განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002727748
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3ბ/1609-19 15 ნოემბერი 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტები:
1) დ----- ნ---------ი;
წარმომადგენელი: გ------------–---–ი;
2) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი: ო-------------–--ე;
3) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
წარმომადგენელი: ნ----------–---–ი, გ---------------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე: თ---------- ბ-----ე;
წარმომადგენელი: გ------------–---–ი;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება;
პირველი აპელანტების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ მე-5 პუნქტის ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
მეორე და მესამე აპელანტების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით თ---------- ბ-----ის და დ----- ნ---------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „შვებულებების, მივლენის შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის №1------ ბრძანება, მოსარჩელე - თ---------- ბ-----ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში (99-ე პუნქტი); ბათილად იქნა ცნობილი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 ოქტომბრის №2------ ბრძანება მოსარჩელეების - თ---------- ბ-----ის და დ----- ნ---------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ნაწილში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თ---------- ბ-----ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს I----–-------------------------------------------- თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე დ----- ნ---------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს I----–------------------------------ში დაბალი (მის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულზე დაბალი) რანგის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელეების - თ---------- ბ-----ის და დ----- ნ---------ის სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურების და სპეციალური დანამატის) ანაზღაურება თ---------- ბ-----ის სასარგებლოდ, მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან, სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურების და სპეციალური დანამატის ყოველთვიური ოდენობით, ხოლო მოსარჩელე დ----- ნ---------ის სასარგებლოდ, მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის დღიდან, სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურების და სპეციალური დანამატის ყოველთვიური ოდენობით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე თ---------- ბ-----ე 2007 წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ხოლო ბოლოს იგი დანიშნული იყო და მუშაობდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--------–--------------------------------–--------------- თანამდებობაზე.
მოსარჩელე დ----- ნ---------ი 2010 წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ხოლო ბოლოს იგი დანიშნული იყო და მუშაობდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--------–--------------------------------–--------------- მოადგილის თანამდებობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--ს დებულება, რომლის მე-5 მუხლის შესაბამისად, ს–------------------------------------------–--ს შემადგენლობაში შედიოდა I---------–------------------- სამმართველოები, რომელიც თავის მხრივ, შედგებოდა I და II განყოფილებებისაგან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--ს დებულება, რომლის მე-5 მუხლის შესაბამისად, ს–------------------------------------------–--ს შემადგენლობაში განისაზღვრა I---------–------------------- სამსახურები.
„შვებულებების, მივლენის შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის №1------ ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელეები - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–-------------------------------------------–----------–-------------------- სამმართველოს უფროსი თ---------- ბ-----ე და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--------–--------------------------------–--------------- მოადგილე დ----- ნ---------ი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნენ კადრების განკარგულებაში.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 ოქტომბრის №2------ ბრძანების საფუძველზე, კადრების განკარგულებაში მყოფი, თ---------- ბ-----ე და დ----- ნ---------ი დათხოვნილი იქნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” და ,,ნ” ქვეპუნქტების თანახმად, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეების მიერ სადავოდ გამხდარი შვებულებების, მივლენის შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის №1------ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 ოქტომბრის №2------ ბრძანებები შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლომ იმსჯელა გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელეების მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.
სასამართლომ განმარტა, რომ პირის პროფესიული საქმიანობა, მათ შორის სახელმწიფო სამსახურში პირის პირადი ცხოვრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია, რამდენადაც იგი, პირადი ხასიათის უნარების და პროფესიული ურთიერთობების რეალიზაციას სამსახურში ახორციელებს.
სასამართლომ აქვე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლომ მოიხმო ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი - ევროპის სოციალურ ქარტია, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფო ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლოს, მსჯელობის საგანს, მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლება და დათხოვნა განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.
,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
სასამართლომ, სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს, რომელთა სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,პოლიციის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონები. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე თ---------- ბ-----ე 2007 წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ხოლო ბოლოს იგი დანიშნული იყო და მუშაობდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--------–--------------------------------–--------------- თანამდებობაზე, ხოლო მოსარჩელე დ----- ნ---------ი 2010 წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ხოლო ბოლოს იგი დანიშნული იყო და მუშაობდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--------–--------------------------------–--------------- მოადგილის თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელეები წარმოადგენდნენ პოლიციელებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე, შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
მითითებული კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია მხოლოდ მაშინ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როცა მას შედეგად მოჰყვება შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესზე“, რომლის 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ „შვებულებების, მივლენის შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის №1------ ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელეები - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--ს II სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი თ---------- ბ-----ე და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--------–--------------------------------–--------------- მოადგილე დ----- ნ---------ი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნენ კადრების განკარგულებაში.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმებაა (შემცირება), ხოლო საშტატო ერთეულის გაუქმება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის, საშტატო ნუსხიდან ამოღებას (გაუქმებას).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--ს დებულება, რომლის მე-5 მუხლის შესაბამისად, ს–------------------------------------------–--ს შემადგენლობაში შედიოდა I---------–------------------- სამმართველოები, რომელიც თავის მხრივ, შედგებოდა I და II განყოფილებებისაგან.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2018 წლის 6 ივლისის ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--ს დებულება, რომლის მე-5 მუხლის შესაბამისად, ს–------------------------------------------–--ს შემადგენლობაში განისაზღვრა I---------–------------------- სამსახურები.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ახალი საშტატო განრიგი.
ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ საშტატო ერთეული, რომელიც მოსარჩელე თ---------- ბ-----ეს ეკავა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, არ გაუქმებულა და არსებობს იმავე ფუნქციური დატვირთვით, მხოლოდ სხვა დასახელებით - სამმართველოს უფროსის ნაცვლად, სამსახურის უფროსის სახელწოდებით, რის გამოც მისი გაუქმების თაობაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. შესაბამისად, სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თ---------- ბ-----ე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ისეთ პირობებში, როდესაც ის საშტატო ერთეული, რომელსაც იგი იკავებდა არ გაუქმებულა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი თანამდებობიდან განთავისუფლების ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რის გამოც მოსარჩელე თ---------- ბ-----ის მოთხოვნა „შვებულებების, მივლენის შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის №1------ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე თ---------- ბ-----ის ნაწილში.
ამასთან, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 ოქტომბრის №2------ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს „შვებულებების, მივლენის შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის №1------ ბრძანების სამართლებრივ შედეგს და გამომდინარე იქედან, რომ სასამართლო, აღნიშნულ ბრძანებას ბათილად ცნობს მისი კანონთან შეუსაბამობის საფუძვლით, იგი საფუძვლიანია და ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე თ---------- ბ-----ის ნაწილში.
რაც შეეხება „შვებულებების, მივლენის შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის №1------ ბრძანების, მოსარჩელე დ----- ნ---------ის ნაწილში ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ სასარჩელო მოთხოვნას სასამართლო აღნიშნავს, რომ საშტატო ერთეული, რომელიც მოსარჩელე დ----- ნ---------ს ეკავა ნომინალურად გაუქმდა, რაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა. შესაბამისად, მითითებული ბრძანება მოსარჩელე დ----- ნ---------ის ნაწილში არ ეწინააღმდეგება ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა.
სასამართლომ მიუთითა, რომ პოლიციელის კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხთვიანი პერიოდი ემსახურება, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელის სხვა, შესაბამისი ფუნქციების მქონე საშტატო ერთეულზე დანიშვნის შესაძლებლობის გამოკვლევას, რაც შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მითითებული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
სასამართლომ განმარტა, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გამოიკვლიოს გარემოებები იმის თაობაზე, არსებობს, თუ არა თუნდაც უფრო დაბალი რანგის საშტატო ერთეული, რომელზეც პირი, თავისი კომპეტენციის გათვალისწინებით შესაძლებელია, რომ დაინიშნოს, ხოლო ასეთი საშტატო ერთეულის არსებობის პირობებში საჯარო დაწესებულება ვალდებულია დანიშნოს იგი, მისივე თანხმობით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე დ----- ნ---------ი, რომელიც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--------–--------------------------------–--------------- მოადგილის საშტატო ერთეულზე იყო დანიშნული, იმავე სტრუქტურულ ერთეულში დამტკიცებული საშტატო ერთეულების რაოდენობისა და რანგების გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო დანიშნულიყო დაბალი რანგის საშტატო ერთეულზე, რამდენადაც მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის - სამმართველოს უფროსის მოადგილის შედარებით მაღალი რანგის გათვალისწინებით, მისი კომპეტენცია უპირატესობას ანიჭებდა მას დაბალი რანგის საშტატო ერთეულზე დანიშვნის თვალსაზრისით. შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 ოქტომბრის №2------ ბრძანება, მოსარჩელე დ----- ნ---------ის ნაწილში არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი, „შვებულებების, მივლენის შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის №1------ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, მხოლოდ მოსარჩელე თ---------- ბ-----ის ნაწილში, ხოლო „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 ოქტომბრის №2------ ბრძანების ორივე მოსარჩელის ნაწილში საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, აგრეთვე ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი „შვებულებების, მივლენის შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის №1422429 ბრძანება მოსარჩელე თ---------- ბ-----ის ნაწილში და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 ოქტომბრის №2------ ბრძანება მოსარჩელე თ---------- ბ-----ის და დ----- ნ---------ის ნაწილში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა „შვებულებების, მივლენის შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის №1------ ბრძანების მოსარჩელე დ----- ნ---------ის ნაწილში ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ საქმეში მოსარჩელეების მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს მათი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარ სამმართველოში გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე.
სასამართლომ მიიჩნია, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეების სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მათი მოთხოვნა სამსახურში აღდგენის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს მოსარჩელე თ---------- ბ-----ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--ს II სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის, ხოლო მოსარჩელე დ----- ნ---------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს I----–------------------------------ში დაბალი (მის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულზე დაბალი) რანგის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ასევე დასაბუთებულია მოსარჩელეთა მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
მითითებული კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს.
სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით, განმარტა, რომ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელე თ---------- ბ-----ის და დ----- ნ---------ის სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მათთვის განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურების და სპეციალური დანამატის) ანაზღაურება მოსარჩელე თ---------- ბ-----ის სასარგებლოდ, მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან, სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურების და სპეციალური დანამატის ყოველთვიური ოდენობით, ხოლო მოსარჩელე დ----- ნ---------ის სასარგებლოდ, მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის დღიდან, სამსახურში აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურების და სპეციალური დანამატის ყოველთვიური ოდენობით.
აქვე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე დ----- ნ---------ის სასარჩელო მოთხოვნა განაცდური თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურების და სპეციალური დანამატის, მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან დავალების ანაზღაურების თაობაზე, ზემოთ აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, არცერთი გამოყენებული ნორმა, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლებას წინააღმდეგობაში არ მოდის არც საქართველოს კონსტიტუციასთან და არც საერთაშორისო სამართლის რომელიმე ნორმასთან. ამასთან, მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად გამოყენებული ნორმებით არ დარღვეულა ადმიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი შს მინისტრის ბრძანების გამოცემისას არ დარღვეულა ადმინისტრაციული აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ისინი მიღებულია საქმის ყოველმხრივი შესწავლის, შესაბამისი გარემოებების მოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
აპელანტი თვლის, რომ სასმართლოს მსჯელობისას, არ არის დაკონკრეტებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელი ქმედება (ან უმოქმედობა) ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ თუ საპროცესო კოდექსს ან რომელი კონკრეტული მტკიცებულებით დასტურდება გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევების არსებობა. შესაბამისად, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რომელიც ცალსახად დაადასტურებს რომელი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე იქნა გამოცემული გასაჩივრებული აქტი, რაც საბოლოოდ მისი ბათილად ცნობის საფუძველი გახდა.
აპელანტი მიუთითებს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, 42–ე მუხლის პირველ და მე–3 პუნქტებზე, შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერის No995 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესი"-ს 34-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის No97 საშტატო საორგანიზაციო ბრძანებაზე (მოცემული ბრძანება წარმოადგენს გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტს), რომლითაც განხორციელდა რეორგანიზაცია, კერძოდ შეტანილ იქნა ცვლილება შსს სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგში და განმარტავს, რომ გაუქმდა ის სამსახური და შესაბამისად თანამდებობები, რომელსაც იკავებდნენ მოსარჩელეები. აღნიშნული ბრძანებები წარმოდგენილი იქნა შესაბამისი წესით, რომელსაც სასამართლო გაეცნო, თუმცაღა აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს მოცემული საშტატო-საორგანიზაციო ბრძანებები სათანადოდ არ გამოუკვლევია, წინააღმდეგ შემთხვევაში უტყუარად დადასტურდებოდა მოსარჩელეების მიერ დაკავებული შტატების გაუქმების ფაქტი.
3.2. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად არ გაუქმებულა თ---------- ბ-----ისა და დ----- ნ---------ის მიერ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დაკავებული საშტატო ერთეულები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებად მიჩნევა ფაქტისა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად არ შემცირებულა სტრუქტურულ ერთეულში საშტატო ერთეულების რაოდენობა - არასწორია.
აპელანტი განმარტავს, რომ მოსარჩელეები თ---------- ბ-----ე და დ----- ნ---------ი "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N1014 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის" 33-ე მუხლის მე-3 პუქნტის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, აყვანილ იქნენ კადრების განკარგულებაში, ხოლო კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, დათხოვნილ იქნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან. "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 42–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება აყვანილ იქნას კადრების განკარგულებაში არა უმეტეს ოთხი თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეს ორი თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი (ფულადი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის თანახმად, საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებათა განხორციელებისას სამინისტროს მოსამსახურე უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N1014 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი" განსაზღვრავს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს, აღნიშნული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" თანახმად, პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას, ხოლო 36-ე მუხლის თანახმად კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება პოლიციელის, საჯარო მოხელისა დათხოვნა სასაზღვრო პოლიციიდან. აღნიშნული საკითხი ასევე დარეგულირებულია "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით, რომელიც მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის ერთ–ერთ დამოუკიდებელ საფუძვლად ადგენს (41-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი) კადრების განკარგულების ვადის გასვლას. კანონმდებლობა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ანიჭებს უფლებამოსილებას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდგომ გაათავისუფლოს კადრების განკარგულებაში აყვანილი თანამშრომელი, თუ მის შრომითი მოწყობის საკითხს დადებითად ვერ გადაწყვეტს, რომლის გადაწყვეტაც მთლიანად მისსავე დისკრეციულ უფლებაზეა დამოკიდებული.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლს და მიიჩნევს, რომ სარჩელით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის არცერთი წინაპირობა, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უსაფუძვლოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეებს სრულად ეთქვათ უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3.3. დ----- ნ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ ვერ/არ დაასაბუთა დ----- ნ---------ი რატომ არ უნდა იქნეს აღდგენილი მისი კომპეტენციის გათვალისწინებით ტოლფას თანამდებობაზე და რატომ უნდა იქნეს აღდგენილი მის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულზე დაბალი რანგის თანამდებობაზე, მაშინ როცა დაბალი რანგის თანამდებობაში შეიძლება იგულისხმებოდეს ტოლფას თანამდებობაზე ერთით ან ერთზე მეტი დაბალი რანგის თანამდებობა.
აპელანტის მოსაზრებით, მართალია სასამართლომ სწორად განმარტა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, თუმცა მან შესაბამისი ასახვა ვერ ჰპოვა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე დ----- ნ---------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--ს II სწრაფი რეაგირების სამსახურში დაბალი (მის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულზე დაბალი) რანგის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
აპელანტი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის #199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის No199 დადგენილებით დამტკიცებულ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლის პირველ, მეორე, მესამე პუნქტებზე და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში დ----- ნ---------ის მიმართ არსებული ჩანაწერით, მას ეზღუდება შესაძლებლობა ისარგებლოს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით და ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის #199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“-თ მინიჭებული უფლებით - მიიღოს შემოთავაზება ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე დ----- ნ---------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--ს წრაფი რეაგირების სამსახურში დაბალი (მის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულზე დაბალი) რანგის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, გაუქმებისათვის და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებისათვის, რითაც დაევალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე დ----- ნ---------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--ს II სწრაფი რეაგირების სამსახურში ტოლფას (მის მიერ დაკავებულ საშტატო ერთეულის ტოლფასი) თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული ორგანოების სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა, ხოლო რაც შეეხება დ----- ნ---------ის სააპელაციო საჩივარს, აღნიშნული უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილი ადგენს: საქართველოს ყოველ მოქალაქეს ეძლევა უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის N3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
ანალოგიური პოზიციაა დაფიქსირებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - დ----- კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დ-----აშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (11.04.2014 წელი N1/2/569), რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს: „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“.
საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების პარალელურად უნდა მიეთითოს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე; ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.
სააპელაციო სასამართლოს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების სამართლებრივი ანალიზი და საქმის გარემოებების დამატებითი შესწავლა აძლევს საფუძველს გაიზიაროს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და თვლის, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება როგორც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონს, ასევე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესს.“
პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი შეიცავს იმ შემთხვევათა ამომწურავ ჩამონათვალს, რაც შეიძლება იქცეს პოლიციელის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მისი კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძვლად. კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს. ამავე წესის 36-ე მუხლით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება პოლიციელის, საჯარო მოხელის დათხოვნა სასაზღვრო პოლიციიდან.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 103-ე მუხლის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 110-ე მუხლის შესაბამისად, რეორგანიზაციისას საჯარო მოხელის გათავისუფლება შტატების შემცირების მოტივით დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და საჯარო დაწესებულების სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა და მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
აღნიშნული ხასიათის საკანონმდებლო შეზღუდვების არსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოების მითითებას სადავო აქტების კანონიერების თაობაზე. როგორც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსი ცხადყოფს, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები ამომწურავად განსაზღვრავენ იმ შესაძლო შემთხვევებს, როცა რეორგანიზაცია იქცევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის, მათ შორის კადრების განკარგულებაში გადაყვანის საფუძვლად და ასეთად მიიჩნევა - დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება, რაც, საქმის მასალებიდან გამომდინარე, თ---------- ბ-----ის შემთხვევაში არ დასტურდება.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თ---------- ბ-----ე 2007 წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ხოლო ბოლოს იგი დანიშნული იყო და მუშაობდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--------–--------------------------------–--------------- თანამდებობაზე.
საქართველოს შს მინისტრის 22.06.2006 წლის N070 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესწავლა ცხადყოფს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--ს შემადგენლობაში შედიოდა I---------–------------------- სამმართველოები, რომელიც თავის მხრივ, შედგებოდა I და II განყოფილებებისაგან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ახალი საშტატო განრიგი, რის საფუძველზეც, I---------–------------------- სამმართველოების ნაცვლად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ს–------------------------------------------–--ს შემადგენლობაში განისაზღვრა I---------–------------------- სამსახურების არსებობა.
სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებების გადამოწმების საფუძველზე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საშტატო ერთეული, რომელიც მოსარჩელე თ---------- ბ-----ეს ეკავა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, არ გაუქმებულა და არსებობს იმავე ფუნქციური დატვირთვით. საშტატო ერთეულმა შეიცვალა მხოლოდ დასახელება და სამმართველოს უფროსის ნაცვლად, ფუნქციონირება განაგრძო სამსახურის უფროსის სახელწოდებით. აღნიშნული, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თ---------- ბ-----ის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევით, რაც ზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე ქმნის სადავო აქტების ბათლობის საფუძველს და როგორც თანმდევ შედეგს, იწვევს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენას და მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამ ნაწილში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების გაზიარების, მათი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას დ----- ნ---------ის ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, არასწორედ მიიჩნევს დავალებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა პირდაპირი შესაძლებლობა დ----- ნ---------ი აღადგინოს დაბალი რანგის თანამდებობაზე.
სააპელაციო სასამართლო საქმის გარემოებების დამატებითი გამოკვლევის საფუძველზე ადასტურებს, რომ საშტატო ერთეული, რომელიც დ----- ნ---------ს ეკავა ნომინალურად გაუქმდა, რაც ქმნის მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის სამართლებრივ საფუძველს. ამავდროულად სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, პოლიციელის კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხთვიანი პერიოდი არ შეიძლება ატარებდეს მკვეთრად ფორმალურ ხასიათს და მისი დანიშნულება დაყვანილი იქნას მხოლოდ იმ მიზნამდე, რომ ხელოვნურად შეიქმნას პირის სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძველი. კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხთვიანი პერიოდის მთავარი დანიშნულებაა, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელის სხვა, შესაბამისი ფუნქციების მქონე საშტატო ერთეულზე დანიშვნის შესაძლებლობის გამოკვლევა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას და არა მის დისკრეციას, და იძლევა, პოლიციელის სამსახურიდან მხოლოდ მას შემდეგ დათხოვნის შესაძლებლობას, რაც გამოირიცხება სხვა საშტატო ერთეულზე მისი დასაქმების შესაძლებლობა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ვალდებულებების ზედმიწევნითი დაცვა განსაკუთრებით პრინციპულია საჯარო სამსახურში, მით უფრო ძალოვან უწყებებში, სადაც სახელმწიფოს განსაკუთრებულ ინტერესშია შეინარჩუნოს კვალიფიციური თანამშრომელი, უზრუნველყოს კადრების სტაბილურობა და მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების პირობებში მიიღოს კანონიერი და მკაფიოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ დ----- ნ---------ი 2010 წლის 20 იანვრიდან 2018 წლის 16 ოქტომბრამდე მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროში, მას 2018 წლის 05 მაისს ვადაზე ადრე მიენიჭა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორის სპეციალური წოდება. დ----- ნ---------ს 2017 წლის 03-21 ივლისამდე გავლილი აქვს სამთო მომზადების ზაფხულის საბაზიოსო კურსი და მიღებული აქვს უმაღლესი შეფასება. საქმეში წარმოდგენილია მასალები, რომლითაც დგინდება, რომ დ----- ნ---------ი სსიპ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 10 სექტემბრის ბრძანებით მივლინებული იყო სსიპ დ----- აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სპეციალურ-საშტაბო კურსზე. საქმეში დაცულია სსიპ დ----- აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის პატაკი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ისტორიაში დ----- ნ---------ი არის პირველი, რომელმაც გაიარა მსგავსი გადამზადების კურსი, შესაბამისად ერთადერთია შსს სამინისტროში. საქმეში ასევე წარმოდგენილია არაერთი სერთიფიკატი, მათ შორის მადლობის სიგელი, რომელიც ადასტურებს დ----- ნ---------ის მაღალ კვალიფიკაციას და მის პროფესიონალიზმს.
სასამართლოს მიერ გამოთხოვილი გრიფით ,,საიდუმლო“ ბრძანებების შესწავლა ადასტურებს, რომ მე-2 სწრაფი რეაგირების სამმართველოს ნაცლად, რომელშიც დასაქმებული იყო დ----- ნ---------ი, შეიქმნა მე-2 სწრაფი რეაგირების სამსახური, რომელშიც შემცირება, მართალია, შეეხო 2 საშტატო ერთეულს (შედარება ხდება მე-2 სწრაფი რეაგირების სამმართველოს საშტატო რიცხოვნობასთან), თუმცა, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იმ საშტატო ერთეულების რაოდენობა, რომლის დასაკავებლად განმსაზღვრელია სპეციალური წოდება - მაიორი, რომელსაც დ----- ნ---------ი ატარებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს: მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცებულებათა გადანაწილების ტვირთზე და სსსკ-ის მე-4 და ასკ-ის მე-17 მუხლებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, როგორც სარჩელზე მოპასუხე მხარე, გათავისუფლებული არ არის მტკიცების ტვირთისგან და ეკისრება საპროცესო ვალდებულება წარმოადგინოს ან გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ მითითებული და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა სამართლებრივი საფუძველი და ვერ მიუთითა ვერცერთ მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში შტატების შემცირების მოტივით დ----- ნ---------ის გათავისუფლების კანონიერება იმ პირობებში, როდესაც სამსახურში გაიზარდა იმ საშტატო ერთეულიბის რაოდენობა, რომლის დაკავების მიზნით წარდგენილ მოთხოვნებს სრულად და უპირობოდ აკმაყოფილებდა დ----- ნ---------ი.
ამდენად, სადავო აქტის ბათილობის ნაწილში სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს, თუმცა, როგორც აღინიშნა, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს პირდაპირი მითითება მოხდეს დ----- ნ---------ის დაბალი რანგის თანამდებობაზე აღდგენა, არ შეესაბამება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის მე-3 ნაწილი ადგენს: ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ასევე სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმებზე. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 27-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფასი) ან მისი თანხმობით – სხვა თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, გათავისუფლდება დაკავებული/აღდგენილი თანამდებობიდან. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თანამდებობა ტოლფასია, თუ ითვალისწინებს მოსამსახურის ადრე დაკავებული თანამდებობის თანაბარ ზღვრულ წოდებას (წოდების არსებობის შემთხვევაში) ან/და თანამდებობრივ სარგოს.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც ტოლფასი თანამდებობა არ მოიაზრებს უპირობოდ დაბალი რანგის თანამდებობას, სააპელაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა დაცვის მიზნით, საჭიროდ მიიჩნევს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს დ----- ნ---------ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ამასთან, დაბალი რანგის თანამდებობაზე აღდგენას სააპელაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ ტოლფასი თანამდებობის არარსებობის პირობებში, მოსარჩელის ნების გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შს სამინისტროს და საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. დ----- ნ---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდეს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4. დ----- ნ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
5. საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალოს დ----- ნ---------ის აღდგენა მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არასებობის პირობებში, დ----- ნ---------ის კომპეტენციის გათვალისწინებით, უფრო დაბალ თანამდებობაზე;
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი;
7. საქართველოს შს სამინისტროს და შს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადახდეს სააპელაციო სასამართლოზე გაწეული სასამართლო გარეშე ხარჯი ( ადვოკატის მომსახურების ღირებულება) 400-400 ლარის ოდენობით;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე