განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210119002837015
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/6155-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
I. აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ----- ბ----’’
წარმომადგენელი - ს--–-------–----–---–-, ლ---–-----–---
II. აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - დ----- ლ------
წარმომადგენელი - კ-----------–---–-
დავის საგანი - კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
I.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „თ----- ბ----ს“ სარჩელი; დ----- ლ------ს დაეკისრა სს „თ----- ბ----სათვის“ 2015 წლის 16 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 4 4353,08 ლარის გადახდა, ხოლო ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 2019 წლის 1 თებერვლიდან თვეში 104,98 ლარის გადახდა 5 თვის განმავლობაში, ჯამურად 524,9 ლარის გადახდა; 2017 წლის 28 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 6373,66 ლარის გადახდა, ხოლო ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 2019 წლის 1 თებერვლიდან თვეში 137,48 ლარის გადახდა 5 თვის განმავლობაში, ჯამურად 687,4 ლარის ოდენობით. 2017 წლის 15 დეკემბრის სწრაფი განვადების ხელშეკრულების საფუძველზე 728,89 ლარის გადახდა; 2018 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 1512,6 ლარის გადახდა; 2018 წლის 5 აპრილის სწრაფი განვადების ხელშეკრულების საფუძველზე 1226,68 ლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ვალდებულების სრულ შესრულებამდე დაკისრების შესახებ და პირგასამტეხლოს მოთხოვნა 3757,82 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 16 ივლისს სს „თ----- ბ---სა“ და დ----- ლ------ს შორის დაიდო საკრედიტი ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბ----სგან მიიღო საკრედიტო ბარათი PRIME Card, 3500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. სარგებელი შეადგენს წლიურ 36%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 20 ლარს, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 5203.51 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3499.60 ლარი, პროცენტი 453.47 ლარი, დარიცხული ჯარიმა 1250.44 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 20-26. ტომი 1)
– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 53-65. ტომი 1)
– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73. ტომი 1)
– მოპასუხის განმარტება (30.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
2.2. 2017 წლის 28 ივნისს სს „თ----- ბ---სა“ და დ----- ლ------ს შორის დაიდო საკრედიტი ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბ----სგან მიიღო საკრედიტო ბარათი PRIME Card, 5000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. სარგებელი შეადგენს წლიურ 33%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ერთჯერად ჯარიმას 20 ლარი, რასაც ემატება ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, 2018 წლის ივლისის შემდეგ არ დაუბრუნებია კრედიტი. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 8210.55 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4999.28 ლარი, პროცენტი 964.38 ლარი, ჯარიმა 2446.89 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი(ს.ფ. 27-28. ტომი 1)
– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 66-69. ტომი 1)
– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73. ტომი 1)
– მოპასუხის განმარტება (30.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
2.3. 2017 წლის 15 დეკემბერს დადებულია საკრედიტო ხელშეკრულება სწრაფი განვადების შესახებ, რომლის საფუძველზე დ----- ლ------მ ბ----სგან მიიღო კრედიტი 1461.42 ლარი, კრედიტის ვადაა 377 დღე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თანხის გადახდა გრაფიკით დადგენილი წესით ყოველთვიურად 123.69 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარის ოდენობით, ამას დამატებული დავალიანების 1.5%. 2018 წლის ივლისის შემდეგ კრედიტი არ დაუბრუნებია. მოპასუხის დავალიანებაა 1002.31 ლარი, საიდანაც 608.89 ლარი არის ძირითადი თანხა, პირგასამტეხლო 393.42 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 40-44. ტომი 1)
– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 70. ტომი 1)
– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73. ტომი 1)
– მოპასუხის განმარტება (30.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
2.4. 2018 წლის 5 აპრილს დადებულია საკრედიტო ხელშეკრულება სწრაფი განვადების შესახებ, რომლის საფუძველზე დ----- ლ------მ ბ----სგან მიიღო კრედიტი 1540 ლარი, კრედიტის ვადაა 361 დღე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თანხის გადახდა გრაფიკით დადგენილი წესით ყოველთვიურად 17 რიცხვში 128.37 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარის ოდენობით, ამას დამატებული დავალიანების 1.5%. 2018 წლის ივლისის შემდეგ კრედიტი არ დაუბრუნებია. მოპასუხის დავალიანებაა 1653.18 ლარი, საიდანაც 1026.69 ლარი არის ძირითადი თანხა, პირგასამტეხლო 626.50 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 44-48. ტომი 1)
– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 71. ტომი 1)
– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73. ტომი 1)
– მოპასუხის განმარტება (30.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
2.5. 2018 წლის 18 იანვარს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 1000 ლარი, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო ჯამში 12 გადახდით. კრედიტი გაიცა 365 დღით. ყოველთვიური შენატანია სესხის მომსახურების საკომისიო 50 ლარი, ხოლო კრედიტის ბოლოს ყოველთვიურ საკომისიოს დამატებული ძირითადი თანხა 1050 ლარი. შენატანების ოდენობა ჯამში არის 1600 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველდღიურად გადასახდელი თანხის 0.41%. კრედიტის დაბრუნების ვალდებულება არ შესრულდა, ვადა გადაცილებულია 2018 წლის ივლისიდან. მოპასუხის დავალიანებაა 1975.66, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 1000 ლარი, სესხით მომსახურების საკომისიო 312.60 ლარი, პირგასამტეხლოა 663.06 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 49-52. ტომი 1)
– ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 20-26. ტომი 1)
– დავალიანების ცნობა (ს.ფ. 73. ტომი 1)
– მოპასუხის განმარტება (30.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.6. მხარეებს შორის სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება. მხარეებს შორის სხვადასხვა დროს დადებულია 5 საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ბ----ს მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ნაწილობრივ. კერძოდ,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოპასუხემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ კრედიტი არ დაუბრუნებია, რადგან ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, თუმცა არ მიუთითებია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების, მათი შეთანხმების შემთხვევაში განისაზღვრება.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც. პროცენტი სესხს ერიცხება საკრედიტო ვალდებულების წარმოშობიდან, ხელშეკრულების დადებიდანვე იმ ვადაში, რა ვადითაც გაცემულია კრედიტი და მსესხებლის უპირობო ვალდებულებაა ძირითად თანხასთან ერთად გადაიხადოს კრედიტის სარგებელი.
მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების
გადახდა, რადგან მოპასუხემ ცნო ეს მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხიდან გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.
2.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება პირგასმატეხლოს გონივრულობის საკითხში და მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს შემდეგი საფუძვლების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობითი ფორმით დადებული.
პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას. ტერმინი „შეუსაბამოდ მაღალი“ მიუთითებს კანონმდებლის ნებაზე, რომ შემცირებას შეიძლება დაექვემდებაროს ისეთი პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა აშკარად და თვალსაჩინოდ მაღალია სადაო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებთან და ვალდებულების შეუსრულებლობის ხასიათთან. ამდენად, შემცირებას ექვემდებარება არ მარტო ოდენობის თვალსაზრისით მაღალი თანხის პირგასამტეხლო, არამედ ისეთი თანხა რომელიც თვალსაჩინოდ შეუსაბამოა კონკრეტული ვალდებულების დარღვევის გარემოებებთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
პირგასამტეხლოს გააჩნია სანქციის ფუნქცია, რადგან მისი მიზანია ფულადი სანქციის დაკისრების შიშით თავიდან აიცილოს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს ასევე აქვს ზიანის მინიმალურად და სწრაფად ანაზღაურების ფუნქციაც.
პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასების პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, სავარაუდო ზიანს. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას
მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის საგამონაკლისო უფლება, რომლის მიზანია სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა, მხარეთა უფლებრივი თანაზომიერების პრინციპი დაცვა. ნორმის მიზანია თუნდაც ვალდებულების დამრღვევი მხარის დაცვა გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან, რადგან ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ (მაგალითად ბ---მა) ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლო აღჭურვილია უფლებამოსილებით, შეამციროს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო და განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ სადაო ურთიერთობისათვის სამართლიანი და გონივრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანი არ არის მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება და კრედიტორის მართლზომიერი ინტერესების უგულებელყოფა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია მხარეთა მართლზომიერ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა და ვალდებულების დარღვევის გამო მოვალისათვის გონივრული პასუხისმგებლობის დაკისრება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას 2019 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. მართალია მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას არა ვალდებულების შესრულებამდე სრული პერიოდისათვის, არამედ ზღვრულ ოდენობამდე თანხის დაკისრებას, მაგრამ მოსარჩელის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არაგონივრულად გაზრდის პირგასამტეხლოს, რადგან ამავე პერიოდისათვის მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას ვალდებულების სრულად შესრულებამდე. როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციაც გააჩნია, რის გამოც ერთდროულად ზიანის და მოთხოვნილი თანხის პირგასამტეხლოს დაკისრება მოპასუხის მეტისმეტად მკაცრ ფულად პასუხისმგელობას გამოიწვევს, ნიშნავს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მის დასჯას, რაც პირგასამტეხლოს ფუნქცია არ არის.
2015 წლის 16 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს 1250.44 ლარის დაკისრებას და 2019 წლის 1 თებერვლიდან ყოველდღიურად 9,44 ლარის დაკისრებას ზღვრული თანხის 500 ლარის ფარგლებში, რაც არის 52 დღის პირგასამტეხლო, ხოლო 2019 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის 30 მაისამდე უკვე გასულია 119 დღე და ზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება უკვე წარმოშობილია. საერთო ჯამში მოთხოვნილი პირგასამტეხლოა 1750 ლარი. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის დავალიანებაა 3499.60 ლარი, ხოლო სარგებლის 453.47 ლარი, რაც ჯამში არის 3953.47 ლარი. ამდენად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის დავალიანების თითქმის 45%. კრედიტის დაბრუნების ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია 2018 წლის აგვისტოდან, ხოლო სარჩელი აღძრულია 2019 წლის 6 თებერვალს. სარჩელის აღძვრამდე გასულ რამდენიმე თვიან პერიოდში ამ ოდენობის თანხის დაკისრება არაგონივრულად მაღალ ფულად პასუხისმგებლობას გამოიწვევს, მითუფრო ისეთ პირობებში, როცა მოსარჩელე ამავე პერიოდში მიუღებელი შემოსავლის დაკისრებასაც მოითხოვს. გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე ამ ვალდებულებას 3 წლის განმავლობაში ასრულებდა, რის გამოც პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 400 ლარით.
ასევე უნდა შემცირდეს 2017 წლის 8 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო. სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 4909.28 ლარი, ხოლო სარგებელია 964.38 ლარი, ჯამში 5373.66 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს 2246.89 ლარს, რაც საერთო დავალიანების თითქმის ნახევარია. ასევე მოითხოვს 2019 წლის 1 თებევრლიდან ყოველდღიურად 13,49 ლარს დაკისრებამ არა უმეტეს 500 ლარის, შესაბამისად, საერთო ჯამში მოთხოვნილია პირგასამტეხლო 2746,89 ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი ოდენობით ფინანსური სანქციის დაკისრება აშკარად გადაჭარბებული პასუხისმგებლობის ზომაა იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობა, მოპასუხე 2017 წლის 28 ივნისიდან 2018 წლის აგვისტომდე ვალდებულებას ასრულებდა. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასაც, რის გამოც პირგასამტეხლო ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქცია ამ შემთხვევაში აღარ აქვს. აღნიშნული გარემოებების გამო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს 500 ლარით.
ასევე უნდა შემცირდეს 2017 წლის 15 დეკემბრის სწრაფი განვადების ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო. მოსარჩელე მოითოვს 390.93 ლარის დაკისრებას, ხოლო სესხის ძირთადი თანხის დავალიანებაა 608.89 ლარი. ამ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება, თუმცა სესხად მიღებული 1461.42 ლარიდან დაბრუნებულია 852.53 ლარი, კრედიტის ნახევარზე მეტი. პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილია ძირითადი თანხის დავალიანების ნახევარზე მეტი, რაც ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით არაგონივრულად მკაცრი სანქციაა, პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 120 ლარით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა შემცირდეს 2018 წლის 5 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო – 626.50 ლარი. ამ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია კრედიტი 1540 ლარი, საიდანაც დავალიანებაა 1026.68 ლარი. შესაბამისად, 2018 წლის აგვისტომდე მოპასუხე კრედიტს იხდიდა, რის გამოც დავალიანების თითქმის 1/2 ნაწილის ოდენობით ფინანსური სანქციის დაკისრება მოპასუხის დასჯისკენ მიმართული ქმედებაა და მიზნად არ ისახავს განცდილი ფინანსური დანაკარგის კომპენსირებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ გონივრული ფინანსურ სანქციაა 200 ლარის დაკისრება, რადგან მოსარჩელე ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას არ მოითხოვს და ამ თანხის დაკისრება უზრუნველყოფს ასევე ზიანის მინიმალურად ანაზღაურებასაც.
ასევე უნდა შემცირდეს 2018 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო. მოპასუხემ მიიღო კრედიტი 1000 ლარი, რაც დაბრუნებული არ არის. პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილია 663.06 ლარი, დავალიანების ნახევარზე მეტი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის რამდენიმე ერთგვაროვანი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს, რომელთა საფუძველზე მოპასუხე 2018 წლის აგვისტომდე კრედიტის დაბრუნების ვალდებულებას ასრულებდა, ბანკისათვის დაბრუნებული აქვს მიღებული კრედიტების თანხის სერიოზული ნაწილი. ამ გარემოების გათვალისწინებით 2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 200 ლარით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს 2015 წლის 16 ივლისის და 2017 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებების შეუსრულებლობის გამო 2019 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითადი თანხის დავალიანების იმ პროცენტით, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხის მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.
მოსარჩელის ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის გადასაწყვეტად მხედველობაშია მისაღები საკრედიტო ხელშეკრულების იურიდიული ბუნება. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .
განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი იყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება.
სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - Nას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; Nას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.). ასევე 17 , 2017 წლის თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-681-652-2016. ,აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმაში რომ თანხის დაუბრუნებლობის გამო იგი ვერ იღებს შემოსავალს ამ თანხის კვლავ საკრედიტო ბრუნვაში გამოყენების გზით, ვერ გასცემს ამ თანხას ისევ კრედიტის სახით და ვერ იღებს სარგებელს.
სასამართლომ განმარტა, რომ სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელიც ბანკმა ვერ მიიღო მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების სრულ შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით. კერძოდ, სს „თ----- ბ---სა“ და დ----- ლ------ს შორის 2015 წლის 16 ივლისს და 2017 წლის 28 ივნისს საკრედიტო ხელშეკრულება გრძელვადიანია, იგი შეეხება საკრედიტო ბარათის მიღებას, რომლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მსესხებელს ევალება ფაქტობრივად დახარჯული თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნება. მოპასუხე ამ ვალდებულებას ასრულდება 2018 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით, რის შემდეგ კრედიტის დაბრუნება შეწყვიტა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ეს ნორმა მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.
ბანკის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება ზიანის ოდენობის შესახებ დებულებას არ შეიცავს, თუმცა კანონის ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არა მეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში. ამ შემთხვევაში მსესხებელი კრედიტის დაბრუნების ვალდებულებას ასრულებდა თითქმის სამი წლის მანძილზე. მხარეებს შორის გაფორმებული სამომხარებლო ხასიათის საკრედიტო ხელშეკრულება, რის გამოც 348-ე მუხლით დადგენილი პრინციპის საფუძველზე მოვალეს ზიანის ანაზღაურება ეკისრება გონივრულობის სტანდარტის დაცვით. ამ შემთხვევაში ბანკისათვის ზიანის მიყენება გამოწვეულია ვალდებულების არაჯეროვანის შესრულებით, მოვალე რამდენიმე წლის განმავლობაში იხდიდა კრედიტის თანხას, რის გამოც ამ პერიოდში ბანკი იღებდა სარგებელს. ამ გარემოების გამო გონივრული არ იქნება მსესხებელს დაეკისროს ისეთივე პასუხისმგებლობა, რაც ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის პირობებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად თანხის გადახდა არაუმეტეს 5 თვისა.
2015 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების შემთხვევაში მოთხოვნილია თვეში 104,98 ლარის გადახდა, ხოლო 5 თვეში გადასახდელია არაუმეტეს 524,9 ლარისა. 2017 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილია თვეში 137,48 ლარის გადახდა, რაც 5 თვეში გადასახდელია არაუმეტეს 687,4 ლარისა.
საერთო ჯამში მოპასუხის მიერ შესასრულებელი საკრედიტო ვალდებულების ოდენობა შემდეგია:
• 2015 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია ჯამში 1877,987 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 3499,60 ლარი, პროცენტი - 453,47 ლარი პირგასამტეხლო - 400 ლარი, მიუღებელი შემოსავალი თვეში 104,98 ლარი არაუმეტეს 5 თვისა (524,9 ლარი).
• 2017 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია ჯამურად
7451,06 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 4909,28 ლარი, პროცენტი - 964,38 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარი, მიუღებელი შემოსავალი თვეში 137,48 ლარი არაუმეტეს 5 თვისა (687,4 ლარი).
• 2017 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია 728,89 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 608,89 ლარი, პირგასამტეხლო - 120 ლარი.
• 2018 წლის 5 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია 1226,68 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა 1026,68 ლარი, პირგასამტეხლო 200 ლარი.
• 2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია 1512,6 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1000 ლარი, საკომისიო - 312,60 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი. ჯამურად გადასახდელი თანხაა 15 496,21 ლარი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა სს ,,თ----- ბ----ს’’ მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და უსაფუძვლოდ შეამცირა მოპასუხისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა. აპელანტის მითითებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარე იმაზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე კეთილსინდისიერი მსესხებელი, რომელიც ჯეროვნად ასრულებს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. აპელანტის მოსაზრებით პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო გარემოებები მასზედ, რომ 2018 წლის ივლისი-აგვისტოს შემდეგ მოპასუხის მხრიდან გადახდები განხორციელებული აღარ ყოფილა, ვალდებულების დარღვევიდან ერთი წლის შემდეგ ბანკისთვის კვლავ უცნობია კონკრეტულად როდის მოხდება ვალდებულების შესრულება, უფრო მეტიც, ბანკის მოთხოვნა არ წარმოადგენს რა უზრუნველყოფილ მოთხოვნას, აღნიშნული კიდევ უფრო გააჭიანურებს კრედიტის სახით გაცემული თანხის დაბრუნების პროცესს. აპელანტის აზრით სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეადგენდა რა კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 50 %-ს საერთოდ აღარ არსებობდა მისი შემცირების ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძველი.
3.1.2. აპელანტი პრეტენზიას აცხადებს მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი სარგებლის შემცირებაზე და განმარტავს, რომ ბანკი ვერც მის მიერ კრედიტის სახით გაცემულ თანხას იბრუნებს, რითიც თანხის კვლავ დაკრედიტების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას კარგავს და ვერც სარგებელს იღებს მოპასუხისგან. აპელანტის განმარტებით საბ---ო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესი კრედიტის გაცემა და ამით შემოსავლის მიღებაა. შესაბამისად, ბანკის მიერ მსესხებელთან ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. საბანკო დაწესებულების შემთხვევაში შემოსავალში შეიძლება ვიგულისხმოთ საპროცენტო განაკვეთი, რაც კრედიტის სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი, ამასთან მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისთვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება, კონკრეტული პროცენტი კი მოქმედების მხოლოდ იმ პერიოდისთვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგან ბანკს აქვს შესაძლებლობა სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება. აპელანტის განმარტებით კრედიტის დაბრუნებამდე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობით მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავალის მოთხოვნა არ წარმოადენს ზიანის ანაზღაურების გადამეტებულ მოთხოვნას და უნდა დაექვემდებაროს დაკმაყოფილებას.
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა დ----- ლ------ს მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.2.1. აპელანტის პრეტენზია შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებულ პირგასამტეხლოს, ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ბანკის სასარგებლოდ წლების განმავლობაში იხდიდა კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს აღარ არსებობდა პირგასამტეხლოს შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1 სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1.1.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილია და სააპელაციო საჩივრებით სადავოდ არ ხდება რომ:
- 2015 წლის 16 ივლისს სს „თ----- ბ---ს“ და დ----- ლ------ს შორის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც დ----- ლ------მ ბ----სგან მიიღო საკრედიტო ბარათი - PRIME Card მასზე დარიცხული 3500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით, კრედიტით სარგებლობის წლიურ საპროცენტო განაკვეთი 36%-ით, ხოლო კრედიტის დაბრუნების ვადის ყოველი დარღვევისთვის გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს 20 ლარით, ყოველდღიურ პირგასამტეხლო კი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ით განისაზღვრა.
- 2017 წლის 28 ივნისს სს „თ----- ბ---სა“ და დ----- ლ------ს შორის საკრედიტი ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც დ----- ლ------მ ბ----სგან მიიღო საკრედიტო ბარათი - PRIME Card, მასზე დარიცხული 5000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით, კრედიტით სარგებლობის წლიურ საპროცენტო განაკვეთს 33% შეადგენდა, ხოლო კრედიტის დაბრუნების ვადის ყოველი დარღვევისთვის გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს 20 ლარი, ყოველდღიურ პირგასამტეხლოს კი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ს შეადგენდა.
- 2017 წლის 15 დეკემბერს ერთი მხრივ დ----- ლ------ს და მეორე მხრივ სს ,,თ----- ბ---ს’’ შორის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1461.42 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა მსესხებელს ბ----სთვის 27.01.2018 წლიდან 27.12.2018 წლამდე ყოველთვიურად 123.69 ლარის გადახდით უნდა დაებრუნებინა. კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ფიქსირებული ორი ლარის და ყოველდღიურად დავალიანების თანხის 1.5%-ის ოდენობით.
- 2018 წლის 5 აპრილს დ----- ლ------ს და სს ,,თ----- ბ---ს’’ შორის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1540 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა მსესხებელს ბ----სთვის 01.05.2018 წლიდან 01.04.2019 წლამდე ყოველთვიურად 128.37 ლარის გადახდით უნდა დაებრუნებინა. კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ფიქსირებული ორი ლარის და ყოველდღიურად დავალიანების თანხის 1.5%-ის ოდენობით.
- 2018 წლის 18 იანვარს დ----- ლ------ს და სს ,,თ----- ბ---ს’’ შორის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 92.43 %--ს შეადგენდა, მსესხებელს კრედიტის სახით მიღებული თანხა ბ----სთვის ყოველთვიურად, ჯამში 12 შენატანის ფარგლებში უნდა დაებრუნებინა. კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადა გადაცილების დღეს არსებული ნარჩენი დავალიანების 0.41%-ს შეადგენდა.
- უდავოა, რომ მსესხებელმა დაარღვია ზემოაღნიშნული გარიგებებით ნაკისრი ვალდებულებები, 2018 წლის ივლისი-აგვისტოს შემდეგ მას არცერთი გარიგების საფუძველზე გადახდა აღარ განუხორციელებია.
4.1.2. საქმეში წარმოდგენილი დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით, 2019 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით დ----- ლ------ს დავალიანებაა: 1. 2015 წლის 16 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 5203.51 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 3499.60 ლარი, პროცენტი- 453.47 ლარი, ჯარიმა - 1250.44 ლარი; 2. 2017 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე - 8210.55 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 4999.28 ლარი, პროცენტი - 964.28 ლარი და ჯარიმა 2246.89 ლარი; 3. 2017 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე - 1002.31 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 608.89 ლარი, ჯარიმა 390.93 ლარი; 4. 2018 წლის 05 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე - 1653.18 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 1026.68, ჯარიმა 626.50 ლარი; 5. 2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე - 1975.66 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1000 ლარი, მომსახურების ყოველთვიური საკომისიო 312.60, ჯარიმა 663.06 ლარი. (ტ.1.ს.ფ. 73)
სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში არც ერთი საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში დავალიანების არსებობა მსესხებელს არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია. მხარეები სადავოდ ხდიან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მსესხებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას და ამ უკანასკნელისთვის ბანკის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმას.
4.1.3. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა სადავოდ არის გამხდარი როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით. მოსარჩელე აპელანტის განმარტებით, საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ხასიათის და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის გათვალისწინებით აღარ არსებობდა მისი შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხე აპელანტის მითითებით კი საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე ბანკის სასარგებლოდ უკვე გადახდილი სარგებლის გათვალისწინებით სასამართლოს მოსარჩელისთვის უარი უნდა ეთქვა პირგასამტეხლოს შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. როგორც ზემოთ აღინიშნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე აპელანტს არც პირველ ინსტანციაში შესაგებლის წარდგენის ეტაპზე და არც სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის დროს არ მიუთითებია ისეთ გარემოებებზე, თუ რა ოდენობით უნდა შემცირებულიყო პირგასამტეხლო, მას არც პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივი წინაპირობები უმტკიცებია და არც განსაზღვრული ოდენობით პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეწონილობაზე უმსჯელია. აღნიშნული გარემოების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის ივლისი-აგვისტოს შემდეგ აღარ შეუსრულებია და მას ბანკის მიმართ ერიცხება როგორც სესხის ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული სარგებლის დავალიანება, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ 2017 წლის 15 დეკემბრის, 2018 წლის 18 იანვრის და 2018 წლის 05 აპრილის გარიგებების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლებში არ არსებობდა დარიცხული პირგასამტეხლოს დაახლოებით სამჯერ შემცირების საფუძველი. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ის ფაქტიც, რომ მიუხედავად სესხის ძირი თანხის დაუბრუნებლობისა მოსარჩელე მხარეს ზემოაღნიშნული გარიგებების საფუძველზე 2015 წლის 16 ივლისის და 2017 წლის 28 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებების მსგავსად მოპასუხისთვის ძირ თანხას, სარგებელსა და პირგასამტეხლოსთან ერთად მიუღებელი შემოსავლის დაკისრება არ მოუთხოვია. პირგასამტეხლოს ფუნქციის (კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია და ამავდროულად, გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულების იძულება) მსესხებლის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებების დარღვევის, რისთვისაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და ამ უკანასკნელის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნასთან მიმართებით ფაქტობრივი წინაპირობების მტკიცების არ არსებობის (ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ როგორც შესაგებელში, ასევე სააპელაციო საჩივარში მოპასუხე აპელანტი მიუთითებს, რომ საერთოდ არ არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი) გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 2017 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე სარჩელით მოთხოვნილი 390.93 ლარის ნაცვლად 200 ლარის, 2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე 663.06 ლარის ნაცვლად 250 ლარის, ხოლო 2018 წლის 05 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე 626.50 ლარის ნაცვლად 300 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს. პალატა მიიჩნევს, რომ საკრედიტო ხელშეკრულებების დარღვევის, მხარეების მიერ ამისთვის პირგასამტეხლოს გათვალისწინების და თანხის დაუბრუნებლობის საფუძვლით მიუღებელ შემოსავალზე მოთხოვნის არ არსებობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს უფრო მეტჯერ შემცირება მოპასუხე აპელანტის მხრიდან სპეციალურ მტკიცებას ექვემდებარებოდა, აღნიშნული კი მისი მხრიდან არც პირველ ინსტანციაში შესაგებლის წარდგენის ეტაპზე და არც სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის დროს არ განხორციელებულა.
4.1.5. პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარედ საბანკო დაწესებულება გვევლინება, რომლის როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესი, კრედიტის გაცემა და ამით გარკვეული მოგების მიღებაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება როგორც წესი მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). ამდენად, საბანკო დაწესებულების მხრიდან ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. უფრო მეტიც, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. საბანკო დაწესებულების შემთხვევაში შემოსავალში შეიძლება ვიგულისხმოთ საპროცენტო განაკვეთი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს, რომ ბანკმა დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. იხ. სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ბ---ს აძლევს უფლებას მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.
აღნიშნულთან მიმართებით საყურადღებოა თუ რა ჩაითვლება მიუღებელ შემოსავლად. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. პალატა მიიჩნევს, რომ მართალია მოსარჩელე მხარე საკრედიტო დაწესებულებას წარმოადგენს, რომლის საქმიანობის სფერო სესხების გაცემა და ამით სარგებლის მიღებაა, ამავდროულად, ფული განიხილება, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომელიც მის მესაკუთრეს მოგების მიღების შესაძლებლობას ანიჭებს, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, ფულის დაბრუნებამდე საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით სარგებლის მიღების ფაქტი, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტით თანხის ხელახლა, უწყვეტად დაკრედიტების რეალური შესაძლებლობა მოსარჩელე აპელანტს სარწმუნოდ უნდა დაედასტურებინა. იმ პირობებში, როდესაც, საქმის მასალებით სარწმუნოდ ვერ დგინდება ფაქტები მასზედ, რომ დ----- ლ------სგან მიღებული თანხის ხელახლა დაკრედიტება სწორედ სააპელაციო საჩივარში მითითებული საპროცენტო განაკვეთით მოხდებოდა, ამასთან, თანხის დაკრედიტების შემთხვევაშიც კი არსებობს ალბათობა იმისა, რომ თანხის ხელმეორედ დაკრედიტებისას მოვალე, მსგავსად მოპასუხისა, ვერ შეძლებდა ბანკისთვის თანხის დაბრუნებას, პალატა მიდის დასკვანმდე, რომ აღნიშნული გარემოებები მიუღებელი შემოსავლის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს. საბოლოოდ, მოსარჩელის სტატუსის და ფულის თვისების გათვალისწინებით, ამასთან იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც ზემოთ აღინიშნა, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ სს ,,თ----- ბ----ს’’ მიუღებელ შემოსავლად მიჩნეული უნდა იქნეს ის შემოსავალი, რასაც საბ---ო დაწესებულება მოპასუხესთან 2015 წლის 16 ივლისს და 2017 წლის 28 ივნისს გაფორმებული გარიგებების პირობებით 2019 წლის 01 თებერვლიდან ერთი წლის განმავლობაში მიიღებდა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ 2015 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც დ----- ლ------ს 3500 ლარის ლიმიტით საკრედიტო ბარათი გადაეცა, წლიური საპროცენტო სარგებელი 36 %-ს შეადგენდა, უდავოდაა დადგენილი ასევე, რომ 2017 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების შემთხვევაში, რომლითაც მსესხებელს საკრედიტო ბარათი 5 000 ლარიანი ლიმიტით გადაეცა წლიური საპროცენტო სარგებელი 33%-ს შეადგენდა. შესაბამისად, დ----- ლ------ს სს ,,თ----- ბ----ს’’ სასარგებლოდ 2015 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 2019 წლის 01 თებერვლიდან უნდა დაეკისროს თვეში 104.98 ლარის, 12 თვის განმავლობაში ჯამში 1259 ლარის გადახდა, ხოლო 2017 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ანგარიშში 2019 წლის 01 თებერვლიდან უნდა დაეკისროს თვეში137,48 ლარის, 12 თვის განმავლობაში ჯამში 1644 ლარის გადახდა.
