განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.01.2020
საქმის ნომერი
080210118002422145
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210118002422145

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-583-2019 15 იანვარი, 2020 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

 

თავმჯდომარე: ლაურა მიქავა

მოსამართლეები: თამარ სვანიძე

ინდირა მაშანეიშვილი

 

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - შპს „ბ------“ ნ---- ლ--------- შპს „ტ----“ ვ--–------ თ-----------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება

აპელანტთა მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ხალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ბ------ს“ სარჩელის დაკმაყოფილება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- შპს ,,ბ------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

- მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

- გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს ,,ტ----ს“ სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ-------------------–-----–-- ქუჩა N-, ნ----------, მიწის საკადასტრო კოდი: 0-----------, დაზუსტებული ფართობი 33795,00 კვ.მ. ასევე, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,,ტ----ს“ შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს: - სახელმწიფო ნომერი L------, მოდელი G-------- S---, გამოშვების წელი 1988, საიდენტიფიკაციო ნომერი: 1------, ფერი ყვითელი 8/8, სარეგისტრაციო მოწმობა D--------. - სახელმწიფო ნომერი D------, მოდელი M-----------------, გამოშვების წელი 1985, საიდენტიფიკაციო ნომერი: 3-------------, ფერი რუხი 4/8, სარეგისტრაციო მოწმობა D--------. სახელმწიფო ნომერი G------, მოდელი Z-----------, გამოშვების წელი 1988, საიდენტიფიკაციო ნომერი: G----------, ფერი ლურჯი 3/8, სარეგისტრაციო მოწმობა D--------. სახელმწიფო ნომერი V-----, მოდელი F----------, გამოშვების წელი 2008, საიდენტიფიკაციო ნომერი: L----------------, ფერი თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა D--------. სახელმწიფო ნომერი B-----, მოდელი SC-----------------------, გამოშვების წელი 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი: V----------------, ფერი რუხი 5/8, სარეგისტრაციო მოწმობა D--------. სახელმწიფო ნომერი C------- მოდელი F-----------------, გამოშვების წელი 19--, საიდენტიფიკაციო ნომერი: W----------------, ფერი თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა D--------. სახელმწიფო ნომერი K-----, მოდელი M---------, გამოშვების წელი 1990, საიდენტიფიკაციო ნომერი: W----------------, ფერი წითელი 5/8, სარეგისტრაციო მოწმობა D--------. სახელმწიფო ნომერი B------, მოდელი M-------------, გამოშვების წელი 2003, საიდენტიფიკაციო ნომერი: W----------------, ფერი თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა D--------. სახელმწიფო ნომერი Q-----, მოდელი M------------, გამოშვების წელი 2008, საიდენტიფიკაციო ნომერი: W----------------, ფერი თეთრი, სარეგისტრაციო მოწმობა D--------.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. შპს „M--” მეწარმედ რეგისტრირებულია 2012 წლის 13 ივნისს, რომელმაც 2018 წელს შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს ,,ბ------“;

 

2.2. შპს ,,ტ----“ მეწარმედ რეგისტრირებულია 2003 წლის 18 ნოემბერს;

 

2.3. 2014 წლის 23 ივნისს, შპს „M---სა“ და მოპასუხე შპს „ტ----ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე შპს „M--“-ს, წ---–-----ოს რაიონი, სოფელ გ------–- უნდა შეესრულებინა საავტომობილო გზის (ბეტონის გზა) სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 240646,943 ლარს. ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოს შესრულება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით;

 

2.4. ხელშეკრულების: 5.1 პუნქტით, „დამკვეთი“ ხელშეკრულების ობიექტის მიღებას მოახდენს ეტაპობრივად. 5.2 პუნქტით, „დამკვეთი“ ვალდებულია ხელშეკრულების ობიექტის ეტაპობრივად მიღების შემდგომ თანხა გადაიხადოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 საბანკო დღის განმავლობაში. 6.1 პუნქტით, „შემსრულებელი“ იძლევა გარანტიას, რომ სამუშაოს შეასრულებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დადგენილი ნორმების დაცვით. 6.2 პუნქტით, სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადად განისაზღვროს 3 (სამი) წელი, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დაზიანებული გზის აღდგენა. აღნიშნული არ გულისხმობს საანგარიშო პერიოდში დაზიანების აღდგენას, თუ დაზიანება გამოწვეული იქნება დაუძლეველი ძალის ზეგავლენით და არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში. 10.3. პუნქტით, „შემსრულებელი“ უფლებამოსილია: 10.3.1. მოსთხოვოს „დამკვეთს“ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით. 10.4. პუნქტით, „შემსრულებელი“ ვალდებულია: 10.4.1. დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 11.1 პუნქტით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაგვიანებით შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსრულებელს ეკისრება პირგასამტეხლო სამუშაოს ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. 11.3 პუნქტით, იმ შემთხვევაში თუ „დამკვეთი“ დაჯარიმდება ვადაგადაცილების გამო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (N------------------) შესაბამისად და ეს გამოწვეული იქნება „შემსრულებლის“ მიერ თავისი კუთვნილი სამუშაოების შეუსრულებლობით, ჯარიმის მთლიან თანხას გადაიხდის „შემსრულებელი“;

 

2.5. დადგენილი იქნა, რომ შპს „M--“ (შპს ,,ბ------მ“) დაიწყო შეთანხმების შესრულება და გარკვეული სამუშაოები ჩაატარა;

 

2.6. 2017 წლის 09 ოქტომბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნით დადგენილი იქნა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი წ---–-----ოს მუნიციპალიტეტში, გ------ი-ვ---–-----ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ჩატარებული კვლევების შესაბამისად, ხილული სამუშაოები შესრულებულია პროექტის შესაბამისად. ჩატარებული კვლევების შესაბამისად გზის საფარის სისქე და ბეტონის მარკიანობა შეესაბამება საპროექტო მონაცემებს და შესაძლებელია მისი ექსპლუატაცია. წ---–-----ოს მუნიციპალიტეტის გ------ი-ვ---–-----ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ბეტონის საფარის ხარისხის შემოწმების მიზნით ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა: 1. ბეტონის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშების სიმტკიცეები იცვლება 34,22 მპა-დან (342,2კგძ/სმ2, მარკა 350, ბეტონის კლასი B25) 41,72 მპა-მდე (417,2კგძ/სმ2, მარკა 400, კლასი B30) (გამოცდის შედეგები იხილეთ ცხრილში 1 და გრაფიკულ გამოსახულებებზე, დანართი 3). 2. ბეტონის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშების საშუალო სისქეა 16,75 სმ (იხილეთ დანართი 2); 3. ექსპერტიზის მიმდინარეობა ასახულია ფოტოებზე ( დანართი 1);

 

2.7. 2015 წლის 23 აპრილის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნით დადგინდა: 1. წ---–-----ოს მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ის (ვ---–-----ის დასახლება) ბეტონის გზის საფარიდან ამოკვეთილი ცილინდრული ნიმუშების (კერნები) კუმშვაზე სიმტკიცეებიდან მხოლოდ N1 ნიმუშმა დააკმაყოფილა საპროექტო მოთხოვნა (327 კგძ/სმ2, B25 კლასი); დანარჩენი ნიმუშების სიმტკიცეები ბევრად ნაკლებია საპროექტო მნიშვნელობაზე (გამოცდის შედეგები იხილეთ ცხრილში 1 და კუმშვის დიაგრამებზე, დანართი 2); 2. რეაბილიტირებულ გზაზე ბზარების გაჩენის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზი ბეტონის ძალიან დაბალი სიმტკიცეა საპროექტო მოთხოვნასთან შედარებით;

 

2.8. 2014 წლის 10 ოქტომბერს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ შედგა აქტი, რომლის თანახმად, გზის გვერდულები იგივე მდგომარეობაშია. გზის გვერდულსა და გზას შორის არის დონეების სხვაობა, გზის შუა გამყოფ ნაწილებში არ არის ჩასხმული წებო ემულსია. 2015 წლის 05 თებერვალს ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგა აქტი, რომლის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე არსებული ბზარების აღმოფხვრის მიზნით შპს ,,ტ----ს“ მიერ მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა სამუშაოები დაუმთავრებელია და კვლავ აღინიშნება ბეტონის საფარზე ხილული ბზარები;

 

2.9. 2015 წლის 22 აპრილის შპს ,,ტ----სა“ და წ---–-----ოს მუნიციპალიტეტს შორის 2014 წლის 23 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის N1 ოქმით კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია წ---–-----ოს მუნიციპალიტეტისა და შპს ,,ტ----ს“ შორის 2014 წლის 23 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების შეწყვეტა, მიმწოდებლის შპს ,,ტ----ს“ მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევების გამო და მის მიმართ ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისიწინებული სანქციების გატარების შესახებ;

 

2.10. შპს „M--”-მ (იგივე შპს ,,ბ------“) 2014 წლის 07 ნოემბერს შეავსო საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სადაც მითითებული იქნა, რომ მომსახურების (ხელშ. N--ტენდ/2014) ღირებულება შეადგენს 240 646,9400 ლარს. შპს ,,ტ----მ“ საგადასახადო ანგარიშფაქტურა ელექტრონულად დაადასტურა 2015 წლის 04 მაისს;

 

2.11. სასამართლოს მითითებით: მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში სამუშაოების შესრულების მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს. ის ამტკიცებს, რომ 172 962.93 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა და ეკუთვნის ამ სამუშაოს ღირებულება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელემ სასამართლოს უნდა წარმუდგინოს სამუშაოთა შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები და უნდა დაამტკიცოს, რომ შეასრულა შეთანხმებული (172 962.93 ლარის ღირებულების) სამუშაოები. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება მიღება-ჩაბარების აქტით, ხელწერილით, მოწმის ჩვენებით ან სხვა ნებისმიერი ისეთი მტკიცებულებით, რომელშიც ასახული იქნება მის მიერ სამუშაოს შესრულება;

 

2.12. მოპასუხე ამტკიცებს, რომ შპს „M--”-ის მიერ სამუშაოები არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობითა და ხარისხით, რის გამოც წ---–-----ოს მუნიციპალიტეტის მიერ, რომელიც წარმოადგენდა დამკვეთს, არ მოხდა ობიექტის მიღება-ჩაბარება. შპს „ტ----ს“ მიერ, თავისივე ხარჯებით განხორციელდა ქვეკონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ხელახალი შესრულება, რასაც ადასტურებს თანდართული აქტები და ექსპერტიზის დასკვნა;

 

2.13. სასამართლოს მითითებით, სამუშაოთა შეუსრულებლობის ფაქტს მოპასუხე ვერ დაამტკიცებს. შესაბამისად, თუ არ დადგინდა, რომ შპს „M--”-მა (შპს ,,ბ------“-მ) მოსარჩელის სასარგებლოდ შეასრულა 172 962.93 ლარის სამუშაოები, მიჩნეული იქნება, რომ ასეთ ფაქტს ბუნებაში ადგილი არ აქვს;

 

2.14. მოსარჩელემ სამუშაოთა შესრულების დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა მხოლოდ საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას 240646,9400 ლარის მომსახურების შესახებ. რაც სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია და განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა 172 962.93 ლარის სამუშაოები შესრულების ფაქტი;

 

2.15. სასამართლოს მითითებით, ანგარიშფაქტურა შეიძლება გამოდგეს შესრულებული სამუშაოების ღირებულების განმსაზღვრელად, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილი პირი მიიღებს შესრულებას და მის ღირებულებას სადავოდ არ გახდის.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

2.16. სარჩელის დაკნაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსზე და განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესოკანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს;

 

2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

 

2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ

ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

2.19. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ

გათვალისწინებული ფორმით;

 

2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”;

 

2.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;

 

2.22. სასამართლომ განმარტა, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელემ და მოპასუხემ ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრეს ურთიერთ ვალდებულებათა წრე. საავტომობილო გზის (ბეტონის გზის) სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, შპს „M--”-ს (შპს ,,ბ------ს“) მოპასუხისათვის უნდა გადაეცა იმ ხარისხის, ფორმის, მდგომარეობის და ფასის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ. აღნიშნული მოქმედების შესრულება მოსარჩელისათვის სავალდებულო იყო. მხოლოდ ამ მოქმედებათა შესრულების შემდეგ წარმოეშობა მას სანაცვლო შესრულების მოთხოვნის უფლება. თუ მენარდე შეასრულებდა დაკვეთას და დამკვეთს მიაწოდებდა შესრულებას, მოპასუხეს გაუჩნდებოდა საპასუხო ვალდებულება - შესრულების ღირებულების გადახდის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ დაასრულა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებაა 172 962.93 ლარი. ამ სამუშაოთა შესრულების მტკიცებულების არარსებობა, გამორიცხავს მოპასუხის ვალდებულებას სამუშაოთა ხარჯების ანაზღაურების შესახებ. შესაბამისად, ამ კუთხით დაყენებული სარჩელი სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მტკიცებულებათა არარსებობის გამო;

 

2.23. გარდა უსაფუძვლობისა, სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა;

 

2.24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია;

 

2.25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;

 

2.26. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2014 წლის 23 ივნისის ხელშეკრულება იყო ვადიანი და მოქმედებდა 2014 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით. ამდენად, შპს „M--”-სათვის (შპს ,,ბ------“) 2014 წლის 22 ოქტომბრისათვის ცნობილი იყო, რომ მან თანხა სრულად ვერ მიიღო. საასამართლოს მითითებით: 2014 წლის 22 ოქტომბრიდან უნდა აითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, ანუ შპს „M---ს” (შპს ,,ბ------ს“) სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 22 ოქტომბრამდე უნდა წარედგინა.

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „M--”-ის წარმომადგენელმა, ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება და მოპასუხე შპს ,,ტ----სათვის“ შესრულებული სამუშაოს ღირებულების 172 962.93 ლარის დაკისრება.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, შესრულებული სამუშაოების ნაკლის შესახებ მოსარჩელისათვის მხოლოდ შესაგებლიდან გახდა ცნობილი. მოპასუხეს სამუშაოების დასრულებიდან სარჩელის შეტანამდე მოსარჩელესათვის არ უცნობებია რაიმე ნაკლის შესახებ. აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებით. ამასთან, უცნობია 2015 წლის 05 თებერვალს შედგენილ აქტში ნახსენები ბზარები იყო თუ არა გამოწვეული მოსარჩელის ქმედებით; შეეხებოდა თუ არა იმ ობიექტს და იმ მონაკვეთს, რომელზედაც პასუსხისმგებლობა მოსარჩელეს აკისრია; იყო თუ არა მზად ხელშეკრულების მხარე აღმოეფხვრა ნაკლი;

 

3.2. სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ წ---–-----ოს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ტ----ს“ შორის, 2014 წლის 23 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების შეწყვეტა, მიმწოდებლის შპს ,,ტ----“-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევების გამო მოხდა და მის მიმართ გატარდა ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები. სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია მოსარჩელის პასუხისმგებლობის საფუძვლად და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. თუმცა, სასამართლომ რურადღება არ მიაქცია, იმას რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი იყო თუ არა ის გარემოება, რაც მოსარჩელის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. ამასთან, სამუშაოთა შესრულებისას არსებული ხარვეზების შესახებ აცნობა თუ არა მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს, მოსთხოვა თუ არა ნაკლის აღმოფხვრა, შეამოწმა თუ არა სამუშაოები მიღების დროს. მითუმეტეს, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, დამკვეთი უფლებამოსილია სამუშაოების შესრულების პარალელურად მოახდინოს სამუშაოების შემოწმება, რომლის მიზანია მისი შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულების გათვალისწინებულ პირობებთან. ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხევით შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისიერი ნაკლის ან დეფექტის შესახებ დამკვეთი დაუყონებლივ წერილობით აცნობებს შემსრულებელს დაწუნებული სამუშაოების ნაწილის, წუნდების მიზეზების მითითებით. 3.3. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება შემსრულებებს. 3.5. პუნქტის მიხედვით, ინსპექტირების ჯგუფი ამოწმებს შესრულებული სამუშაოების მოცულობასა და ხარისხს;

 

3.3. გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მიხედვით, სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადად განისაზღვრა 3 წელი, რომლის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დაზიანებული გზის აღდგენა. აღნიშნული არ გულისხმობს საანგარიშო პერიოდში დაზიანების აღდგენას, თუ დაზიანება გამოწვეული იქნება დაუძლეველი ძალის ზეგვალენით და არასწორი ექსპლუატაციის შედეგად. ამ მუხლში მითითებული და განმარტებული მოთხოვნის უფლების მიუხედავად, მოსარჩელისათვის არც ერთ ეტაპზე არ იქნა მოთხოვნილი ხარვეზების (თუ მართლა არსებობდა) აღმოფხვრის შესახებ. აღნიშნულ გარემოებეზე მითითება, მხოლოდ სარჩელის წარდგენის შემდგომ მოხდა;

 

3.4. სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების შესაბამისად, უნდა მომხდარიყო 2014 წლის 22 ოქტომბერს, რის შედეგად მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო მიღება ჩაბარების აქტი. ამ აქტზე ხელმოწერის შემდგომ მოხდებოდა საფასურის გახდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა. ფაქტია, რომ მოსარჩელის მიერ სრულად გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ განხორციელებული შესრულების მოპასუხის მიერ მიღებას და საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე დღგ-ს ჩათვლას. თუ სამუშაოები იყო ხარვეზიანი არ უნდა მომხადრიყო ფაქტურის დადასტურება და დღგ-ს ჩათვლა. მოთხოვნის ფულება სწორებ ამ დადასტურების შემდგომ წარმოიშვა, ვინაიდან, მხარეთა შორის სხვა არანაირი დოკუმენტი არ გაფორმებულა ხელშეკრულების შესრულების შესახებ;

 

3.5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან უნდა აითვალოს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც გადიოდა 2018 წლის 04 მაისს. შესაბამისად, სარჩელის შეტანა მოხდა ვადის გასვლამდე, რაც გამორიცხავს სასარჩელო ხანდაზმულობას. ფაქტია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ დაადასტურა მოპასუხემ წარდგენილი ფაქტურა და ჩაითვალა დღგ. შესაბამისად, მიიღო შესრულება. ამასთან, დღემდე არ წარმოუდგენია სხვა არანაირი დოკუმენტი დადასტურებული ფაქტურისა და დღგ-ს შეცდომით ჩათვლის ან უკან დაბრუნების შესახებ;

 

3.6. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ითხოვა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები;

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასამუთება:

 

4.1. დადგენილია, რომ შპს „M--” მეწარმედ რეგისტრირებულია 2012 წლის 13 ივნისს, რომელმაც 2018 წელს შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს ,,ბ------“;

 

4.2. 2014 წლის 23 ივნისს, შპს „M---სა“ და შპს „ტ----ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს, წ---–-----ოს რაიონი, სოფელ გ------–- უნდა შეესრულებინა საავტომობილო გზის (ბეტონის გზა) სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 240646,943 ლარს. ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოს შესრულება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით (ს.ფ.29-31);

 

4.3. მითითებული ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს სამუშაოს შესრულების პირობები და ხელშეკრულების ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი და ვადები. კერძოდ: ხელშეკრულების: 5.1 პუნქტის თანახმად, „დამკვეთი“ ხელშეკრულების ობიექტის მიღებას მოახდენს ეტაპობრივად. 5.2 პუნქტით, „დამკვეთი“ ვალდებულია ხელშეკრულების ობიექტის ეტაპობრივად მიღების შემდგომ თანხა გადაიხადოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 საბანკო დღის განმავლობაში;

 

4.4. ხელშეკრულების 6.1 პუნქტით, „შემსრულებელმა“ იკისრა გარანტია, რომ სამუშაოს შეასრულებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დადგენილი ნორმების დაცვით. 6.2 პუნქტით, სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადად განისაზღვრა 3 (სამი) წელი, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დაზიანებული გზის აღდგენა. აღნიშნული არ გულისხმობს საანგარიშო პერიოდში დაზიანების აღდგენას, თუ დაზიანება გამოწვეული იქნება დაუძლეველი ძალის ზეგავლენით და არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში;

 

4.5. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-10 მუხლში გაწერილი იქნა მხარეთა უფლება-მოვალეობები. 10.1.1. მუხლით „დამკვეთი“ უფლებამოსილია სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს მოითხოვოს „სემსრულებლისაგან“ მისთვის საჭირო ინფორმაცია. 10.2.1. პუნქტით „დამკვეთი“ ვალდებულია უზრუნველყოს შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზრაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების და პირობების დაცვით. 10.3. პუნქტით, „შემსრულებელი“ უფლებამოსილია: 10.3.1. მოსთხოვოს „დამკვეთს“ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით. 10.4. პუნქტით, „შემსრულებელი“ ვალდებულია: 10.4.1. დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

 

4.6. ამავე ხელშეკრულების 11.1. პუნქტით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაგვიანებით შესრულებისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსრულებელს ეკისრება პირგასამტეხლო სამუშაოს ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. 11.3. პუნქტით, იმ შემთხვევაში თუ „დამკვეთი“ დაჯარიმდება ვადაგადაცილების გამო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (N------------------) შესაბამისად და ეს გამოწვეული იქნება „შემსრულებლის“ მიერ თავისი კუთვნილი სამუშაოების შეუსრულებლობით, ჯარიმის მთლიან თანხას გადაიხდის „შემსრულებელი“;

 

4.7. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს, აღნიშნული თაობაზე დათქმა მხარეებმა ხელშეკრულების მე-12 მუხლში გააკეთეს, რომლის თანახმადაც: ხელშეკრულების დამდები ერთ - ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ;

 

4.8. მხარეთა შორის სადავო არ არის ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს „M---მა“ დაიწყო შეთანხმების შესრულება და გარკვეული სამუშაოები ჩაატარა;

 

4.9. მოპასუხე მხარის მითითებით შპს „M---ის“ მიერ სამუშაოები არ შესრულდა სრულად, ამასთან ნაწილობრივ შესრულებული სამუშაო იყო ხარვეზიანი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნები; ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ შედენილი აქტები და 2015 წლის 22 აპრილის შპს ,,ტ----“-სა და წ---–-----ოს მუნიციპალიტეტს შორის 2014 წლის 23 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის N1 ოქმი;

 

4.10. 2014 წლის 10 ოქტომბერს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ შედგენილი აქტის თანახმად: გზის გვერდულები იგივე მდგომარეობაშია. გზის გვერდულსა და გზას შორის არის დონეების სხვაობა, გზის შუა გამყოფ ნაწილებში არ არის ჩასხმული წებო ემულსია (ს.ფ.73);

 

4.11. 2015 წლის 05 თებერვლის ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგა აქტი, რომლის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე არსებული ბზარების აღმოფხვრის მიზნით შპს ,,ტ----ს“ მიერ მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა სამუშაოები დაუმთავრებელია და კვლავ აღინიშნება ბეტონის საფარზე ხილული ბზარები (ს.ფ.75);

 

4.12. 2015 წლის 22 აპრილის შპს ,,ტ----“-სა და წ---–-----ოს მუნიციპალიტეტს შორის 2014 წლის 23 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის N1 ოქმით,კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია წ---–-----ოს მუნიციპალიტეტისა და შპს ,,ტ----“-ს შორის 2014 წლის 23 ივნისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულების შეწყვეტა, მიმწოდებლის შპს ,,ტ----“-ს მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევების გამო და მის მიმართ ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისიწინებული სანქციების გატარების შესახებ;

 

4.13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2015 წლის 23 აპრილის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ: 1. წ---–-----ოს მუნიციპალიტეტის სოფელ გ------ის (ვ---–-----ის დასახლება) ბეტონის გზის საფარიდან ამოკვეთილი ცილინდრული ნიმუშების (კერნები) კუმშვაზე სიმტკიცეებიდან მხოლოდ N1 ნიმუშმა დააკმაყოფილა საპროექტო მოთხოვნა (327 კგძ/სმ2, B25 კლასი); დანარჩენი ნიმუშების სიმტკიცეები ბევრად ნაკლებია საპროექტო მნიშვნელობაზე (გამოცდის შედეგები იხილეთ ცხრილში 1 და კუმშვის დიაგრამებზე, დანართი 2); 2. რეაბილიტირებულ გზაზე ბზარების გაჩენის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზი ბეტონის ძალიან დაბალი სიმტკიცეა საპროექტო მოთხოვნასთან შედარებით (ს.ფ.143-174);

 

4.14. მოპასუხემ განმარტა, რომ მითითებული ხარვეზი გამოასწორა საკუთარი სახსრებით, რომლის შემდგომაც შესრულებული სამუშაო მოყვანილი იქნა პროექტთან შესაბამისობაში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 09 ოქტომბრის N0-------- დასკვნა. დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი წ---–-----ოს მუნიციპალიტეტში, გ------ი-ვ---–-----ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე ჩატარებული კვლევების შესაბამისად, ხილული სამუშაოები შესრულებულია პროექტის შესაბამისად. ჩატარებული კვლევების შესაბამისად გზის საფარის სისქე და ბეტონის მარკიანობა შეესაბამება საპროექტო მონაცემებს და შესაძლებელია მისი ექსპლუატაცია. წ---–-----ოს მუნიციპალიტეტის გ------ი-ვ---–-----ის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ბეტონის საფარის ხარისხის შემოწმების მიზნით ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა: 1. ბეტონის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშების სიმტკიცეები იცვლება 34,22 მპა-დან (342,2კგძ/სმ2, მარკა 350, ბეტონის კლასი B25) 41,72 მპა-მდე (417,2კგძ/სმ2, მარკა 400, კლასი B30) (გამოცდის შედეგები იხილეთ ცხრილში 1 და გრაფიკულ გამოსახულებებზე, დანართი 3). 2. ბეტონის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშების საშუალო სისქეა 16,75 სმ (იხილეთ დანართი 2); 3. ექსპერტიზის მიმდინარეობა ასახულია ფოტოებზე ( დანართი 1). მოქმედი კანონმდებლობით რაიმე შეზღუდვა, რომელიც ზღუდავს კონკრეტული საავტომობილო გზის ექსპლუატაციასარ არის. ფაქტიურად გზა არის ექსლპუატაციაში (ს.ფ.109-142);

 

4.15. შპს „M--”-მ (იგივე შპს ,,ბ------“) 2014 წლის 07 ნოემბერს შეავსო საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სადაც მითითებული იქნა, რომ მომსახურების (ხელშ. N--ტენდ/2014) ღირებულება შეადგენს 240 646,9400 ლარს. შპს ,,ტ----“-მ საგადასახადო ანგარიშფაქტურა ელექტრონულად დაადასტურა 2015 წლის 04 მაისს (ს.ფ.25);

 

4.16. აღნიშნული მტკიცებულების წარმოდგენით მოსარჩელე ცდილობს თავის მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ, შესრულებული იქნა 172 962.93 ლარის ღირებულების სამუშაოები და ეკუთვნის ამ სამუშაოს ღირებულება მოპასუხისაგან, მაშინ როდესაც თავად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შესრულებული სამუშაოს მიღება ხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით;

 

4.17. ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ინდივიდუალურ მტკიცებულებად შეფასების პირობებში სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საფი“ (საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა) საჯარო სამართლის სფეროს მიკუთვნებული, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სპეციალური დანიშნულების მქონე დოკუმენტია და ემსახურება საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებულ მიზანს - გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივი მდგომარეობის, ასევე, საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრას. მიუხედავად ამისა, პალატა ამ მტკიცებულების ღირებულებით ძალას სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის არ უარყოფს, რადგანაც მისი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად შეფასებით შესაძლებელია, დადასტურებულ იქნეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი. უშუალოდ „საფის“ თაობაზე აპელანტის პოზიციის შემოწმების მიზნით, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლით, რომლის პირველი და 11 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო ანგარიშფაქტურა შეიძლება, გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. ამავე კოდექსის 1751 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია შემოიღოს ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც შეიცავს როგორც სასაქონლო ზედნადებით, ისე საგადასახადო ანგარიშფაქტურით (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურებით) გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, და განსაზღვროს მისი გამოწერისა და წარდგენის წესი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №9-- ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია, განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინრეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, w-------- (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე, საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, ვიდეოზარის/წერილობითი განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით;

 

4.18. აქვე სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საფი, საჯარო კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტია და საჯარო მიზნებს ემსახურება, თუმცა, სამოქალაქო სამართლისათვის მას გარკვეული ღირებულება გააჩნია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიზნებისათვის, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შესაძლოა ის გახდეს მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულებით, (სადავოობის შემთხვევაში) არ შეიძლება დადასტურდეს ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობისას შესრულებული სამუშაოს ღირებულება;

 

4.19. სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 629.1 და 648-ე მუხლები წარმოადგენს [629.1მ. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური; 648-ე მ. შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ - ნაწილ გადახდას], რომელთა ფარგლებშიც, მოსარჩელეს ეკისრება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის, მის მიერ სამუშაოს შესრულების, მოპასუხის მიერ ამ სამუშაოს მიღებისა და ამ გზით ვალდებულების შეწყვეტის, ასევე, საზღაურის გადაუხდელობის ფაქტის მითითების ტვირთი, ხოლო იმის მიხედვით, თუ რომელ ფაქტებს შეედავება მოპასუხე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის უნდა განაწილდეს სადავო ფაქტების მტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელითა და მასზე თანდართული მტკიცებულებებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო თავის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რაც შეეხება მოპასუხის შესაგებელს, მან არსებითი ხასიათის შედავება წარადგინა და განმარტა, რომ ვალდებულება არაჯეროვნად იყო შესრულებული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხის მიერ დადასტურებული იქნა ინსპექტირების აქტებითა და ექსპერტიზის დასკვნით;

 

4.20. პალატა მიიჩნევს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტის და მოპასუხისათვის სამუშაოს სრულად შესრულების და ჩაბარების მტკიცება მოსარჩელეს ეკისრება;

 

4.21. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება;

 

4.22. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის;

 

4.23. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

 

4.24. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება;

 

4.25. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან);

 

4.26. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან;

 

4.27. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა;

 

4.28. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64);

 

4.29. პალატა განმარტავს, რომ განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, სათანადო მტკიცებულებათა წარმოდგენის გზით (მიღება - ჩაბარების აქტი, ექსპერტიზის დასკვნა), რომ მოსარჩელის წინაშე მოპასუხეს ვალდებულება შესასრულებელი აქვს;

 

4.30. პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

 

4.31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად: შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ - ნაწილ გადახდას;

 

4.32. სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელე მხარემ სათანადო, სანდო და უტყუარი მტკიცებულების წარმოდგენით ვერ შეძლო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება და ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე შპს „ტ----“-ს მხრიდან დავალიანების არსებობა, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია;

 

4.33. პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას სარჩელის ხანდაზმულად ცნობასთან დაკავშირებით;

 

4.34. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად: სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა;

 

4.35. ამავე კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულია სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა, რომლის მესამე ნაწილის თანახმადაც: „ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც“;

 

4.36. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად: „ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ“;

 

4.37. დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 2014 წლის 23 ივნისს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით. შესაბამისად, შპს „M--”-სათვის (შპს ,,ბ------“) 2014 წლის 22 ოქტომბრისათვის ცნობილი იყო სადავოდ ქცეული უფლების შესახებ;

 

4.38. დადგენილია, რომ შბს „ბ------“-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილს, ანუ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, რაც სარჩელის ხანდაზმულად ცნობის საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შპს „ბ------“-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტის შპს „ბ------“-ს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „ბ------“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილი გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის შპს „ბ------“-ს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: ინდირა მაშანეიშვილი

 

თამარ სვანიძე