განაჩენი

სისხლის სამართლის 23.01.2020
საქმის ნომერი
330100119002991783
ინსტანცია
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119002991783

საქმე №1ბ/1841-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

21 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მაია ჟ-----

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: გ-------– ხ--------–--ე (მონაწილეობის გარეშე), პირადი ნომერი: 0----------, დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ-------------------------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეოთხე ნაწილებით.

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

ადვოკატი: ელენე ლაზარიაშვილი, დავით ბარბაქაძე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-------– ხ--------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დავით ბარბაქაძემ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ-------– ხ--------–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გ-------– ხ--------–--ე მიოუხედავად იმისა, რომ ფლობდა აღნიშნულ იარაღს, მისთვის უცნობი იყო ამ იარაღის ნამდვილობა.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გ-------– ხ--------–--ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის მაკაროვის კონსტრუქციის 9მმ კალიბრის პისტოლეტი, მჭიდით, რომელიც ვარგისია სროლისთვის და 9(ცხრა) ცალი ქარხნული წესით დამზადებული 9მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტისთვის „ПМ“ სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტისთვის „AПC“, (მათ შორის ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უნომრო პისტოლეტისთვის).

 

2019 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 20 საათსა და 35 წუთზე, ქ. თბილისი, ვ. ბარნოვის ქაჩა N80-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-------– ხ--------–--ე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტს, მჭიდით და 9(ცხრა) ცალი ქარხნული წესით დამზადებული 9მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნას, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტისთვის „ПМ“; სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტისთვის „AПC”, (მათ შორის ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უნომრო პისტოლეტისთვის).

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გ-------– ხ--------–--ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების - ა-–---------- ჟ-----ს, გ------ პ-----–---–ის, ლ-–- წ---–-------ის, ნ-----–---- კ-----ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 4 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის №352/ბ დასკვნით, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის №216/ამ დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-------– ხ--------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ-------– ხ--------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, დავით ბარბაქაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მან არ იცოდა, იარაღის ნამდვილობის შესახებ, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და პრეიუდიციად ცნობილი მტკიცებულებებით, უტუარად დასტურდება მსჯავრდებულ გ-------– ხ--------–--ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ: მოწმეების გ------ პ-----–---–ის, ლ-–- წ---–-------ის, ნ-----–---- კ-----ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ მათ მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქ. თბილისში, ვ.ბარნოვის ქუჩის №80-ის მიმდებარედ, გაჩხრეკილი იქნა გ-------– ხ--------–--ე, რომელსაც მარცხენა ფეხის წვივზე, შარვლის შიგნით მიმაგრებული ჰქონდა კაბურა, მასში მოთავსებული ცეცხლსასროლი იარაღით და ცხრა ცალი ვაზნით. მათივე ჩვენებით დადგენილია, რომ პირადი ჩხრეკისას და დაკავებისას გ-------– ხ--------–--ეს არ გაუწევია წინააღმდეგობა, მათ კითხვაზე უპასუხა, რომ პისტოლეტი იყო ცეცხლსასროლი, ხოლო ვაზნები საბრძოლო. ამასთან, ცხრა ვაზნიდან ერთი ცალი ვაზნა მოთავსებული იყო ლულაში და იარაღი მოყვანილი იყო საბრძოლო მდგომარეობაში, ამიტომ მოხდა იარაღის განმუხტვა და ვაზნის ლულიდან ამოღება.

 

მოწმეთა გამოკითხვის ოქმები სრულ შესაბამისობაშია ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმთან, რითაც დადგენილია, რომ პირადი ჩხრეკისას გ-------– ხ--------–--ის მარცხენა ფეხის წვივზე მიმაგრებული კაბურიდან ნანახი და ამოღებული იქნა მუქი ფერის ლითონის კონსტრუქციის უნომრო პისტოლეტი, ყავისფერი ტარით, სავარაუდოდ მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდითა და ცხრა ცალი ვაზნით, ასევე ამოღებული იქნა კაბურა. პალატა ყურადღებას მიაქცევს, პირადი ჩხრეკის ოქმზე გაკეთებულ შენიშვანს, სადაც გ-------– ხ--------–--ე განმარტავს, რომ აღნიშნული იარაღი, ვაზნები და კაბურა წარმოადგენს მის საკუთრებას. ვაზნებიდან ერთ-ერთი ვაზნა მოთავსებულია იყო პისტოლეტის ლულაში, მომართულ მდგომარეობაში, რის გამოც მოხდა პისტოლეტის განმუხტვა და აღნიშნული ვაზნის ამოღება. გ-------– ხ--------–--ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი ადასტურებს პოლიციის თანამშრომელების მიერ მისგან ცეცხლსაროლი იარაღის ამოღების ფაქტს და განმარტავს, რომ პირველივე მოწოდებისთანავე, ნებაყოფლობით გადასცა, ქ. თბილისში, ვერის ბაღში ნაპოვნი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ერთი მჭიდითა და ცხრა ვაზნით, რომელიც მოთავსებული ჰქონდა წვივზე მიმაგრებულ კაბურაში და ითხოვა პატიება. ბალისტიკური ექსპერტიზის №352/ბ დასკვნასთან, რითაც დადგენილია, რომ გ-------– ხ--------–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის საშტატო ნიმუში „ПМ“. მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 1 ცალი ობიექტი არის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული 8(რვა) ცალი 9 მმ კალიბრის ვაზნის ტევადობის მჭიდი; ხოლო 9 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის „ПМ“, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „AПC”, (მათ შორის ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უნომრო პისტოლეტისთვის). ვაზნები მიეკუთვნებიან საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს, საქმეში მოთავსებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლისა და 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენებს. ორივე განაჩენით გ-------– ხ--------–--ე სხვა დანაშაულებებთან ერთად მსჯავრდებული იყო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და აღნიშნული განაჩენები, გ-------– ხ--------–--ის გამოკითხვის ოქმთან ერთად, ნაკლებად სარწმუნოს ხდის დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულმა არ იცოდა იარაღის ნამდვილობის შესახებ. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მოსაზრება ემსახურება მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზანს და არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ-------– ხ--------–--ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-------– ხ--------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ-------– ხ--------–--ეს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი გ-------– ხ--------–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პისტოლეტი, ცხრა ვაზნა და მჭიდი, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ-------– ხ--------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დავით ბარქაბაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ-------– ხ--------–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ-------– ხ--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთი) წლის ვადით.

 

გ-------– ხ--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 აპრილიდან.

 

გ-------– ხ--------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - პისტოლეტი, ცხრა ვაზნა და მჭიდი, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/