განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 330310018002691115
საქმე №3ბ/1436-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ი--------------------------–-------ი
წარმომადგენელი - დ--------------–---–ი, თ--------------–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ი--------------------------–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
1.2.1. მოსარჩელე ი--------------------------–-------ს არასრულწლოვანი შვილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის 5 აგვისტოდან იმყოფება მინდობით აღზრდაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ი--------------------------–-------ს შეეზღუდა მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი და მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებები მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
მოსარჩელე ი--------------------------–-------ი, რეგისტრირებული იყო მისი, მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვანი შვილის მნახველ პირად, რომელიც 2015 წელს გაუუქმდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბავშვის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად(ს.ფ. 13, 111-112).
1.2.2. მოსარჩელე ი--------------------------–-------მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის და ძველი თბილისის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და ითხოვა მისი, მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვანი შვილის მნახველ პირად რეგისტრაცია, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 3 ივლისის №0---------- გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ი--------------------------–-------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 3 ივლისის №0---------- გადაწყვეტილება, მოსარჩელე ი--------------------------–-------მა 2018 წლის 16 ივლისს, ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორთან.
„ი--------------------------–-------ის რწმუნებულების დ--------------–---–ის და თ--------------–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 ოქტომბრის №0------- გადაწყვეტილებით ი--------------------------–-------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის 2018 წლის 10 დეკემბრის დასკვნით, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ი--------------------------–-------ის მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვან შვილის არ სურს დედასთან შეხვედრა, რის გამოც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ინტერესი.
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგის 2019 წლის 14 თებერვლის ცნობით, მოსარჩელე ი---------------------------–-------ის მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვანი შვილის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში, მისი რეტრამვატიზაციის რისკი არის მაღალი, რაც გამოიწვევს მისი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის გაუარესებას (ს.ფ. 18-19, 24-25, 86-88);
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
1.3.1. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი სახელმწიფოს, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური თვალსაზრისით ავალდებულებს, ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისი, მათი უფლებები დაცვას და უზრუნველყოფას ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობებში.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მითითებული კონვენციის მე-9 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის ბავშვისა და მისი ბიოლოგიური მშობლის ურთიერთობაში, უპირატესი ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის საუკეთესო ინტერესს.
1.3.2. საქალაქო სასამართლოს მითითებით, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მინდობით აღზრდა არის სახელმწიფო ზრუნვის ფორმა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას და ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მითითებული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი, რომლის მშობელს (მშობლებს) შეეზღუდა (შეეზღუდათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლებები.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ი---------------------------–-------ს შეეზღუდა მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი და მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებები მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის, მისი ბიოლოგიური ოჯახის საჭიროებებისა და მინდობით აღმზრდელის შესაძლებლობების შეფასებისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ხოლო გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევაში – გადაუდებელი რეაგირების ოქმის საფუძველზე.
სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ი--------------------------–-------ს არასრულწლოვანი შვილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის 5 აგვისტოდან იმყოფება მინდობით აღზრდაში. ამასთან, მოსარჩელე ი--------------------------–-------ი, რეგისტრირებული იყო მისი, მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვანი შვილის მნახველ პირად, რომელიც 2015 წელს გაუუქმდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით ბავშვის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ი--------------------------–-------მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის და ძველი თბილისის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და ითხოვა მისი, მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვანი შვილის მნახველ პირად რეგისტრაცია, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 3 ივლისის №0---------- გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ი--------------------------–-------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელე ი----------------------------–-------მა 2018 წლის 16 ივლისს, ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორთან, თუმცა „ი--------------------------–-------ის რწმუნებულების დ--------------–---–ის და თ--------------–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 5 ოქტომბრის №0------- გადაწყვეტილებით მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ზემომითითებული ნორმების შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესს, მისი ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობა და ოჯახურ გარემოში აღზრდა წარმოადგენს, თუ არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც მისივე საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ბიოლოგიურ მშობლებთან მის ურთიერთობას და ბიოლოგიურ ოჯახში მისი ყოფნის მიზანშეუწონლობას განსაზღვრავს.
„მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მინდობით აღსაზრდელს, მისი ასაკის, ჯანმრთელობისა და განვითარების დონის გათვალისწინებით, ასევე აქვს უფლება ურთიერთობა ჰქონდეს ბიოლოგიურ ოჯახის წევრთან/წევრებთან, ნათესავთან/ნათესავებთან, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო საქმის გარემოებებისა და მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილის მინდობით აღზრდაში გადაცემის საფუძვლების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში ბავშვის საუკეთესო ინტერესს განსაზღვრავს მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ფსიქო-ემოციურად მისი ჯანსაღად აღზრდა და მისი დამოკიდებულება ბიოლოგიური მშობლის მიმართ.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის 2018 წლის 10 დეკემბრის დასკვნით, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ი--------------------------–-------ის მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვან შვილის არ სურს დედასთან შეხვედრა, რის გამოც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ინტერესი.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგის 2019 წლის 14 თებერვლის ცნობით, მოსარჩელე ი--------------------------–-------ის მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვანი შვილის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში, მისი რეტრამვატიზაციის რისკი არის მაღალი, რაც გამოიწვევს მისი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის გაუარესებას.
საქმის ზეპირი მოსმენის დროს, მოწმის სახით გამოძახებულმა ფსიქოლოგმა თ---------------–---–მა განმარტა, რომ იგი იცნობს ი--------------------------–-------ის მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვან შვილის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და ამ ეტაპზე, მისი ბიოლოგიურ დედასთან - ი--------------------------–-------თან ურთიერთობა, თუნდაც პერიოდულად და მცირე ხნით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ ბავშვისა და მისი ბიოლოგიური მშობლის ურთიერთობის აღდგენისათვის აუცილებელია, როგორც ბავშვის, ისე მშობლის ფსიქოლოგიური მომზადება და ამ მიზნით, სათანადო, კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება.
ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილებები ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე მიიღო.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, ბავშვის მინდობით აღსაზრდელად განთავსებიდან ერთი თვის შემდეგ სოციალური მუშაკი მინდობით აღმზრდელის ოჯახში ვიზიტს ახორციელებს არანაკლებ თვეში ერთხელ, სააგენტოსა და მინდობით აღმზრდელის ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი ვადის განმავლობაში. სოციალური მუშაკი თავისი ვიზიტების დროს ხელმძღვანელობს მინდობით აღზრდის სტანდარტებით, უწევს ზედამხედველობას სტანდარტების შესრულებას და საჭიროების შემთხვვევაში მხარს უჭერს მინდობით აღმზრდელის ოჯახს მომსახურების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში.
ამრიგად, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია პერიოდულად განახორციელოს ზედამხედველობა მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის მინდობით აღზრდის სტანდარტებზე, მათ შორის მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე. ამასთან, ბიოლოგიურ მშობელს თავის მხრივ, შეუძლია ფსიქოლოგთან მუშაობისა და შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთობლივად განხორციელების შემდგომ, კვლავ მიმართოს სააგენტოს მისი ბავშვის მნახველ პირად რეგისტრაციის მოთხოვნით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი არ ჰქონდა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მათი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერად არის მიჩნეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასევე უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა, მისთვის, მინდობით აღზრდაში მყოფი მისი არასრულწლოვანის შვილის მნახველ და გამყვან პირად რეგისტრაციის თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის თანახმად, აპელანტის მოთხოვნას არ წარმოადგენს ბავშვის გაყვანა. ის ითხოვს მხოლოდ კვირაში 1 დღეს 1 საათის განმავლობაში სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენლის თანდასწრებით ბავშვთან შეხვედრის უფლების მინიჭებას. აპელანტის მითითებით, სადავო აქტი მათ მიერ გასაჩივრებულ იქნა ზემდგომა ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა მოთხოვნა არც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა დაკმაყოფილებული. საჩივარში აპელანტი მიუთითებდა, რომ ადმინისტრაციულ აქტს არ ერთვოდა ფსიქოლოგის დასკვნა, რაც საფუძვლად დაედო აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ასევე მიუთითებდნენ, რომ არც თავად ი----------------------------–-------ს ჩატარებია სავალდებულო ფსიქოლოგიური კურსი, თუმცა აღნიშნული გარემოებები არც ადმინისტრაციული ორგანოს და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა.
სააპელაციო საჩივარში ასევე მითითებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ერთ-ერთ სხდომაზე სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იურისტის მიერ წარმოდგენილ იქნა ცნობა წამებისა და ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრიდან, სადაც მითითებულია, რომ 2018 წლის სექტემბერში ე-–--------–-------ამ გაიარა ორი ფსიქოლოგიური კონსულტაცია ფსიქოლოგ თ---------------–---–თან. აპელანტის მითითებით, სწორედ აღნოშნული წარმოადგენს იმის პირდაპირ მტკიცებულებას, რომ ბავშვს 2018 წლის სექტემბრის თვემდე არ ჩატარებია ფსიქოლოგიური კურსი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
3.1. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი, ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხს წარმოადგენს იმის დადგენა, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია ბავშვის ბიოლოგიურ დედას ი----------------------------–-------ას მიეცეს შვილთან ე-–--------–-------ასთან მნახველ პირად დარეგისტრირების უფლება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის 2018 წლის 10 დეკემბრის დასკვნით, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ი--------------------------–-------ის მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვან შვილის არ სურს დედასთან შეხვედრა, რის გამოც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ინტერესი.
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგის 2019 წლის 14 თებერვლის ცნობის თანახმად, 2018 წლის სექტემბერში ე-–--------–------ამ გაიარა ორი ფსიქოლოგიური კონსულტაცია წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგთან თ---------------–---–თან. როგორც 06.07.2015 წლისა და 08.10.2015 წლის გაცემულ ცნობაში არის აღნიშნული, ამ შემთხვევაშიც იკვეთება, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა და მას არ სურს ბიოლოგიურ დედასთან, ბაბუასთან და ძმასთან შეხვედრა. მისი სურვილია დარჩეს მიმღებ ოჯახში, სადაც როგორც თავად ე-–--- ამბობს, თავს კარგად და მშვიდად გრძნობს. შეხვედრების განმავლობაში ცხადად გამოჩნდა, რომ მისი ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და დინამიკაში სტაბილურად შენარჩუნებული, რაც მიმღებ ოჯახში არსებული ატმოსფეროსა და ასევე ჩატარებული ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ჩარევის დამსხურებად შეიძლება ჩაითვალოს. ფსიქოლოგი მიუთითებს, რომ ე-–--------–-------ას ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში, მისი რეტრამვატიზაციის რისკი არის მაღალი, რაც გამოიწვევს მისი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის გაუარესებას.
ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი - პ--------ს N3 დასკვნის თანახმად, რომლის სისწორე და საფუძვლიანობა სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა ნ------–--------–მა, მითითებულია, რომ ფსიქოლოგიური კვლევისას ი--------------------------–-------ასთან გამოიკვეთა მისი სურვილი ჰქონდეს თავის შვილთან მეგობრული, ჰარმონიული ურთიერთობა, გრძნობს პასუხისმგებლობას მისი აღზრდის საკითხებში, ცდილობს ურთიერთობა არ იყოს ძალადობრივი და არ დათრგუნოს ბავშვი, ბავშვის ცემას და მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას კატეგორიულად უარყოფს, განიცდის მომხდარ ფაქტს, თუ დედა შეძლებს ე-–---ს ნახვას კვირაში ერთხელ 1 საათი, ეს დაეხმარება ე-–---ს 18 წლის ასაკიდან ოჯახში თავისუფლად დაბრუნებაში. ი--------------------------–-------ა მზადაა შვილს შეუქმნას თბილი და მეგობრული გარემო.
სააპელაციო პალატა მოიხმობს, "ბავშვის უფლებათა შესახებ" კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლებს, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სრულად უნდა იქნეს დაცული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები. იმ შემთხვევაში კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000).
სააპელაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 („1. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს“), მე-9 („1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. 2. ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად ყველა დაინტერესებულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს გარჩევაში და გამოთქვას თავისი თვალსაზრისით“) და მე-19 („1. მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ. 2. დაცვის ასეთი ზომები, აუცილებლობის შემთხვევაში, მოცავს ეფექტიან პროცედურებს სოციალური პროგრამების შესამუშავებლად იმ მიზნით, რომ მხარდაჭერა გაუწიონ ბავშვს და მასზე მზრუნვლე პირებს, აგრეთვე განახორციელონ გაფრთხილებისა და გამოვლენის, შეტყობინების, განსახილველად გადაცემის, გამოძიების, მკურნალობის სხვა ფორმები და შემდგომი ღონისძიებანი ბავშვისადმი სასტიკი მოპყრობის ზემოთ ნახსენებ შემთხვევებთან დაკავშირებით, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სასამართლო პროცედურის აღძვრისათვის“) მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის ბავშვისა და მისი ბიოლოგიური მშობლის ურთიერთობაში, უპირატესი ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის საუკეთესო ინტერესს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) გაცხადებულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და ნორმებს. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. კონსტიტუცია აღნიშნული ნორმით ერთის მხრივ აღიარებს დედათა და ბავშვთა უფლებების განსაკუთრებული დაცვის საჭიროებას, ხოლო მეორეს მხრივ, ავალდებულებს კანონმდებელს მიიღოს სათანადო რეგულაციები ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველყოფად ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მინდობით აღზრდა არის სახელმწიფო ზრუნვის ფორმა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას და ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მითითებული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი, რომლის მშობელს (მშობლებს) შეეზღუდა (შეეზღუდათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლებები.
„მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მინდობით აღსაზრდელს, მისი ასაკის, ჯანმრთელობისა და განვითარების დონის გათვალისწინებით, ასევე აქვს უფლება ურთიერთობა ჰქონდეს ბიოლოგიურ ოჯახის წევრთან/წევრებთან, ნათესავთან/ნათესავებთან, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.
სააპელაციო პალატა იმის დასადგენად თუ როგორი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია არასრულწლოვანი ე-–--------–-------ას ფსიქიკისათვის ბიოლოგიურ დედისთან ურთიერთობას, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, როგორც ი--------------------------–-------ის ისე ე-–--------–-------ას ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასებას.
სააპელაციო პალატა ი--------------------------–-------ას ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასების მიზნით, ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრ პ--------ს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N3-ზე. აღნიშნული დასკვნის თანხმად, სრულყოფილად იქნა გამოკვლეული აპელანტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მის ფსიქოლოგიურ პორტრეტში დანახულ იქნა ბავშვის მიმართ მოსიყვარულე, პასუხისმგებლიანი დედა, რომელიც თვითონაც არის პუნქტუალური, საქმის მოყვარული, წესიერი, მზრუნველი, ბუნებით კეთილსინდისიერი ადამიანი. იგი თვლის, რომ მის შვილს ნორმალური განვითარებისათვის სჭირდება მისი თანადგომა და მხარდაჭერა. ასევე ყურადღება და მითითებების მიცემა, რაც ბავშვის განვითარებასა და წესიერ პიროვნებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. დასკვნის თანახმად, ი--------------------------–-------ი განიცდის მომხდარ ფაქტს, თავს იდნაშაულებს, რომ უფრო მკაცრი კონტროლი არ ჰქონდა ბავშვებზე და მამასთან ტოვებდა. ი--------------------------–-------ა აცნობიერებს მომხდარი ფაქტის დრამატულობას და უნდა რომ გოგონასთან ურთიერთობით ბავშვის ნდობა მის მიმართ აღდგეს. ფსიქოლოფის დასკვნის თანახმად, ი--------------------------–-------ის მნახველი პირად რეგისტრაცია და შვილის კვირაში ერთხელ 1 საათით ნახვა შემდგომში დაეხმარება ე-–---ს 18 წლის ასაკიდან ოჯახში თავისუფლად დაბრუნებაში.
ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი--------------------------–-------ს ამ ეტაპზე გააზრებული აქვს არასრულწლოვანი შვილის ე-–--------–-------ას წინაშე თავისი პასუხისმგებლობა. იგი ფსიქოლოგიურად მზადაა გაწონასწორებული, თბილი და მეგობრული გარემოს ორგანიზება მოახდინოს და გოგონას მიმართ ჰქონდეს მხარდაჭერითი, მზრუნველი დამოკიდებულება. შეუვსოს მას დედის დეფიციტი. დედის - ი--------------------------–-------ას ფსიქოლოგიურმა კვლევამ და მასთან ფსიქოკორექციულმა მუშაობამ, ფსიქოლოგის განმარტებით, შექმნა საშუალება სწორად შეფასებულიყო მისი, როგორც პიროვნების პოზიტიური და სუსტი მხარეები. ფსიქოლოგის მითითებით, იგი ფსიქოკორეციული სესიებით დაეხმარა ი----------–-------ას ბავშვთან ურთიერთობის ისეთი მიდგომების გამომუშავებაში, რომელიც მას მოეხმარება ბავშვთან გაუცხოების დაძლევაში, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს მისი მხრიდან ბავშვის მიმართ კონსტრუქციულ მიდგომას და ბავშვს სუსტი მხარეების (კერძოდ სიჯიუტის, ოპოზიციურობის) მოდიფიცირებას, რომელიც ასევე გარდატეხის ასაკში ფსიქოლოგიური პრობლემების ერთგვარი პრევენციაა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვან ე-–--------–-------ას მიმართ ჩატარებული ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები საქმეში წარმოდგენილი არ არის. საქმეში მასალებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის სექტემბერში ე-–--------–-------ას ჩაუტარდა ფსიქოლოგიური კონსულტაცია, რის შემდგომაც გაცემული იქნა ცნობა, მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვანის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში, მისი რეტრამვატიზაციის მაღალი რისკების შესახებ, თუმცა პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ცნობა ვერ ჩაანაცვლებს ფსიქოლოგიურ დასკვნას და ვერ მოხნის მის საჭიროებას მოცემული სადავო საკითხის გადაწყვეტის საკითხში.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ეჭვქვეშ არ აყენებს აღნიშნული ცნობის სანდოობას, თუმცა განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური კონსულტაცია ფსიქოლოგიური კვლევისაგან განსხვავებით წარმოადგენს ფსიქოლოგიური დახმარების სახეობას, რომლიც მიზნად ისახავს დახმარების აღმოჩენას და გამოსავლის მოძიებას არსებული პრობლემური გარემოებებისგან, იმ კლინიკურად ჯანსაღი ადამიანსათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ამგვარი დახმარების გარეშე არსებული ცხოვრების სირთულეების მოგვარება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და დასახული მიზნის მისაღწევად ეფექტურად მოქმედება. ფსიქოლოგიური გამოკვლევა კი არის მეცნიერული კვლევა, რა დროსაც ხდება ადამიანის ფსიქიკის სრულყოფილი შესწავლა. ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდი გამოიყენება ინდივიდების ქცევისა და ფსიქიკური პროცესების შესახებ ზუსტი დასკვნის გაკეთების მიზნით. კვლევის პროცესში პიროვნების ქცევა შეისწავლება რთულ სოციალურ და კულტურულ კონტექსტში მეცნიერულად, რის შემდეგაც ხდება ინდივიდის ქცევის ფსიქოლოგიური ახსნა. მეცნიერულად აიხსნება კონკრეტული ქცევის აღმძვრელი ძალები, რაც საშუალებას იძლევა ფსიქოლოგთათვის, მოახდინონ ქცევის მართვა და დაეხმარნონ ადამიანებს ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და თავიანთი ცხოვრების პრობლემური ასპექტების გაკონტროლებაში.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობისაა არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები, რათა ზუსტად დადგინდეს, თუ კონკრეტულად რა გარემოებებით აიხსნება ბავშვის მიერ ბიოლოგიური დედის მიუღებლობა. როგორია ამჟამად ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, აისახება თუ არა კვლავ მწვავედ მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე მცირეწლოვნობაში გადატანილი ძალადობა და ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრა გამოიწვევს თუ არა მისი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის გაუარესებას. შესაძლებელია თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, კვირაში ერთხელ, ერთი საათით, სოცმუშაკის დდასწრებით, შეხვდეს დედას, იმ პირობებში კი, როდესაც ასეთი დასკვნა საქმეში წარმოდგენილი არ არის, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ი--------------------------–-------ას სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2018 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას უნდა დაევალოს ფსიქოლოგთა მიერ მეცნიერულად შეფასდეს ე-–--------–-------ას ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ფსიქოლოგიური დასკვნის შედეგებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, კანონით დადგენილ ვადაში გაცემულ იქნეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი--------------------------–-------ის რწმუნებულების ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.
3.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
აპელანტი სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინებებს, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობები არასრულწლოვან ე-–--------–-------ას დაკითხვისა და მასთან ფსიქოლოგიური კურსის გავლის შესახებ.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 102.2 მუხლის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატის მოსაზრებით, აპელანტმა ვერ დაასაბუთა, რატომ გამომდინარეობდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან, მისი სხდომაზე გამოძახება და დაკითხვა, ხოლო რაც შეეხება არასრულწლოვანთან ფსიქოლოგის მუშაობას, აღნიშნული არსებითად გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენდა, რაზეც იმსჯელა სააპელაციო პალატამ მოცემული გადაწყვეტილებით. ამდენად, საქალაქო სასამართლომ საოქმო განჩინებებით სწორად დაადგინა, რომ არ არსებობდა შუამდგომლობების დაკმაყოფილების საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი--------------------------–-------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 05 ოქტომბრის N0------- გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლწებრივი აქტი ი--------------------------–-------ის რწმუნებულების ადმინისტრაციულ საჩივართან მიმართებაში.
5. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი--------------------------–-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ი--------------------------–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 05 ოქტომბრის N0------- გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლწებრივი აქტი ი--------------------------–-------ის რწმუნებულების ადმინისტრაციულ საჩივართან მიმართებაში.
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
6. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი