განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2427-18
N120310018002384684
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ო--------------–---–ი
წარმომადგენელი - შ--------------ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - ე---------------–--–ი
მესამე პირი - გ-------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ო--------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით გ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ო--------------–---–ს დაეკისრა სესხის იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 25 400 (ოცდახუთი ათას ოთხასი) აშშ დოლარის გადახდა გ-------------–---–ის სასარგებლოდ. გ-------------–---–ის წინაშე ო--------------–---–ის დავალიანების თანხის 25 400 (ოცდახუთი ათას ოთხასი) აშშ დოლარის დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ო--------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ქ. ბ---------–--------------–---------ში მდებარე N6------------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება. ო--------------–---–ს დაეკისრა გ-------------–---–ის სასარგებლოდ 1714,50 (ერთიათას შვიდასთოთხმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა, გ-------------–---–ის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (ტომი 1, ს.ფ. 115-133).
1.2.2. გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, 2016 წლის 18 თებერვალს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება (ტ.1, ს.ფ. 113-153)
1.2.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვალის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ო--------------–---–მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბერის მომართვის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის ამოწერის თაობაზე გ-------------–---–ის განცხადების განხილვის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, საქმე N2ბ/1------, გადაგზავნილი იქნა ახალციხის რაიონულ სასამართლოში.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 05 ოქტომბერს, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვალის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-4 პუნქტებზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2017 წლის 31 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ო--------------–---–მა და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვალის გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 01 ნოემბრის განჩინებით, ო--------------–---–ის განცხადება ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვალის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-4 ნაწილში, კერძოდ, 25 400 აშშ დოლარის ნაწილში დაიწყო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება (ტომი 1, ს.ფ. 174-178).
1.2.4. 2017 წლის 24 ოქტომბერს ო--------------–---–ს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროდან გაეგზავნა შეტყობინება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია NA-------- საქმე ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 05.10.2017წ. გაცემული N1--------------- სააღსრულებლო ფურცელი, სადაც კრედიტორია გ-------------–---–ი (პ/ნ 1----------) და მოვალე ო--------------–---–ი (პ/ნ1----------). აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 25400 აშშ დოლარი და 1714,5 ლარი. ო--------------–---–ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, გადაეხადა დაკისრებული თანხა, განემარტა, რომ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში, გადასახდელი იქნებოდა მხოლოდ დაკისრებული თანხა და კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასური - მოთხოვნის 2%, არანაკლებ 50 ლარი (ტომი 1, ს.ფ.137-141).
1.2.5. 2017 წლის 31 ოქტომბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსს განცხადებით მიმართა ო--------------–---–მა და მიუთითა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია საქმე Nა-------- ახალციხის რაიონული სასამართლოს 05.10.2017 წელს გაცემული N1--------------- სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლით გამოტანილია გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ არის შესული კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში. ამასთან სააღსრულებო ფურცლის ნომერი და გადაწყვეტილების ნომერი არ ემთხვევა ერთმანეთს (ტომი 1, ს.ფ. 21).
1.2.6. 2017 წლის 7 ნოემბერს ო--------------–---–მა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და წარუდგინა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინება აღსრულების შეჩერების თაობაზე და ითხოვა განჩინების აღსრულება. ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით: „1. ო--------------–---–ის განცხადება ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვალის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-4 ნაწილში, კერძოდ, 25 400 აშშ დოლარის ნაწილში დაიწყოს სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება; 3. იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, კანონით გათვალისწინებული ხარჯებისა და საფასურის დაფარვის შემდეგ, აუქციონის შედეგად ამონაგები თანხიდან სააღსრულებო ბიურომ ყადაღა დაადოს 9 400 აშშ დოლარს და 12 525 ლარს და განათავსოს საკუთარ სადეპოზიტო ანგარიშზე. დაყადაღებული თანხა სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსდება სასამართლოს ადაწყვეტილების (შეგებებული სარჩელის ნაწილში) კანონიერ ძალაში შესვლამდე“ (ტომი I, სფ. 154-160).
1.2.7. 2017 წლის 29 ნოემბერს გ-------------–---–ს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურომ დაუდგინა ხარვეზი და გაუგზავნა შეტყობინება, რომ მის მიერ წარდგენილ სააღსრულებო ფურცელში მითითებული საქმის ნომერი არ ემთხვევა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქმის ნომერს. ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული საქმის ნომერი არის N1---------------წ, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების N1---------------წ. ( ტომი 1, ს.ფ. 37-38).
1.2.8. 2017 წლის 30 ნოემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსს განცხადებით მიმართა ო--------------–---–მა და მიუთითა, რომ ხარვეზი მას შემდეგ იქნა დადგენილი, რაც მის მიერ სრულად იქნა გადახდილი თანხა. ვინაიდან მის მიერ თანხა სრულად არის დაფარული და დევს სააღსრულო ბიუროს ანგარიშზე, კრედიტორის მიერ ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში დეპოზიტზე არსებულ თანხა გადაეცემა მას, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, დაბრუნდება უკან სააღსრულებო ფურცლით. ე.ი. გამოდის, რომ აღსრულება ან არ დაწყებულა (სააღსრულებო ფურცლის არარსებობის გამო) ან შეჩერებულია მისი ხარვეზიანობის გამო, რის გამოც, მას არ უნდა დაეკსროს არც იძულებითი აღსრულების 7% და არც კურსის ცვალებადობა. ამასთან აღნიშნულის თაობაზე მას უნდა სცოდნოდა კანონით დადგენილი წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პირადად გადაურიცხავს სააღსრულებო ანგარიშზე თანხას და ამით სრულად შეასრულებს ვალდებულებას. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ო--------------–---–მა მოითხოვა ყადაღის მოხსნა და ცნობის გაცემა, მის მიერ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსების თაობაზე დავალიანების არქონის და მის მიერ ვალდებულებების შესრულების შესახებ, ასევე, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება, რის გადახდის ვალდებულება მას არ ჰქონია (ტომი 1, ს.ფ. 40-41).
1.2.9. 2017 წლის 05 დეკემბერს გ-------------–---–მა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს წარუდგინა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბერს გაცემული ცნობა, რომ 2017 წლის 05 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, ნომრით N1---------------, გაცემულია ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილების (საქმე N1---------------) აღსასრულებლად, ასევე 2017 წლის 27 დეკემბერს გ-------------–---–ის მიერ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებლო ბიუროში წარდგენილ იქნა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება N1---------------, სააღსრულებლო ფურცელში დაშვებულ უსწორობათა გასწორების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 190-199).
1.2.10. 2017 წლის 29 დეკემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართა ო--------------–---–მა და მოითხოვა მის მიერ უცხოური ვალუტის (აშშ დოლარი) კურსთა სხვადასხვაობით გამოწვეული, მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. სამცხე-ჯავახეთის ბიუროს 2018 წლის 11 იანვრის წერილით ეცნობა, რომ მის მიერ ჩარიცხული თანხა გადაერიცხა კრედიტორს გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით (ტომი 1, 52-54, 57).
1.2.11. ო--------------–---–მა საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მოითხოვა, გ-------------–---–ზე გადარიცხვა მოხდეს 2017 წლის 27 დეკემბრით არსებული სავალუტო კურსით და მოხდეს მის მიერ იძულებით ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება (ტომი 1, ს.ფ. 61-63).
1.2.12. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 14 თებერვლის N--- ბრძანებით ო--------------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ვალუტის კურსის დაანგარიშება განხორციელდა მოვალის მიერ გადახდის დროისთვის არსებული კურსით (ტომი 1, ს.ფ. 58-61).
1.2.13. ო--------------–---–ს 2017 წლის 09 დეკემბერს და 2017 წლის 21 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროდან გაეგზავნა წერილები, მასზედ, რომ მის მიერ 2017 წლის 11 ნოემბერს და 2017 წლის 29 ნოემბერს გადახდილი თანხები, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მიხედვით გადაერიცხა კრედიტორ გ-------------–---–ს, ხოლო საქმეში დაფიქსირებული ხარვეზი აღმოიფხვრა კრედიტორის მიერ წარდგენილი, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული N1---------------წ განჩინების საფუძველზე (ტომი 1, ს.ფ. 200-201).
1.2.14. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკონომიკური სამსახურის უფროსის მიმართვით დადგენილია, რომ A-------- საქმეში დარეგისტრირებულმა კრედიტორმა გ-------------–---–მა, წინასწარი საფასური - 2%, N1--------------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით გადაიხადა 2017 წლის 23 ოქტომბერს (25400 დოლარის 2%- 508 დოლარი და 1714,50 ლარის 2%- 34,29 ლარი; კურსი 2,4864 , რამაც ჯამში შეადგინა 1297,38 ლარი). ო--------------–---–ისაგან (პ/ნ 1----------) 2017 წლის 16 ნოემბერს ამოღებული თანხის (კურსი 2,6955) კრედიტრს 2018 წლის 4 იანვარს გადაერიცხა 5431,50 ლარი და 2018 წლის 5 იანვარს 28749,02 ლარი. ხოლო 2017 წლის 29 ნოემბერს მოვალის მიერ გადახდილი 41654,26 (კურსი 2,7228) ლარიდან 2018 წლის 5 იანვარს კრედიტორთან გადაირიცხა 27782,10 ლარი და 2018 წლის 25 იანვარს 0.03 ლარი.
2017 წლის 29 ნოემბერს (კურსი 2,7228) გადახდილი თანხიდან, ნამეტი 3872,13 ლარი დაუბრუნდა მოვალეს უკან, 2018 წლის 25 იანვარს მის მიერ წარდგენილ საბანკო რეკვიზიტზე (ტომი 1, ს.ფ. 46).
1.2.15. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკონომიკური სამსახურის უფროსის მიმართვით დადგენილია, რომ A-------- საქმეში დარეგისტრირებული მოვალის, ო--------------–---–ის (პ/ნ 1----------) ანგარიშებიდან, აღმასრულებლის მოთხოვნით, საინკასო დავალების საფუძველზე, 2017 წლის 16 ნოემბერს (კურსი 2,6955) ჩამოიჭრა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე განთავსდა თანხები - 120,02 ლარი და 1714,50 ლარი. აღნიშნულ საქმეში, მოვალე ო--------------–---–მა პირადად გადაიხადა 2017 წლის 16 ნოემბერს ( კურსი 2,6955) 32 346 ლარი და 29 ნოემბერს ( კურსი 2,7228) 41 654,26 ლარი. ჩარიცხული თანხებით სრულად დაიფარა 1--------------- სააღსრულებო
ფურცელით დაკისრებული კრედიტორის - გ-------------–---–ის (პ/ნ 1----------) მოთხოვნა და ნამეტი თანხა - 3872,13 ლარი მიმდინარე წლის 25 იანვარს დაუბრუნდა მოვალეს, მის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (ტომი 1, ს.ფ. 88).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით გ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ო--------------–---–ს დაეკისრა სესხის იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 25400 (ოცდახუთი ათას ოთხასი) აშშ დოლარის გადახდა გ-------------–---–ის სასარგებლოდ. გ-------------–---–ის წინაშე ო--------------–---–ის დავალიანების თანხის - 25 400 (ოცდახუთიათასოთხასი) აშშ დოლარის დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ო--------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ქ. ბ-----------------------–----------ში მდებარე, N6------------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება. ო--------------–---–ს დაეკისრა გ-------------–---–ის სასარგებლოდ 1714,50 (ერთი ათას შვიდას თოთხმეტი) ლარის და ორმოცდაათი თეთრის გადახდა, გ-------------–---–ის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, 2016 წლის 18 თებერვალს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ გ-------------–---–ზე და დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 17.1 მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის ა.ა). პუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში, აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. ამავე მუხლის ა.ბ). პუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში, აღმასრულებელი უფლებამოსილია, განახორციელოს გადახდევინება მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან. ამავე კანონის 25-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს ო--------------–---–ს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროდან გაეგზავნა შეტყობინება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია NA-------- საქმე ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 05.10.2017წ. გაცემული N1--------------- სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია გ-------------–---–ი (1----------) და მოვალე ო--------------–---–ი (პ/ნ1----------). აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 25400 აშშ დოლარი და 1714,5 ლარი. ო--------------–---–ს მიეცა წინადადება, ნებაყოფლობით შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში გადაეხადა დაკისრებული თანხა, განემარტა, რომ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში, გადასახდელი იქნებოდა მხოლოდ დაკისრებული თანხა და კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასური - მოთხოვნის 2%, არანაკლებ 50 ლარი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკონომიკური სამსახურის უროსის მიმართვით დადგენილია, რომ A-------- საქმეში დარეგისტრირებული მოვალის - ო--------------–---–ის( პ/ნ 1----------) ანგარიშებიდან აღმასრულებლის მოთხოვნით, საინკასო დავალების საფუძველზე 2017 წლის 16 ნოემბერს (კურსი 2,6955) ჩამოიჭრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე განთავსდა თანხები 120,02 ლარი და 1714,50 ლარი. აღნიშნულ საქმეში, მოვალემ - ო--------------–---–მა პირადად გადაიხადა 2017 წლის 16 ნოემბერს ( კურსი 2,6955) 32 346 ლარი და 29 ნოემბერს ( კურსი 2,7228) 41 654,26 ლარი.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 21.3 მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს: ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსასრულებელი გადაწყვეტილება; ბ) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი; დ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; ე) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი; ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. ეს წესი არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული ყველა რეკვიზიტი შეესაბამებოდა გადაწყვეტილებაში მითითებულ რეკვიზიტებს, მათ შორის, საქმის ელექტრონული ნომერიც N1------, ხოლო შეუსაბამობა მოდიოდა საღსრულებო ფურცელში მითითებული საქმის არაელექტრონულ ნომერზე, კერძოდ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში. მითითებული საქმის არაელექტრონული ნომერი არის N3/3-----წ, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არაელექტრონული ნომერი არის N2/3-----წ, რის გამოც, 2017 წლის 29 ნოემბერს გ-------------–---–ს გაეგზავნა შეტყობინება, რომ მის მიერ წარდგენილ სააღსრულებო ფურცელში მითითებული საქმის ნომერი არ ემთხვევა ახალცხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქმის ნომერს. ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული საქმის ნომერი არის N1---------------წ, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების N1---------------წ. მხარეს ეცნობა, რომ თუ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ,,გ" პუნქტის შესაბამისად, ერთი თვის ვადაში არ მოხდება კანონით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულება, კერძოდ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, სააღსრულებო საბუთი დაუბრუნდებოდა უკან, ხოლო ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი საფასური უკან არ დაბრუნდებოდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ,,გ" პუნქტის თანახმად, თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება. მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, გაფრთხილება უნდა უკავშირდებოდეს კრედიტორის მიერ კანონით გათვალისწინებული ისეთ უფლება-მოვალეობის დარღვევას, რომლის შეუსრულებლობა შეუძლებელს უნდა ხდიდეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ქმედება, რომლითაც გ-------------–---–ს გაეგზავნა აღნიშნული შეტყობინება, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი ვერ იმსჯელებს მის კანონიერებაზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
სასამართლოს განმარტებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ: ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ლ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი. ამავე კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს: ა) კრედიტორის განცხადებით; ბ) თუ მოვალე არ ცხოვრობს კრედიტორის მიერ მითითებულ მისამართზე, ან თუ ქონება იქ არ იმყოფება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალე იძებნება პოლიციის ორგანოების მეშვეობით; გ) თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება; დ) ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე) თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე; ვ) თუ ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსებს წინასწარი საფასურის თანხას იმ ოდენობამდე, რომელიც დადგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასების შედეგად, ან არ შეიტანს წინასწარი საფასურის თანხას, თუკი სააღსრულებო წარმოება დაიწყო კრედიტორის მიერ წინასწარი საფასურის გადახდის გარეშე. 11) თუ თანხის გადახდევინების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა იმის გამო, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია გადახდევინება, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება უბრუნდება კრედიტორს, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; 12) ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმავე პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვამდე კრედიტორი უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს განცხადებით და მოითხოვოს სააღსრულებო წარმოების 1 წლით გაგრძელება, რისთვისაც იგი იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით. ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, კრედიტორი ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ყოველწლიურად მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების გაგრძელების თაობაზე. 2) სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებისას აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, ხოლო ამ კანონით დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება ამავე საქმესთან დაკავშირებით ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კანონის 36-ე მუხლის განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაშია აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი, აღსრულება შეაჩეროს: ა) კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას - სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე; დ) ამ კანონის 184-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადებისას - საქმის წარმოების განახლებამდე; ე) ამ კანონის 183-ე მუხლით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების მხარის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით; ვ) ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორისათვის საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას − ამ ვადის ამოწურვამდე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვალის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ო--------------–---–მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბერის მომართვის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის ამოწერის თაობაზე გ-------------–---–ის განცხადების განხილვის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, საქმე N2ბ/1------, გადაგზავნილი იქნა ახალციხის რაიონულ სასამართლოში. ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 05 ოქტომბერს, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვალის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-4 პუნქტებზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2017 წლის 31 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ო--------------–---–მა და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვალის გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 01 ნოემბრის განჩინებით, ო--------------–---–ის განცხადება ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-4 ნაწილში, კერძოდ, 25 400 აშშ დოლარის ნაწილში, დაიწყო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. 2017 წლის 31 ოქტომბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსს განცხადებით მიმართა ო--------------–---–მა და მიუთითა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია საქმე Nა-------- ახალციხის რაიონული სასამართლოს 05.10.2017 წელს გაცემული N1--------------- სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლით გამოტანილია გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ არის შესული კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. ამასთან, სააღსრულებო ფურცლის ნომერი და გადაწყვეტილების ნომერი არ ემთხვევა ერთმანეთს.
2017 წლის 7 ნოემბერს ო--------------–---–მა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, წარუდგინა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინება აღსრულების შეჩერების თაობაზე და ითხოვა განჩინების აღსრულება. ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით: „1. ო--------------–---–ის განცხადება ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვალის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-4 ნაწილში, კერძოდ, 25 400 აშშ დოლარის ნაწილში დაიწყოს სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება; 3. იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად, კანონით გათვალისწინებული ხარჯებისა და საფასურის დაფარვის შემდეგ, აუქციონის შედეგად ამონაგები თანხიდან სააღსრულებო ბიურომ ყადაღა დაადოს 9 400 აშშ დოლარს და 12 525 ლარს და განათავსოს საკუთარ სადეპოზიტო ანგარიშზე. დაყადაღებული თანხა სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსდება სასამართლოს გადაწყვეტილების (შეგებებული სარჩელის ნაწილში) კანონიერ ძალაში შესვლამდე“.
2017 წლის 29 ნოემბერს გ-------------–---–ს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურომ გაუგზავნა შეტყობინება, რომ მის მიერ წარდგენილ სააღსრულებო ფურცელში მითითებული საქმის ნომერი არ ემთხვევა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქმის ნომერს. ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული საქმის ნომერი არის N1---------------წ, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ნომერი არის N1---------------წ.
2017 წლის 05 დეკემბერს გ-------------–---–მა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს წარუდგინა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბერს გაცემული ცნობა, რომ 2017 წლის 05 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, ნომრით 1---------------წ გაცემულია ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილების საქმე N1--------------- აღსასრულებლად, ასევე 2017 წლის 27 დეკემბერს გ-------------–---–ის მიერ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროში წარდგენილ იქნა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება N1---------------, სააღსრულებო ფურცელში დაშვებულ უსწორობათა გასწორების შესახებ.
რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ო--------------–---–ის განცხადებით მოთხოვნილი სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის, სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების და არც შეჩერების კანონისმიერი საფუძველი, ვინაიდან ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონით განსაზღვრული შეწყვეტის/ სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების და შეჩერების არც ერთი წინაპირობა არ არსებობდა. რაც შეეხება სააღსრულებო ფურცელში აღმოჩენილ უზუსტობას, აღნიშნულთან დაკავშირებით იმსჯელა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ და დაადგინა, რომ სააღსრულებო ფურცელში დაშვებულ იქნა უსწორობა, რომელიც გამოსწორებულ იქნა. სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც შეტყობინება გაეგზავნა გ-------------–---–ს, სააღსრულებო ფურცელში არსებული ხარვეზის შესახებ, ხარვეზის აღმოფხვრამდე, მოვალესთან მიმართებაში სააღსრულებო წარმოება არ მიმდინარეობდა, მოვალის მიერ თანხების გადარიცხვა სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე განხორციელდა გ-------------–---–ისათვის შეტყობინების გაგზავნამდე, ამასთან ო--------------–---–მა პირადად, ნებაყოფლობით გადაიხადა 2017 წლის 16 ნოემბერს ( კურსი 2,6955) 32 346 ლარი და 29 ნოემბერს ( კურსი 2,7228) 41 654,26 ლარი. აღნიშნული დასტურდება მისი 2017 წლის 30 ნოემბერის განცხადებით, სადაც იგი მიუთითებს, რომ ,,ხარვეზი მას შემდეგ იქნა დადგენილი, რაც მის მიერ თანხა სრულად იქნა დაფარული“. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით (რომელიც მის მიერ უკვე ნებაყოფლობით აღსრულებულია), იპოთეკით არის დატვირთული და ყადაღა ადევს საცხოვრებელ ბინას, მდებარეს: ბ---------–--------------–------ში).
სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ოფიციალური გაცვლითი კურსი არის ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა ვალუტების მიმართ დადგენილი გაცვლითი კურსი, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო და სხვა ოფიციალური მიზნებისათვის. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" 38-ე მუხლის მიხედვით, აღსრულების საფასური არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. ამ მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. ამავე კანონის 391 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, მოითხოვოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თავისი კუთვნილი თანხა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნამეტი თანხა - 3872,13 ლარი მიმდინარე წლის 25 იანვარს დაუბრუნდა მოვალეს - ო--------------–---–ს, მის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ო--------------–---–მა საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს და გ-------------–---–ისათვის თანხის გადარიცხვა მოითხოვა 2017 წლის 27 დეკემბრით არსებული სავალუტო კურსით, ასევე მოითხოვა მის მიერ იძულებით ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 14 თებერვლის N--- ბრძანებით ო--------------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ვალუტის კურსის დაანგარიშება განხორციელდა მოვალის მიერ გადახდის დროისთვის არსებული კურსით.
სასამართლომ არ გაიზიარა ო--------------–---–ის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მას მიადგა ზიანი 3425.21 ლარი, რაც გამოწვეულ იყო ვალუტის ცვალებადობით და გადარიცხვა უნდა მომხდარიყო 2017 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით არსებული კურსის გათვალისწინებით, რადგან ანგარიშსწორება ხდება გადახდის დღეს არსებული კურის მიხედვით ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში, ხოლო ო--------------–---–ის მიერ თანხის გადახდა განხორციელდა 2017 წლის 16 ნოემბერს. ამოღებული თანხა (კურსი 2,6955) კრედიტორს 2018 წლის 4 იანვარს გადაერიცხა - 5431,50 ლარი და 2018 წლის 5 იანვარს - 28749,02 ლარი, ხოლო 2017 წლის 29 ნოემბერს მოვალის მიერ გადახდილი 41654,26 ლარიდან (კურსი 2,7228) 2018 წლის 5 იანვარს კრედიტორთან გადაირიცხა 27782,10 ლარი, ხოლო 2018 წლის 25 იანვარს - 0.03 ლარი. ამასთან, ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგენიალია ეროვნული ბანკის მიერ, რის გამოც, აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ანგარიშსწორება განხორციელებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის მე-5, 53-ე, 96-ე, 601 მუხლებზე და ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს N--- ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, ამასთანავე, აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს ქმედება შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ამდენად, ო--------------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიუთითებს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, რომლებიც შეეხება მტკიცების ტვირთს, მტკიცებულებათა დასაშვებობას და მათ შეფასებას. ამდენად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ა" და "გ" ქვეპუნქტების შემადგენლობა (სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე, არასწორად განმარტა კანონი). აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო, იგი იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის, გადაწყვტეილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი იყო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ო--------------–---–ს გ-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრას 254000 აშშ დოლარის და 1714 ლარის გადახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2017 წლის 05 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც, 2017 წლის 24 ოქტომბრის წერილით ო--------------–---–ს ეცნობა, რომ მის მიმართ დაწყებული იყო სააღსრულებო წარმოება და მიეცა წინადადება, 7 დღის ვადაში გადაეხადა დაკისრებული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაეკისრებოდა ძირი თანხის 5%, დამატებით გადახდელად. მეორე დღესვე, ო--------------–---–მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცელი N1------------ შეიცავდა ხარვეზს და მოითხოვა საქმეზე წარმოების შეჩერება. 2017 წლის 30 ოქტომბერს აღსრულების ბიურომ ო--------------–---–ის კუთვნილი ქონების რეალიზაციის მიზნით, დანიშნა ამ უკანასკნელის ქონების შეფასება, რაზეც დასკვნა მიიღო 2017 წლის 27 ნოემბერს. ამ დასკვნის თანახმად, ქონება შეფასებულ იქნა 83 000 ლარის ოდენობით. მიუხედავად ო--------------–---–ის განცხადებაში მითითებული საფუძვლიანი და კანონიერი მოთხოვნისა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არ მოახდინა განცხადებაში მითითებულ გარემოებაზე რეაგირება, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ ქონების აუქციონზე რეალიზაციის თავიდან აცილების მიზნით, მოსარჩელემ გადაიხადა თანხა, ორ ეტაპად: 2017 წლის 16 ნოემბერს შეტანილ იქნა თანხა - 32.347 ლარი კურსით 2.6955 და 2017 წლის 29 ნოემბერს - 41.655.26 ლარი, კურსით 2.7228, რაც წარმოადგენს ამ დრომდე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ სავალუტო კურსს. ამასთანავე, 2017 წლის 16 ნოემბერს განხორციელდა ო--------------–---–ის კუთვნილ, „თ----------ის“ ანგარიშიდან საინკასო დავალების შესაბამისად, თანხების: 1714 ლარის და 120 ლარის ჩამოჭრა, აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ. 2017 წლის 29 ნოემბერს, თანხის გადახდა მოხდა საღამოს 17:00 საათიდან 18:00 საათამდე შუალედში, რა დროსაც, მოსარჩელისათვის მინიჭებული ანგარიში იყო ღია, არ იყო დაბლოკილი და მან დაუბრკოლებლად შეძლო თანხის ანგარიშზე შეტანა. 29 ნოემბრის სამუშაო დღის ბოლოს თანხის შეტანისთანავე, მოსარჩელეს აცნობეს, რომ გ-------------–---–ს დაუდგინდა ხარვეზი. აღნიშნულ ფაქტზე ო--------------–---–მა მოითხოვა მის მიერ უკვე ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება, რაზეც 2017 წლის 13 დეკემბრის ზ--------–-------–---–ის წერილით ეცნობა, რომ კრედიტორმა გ-------------–---–მა წარადგინა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა ხარვეზის გასწორების თაობაზე, რაც წარმოადგენს ო--------------–---–ის მოთხოვნის დაკმაყოფილებზე უარის საფუძველს. ამასთანავე, 2017 წლის 20 დეკემბერს, კრედიტორ გ-------------–---–ს უარი ეთქვა აღნიშნული ცნობის საფუძველზე ხარვეზის გასწორებაზე. სასამართლოს განჩინება ხარვეზის გასწორების შესახებ, მიღებულ იქნა 2017 წლის 26 დეკემბერს, რაც სააღსრულებო ბიუროში წარდგენილ იქნა 2017 წლის 27 დეკემბერს. ო--------------–---–ის არაერთ მოთხოვნათაგან (ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება, დაკისრებული 5%-ის გაუქმება) დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი - 2018 წლის 11 იანვრის წერილით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ო--------------–---–ს აცნობა, რომ ვინაიდან მის საქმეზე დადგენილი იყო ხარვეზი, მას არ ეკუთვნოდა დამატებით 5%-ის გადახდა და აღნიშნული თანხა - 3872.13 ლარი დაუბრუნდა უკან, თუმცა უარი ეთქვა სრულიად კანონიერ და სამართლიან მოთხოვნაზე, უკან დაბრუნებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა, ვინაიდან 2017 წლის 29 ნოემბერს აღსრულების ბიუროს მიერ დადგენილი ხარვეზის შესაბამისად, აღნიშნული გულისხმობდა ხარვეზის არსებობას 29 ნოემბერსაც და შემდეგშიც. შესაბამისად, ო--------------–---–ს არ ჰქონდა მოთხოვნილი თანხის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან 29 ნოემბერს დადგენილი ხარვეზის თანახმად, არ არსებობდა მოთხოვნის შესრულების საფუძველი, რაც ნიშნავს, რომ მოვალე ო--------------–---–ს 29 ნოემბრამდე, რომ არ გადაეხადა მოთხოვნილი თანხა, მის მიმართ ვერ და არ განხორციელდებოდა იძულებითი ამოღების მექანიზმი აუქციონის სახით. ხარვეზის გასწორება მოხდა 2017 წლის 26 დეკემბერს, რაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარედგინა 2017 წლის 27 დეკემბერს, შესაბამისად, სწორედ 27 დეკემბერს წარმოიშვა მოთხოვნის განხორცილების და გადახდის სამართლებრივი საფუძველი. ო--------------–---–ს, რომ არ მოეხდინა თანხის 29 ნოემბრამდე გადახდა, მას მოუწევდა გადახდის განხორციელება 27 დეკემბრის შემდეგ, გადახდის დღეისათვის არსებული კურსის შესაბამისად. სამართლებრივად აღნიშნული ვადა წარმოიშვა 27 დეკემბერს, შესაბამისად, გადახდის დღისათვის არსებული კურსი უნდა დადგინდეს იმ დღისთვის არსებული კურსის შესაბამისად, ხოლო იმ დღისთვის სავალუტო კურსი, არსებული და საქმეში წარმოდგენილი სავალუტო კურსის ცხრილის შესაბამისად, შეადგენდა 2.5751 ლარს, რაც ნიშნავს, რომ ო--------------–---–ს უნდა დაკისრებოდა 25 400 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა - 65.407.54 ლარი, თუმცა მის მიერ რეალურად გადახდილ იქნა 74.002.26 ლარი. აღსრულების ეროვნული ბიუროს უკანონო ქმედებით აპელანტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. 2017 წლის 29 ნოემბერს აღსრულების ბიუროს მიერ დადგენილი ხარვეზის შესაბამისად, უკვე აღარ უნდა მომხდარიყო არანაირი მოქმედების განხორციელება. ამდენად, 29 ნოემბერს ო--------------–---–ის მიერ გადახდილი თანხა - 41.655.26 ლარი შეტანილია უკვე ხარვეზდადგენილ სააღსრულებო ფურცელზე, მაშინ, როდესაც ხარვეზის დადგენა თავისთავად აჩერებს ნებისმიერი ტიპის მოქმედებას. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად ო--------------–---–ის კანონიერი და სამართლიანი მოთხოვნისა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ისე გამოსცა N--- ბრძანება, რომ არ უზრუნველყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოების წესის დაცვა, არ შეისწავლა ყველა გარემოება, არსებითად დარღვეულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის მოთხოვნები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
3.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, ხოლო 25.1 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 05.10.2017წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო NA-------- სააღსრულებო წარმოება (კრედიტორი - გ-------------–---–ი, მოვალე - ო--------------–---–ი, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 25400 აშშ დოლარი და 1714,5 ლარი). აღნიშნული წარმოების ფარგლებში, ო--------------–---–ს მიეცა წინადადება, შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, ნებაყოფლობით გადაეხადა დაკისრებული თანხა და განემარტა, რომ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში, გადასახდელი იქნებოდა მხოლოდ დაკისრებული თანხა, ასევე კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასური - მოთხოვნის 2%, არანაკლებ 50 ლარი. ამავე წარმოების ფარგლებში, კრედიტორმა გ-------------–---–მა, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, 23.10.2017წ. გადაიხადა წინასწარი საფასური - 25400 დოლარის 2% - 508 დოლარი და 1714,50 ლარის 2% - 34,29 ლარი (კურსი 2,4864), რამაც ჯამში შეადგინა 1297,38 ლარი, ხოლო მოვალე ო--------------–---–მა, აღმასრულებლის მოთხოვნის საფუძველზე, 16.11.2017წ. და 29.11.2017წ. გადაიხადა დაკისრებული თანხები, საიდანაც 16.11.2017წ. ამოღებული თანხიდან (კურსი 2,6955) კრედიტორს 04.01.2018წ. გადაერიცხა 5431,50 ლარი, ხოლო 05.01.2018წ. - 28749,02 ლარი. 29.11.2017წ. მოვალე ო--------------–---–ის მიერ გადახდილი 41654,26 ლარიდან (კურსი 2,7228), 05.01.2018წ. კრედიტორთან გადაირიცხა 27782,10 ლარი, ხოლო 25.01.2018წ. - 0.03 ლარი.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მიმდინარე წარმოების ფარგლებში, 29.11.2017წ. კრედიტორ გ-------------–---–ს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურომ დაუდგინა ხარვეზი, იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილ სააღსრულებო ფურცელში მითითებული საქმის ნომერი არ ემთხვეოდა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქმის ნომერს. 30.11.2017წ. აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით მიმართა მოვალე ო--------------–---–მა და მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ხარვეზი დადგინდა მას შემდეგ, რაც მან სრულად გადაიხადა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა. ამ პირობებში, მას არ უნდა დაკისრებოდა არც იძულებითი აღსრულების 7% და არც ზედმეტი თანხა, რაც სავალუტო კურსის ცვალებადობით იყო გამოწვეული.
05.12.2017წ. გ-------------–---–მა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს წარუდგინა ახალციხის რაიონული სასამართლოს 05.12.2017წ. გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებულ იქნა, რომ 05.12.2017წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი გაცემულია ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ამავე პირმა 27.12.2017წ. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროში წარადგინა ახალციხის რაიონული სასამართლოს 26.12.2017წ. განჩინება, რომლითაც გასწორდა სააღსრულებლო ფურცელში დაშვებული უსწორობა.
29.12.2017წ. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს განცხადებით მიმართა ო--------------–---–მა და მოითხოვა უცხოური ვალუტის (აშშ დოლარი) კურსთა სხვადასხვაობით გამოწვეული, მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 11.01.2018წ. წერილით ო--------------–---–ს ეცნობა, რომ კრედიტორის მიერ წარდგენილი ახალციხის რაიონული სასამართლოს 26.12.2017წ. განჩინების საფუძველზე, გასწორდა NA-------- სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა და მოხდა სააღსრულებო საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ჩარიცხული თანხების განაწილება. ამავე წერილით ო--------------–---–ს ეცნობა, რომ ვინაიდან მას სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორებამდე ვალდებულება სრულად ჰქონდა შესრულებული (აღსრულების საფასურის ჩათვლით), მას უკან დაუბრუნდებოდა აღსრულების საფასური (5%), ამასთანავე, სააღსრულებო ფურცელში უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებული მოთხოვნის ანგარიშსწორება ხდებოდა გადახდის დღეს არსებული კურსის მიხედვით, ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ 11.01.2018წ. წერილში ასახული პირობა, აღსრულების საფასურის (5%) მოვალისათვის უკან დაბრუნების შესახებ, შესრულებულია - ო--------------–---–ს, 2017 წლის 29 ნოემბერს გადახდილი თანხიდან (კურსი 2,7228) უკან დაუბრუნდა 3872,13 ლარი, 2018 წლის 25 იანვარს მის მიერ წარდგენილ საბანკო რეკვიზიტზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 183.1 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში, 17.01.2017წ. ო--------------–---–მა საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. საჩივრის ავტორმა მოითხოვა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ქმედების - 11.01.2018წ. წერილის უკანონოდ ცნობა და მის მიერ ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული, ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. აღსრულების ეროვნული ბიუროს 14.02.2018წ. N--- ბრძანებით ო--------------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ოფიციალური გაცვლითი კურსი არის ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა ვალუტების მიმართ დადგენილი გაცვლითი კურსი, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო და სხვა ოფიციალური მიზნებისათვის. პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს.
პალატა მართებულად მიიჩნევს რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, კანონშესაბამისად განხორციელდა ვალუტის კურსის დაანგარიშება და შესაბამისი თანხის დაკისრება მოვალე ო--------------–---–თან მიმართებაში. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობაში, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის დროს არსებობდა. დადგენილია, რომ ო--------------–---–მა, 16.11.2017წ. და 29.11.2017წ. შეასრულა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემული, სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება. ამასთანავე, ვალუტის კურსის დაანგარიშება განხორციელდა მის მიერ შესაბამისი თანხის გადახდის დღისათვის არსებული კურსით. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ კანონიერია სადავო 14.02.2018წ. N--- ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ო--------------–---–ის მოთხოვნა, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 11.01.2018წ. წერილის უკანონოდ ცნობის თაობაზე, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხის აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობისა და 3425.21 ლარის მოსარჩელისათვის უკან დაბრუნების დავალების საფუძვლები.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), საკასაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი