განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
080210018001586022
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210018001586022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-944-2018 30 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

 

აპელანტები (მოპასუხეები) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოპასუხე - კ----------------–-–---–-, ოთ---------–---–- - და----------–--- - სს ,,ვი----------------------“ - გი---------------- - ლა-–----------–-–---–-

დავის საგანი - თანხის დაკისრება -

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის 9428,45 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- სს ,,ვი----------------------”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეებს კა---------------–-–---–- და ოთ---------–---–- მოსარჩელე სს ,,ვი----------------------”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 19029,73 აშშ დოლარის გადახდა;

- მოხდეს იპოთეკით დატვირთული კ----------------–-–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.ქუთაისი, თბილისის ქუჩა მე-3 შეს. N3-ში (ს/კ 0-.0-.0-.6--), იძულებითი რეალიზაცია;

- იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაციის გზით სრულად არ დაკმაყოფილდება მოსარჩელე სს ,,ვი----------------------”-ს მოთხოვნა, მოხდეს მოპასუხეების კ----------------–-–---–-ს და ოთ---------–---–-- საკუთრებაში არსებული სხვა ქონების რეალიზაცია;

- მოპასუხეებს კა---------------–-–---–- და ოთ---------–---–- მოსარჩელე სს ,,ვი----------------------”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 669,62 ლარის გადახდა;

- დაუბრუნდა მოსარჩელე სს ,,ვი----------------------”-ს მის მიერ 2016 წლის 21 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1351,52 ლარიდან ნაწილი 681,90 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: გადამხდელის ბანკი სს ვი-----------------------ა” კოდი UGEBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2008 წლის 28 თებერვალს სს „ვი---------------------“-ს ქუთაისის ფილიალსა და ზუ-------------–-–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარით - 10 წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №4795342106, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 30 815.00 (ოცდაათი ათას რვაას თხუთმეტი) აშშ დოლარის ოდენობით, 1826 დღის ვადით, საპროცენტო განაკვეთი წლიური 30%. კრედიტის საბოლოო დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 30 სექტემბერი. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი დაარღვევდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ გადახდებს მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა - 10 აშშ დოლარს დამატებული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 1%-ის ოდენობით;

 

2.2. 2008 წლის 28 თებერვალს გაფორმებული საკრედიტო მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა მსესხებელ ზუ-------------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ქუ------------–---- ქ. მე-3 შეს. №3 ს/კ 0-.0-.0-.6--;

 

2.3. 2009 წლის 30 სექტემბერს მოსარჩელე „სს ვი---------------------სა“ და მოპასუხეებს ოთ---------–---–- და კა---------------–-–---–- შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა კრედიტორსა და ზუ-------------–-–---–ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის. თავდებთა პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 77 062.83 აშშ დოლარით;

 

2.4. 2010 წლის 18 აპრილს მსესხებელ ზუ-------------–-–---–ის გარდაცვალების შემდეგ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ---------------–------. მე-3 შეს. № 3 ს/კ 0-.0-.0-.6--, აღირიცხა თავდების - კ----------------–-–---–-ს სახელზე;

 

2.5. დადგენილია, რომ მიუხედავად მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხე კა---------------–-–---–მა და ოთ---------–---–-ა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება 2016 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით მოსარჩელის მიმართ შეადგენს 19 029,73 აშშ დოლარს;

 

2.6. 2018 წლის 06 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესზე საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ 9601,28 აშშ დოლარის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია. აღნიშნულის საფუძვლად განმარტა, რომ 2009 წლის 30 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით სესხის საბოლოო დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 30 სექტემბერი, მოპასუხეთა მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევა მოხდა 2010 წელს, ხოლო 2011 წლის 30 მაისიდან სესხზე გადახდა არ განხორციელებულა. მოსარჩელის მხრიდან სასამართლოში სარჩელის წარდგენა მოხდა 2016 წლის 07 ნოემბერს, მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დაცვით მოპასუხეთა წარმომადგენელი აღიარებს 2013 წლის 7 ნოემბრიდან 2014 წლის 30 სექტემბრამდე მოსარჩელისათვის გადასახდელ თანხებს, რაც ჯამში შეადგენს 9601,28 აშშ დოლარს;

 

2.7. სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე {სსკ-ის 144.1-ე მუხლი}. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე;

 

2.8. განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა {სსკ-ის 873-ე მუხლი}. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი განსხვავებული წესის მიხედვით უნდა მოხდეს. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისათვის, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება. მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 1826 დღე, კერძოდ, 2009 წლის 30 სექტემბრიდან 2014 წლის 30 სექტემბრამდე, ბანკმა სარჩელი აღძრა 2016 წლის 7 ნოემბერს, ანუ საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების დასრულებიდან 2 წლისა და 1 თვის შემდეგ. შესაბამისად, ვინაიდან მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო ხელშეკრულების დასრულების თარიღიდან - 2014 წლის 30 სექტემბრიდან, გამომდინარე აქედან სასამართლომ 2016 წლის 7 ნოემბერს წარდგენილი სარჩელი ხანდაზმულად არ მიიჩნია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება საბანკო მომსახურების, საკრედიტო და იპოთეკურ ხელშეკრულებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას;

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი;

 

2.11. სესხი (საბანკო კრედიტი) არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი;

 

2.12. დადგენილია, რომ 2008 წლის 28 თებერვალს სს „ვი---------------------“ ქუთაისის ფილიალსა და ზუ-------------–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო მომსახურების გენერალური ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარით - 10 წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №4795342106, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 30 815.00 (ოცდაათი ათას რვაას თხუთმეტი) აშშ დოლარის ოდენობით, 1826 დღის ვადით, საპროცენტო განაკვეთი წლიური 30%. კრედიტის საბოლოო დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 30 სექტემბერი. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი დაარღვევდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ გადახდებს მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა - 10 აშშ დოლარს დამატებული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 1%-ის ოდენობით. 2010 წლის 18 აპრილს მსესხებელ ზუ-------------–-–---–ის გარდაცვალების შემდეგ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ---------------–------. მე-3 შეს. № 3, აღირიცხა თავდებ კ----------------–-–---–-ს სახელზე;

 

2.13. დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები;

 

2.14. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა;

 

2.15. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია თანხის გადახდის გრაფიკი, რაც აძლევს საფუძველს მოსარჩელეს შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება;

 

2.16. დადგენილია, რომ მსესხებელს დარჩენილი აქვს გადასახდელად სესხის ძირი დავალიანება 19 029,73 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2.17. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით „თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად“, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით „თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”;

 

2.18. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა ოთარ სარიშვილმა და კა---------------–-–---–მა იკისრეს თავდებობა და სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის ზუ-------------–-–---–ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის თანახმად, დგინდება, რომ მსესხებელ ზუ-------------–-–---–ის გარდაცვალების შემდგომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება აღირიცხა თავდები პირის - კ----------------–-–---–-ს სახელზე;

 

2.19. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ;

 

2.20. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ოთ---------–---–- და კ----------------–-–---–- წარმოადგენენ რა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების მხარეებს, რომელიც გაფორმებული იქნა სს ”ვი----------------------სთან” - მსესხებლის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე, შესაბამისად ისინი პასუხისმგებელი არიან მსესხებლის ვალდებულებებზე თანაბრად; მოსარჩელეს კი გააჩნია სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მათაც წაუყენოს მოთხოვნა;

 

2.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

 

2.22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მსესხებლის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხე კ----------------–-–---–-ს საკუთრებაში რიცხული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუ------------–---- ქ. მე-3 შეს. № 3 რეალიზაცია;

 

2.23. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 მუხლის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

 

2.24. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით;

 

2.25. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები შეთანხმდნენ სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შეუძლებლობის ან რეალიზაციით მიღებული თანხიდან დავალიანების სრულად დაუფარაობის შემთხვევაში დავალიანების თანხის გადახდევინების მიქცევა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან საფუძვლიანი იყო;

 

2.26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ან ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით;

 

2.27. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთულია კ----------------–-–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ---------------–------. მე-3 შეს. №3. (ს/კ 0-.0-.0-.6--). ვინაიდან მოსარჩელე აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვს თანხის დაკისრებას მოპასუხეებზე, ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილ უნდა ყოფილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულების წესი და მოპასუხეებზე დაკისრებული თანხის ამოღება უნდა განხორციელებულიყო იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, მაშინ აღსრულება უნდა მიექცეს მსესხებლის სხვა ქონების ხარჯზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტების განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისგან სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მომენტის წარმოშობად ითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შესაბამისად გრაფიკით დადგენილი გადახდების ვერ/არ განხორციელების შემთხვევაში მოსარჩელის უფლება დაირღვა გრაფიკის დარღვევის მომენტიდან და არა გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ციკლის დასრულების შემდეგ. მოსარჩელეს პერიოდულად შესასრულებელი (გრაფიკით გათვალისწინებული გადახდების) ვალდებულების დარღვევისთანავე წარმოეშვა ვალდებულების მოთხოვნის უფლება, რომელზეც იმავდროულად დაიწყო ხანდაზმულობის ვადის დინებაც თანახმად სამოქალაქო კოდექსის 129-130 მუხლებისა. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა იყო ხანდაზმული სარჩელის შეტანიდან სამი წლის უკან არსებულ მოთხოვნებზე;

 

3.2. მოსამართლემ არასწორი განმარტება მისცა კანონს და არასწორად განმარტა ის. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო ასეთ მომენტად ითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. გრაფიკით დადგენილი გადახდების მითითებულ ვადაში გადაუხდელობა იწვევს ვალდებულების დარღვევას, ვალდებულების დარღვევა იწვევს უფლების დარღვევას და შესაბამისად უფლებამოსილ პირს ანიჭებს მოთხოვნის წაყენების კანონიერ უფლებას. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის შეტანიდან მინუს სამი წლის წინანდელ ვალდებულებაზე მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1-2.6 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს შემდეგს:

 

4.2. მოვალეს 30.09.2009 წლიდან 30.09.2014 წლამდე ყოველი თვის 5, 6 ან 7, ზოგ შემთხვევაში - 30 რიცხვში უნდა გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკით გათვალისწინებული თანხა, როგორც ძირი თანხა, ისე სარგებელი;

(იხ. გადახდის გრაფიკი, ს/ფ 23-24).

 

4.3. დადგენილია, რომ ბოლოს გრაფიკით გათვალისწინებული თანხა მოვალემ გადაიხადა 2011 წლის 30 მაისს, რის შემდეგაც გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 19 029,73 აშშ დოლარის ოდენობით;

(იხ. გადახდის გრაფიკი, ს/ფ 26-27).

 

4.4. 2016 წლის 07 ნოემბერს სს ,,ვი----------------------მ“ სარჩელი აღძრა კ----------------–-–---–-ს და ოთ---------–---–-- მიმართ და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 19 029,73 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა;

 

4.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებაზე, კა-----------–-–---–-სა და ოთ---------–---–-- სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეზე, მოპასუხე (აპელანტი) კ----------------–-–---–-ს უფლებამოცვლედ დაშვებული იქნა ლა-–----------–-–---–-, სასამართლომ დაადგინა, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქ---------------–------. მე-3 შეს. № 3 ს/კ 0-.0-.0-.6--, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ლა-–----------–-–---–-ს სახელზე (უფლების რეგისტრაციის თარიღი: 02.08.2018) დამადასტურებელი დოკუმენტი - სამკვიდრო მოწმობა, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება). აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განჩინებით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.6. აპელანტებმა გადაწყვეტილება 9428,45 აშშ დოლარის ნაწილში გაასაჩივრეს, ამდენად, დანარჩენ ნაწილში, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და სააპელაციო სასამართლო მას ვერ შეამოწმებს. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტი სადავოდ არ ხდის სასესხო ურთიერთობის არსებობას და მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ნამდვილობას, შეთანხმებულ გადახდის პირობებს და ოდენობას. აპელანტი მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის შეტანიდან მინუს სამი წლის წინანდელ ვალდებულებაზე მოთხოვნა ხანდაზმულია;

 

4.7. სააპელაცო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება (შდრ: სუსგ №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015 წელი);

 

4.8. ამდენად, ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე {სსკ-ის 144.1-ე მუხლი};

 

4.9. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012);

 

4.10. ნიშანდობლივია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში;

 

4.11. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 200- წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“);

 

4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან;

 

4.13. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ს. და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51);

 

4.14. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია;

 

4.15. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.0-.2015წ. საქმე №ას-868-830-2014);

 

4.16. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010);

 

4.17. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე;

 

4.18. განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა {სსკ-ის 873-ე მუხლი}. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს;

 

4.19. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (სუსგ 20.05.2013წ. №ას-1432-1351-2012, 14.02.2017წ. ას-934-899-2016, 22.06.2018წ. საქმე №ას-462-462-2018, 12.06.2018წ. საქმე №ას-440-440-2018);

 

4.20. უდავოა, რომ მოვალეს სასესხო ვალდებულება ყოველთვიური გადახდებით, ე.ი. პერიოდულად უნდა შეესრულებინა. შესაბამისად, მისი ვალდებულება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მასზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება;

 

4.21. დადგენილია, რომ მოვალემ ბოლოს თანხა გადაიხადა 2011 წლის 30 მაისს, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2016 წლის 07 ნოემბერს;

 

4.22. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის იმ ნაწილში, რომლითაც იგი 2013 წლის ნოემბრის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულებების (როგორც ძირი თანხის ისე პროცენტის) შესრულებას ითხოვს. ხოლო 2013 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების ნაწილში მისი მოთხოვნა ხანდაზმულია, რაზედაც მოპასუხე მხარე მიუთითებს კიდეც;

 

4.23. სესხის გადახდის გრაფიკის თანახმად, 2013 წლის 05 ნოემბრის შემდეგ მოვალეს 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდულად უნდა გადაეხადა სესხის ძირი თანხა - 9 601,48 აშშ დოლარი და სარგებელი - 1 50-,9 აშშ დოლარი;

 

4.24. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია;

 

4.25. ვინაიდან, მოპასუხე მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, იგი უფლებამოსილია დანარჩენი ნაწილის გადახდაზე უარი თქვას, რაც გამორიცხავს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების შესაძლებლობას;

 

4.26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;

 

4.28. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

4.29. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება კ----------------–-–---–-სა და ოთ---------–---–--ათვის სს ,,ვი----------------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 19029,73 აშშ დოლარის დაკისრებისა (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტი) და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სს ,,ვი----------------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოპასუხეებს კა---------------–-–---–- და ოთ---------–---–- მოსარჩელე სს ,,ვი----------------------”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11 106,38 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. კ----------------–-–---–-ს და ოთ---------–---–-- სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება კ----------------–-–---–-სა და ოთ---------–---–--ათვის სს ,,ვი----------------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 19029,73 აშშ დოლარის დაკისრებისა (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტი) და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სს ,,ვი----------------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოპასუხეებს კა---------------–-–---–- და ოთ---------–---–- მოსარჩელე სს ,,ვი----------------------”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11 106,38 აშშ დოლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

6.2. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კა---------------–-–---–-ა და ოთ---------–---–- სს ,,ვი----------------------“-ს სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროთ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 333,19 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;

 

6.3. ვინაიდან დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი სს ,,ვი----------------------ს“ კ----------------–-–---–-ს და ოთ---------–---–-- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 316,93 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. კ----------------–-–---–-ს და ოთ---------–---–-- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება კ----------------–-–---–-სა და ოთ---------–---–--ათვის სს ,,ვი----------------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 19029,73 აშშ დოლარის დაკისრებისა (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტი) და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. სს ,,ვი----------------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

3.1. მოპასუხეებს კა---------------–-–---–- და ოთ---------–---–- მოსარჩელე სს ,,ვი----------------------”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11 106,38 აშშ დოლარის გადახდა;

 

4. კა---------------–-–---–-ა და ოთ---------–---–-- სს ,,ვი----------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ საპროცესო ხარჯების - 333,19 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;

 

5. სს ,,ვი----------------------“-ს კ----------------–-–---–-სა და ოთ---------–---–-- სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო ხარჯი - აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 316,93 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლეები: ლაურა მიქავა (თავმჯდომარე)

 

ირმა პერანიძე

 

ინდირა მაშანეიშვილი