4.1.6. რაც შეეხება, დ----- ლ------ს სააპელაციო საჩივარს, რომლითაც იგი გასაჩივრებული გადაწყვეტილების პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაუქმებასა და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვდა, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 4.1.2.-4.1.5. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასკვნები პირდაპირ გამორიცხავს დ----- ლ------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, შესაბამისად, პალატა ცალკე აღარ იმსჯელებს მასზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- ლ------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სს ,,თ----- ბ----ს’’ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე აპელანტის სასარგებლოდ მოპასუხე მოწინააღმდეგე მხარეს ზიანის სახით უკვე დაკისრებული პირგასამტეხლოს გარდა დამატებით პირგასამტეხლოს სახით 230 ლარის, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით 1696,1 ლარის გადახდა დაეკისრა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მოწინააღმდეგე მხარეს მოსარჩელე აპელანტის სასარგებლოდ სარჩელის და შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად უნდა დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა. კერძოდ, სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში ჯამში დ----- ლ------ს სს ,,თ----- ბ----ს’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 141,55 ლარის, (გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული სახ. ბაჟს - 83,93 ლარს + 57,62 ლარი (1920,7 ლარის 3%)) ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის ანგარიშში 76,82 ლარის (1920,7 ლარის 4%) გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დ----- ლ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სს ,,თ----- ბ----ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. მოცემულ საქმეზე გასაჩივრებულ ნაწილში (2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი (1.1-1.6.) პუნქტი და მე-3 პუნქტი) ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი (1.1-1.6.) და მე-3 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. სს ,,თ----- ბ----ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4.1. 2015 წლის 16 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დ----- ლ------ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 4353,08 ლარის გადახდა, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 2019 წლის 1 თებერვლიდან 12 თვის განმავლობაში მასვე დაეკისროს თვეში 104,98 ლარის ჯამურად 1259 ლარის (ნაცვლად 524,9 ლარისა) გადახდა;
4.2. 2017 წლის 28 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დ----- ლ------ს სს ,,თ----- ბ----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 6373,66 ლარის გადახდა, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 2019 წლის 1 თებერვლიდან 12 თვის განმავლობაში მასვე დაეკისროს თვეში 137,48 ლარის, ჯამურად 1644 ლარის (ნაცვლად 687,4 ლარისა) გადახდა.
4.3. 2017 წლის 15 დეკემბრის სწრაფი განვადების ხელშეკრულების საფუძველზე დ----- ლ------ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 808,89 ლარის (ნაცვლად 728,89 ლარისა) გადახდა;
4.4. 2018 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დ----- ლ------ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1562,6 ლარის (ნაცვლად 1512,6 ლარისა) გადახდა;
4.5. 2018 წლის 5 აპრილის სწრაფი განვადების ხელშეკრულების საფუძველზე დ----- ლ------ს სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 1326,68 ლარის (ნაცვლად 1226,68 ლარისა) გადახდა;
5. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში დ----- ლ------ს სს ,,თ----- ბ----ს სასარგებლოდ დაეკისროს 87,66 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად მასვე დაეკისროს 500 ლარის გადახდა;
6. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში დ----- ლ------ს სს ,,თ----- ბ----ს სასარგებლოდ დაეკისროს 76,82 ლარის გადახდა;
7. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
8. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური