განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 330310019002806939
საქმე №3-ბ-1547-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ხატია არდაზიშვილი
მოსამართლეები - ნანა ჭიჭილეიშვილი
დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ნ----------------------ი
წარმომადგენელი - ს--–---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თ-----------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ნ----------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. ნ----------------------მა 2018 წლის 07 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა სასწავლო უნივერსიტეტ ,,-----ს’’ მიერ 2012 წლის 26 ოქტომბერს მასზე გაცემული დიპლომირებული მედიკოსის T---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
ნ----------------------ი 2008 წლის 28 მარტს ჩაირიცხა შპს სასწავლო უნივერსიტეტ ,,-----ში’’. შპს სასწავლო უნივერსიტეტმა ,,-----მ’’ 2012 წლის 26 ოქტომბერს, შპს სასწავლო უნივერსიტეტ ,,-----ს’’ სამკურნალო ფაკულტეტის 2012 წლის 04 ივლისის №- ოქმით ნ----------------------ს მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი სამკურნალო საქმის სპეციალობით და აღნიშნული პირის სახელზე გაიცა T---------- დიპლომი.
1.2.2. საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 13 აგვისტოს, შპს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტ ,,-----ზე’’ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------------ ლიცენზია.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №------- გადაწვეტილებით, შპს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტ ,,-----ს’’ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს N--- ბრძანებით შევიდა ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, კერძოდ, შპს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტ ,,-----ს’’ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,უ-------------------ა''. 2011 წლის 19 აპრილიდან, აღნიშნულ იურიდიულ პირს ეწოდა შპს ,,უ-------------------ა’’.
შპს ,,უ--------------------ამ’’ (ს/კ 2--------) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და ახორციელებს საქმიანობას ლიცენზირებულ რეჟიმში.
1.2.3. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გადამოწმდა ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა ბაზები, რომლის შედეგად ნ----------------------ი არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შორის.
დადგენილია, რომ ნ-----------------------მა გაიარა რეგისტრაცია და არ გამოცხადებულა 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ამასთანავე, აღნიშნული პიროვნება 2018 წელს მონაწილეობდა ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
1.2.4. ,,ქ--------–------------–-----------------–---------–-------------–---–---–------ის’’ სახელწოდებით უწყებრივ სალიცენზიო რეესტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში საგანმანათლებლო დაწესებულება არ მოიძებნება.
1.2.5. ნ----------------------ი 2006 წელს ჩაირიცხა ქ--------–------------–-------------------–---------–--------------–---–----–------ში მედიცინის ფაკულტეტზე.
ნ----------------------მა 2012-2014 წლებში მომზადების სრული კურსი გაიარა უკრინაში, ბ--------ის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკურ ორდინატურაში ანესთეზიოლოგის სპეციალობით და მასზე გაიცა შესაბამისი C-------- მოწმობა;
ნ----------------------მა 2015-2016 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გიარა რეზიდენტურის შემოკლებული კურსი პროგრამით სპეციალობაში ,,ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია.
1.2.6. ნ----------ემ 2017 წლის 23 იანვარს შეიცვალა გვარი და გახდა ნ----------------------ი.
1.2.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 03 იანვრის MES 2------------ გადაწყვეტილებით, ნ----------------------ს უარი ეთქვა 2012 წლის 26 ოქტომბერს გაცემული დიპლომირებული მედიკოსის T---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. მე-5 მუხლის თანახმად კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე- 3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქემდი რედაქცია) პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობებსა და პროცედურას. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის თანახმად: საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი).
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას. ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესებულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.
ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.
1.3.2. განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შპს სასწავლო უ-------------------ას მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებს, რომ უ------------------აში 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომი სწავლის პერიოდი და აღნიშნულის საფუძველზე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი, მათ შორის 2012 წელს ნ----------------------ის სახელზე გაცემული დიპლომირებული მედიკოსის T---------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ამასთან, ნ----------------------ს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება არ მოუპოვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით - ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მეორე მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული მუხლის ”თ” პუნქტის თანახმად, აკრედიტაცია არის აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის (2006 წელს მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს. მეორე პუნქტით დადგენილი იყო, რომ სახელმწიფო აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს. მითითებული კანონის (იმავე პერიოდში მოქმედი რედაქცია) 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ შეიძლება იყოს ოთხი სახის: ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ; ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; გ) აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ; დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ითვლება ამ გადაწყვეტილების მიღებისას მიმდინარე სასწავლო წელს და მის შემდგომ სასწავლო წელს.
მითითებული კანონის (იმავე პერიოდში მოქმედი რედაქცია) 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კვალიფიკაციების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომლის შესაბამის პროგრამასაც მიღებული აქვს სახელმწიფო პროგრამული აკრედიტაცია, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კვალიფიკაციების დამადასტურებელ დოკუმენტებს.
სასამართლომ მიუთითა, ასევე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც დადგინდა, რომ „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის
1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად უნდა ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამავე მუხლის 11 პუნქტით კი განისაზღვრა, რომ ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 13 აგვისტოს, შპს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტ ,,-----ზე’’ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------------ ლიცენზია. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 20 იანვრის №--
19/52 გადაწვეტილებით, შპს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტ ,,-----ს’’ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. შპს ,,უ----------------------ამ’’ (ს/კ
2--------) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და ახორციელებს საქმიანობას ლიცენზირებულ რეჟიმში. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გადამოწმდა ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა ბაზები, რომლის შედეგად ნ----------------------ი არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შორის.
ასევე დადგენილია, რომ სასწავლო უნივერსიტეტმა ,,-----მ’’ 2012 წლის 26 ოქტომბერს არააკრედიტირებულ რეჟიმში ნ----------------------ის სახელზე გასცა T---------- დიპლომი, რომლის თანახმად, მას მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი სამკურნალო საქმის სპეციალობით. ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია და მოსარჩელე მხარეც სადავოდ არ ხდის მოსარჩელის სასწავლო უნივერსიტეტ ,,-----ში’’ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვის ფაქტს. „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (2006 სასწავლო წელს მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული გამოცდების ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების რანჟირებას იმ კოეფიციენტების მიხედვით, რომელიც ფაკულტეტებმა წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს. სიები ეგზავნება შესაბამის ფაკულტეტებს. ამავე მუხლის მე-10 პუნქტით კი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა. განსხილველ შემთხვევაში სათანადოდ დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ნ----------------------ი ინფორმირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების, როგორც უმაღლესი განათლების მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობის არსებობის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელე მხარე 2006 წელს დარეგისტრირდა, მაგრამ არ გამოცხადებულა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელე მხარე ინფორმირებული იყო მის მიერ შპს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტ ,,-----ში’’ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ჩარიცხვის თაობაზე. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლოს მოაჩნია, რომ არ არსებობს ნ----------------------ის სამართლებრივი დაცვის ღირსი კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული T---------- დიპლომის ნამდვილობის მიმართ.
მოსარჩელე მხარე ასევე აპელირებს, რომ მან 2006 წელს ჩააბარა ,,ქ--------–------------–-----------------–---------–-------------–---–---–------ში’’, ხოლო შემდგომ აღნიშნული სასწავლებლიდან გააგრძელა სწავლა შპს სასწვლო უნივერსიტეტ ,,-----ში’’. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის დავების სამმართველოს 2019 წლის 11 თებერვლის M----------------- სამსახურებრივი ბარათით დადგენილია, რომ ,,ქ--------–------------–-----------------–---------–-------------–---–---–------ის'' სახელწოდებით უწყებრივ სალიცენზიო რეესტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში საგანმანათლებლო დაწესებულება არ მოიძებნება. შესაბამისად, ვერც ადმინისტრაციული ორგანო და ვერც სასამართლო ვერ იმსჯელებს საქართველოში სათანადო წესით დაურეგისტრირებელ (არარსებულ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების ფაქტის არსებობა-არ არსებობასა თუ ნამდვილობის დადასტურებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა 2012 წლის 26 ოქტომბერს გაცემული დიპლომირებული მედიკოსის T---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
1.3.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 03 იანვრის MES 2------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტს მიაჩნია, რომ ნ----------------------ი არ იყო ინფორმირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულოობის თაობაზე. უნივერსიტეტი „ვიტა“ განსხვავებით სხვა უმაღლესი სასწავლებლებისაგან, აძლევდა შესაძლებლობას სწავლა გაეგრძელებინა საზღვარგარეთ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, არასრულყოფილადაა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სასამართლომ არ იმსჯელა აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებზე, კანონიერ ნდობაზე და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
აპელანტი მიუთითებს კანონიერ ნდობაზე და განმარტავს, რომ არ დგინდება, რომ დიპლომის გაცემა მოხდა აპელანტის უკანონო ქმედებით და შესაბამის ორგანოში არასწორი დოკუმენტაციისა თუ ინფორმაციის წარდგენით.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
პალატა მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად(2006 სასწავლო წელს მოქმედი რედაქცია) აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული გამოცდების ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების რანჟირებას იმ კოეფიციენტების მიხედვით, რომელიც ფაკულტეტებმა წლის დასაწყისში გამოაქვეყნეს. სიები ეგზავნება შესაბამის ფაკულტეტებს. ამავე მუხლის მე-10 პუნქტით კი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ განსხილველ შემთხვევაში სათანადოდ დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ნ----------------------ი ინფორმირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების, როგორც უმაღლესი განათლების მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობის არსებობის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელე მხარე 2006 წელს დარეგისტრირდა, მაგრამ არ გამოცხადებულა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელე მხარე ინფორმირებული იყო მის მიერ შპს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტ ,,-----ში’’ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ჩარიცხვის თაობაზე. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, არ არსებობს ნ----------------------ის სამართლებრივი დაცვის ღირსი კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული T---------- დიპლომის ნამდვილობის მიმართ.
მოსარჩელე მხარე ასევე აპელირებს, რომ მან 2006 წელს ჩააბარა ,,ქ--------–------------–-----------------–---------–-------------–---–---–------ში’’, ხოლო შემდგომ აღნიშნული სასწავლებლიდან გააგრძელა სწავლა შპს სასწვლო უნივერსიტეტ ,,-----ში’’. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის დავების სამმართველოს 2019 წლის 11 თებერვლის M----------------- სამსახურებრივი ბარათით დადგენილია, რომ ,,ქ--------–------------–-----------------–---------–-------------–---–---–------ის'' სახელწოდებით უწყებრივ სალიცენზიო რეესტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში საგანმანათლებლო დაწესებულება არ მოიძებნება. ამდენად, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ ვერც ადმინისტრაციული ორგანო და ვერც სასამართლო ვერ იმსჯელებს საქართველოში სათანადო წესით დაურეგისტრირებელ (არარსებულ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების ფაქტის არსებობა-არ არსებობასა თუ ნამდვილობის დადასტურებაზე.
პალატა აქვე აღნიშნავს, რომ 2005 წლიდან პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლებას აბიტურიენტები მოიპოვებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესაბამისად. ამასთანავე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მხოლოდ მონაწილეობა არ არის საკმარისი სწავლის უფლების მოსაპოვებლად, არამედ მიღებული ქულების შესაბამისად გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით. შესაბამისად, აბიტურიენტს, ერთი მხრივ, მონაწილეობა უნდა მიეღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში და გადაელახა მინიმალური ზღვარი, მეორე მხრივ კი, მის მიერ მიღებული შედეგი საკმარისი უნდა ყოფილიყო გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ სიაში მოხვედრისთვის, რასაც უკავშირდებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გადამოწმდა ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა ბაზები, რომლის შედეგად ნ----------------------ი არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შორის. ასევე დადგენილია, რომ ნ-----------------------მა გაიარა რეგისტრაცია და არ გამოცხადებულა 2006 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ამასთანავე, აღნიშნული პიროვნება 2018 წელს მონაწილეობდა ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამდენად, მოსარჩელემ ვერ მოიპოვა სწავლის უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით. იმ პირობებში, როდესაც შპს ,,უ------------------აში“ სწავლის დაწყების მომენტიდანვე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, სტუდენტის სტატუსის მოიპოვა კანონმდებლობის გვერდის ავლით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე, მას არ წარმოეშვა კანონიერი ნდობა. შესაბამისად, საააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი.
3.2.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ არ არსებობს გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 03 იანვრის MES 2------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლეები:
ხატია არდაზიშვილი
ნანა ჭიჭილეიშვილი
დავით ახალბედაშვილი