განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2019
საქმის ნომერი
330210018002435166
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002435166

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/4117-19 26 ნოემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - შპს „ჰ------ს ს-–------“ (მოსარჩელე )

წარმომადგენელი - ფ------ მ-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე-----------დ ჯ-------ა“

 

წარმომადგენელი - ს------- ს-----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.03.2019წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით 5000 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება (იხ.: 26.11.2019წ. სხდომის ოქმი).

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეს დაეკისროს 11 000 ლარის გადახდა.

 

2. სარჩელის საფუძვლები:

 

2--- წლის 15 დეკემბერს მოპასუხესა და “ჰ----–---- თ---–---------------–---ას” შორის გაფორმდა ხელშეკრულება №1---- შიდა რემონტის რეგულაციის თაობაზე. ხელშეკულებით შპს "ჰ------ს ს-–------მ" იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა სარემონტო სამუშაოები მოპასუხისთვის იჯარით გადაცემულ ფართში, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა რემონტზე გახარჯული თანხები და მომსახურების საფასური. მოპასუხემ თავისი ხარჯებით შეიძინა და გადასცა სარემონტო მასალები მოსარჩელეს სამუშაოების ჩასატარებლად. მოსარჩელემ განახორციელა ყველა საჭირო სამუშაო და საბოლოო ჯამში რემონტზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 11000 ლარი. გაფორმდა "ჰ----–---- თ---–---------------–---ას" მოიჯარეთა მიერ შესრულებული სარემონტო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ასევე გაიცა ცნობა, რითიც დასტურდება ყველა ვალდებულების შესრულების ფაქტი. მიღება-ჩაბარების აქტი წარედგინა მოპასუხეს, თუმცა მან გაურკვეველი მიზეზის გამო უარი განაცხადა ხელის მოწერაზე, ამავდროულად მოსარჩელის მიმართ არანაირი პრეტენზია შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია. მრავალი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და სრულიად უსაფუძვლოდ უარს აცხადებს გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია და მისთვის არც სარემონტო მასალები გადაუცია. მოსარჩელეს არ უწარმოებია სარემონტო სამუშაოები მოპასუხის სარგებლობაში არსებულ ფართში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.03.2019წ. გადაწყვეტილებით შპს „ჰ------ს ს-–------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4.1. მეიჯარე სს „ H------------------------------------------”-ს და მოიჯარე შპს „ე-----------დ ჯ-------ას“ შორის 2--- წლის 27 ნოემბერს გაფორმებული კომერციული ფართის იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა 12 თვის ვადით, საიჯარო ფართი, საკადასტრო კოდი 0--------------3, №1 სართული, A ფრთა, №1-----, სადაც სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა არაუგვიანეს 2--- წლის 25 დეკემბრისა. მთლიანი საიჯარო ქირა - 14880 აშშ დოლარი.

 

4.2. არ დგინდება მხარეებს - შპს „ჰ------ს ს-–------სა“ და შპს „ე-----------დ ჯ-------ას“ შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ფაქტი. ამასთან, არ დგინდება შპს „ჰ------ს ს-–------ს“ მიერ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ე-----------დ ჯ-------ას“ სასარგებლოდ 11 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის ზეპირი ან წერილობითი ფორმით შედგა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებით პირობებზე შეთანხმება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელე შპს ,,ჰ------ს ს-–------ს’’ მოთხოვნაა დაეკისროს შპს ,,ე-----------დ ჯ-------ას’’ 11000 ლარის გადახდა №1---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენს მოსარჩელე, აღნიშნული ხელშეკრულებით არ დგინდება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება. ერთადერთი გარემოება, რაც ამ ხელშეკრულების პირობებიდან მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია - დგინდება, რომ მოიჯარე შპს „ე-----------დ ჯ-------ა“ ვალდებული იყო იჯარით მიღებულ ფართში სარემონტო სამუშაოები ჩაეტარებინა არაუგვიანეს 2--- წლის 25 დეკემბრისა (ს.ფ. 218-237).

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი - „ჰ----–----. თ---–-------------------------–----ს შიდა რემონტის რეგულაციის დანართი II საიჯარო ფართის გადაცემის მიღება- ჩაბარების აქტის“ თანახმად, მაღაზიის ნომერია „№1---”, რემონტისათვის შესვლის დროა 16.12.2---, რემონტის დასრულების დრო - 26.12.2---. აქტს ხელს აწერს სამეურნეო დეპარტამენტის მენეჯერი ივ. ზ------–---–ი, მოიჯარე კომპანიის წარმომადგენელი ნ---------------- და ს------------ი, რომლის მონაცემები ამ დანართზე დაფიქსირებული არ არის, თარიღი მითითებულია - 2018 წლის 05 იანვარი.

 

საქმეში წარმოდგენილია 2--- წლის 15 დეკემბრის თარიღით შედგენილი „დანართი III მოიჯარის პლაზაში რემონტისათვის შესვლის სააპლიკაციო ფორმა“, რომლის მიხედვით, მოიჯარეა - შპს „ე-----------დ ჯ-------ა“ რემონტის განმახორციელებელი - “ H------------------ LLC”, აპლიკანტის სარემონტო პროექტის შინაარსი - „ჭერი, ელექტრობა, კაბელები, თაროები, ჩამრთველები“. აღნიშნულ სააპლიკაციო ფორმაზე არ არის შპს ,,ჰ------ს ს-–------ს’’ უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (ს.ფ. 108). აღნიშნული მტკიცებულება წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას, სადაც მითითებულია, თუ რა სახის სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო საიჯარო ფართში (ჭერი, ელექტრობა, კაბელები, თაროები, ჩამრთველები).

 

ასევე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია, „ჰ----–--- თ---–---------------–---ას“ სამეურნეო-ტექნიკური დეპარტამენტის სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების მენეჯერის 2018 წლის 16 აპრილის ცნობა - „ჰ----–--- თ---–--------------–----- მაღაზიაში №1-----” განხორციელებული რემონტის შესახებ’’, რომლის თანახმად, №1A- 003 მაღაზიაში რემონტი (შეკიდული ჭერი, ელექტროქსელის მოწყობა - კაბელების, განათების, ჩამრთველებისა და თაროების მოწყობა) ჩაატარა “ H------------------ LLC“-მა 2--- წლის 16 დეკემბრიდან 2--- წლის 26 დეკემბრის განმავლობაში. სარემონტო სამუშაოები გადმოიბარა „ჰ----–--- თ---–---------------–---ას“ სამეურნეო-ტექნიკურმა დეპარტამენტმა, რემონტის რეგულაციის დოკუმენტის თანახმად. ცნობა დადასტურებულია „ჰ----–--- თ---–---------------–---ას“ სამეურნეო-ტექნიკური დეპარტამენტის სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების მენეჯერის ი---- ზ------–---–ის ხელმოწერით (ს.ფ. 34). სასამართლო მიიჩნევს, რომ „ჰ----–--- თ---–---------------–---ას“ სამეურნეო-ტექნიკური დეპარტამენტის სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების მენეჯერის მიერ გაცემული ცნობა არ წარმოადგენს სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტის მტკიცებულებას მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ შესრულებული სარემონტო სამუშაოების შესახებ. მხარეებს - შპს ,,ჰ------ს ს-–------სა'' და შპს ,,ე-----------დ ჯ-------ას'' შორის შესრულებული სარემონტო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა, არც „ჰ----–--- თ---–---------------–---ას“ სამეურნეო-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩაბარებას დასწრებია შპს ,,ე-----------დ ჯ-------ას'' უფლებამოსილი წარმომადგენელი.

 

რაც შეეხება თანხის ოდენობას, საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა (№ეა-10 1------. 16 აპრილი, 2018 წელი) (ს.ფ.32), რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას და განსაზღვრავს მის მიერ შესრულებულ სარემონტო სამუშაოებს 11000 ლარით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო ანგარიშფაქტურაში დაფიქსირებულ საქონლის მომსახურების დასახელებებზე. კერძოდ: სრული მომსახურების მენეჯმენტი - 4000 ლარი, მომსახურების დაჩქარების ღირებულება - 2000 ლარი, ელექტრომომსახურება - 2000 ლარი, მონტაჟის მომსახურება - 3000 ლარი, ჯამში 11000 ლარი.

 

ანგარიშფაქტურიდან არ ირკვევა კონკრეტულად რა მომსახურების ან/და რა პირობებით მომსახურების გაწევაზე შეთანხმდნენ მხარეები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არ ირკვევა ანგარიშფაქტურაში აღნიშნული მომსახურების შინაარსი (სრული მომსახურების მენეჯმენტი - 4000 ლარი, მომსახურების დაჩქარების ღირებულება - 2000 ლარი) მოიცავდა თუ არა სარემონტო სამუშაოებს ან თუ უკავშირდებოდა რაიმე ფორმით მაინც. როგორც 2019 წლის 22 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ განიმარტა - მოსარჩელემ მოპასუხეს ასევე გაუწია მთარგმნელობითი მომსახურება დაჩქარებული წესით. შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშფაქტურაში დაფიქსირებული საქონლის მომსახურება - სრული მომსახურების მენეჯმენტი - 4000 ლარი და მომსახურების დაჩქარების ღირებულება - 2000 ლარი, შეეხება არა სარემონტო სამუშაოებს, არამედ სხვა მომსახურებას, აღნიშნულ ახალ გარემოებაზე მოსარჩელემ მიუთითა საქმის მთავარ სხდომაზე პაექრობის ეტაპზე სსსკ 219-ე მუხლის დარღვევით და ვერ იქნება შეფასებული სასამართლოს მიერ. ამასთან, ანგარიშფაქტურიდან შეუძლებელია დადგინდეს მხარეებს შორის რაიმე პირობებზე შეთანხმება და ასევე ის ფაქტი, რომ შპს „ჰ------ს ს-–------მ“ შპს „ე-----------დ ჯ-------ას“ გაუწია თუ არა სარემონტო სამუშაოები თუნდაც დარჩენილი 5000 ლარის ნაწილში.

 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შპს „ე-----------დ ჯ-------ამ“ შემოსავლების სამსახურს მიმართა განცხადებით აპრილის თვის დღგ-ის ჩათვლის დანართიდან №ეა-10 1------ ანგარიშფაქტურის ამოღების მოთხოვნით (1677,96 ლარი), განმცხადებლის განმარტებით, ანგარიშფაქტურა არ იყო განმცხადებლისთვის განკუთვნილი და ვინაიდან გამყიდველთან არ ჰქონდა არც ზეპირი და არც წერილობითი ხელშეკრულება გაფორმებული და ანგარიშფაქტურა დადასტურებული იყო შეცდომით შპს „ე-----------დ ჯ-------ამ“ მოითხოვა ანგარიშფაქტურაზე ჩათვლის გაუქმება, რაც გაზიარებული იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ (ს.ფ. 81-98). ამდენად, საგადასახადო მიზნებისათვის ანგარიშფაქტურის შედეგები ანულირებულია. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისთვისაც №ეა-10 1------ ანგარიშფაქტურა აღარ წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას შესრულებული სარემონტო სამუშაოებისა და მათი ღირებულების თაობაზე.

 

ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, 2--- წლის 25 დეკემბერს დ-------------–---–--ა (მენარდე) და შპს „ე-----------დ ჯ-------ას“ (შემკვეთი) შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში მოპასუხეს ელექტროგაყვანილობის დამონტაჟების მომსახურება „ჰ----–--- თბილისი ზღვის პლაზაში“, №1----- მაღაზიაში გაუწია ფიზიკურმა პირმა დ-------------–---–მა, 300 ლარის გადახდის სანაცვლოდ.

 

დამატებით აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, მოპასუხის მიერ სარემონტო მასალების გადაცემისა და ამ მასალით სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ, არ დასტურდება, ვინაიდან თვით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინვოისით (23/12/2---; №3--------; ს.ფ.29), დგინდება, რომ გადამხდელს წარმოადგენს შპს „ე-----------დ ჯ-------ა“, მიმღებს - „ჯი - ე-–-----------სი“, ელექტროგაყვანილობის მასალების ღირებულებაა - 249,00 ლარი. ინვოისის შესაბამისად, აღნიშნული მასალები შპს „ე-----------დ ჯ-------ამ“ შეიძინა „ჯი - ე-–-----------სისგან“, თუმცა ფაქტები, რომ მოპასუხემ გადასცა მოსარჩელეს შესაბამისი მასალა, რომლითაც შპს „ჰ------ს ს-–------მ” გაუწია მოპასუხეს მომსახურება, მით უფრო მონტაჟის მომსახურება - 3000 ლარის ღირებულების დაუსაბუთებელია და სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება.

 

მოპასუხემ სადავოდ გახადა ასევე მოსარჩელის მიერ თაროების მოწყობის ფაქტი და თავის მხრივ წარმოადგინა მტკიცებულებები თაროების შეძენის თაობაზე (იხ. ს. ფ. 142, 146, 147).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზიარებული იქნება მოსარჩელის მტკიცება მის მიერ სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე, მოთხოვნა მაინც დაუსაბუთებელია, ვინაიდან სათანადო მტკიცებულება შესრულებული სამუშაოების ღირებულების თაობაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მათი ჩვენებების შეფასება არ იძლევა საკმარის საფუძველს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ შეასრულა სარემონტო სამუშაოები. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ის გარემოებები, რომლებიც დაასაბუთებდა სასარჩელო მოთხოვნასა და მითითებულ სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს (მხარეებს შორის სარემონტო მომსახურების შესახებ შეთანხმების არსებობის, მოპასუხის მიერ სარემონტო მასალების გადაცემისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ მითითებული გარემოებები), რაც, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დასაკმაყოფილებლად საჭიროებდა დამტკიცებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტით ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები.

 

4.3. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებით პირობებზე შეთანხმების ფაქტი ვერ დადგინდა, ასევე ვერ დადასტურდა მოსარჩელის მიერ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის სასარგებლოდ სამუშაოების შესრულების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც წერილობით, ისე ზეპირად.

 

იმისათვის, რომ მხარეთა ურთიერთობა დაკვალიფიცირდეს ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობად მოსარჩელემ მინიმუმ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების ისეთ არსებით პირობებზე შეთანხმება მოპასუხესთან როგორიცაა ხელშეკრულების საგანი (მომსახურების შინაარსი), ფასი და ხელშეკრულების ვადა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეთანხმება წერილობითი, ან ზეპირი ფორმით ვერ დაადასტურა.

 

ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირობათა დაცვით ვერ დადგინდა მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება, რაც სსკ-ის 629-ე მუხლის შესაბამისად მენარდეს შემკვეთის მიმართ წარმოუშობდა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ამდენად, მოსარჩელე მოკლებულია უფლებამოსილებას მოსთხოვოს მოპასუხეს 11000 ლარის გადახდის ანაზღაურება იმ მომსახურებისთვის, რომლის მოსარჩელის სასარგებლოდ გაწევა ვერ დაადასტურა.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.03.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით 5000 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება (იხ.: 26.11.2019წ. სხდომის ოქმი).

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

5.1. არასწორია სასამართლოს განმარტება მასზედ, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა შეთანხმება სარემონტო სამუშაოების გაწევაზე. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება 2--- წლის 16 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე განეხორციელებინა სარემონტო სამუშაოები. სასამართლო არასწორად განმარტავს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით მოიჯარე, ანუ შპს „ე-----------დ ჯ-------ა“ იყო ვალდებული განეხორციელებინა სარემონტო სამუშაოები. ხელშეკრულებაში ნათლად და გარკვევით არის მითითებული, რომ რემონტის განმახორციელებელ კომპანიას წარმოადგენს მოსარჩელე. ხელშეკრულებას ხელს აწერს შპს „ე-----------დ ჯ-------ას“ წარმომადგენელი და ჰ----–--- თ---–---------------–---ას სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვინაიდან აღნიშნული ფართი ეკუთვნის თ---–---------------–---ას და შესაბამისად, იგი ახორციელებს ნებისმიერი სახის რემონტზე მეთვალყურეობას.

 

რემონტის ჩატარების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ „დანართი 3, პლაზაში რემონტისათვის შესვლის სააპელიკაციო ფორმის“ გარდა წარმოდგენილი იქნა არაერთი მტკიცებულება. კერძოდ, წარმოდგენილია ჰ----–--- თ---–---------------–---ას ტექნიკური დეპარტამენტის მენეჯერის წერილობითი ცნობა, სადაც ის ადასტურებს, რომ სარემონტო სამუშაოები განახორციელა მოსარჩელემ. ასევე წარმოდგენილი იქნა ჰ----–--- თ---–---------------–---ას და მოსარჩელეს შორის გაფორმებული რემონტის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

5.2. საქმეში წარმოდგენილია ანგარიშფაქტურა, რომლითაც დასტურდება, თუ რა რაოდენობის სამუშაო შეასრულა მოსარჩელემ. კერძოდ, ანგარიშფაქტურის თანახმად, სრული მომსახურების მენეჯმენტი შეადგენს - 4000 ლარს, მომსახურების დაჩქარების ღირებულება 2000 ლარს, ელექტრომომსახურება 2000 ლარს, მონტაჟის ღირებულება 3000 ლარს, ჯამში 11 000 ლარს. მითითება იმაზე, რომ მოპასუხემ აღნიშნული ანგარიშფაქტურა შეცდომით დაადასტურა, რის გამოც მოგვიანებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა მისი გაუქმება, არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ გასწია 11 000 ლარის ოდენობით მომსახურება.

 

5.3. მოპასუხემ იმის დასადასტურებლად, რომ რემონტი განახორციელა სხვა პირმა, წარმოადგინა ვინმე დ-------------–---–-- ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტება. აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებას, ვინაიდან სავალდებულოა მოწმის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა.

 

5.4. უსწოროა სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ წარმოდგენილი ინვოისით, რომელიც გაფორმებულია მოპასუხეს და „ჯი ე-–-----------ს“ შორის, არ დასტურდება მოპასუხემ შეძენილი მასალები გადასცა მოსარჩელეს. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს აღნიშნული ინვოისი საერთოდ არ ექნებოდა. მოსარჩელემ სწორედ აღნიშნული მასალებით შეასრულა სამუშაოები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. სს „H------------------------------------------”-ს (მეიჯარე) და შპს „ე-----------დ ჯ-------ას“ („მოიჯარე“, შემდგომში „მოპასუხე“) შორის 27.11.2---წ. გაფორმებული კომერციული ფართის იჯარის ხელშეკრულების თანახმად მოიჯარეს გადაეცა საიჯარო ფართი 12 თვის ვადით, საკადასტრო კოდი 0--------------3, №1 სართული, A ფრთა, №1----- (ტ.1, ს.ფ. 218-237).

 

ხელშეკრულების 2.3. პუნქტით მოიჯარემ იკისრა სარემონტო სამუშაოების დაწყება არაუგვიანეს 25.12.2---წ. და მათი დასრულება არაუგვიანეს 13.01.2018წ. (ტ.1, ს.ფ.221).

 

ხელშეკრულების 2.7. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოიჯარე უფლებამოსილია თავად განსაზღვროს პირი, რომელიც განახორციელებს საჯარო ფართში სარემონტო სამუშაოებს (ტ.1, ს.ფ.222).

 

პირველი წლის საიჯარო ქირა შეადგენდა 14 880 აშშ დოლარს (ტ.1, ს.ფ. 225).

 

8. პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ არ დგინდება შპს „ჰ------ს ს-–------ს“ (შემდგომში „მოსარჩელე“) და მოპასუხეს შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ფაქტი. არ დგინდება მოსარჩელის მიერ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. კანონით ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობებია - ხელშეკრულების საგანი და ფასი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით:

· ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს;

· ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. იმისათვის, რომ მხარეთა ურთიერთობა დაკვალიფიცირდეს ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობად, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების ისეთ არსებით პირობაზე შეთანხმება მოპასუხესთან, როგორიცაა ხელშეკრულების საგანი (მომსახურების შინაარსი). რაც შეეხება ხელშეკრულების ფასს, ამავე კოდექსის 630-ე მუხლის თანახმად შესაძლებელია შეთანხმება ფიქსირებულ ანაზღაურებაზე (რაც ასევე მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს,მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება. ასეთ დროს მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა კონკრეტულ სამუშაოთა ჩამონათვალი და მათ შესრულებაზე გახარჯული დრო, რათა ტარიფით მოხდეს ანაზღაურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მხარეთა შორის შედგა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებით პირობებზე შეთანხმება.

 

პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს №1---- ხელშეკრულების მხარეს და აღნიშნული ხელშეკრულებით არ დგინდება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება. ეს არის იჯარის ხელშეკრულება მოპასუხესა და სხვა ს-–------ს შორის. უფრო მეტიც, ამ ხელშეკრულების თანახმად, რემონტის განხორციელებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენდა თავად მოპასუხე, რომელიც 2.7. პუნქტით უფლებამოსილი იყო თავად განესაზღვრა პირი, რომელიც განახორციელებდა რემონტს.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ჰ----–--- თ---–-------------------------–----ს შიდა რემონტის რეგულაციის დანართი II საიჯარო ფართის გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მაღაზიის ნომერია „№1---”, რემონტისათვის შესვლის დროა 16.12.2---, რემონტის დასრულების დრო - 26.12.2---. აქტს ხელს აწერს სამეურნეო დეპარტამენტის მენეჯერი ივ. ზ------–---–ი და მოიჯარე კომპანიის წარმომადგენელი ნ----------------, ასვე ს------------ი, რომლის მონაცემები ამ დანართზე დაფიქსირებული არ არის, თარიღი მითითებულია - 2018 წლის 05 იანვარი (ტ.1, ს.ფ. 106, 107).

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია 15.12.2---წ. შედგენილი „დანართი III მოიჯარის პლაზაში რემონტისათვის შესვლის სააპლიკაციო ფორმა“, რომლის მიხედვით, მოიჯარეა - შპს „ე-----------დ ჯ-------ა,“ რემონტის განმახორციელებელი - “ H------------------ LLC”, აპლიკანტის სარემონტო პროექტის შინაარსი - „ჭერი, ელექტრობა, კაბელები, თაროები, ჩამრთველები“. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დადგინდა, რომ აღნიშნულ სააპლიკაციო ფორმაზე არ არის შპს ,,ჰ------ს ს-–------ს’’ უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (ტ.1, ს.ფ.108, 247). ამის საწინააღმდეგო მსჯელობას არ შეიცავს არც წარმოდგენილი აპელაცია. აპელანტი აქცენტს აკეთებს მხოლოდ 05.01.2018წ. დანართი II-ზე ხელმომწერ ს------------ზე და უთითებს, რომ ის მოქმედებდა მოსარჩელის სახელით, თუმცა ხელმოწერის მომენტში მისი ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება მითითებული არ არის.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 16.04.2018წ. ცნობას „ჰ----–--- თ---–--------------–----- მაღაზიაში №1-----” განხორციელებული რემონტის შესახებ“, იგი გაცემულია ე.წ. სამუშაოების ჩატარებიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ, გაცემულია ჰ----–--- თ---–---------------–---ის სამეურნეო-ტექნიკური დეპარტამენტის სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების მენეჯერის მიერ და სამუშაოს შემსრულებლად მითითებულია “ H------------------ LLC“ (ტ.1, ს.ფ.34). ისეთ პირობებში, როცა ხელშეკრულებით მოიჯარეს ჰქონდა მენარდის თავისუფლად შერჩევის უფლებამოსილება, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მჯელობა მასზედ, რომ მეიჯარე თანამშრომლობდა უშუალოდ მოსარჩელე ს-–------სთან და სამუშაოებიც, ბუნებრივია, რომ მან განახორციელა. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსეჯლობას მასზედ, რომ აღნიშნული ცნობა არ წარმოადგენს სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტის მტკიცებულებას მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ შესრულებული სარემონტო სამუშაოების დადასტურებასთან მიმართებაში. მხარეები არ დავობენ, რომ უშუალოდ მხარეებს შორის შესრულებული სარემონტო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი არ შემდგარა და არც „ჰ----–--- თ---–---------------–---ას“ სამეურნეო-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩაბარებას დასწრებია მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საგადასახადო ანგარიშფაქტურას (№ეა-10 1------. 16 აპრილი, 2018 წელი) (ს.ფ.32), სადავო არ არის, რომ ანგარიშფაქტურის შედეგები მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე საგადასახადო მიზნებისათვის ანულირებული იქნა. მოპასუხემ შემოსავლების სამსახურს მიმართა განცხადებით აპრილის თვის დღგ-ის ჩათვლის დანართიდან №ეა-10 1------ ანგარიშფაქტურის ამოღების მოთხოვნით იმ განმარტებით, რომ ანგარიშფაქტურა არ იყო განმცხადებლისთვის განკუთვნილი და ვინაიდან გამყიდველთან არ ჰქონდა არც ზეპირი და არც წერილობითი ხელშეკრულება და ანგარიშფაქტურა დადასტურებული იყო შეცდომით, ანგარიშფაქტურაზე ჩათვლა უნდა გაუქმებულიყო, რაც გაზიარებული იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ (ტ.1, ს.ფ. 81-98).

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სსსკ 219-ე მუხლზე მითითებით არ შეაფასა მოსარჩელის მიერ საქმის მთავარ სხდომაზე მიცემული განმარტება მასზედ, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ასევე გაუწია მთარგმნელობითი მომსახურება დაჩქარებული წესით და ანგარიშფაქტურაში დაფიქსირებული სრული მომსახურების მენეჯმენტი - 4000 ლარი და მომსახურების დაჩქარების ღირებულება - 2000 ლარი, შეეხებოდა არა სარემონტო სამუშაოებს, არამედ სხვა მომსახურებას.

 

რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას მასზედ, რომ ისინი არ იძლევა საკმარის საფუძველს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ შეასრულა სარემონტო სამუშაოები. მოსარჩელის მიერ თ---–--------------–----- შენობაში სამუშაოების ჩატარება არ გულისხმობს ავტომატურად იმას, რომ სამუშაოები ჩატარდა მოპასუხის სარგებლობაში არსებულ ფართშიც.

 

პალატა აქვე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე აპელანტმა (მოსარჩელე) შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისთვის მხოლოდ 5000 ლარის დაკისრება. ამასთან, არც ამ ოდენობით კონკრეტული სამუშაოების შესრულების ფაქტი დგინდება. გაუქმებულ ანგარიშ-ფაქტურასაც რომ დავუბრუნდეთ, სრული მომსახურების მენეჯმენტი - 4000 ლარი, მომსახურების დაჩქარების ღირებულება - 2000 ლარი, ელექტრო მომსახურება - 2000, მონტაჟის მომსახურება - 3000 ლარი, სათანადო მტკიცებულებების გარეშე შეუძლებელია იმის გარკვევა, რა კონკრეტული ელექტრო თუ მონტაჟის მომსახურება ჩატარდა.

 

23.12.2---წ. ინვოისით დგინდება, რომ მოპასუხემ შეიძინა 545.01 ლარის ელექტროგაყვანილობის მასალები (ინვოისი: ტ.1, ს.ფ.29). აპელანტი უთითებს მხოლოდ იმას, რომ ამ ინვოისის ფლობის ფაქტი ადასტურებს ამ მასალის მისთვის გადაცემას. პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულს. მასალების გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის, ამასთან, ინვოისით არც ის დგინდება, რომ მათ მონტაჟს დასჭირდა სარჩელით მოთხოვნილი თანხები.

 

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, 25.12.2---წ. მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ მასალის შეძენის დღესვე, კერძოდ, 23.12.2017წ. მოპასუხემ დ-------------–---–ს მიაწოდა 545.01 ლარის ღირებულების მასალა, ხოლო მენარდემ შემკვეთის (მოპასუხის) ფართში თ---–---------------–---ის პირველ სართულზე, შეასრულა 300 ლარის ღირებულების სამუშაო და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ (ტ.1, ს.ფ.78).

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ თაროების მოწყობის ფაქტს, საქმის მასალებით დგინდება თაროების მოპასუხის მიერ შეძენა (ტ.1, ს.ფ.142, 146,147).

 

9. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს მხარეებმა დაადასტურეს ფაქტი მასზედ, რომ საიჯარო ხელშეკრულება შეწყვეტილია, რამეთუ სავაჭრო ცენტრმა დატვირთვით ვერ იფუნქციონირა.

 

10. არ დგინდება მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების და მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ სამუშაოების შესრულების ფაქტი. სარჩელი მოპასუხისთვის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელია. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

11. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

12. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 268).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ჰ------ს ს-–------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე