განაჩენი

სისხლის სამართლის 20.01.2020
საქმის ნომერი
330100118002606978
ინსტანცია
თარიღი
20.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002606978

საქმე №1ბ/1926-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ლ-----–----–---–----

ადვოკატის: ი-----–--------

გამართლებულ: ნ-----–---------------

მონაწილეობით,თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის თ------------------–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–--------------- მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------- პ/ნ 0----------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ-------–------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, ნ-----–--------------- ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენით, ნ-----–-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ-----–-------------- იმავე დღეს გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან პირობით, ვადამდე ადრე.

2018 წლის 2 მაისს, ღამის დაახლოებით 03:20 საათზე, ქ. თ---–--–--------------–---–---------ში მდებარე ინდივიდუალური მეწარმე კ------------------ საცხობთან განთავსებული ნაყინის შესანახი მაცივრიდან, ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევი ნ-----–-------------- ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვადასხვა დასახელების ნაყინების ფარულად დაუფლებას, რა დროსაც მისი ქმედება შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა და შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ზემოაღნიშნული ქმედებით კ------------------ შესაძლოა მისდგომოდა 179 (ას სამოცდაცხრამეტი)ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით, ნ-----–-------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 02 მაისს, ღამის დაახლოებით 03:20 საათზე, ქ------–--–-------------–---–--------ში მდებარე ინდივიდუალური მეწარმე კ------------------ საცხობთან განთავსებული ნაყინის შესანახი მაცივრიდან, ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევმა ნ-----–--------------მ სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვადასხვა დასახელების, 5 ლარისა და 10 თეთრის ღირებულების ნაყინებს, რა დროსაც მისი ქმედება შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა და შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. თუმცა სასამართლომ ნ-----–--------------- გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ნ-----–--------------- ზემოაღნიშნულ ქმედებას, მცირე მნიშვნელობის გამო, არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (არც ასეთი ზიანის საფრთხე შეუქმნია).

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა თ------------------–---–--- რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ნ-----–--------------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ნაწილობრივ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს, განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ ნ-----–--------------მ რამდენიმე წუთიანი მცდელობების შემდეგ გადმოაბრუნდა და გატეხა მაცივარი, ეუფლებოდა მასში მოთავსებულ, 179 ლარად ღირებულ ნაყინებს, რომლებსაც ათავსებდა თან ნაქონ პოლიეთილენის პარკში და სწორედ ამ დროს შეაჩერეს ის პოლიციის თანამშრომლებმა, რის გამოც შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ბრალდებულს ჰქონდა მაცივრის გატეხვისა და მასში მოთავსებული ნაყინების ფარულად დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რითაც დაზარალებულ კ------------------, შესაძლოა მისდგომოდა 179 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი და ასეთ შემთხვევაში ნ-----–--------------- ქმედება არ შეიძლება შეფასდეს მცირე მნიშვნელობის მქონედ. ასევე, აღსანიშნავია, რომ გამართლებული ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულისათვის და განსახილველ საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის შესაძლოა წამახალისებელი იყოს.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ-----–--------------- ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

დაზარალებულ კ------------------, მოწმეების: ვ--------–-------–---–-------------------–-------–-–--–-------------------–-----------–----------------–----------------------------------- ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების ოქმით და ინდ. მეწარმე ი-–------------------- კუთვნილი ლომბარდიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დგინდება, რომ წარსულში ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევმა ნ-----–--------------მ 2018 წლის 2 მაისს, ღამის საათებში სცადა ინდ.მეწარმე კ------------------ ნაყინის შესანახი მაცივრიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვადასხვა დასახელების, 5 ლარისა და 10 თეთრის ღირებულების ნაყინებს.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ-----–--------------- ქმედებით დაზარალებულ კ------------------ შესაძლოა მისდგომოდა არა 5 ლარის და 10 თეთრის, არამედ 179 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის დასადგენად ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. აპელანტი სააპელაციო საჩივარში პოზიციის დასაბუთების დროსაც ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, რაც ცალკე აღებული მტკიცებულება, წარდგენილი ბრალის მიხედვით ნ-----–--------------- მსჯავრდების საფუძველს ვერ ქმნის.

დაზარალებულის ჩვენების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის და მისგან ამოღებული ნაყინების რაოდენობის ერთობლივი ანალიზის შედეგად დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ იმ ნაყინების საერთო ღირებულება, რომელთა საბოლოო დაუფლებაც პოლიციის თანამშრომელთა გამოჩენის გამო ვერ შეძლო ნ-----–--------------მ შეადგენდა 5 ლარს და 10 თეთრს. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ მაცივარში კიდევ იყო სხვა ნაყინები. თუმცა, ბრალდების მხარეს არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაზარალებულის ჩვენების შემოწმებისა და მისი მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების საშულებას მისცემდა.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის ვერსია, რომლის თანახმადაც, ნ-----–--------------- ქმედებით დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 179 (ას სამოცდაცხრამეტი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ის გარემოება, რომ ნ-----–--------------- ქმედება არ იყო მიმართული დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისაკენ, დასტურდება უშუალოდ ქმედების დროს მისი ქცევითაც. კერძოდ, მაცივრის მინის გატეხვის შემდეგ ნ-----–-------------- დაეუფლა რამდენიმე ნაყინს და ერთ-ერთი მათგანის მირთმევა დაიწყო შემთხვევის ადგილზევე, რაც ნათლად წარმოაჩენს ნ-----–--------------- განზრახვას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს.

აპელანტის აზრით, ნ-----–--------------- ქმედებით დაზარალებულისათვის 5 ლარის და 10 თეთრის ზიანის მიყენების საფრთხის შექმნის პირობებშიც, ქმედებას არ გააჩნდა ისეთი მცირე მნიშვნელობის ხასიათი, რაც საქართველოს სსკ-ის მე-7 მულხის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მისი გამართლების საფუძველი გახდებოდა.

პალატა ვერ დაეთანხმება აღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან მართალია ქმედების მცირე მნიშვნელობის დასადგენად საკმარისი არ არის აპელირება მხოლოდ მატერიალური ზიანის ოდენობაზე, მაგრამ იმისათვის, რათა განისაზღვროს ქმედების მცირე მნიშვნელობა, აუცილებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივად შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–--------------- მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, შესაძლო ზიანის, ქმედების ჩადენისას მისი ქცევის, ასევე, დანაშაულის მოტივის, ბრალუნარიანობის და განზრახვის მოცულობის გათვალისწინებუთ, პალატა მსჯავრდებულის ქმედებას მიიჩნევს ისეთი მცირე მნიშვნელობის მქონედ, რომ მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართევლოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი.

ნ-----–--------------- ქმედება, რომელიც ფორმალურად შეიცავს ქურდობის მცდელობის ნიშნებს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად არის საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელი, თუმცა იმდენად მცირე საფრთხის შემცველია, რომ არ ქმნის საკმარის საფუძველს მისი ჩამდენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ-----–--------------- ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი, როგორც კანონიერი და დასაბუთებული უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ნ-----–-------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნ-----–--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

5. ნ-----–--------------- უფლება აქვს მოითხოვოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება.

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ლაზერული დისკები და სამედიცინო დოკუმენტაცია დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

- სამი ცალი ნაყინი განადგურდეს.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი