განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820310018002504325
საქმე №3/ბ-233-2019წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 ოქტომბერი 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი: ეკატერინე სილაგაძე
აპელანტები - ნ-----------------–--ე, თ--------------–--ე (დ--------------–--ის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ემიგრანტი ოჯახების შერჩევის და საცხოვრებელი ფართის გადაცემის მიზნით შექმნილი კომისია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 0- მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტების მოთხოვნა: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 0- მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 20 ივნისს დ--------------–--ემ და ნ-----------------–--ემ სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის და საცხოვრებელი ფართის გადაცემის მიზნით შექმნილი კომისიის მიმართ და მოითხოვეს:
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველყოფად შექმნილი კომისიის 2----–-–------------–-ს №0- სხდომის ოქმი მოსარჩელეების დავთ და ნ-----------------–--ეების ნაწილში ბათილად ცნობა;
- მოსარჩელეების სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებად ცნობა;
- მოსარჩელეთა აღრიცხვა ამ კატეგორიათა ოჯახების სიათა სააღრიცხვო რიგში, შემდგომში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების უზრუნველყოფით.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 1955 წლიდან მოსარჩელეები ცხოვრობენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაპრეშუმში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ოჯახი შედგება ცხრა წევრისაგან. საცხოვრებელი სახლი მდებარეობს მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სათავეში, რადგან საკარმიდამო ნაკვეთის ტერიტორია წარმოადგენს 70 გრადუსიან დახრილობის ფერდს და მის შიგა ფარგლებში მიმდინარე გეოლოგიური პროცესების გამო შეუძლებელია სახლის სხვა ნაწილში აშენება. ამას დაემატა ისიც, რომ ბოლო წლებში სხვადასხვა ადგილას, როგორც თანასაკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, ასევე საცხოვრებელი სახლის საძირკველიდან და ძირი საყრდენი კედლებიდან, ნაკადულების სახით დაიწყო მიწისქვეშა წყლების გამოდინება, რამაც გამოიწვია საცხოვრებელი სახლის საძირკველისქვეშა მიწის გამორეცხვა, რის გამოც საცხოვრებელმა შენობამ მიიღო დეფორმაციები და გაჩნდა უამრავი ბზარი. მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლში ცხოვრების გაგრძელება სიცოცხლისათვის საშიშია და ნალექის პირობებში თავშესაფარის ძებნის ამარა რჩებიან ახლო ნათესავებთან.
მოსარჩელეთა აღნიშვნით, აღნიშნული პროცესების დაწყებიდან არაერთხელ საკუთარი სახსრებით ეცადნენ საცხოვრებელი სახლის საძირკველისა და საყრდენი კედლების გამაგრებას, რამაც შედეგი არ გამოიღო. ამიტომ ჯერ კიდევ 2015, 2016 და 2018 წლებში მიმართეს განცხადებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რათა შესაბამისი დარგის სპეციალისტებს შეესწავლათ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის ტექნიკური.
მოსარჩელეთა განმარტებით, აჭარის ა/რ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დასკვნები, რომელთა საფუძველზეც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიამ უთხრათ უარი, შედგენილია ზერელედ და ზედაპირულად. დასკვნაში აღნიშნულია, რომ „საცხოვრებელ სახლს უნდა ჩაუტარდეს სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები, მოხდეს ზედაპირული და სახლის სახურავიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა“, თუმცა მოსარჩელეთა განმარტებით სახლს წლების განმავლობაში ასეთი სამუშაოები ჩაუტარდა, მაგრამ შედეგი არ დადგა ამიტომ, მოსარჩელეები იძულებული გახდნენ მიემართათ დამოუკიდებელი გეოლოგიური სამსახურისათვის, რათა საფუძვლიანად შესწავლილიყო, როგორც საცხოვრებელი სახლის, ასევე მიწის გამოკვლევა და მომზადებულიყო საექსპერტო დასკვნა.
მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით თ--------------–--ე ცნობილი იქნა გარდაცვლილი დ--------------–--ის უფლებამონაცვლედ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 0- მარტის გადაწყვეტილებით ნ-----------------–--ისა და თ--------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა 2018 წლის 1--------–ს წერილობითი განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 0--------–ის №3-- ბრძანების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ემიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველყოფად შექმნილ კომისიას, რომლებსაც 3--------- წლის №0- ოქმით უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2-------------- დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად მოსარჩელეთა ოჯახი არ განეკუთვნება არცერთ კატეგორიას. საფუძველი გახდა აჭარის არ გარემოს და ბუნებრივი რესურსების 2015, 2016 და 2018 წლების საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დასკვნები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ემიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ემიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 3--------- წლის გადაწყვეტილებას, საფუძვლად დაედო აჭარის არ გარემოს და ბუნებრივი რესურსების 2015, 2016 და 2018 წლების საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საიჟინრო-გეოლოგიური დასკვნები.
აჭარის ა/რ გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის მიერ 2018 წლის 2------------–ს საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საიჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, მოსარჩელეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლის შემოწმების დროს დადგინდა, რომ ფერდზე აქტიური მეწყრული პროცესები არ ფიქსირდება, ფერდი განიცდის სტაბილიზაციას, საჭიროა საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდეს სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები და მოხდეს ზედაპირული და სახლის სახურავიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.
2017 წლის დაუდგენელ დროს მოსარჩელეების დაკვეთით ი.ს. „G----“-ის ინჟინერ გეოლოგების მიერ გაცემული დასკვნით მოსარჩელეები მიეკუთვნებიან ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახთა კატეგორიას, „ერთსართულიანი“ საცხოვრებელი სახლი სარდაფი მდებარეობს ხელოვნურად მოწყობილ ზედაპირზე. შენობის ზედაპირული წყლების საძირკველის ქვეშ გრუნტში ჩაჟონვამ განაპირობა არათანაბარი ჯდომა, რომლის შედეგად მოხდა საძირკვლის დაბზარვა, რამაც გამოიწვია შენობის კედლებზე და იატაკზე ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბზარების გაჩენა, იმის გამო, რომ შენობის მარჯვენა გზის მხარე ნაწილში არის კლდოვანი მასა, შეუძლებელია გრუნტის წყლების სხვა მიმართულებით გადაყვანა. შენობის მარცხენა ნაწილის მიმდებარე ტერიტორია დამეწყრილია და გრუნტის მასა გადაადგილებულია ფერდობის მხარეს 2 მეტრი მანძილზე. კაშკაროვის ჩაქუჩის გამოყენებით შემოწმებული იქნა შენობის ძირითადი ნაწილის მდგომარეობა, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მონაცემები არ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს და შენობა კონსტრუქციულად არამდგრადია, გრუნტების შესწავლის მიზნით მოხდა გეოლოგიური ჭაბურღილების მოწყობა და 5 ადგილას, მიუხედავად განხორციელებული პროფილაქტიკური ღონისძიებისა, განვითარებული გეოლოგიური პროცესები საშიშროებას უქმნის საცხოვრებელი სახლის შემდგომ ექსპლუატაციას.
სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ. შესაბამისად, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ გაიიზიარებს მხოლოდ იმ მხარის პოზიციას, ვინც მტკიცებულებებით ადასტურებს თავის არგუმენტებს, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებისა.
მოცემულ შემთხვევაში, რაიონული სასამართლოს განმარტებით, სადავო იყო ის ფაქტი, ნ-------- და თ--------------–--ის საცხოვრებელი სახლი იყო თუ არა დაზიანებული სტიქიური მოვლენების შედეგად და დადებით შემთხვევაში რამდენად წარმოადგენდა დაზიანების ხარისხი მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარის თქმის საფუძველს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის სხდომის ოქმით ნ-------- და დ--------------–--ეების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება იქნეა მიჩნეული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ არის მიმართული. სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად იქითკენ არის მიმართული, ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალოდ სამართლებრივი შედეგი წარმოშვას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შეეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2----–-–------------–-ს №0- საოქმო გადაწყვეტილებას ნ-----------------–--ისა და დ--------------–--ის (უფლებამონაცვლე თ--------------–--ე) მიმართ სამართლებრივი შედეგი მოჰყვა, მათთვის დახმარების გაცემაზე, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის გამოყოფაზე უარის სახით. ამდენად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2----–-–------------–-ს №0- საოქმო გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად უნდა ყოფილიყო განხილული და მისი კანონიერების საკითხი უნდა შეფასებულიყო როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ისე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ
ამავე ბრძანების დანართი №1-ის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის პირველი მუხლის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა."
სასამართლომ განმარტა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით განსაზღვრულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც:
1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით:
ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას;
ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაცია.
2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.
აღნიშნული წესის მესამე მუხლის „ი“ პუნქტის თანახმად, დაზარალებული – სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება;
კ) I კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა);
ლ) II კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;
მე-3 მუხლის 1 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად ადგილობრივი კომისიაა თვითმმართველი ერთეულის გამგეობებში/მერიაში შექმნილი, სტიქიით მიყენებული ზიანის შემსწავლელი შესაბამისი ადგილობრივი კომისია; რომელიც ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად:
1. განიხილავს და სწავლობს დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას და მათთვის ქმედითი დახმარების გაწევის მიზნით სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებებს წარუდგენს გამგებელს/მერს. 2. საინჟინრო, გეოლოგიური და სხვა კომპეტენტური პირების/სამსახურის დასკვნების გათვალისწინებით, სტიქიური პროცესების ზემოქმედების შედეგად, საცხოვრებელი სახლების მდგრადობის დარღვევის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახებს ანიჭებს დაზიანების კატეგორიას/ხარისხს.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ნ-------- და დ--------------–--ეებმა (უფლებამონაცვლე თ--------------–--ე) საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამო საკითხის შესასწავლად მიმართეს ადგილობრივ კომისიას და ხსენებულმა კომისიამ 2018 წლის 1----------ალს საინჟინრო-გეოლოგიური კვევის ჩასატარებლად მიმართა აჭარის ა/რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს. 2018 წლის 2------------–ის საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საიჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად კი მოსარჩელეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლის შემოწმების დროს დადგინდა, რომ ფერდზე აქტიური მეწყრული პროცესები არ ფიქსირდებოდა, ფერდი განიცდის სტაბილიზაციას, საჭიროა საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდეს სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები და მოხდეს ზედაპირული და სახლის სახურავიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. სწორედ აღნიშნული დასკვნა კი გახდა მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ისიც, რომ ნ-------- და დ--------------–--ეებმა (უფლებამონაცვლე თ--------------–--ე) სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიას წარუდგინეს ი.ს. „G----“-ის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის გაცემის თარიღი დასკვნაში არ ფიქსირდება, თუმცა მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ ხსენებული დასკვნა გაცემულია 2017 წელს.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მე-5 „ვ.ა“ მუხლის თანახმად ერთსა და იმავე ოჯახზე განსხვავებული შინაარსის რამდენიმე აქტი/დასკვნის არსებობისას უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან შესრულებულ აქტს/დასკვნას.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601, 96-ე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლებზე და განმარტა, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება არ გამოვლენილა, შესაბამისად არ არსებობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2----–-–------------–-ს №0- საოქმო გადაწყვეტილების, ნ-------- და დ--------------–--ეების (უფლებამონაცვლე თ--------------–--ე) ნაწილში ბათილად ცნობის საფუძვლები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 0- მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თეონა და ნ-----------------–--ეებმა, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
აპელანტების განმარტებით, კომისიის 2----–-–------------–-ს N0- ოქმში დეტალურადაა გადმოტანილი ორი განსხვავებული შინაარსის დასკვნს, რომელთაგან ერთი წარმოადგენს მხოლოდ საცხოვრებელი სახლის ვიზუალურ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, მეორე კი ინდ/მეწარმე - „გეოლოგი“-ს მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის საექსპერტო დასკვნას და მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის არსებობდა საფუძვლიანი და დასაბუთებული ფაქტი იმისა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ უწარმოებია ადმინისტრაციული წარმოება მოპასუხეთა საგანცხადებო მოთხოვნებზე, რადგან ჯერ ერთი - თუ მოსარჩელეებმა დააგვიანეს და დამტკიცებული ფორმით დროულად არ შეიტანეს განცხადება კომისიაში, ვინაიდან კომისიის წინაშე წარმოდგენილი იყო მოსარჩელეთა უძრავ ქონებაზე ორი განსხვავებული ტიპის ვიზუალური და დეტალური კვლევის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლას და შემდგომ გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებდა.
აპელანტებიი მიუთითებენ, რომ სარჩელს თან ერთვოდა საცხოვრებელი სახლის და მიმდებარე მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც ნებისმიერ ობიექტურ პირს შეუქმნიდა მყარ შთაბეჭდილებას, რომ მოსარჩელეთა უძრავი ქონება საჭიროებს მოპასუხე მუნიციპალიტეტის კომისიის მხრიდან დეტალურ შესწავლას, მხოლოდ ამის შემდგომ გადაწყვეტილების მიღებას. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მოსარჩელეებმა მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენეს, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში საფრთხე დღემდე არსებობს.
აპელანტები მიიჩნევენ, რომ მოპასუხე კომისიას არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, კომისიამ ადგილზე დათვალიერებით არ შეისწავლა საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივი მდგომარეობა, კომისიის სხდომაზე არ იყვნენ მიწვეულნი არც განმცხადებლები და არც განსხვავებული საექსპერტო დასკვნების შემდგენი ექსპერტები, არ დასმულა ექსპერტებისთვის შეკითხვა წარმოადგენდა თუ არა საფრთხეს აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, კომისიას არ უმსჯელია ახალი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროების შესახებ და ა.შ. ყოველივე აღნიშნული კი, აპელნტთა განმარტებით, ქმნის სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 601 მუხლის პირველი ნაწილისა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ნ-----------------–--ისა და თ--------------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. მითითებული კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2015 წ. აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შედგენილი დ--------------–--ის საცხოვრებელი სახლის (სოფ. კაპრეშუმი) ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, გეოლოგიურად საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია წარმოდგენილია შუა ეოცენური ასაკის ვულკანოგენური ტუფებით და ტუფოქვიშაქვებით, რომლებიც გადაფარულია თანამედროვე მეოთხეული ასაკის თიხა-თიხნარებით და სხვადასხვა უხეშნატეხოვანი მასალების ჩანართებით, რომელთა სიმძლავრე ვიზუალურად არ ფიქსირდება. ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხელოვნურად მოსწორებულ ზედაპირზე, ზედაპირული წყლების საძირკვლისქვეშა გრუნტში ჩაჟონვამ განაპირობა შენობის არათანაბარი ჯდომა, რომლის შედეგად მიღებული აქვს დეფორმაცია, საყრდენ კედლებზე და საძირკვლებზე ფიქსირდება სხვადასხვა მიმართულების ბზარები. საჭიროა საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდეს სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები, მოხდეს ზედაპირული და სახლის სახურავიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება და უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა.(ს.ფ 20).
აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2016 წლის 11 მაისის დასკვნის მიხედვით დ--------------–--ის საცხოვრებელი სახლის (განმეორებითი შესწავლა) ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი სახლი გეოლოგიის სამსახურის მიერ შესწავლილია 2015 წელს, შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით მომზადებული და გაცემულია შესაბამისი ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა. განმეორებითი შესწავლის დროს დადგინდა, რომ აღნიშნული რეკომენდაციები ამ დრომდე არ შესრულებულა, რის გამოც შენობის დაზიანების ხარისხი საგრძნობლად გაზრდილია. შენობის შემდგომი ექსპლუატაცია უნდა განსაზღვროს ინჟინერ-კონსტრუქტორმა (ს.ფ. 22; 104)
2018 წლის 31 იანვარს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ N1------ განცხადებაში დ--------------–--ე უთითებს, რომ მან 2015 წლის 2------ს მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას N1------ წერილით, სადაც აღნიშნა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია იმგვარად, რომ საფრთხეს უქმნის მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს. 2018 წლის 3--------ის განცხადებით დ--------------–--ემ ითხოვა შესაბამისი კომისიისა და გეოლოგების გამოყოფა, საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის ხელახალი შესწავლის მიზნით (ს.ფ. 101).
აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2018 წლის 20 თებერვლის, დ--------------–--ის, ნ-----------------–--ის საცხოვრებელი სახლის (განმეორებითი შესწავლა) ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, განმეორებითი შესწავლის დროს დადგინდა, რომ ფერდზე ამჟამად აქტიური მეწყრული პროცესები არ ფიქსირდება, ფერდი სტაბილიზაციას განიცდის. საჭიროა საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდეს სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები. მოხდეს ზედაპირული და სახლის სახურავიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება და უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა.
2018 წლის 1--------–ს ნ-----------------–--ის და დ--------------–--ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ იქნა N6------ და N6------ განცხადებები, რომელთა მიხედვითაც განმცხადებლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით დამატებით წარუდგინეს ი.ს. „G-----“-ის მიერ შედგენილი დასკვნა, ვინაიდან ადრე წარდგენილი საინჟინრო-გეოლოგიური დაკვნა მათი განმარტებით არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და არ ასახავდა რეალურ მდგომარეობას (75; 88)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში მდებარე, მოქალაქე დავით და ნ-----------------–--ეების საცხოვრებელი სახლის საექსპერტო დასკვნისა და მიწის ნაკვეთის საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, 2017 წლის დეკემბერში დავით და ნ-----------------–--ეების დაკვეთით ი.ს „G-----”-ის ინჟინერ-გეოლოგმა შუქრი ბათნიძემ და ინჟინერ კონსტრუქტორმა შაქრო ბათნიძემ მოახდინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში მდებარე დავით და ნ-----------------–--ეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო მიწის ნკავეთის შესწავალა და დაადგინეს, რომ ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, სარდაფით, მდებარეობს ხელოვნურად მოწყობილ ზედაპირზე. შენობის ზედაპირული წყლების საძირკვლისქვეშა გრუნტში ჩაჟონვამ განაპირობა არათანაბარი ჯდომა, რომლის შედეგად მოხდა საძირკვლის დაბზარვა, რამაც გამოიწვია შენობის კედლებზე და იატაკზე ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბზარების გაჩენა. იმის გამო რომ შენობის მარჯვენა, გზის მხარე ნაწილში არის კლდოვანი მასა, შეუძლებელია გრუნტის წყლების სხვა მიმართულებით გადაყვანა. შენობის მარცხენა ნაწილის მიმდებარე ტერიტორია დამეწყრილია და გრუნტის მასა გადაადგილებულია ფერდობის მხარეს 2 მ მანძილზე. ატმოსფერული ნალექების მოქმედებით ფერდობზე არსებული ფხვიერი თიხა-თიხნარების დამეწყვრა და შემდგომ გადაადგილება ხდება ფერდობის მხარეს და პერსპექტივაში მოსალოდნელია არასასურველი გეოლოგიური პროცესების გააქტიურება, შენობის ძირითადი კონსტრუქციების სიმტკიცეები არ აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს და შენობა კონსტრუქციულად არამდგრადია. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ტერიტორია შესწავლილი იყო 2015 წლის მარტში და სხვა პერიოდებშიც. თუმცა მიუხედავად განხორციელებული პროფილაქტიკური ღონისძიებებისა, განვითარებული გეოლოგიური პროცესები საშიშროებას უქმნის საცხოვრებელი სახლის შემდგომ ექსპლუატაციას. ამგვარად, ასეთ პირობებში მიზანშეწონილია საცხოვრებელი სახლის გადატანა გეოლოგიურად უსაფრთხო ადგილას. (ს.ფ. 25-31, 77-86, 90-99)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 3--------- წლის №0- ოქმით ნ-------- და დ--------------–--ეებს უარი ეთქვათ მოთხოვნის (ოქმის თანახმად განსახილველ საკითხს შეადგენდა ნ-----------------–--ის 2018 წლის 1--------–ის N6------ და დ--------------–--ის 2018 წლის 1--------–ის N6------ განცხადებები) დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2-------------- დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად განმცხადებელეთა ოჯახს არ მიეკუთვნა კატეგორია, წარმოდგენილი გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად. კომისია დაეყრდნო აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის მიერ შედგენილ საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას (ს.ფ 15-18, 63-67).
საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 4 აპრილის N3-- ბრძანების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის მიერ სადავო საკითხის გადაწყვეტისას არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც არსებობს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასამართლოსთვის მონიჭებული უფლებამოსილების გამოყენების აუცილებლობა, შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული კომისიის 2----–-–------------–- N0- სხდომის ოქმი ნ-----------------–--ისა და დ--------------–--ის (უფლებამონაცვლე თ--------------–--ე) „ეკომიგრანტ ოჯახად“ ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამავე კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ-------- და დ---------------–--ეების (უფლებამონაცვლე თ--------------–--ე) ოჯახების სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულად ცნობის შესახებ, შესაბამისი კატეგორიის მინიჭებით.
სააპელაციო სასამართლო ასეთ დასკვნამდე მივიდა შემდეგი დასაბუთებით:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების თანახმად განისაზღვრა, რომ ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უნდა უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.
ამავე ბრძანების დანართი N1 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის პირველი მუხლის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა."
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით განსაზღვრულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც, 1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით: ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას; ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაცია. 2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.
აღნიშნული წესის მესამე მუხლის ,,ი” პუნქტის თანახმად, დაზარალებულია _ სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება. ”კ”-”ნ” ქვეპუნქტებით განმარტებულია დაზარალებულთა კატეგორიები და დაზიანების ხარისხები. I კატეგორიას მიეკუთვნება გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა); II კატეგორიას – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას. I ხარისხით განისაზღვრება - ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მთლიანად დანგრეულია ან იმდენად დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.), რომ არ ექვემდებარება აღდგენას და საჭიროა მისი ადგილზე მშენებლობა; II ხარისხით – ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.), რომლის ადგილზე აღდგენა/რეაბილიტაცია შესაძლებელია.
პალატა აღნიშნავს, რომ კომისიამ საოქმო გადაწყვეტილებაში მიუთითა ნ-------- და დ--------------–--ეების (უფლებამონაცვლე თ--------------–--ე) საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ აჭარის ა/რ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის მიერ შედგენილ საექსპერტო დასკვნებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა არ იძლეოდა ოჯახის „ეკომიგრანტ ოჯახად“ ცნობის საფუძველს, ვინაიდან ფერდზე აქტიური მეწყრული პროცესები არ ფიქსირდებოდა და ფერდი განიცდიდა სტაბილიზაციას. საჭირო იყო სახლს ჩატარებოდა სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები, უნდა მომხდარიყო ზედაპირული და სახლის სახურავიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება და უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა.
საქმის მასალებზე დაყრდნობით პალატა მიუთითებს, რომ ნ-------- და დ--------------–--ეების (უფლებამონაცვლე თ--------------–--ე) საცხოვრებელი სახლის საინჟინრ-გეოლოგიური დასკვნები, შედგენილი როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ, ისე მხარის დაკვეთით ი.ს. “G-----”-ის მიერ, ცალსახად მიუთითებს, რომ საცხოვრებელი სახლის საძირკველი დაზიანებულია გეოლოგიური პროცესების შედეგად, შენობა დეფორმირებულია, გააჩნია ბზარები საყრდენ კედლებსა და საძირკველზე. ამასთან, არცერთი დასკვნა არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას, რა გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა საცხოვრებელ სახლს და სამუშაოების შესრულებისას რატომ ვერ მოხდა ზედაპირული და სახურავიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება და უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა. იმ დასკვნებით, რომლებსაც დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას განსაზღვრული არ არის საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხი, ასევე შეფასებული არ არის ტერიტორიის გეოლოგიური მდგომარეობა არის თუ არა იმდენად სტაბილური, რომ სათანადო სამუშაოების შესრულების შემდეგ საცხოვრებელ სახლში ცხოვრება გახდეს უსაფრთხო.
პალატა აღნიშნავს, რომ კომისიას გადაწყვეტილების მიღებისას, საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის გათვალისწინებით არ დაუსაბუთებია რატომ არ შეიძლებოდა ტარიელაძეების ოჯახი მიკუთვნებოდა დაზარალებულთა რომელიმე კატეგორიას, ხოლო შენობის დაზიანება განსაზღვრულიყო კონკრეტული ხარისხით.
პალატა განმარტავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცირების, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის 5.5 მუხლი ითვალისწინებს ადგილობრივი გამგეობის მიერ სამინისტროში შუამდგომლობასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ერთ-ერთი ასეთ დოკუმენტს წარმოადგენს ადგილობრივი კომისიის მიერ ადგილზე გასვლით შედგენილი ვიზუალური დათვალიერების აქტი. კომისია ვალდებულია ადგილზე გასვლით შეისწავლოს საკითხი და შეადგინოს ვიზუალური დათვალიერების აქტი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომისიას ადგილზე დათვალიერება არ მოუხდენია და შესაბამისად არ შეუდგენია ვიზუალური დათვალიერების აქტი, რაც ადმინისტრაციულ წარმოების მნიშვნელოვან ხარვეზზე - აქტის გამოცემის წესის არსებით დარღვევაზე მიუთითებს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-------- და დ--------------–--ეების (უფლებამონაცვლე თ--------------–--ე) განცხადების განხილვისას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ემიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილ კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, კომისიის მიერ ადგილზე დათვალიერებით არ შესწავლილა საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივი, ვიზუალური მდგომარეობა, სხდომაზე არ მიწვეულა განმცხადებელი (დაინტერესებული მხარე), კომისიას არ შეუფასებია წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებს შორის განსხვავებები, რომლებიც არსებობდა ერთი და იგივე ორგანოს მიერ შედგენილ დასკვნებს შორისაც კი და განმცხადებლისთვის არ მიუცია შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი მოსაზრებები და დამატებითი დოკუმენტები, მათ შორის დამატებითი ექსპერტიზის დასკვნა ან/და კომისიის მიერ მოწვეული სპეციალისტის ან ექსპერტისათვის დაესვა შეკითხვები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც „სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოება და სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან მისი დადგენა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.01.2018წ. განჩინება, საქმე ¹ბს-380-375(2კ-16)).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 2----–-–------------–- N0- საოქმო გადაწყვეტილება ნ-----------------–--ისა და დ--------------–--ის (უფლებამონაცვლე თ--------------–--ე) ნაწილში და და დაევალოს კომისიას ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ-------- და თ--------------–--ეების (დ--------------–--ის უფლებამონაცვლე) ოჯახების სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულად ცნობის შესახებ, შესაბამისი კატეგორიის მინიჭებით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 0- მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ-----------------–--ის და დ---------------–--ის (უფლებამონაცვლე თ--------------–--ის) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოცემული სარჩელი აღძრულია სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით ნ-----------------–--ის წარმომადგენელ ნ------------ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის 2018 წლის 20 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით, სახაზინო კოდზე: 30073 3150, გადახდილი 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----------------–--ის და თ--------------–--ის (დ--------------–--ის უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 0- მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ-----------------–--ის და დ---------------–--ის (უფლებამონაცვლე თ--------------–--ის) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული საცხოვრებელი სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 2018 წლის 30 აპრილს N0- სხდომის ოქმი ნ-----------------–--ის და დ--------------–--ის ოჯახისთვის კატეგორიის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული საცხოვრებელი სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილ კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ-----------------–--ის და დ--------------–--ის (უფლებამონაცვლე თ--------------–--ე) ოჯახის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულად ცნობის შესახებ, შესაბამისი კატეგორიის მინიჭებით;
6. ნ-----------------–--ის წარმომადგენელ ნ------------ეს დაუბრუნდეს მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის 2018 წლის 20 ივნისს 61007004557 საიდენტიფიკაციო კოდით სახელმწიფო ბაჟის სახით 300733150 სახაზინო კოდზე გადახდილი 100 ლარი;
7. ნ-------- და თ--------------–--ეების წარმომადგენელ ნ------------ეს დაუბრუნდეს მის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის 2019 წლის 13 ივნისს N8--------- საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით 300183150 სახაზინო კოდზე გადახდილი 150 ლარი;
8. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი:ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი