განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010370019003261771
საქმე №3/ბ-524-2019 წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - გ---------------ი
მოწინააღმდეგე მხარე - შსს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---ის რაიონული სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარე - ნ-----–---------ი
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2019 წლის 01 ნოემბერს ნ-----–---------მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მის მიმართ შსს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---ის რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლის 2-----------ერს გამოცემული შემაკავებელი ორდერის (№0-----) გაუქმება.
მოსარჩელის აღნიშვნით, 2019 წლის 3--------------ს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის N2-3498/16 განჩინებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების პროცესში მონაწილეობის მიზნით, ნ-----–---------ი მივიდა ქ------–---ში, დ-----------–-----–ის გამზირი N1---ში მდებარე, გ---------------ის საკუთრებად რეგისტრირებულ ფართში. ამ დროისათვის იქ ადგილზე იმყოფებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები. ადგილზე მისვლის შემდგომ, გამოცხადდა პოლიციელი, რომელმაც განუცხადა, რომ არ ჰქონდა გ---------------ის საკუთრებაში შესვლის უფლება და ეს შეზღუდვა დადგენილი იყო შემაკავებელი ორდერით. ამ გარემოების შესახებ ნ-----–---------ისათვის სრულიად მოულოდნელი იყო, გამომდინარე იქედან, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ისეთი სახის ქმედებას, რაც შემაკავებელი ოდერის გამოცემის საფუძველი გახდებოდა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი დაემორჩილა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მოთხოვნას, გაჰყვა პოლიციის განყოფილებაში, სადაც გადასცეს ქ------–---ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ირაკლი დავითაძის მიერ 2019 წლის 2-----------ერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი. იგი მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ოდერი უკანონოა, იგი ცნობილ იქნა მოძალადედ იმ პირობებში, როდესაც რაიმე სახის ძალადობა არ ჩაუდენია, ორდერი გამოიცა მისი გამოკითხვის გარეშე, მას კანონით დადგენილ ვადაში არ გადასცეს ორდერი და ბრალი დასდეს შემაკავებელი ოდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.
მოსარჩელის მითითებით, ქ------–---ის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 0 ნოემბრის წერილით, მას სრულიად უსაფძვლოდ ეთქვა უარი შემაკავებლ ორდერთან დაკავშირებული მასალების ასლების გადაცემაზე. უდავოა, რომ გ---------------ის მიზანს წარმოადგენს ის, რომ მან არ მიიღოს მონაწილეობა სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის N2-3498/16 განჩინებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების პროცესში. რეალურად, გ---------------მა პოლიციის უკანონო მოქმედებებითა და ხელშეწყობით, მიაღწია იმას, რომ მას სრულიად უსაფუძვლოდ შეეზღუდა აღსრულების პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება.
მოპასუხე შსს აჭარის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---ის რაიონულ სამმართველოს წარმომადგენელი პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
მესამე პირი გ---------------ი არ დაეთანხმა სარჩელს და მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. მხარეებს შორის მიმდინარეობს სამოქალაქო სამართლებრივი დავა, მემკვიდრეობასთან, ქონების მესაკუთრედ ცნობასთან და ამხანაგობის კრების ოქმის ბათილობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ნ-----–---------სა და მას შორის ადგილი აქვს უთანხმოებას. 2019 წლის 2-----------ერს, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემაკავებელი ოდერი გამოიცა სათანადო საფუძვლით, მისი N2------ შეტყობინების საფუძველზე. შეტყობინება უკავშირდებოდა მოძალადის მხრიდან 2019 წლის იანვრის თვეში მსხვერპლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, ამასთან, სახეზე იყო დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ 2019 წლის 3--------------ს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მიერ სადავო ქონების აღწერა-დაყადაღების პროცესში მოძალადის მხრიდან განხორციელდებოდა ამგვარი ფსიქოლოგიური ძალადობა. სწორედ ასეთი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად იქნა გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ზემოაღნიშნული შემაკავებელი ოდერის შესახებ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ-----–---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ირაკლი დავითაძის მიერ 2019 წლის 2-----------ერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.
2.1 დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2019 წლის 15 ოქტომბერს, ნ-----–---------ისა და ქე--------------ის წარმომადგენელმა - ვ--–----------------ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-----------“ თავმჯდომარე ლ-------------ს, გ---------------ის, ი-------------ისა და ს--------------ის მიმართ, მემკვიდრეობის მიღების ფაქტის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების, მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის, ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. ამავე, სასარჩელო განცხადებით მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის №2-3498/2019წ.განჩინებით, მოსარჩელე ნ-----–---------ისა და ქე--------------ის წარმომადგენლის - ვ--–----------------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ყადაღა დაედო მოპასუხე გ---------------ის საკუთრებად რეგისტრირებულ, ქალაქ ქ------–---ში, დ-----------–-----–ის გამზირი N1---ში მდებარე 412.93 კვ.მ. სხვენის ფართს (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი N2-----------------1), აღიწერა და ყადაღა დაედო გ---------------ის ი-------------ის და ს--------------ის (რ------ის მოქალაქე P-------------) მფლობელობაში არსებულ ბიბლიოთეკას - 50 000 (ორმოცდაათი ათასამდე) წიგნს (არსებულს ქ. ქ------–---ში, დ-----------–-----–ის გამზირი N1---ში მდებარე სახლის სხვენში განთავსებული ბიბლიოთეკა, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 2-----------------1).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის №2-3498/ 2019წ.განჩინების აღსრულების მიზნით, ამავე დღეს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2019 წლის 2-----------ერს, გ---------------მა განცხადებით მიმართა შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---ის რაიონულ სამმართველოს და მოითხოვა ნ-----–---------ის მიმართ შემაკავებელი ოდერის გამოცემა.
2019 წლის 2-----------ერს, ქ------–---ის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ირაკლი დავითაძის მიერ გამოცემული იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ნ-----–---------ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი, გ---------------ი ცხოვრობს. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.
2019 წლის 3--------------ს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის N2-498/16 განჩინებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების პროცესში მონაწილეობის მიზნით, ნ-----–---------ი მივიდა ქ------–---ში, დ-----------–-----–ის გამზირი N1---ში მდებარე, გ---------------ის საკუთრებად რეგისტრირებულ სახლის სხვენად დარეგისტრირებულ ფართში.
2019 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ქ------–---ში, დ-----------–-----–ის გამზირი N1---ში მდებარე, გ---------------ის საკუთრებად რეგისტრირებულ ფართში გამოცხადებისას, ნ-----–---------ისთვის უცნობი იყო მის მიმართ 2-----------ერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის შესახებ.
ნ-----–---------ს №0----- შემაკავებელი ორდერი ჩაბარდა 2019 წლის 3--------------ს.
2019 წლის 01 ნოემბერს, ნ-----–---------მა განცხადებით მიმართა შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---ის რაიონულ სამმართველოს და მოითხოვა და N0----- შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებული მასალების ასლების გადაცემა. შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---ის რაიონულ სამმართველოს 2019 წლის 0----------ის NM------------- წერილით, ნ-----–---------ს უარი ეთქვა მოთხოვნილი მასალების გადაცემაზე.
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ 2019 წლის 2-----------ერს, შემაკავებელი ოდერის გამოცემის საფუძველად მითითებულია 2019 წლის იანვრის თვეში, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, თუმცა ორდერი მესამე პირის განცხადებით გამოიცა რამდენიმე თვის შემდგომ, იგი უკავშირდებოდა სწორედ ზემოაღნიშნულ დავასთან დაკავშირებული აღსრულების პროცესს. ამასთან, ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ნ-----–---------ის მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა გ---------------მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ნ-----–---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ფაქტობრივი დასაბუთება:
დადგენილია, რომ 2019 წლის 2-----------ერს, ქ------–---ის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ირაკლი დავითაძის მიერ გამოცემული იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ნ-----–---------ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი, გ---------------ი ცხოვრობს. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ხსენებული კანონის მე-4 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. მითითებული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---ის მთავარი სამმართველოს მიერ მოსარჩელე ნ-----–---------ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ძალადობის ფორმების ლეგალურ დეფინიციას შეიცავს მითითებული კანონის მე-4 მუხლი, რომლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური ღონისძიებების გატარებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობის მავნე შედეგები. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, სახელმწიფო ნეგატიურადაა ვალდებული თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უგულებელყოფას, ხოლო ამავე დროს პოზიტიურადაა ვალდებული შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. სწორედ ამ მიზნით 2014 წლის 19 ივნისს ხელი მოეწერა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას (სტამბოლის კონვენცია), რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის აღკვეთას, მსხვერპლთა დაცვასა და მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემას და უზრუნველყოფს მსხვერპლ ქალთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქალების წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა. ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ყოველთვის იწვევს საზოგადოების უარყოფით რეაქციას და სახელმწიფოს მხრიდან საჭირო ხდება დაუყოვნებელი მკაცრი რეაგირება ამგვარ ფაქტებზე. სახელმწიფო სისტემატიურად ქმნის ახალ მექანიზმებს და აუმჯობესებს კანონმდებლობას, რომელიც კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს მსხვერპლთა დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას. სწორედ ამ მიზნით ეროვნული კანონმდებლობით, კერძოდ, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამოყალიბდა ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები და დეტალურად განისაზღვრა მითითებულ ღონისძიებათა განხორციელების სპეციალური წესები. მითითებული კანონი ადგენს რეგულირებას, რაც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის, აგრეთვე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვისათვის.
პალატა იზიარებს რა მითითებულ მოსაზრებას და ეთანხმება ეფექტური ღონისძიებების გატარებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით, თუმცა ამავდროულად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტის გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები, უნდა გამომდინარეობდეს საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან და შესაბამისად, მათი შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს, გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მხარეთა საერთოდ გათავისუფლებას მათ მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც ამყარებენ თავიანთ მოსაზრებებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ნ-----–---------ის მხრიდან გ---------------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის (შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას) განხორციელების ფაქტი, რის გამოც სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო ნ-----–---------ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის წინაპირობები, რაც წარმოდგენილი საჩივრის უარყოფის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, სააპელაციო საჩივარში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს და ის უნდა დარჩეს უცვლელი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 2112-ე და 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი