განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.11.2019
საქმის ნომერი
330310019002875988
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/2044-19, 330310019002875988

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - მალ---- ფი-–-----ი

წარმომადგენელი - რო------ნ პა---ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ია უგ---–--ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით მალ---- ფი-–-----ის სარჩელი - საქართველოს ეროვნული გვარდიის 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს №3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის 142-ე პუნქტის, ,,მალ---- ფი-–-----ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2019 წლის 24 იანვრის №MOD 3 19 00000009 ბრძანების ბათილად ცნობის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, - 2008 წლის 10 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების რეგიონში მივლინებიდან დაბრუნების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და მალ---- ფი-–-----ის 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობის თაობაზე ცნობის გაცემის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების ამონაწერის მე-2 პარაგრაფის თანახმად, თვითდათხოვნაში ჩაითვალნენ რეზერვისტები, რომლებმაც თვითნებურად მიატოვეს ბრიგადის დისლოკაციის ადგილი. კერძოდ, 505-ე ბატალიონის 223 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის N142. რიგითი მალ---- ვალიკოს ძე ფი-–-----ი. ბრძანების გამოცემის საფუძველია პატაკი N33.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2019 წლის 24 იანვრის №MOD 3 19 00000009 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა მალ---- ფი-–-----ის 2015 წლის 21 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ითხოვდა ეროვნული გვარდიის 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების ბათილად ცნობას ინ ნაწილში, რომლითაც იგი ჩაითვალა თვითდათხოვნაში მყოფად და ახალი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის გამოცემას მისი მივლინებიდან დაბრუნების შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 8 აგვისტოს N1 ბრძანების მე-4 პარაგრაფის თანახმად, ცხინვალში, სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით, მობილიზაციით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემკრებ პუნქტზე, დაბა ვაზიანში მიყვანილი მსუბუქი ქვეითი ბატალიონების ქვემოთ ჩამოთვლილი რეზერვისტები, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს ტელეფონოგრამა N290-ის საფუძველზე, გაწვეულ იქნენ შემდგომში სამსახურის გავლის მიზნით და ჩაირიცხნენ 50-ე ბრიგადის საომარი მდგომარეობის შტატში, დამატებით განკარგულებამდე: 505-ე ბატალიონის - 223 რეზერვისტი, N142. რიგითი მალ---- ვალიკოს ძე ფი-–-----ი. ამავე ბრძანების მე-5 პარაგრაფში მიეთითა, რომ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის სიტყვიერი განკარგულებით, მოხდეს ბრიგადისა და მასში შემავალ რეზერვისტთა მსუბუქი-ქვეითი ბატალიონების პირადი შემადგენლობის სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილება დაბა ვაზიანიდან გორში ნდებარე საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე. გადაადგილება დაიწყო 16:00 საათიდან. ქვედანაყოფის მეთაურებს დაევალათ პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის შემოწმება.

 

2008 წლის 14 აგვისტოს, 505-ე ბატალიონის მეთაურმა მაიორმა ზაზა ხ------–ვილმა მოხსენებითი ბარათით მიმართა რეზერვისტთა მომზადების N5 ბაზის უფროსს დ.ბადურაშვილს და განმარტა, რომ 2008 წლის 08 აგვისტოს N1 საბრძოლო მზადყოფნასთან დაკავშირებით გამოძახებული იყო რეზერვისტთა 505-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა (საგარეჯოს ბატალიონი). საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ 223 რეზერვისტი ჩაყვანილი იქნა დაბა ვაზიანში და გადაყვანილ იქნენ გორში. 9 აგვისტოს დილით გამთენიისას ბატალიონის დროებითი დისლოკაციის ადგილიდან ახლოს მოხდა შენობების დაბომბვა, რამაც გამოიწვია პირად შემადგენლობაში პანიკა და შიში. თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლის მითითებით მოხდა ბატალიონის ნაწილის ავტობუსებით ქალაქგარეთ გაყვანა უსაფრთხოების მიზნით. დარჩენილმა ნაწილმა თავი შეაფარა იქვე ახლოს მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელს. ამის შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ მოხდა გორის დაბომბვა. დღის მეორე ნახევარში დროებითი დისლოკაციის ადგილზე დააბრუნეს ქალაქგარეთ გაყვანილი ბატალიონის ნაწილი. შეძლებისდაგვარად შეაგროვეს ბატალიონის პირადი შემადგენლობა და გადაიყვანეს ბრიგადის მმართველობასთან შემდეგი დავალების მისაღებად. ამ დროს, ბატალიონის მეთაურს ზაზა ხ------–ვილს დაურეკა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მოსთხოვა მას რეზერვისტების გაყვანა ქ. თბილისის მიმართულებით, რაზეც მან უარი განუცხადა. მიუხედავად მისი უარისა გამგებელი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ავტობუსებში მსხდომ რეზერვისტებს, რომლებსაც მოსთხოვა ავტობუსებით სასწრაფოდ დაეტოვებინათ გორის ტერიტორია და წასულლიყვნენ თბილისის მიმართულებით, ხოლო თავად მათ შეხვდებოდა გზაში. ამის შემდეგ, მეთაურის ნებართვის გარეშე რეზერვისტებმა აიძულეს ავტობუსის მძღოლები წასულიყვნენ თბილისის მიმართულებით, სადაც მათ იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ჩააბარეს სამხედრო პოლიციას.

 

2008 წლის 16 აგვისტოს იმავე შინაარსის მოხსენებითი ბარათით მიმართა ეროვნული გვარდიის დეპარატმენტის უფროსს რეზერვისტთა მომზადების N5 ბაზის უფროსმა.

 

მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია რეზერვისტთა შეკრების ადგილის დატოვება, თუმცა მისი განმარტებით მან, სხვა სამხედრო მოსამსახურებბთან ერთად, სამხედრო დანაყოფის ადგილსამყოფელი დატოვა მისთვის უცნობი პირის განკარგულებით და აღნიშნული დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა რეზერვისტმა ვალერიანე ფხოველიშვილმა.

 

მოსარჩელე მალ---- ფი-–-----ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებში (საბრძოლო ოპერაციებში) მონაწილეობა უშუალოდ არ მიუღია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი 2008 წლის 10 აგვისტოს 50-ე ბრიგადის მეთაურის №3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის 142-ე პუნქტი და ,,მალ---- ფი-–-----ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2019 წლის 24 იანვრის №MOD 3 19 00000009 ბრძანება, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართვლოს თავდაცვის სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, 2008 წლის 10 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების რეგიონში მივლინებიდან დაბრუნების შესახებ. სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეამოწმოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები და აღნიშნულზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 2008 წელს მოქმედი რედაქციის 101-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობა იყო. ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალს წარმოადგენდა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენდა კანონი.

 

სასამართლომ მიუთითა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ("სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში ან სამხედრო ძალების რეზერვის პირველ თანრიგში. კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურს გადის "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

 

მითითებული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაადგილების უფლება აქვს შესაბამისი მეთაურის ნებართვით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე მივლინებაში იგზავნება სამხედრო ხელმძღვანელობის ნებართვით, შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 22-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ქვეყნის შიდა და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შეიარაღებული თავდასხმისა და აგრესიის მოგერიება წარმოადგენს მხედრული მოვალეობის არსს, რომელიც სამხედრო მოსამსახურისაგან მოითხოვს მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცისა და სამხედრო წესდებების მოთხოვნები, ერთგულად ემსახუროს საქართველოს, შეასრულოს მხედრული მოვალეობა, აიმაღლოს სამხედრო, ტექნიკური და ზოგადი ცოდნის დონე, დაეუფლოს და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს მინდობილი იარაღი და საბრძოლო ტექნიკა, გაუფრთხილდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ქონებას, გაუფრთხილდეს თავის სამხედრო წოდებას, პატივსა და ღირსებას, მკაცრად დაიცვას მისთვის განდობილი სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლო, დაემორჩილოს მეთაურს (უფროსს), ზუსტად და დროულად შეასრულოს მისი ბრძანებები და განკარგულებები.

 

ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 31- ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლისას (სამხედრო ვალდებულების მოხდისას) ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლად და მას მფარველობს სახელმწიფო. იგი ემორჩილება მხოლოდ სამხედრო წესდებით განსაზღვრულ ხელმძღვანელობას. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა.

 

ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს მხედრული მოვალეობა და დაემორჩილოს მხოლოდ შესაბამისი წესდებით განსაზღვრულ სამხედრო დანაყოფის მეთაურს. ამასთან, მეთაურის ბრძანების გარეშე არ დატოვოს ადგილსამყოფელი.

 

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს და სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტს სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო სადისციპლინო წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 8 აგვისტოს N1 ბრძანების მე-4 პარაგრაფის თანახმად, ცხინვალში, სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით, მობილიზაციით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემკრებ პუნქტზე, დ.ვაზიანში მიყვანილი მსუბუქი ქვეითი ბატალიონების ქვემოთ ჩამოთვლილი რეზერვისტები, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს ტელეფონოგრამა N290-ის საფუძველზე, გაწვეულ იქნენ შემდგომში სამსახურის გავლის მიზნით და ჩაირიცხნენ 50-ე ბრიგადის საომარი მდგომარეობის შტატში, დამატებით განკარგულებამდე: 505-ე ბატალიონის - 223 რეზერვისტი, 142. რ-თი მალ---- ვალიკოს ძე ფი-–-----ი. ამავე ბრძანების მე-5 პარაგრაფში მიეთითა, რომ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის სიტყვიერი განკარგულებით, მოხდეს ბრიგადისა და მასში შემავალ რეზერვისტთა მსუბუქი-ქვეითი ბატალიონების პირადი შემადგენლობის სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილება დაბა ვაზიანიდან ქ. გორში საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე. გადაადგილება დაიწყო 16:00 საათიდან. ქვედანაყოფის მეთაურებს დაევალათ პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის შემოწმება, ხოლო იმავე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების ამონაწერის მე-2 პარაგრაფის თანახმად, თვითდათხოვნაში ჩაითვალნენ რეზერვისტები, რომლებმაც თვითნებურად მიატოვეს ბრიგადის დისლოკაციის ადგილი, 505-ე ბატალიონის 223 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 142. რ-თი მალ---- ვალიკოს ძე ფი-–-----ი. ბრძანების საფუძვლად მიეთითა: პატაკი N33.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ 2008 წლის 14 აგვისტოს, 505-ე ბატალიონის მეთაურმა მაიორმა მოხსენებითი ბარათით მიმართა რეზერვისტთა მომზადების N5 ბაზის უფროსს და განმარტა, რომ 2008 წლის 08 აგვისტოს N1 საბრძოლო მზადყოფნასთან დაკავშირებით გამოძახებული იყო რეზერვისტთა 505-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა (საგარეჯოს ბატალიონი). საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ 223 რეზერვისტი ჩაყვანილი იქნა დაბა ვაზიანში და გადაყვანილ იქნენ ქ. გორში. 9 აგვისტოს დილით გამთენიისას ბატალიონის დროებითი დისლოკაციის ადგილიდან ახლოს მოხდა შენობების დაბომბვა, რამაც გამოიწვია პირად შემადგენლობაში პანიკა და შიში. თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლის მითითებით მოხდა ბატალიონის ნაწილის ავტობუსებით ქალაქგარეთ გაყვანა უსაფრთხოების მიზნით. დარჩენილმა ნაწილმა თავი შეაფარა იქვე ახლოს მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დარეკა მეთაურთან და სთხოვა ხალხის გაყვანა ქ. თბილისის მიმართულებით, რაზეც უარი განუცხადა. რის შემდეგაც, ის დაუკავშირდა ტელეფონის საშუალებით ავტობუსებში მსხდომ რეზერვისტებს და მოსთხოვა მათ სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქ. გორის ტერიტორია და ის შეხვდებოდა რეზერვისტებს გზაში. მეთაურის დაუკითხავად რეზერვისტებმა აიძულეს მძღოლები წასულიყვნენ თბილისის მიმართულებით. ამასთან, იმავე შინაარსის მოხსენებითი ბარათით, 2008 წლის 16 აგვისტოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსს მიმართა რეზერვისტთა მომზადების N5 ბაზის უფროსმა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია სამხედრო მოსამსახურეთა (რეზერვისტთა) შეკრების ადგილის დატოვება, თუმცა მისი განმარტებით მან, სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სამხედრო დანაყოფის ადგილსამყოფელი დატოვა მისთვის უცნობი პირის განკარგულებით და აღნიშნული დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა, რეზერვისტმა ვალერიანე ფხოველიშვილმაც (იხ. ოქმი).

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამხედრო სამსახურში დისციპლინის უზრუნველსაყოფად არის განსაზღვრული ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტებით სამხედრო მოსამსახურის ვალდებულება დაემორჩილოს მხოლოდ მისი მეთაურის ბრძანებას და არ გადაადგილდეს მის გარეშე. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია შეიარაღებულ ძალებში წესრიგისა და დისციპლინის უზრუნველყოფა, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას და წარმოქმნის ქაოსსა და არაორგანიზებულობას. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს არა თუ აქვს უფლება არ შეაუსრულოს მისთვის უცნობი პირის ბრძანება გადაადგილებასთან დაკავშირებით, არამედ ვალდებულია მხოლოდ მისი მეთაურის ბრძანების შესაბამისად იმოქმედოს და არ შეასრულოს სხვა პირის ბრძანება ან მითითება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ქვედანაყოფის მიტოვების (თვითდათხოვნის) შემთხვევაში, მისი უშუალო მეთაურის პატაკის საფუძველზე, სამხედრო ნაწილის მეთაური გამოსცემს ბრძანებას სამხედრო მოსამსახურის თვითდათხოვნის შესახებ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მალ---- ფი-–-----მა სამხედრო ნაწილის ადგილსამყოფელი, სადაც იგი შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაურის ბრძანების საფუძველზე იმყოფებოდა, დატოვა არა მისი მეთაურის ბრძანების, არამედ დაუდგენელი და არაუფლებამოსილი პირის მითითების საფუძველზე, რაც მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, სამხედრო ქვედანაყოფიდან თვითდათხოვნად უნდა ჩაითვალოს.

 

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2019 წლის 24 იანვრის №MOD 3 19 00000009 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მალ---- ფი-–-----ის 2015 წლის 21 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ითხოვდა ეროვნული გვარდიის 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების ბათილად ცნობას და ახალი აქტის გამოცემას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული კანონების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ეროვნული გვარდიის 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს №3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის 142-ე პუნქტისა და ,,მალ---- ფი-–-----ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2019 წლის 24 იანვრის №MOD 3 19 00000009 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მალ---- ფი-–-----ის მოთხოვნას, 2008 წლის 10 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების რეგიონში მივლინებიდან დაბრუნებისა და მოსარჩელე მალ---- ფი-–-----ის 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ეროვნული გვარდიის 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს №3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის 142-ე პუნქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და იგი კანონის შესაბამისად იქნა მიჩნეული სასამართლოს მიერ, სასარჩელო მოთხოვნა - 2008 წლის 10 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების რეგიონში მივლინებიდან დაბრუნების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამასთან, მოსარჩელის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ცნობის გაცემის დავალებასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, სამხედრო ნაწილში ყოფნა თავისთავად არ გულისხმობს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით, უშუალოდ სამხედრო ოპერაციაში ჩართულობას, უფლებამოსილი მეთაურის, შესაბამისი საბრძოლო დავალების საფუძველზე.

 

სასამართლომ მიუთითა „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ მას საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღია (იხ. ოქმი). შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით.

 

ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ კანონი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებებში მონაწილეობის ფაქტის არსებობას კუმულატიურად უკავშირებს, როგორც სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხვას, ისე საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობას.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სადავო გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის (დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები) მე-2 აბზაცში აღნიშნულია, რომ „...თვითდათხოვნაში ჩაითვალნენ რეზერვისტები, რომლებმაც თვითნებურად მიატოვეს ბრიგადის დისლოკაციის ადგილი, 505-ე ბატალიონის 223 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 142. რ-თი მალ---- ვალიკოს ძე ფი-–-----ი. ბრძანების საფუძველად მიეთითა: პატაკი No33.“ მაშინ როდესაც 4 წლის განმავლობაში გაჭიანურებული ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და სამართალწარმოებების მანძილზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს ე.წ. „პატაკი N33“ ვერ წარმოადგინა, ანუ არ არსებობს.

 

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ,,... საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დარეკა მეთაურთან და სთხოვა, ხალხის გაყვანა ქ. თბილისის მიმართულებით, რაზედაც უარი განუცხადა, რის შემდეგაც, ის დაუკავშირდა ტელეფონის საშუალებით ავტობუსებში მსხდომ რეზერვისტებს და მოსთხოვა მათ სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქ. გორის ტერიტორია და ის შეხვდებოდა რეზერვისტებს გზაში. მეთაურის დაუკითხავად რეზერვისტებმა აიძულეს, მძღოლები წასულიყვნენ თბილისის მიმართულებით". საგარეჯოს გამგებელი ამ ეპიზოდში მოყვანილია იმ გაგებით, რომ 505-ე ბატალიონი დაკომპლექტებული იყო საგარეჯოში მაცხოვრებელი რეზერვისტებით, რომელთა მობილიზება ომისთვის უზრუნველყო საგარეჯოს გამგებელმა.

 

აპელანტის განმარტებით, მსგავს გარემოებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ამ ზოგადი ტექსტიდან არ ჩანს მისი „თვითნებური" ქმედება, რომ მან ვინმე მეთაურის ბრძანების საწინააღმდეგოდ აიძულა და თუ მართლაც ასე მოხდა სხვა რეზერვისტების მხრიდან, მაშინ სად იყვნენ 505-ე ბატალიონის მეთაურის მიერ დასახელებული და მათთან მყოფი 2 სერჟანტი და 1 ოფიცერი, რატომ არ გაუწიეს მათ წინააღმდეგობა ამ „თვითნებურად" მოქმედ რეზერვისტებს? იმიტომ, რომ რეზერვისტების მხრიდან არავითარ „თვითნებურ" ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

 

ფაქტიურად კი, საქმის მასალებში არის მტკიცებულება, სადაც მე 505-ე ბატალიონის მეთაურის თანდასწრებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აპელანტმა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას განმარტა, რომ როდესაც საგარეჯოში ჩავიდა, მოიკითხა სხვა მეზობელი რეზერვისტები, რომელთაგანაც ერთმა განუცხადა, რომ მათი წასვლილ შემდეგ გორში 3-4 რეზერვისტი დავრჩა. მათთან მივიდა საგარეჯოს გამგებელი, რომელმაც დაურეკა ბატალიონის მეთაურს; მეთაურმა უთხრა, თბილისში მივდივართო, რაც გამგებელმა გაუპროტესტა, თბილისში როგორ მიდიხართ, შენი ბატალიონის რეზერვისტები უმეთაუროდ არიან დარჩენილი გორშიო; ეს გარემოება დაადასტურა თვით 505-ე ბატალიონის მეთაურმა, როდესაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის შეკითხვას გასცა პასუხი: „ნაწილი რეზერვისტებისა დარჩა გორის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში სერჟანტთან ერთად".

 

საყურადღებოა, რომ მარტო ეს ფაქტია საკმარისი, სადავო ბრძანების ბათილად საცნობად, რადგან 505-ე ბატალიონში ირიცხებოდა 223 რეზერვისტი და სადავო ბრძანებით, ყველა 223 რეზერვისტია "თვითდათხოვნით" მივლინებიდან დაბრუნებული მაშინ, როდესაც, აპელანტის მეზობლებიც და თვით 505-ე ბატალიონის მეთაურიც ამტკიცებს, რომ რამოდენიმე რეზერვისტს არა თუ „თვითნებურად", არამედ საერთოდ არ დაუტოვებიათ "საბრძოლო მოქმედებების რეგიონი. ანუ, სადავო ბრძანების გამოცემისას ზერელედ იმოქმედეს, ჯეროვნად არ გამოიკვლიეს საქმე და ისე მიიღეს უფლებაშემლახველი გადაწყვეტილება.

 

აპელანტის მითითებით, საგარეჯოს გამგებელზე ხელის შეხოცვა, რომ თითქოს მან აიძულა რეზერვისტები დაეტოვებინათ გორის ტერიტორია, გააქარწყლა მოწმის სახით გამოკითხულმა რეზერვისტმა ვალერიანე ფხოველიშვილმა, რომელიც არა საგარეჯოში მცხოვრები რეზერვისტებიდან დაკომპლექტებული 505-ე ბატალიონის წევრი, არამედ, რუსთავში მცხოვრები რეზერვისტებიდან დაკომპლექტებული 501-ე ბატალიონის წევრი აღმოჩნდა. მანაც იგივე განმარტება მისცა სასამართლოს, როგორიც აპელანტმა, ანუ, არც მან იცოდა, ვინ იყო მისი პირდაპირი და უშუალო მეთაური; ისიც ასრულებდა 8-10 აგვისტოს განმავლობაში გაურკვეველი პირების ბრძანებებს, თვით გორიდან გამოსვლის ჩათვლით.

 

აპელანტის განამრტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოსამართლე აღნიშნავს, რომ რომ „მოსარჩელე მალ---- ფი-–-----ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებში (საბრძოლო ოპერაციებში) მონაწილეობა უშუალოდ არ მიუღია", თუმცა აპელანტის წარმომადგენელი, რომელიც არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, პროცესებზე მოსამართლეს უხსნიდა, რომ რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს No402 ბრძანებულების თანახმად (რომელიც იმავე დღესვე იქნა დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის მიერ), საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და სამხედრო ძალებს დაევალა შეიარაღებული თავდასხმის აღკვეთა, ამ სამხედრო ძალებში ჩარიცხული ყველა სამხედრო მოსამსახურე არის „2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებში (საბრძოლო ოპერაციებში) მონაწილე". სწორედ ამ ბრძანებულებით გამოცხადებული მობილიზაციის საფუძველზე საგარეჯოს გამგეობასთან არსებული სამობილიზაციო შტაბიდან მიღებული უწყებით აპელანტმა მიიღო პირველი საბრძოლო დავალება, რომ ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო ქ. თბილისში, ვაზიანის სამხედრო ბაზაში, რაც შეასრულა კიდეც. საბრძოლო დავალების შესრულება კი ნიშნავს საბრძოლო მოქმედებას, ანუ საბრძოლო დავალებაში მონაწილეობას, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს საბრძოლო დავალების შესრულება ნიშნავს საომარ მოქმედებაში მონაწილეობას. შემდეგი საბრძოლო დავალებით უნდა მიეღო სამხედრო ფორმა, აღჭურვილობა, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები, რაც ასევე პირნათლად შეასრულა; ვაზიანის სამხედრო ბაზაში ბოლო საბრძოლო დავალება იყო ავტობუსში ასვლა ისე, რომ სად მიდიოდა, არ იცოდა.

 

ყველა ამ საბრძოლო დავალებებს (ბრძანებებს) იძლეოდნენ მისთვის უცნობი პირები, ისევე როგორც გორის ტერიტორიაზე 10 აგვისტომდე ყოფნისას და არც ერთი ამ დავალების (ბრძანების) შესრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას არ შეუფასებია სამხედრო დისციპლინის დარღვევად და თვითნებურ მოქმედებად, გარდა იმ - ეპიზოდისა, როდესაც ბატალიონის მეთაურმა თავისი უსუსური ქმედების მიჩქმალვისა და თავიდან პასუხისმგებლობის არიდებისთვის, გორიდან რეზერვისტების გამოსვლა საგარეჯოს გამგებელს გადააბრალა.

 

აპელანტის მითითებით, თვალსაჩინოებისთვის, მისმა ადვოკატმა მოსამართლეს მოუყვანა კონკრეტული მაგალითი, გმირთა მოედანზე, მარადიული ცეცხლის საპატიო ყარაულში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების სახით, რომლებიც ყოველთვის საბრძოლო დავალებებს ასრულებენ, რაც მათი მხრიდან საბრძოლო მოქმედებებად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, არანაირი - შეტაკება არ უწევთ მოწინააღმდეგე მხარესთან, თუმცა მზადყოფნაში სულ არიან.

 

ასევე, სამედიცინო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს, როგორც წესი, არ უწევთ მოწინააღმდეგე მხარესთან უშუალოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მათი საბრძოლო დავალება, არა მარტო საკუთარი ქვეყნის, ასევე მტრის დაჭრილი სამხედრო და სამოქალაქო პირების სიცოცხლის შენარჩუნება და გამოჯანმრთელებაა, მათი მხრიდან ამ დავალების შესრულება არის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რაც შემდგომში ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს.

 

ანალოგიური ითქმის სამხედრო ქვედანაყოფის (შენაერთის) უზრუნველყოფის ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებზეც, რომლებსაც, როგორც წესი, არ უხდებათ მოწინააღმდეგე მხარესთან უშუალო დაპირისპირება. ამ სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო დავალებაა ფრონტისპირა სამხედრო ქვედანაყოფების უზრუნველყოფა, როგორც სურსათით, ტანსაცმლით, საწვავ-საპოხი მასალებით, ასევე სამხედრო-ტექნიკური საშუალებებით, შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით და ამ დავალებების შესრულება არის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რაც ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭების საფუძველია.

 

აპელანტის მითითებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოსამართლე შეგნებულად გვერდს უვლის და არა მარტო შეფასების გარეშე ტოვებს, არამედ საერთოდ არ ახსენებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, როგორებიცაა:

 

არც ვაზიანის სამხედრო ბაზაში, როდესაც შეგვაიარაღეს და არც შემდეგ ქ. გორში ყოფნის პერიოდში, უფლებამოსილ პირს 505-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობისათვის არ წარმოუდგენიათ და არ გაუცვნიათ არც ბატალიონის მეთაური და არც შტაბის უფროსი. ასევე, მისთვის უცნობი იყო ბატალიონის რომელი ასეულის რომელ ოცეულში ირიცხებოდი და ვინ იყო მისი ასეულისა და ოცეულის უშუალო მეთაურები;

 

ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში, 505-ე ბატალიონის მეთაურმა განაცხადა, რომ გორიდან წამოსულ რეზერვისტებს თან ახლდა მეთაური, სერჟანტი გალ------–-ილი, რომელსაც არ განუცხადებია, რომ რეზერვისტები არაუფლებამოსილი პირის არასწორ ბრძანებას ასრულებდნენ. ანალოგიური ჩვენება მისცა აპელანტმაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას და სასამართლო პროცესებზეც. ანუ, როდესაც გაისმა ბრძანება „ავტობუსებში ადით", ისე რომ არ უთქვამთ, სად მივდიოდით აპელანტმა იკითხა ვინ იყო ეს პიროვნება, რაზედაც მიიღო პასუხი - „მეთაური"; ასევე, მან დაადასტურა, რომ ავტობუსში მძღოლთან ახლოს იჯდა არა რეზერვისტი, არამედ N5 ბაზის წარმომადგენელი, რომელიც უნდა ყოფილიყო მეთაური. ე.ი. აპელანტი თვითნებურად კი არ ასულა ავტობუსში, რომლის მარშრუტი მისთვის უცნობი იყო, არამედ ავიდა სხვა რეზერვისტებთან ერთად, სადაც იყო მეთაური და მის მითითებებს ასრულებდა მძღოლი. ის რომ ნადმვილად მეთაური იყო იმ გარემოებით მტკიცდება, რომ თბილისთან მიახლოებისას მას შეატყობინეს, რომ ავტობუსების კოლონა საჰაერო თავდასხმის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა და სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა ავტობუსები, რაც გააკეთეს და მინდორში გაიფანტნენ.

 

აქედან გამომდინარე, აპელანტის განმარტებით, იგი გორიდან გამოიყვანეს მეთაურის ბრძანებით და მოძრაობდა იმ ავტობუსით, რომელშიც იჯდა მეთაური. ამდენად, ამ ეპიზოდის მის „თვითნებურ" ქმედებად შეფასება არა თუ დაუსაბუთებელი, არამედ ტენდენციური, სუბიექტური და ომში მონაწილე რეზერვისტის კანონიერი უფლების შემლახველია.

 

რეზერვისტთა მომზადების მე-5 ბაზის მეთაური, ანუ 50-ე ბრიგადის მეთაური, რომელიც 505-ე ბატალიონის უშუალო უფროსს წარმოადგენს, თავის 2018 წლის 16 აგვისტოს N655 მოხსენებით ბარათით, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსს, პოლკოვნიკ დავით აფციაურს წერს, რომ 8 აგვისტოს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩვენი შეიარაღებისას, შეიარაღების საწყობების მიმდებარე ტერიტორია დაიბობმა.

 

გორში ჩასვლისას საღამოს დაიბომბა საარტილერიო ბრიგადის ტერიტორია, სადაც განთავსებულები იყვნენ რეზერვისტები. 9 აგვისტოს განხორციელდა ქ. გორის მე-13 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვა. აქაც განთავსებულები იყვნენ ჩვენი რეზერვისტები. ამ ეპიზოდების აღწერის შემდეგ, ბრიგადის მეთაური ასეთ საინტერესო გარემოებას ეხება: „იყო გამოთქმული პრეტენზიები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ რეზერვისტთა მიმართ, თითქოს და მათი იქ ყოფნა ხელს უწყობდა ქ. გორის დაბომბვას და მოუწოდებდნენ რეზერვისტებს დაეტოვებინათ ქალაქი". „სამოქალაქო ხელმძღვანელობისა და შსს-ს წარმომადგენლობის მიერ ბატალიონების მეთაურებთან შეუთანხმებლად ხდებოდა პირადი შემადგენლობის განაწილება სხვადასხვა 4 ტერიტორიებზე, რამაც გამოიწვია ბატალიონების დაქსაქსვა". „ამასთანავე მოგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს დაემატა ის, რომ ბაზაში შემავალი ნაწილი ბატალიონების მეთაურებსა და შტაბის უფროსებს არ გააჩნდათ სათანადო გამოცდილება, იმიტომ, რომ არ ჰქონდათ შეხება და მუშაობის პრაქტიკა პირად შემადგენლობასთან. ვერ შეძლეს პირადი შემადგენლობის სათანადო მართვა, ვინაიდან მეტი წილი ბატალიონის მეთაურები და შტაბის უფროსები გადაყვანილი იქნენ სამობილიზაციო შტაბებში, რაიონების მიხედვით უფროსად".

 

აპელანტის განმარტებით, მაშასადამე, 50-ე ბრიგადის მეთაური თვითონვე აღიარებს, რომ ბატალიონების მეთაურთა მომზადების დონე არ შეესაბამებოდა საომარ ვითარებაში პირადი შემადგენლობის მართვის სტანდარტებს, რაც იწვევდა ქაოსს და დაბნეულობას. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ გორის ერთ-ერთი დაბომბვისას აპელანტმა ე.წ. „მეთაურად" წოდებულ სამხედროს უსაყვედურა და კატეგორიულად მოსთხოვა, მოწინააღმდეგე მხარესთან, უშუალო საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა. ასევე, მეთაურის ამ მოხსენებით ბარათში საყურადღებოა ის გარემოება, რომ როგორც ქ. თბილისში, ვაზიანის სამხედრო ბაზაში, ასევე გორის ტერიტორიაზეც, სამი დღის, ანუ 8-10 აგვისტოს ყოფნისას სხვა რეზერვისტებთან ერთად მოხვდა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული სამხედრო-საჰაერო ძალების თავდასხმის მონაწილე, რაც სავსებით საკმარისი საფუძველია, ომის მონაწილედ ასაღიარებლად.

 

აპელანტის მითითებით, 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის 142-ე პუნქტი, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ამ ბრძანებას არ გააჩნია წერილობითი დასაბუთება, გამოცემულია მისგან ახსნა-განმარტების მიღების გარეშე; უფრო მეტიც, ეს სადავო ბრძანება და მისი გამოცემის მატერიალური საფუძველი, ანუ გაურკვეველი პირის მიერ შედგენილი და გაურკვეველი თარიღის „პატაკი N33" არც გაუცვნიათ და ვერც მისი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და სამართლაწარმოებების გაჭიანურებული პროცესების დროს ვერ წარმოადგინეს, იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ მსგავსი პატაკი ბუნებაში არ არსებობს, სადავო ბრძანებაში მითითებული არ არის ის ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრდეს ეს ბრძანება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.

 

ასეთი დარღვევებით გამოცემული ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე და 58-ე მუხლებით დადგენილ რეგულაციებს, რის გამოც, ამავე კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ბათილად ცნობას ექვემდებარება.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის სხდომაზე, თვით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მისი ადვოკატის შეკითხვაზე აღიარა, რომ საქმის მასალებით არ არის დადგენილი აპელანტის მხრიდან ავტობუსის მძღოლზე ზემოქმედების ფაქტი და რომ მისთვის ცნობილი იყო გორიდან გამოსვლის ბრძანების ავტორი, რომ არ იყო ბატალიონის მეთაური.

 

აპელანტის განამრტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, სამხედრო ნაწილში ყოფნა თავისთავად არ გულისხმობს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას". არ შეიძლება არ აღინიშნოს მოსამართლის არათანმიმდევრულობა და შეიძლება არაადეკვატურობაც კი, რადგან მოსამართლეს ზემოთაღნიშნული მოსაზრების სამართლებრივ საფუძვლად დასახელებული აქვს, „ომის და თავდაცვის ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, და ამ ნორმას შემდეგ აბზაცში სრულიად დილეტანტურად განმარტავს, „... რომ კანონი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის არსებობას კუმულიტურად უკავშირებს, როგორც სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხვას, ისე საბრძოლო - ოპერაციაში მონაწილეობას". - ამ ტექსტში მოსამართლის განმარტება არამართლზომიერია, რადგან მის მიერვე დასახელებული ნორმის პირობაა, არა „სამხედრო ნაწილში ჩარიცხვა", არამედ ,,საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხვა", რაც სრულიად ემთხვევა აპელანტის შემთხვევას, რადგან რეზერვისტთა 505-ე ბატალიონი, რომლის რიგებშიც აპელანტიც ირიცხებოდა, 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 8 აგვისტოს N1 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს N402 ბრძანებულების მე-3 პუნქტის თანახმად, მიჩნეულია ,,შეიარაღებული თავდასხმის აღსაკვეთად" გამოსაყენებელ სამხედრო ნაწილად; ასევე, 505-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, რომ N1 ბრძანების საფუძველზე ასრულებდა საბრძოლო დავალებებს და განიცდიდა მოწინააღდეგე მხარის საჰაერო თავდასხმებს, ეს სადავოდ არ გამხდარა.

 

აქედან გამომდინარე, სრულიად ალოგიკურია მოსამართლის მსჯელობა, რომ ,,მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ მას საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღია", რადგან მოსამართლის შეკითხვაზე, უშუალოდ მოწინააღმდეგე მხარესთან ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირება გქონდა თუ არა, აპელანტმა განმარტა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში მას მონაწილეობა მიღებული არა აქვს.

 

აპელანტის მითითებით, ამდენად, მოსამართლის მოსაზრება, რომ ეს გარემოება სადავოდ არ გაგვიხდია, სიცრუეა და არ შეესაბამება სინამდვილეს. ასევე, არაკომპეტენტური და დილეტანტურია მისი დასკვნა გასაჩირებული გადაწყვეტილების 6.2. ქვეპუნქტის ბოლოს ,,...რომ მოსარჩელე მალ---- ფი-–-----მა სამხედრო ნაწილის ადგილსამყოფელი, ... დატოვა არა მისი მეთაურის ბრძანების, არამედ დაუდგენელი და არაუფლებამოსილი პირის მითითების საფუძველზე, რაც ... სამხედრო ქვედანაყოფიდან თვითდათხოვნად უნდა ჩაითვალოს". ფაქტიურად კი, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მას არასდროს არ უთქვამს გორიდან გასვლის ბრძანება მივიღე და ისიც არაუფლებამოსილი პირისგან, არამედ აპელანტი ამტკიცებდა, რომ რომ 10 აგვისტოს დღის ბოლოს მიიღო ავტობუსში ასვლის ბრძანება, ისე, რომ მარშრუტი არავის არ უთქვამს. ბრძანება მიიღო იმ პირისაგან, რომელიც არ იყო რეზერვისტი და მგზავრობისას მძღოლს ეჯდა გვერდით და მითითებებს აძლევდა, რის გამოც ყველამ ჩათვალა მეთაურად. ამ პირის ვინაობას ვერ ასახელებს იმიტომ, რომ როგორც ამ გაჭიანურებული სამართალწარმოების მანძილზე არაერთგზის აღნიშნა, არც პიდაპირი და არც უშუალო მეთაურები მისთვის არავის არ წარმოუდგენია და შესაბამისად, არც სამხედრო წოდება, გვარი და სახელი დაუსახელებიათ.

 

ასევე, მოქმედი სამხედრო წესდების თანახმად, აპელანტი ასრულებდა ჩემი უშუალო მეთაურის ბრძანებებს და ოპერატიულ და მითუმეტეს, საომარ მდგომარეობაში არ არის ვალდებული გადაამოწმოს უშუალო მეთაურის ბრძანების მართლზომერება.

 

მოსამართლის არაადეკვატურობის მიმანიშნებელია ის გარემოებაც, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტზე აპელირებით, ყურადღებას ამახვილებს აპელანტის ქმედების, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ხასიათზე, მაშინ, როდესაც საერთოდ შეუფასებლად ტოვებს მის მოთხოვნას, თუ რეზერვისტებისგან მართლაც ასეთ მასობრივ ე.წ. „თვითდათხოვნას" ჰქონდა ადგილი, რატომ არ აღიძრა ამ პირთა და მათ შორის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. აპელანტის ადვოკატის ამ კითხვაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა რაღაც გაურკვეველი ,,შეღავათი" დაასახელა, თუმცა სამართლებრივი საფუძველი ვერ მიუთითა. მოპასუხის ამგვარი განმარტება სიცრუეა, რადგან ვინც ამ პერიოდში საბრძოლო დავალებები არ შეასრულეს, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 24 იანვრის NMOD 3 19 00000009 ბრძანებას, 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის 142-ე პუნქტის ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცის სამინისტროსათვის 2008 წლის 10 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების რეგიონში მივლინებიდან დაბრუნების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

სააპელაციო პალატა სადავო აქტების კანონიერების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებზე:

 

მალ---- ფი-–-----მა 2015 წლის 31 მარტს N245664 განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ შტაბს, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომში მივლინებისა და მივლინებიდან დაბრუნების შესახებ ბრძანებების ასლების გადაცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის 2015 წლის 14 აპრილის NMOD 5 15 00278413 წერილით, მალ---- ფი-–-----ს გაეგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის საარქივო მასალებში დაცული 50-ე ბრიგადის მეთაურის 08.08.2008 წლის N1 (მივლინების შესახებ) და 10.08.2008 წლის N3 (თვითდათხოვნაში ჩათვლის შესახებ) ბრძანებების ამონაწერები, სადაც აღნიშნულია შემდეგი: 1) საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 8 აგვისტოს N1 ბრძანების მე-4 პარაგრაფის თანახმად, ცხინვალში, სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით, მობილიზაციით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემკრებ პუნქტზე, დ. ვაზიანში მიყვანილი მსუბუქი ქვეითი ბატალიონების ქვემოთ ჩამოთვლილი რეზერვისტები, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის 2008 წლის 8 აგვისტოს ტელეფონოგრამა N290-ის საფუძველზე, გაწვეულ იქნენ შემდგომში სამსახურის გავლის მიზნით და ჩაირიცხნენ 50-ე ბრიგადის საომარი მდგომარეობის შტატში, დამატებით განკარგულებამდე: 505-ე ბატალიონის - 223 რეზერვისტი, 142. რ-თი მალ---- ვალიკოს ძე ფი-–-----ი. ამავე ბრძანების მე-5 პარაგრაფში მიეთითა, რომ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის სიტყვიერი განკარგულებით, მოხდეს ბრიგადისა და მასში შემავალ რეზერვისტთა მსუბუქი-ქვეითი ბატალიონების პირადი შემადგენლობის სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილება დაბა ვაზიანიდან ქ. გორში საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე. გადაადგილება დაიწყო 16:00 საათიდან. ქვედანაყოფის მეთაურებს დაევალათ პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის შემოწმება.

 

ამავე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების ამონაწერის მე-2 პარაგრაფის თანახმად, თვითდათხოვნაში ჩაითვალნენ რეზერვისტები, რომლებმაც თვითნებურად მიატოვეს ბრიგადის დისლოკაციის ადგილი, 505-ე ბატალიონის 223 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 142. რ-თი მალ---- ვალიკოს ძე ფი-–-----ი. ბრძანების საფუძვლად მითითებულია პატაკი N33.

 

2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანება მალ---- ფი-–-----მა გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსთან, მოითხოვა სადავო აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის გზით მისი მივლინებიდან დაბრუნებულად ჩათვლა.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის NMOD 9 15 00000847 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე(საჩივრის ხანდაზმულობის მოტივით), მ. ფი-–-----ს უარი ეთქვა 21.07.2015 წლის NMOD 8 15 00580096 საჩივრის განხილვაზე.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 19.11.2015 წლის N MOD 9 15 00000847 ბრძანება მ. ფიალურის მიერ გასაჩივრდა სასარჩელო წესით სასამართლოში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3/9813-15) მალ---- ფი-–-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის N MOD 9 15 00000847 ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელისა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა-შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ასევე ძლაში დარჩა ზემოდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.

 

ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში 2015 წლის 01 ოქტომბერსა და 2018 წლის 09 ოქტომბერს მხარეთა მონაწილეობით გამართულ სხდომების შედეგად ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

 

ეროვნული გვარდიის 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 08 აგვისტოს N21 ბრძანების §4 -პარაგრაფიდან ირკვევა (რომელიც ეხება ცხინვალის რეგიონში სიტუაციის გამწვევავების შედეგად გამოძახებული რეზერვისტების შესაბამის ქვედანაყოფებში ჩარიცხვას), რომ 223 რეზერვისტი და მათ შორის, მალ---- ვალიკოს ძე ფი-–-----ი, შემდგომი სამსახურის გავლის მიზნით ჩაირიცხა 50-ე ბრიგადის 505-ე ბატალიონში საომარი მდგომარეობის შტატში დამატებით განკარგულებამდე. ამავე ბრძანების მე-5 პარაგრაფის თანახმად, რეზერვისტი მსუბუქი-ქვეითი ბატალიონების პირადი შემადგენლობის გადაადგილება განხორციელდა დაბა ვაზიანიდან ქ. გორში. ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული გარემოება დადასტურებულად მიიჩნია 50-ე ბრიგადის მეთაურის 08.08.2008 წლის N1 ბრძანების საფუძველზე.

 

ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 09 აგვისტოს,გორის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვამ რეზერვისტებში გამოიწვია პანიკა, რომლის შემდეგაც ავტობუსებში მსხდომმა რეზერვისტებმა აიძულეს ავტობუსის მძღოლები წასულიყვნენ თბილისის მიმართულებით, თბილისში დაბრუნების შემდეგ რეზერვისტემა იარაღი, აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა ჩააბარეს ვაზიანში სამხედრო პოლიციას (მტკიცებულება -14.08.2008 წლის მოხსენებითი ბარათი).

 

ადმინისტრაციულმა ორგანოს მითითებით, 505-ე ბატალიონს დასმული ამოცანის შესრულებაში ხელი შეუშალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტიის გამგებელმა ჩა-–----–-ილმა, რომელიც ტელეფონით დაუკავშირდა რეზერვისტებს და უთხრა, რომ ჩამოსულიყვნენ ავტობუსებიდან და წასულიყვნენ თბილისის მიმართულებით, სადაც ის ელოდა და საიდანაც გადაიყვანდა რაიონში. ის პირადად ესაუბრა ბატალიონის მეთაურს და მოსთხოვა პირადი შემადგენლობის გადაყვანა ქალაქგარეთ გასასვლელთან, რაზედაც მიიღო უარყოფითი პასუხი. მიუხედავად ამისა, პირადი შემადგენლობა მძღოლებთან ერთად არ დაემორჩილა ბატალიონის მეთაურს და მიატოვა დროებითი დისლოკაციის ადგილი. (მტკიცებულება 16.08.2008 წლის N655 მოხსენებითი ბარათი).

 

ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში მიიღო დამტკიცებულებად მიუთითა ეროვნული გვარდიის 50-ე ბრიგადის მეთაურის დ.ბად-----–---–-ს 2008 წლის 11 აგვისტოს N4 ბრძანება, რომლის თანახმად, სამაჩაბლოს რეგიონიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოყვანასთან დაკავშირებით რეზერვისთთა დარცენილი პირადი სემადგენლობა მოიხსნა მშრალი ულუფიდან და გაჩვებულ იქნა რეზერვში, თუმცა ამავე ბრძანებაში საგარეჯოს 505-ე ბატალიონი და შეაბამისად მალ---- ფი-–-----ი არ არის მოხსენიებული, შესაბამისად ამავე მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის თანახმად, 505-ე ბატალიონის ყველა - 223 რეზერვისტი და მათ შორის, მალ---- ვალიკოს ძე ფიალურიც, დისლოკაციის ადგილის მოტოვების გამო ჩაითვალნენ თვითდათხოვნაში მყოფებად.

 

დასახელებულ ფაქტებზე დაყრდნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2019 წლის 24 იანვრის №MOD 3 19 00000009 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მალ---- ფი-–-----ის 2015 წლის 21 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ითხოვდა ეროვნული გვარდიის 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის ბათილად ცნობას მალ---- ფი-–-----ის ნაწილში და მისი მივლინებიდან დაბრუნების შესახებ ახალი აქტის გამოცემას.

 

სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნები, ვინაიდან გასაჩივრებული აქტები გამოცემულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, ფაქტების, მტკიცებულებების შესწავლის, გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და დადგენილი ფაქტების გონივრული ანალიზის გარეშე.

 

სააპელაციო პალატა მტკიცების ტვირთი განაწილების ზოგადი წესის შესაბამისად განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე/ფაქტებზე და თუ ისინი გახდება სადავო, მანვე უნდა ამტკიცოს ამ გარემოებათა არსებობა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირის უფლებების რეალიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოების სრულყოფილად ჩატარების კანონისმიერი ვალდებულების დაცვასთან. პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმით რეალიზაცია პირს აძლევს შესაძლებლობას დაიცვას ან აღადგინოს თავისი მატერიალური უფლებები.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების, მტკიცებულებათა კრიტიკული შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების სრულყოფილად დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მ.ფი-–-----ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლად გამოყენებულ მტკიცებულებებზე და აღნინავს, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ისე დაყრდნო 505-ე ბატალიონის მეთაურის მაიორ ზ.ხიზანივილის 2008 წლის 14 აგვისტოს მოხსენებით ბარათს, მის ახსნა-გნმარტებას და ასევე რეზერვისტთა მომზადების ბაზა N5-ის უფროსის დ. ბად-----–---–-ს 2008 წლის 16 აგვისტოს N655 მოხსენებით ბარათს, რომ არ არსებითად გამოიკვლია და შეამოწმა მათში ასახულ გარემოებათა სანდოობა, მეტიც, ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებთან არ შეუჯერებია მალ---- ფი-–-----ის ახსნა-განმარტებებში მითითებული გარემოებები, რას შესაძლებელი გახდებოდა სრულყოფილი მოკვლევის ჩატარების პირობებში მოძიებული დამატებითი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედგად.

 

კერძოდ, 2019 წლის 24 იანვრის სადავო ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლად მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს აფუძვნებს საქმეში წარმოდგენილ კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რაც სასამართლოს შეფასებით უტყუარად ვერ ადასტურებს ძირითად/საკვანძო სადავო ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 505-ე ბატალიონის რეზერვისტმა მალ---- ფი-–-----მა და ასევე კიდევ 222-მა რეზერვისტმა ხელმძღვანელი პირის ნებართვის გარეშე - თვითნებურად მიატოვა ბატალიონის დისლოკაციის ადგილი და ასეთ ხელმძღვანელ პირად უნდა მივიჩნიოთ სამხედრო წოდების მქონე ყველა ის პირი, რომლებიც გორიდან გამომგზავრების დროს იმყოფებოდნენ რეზერვისტებთან, მათ შორის მაიორ ზ.ხიზ---–---–-ს მიერ ახსნა-განმატებაში დასახელებული სერჟანტი გალ------–-ილიც.

 

უტყუარ მტკიცებულებებად სადავო ბრძანებაში გამოყენებულია 505-ე ბატალიონის მეთაურის მაიორ ზ. ხიზ---–---–-ს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში 2015 წლის 01 ოქტომბერს მიცემული ახსნა-განმარტება, ამ უკასკნელის მიერ 2008 წლის 14 აგვისტოს შედგენილი მოხსენებითი ბარათი და ამავე მოხსეებითი ბარათის საფუძველზე 2008 წლის 16 აგვისტოს შედგენილი 50-ე ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის მაიორ დ.ბად-----–---–-ს მოხსენებითი ბარათი, რომლებისც შემდეგი შინაარსისაა:

 

2008 წლის 14 აგვისტოს, 505-ე ბატალიონის მეთაური მაიორი ზაზა ხიზ---–---–- მოხსენებითი ბარათით მიმართავს რეზერვისტთა მომზადების N5 ბაზის უფროსს დ.ბადურაშვილს, რომ 2008 წლის 08 აგვისტოს N1 საბრძოლო მზადყოფნასთან დაკავშირებით გამოძახებული იყო რეზერვისტთა 505-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა (საგარეჯოს ბატალიონი). საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ 223 რეზერვისტი ჩაყვანილი იქნა დაბა ვაზიანში და გადაყვანილ იქნენ ქ. გორში. 9 აგვისტოს დილით გამთენიისას ბატალიონის დროებითი დისლოკაციის ადგილიდან ახლოს მოხდა შენობების დაბომბვა, რამაც გამოიწვია პირად შემადგენლობაში პანიკა და შიში. თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლის მითითებით მოხდა ბატალიონის ნაწილის ავტობუსებით ქალაქგარეთ გაყვანა უსაფრთხოების მიზნით. დარჩენილმა ნაწილმა თავი შეაფარა იქვე ახლოს მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელს. ამის შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ მოხდა გორის დაბომბვა. დღის მეორე ნახევარში დროებითი დისლოკაციის ადგილზე დააბრუნეს ქალაქგარეთ გაყვანილი ბატალიონის ნაწილი. შეძლებისდაგვარად შეაგროვეს ბატალიონის პირადი შემადგენლობა და გადაიყვანეს ბრიგადის მმართველობასთან შემდეგი დავალების მისარებად. ამ დროს, მეთაურთან ზ. ხ------–ვილს დაურეკა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მოსთხოვა რეზერვისტების გაყვანა ქ. თბილისის მიმართულებით, რაზეც მან უარი განუცხადა. მიუხედავად მისი უარისა გამგებელი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ავტობუსებში მსხდომ რეზერვისტებს, რომლებსაც მოსთხოვა სასწრაფოდ ავტობუსებით დაეტოვებინათ ქ. გორის ტერიტორია და წასულლიყვნენ თბილისის მიმართულებით, ხოლო თავად მათ შეხვდებოდა გზაში. ამის შემდეგ, მეთაურის ნებართვის გარეშე რეზერვისტებმა აიძულეს ავტობუსის მძღოლები წასულიყვნენ თბილისის მიმართულებით, სადაც მათ იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ჩააბარეს სამხედრო პოლიციას.

 

2008 წლის 16 აგვისტოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსს პოლკოვნიკ დ.აფციაურს თავის მხრივ მოხსენებითი ბარათით მიმართავს რეზერვისტთა მომზადების N5 ბაზის უფროსი და 50-ე ბრიგადის მეთაურის მ/შ მაიორი დ.ბად-----–---–-, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად მიუთებს, რომ 505-ე ბატალიონის დასმული ამოცანის შესრულებაში ხელი შეუშალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჩა-–----–-ილმა, რომელიც ტელეფონით დაუკავშირდა რეზერვისტებს და უთხრა, რომ არ ჩამოსულიყვნენ ავტობუსებიდან და წასულიყვნენ თბილისის მიმართულებით, სადაც ის მათ დახვდებოდათ. გამგებელი ასევე პირადად ესაუბრა ბატალიონის მეთაურს და მოსთხოვა რეზერვისტთა გაყვანა ქალაქის გასასვლელთან, რაზეც მიითო უარი. მიუხედავად ამის რეზერვისტები მძღოლებთან ერთად არ დაემორჩილნენ ბატალიონის მეთაურს და მიატოვეს დროებითი დისლოკაციის ადგილი.

 

505-ე ბატალიონის მეთაურმა ზაზა ხ------–ვილმა მალ---- ფი-–-----ის 2015 წლის 21 ივლისის NMOD 8 15 00580096 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებულ სხდომაზე განმარტა, რომ ავტობუსებში გადანაწილებულ რეზერვისტებსგადაადილების დროს თან ახლდათ მეთაურები ორი სერჟანტი და ერთი ოფიცერი. ადმინისტრაციულ ორგანოში გამართულ სხდომაზე ზ. ხ------–ვილმა ასევე მიუთითა, რომ ქ. გორში ყოფნის დროს ტელეფონით ორჯერ დაუკავშირდა საგარეჯოს რაიონის გამგებელი ჩა-–----–-ილი, რომლის ახლო ნათესავიც ირიცხებოდა მის ბატალიონში და მოსთხოვა ბატალიონის გორიდან გაყვანა, რაზეც მან უარი განაცხადა. ზ.ხ------–ვილმა ასევე განმარტა, რომ ბრძანება მასზედ, რომ ეზერვისტებს დაეტოვებინათ გორის ტერიტორია მას პირადად და არც მის დაქვემდებარებაში მყოფ ოფიცრებს არ გაუციათ, რასაც ხსნის იმით, რომ ასეთი ბრზანება რომ გაეცათ უსათუოდ გაიგებდა, რადგან მისგან უნდა მიეღოთ ბრძანება. ასევე, აღნიშნა, რომ როდესაც რეზერვისტები ავტობუსებით გორიდან თბილისისკენ გამოემართნენ თვად იმყოფებოდა ბრიგადის მეთაურთან, ხოლო მათან იმყოფებოდა სერჟანტი გალ------–-ილი, რომელმაც მისი ბრძანების გარეშე დატოვა გორის ტერიტორია.

 

მიუხედავად ზ. ხიზ---–---–-ს ამგვარი განმარტებისა, ჩატარებული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ გამოკვლეულა და დადგენილა კონკრეტულად რომელი სერჟანტი და ოფიცერი ახლდა რეზერვისტებს. შესაბამისად არ მომხდარა მათთვის ახნა-განმარტებების ჩამორთმევა ზ. ხიზ---–---–-ს ახსნა-განმარტებაში მითითებული გარემოებების ნამდვილობის გადამოწმების მიზნით. ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე არ დაუდგენია რეალურად შედგა თუ არა ზ. ხ------–ვილსა და გამგებელ ჩა-–----–-ილს შორის სატელეფონო საუბარი და რას შეეხებოდა იგი. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოკითხულა და ახსნა-განმარტება არ ჩამორთმევია საგარეჯოს რაიონის გამგებელს ჩა-–----–-ილს. ასევე არ დადგენილა გამგებელ ჩა-–----–-ილის იმ რეზერვისტი ნათესავის ვინაობა, რომელთანაც ზ. ხიზ---–---–-ს განმარტების მიხედვით, გამოგზავრებამდე უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა ჩა-–----–-ილს. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არ გამოუკვლევია, თუ რატომ ჩაითვალა თვითდათხოვნილად 505-ე ბატალიონის მთელი შემადგენლობა - 223 რეზერვისტი იმ პირობებში, როდესაც ავტობუსების კოლონის თბილისისკენ გამომგზავრებისას რეზერვისტების ნაწილის ქ. გორში დარჩენის ფაქტზე თავიანთ ახსნა - განმარტებებში მიუთითებდნენ, როგორც თავად ზ. ხიზ---–---–-, ისე მალ---- ფი-–-----იც, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვისას აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ასევე მოწმე ვალერიანე ფხოველიშვილმაც. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკითხავს სერჟანტი გალ------–-ილი, რომელიც ზ. ხიზ---–---–-ს განმარტებით, გორიდან თბილისისკენ გადაადგილებისას ავტობუსში რეზერვისტებთან ერთად იმყოფებოდა და არ დადგენილა გალ------–-ილმა რეზერვისტებთან ერთად შესაბამისი ბრძანების გარეშე ნამდვილად დატოვა გორის ტერიტორია თუ მან ტავად დასცა ასეთი ბრძანება. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია თუ ვინ წარმოადგენდა ზ. ხიზ---–---–-ს მიერ მოხსენებით ბარათში მითითებული ინფორმაციის პირველწყაროს, კონკრეტულად ვისგან მიიღო მან ინფორმაცია რეზერვისტების მიერ ავტობუსის მძღოლებზე იძულების განხორციელების გზით ქ. გორის დატოვების შესახებ, რამეთუ თავად ზ. ხიზ---–---–- მისივე განმარტებით აღნიშნული ფაქტის უშუალო მოწმეს არ წარმოადგენდა და რეზერვისტთა გადაადგილების დროს, შტაბის უფროსთან ერთად იმყოფებოდა ბრიგადის მეთაურთან საბრძოლო დავალების მისაღებად. ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე არ მოუძიებია იმ ავტობუსის მძღოლების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც განახორციელეს ვაზიანიდან ქ. გორისაკენ და ქ. გორიდან ქ. თბილისისკენ რეზერვისტთა გადაადგილება და შესაბამისად, საქმეში არ არის წარმოდგენილი ამ მძღოლების ან თუნდაც ერთის ახსნა-განმარტება მათ მიმართ რეზერვისტთა მხრიდან შესაძლო იძულების ჩადენის ფაქტის დასადგენად. ამ კონტექსტში ნიშნადობლივია ის გარემოებაც, რომ არსებითად ურთიერთშეუსაბამომო ფაქტებია მოყვანილი ზ.ხიზ---–---–-ს და დ.ბად-----–---–-ს მოხსენებით ბარათებშიც. კერძოდ, ზ. ხიზ---–---–- უთითებს, რომ რეზერვისტებმა აიძულეს ავტობუსის მძღოლები(რა ფორმით დაუდგენელია) წასულიყვნენ თბილისის მიმართულებით, ხოლო ბად-----–---–- წერს, რომ რეზერვისტები მძღოლებთან ერთად არ დაემორჩილნენ ბატალიონის მეთაურს და მიატოვეს დროებითი დისლოკაციის ადგილი. აღნიშნულ შეუსაბამომებთან დაკავშირებით არც ადმინისტრაციულ ორგანოს არ უკითხავს ზ.ხიზ---–---–-სათვის, ხოლო დ.ბადურაშვული არც კი გამოკითხულა. არ არის გაქარწყლებული გონივრული ეჭვი მასზედ, რომ თუ როგორ მოხდა ასე ორგანიზებულად 10-15 ავტობუსით რეზერვისთა გადადგილება გორიდან თბილისის მიმართულებით ვაზიანის ბაზაზე, იარაღის/ტყვიაწამლის ჩაბარება სამხედრო პოლიციისათვის ისე, რომ ამის შესახებ საქმის კურსში არ იმყოფებოდა სამხედრო ხელმძღვანელობა. თუკი გავითვალისწინებთ დ. ბად-----–---–-სა და ზ.ხიზ---–---–-ს მოხსნებით ბარათებს, სადაც აღნიშნულია არაერთგზის დაბომბვის შედეგად პირად შემადგენლობაში გამოწვეულ უაღრესად დიდ პანიკაზე, ასეთ ვითარებაშიც ძნელად სავარაუდოა დაპანიკებული ადამიანების ასე ორგანიზებულად გამგზავრება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იარაღის/ტყვიაწამლი და არჭურვილობის ჩაბარების მიზნით და არა დაქსაქსულად გაქცევა მათ საკუთარ ოჯახებში.

 

ასევე პასუხგაუცემელია არსებითი საკითხი, თუ რატომ არ განუცხადეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მისულმა ავტობუსის მძღოლებმა იქ მყოფ სამხედრო პოლიციას თუკი მათ მიმართ ნამდვილად განხორციელდა ძლადობისა თუ იძულების ფაქტები რეზერვისტთა მხრიდან. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ რეზერვისტთა მხრიდან ავტობუსის მძღოლების მიმართ შესაძლო იძულებისა და რეზერვისტთა მხრიდან დეზერტირობის ფაქტზე არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმეები. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ 505-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების საფუძვლად მითითებული N33 პატაკი ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ მოიძია, შესაბამისად მისი გამოკვლევის შეუძლებლობის პირობებში არ არის დადგენილი მისი ავტორი, წოდება, მასში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისი მტკიცებულებები, რასაც საბოლოოდ გახდა 10 აგვისტოს სადავო ბრძანების ერთადერთი საფუძველი.

 

ადმინისტრაციულ საჩივარში მალ---- ფი-–-----მა განმარტა, რომ 2008 წლის 08 აგვისტოს გამოცხადდა შეკრების ადგილზე, მიიღო კუთვნილი აღჭურვილობა და მიკროავტობუსით სხვა რეზერვისტებთან ერთად გაემგზავრა გორში. 2008 წლის 10 აგვისტოს იგი სხვა რეზერვისტებთან ერთად მეთაურის ბრძანებით დაბრუნდა უკან ვაზიანში, ჩააბარა პირადი აღჭურვილობა და წავიდა სახლში. მას, პირადი შემადგენლობის დისლოკაციის ადგილი ქ. გორში თვითნებურად არ დაუტოვებია, რამეთუ ავტობუსებში ასვლის ბრძანება გასცა იქ მყოფმა სავარაუდოდ ზემდგოომა პირმა, რომლის სახელი და წოდება არ ახსოვს, რომელიც მითითებებს აძლევდა ავტობუსის მძღოლებს. შესბამისად, მას თვითნებურად არ დაუტოვებია დისლოკაციის ადგილი და ამიტომაც არ ეთანხმება ეროვნული გვარდიის 50-ე ბრიგადის მეთაურის 10.08.2008 წლის N3 ბრძანებისმე-2 პარაგრაფის ჩანაწერს.

 

სააპელაციო პალატა ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რაც თავის მხრივ დადასტურებულად უსაფუძვლოდ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ, მალ---- ფი-–-----ის მიერ სამხედრო ნაწილის ადგილსამყოფელის დაუდგენელი, არაუფლებამოსილი პირის მითითების საფუძველზე დატოვების შესახებ, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით აღნიშნული ფაქტი უტყუარად არ დასტურდება. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ზ. ხიზ---–---–-ს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის შესაბამისად ვაზიანიდან ქ. გორისაკენ რეზერვისტების გადაადგილებისას მათ მეთაურობას ახორციელებდა ორი სერჟანტი და ერთი ოფიცერი, ხოლო სერჟანტი გალ------–-ილი რეზერვისტებს თან გაჰყვა გორიდან ქ. თბილისისაკენ მიმავალი ავტობუსით. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, რეზერვისტებისათვის სავალდებულოა როგორც მაიორის, ოფიცრის, ისე სერჟანტის და სხვა სამხედრო წოდების პირთა მოთხოვნის შესრულება და არა მხოლოდ ბატალიონის მეთაურის ან მასზე უფრო ზემდგომის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად ვერ გამოირიცხება, რომ გორის დატოვების შესახებ ბრძანება შესაძლოა გაიცა რომელიმე ოფიცრისა თუ სერჟანტის მიერ, ხოლო ზ.ხიზ---–---–-ს მოსაზრება, რომ მას უსათუოდ ეცოდინებოდა მისი ხელქვეითების მიერ ასეთი ბრძანების გაცემის შესახებ, მხოლოდ მისი პირადი მოსაზრება/ვარაუდია და არ არის გამყარებული სათანადო არგუმენტებით.

 

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, საამისოდ არასაკმარისი მტკიცებულებების პირობებში, მალ---- ფი-–-----ის სამხედრო ქვედანაყოფიდან თვითდათხოვნილად მიჩნევის შესახებ ვერ ჩაითვლება სათანადოდ დასაბუთებულად, რამეთუ საქმის მასალებით უტყუარად ვერ დადასტურდა დისლოკაციის ადგილიდან ქ. თბილისისაკენ ორგანიზებულად გადაადგილების ბრძანება კონკრეტულად ვის მიერ იქნა გაცემული (ეს იყო სერჟანტი გალ------–-ილი, ბრიგადის მეთაური ზ. ხიზ---–---–-, სხვა პირი, თუ იყო რეზერვისტთა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება), ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, არ შეიძლება გადაწყდეს განმცხადებლის ინტერესების საზიანოდ. შესაბამისად, ცხადია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც ადმინისტრაციული წარმოებისას, ისე სასამართლო განხილვის პროცესში, წონადი მტკიცებულებების მოძიების ვალდებულების უგულებელყოფის შედეგად, ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის დაძლევა და 2019 წლის 24 იანვრის ბრძანებით სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მალ---- ფი-–-----ის 2015 წლის 21 ივლისის საჩივარი 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის ბათილად ცნობის შესახებ, რომელიც თავის მხრივ გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. კერძოდ, ის გამოცემულია ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პროცედურების დაცვის გარეშე (არ იყო მოწვეული დაინტერესებული მხარეები, არ მომხდარა მტკიცებულებათა გამოკვლევა, ასევე არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტისათვის აუცილებელ რეკვიზიტებს, გასაჩივრების ვადას, ორგანოს და ა.შ.). ხოლო სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებული პატაკი N33 არსად იძებნება და ფაქტობრივად დაუდგენელი რცება თუ რა არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივ გარემოებებს შეიცავდა და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომ მხოლოდ მისი არსებობა დაედო საფუძვლად სადავო ბრძანების გამოცემას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სააპელაციო პალატა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტების მიღების პროცესში დაყრდნო მხოლოდ მხოლოდ ზ. ხიზ---–---–-სა და დ. ბად-----–---–-ს მოხსნებით ბარათებს, არ მოახდინა სხვა უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება(მათ შორის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მატარებელი არაერთი მოწმის გამოკითხვა) და მათი საშუალებით მოხსენებით ბარათებში აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმება, არ გამოიკვლია მალ---- ფი-–-----ის ახსნა-განმარტებაში მითითებული და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებანი, მიიჩნევს, რომ დადასტურებულია გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის ფაქტი. კერძოდ, აქტის გამოცემა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნული კი ქმნის წანამძღვრებს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე და 32.1. მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისათვის;

 

ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებიდან გამომდინარე, ასევე საფუძვლიანად უნდა ჩაითვალოს და უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მალ---- ფი-–-----ის სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოსათვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების რეგიონში მივლინებიდან დაბრუნების(რეზერვში ჩარიცხვის) თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება მესამე სასარჩელო მოთხოვნას - ,,დაევალოს თავდაცვის სამინისტროს გასცეს ცნობა მალ---- ფი-–-----ის 2008 წლის ომში მონაწილეობის შესახებ", სასამართლოს შეფასებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს ამ მოთხოვნის ფორმალური საფუძვლის არარსებობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დადგენილია, რომ მალ---- ფი-–-----ის 2015 წლის 21 ივლისის თავდაცვის სამინისტროში წარდგენილი საჩივრის მოთხოვნებს წარმოადგენს მისი თვითდათხოვნაში ჩათვლის შესახებ 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მივლინებიდან დაბრუნების შესახებ, რის განხილვაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის NMOD 9 15 00000847 ბრძანებით ეთქვა უარი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (საჩივრის ხანდაზმულობის მოტივით). 2015 წლის 18 დეკემბერს აღნიშნული უარი მან გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის NMOD 9 15 00000847 ბრძანებისა და მისი თვითდათხოვნაში ჩათვლის შესახებ 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის ბათილად ცნობა, ასევე ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მივლინებიდან დაბრუნების შესახებ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3/9813-15) მალ---- ფი-–-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ნოემბრის N MOD 9 15 00000847 ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმესთან დაკავშირებული გარემოებების სრულყოფილი შესწავლა-შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაცტავის მხრივ ძალაში დარჩა ზემოდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.

 

სასამართლოს დავალების შესრულების ფარგლებში ჩატარებული ახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად 2019 წლის 24 იანვარს გამოცემული სადავო ბრძანებით არ დაკმაყოლილდა მ.ფი-–-----ის 2015 წლის 21 ივლისის საჩივარი, რაც 2019 წლის 21 მარტს ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სასამართლოში. თუმცა, ამ შემთხვევაში მის მოთხოვნებს წარმოადგენდა - 1) 2019 წლის 24 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობა; 2) მისი თვითდათხოვნაში ჩათვლის შესახებ 2008 წლის 10 აგვისტოს N3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მივლინებიდან დაბრუნების შესახებ; ასევე, მათ დაემატა ახალი მოთხოვნაც - 3) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მისი მონაწილეობის შესახებ ცნობის გაცემა.

 

როგორც მალ---- ფი-–-----ის 2015 წლის 21 ივლისის საჩივრითა და ამავე საჩივრის ფარგლებში 2015 წლის 2 სექტემბერს დამატებით წარდგენილი განცხადებით, ასევე 2015 წლის 01 ოქტომბერსა და 2018 წლის 9 ოქტომბერს საჩივართან დაკავშირებით ადმინიტრაციული წარმოების პროცესში თავდაცვის სამინისტროში მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამართული სხდომის ოქმებით; საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 19 ნოემბრის ბრძანებითა და ამ ბრძანების გაუქმების მოთხოვნით 2016 წლის სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში ყველა ინსტანცის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით; სასამართლოს მითითებით ხელახლა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას და მის შედეგად 2019 წლის 24 იანვარს გამოცემული ბრძანების შინაარსის ანალიზით დასტურდრდება, რომ საქმისწარმოების არცერთ ზემოთხსენებულ ეტაპზე მალხაზ ფი-–-----ის სასარჩელო მოთხოვნას არ წამოადგენდა - თავდაცვის სამინისტროს დავალდებულება გაეცა ცნობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მისი მონაწილეობის შესახებ, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა ამ უკასკნელმა დააყენა 2019 წლის 01 მარტს სასამართლოში წარდგენილ სარჩელში, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებულ სკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოში მოკვლევა, განხილვა, მსჯელობა არ გამართულა, იმ მარტივი მიზეზით, რომ მსგავსი საკითხი მალ---- ფი-–-----ს არცერთ ეტაპზე დაუსვამს და შესაბამისად, არც არგუმენტირებული თუ არაარგუმენტირებული პასუხი მიუღია საჩივრის განმხილველი ორგანოს მხრიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამიად, სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ უწყებრივი ქვემდებარეობის პრინციპის დაცვას უაღრესად დიდი და არსებითი მნიშნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის თვალსაზრისით, რაც განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით, რომლის ,,ა" პუნქტის თანახმად, საკითხის სხვა უწყების კომპეტენციისადმი კუთვნილება, სასამართლოს მიერ მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს ქმნის.

 

იმ პირობებში როდესაც, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მალ---- ფი-–-----ის მონაწილეობის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ცნობის გაცემის დავალება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ წარმოადგენდა აპელანტის მოთხოვნას, სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას მესამე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში არსებითად შეფასებისა და მასზე მსჯელობის თვალსაზრისით, რამეთუ სასამართლოში ამ მოთხოვნის დაყენებამდე აღნიშნული საასრჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შესწავლა, მასზე მტკიცებულებათა მოპოვება/გამოკვლევა და ბოლოს არგუმენტირებული პასუხის გაცემა შედიოდა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს კანონშესაბამისად არა იმ მოტივაციით, რომ მან სწორად ან არასწორად იმსჯელა მესამე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ ასპექტებსა და საფუძვლიანობაზე, არამედ მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ იგი არ ემყარება პროცესუალური კანონმდებლობის სწორ შეფასებას, რამეთუ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა ისეთ სასარჩელო მოთხოვნაზე, რაც მხარეს არ დაუყენებია და შესაბმისად, არც მსჯელობის საგანი გამხდარა ადმინსტრაციულ ორგანოში გამართული ადმინისტრაციული წარმოების პროცესის არცერთ ეტაპზე.

 

საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 389-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მალ---- ფი-–-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. მალ---- ფი-–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული გვარდიის 50-ე ბრიგადის მეთაურის 2008 წლის 10 აგვისტოს №3 ბრძანების მე-2 პარაგრაფის 142-ე პუნქტი;

 

5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2019 წლის 24 იანვრის №MOD 3 19 00000009 ბრძანება მალ---- ფი-–-----ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 2008 წლის 10 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების რეგიონში მივლინებიდან დაბრუნების თაობაზე;

 

7. მალ---- ფი-–-----ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი