მხარეები არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ და თანხმობის აუცილებლობის თაობაზე მათთვის ცნობილი იყო.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებაში (დავის საგანი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით) განმარტებულია:

 

წარმომადგენლის შეზღუდული უფლებამოსილების შესახებ „ცოდნა“, რომელიც შემდგომ შესაძლოა გარიგების ბათილობის საფუძველი გახდეს, გულისხმობს არა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, არამედ კონტრაგენტის მიერ ინფორმაციის ფაქტობრივ ფლობას, გარიგების დადების მომენტისთვის კონტრაგენტის ხელთ არსებულ ინფორმაციას. ნორმა არ გულისხმობს შემთხვევებს, როდესაც კონტრაგენტს „შეეძლო სცოდნოდა“ უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კეთილსინდისიერი კონტრაგენტის ინტერესების დაცვის მიზნით, სანამ საპირისპირო დადასტურდება, უნდა არსებობდეს პრეზუმფცია, რომ კონტრაგენტმა არ იცოდა შეზღუდული უფლებამოსილების შესახებ.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონტრაჰენტისათვის ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს ცნობილი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ და თუ ის მაინც დადებს გარიგებას კონტრაგენტი არ ჩაითვლება ბრუნვის კეთილსინდისიერ მონაწილედ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ადგენს, რომ მოპასუხისათვის ერთმნიშვნელოვნად ცნობილი იყო დირექტორის შეზღუდული უფლებამოსილების შესახებ, რის გამოც 2015 წლის 01 ივლისს დადებული გარიგება ბათილია. მოპასუხე მონაწილეობდა გადახდისუუნარობის პროცეში, იგი აღიარებულია კრედიტორად. უფლებამოსილებათა გამიჯვნის დოკუმენტი დამტკიცდა კრედიტორთა კრებაზე და აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას იღებდა შპს „მ------- თ------ი“, როგორც კრედიტორი. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საკითხი სადაოდ არ გაუხდია შპს „მ------- თ------ს“. შპს „ბ------ ქ---- კ-----------–--ი“ სს „გ-------–ის“ რეაბილიტაციის მმართველია 2015 წლის 19 ივნისიდან, ამ პერიოდში მოქმედებდა უფლებამოსილებათა გამიჯვნის დოკუმენტი და თანახმად აღნიშნული დოკუმენტისა, ცალსახაა, რომ 2015 წლის 1 ივლისის შეთანხმება გაფორმებული უნდა ყოფილიყო მისი თანხმობით.

 

აღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2015 წლის 01 ივლისს შპს „მ------- თ------სა“ და სს „გ-------–ს“ შორის დადებული შეთანხმება, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება არა მხოლოდ კრედიტორთა კრებაზე მიღებული რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა განსაზღვრის აქტს არამედ თავად კანონს.

 

კანონის თანახმად რეაბილიტაციის გეგმით არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი წინადადება, რომლის თანახმად, ერთი რიგის სხვადასხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ვადა და პირობები განსხვავებული იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იმავე რიგის ყველა კრედიტორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. კრედიტორების დაკმაყოფილების გეგმა განსაზღვრული უნდა იყოს რეაბილიტაციის გეგმით.

 

კანონის აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ იგი წარმოადგენს არაუზრუნველყოფილ, აღიარებულ კრედიტორს და მის მიმართ არსებული სს „გ-------–ის“ დავალიანება მნიშვნელოვნად აღემატება მოპასუხის დავალიანებას სს „გ-------–ის“ მიმართ. სწორედ ამ მიზნით შეთანხმდა 2014 წლის 01 დეკემბერს დავალიანების ეტაპობრივად გადახდევინება, რომ ნაწილ-ნაწილ მომხდარიყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. მოგვიანებით, ვინაიდან აღარ ხდებოდა დავალიანების გაქვითვა, 2015 წლის 01 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა გარიგება დავალიანების გადახდევინების ვადის გადაწევაზე, სანამ სს „გ-------–ი“ არ დაიწყებდა თავისი ვალდებულების შესრულებას და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ეტაპობრივად დაკმაყოფილებას, მათ შორის შპს „მ------- თ------ის“ დაკმაყოფილებას.

 

როგორც მოპასუხის პოზიციიდანაც ჩანს 2014 წლის 01 დეკემბერის ხელშეკრულება მხარეთა მიერ მოშლილი იყო და ის არ სრულდებოდა. ამას მიუთითებს მოსარჩელეც, რომ ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულების ინტერესი მას მერე დაკარგა, რაც მოპასუხე, კანონსაწინააღმდეგო გზით გავიდა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, გააფორმა კანონსაწინააღმდეგო აქტი და შეაჩერა ვალდებულების შესრულება. გარდა აღნიშნულისა, დასახელებული 2014 წლის 1 დეკემბრის შეთანხმებით, სს „გ-------–ს“ ჰქონდა უფლება მოეთხოვა დავალიანების სრულად დაფარვა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში (იხ. 01.12.2014წ. შეთანხმება, ტომი 1, ს/ფ 95).

 

ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დაფარვა მოპასუხეს არც მას შემდეგ დაუწყია, რაც პირველი ივლისის შეთანხმება გ-------–მა სადაო გახადა. პალატა თვლის, რომ აღნიშნული შეთანხმება, ასევე, შეიძლება შეხებოდა გადახდისუნარიანობის საქმის გახსნის შემდგომ წარმოშობილ ვალდებულებებს და კრედიტორების თანხმობის გარეშე წინა პერიოდის ვალდებულებების გაქვითვა ვერ მოხდებოდა. კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები კრედიტორებთან შეთანხმების გარეშე გაქვითვას არ ექვემდებარება.

 

„გ-------–ის“ მხრიდან შესასრულებელ ვალდებულებაზე უკვე ნამსჯელი აქვს სასამართლოს რეაბილიტაციის გეგმისა და კრედიტორთა რეესტრის დამტკიცების პროცესში და ყოველკვარტალური გადახდებით (რეაბილიტაციის გეგმის თანახმად) იხდის დავალიანებას მოსარჩელე.

 

საქმეში წარმოდგენილი სს „გ-------–ის“ რეაბილიტაციის გეგმის პროექტით, კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრით, თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი რეესტრებითა და ქვითარით დადგენილია, რომ შპს „მ------- თ------ი“ წარმოადგენს სს „გ-------–ის“ არაუზრუნველყოფილ კრედიტორს (მეექვსე რიგში), რომლის მიმართაც აღიარებული დავალიანება შეადგენს 371 320.72 ლარს და სს „გ-------–ის“ მიერ 2018 წლის 02 აპრილს, 29 ივნისს და 26 სექტემბერს მოხდა კრედიტორის მიმართ აღიარებული დავალიანების ნაწილის დაფარვა სამ ეტაპად, ჯამურად 43 667.58 ლარის ოდენობით, თანხის დაფარვა განხორციელდა სასამართლოში სარჩელის შემოტანის შემდეგ, საქმის განხილვის პერიოდში.

 

საქმეში წარმოდგენილი სს „გ-------–ის“ პირადი ბარათის ამონაწერითა და დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ შპს „მ------- თ------ს“ სს „გ-------–ის“ მიმართ გააჩნია დავალიანება 265 143.21 ლარის ოდენობით (მტკიცებულებები: ამონაწერი პირადი ბარათიდან, დავალიანების შესახებ ცნობა; იხ.ტომი I, ს.ფ. 96-99).

 

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „მ------- თ------ს“ უნდა დაეკისროს სს „გ-------–ის“ სასარგებლოდ 265 143 ლარის დაფარვა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ მითითებული გარემებების და წარდგენილი მტკიცებულებების პირობებში საქალაქო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, არასწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები და მივიდა არასწორ გადაწყვეტილებამდე. ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სს „გ-------–ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სს „გ-------–ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს „მ------- თ------ს“ უნდა დაეკისროს სს „გ-------–ის“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ პირველ ინსტანციასა და სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 12 000 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. სს „გ-------–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. სს „გ-------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

4.ბათილად იქნას ცნობილი სს „გ-------–ისა“ და შპს „მ------- თ------ს“ შორის დადებული 01.07.2015 წლის შეთანხმება.

 

5. შპს „მ------- თ------ს“ დაეკისროს სს „გ-------–ის“ სასარგებლოდ 265 143,21 ლარის გადახდა.

 

6. შპს „მ------- თ------ს“ სს „გ-------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველ ინსტანციასა და სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 12 000 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილება გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მიხეილ გოგიშვილი

 

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა

 

დიანა ბერეკაშვილი