განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/8603-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - მაია გიგაური
მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე,ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი - მედეა წიკლაური
აპელანტი - ვ--------------ე
წარმომადგენელი - ლ--–-----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ს--–---–---------------------------------------------------–------------–--ა
წარმომადგენელი - ლ--–--------–-–---–ი
დავის საგანი - მშობლის უფლება-მოვალეობის ჩამორთმევა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ ს--–---–---------------------------------------------------–------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ--------------ეს (დაბადებული 1--- წლის 2--------, პირადი №4----------) ჩამოერთვა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა შვილის - ლ--------------ის (დაბადებული 2----–-–----------------–ს, პირადი №2----------) მიმართ.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. ლ--------------ე (პირადი №2----------) დაიბადა 2----–-–----------------–ს. დაბადების მოწმობაში დედად მითითებულია ვ--------------ე (პირადი №4----------), ხოლო მამობა ბავშვის მიმართ დადგენილი არ არის.
2.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი მოძალადეების - ვ--------------ისა და ა---------–--------ის მიმართ. შემაკავებელი ორდერის მიხედვით ლ--------------ე უნდა განცალკევებულიყო მოძალადეებისაგან. ვ--------------ესა და ა---------–--------ეს აეკრძალათ იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ლ--------------ე იქნებოდა, შემაკავებელი ორდერის ვადა 1(ერთი) თვით განისაზღვრა.
2.1.3. ლ--------------ის მიმართ მამინაცვლის - ა---------–--------ის მხრიდან განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, რის შემდეგაც ბავშვს ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილებით დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
2.1.4. ლ--------------ე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით 2015 წლის 28 აპრილს მოათავსეს შპს უ------- კ-------------–---------–---–-----ში. აღნიშნული კლინიკის მიერ გაცემული №1---- ცნობის თანახმად, ლ--------------ის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას იყო გაუმჯობესებული, სისხლდენა საშოდან იყო უმნიშვნელო, ქირურგიულ ჩარევას არ მოითხოვდა და სიცოცხლისათვის საშიში არ იყო. შორისის მიდამოში არსებული ალტერაცია შეესაბამებოდა ბლაგვი საგნით მიყენებულ მექანიკურ დაზიანებას.
2.1.5. ლ--------------ე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით 2015 წლის 29 აპრილს მეორედ მოათავსეს შპს უ------- კ-------------–---------–---–-----ში. აღნიშნული კლინიკის მიერ გაცემული №1---- ცნობის თანახმად, ლ--------------ეს გაუკეთდა ოპერაცია, კერძოდ, გაიკერა შორისის მიდამოში და საშოს თაღის მიმართულებით მარჯვნივ არსებული ნახეთქი ჭრილობები. ცნობის მიხედვით, საქალწულე აპკის მთლიანობა იყო დარღვეული.
2.1.6. 2015 წლის 30 აპრილს ა---------–--------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ლ--------------ის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩადენის ფაქტზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 2015 წლის 7 მაისს სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ბრალდებული ა---------–--------ე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს დაავადებული იყო არადიფერინცირებული შიზოფრენიით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ივნისის განჩინებით ბრალდებულ ა---------–--------ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და ორი წლის ვადით აკად. ბ-------–---–--------–------------------------------–----------------–-–------ში მოთავსდა.
2.1.7. ლ--------------ე 2015 წლის 29 აპრილიდან გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსდა.
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. გადაუდებელი რეაგირების ოქმის მიხედვით, ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკმა ა------------–--ემ ვიზიტი განახორციელა ლ--------------ის ბიოლოგიურ ოჯახში. რეაგირების ოქმის მიხედვით, ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენდა სამოთახიანი ბინა, რომელიც იყო მოუწესრიგებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი. ოჯახის წევრებს ეტყობოდათ, რომ ჰქონდათ ფსიქიკური პრობლემები. ბავშვი იყო უგულებელყოფილი. ლ----ს დეტალურად დათვალიერების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვს ჰქონდა სისხლიანი გამონადენი, საფენზე აღენიშნებოდა სისხლის კოლტები, ტიროდა და საკვებს ითხოვდა. დედა ლანძღავდა შვილს და ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდა. სოციალურმა მუშაკმა დედას მოსთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ბავშვის ეს მდგომარეობა, მან კი განაცხადა, რომ მის შვილს არაფერი აწუხებდა და საშოდან გამონადენი სათამაშოს მირტყმით ან საფენის გამო ჰქონდა. შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვის აღნიშნულ გარემოში გაჩერება სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი იქნებოდა, ამიტომ უფროს სოციალურ მუშაკს ა------------–--ემ ინფორმაცია მიაწოდა.
2.2.2. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა თ---------–------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ც-–-–---–--------–--------–----აში მუშაობდა, სადაც სასწრაფომ და საპატრულო პოლიციამ ლ--------------ე მიიყვანა. სამედიცინო დახმარების ექიმის ზეპირსიტყვიერი შეფასებით ეჭვი არსებობდა, რომ ბავშვის მიმართ ძალადობა განხორციელდა. მოწმის განმარტებით, არასრუწლოვანს საშვილოსნოდან სისხლდენა ეტყობოდა და მექანიკური დაზიანების კვალი აღმოაჩნდა, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშს არ წარმოადგენდა. ამასთან, ბავშვი იმ დღეს ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებდა.
მოწმემ აღნიშნა, რომ ლ----ს დედა აგრესიულად იქცეოდა და ბავშვის სახლში წაყვანას ითხოვდა, ვინაიდან თვლიდა, რომ მას არაფერი ჭირდა. მოწმემ მიუთითა, რომ ბავშვს მოვლის ქრონიკული დეფიციტის კვალი ეტყობოდა, კანი ძალიან გამომშრალი ჰქონდა და საკვები არასათანადოდ მიწოდებული, რაც ბავშვის ორგანიზმს ემჩნეოდა.
2.2.3. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------------–---–მა განმარტა, რომ სამი წლის წინ ლ--------------ე იმ კლინიკაში მიიყვანეს სადაც მუშაობდა. არასრულწლოვანი გინეკოლოგიურ ოპერაციას საჭიროებდა, რის გამოც ბავშვთა გინეკოლოგის გამოძახება დაჭირდათ. მოწმემ აღნიშნა, რომ მოწვეულ გინეგოლოგს ასისტენტობას უწევდა, რომელმაც ლ--------------ეს დაზიანებული ჭრილობა შორისის მიდამოში გაუკერა.
2.2.4. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–----------–--ემ განმარტა, რომ ვ--------------ე სანამ ა---------–--------ეზე გათხოვდებოდა, მის მეზობლად ცხოვრობდა და ახლო მეზობლური ურთიერთობა ჰქონდა. მოწმემ აღნიშნა, რომ ვ----ს თუ რამე დაჭირდებოდა ხშირად ეხმარებოდა და ხედავდა, რომ ბავშვის აღზრდაში მამაც გვერდში ედგა. მოწმემ მიუთითა, რომ მართალია, მოპასუხე პატარა ბინაში ცხოვრობდა, თუმცა ყურადღებიანი დედა იყო და ბავშვი შეძლებისგვარად მოვლილი ჰყავდა. როდესაც ვ---- ა---------–--------ეს გაყვა, მასთან ისეთი ახლო ურთიერთობა აღარ ჰქონდა, ვინაიდან საცხოვრებლად ბავშვთან ერთად თბილისში გადავიდა.
2.2.5. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----------–-----–---–მა განმარტა, რომ ვ--------------ე მისი მეზობელია, რომელთანაც ახლო მეზობლური ურთიერთობა აქვს. მოწმემ აღნიშნა, რომ ვ---- ყურადღებიანი დედაა და შვილზე ყოველთვის კარგად ზრუნავდა, ხოლო ლ----ზე ვ----ს ან ოჯახის რომელიმე წევს ძალადობის ფაქტს არასდროს შესწრებია.
სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა შ--–-------–-------–---–მა განმარტა, რომ ვ--------------ე სანამ გათხოვდებოდა კასპის რაიონის სოფელ ახალსოფელში მის მეზობლად ცხოვრობდა. მოწმემ აღნიშნა, რომ იგი ყურადღებიანი დედაა და ბავშვზე ყოველთვის ზრუნავდა, მზრუნველობას ლ----ს არც მამინაცვალი აკლებდა. მოწმის განმარტებით, ორ კვირაში ერთხელ ვ----ს ოჯახში სტუმრად მიდიოდა და ბავშვზე ძალადობის ფაქტი არასდროს დაუნახია.
2.2.6. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------------------ემ განმარტა, რომ მის შვილს, ვ--------------ეს ბავშვი ჩამოართვეს სოციალური მომსახურების საგენტოს თანამშრომლებმა. მოწმემ აღნიშნა, რომ ყველაფერი 2015 წლის აპრილის თვეში დაიწყო, როდესაც სიძემ დაურეკა და უთხრა, პოლიცია ძალადობას აბრალებდა. მეორე დღეს ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ჩავიდა, თუმცა ვ----ფერი გაარკვია. ამის შემდეგ შვილიშვილის სანახავად სააგენტოში მივიდა, თუმცა ბავშვის ნახვის შესაძლებლობა არ მიეცა. მოგვიანებით ლ--------------ის ნახვისათვის განცხადება დაწერა, მაგრამ ბავშვის ნახვა მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ყოველ კონტაქტზე სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი - ქ-------------- ემალებოდა და სხვადასხვა მიზეზებს იგონებდა, მისთვის შვილიშვილი რომ არ ეჩვენებინა.
მოწმემ აღნიშნა, რომ ვ--------------ე საკუთარ შვილს ყოველთვის ყურადღებას აქცევდა და ბავშვის მიმართ ძალადობა არასდროს განუხორციელებია, რაზეც მთელი სოფელი დაემოწმება. იგივე შეიძლება ითქვას ა---------–--------ეზე, თუმცა შემთხვევის დღეს რა მოხდა, ამის თქმა ნამდვილად არ შეუძლია. მოწმის მტკიცებით, მისი შვილისთვის ბავშვის ჩამორთმევით სოციალური მომსახურების სააგენტოს ინტერესი იკვეთება.
2.2.7. ოჯახის ექიმის მ------------–---–ის ახსნა-განმარტების მიხედვით, ლ--------------ე 2014 წლის სექტემბრიდან 2014 წლის 19 დეკემბრამდე მათ ამბულატორიაში აღრიცხვაზე იმყოფებოდა. ამ პერიოდში დედა და პაპა ბავშვს უვლიდნენ კარგად. ვ----ს დათქმულ დროს კონსულტაციაზე შვილი ყოველთვის მიყავდა და დანიშნულ მკურნალობას ზუსტად ასრულებდა. საკვებს მითითების მიხედვით აძლევდა. ლ---- ყოველთვის კარგად მოვლილი იყო და ფიზიკური მონაცემებით ასაკს არ ჩამორჩებოდა. ბინაზე მისვლის დროს ბავშვის მიმართ დაუდევარი დამოკიდებულება და ანტისანიტარია არ გამოვლენილა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
იმისათვის, რომ ნათელი გახდეს ვის რისი დამტკიცება ევალება, საჭიროა პირველ რიგში იმაზე ყურადღების გამახვილება, რა იწვევს მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს - ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველაუფლება და მოვალეობა.
ამდენად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევისათვის საჭიროა მშობელი სისტემატურად თავს არიდებდეს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებდეს მშობლის უფლებებს.
რა შედის მშობლის მოვალეობებში იგი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილები და ვალდებულები არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება, ამასთან დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევს არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ მშობლის მოვალეობის ჩამორთმევას იწვევს მშობლის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობისათვის სისტემატურად თავი არიდება და საკუთარი უფლებების არაჯეროვანი გამოყენება.
სასამართლოს განმარტებით, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით მოძალადეების - ვ--------------ისა და ა---------–--------ის მიმართ შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა. შემაკავებელი ორდერის მიხედვით ლ--------------ე უნდა განცალკევებულიყო მოძალადეებისაგან. ვ--------------ესა და ა---------–--------ეს აეკრძალათ იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ლ--------------ე იქნებოდა, შემაკავებელი ორდერის ვადა 1 (ერთი) თვით განისაზღვრა. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ვ--------------ე საკუთარ მოვალეობებს არაჯეროვნად იყენებდა და იგი საკუთარ შვილზე ძალადობოდა. მოპასუხე თავს არიდებდა ასევე სისტემატურად მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, რაც მოწმის სახით დაკითხული თ----- ა--–------–---–ის განმარტებით დადასტურდა, კერძოდ, აღნიშნულმა მოწმემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ სამედიცინო შემოწმების დროს ლ--------------ეს მოვლის ქრონიკული დეფიციტის კვალი ეტყობოდა, კანი ძალიან გამომშრალი ჰქონდა და საკვებიც არასათანადოდ მიწოდებული, რაც ბავშვის ორგანიზმს ემჩნეოდა.
რაც შეეხება მოპასუხის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული პირები აღწერენ მხოლოდ იმ დროინდელ ვითარებას, როდესაც ვ--------------ე მამასთან ცხოვრობდა, ხოლო რა მდგომარეობა არსებობდა მოპასუხის ა---------–--------ეზე გათხოვების შემდეგ, ეს მათთვის უცნობია, ამასთან მათი ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე საკუთარ მოვალეობებს ჯეროვნად ასრულებდა წინააღმდეგობაში მოდის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებასთან, შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, რომელიც ვ--------------ეს სადავოდ არ გაუხდია და მოწმე თ---------–------–---–ის ჩვნებასთან, რომელმაც ლ--------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღწერა, რომლის მიხედვითაც ბავშვს მოვლის ქრონიკული დეფიციტის კვალი ეტყობოდა.
ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--------------ე სისტემატურად თავს არიდებდა მშობლის მოვალეობების შესრულებას და მშობლის უფლებებს არაჯეროვნად იყენებდა, ხოლო ლ--------------ის დედასთან დატოვება საფრთხეს შეუქმნის ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სასამართლოს განმარტებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასევე ის გარემოება, რომ ლ----ს დედასთან ყოფნის პერიოდში ბავშვის მიმართ მამინაცვლის მხრიდან სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განხორციელდა და ბავშვს საქალწულე აპკი დაუზიანდა, ხოლო სისხლდენის გამო ოპერაცია დაჭირდა, რასაც დედა ყურადღებას არ აქცევდა სანამ სოციალური მომსახურების სააგენტო არ ჩაერია და ბავშვი სავადმყოფოში არ გადაიყვანა, საიდანაც ვ--------------ე ბავშვის დაუყოვნებლივ გატანებას ითხოვდა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ; მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ან/და რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა დაიცვას მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია (21.04.1994წ.), რომლის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.
ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან, შეურაცყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდავერი მოპყრობისგან.
სასამართლომ აგრეთვე მიუთითა მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე N41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას აღნიშნა, რომ საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.
აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.
„სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგას-307-294-2015, 3.06.2015წელი).
საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ ვ--------------ე არის 2----–-–----------------–ს დაბადებული ლ--------------ის ბიოლოგიური დედა. ბავშვის მიმართ მამობა არ არის დადგენილი. ლ--------------ე მის მიმართ განხორციელებული ძალმომრეობითი ქმედების ჩადებამდე ცხოვრობდა დედასთან - ვ--------------ესთან და მამინაცვალთან - ა---------–--------ესთან ერთად. ბავშვი სათანადო პირობებში არ იზრდებოდა, ამათან, მის მიმართ ძალადობა ხორციელდებოდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის №14 (2013წ) კომენტარის 61-ე პუნქტის თანახმად, „ბავშვზე მშობლებთან დაშორების ზეგავლენის სიმძიმიდან გამომდინარე, ამგვარი დაშორება უნდა განხორციელდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, როდესაც ბავშვს ემუქრება უშუალო საფრთხე, ან როდესაც ეს სხვაგვარად აუცილებელია; დაშორება არ უნდა განხორციელდეს, თუ ნაკლებად მკაცრი ზომებით შესაძლებელია ბავშვის დაცვა. დაშორების განხორციელებამდე სახელმწიფომ უნდა გაუწიოს დახმარება მშობლებს თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულებაში და აღადგინოს ან გააძლიეროს ოჯახის უნარი, იზრუნოს ბავშვზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაშორება აუცილებელია ბავშვის დასაცავად.“
სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას იცხოვროს შვილთან, წარმოადგინოს ბავშვის ინტრესები, მაგრამ აღნიშნულ უფლებათა განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა არასრულწლოვანის ინტერესებს ენიჭება.
სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით მოძალადეების - ვ--------------ისა და ა---------–--------ის მიმართ შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა. შემაკავებელი ორდერის მიხედვით ლ--------------ე უნდა განცალკევებულიყო მოძალადეებისაგან. ვ--------------ესა და ა---------–--------ეს აეკრძალათ იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ლ--------------ე იქნებოდა, შემაკავებელი ორდერის ვადა 1 (ერთი)თვით განისაზღვრა.
დადგენილია, რომ ვ--------------ე საკუთარ მოვალეობებს არაჯეროვნად იყენებდა და იგი საკუთარ შვილზე ძალადობოდა. მოპასუხე სისტემატურად თავს არიდებდა მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, რაც მოწმის სახით დაკითხული თ---------–------–---–ის განმარტებით დადასტურდა, კერძოდ, აღნიშნულმა მოწმემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ სამედიცინო შემოწმების დროს ლ--------------ეს მოვლის ქრონიკული დეფიციტის კვალი ეტყობოდა, კანი ძალიან გამომშრალი ჰქონდა და საკვებიც არასათანადოდ მიწოდებული, რაც ბავშვის ორგანიზმს ემჩნეოდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ--------------ის დედასთან დატოვება საფრთხეს შეუქმნიდა ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასევე ის გარემოება, რომ ლ----ს დედასთან ყოფნის პერიოდში ბავშვის მიმართ მამინაცვლის მხრიდან სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განხორციელდა და ბავშვს საქალწულე აპკი დაუზიანდა, ხოლო სისხლდენის გამო ოპერაცია დაჭირდა, რასაც დედა ყურადღებას არ აქცევდა სანამ სოციალური მომსახურების სააგენტო არ ჩაერია და ბავშვი საავადმყოფოში არ გადაიყვანა, საიდანაც ვ--------------ე ბავშვის დაუყოვნებლივ გატანებას ითხოვდა.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონი ადგენს მშობლის ქცევის წესების ზოგად მორალურ და იდეურ პრინციპს, რომელთა შინაარსშიც მთელი სისრულით ვლინდება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით მორალის პრინციპები. სწორედ ამ პრინციპების რეალიზაცია უნდა დაედოს შვილების აღზრდას საფუძვლად, თუმცა იმავდროულად უპირატესად უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები. კანონი აწესებს რა მშობლების ძირითად უფლება-მოვალეობებს შვილების მიმართ, ამავე დროს ადგენს მათი განხორციელების საზღვრებს. არ შეიძლება მშობლის უფლება-მოვალეობათა გამოყენება შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ. შვილების ინტერესებში იგულისხმება მათ აღზრდასთან დაკავშირებული ყველა ინტერესი, რაც გამომდინარეობს ზნეობისა და კანონის მოთხოვნებიდან. მშობლების მხრიდან შვილების ინტერესების საწინააღმდეგო ქცევა გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლი ადგენს ქცევების ზოგად ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია მშობლის უფლება-მოვალეობათა ჩამორთმევა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში აღიარა, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა ბიოლოგიური მშობლისაგან მისი მოცილება და ალტერნატიული მზრუნველობის ქვეშ გადაცემა, თუკი ასეთი მოცილება, მისი ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობა და უკეთესობა მკაფიოდ არის გამოკვეთილი.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: „მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართაგანვითარების გათვალისწინებით.”
კანონი პატივს სცემს რა მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილებთან, აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესს.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლო ჩათვალა, რომ ვინაიდან ვ--------------ე სისტემატიურად თავს არიდებდა ლ--------------ის მზრუნველობას, არ ინტერესდებოდა მისი ბედით, დედასთან ყოფნით ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, აღნიშნული კი არღვევს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს, ბავშვის მიმართ უნდა მოხდეს შემდგომი სტაბილური მზრუნველობის ფორმის განსაზღვრა. ამით შესაძლებელი გახდება მცირეწლოვნის მუდმივი განთავსება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში, უზრუნველყოფილი იქნება არასრულწლოვანთა შემდგომი განვითარება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ--------------ეს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------------–ს დაბადებული ლ--------------ის მიმართ სასამართლომ ჩამოართვა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტი ითხოვს გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მას ჩამოერთვა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–----------------–ს დაბადებული ლ--------------ის მიმართ და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა და შეეზღუდება მშობლის წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობები მცირეწლოვან ლ--------------ის მიმართ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი მოძალადეების - ვ--------------ისა და ა---------–--------ის მიმართ. შემაკავებელი ორდერის მიხედვით ლ--------------ე უნდა განცალკევებულიყო მოძალადეებისაგან. ვ--------------ესა და ა---------–--------ეს აეკრძალათ იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ლ--------------ე იქნებოდა, შემაკავებელი ორდერის ვადა 1(ერთი) თვით განისაზღვრა.
4.1.2. ლ--------------ის მიმართ მამინაცვლის - ა---------–--------ის მხრიდან განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, რის შემდეგაც ბავშვს ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილებით დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
4.1.3. 2015 წლის 30 აპრილს ა---------–--------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ლ--------------ის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ჩადენის ფაქტზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 2015 წლის 7 მაისს სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ბრალდებული ა---------–--------ე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს დაავადებული იყო არადიფერინცირებული შიზოფრენიით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ივნისის განჩინებით ბრალდებულ ა---------–--------ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და ორი წლის ვადით აკად. ბ-------–---–--------–------------------------------–----------------–-–------ში მოთავსდა.
4.1.4. ლ--------------ე 2015 წლის 29 აპრილიდან გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსდა.
4.1.5. პალატა იზიარებს სასამართლომ მიერ დადგენილად მიჩნეულ გარემოებას, რომ ვ--------------ე სისტემატურად თავს არიდებდა მშობლის მოვალეობების შესრულებას და მშობლის უფლებებს არაჯეროვნად იყენებდა, ხოლო ლ--------------ის დედასთან დატოვება საფრთხეს შეუქმნის ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აგრეთვე იზიარებს, სასამართლოს მიერ მხედველობაში მიღებულ იმ გარემოებას, რომ ლ----ს დედასთან ყოფნის პერიოდში ბავშვის მიმართ მამინაცვლის მხრიდან სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განხორციელდა და ბავშვს საქალწულე აპკი დაუზიანდა, ხოლო სისხლდენის გამო ოპერაცია დაჭირდა, რასაც დედა ყურადღებას არ აქცევდა სანამ სოციალური მომსახურების სააგენტო არ ჩაერია და ბავშვი სავადმყოფოში არ გადაიყვანა, საიდანაც ვ--------------ე ბავშვის დაუყოვნებლივ გატანებას ითხოვდა.
4.2. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტი ითხოვს მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას და ამავდროულად ითხოვს მშობლის მხოლოდ წარმომადგენლობით უფლებამოსილების ნაწილში უფლება-მოვალეობათა შეზღუდვას.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამასთან, არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა, რომ მოპასუხეს ჩამოერთვას მშობლის უფლება. აღნიშულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის თანახმად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონი ადგენს მშობლის ქცევის წესების ზოგად მორალურ და იდეურ პრინციპებს, რომელთა შინაარსშიც მთელი სისრულით ვლინდება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით მორალის პრინციპები. სწორედ ამ პრინციპების რეალიზაცია უნდა დაედოს შვილების აღზრდას, თუმცა იმავდროულად უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები. კანონი აწესებს რა მშობლების ძირითად უფლება-მოვალეობებს შვილების მიმართ, ამავე დროს ადგენს მათი განხორციელების საზღვრებს. არ შეიძლება მშობლის უფლება-მოვალეობათა გამოყენება შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ. შვილების ინტერესებში იგულისხმება მათ აღზრდასთან დაკავშირებული ყველა ინტერესი, რაც გამომდინარეობს ზნეობისა და კანონის მოთხოვნებიდან. მშობლების მხრიდან შვილების ინტერესების საწინააღმდეგო ქცევა გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლი ადგენს ქცევების ზოგად ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია მშობლის უფლება-მოვალეობათა ჩამორთმევა, თუმცა არ იძლევა განმარტებას, თუ რა შეიძლება იყოს ამორალური საქციელი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამორალური ქმედება - ეს არის ქცევის ისეთი გამოვლინება, რომელიც საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო ქმედება. ზნეობრივი ნორმების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია სულიერი სიკეთე, რომელიც განუყოფლად უკავშირდება პიროვნებას. ამ კრიტერიუმის მიხედვით განასხვავებენ უფლებებს, რომლებიც გამოხატავენ ადამიანის ინდივიდუალურობას, ასევე პირადი ხელშეუხებლობის უფლებას და სხვ. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგინდა, რომ ვ--------------ის მხრიდან მშობლის მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდებას არაერთხელ ჰქონდა ადგილი, რაც დასტურდება როგორც საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით, აგრეთვე თვითონ ბავშვის მკურნალობაში ჩართული ექიმების ჩვენებებით. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის მხრიდან სწორედ იქნა შეფასებული მშობლის ქმედებები ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო, ამორალური ქმედებად.
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენენ უმაღლეს ფასეულობებს, რომელთა აღიარება, განხორციელება და დაცვა სახელმწიფოს ეკისრება. დემოკრატიული სახელმწიფოს კანონშემოქმედებითი მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სამართლებრივი ნორმების შემუშავება, რომლებიც ადამიანთა ურთიერთობას საზოგადოებისათვის მისაღებ კანონიერ საფუძველს უქმნის. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის გაეროს კონვენცია ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” და სხვა სამართლებრივი აქტები იცავს ბავშვთა ინტერესებს და ახორციელებს მათი უფლებების დაცვას. მათი მიზანია ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთესი უზრუნველყოფა. მათ მიმართ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებისას შეესაბამება თუ არა ეს მოქმედება ბავშვის ინტერესს. ბავშვის ინტერესების დაცვისას სრულად გამოიყენება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომლითაც ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში აღიარა, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა ბიოლოგიური მშობლისაგან მისი მოცილება და ალტერნატიული მზრუნველობის ქვეშ გადაცემა, თუკი ასეთი მოცილება, მისი ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობა და უკეთესობა მკაფიოდ არის გამოკვეთილი.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა მოპასუხისათვის მშობლის უფლების და მოვალეობის ჩამორთმევის საფუძვლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის მეორე ნაწილი ამომწურავად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომელთა არსებობაც შეუძლებელს ხდის შვილსა და მშობელს შორის ჩვეულებრივი, ურთიერთობის გაგრძელებას და იგი ადგენს სრულიად განსხვავებულ წესს, როდესაც მშობელს უწყდება კანონით მშობლისათვის მინიჭებული უფლებები და მოვალეობები. კანონი ასეთ გარემოებებად მიუთითებს შემთხვევებს, როდესაც მშობელი, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
მოცემულ შემთხვევაში, ვ--------------ის ქმედებათა საწინააღმდეგოდ არაერთი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი, თავად აპელანტმა ვერ უზრუნველყო აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებათა დადასტურება. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მშობლის უფლებისა და მოველობებს ჩამორთმევისათვის აუცილებელ წინაპირობებს, რაც შეუძლებელს ხდის მისთვის წარმომადგენლობით ნაწილშიც კი მშობლის უფლება-მოვალეობათა შეზღუდვას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, სწორად განმარტა 1206-ე მუხლი და მართებულად დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში ნათლად და უტყუარად არის გამოკვეთილი მშობლის უფლების ჩამორთმევის ფაქტობრივი საფუძველი. როგორც აღვნიშნეთ, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რაც შეიძლება მშობლის მიმართ იქნას გამოყენებული და შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიების გამოყენების წინაპირობები უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. პალატა ასევე განმარტავს, რომ მშობლის უფლების ჩამორთმევას გარკვეული სიკეთე უნდა მოჰქონდეს ბავშვისთვის და უკეთეს სამართლებრივ პირობებში აყენებდეს მას, წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ლ--------------ე იმყოფება მინდობით აღზრდაში, სადაც მასზე ზრუნავენ და უზრუნველყოფენ ყველა საჭიროებით, შესაბამისად, იგი იმყოფება ბევრად უკეთეს პირობებში, ვიდრე იგი ბიოლოგიურ დედასთან იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან, შესაბამისად, მოცემულ დავაზე სახელმწიფობაჟს გაიღებს სახელმწიფო.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: მაია გიგაური
მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე
ირაკლი ბონდარენკო