განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.11.2019
საქმის ნომერი
060210019002960200
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060210019002960200

საქმე №2/ბ-1097-19წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - თამარ სვანიძე

აპელანტი: ც-–---- ჩ------–---ი

მოწინააღმდეგე მხარე: სს ,,ს----------–--------ი“

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

აღწერილობითი ნაწილი

1აპელანტის მოთხოვნა

1.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2019 წლის 22 აპრილს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა სს ,,ს----------–--------მა“ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) მოპასუხის (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი) ც-–---- ჩ------–---ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. (იხ.ს.ფ. 2-13).

 

2.1.სარჩელის საფუძვლები

 

2.1.1.მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 30 მაისს ,,ს----------–--------სა“ და ც-–---- ჩ------–---ს შორის გაფორმდა შეთანხმება №NGCLCA000115296-3024809-3147993-1 N170586993, რომლის საფუძველზეც ბანკის მიერ დასაკუთრებული იქნა უძრავი ქონება მდებარე ხ---ი, სოფელი ი--------ი ს.კ. №3-----------.

 

მოპასუხე დღემდე არ ათავისუფლებს ფართს, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა. ბანკი ვერ სარგებლობს თავისი ქონებით და ადგება ზარალი ფინანსურად. შესაბამისად, ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას.

 

2.2.მოპასუხის პოზიცია

 

2.2.1. მოპასუხე ც-–---- ჩ------–---მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი სახლს ისედაც ვერ გადასცემდა ბანკს რადგან მარტო მისი საკუთრება არ იყო.ამასთან ბანკთან მოლაპარაკებული იყო რომ გაუნაწილვადებდნენ ძირი თანხის გადახდას, ხოლო პროცენტს აღარ მოსთხოვდნენ. (იხ. შესაგებელი ს.ფ. 28-35).

 

2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით: 1.სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.

1.1. ც-–---- ჩ------–---ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სს ,,საქართველოს ბანკის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ხ---ის რაიონი, სოფელი ი--------ი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 3----------- და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა სს ,,ს----------–--------ს“.

 

2.4.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4.1. უძრავი ნივთის, მდებარე მდებარე: ხ---ის რაიონი, სოფელი ი--------ი, ს/კ 3----------- მესაკუთრეა სს ს----------–--------ი“.

 

2.4.2. მოპასუხე ც-–---- ჩ------–---ი უკანონოდ ფლობს მოსარჩელის საკუთრებას და არ ათავისუფლებს მას. მოპასუხე ც-–---- ჩ------–---მა ვერ შეძლო სასამართლოსთვის წარმოედინა მის მიერ ხ---ის რაიონი, სოფელი ი--------ში მდებარე უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად ვერ დაასაბუთა სადავო ქონებაზე მესაკუთრის შესახებ საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის უზუსტობა.

 

2.5.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის მუხლებზე და განმარტა შემდეგი:

2.5.1. სსკ-ის 170-ე, 172-ე, 183-ე,168-ე, 312-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე წარმოადგენს უძრავი ნივთის, მდებარე: ხ---ის რაიონი, სოფელი ი--------ი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 3----------- მესაკუთრეს და აღნიშნულ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე.

მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხე სადავო ბინას ფლობს მართლზომიერი საფუძვლის გარეშე, შესაბამისად, იგი არის უკანონო მფლობელი და ამდენად, არსებობს ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ მესაკუთრე სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ც-–---- ჩ------–---მა და მისი გაუქმება მოითხოვა. სახელდობრ, აპელანტმა მიუთითა, რომ: სადაო უძრავი ნივთი მარტო მისი საკუთრება არ იყო, ასევე ქონება წარმოადგენად მისი დედის რ--- ლ---------–---ის თანასაკუთრებასაც, ბუნებრივია მისი გასხვისების უფლება მას არ ქონდა.

 

სადაო უძრავი ნივთი არ არის ბანკის საკუთრება, რადგან ვიდრე ბ------ გ------ მსესხებელი გარდაიცვლებოდა იგი კეთილსინდისიერად იხდიდა ვალს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მიიღო შვილმა გ------- გ------მ. გ------- გ------ და ც-–---- ჩ------–---მა სს ს----------–--------ის ადმინისტრაციასთან აწარმოეს მოლაპარაკება თანხის განაწილვადებით გადახდაზე, კერძოდ შეთანხმდნენ რომ 1 წლით გადაუვადებდნენ კრედიტის გადახდას. თუმცა ეს შეთანხმება არ გადაუციათ მათთვის. შემდეგ აღმოჩნდა რომ გაუფორმებიათ უძრავი ქონების ბანკის საკუთრებად გადაცემის შესახებ შეთანხმება. ეს გარემოება აპელანტისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც ბანკის სარჩელი მიიღეს. ანუ ადგილი აქვს თვალთმაქცურ და მოტყუებით დადებულ გარიგებას. მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს მესამე პირის რ--- ლ---------–---ის უფლებებს, შესაბამისად იგი უნდა გაუქმდეს. სასამართლომ არ ჩართო მესამე პირად საქმეში რ--- ლ---------–---ი, მაშინ როცა სადაო ქონება მისი თანასაკუთრებაც არის(ამას ადასტურებს წარმოდგენილი ცნობა). ბანკს უნდა მოხდინა ქონების გამიჯვნა რაც არ გააკეთა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატა სრულად იზიარებს წინამდებარე გადაწყვეტილების პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2.4.1.-2.4.2. პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ამავე განჩინების 2.5.1-პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა განსახილველი სამართაურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.

 

4.2. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა-შეფასება აპელანტს(მოპასუხეს) ც-–---- ჩ------–---ს გააჩნია თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის - სს ,,ს----------–--------ის“ ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.

 

4.3. პალატის მოსაზრებით, სრულიად მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებზე დაყრდნობით, რომელთა თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. როგორც ზემოხსენებული ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით ხდება. მოთხოვნა დაკმაყოფილდება სამი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

ამდენად, დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება, თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე.

 

4.4.განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.4.1. . უძრავი ნივთის, მდებარე მდებარე: ხ---ის რაიონი, სოფელი ი--------ი, ს/კ 3----------- მესაკუთრეა სს ს----------–--------ი“.

 

4.4.2. მოპასუხე ც-–---- ჩ------–---ი უკანონოდ ფლობს მოსარჩელის საკუთრებას და არ ათავისუფლებს მას.

 

4.4.3. პალატის განმარტებით, ცალსახად დგინდება, რომ მოპასუხე/აპელანტი (მის მიერ წარდგენილ როგორც შესაგებელში, ისე სააპელაციო საჩივარში), ადასტურებს მისი მხრიდან სადაო უძრავი ქონების ფლობის ფაქტს, საიდანაც მის გამოსახლებას ითხოვს მოსარჩელე. უფრო მეტიც აპელანტი აცხადებს, რომ ეს ქონება ასევე მისი დედის რ--- ლ---------–---ის თანასაკუთრებაა. თუმცა თანამესაკუთრეობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, ხოლო აპელანტის მიერ მითითებული ცნობა რომ მისი ოჯახი შედგება ორი წევრისაგან არ ნიშნავს, რომ სადაო ქონების თანამესაკუთრედ რეესტრში რეგისტრირებულია რ--- ლ---------–---ი, ასეთი მტკიცებულება საქმეში არ დევს.

 

4.4.4.პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეს/აპელანტს არ აქვს მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების ფართის ფლობის უფლება, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლად საქმის განხილვის დროისათვის შეიძლება განხილულიყო.

 

4. 5.სააპელაციო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასების მიზნით უპირველესად მიუთითებს იმაზე, რომ ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ის ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და რომ ეს ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.

 

4.5.1 განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად უტყუარად დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ხ---ის რაიონი, სოფელი ი--------ი, ს/კ 3-----------, - საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სახელზე. (საფუძველია 2017 წლის 30 მაისის შეთანხმება ,,ს----------–--------სა“ და ც-–---- ჩ------–---ს შორის №NGCLCA000115296-3024809-3147993-1 N170586993)საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი გაუქმებული არ არის და ამ მიმართებით არც ადმინისტრაციული და არც სხვა სახის წარმოება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციას ეჭვქვეშ დააყენებდა, არ მიმდინარეობს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია შედავებული არ არის. დავა არ მიმდინარეობს არც ბანკთან დადებული შეთანხმების ბათილად ცნობის კუთხით.შესაბამისად ,,ს----------–--------სა“ და ც-–---- ჩ------–---ს შორის გაფორმებული შეთანხმებაც №NGCLCA000115296-3024809-3147993-1 ძალაშია.

 

4.5.2.სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტის- ც-–---- ჩ------–---ის- მიერ ვერ იქნა დადასტურებული მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების - უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.სახელდობრ, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლება შეცილებულ და სადავოდ გამხდარი არ არის, უძრავ ქონებას ვალდებულებით-სამართლებრივი შეზღუდვა არ გააჩნია. ხოლო განმარტება მხოლოდ იმაზე რომ მას თვალთმაქცურად ანდა მოტყუებით დაადებინეს ეს შეთანხმება, მაშინ როცა მხარეს სარჩელი არ აღუძრავს ამ შეთანხმების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია.

 

4.5.3. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილებისა და მოპასუხის მხრიდან აღნიშნული ქონების არამართლზომიერად ფლობის ფაქტს.

4.6.სააპელაციო სასამართლო ზემოხსენებულთან ერთად მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ კანონმდებლის ნებით, საკუთრების არსებითი შინაარსი მის ექსკლუზიურობაშია - გამორიცხოს ყველა ადამიანი სხვა პირის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვისაგან. საკუთრების უფლების ექსკლუზიურობა პირს აძლევს ძალაუფლებას დაუპირისპირდეს სხვა ნებისმიერი პირის ჩარევას. საკუთრების უფლება თავისი სრული, ექსკლუზიური ხასიათის გამო განსაკუთრებული უფლებაა, თუმცა მის გამოყენებასაც ახლავს შეზღუდვები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას, რადგან პირის ქმედება ობიექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად, თუ მის ქმედებას სხვა მიზანი არ ჰქონდა, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა და მისი განხორციელება მესაკუთრის ინტერესში არ შედიოდა. ამდენად, უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს უფლებით ისეთ სარგებლობას, როდესაც უფლების გამოყენება მხოლოდ სხვა პირებისათვის არის ზიანის მომტანი, ხოლო მესაკუთრის კანონიერი ინტერესებისათვის არ არის სარგებლის მომტანი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა, სახელდობრ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტი უკანონოდ ფლობს მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) უძრავ ქონებას, რადგან მხარეთა შორის არ არსებობს კანონშესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან (აპელანტთან) მიმართებაში, იგი არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს, შესაბამისად, არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სააპელაციო პალატის მიერაც. აპელანტს კი მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი, ასევე, მის მიერ სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დასაშვები და დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია არ წარუდგენია.

აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ სადაო უძრავი ქონება არა მარტო მისი არამედ მისი დედის რ--- ლ---------–---ის საკუთრებაა და ამის დასტურად მიუთითებს, ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ი--------ის ადმინისტრაციული ერთეულის მიერ გაცემული ცნობაზე, აღნისნული დოკუმენტი ვერ იქნება გაზიარებული, რადგან იგი თანამესაკუთრეობის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს, ცნობა არ არის კანონით გათვალისწინებული ის სათანადო მტკიცებულება რომელიც სსსკ 102-ე მუხლის თანახმად მხარის მოთხოვნის ვარგისიანობის სამტკიცებლად გამოდგება. ამასთან ეს ცნობა 1-ლი ინსტანციის სასამართლოშიც იყო წარდგენილი და იგი ახალი არაა. ხოლო ც-–---- ჩ------–---ი წარდგენილ შესაგებელში ,,ფაქტობრივ საფუძვლებში“ უთითებს, რომ სადაო უძრავი ქონება ,,მარტო მისი საკუთრება არ არის“, თუმცა ვერანაირად ვერ ადასტურებს, რომ მის გარდა სხვა ვისი თანასაკუთრება იყო ეს სადაო უძრავი ქონება. წარდგენილ შესაგებელში ,,სამართლებრივ საფუძვლებში“ (შესაგებლის გვ. 4 (ს.ფ. 31)) ,,მრავლობით რიცხვში“ მიუთითებს ,,ჩემი ოჯახის საერთო უძრავი ქონების გადაცემაზე“.... ,,რომ მისი ოჯახის წევრები არ მისცემდნენ სახლის გადაფორმების უფლებას“ და ა.შ.

4.7. რაც შეეხება აპელანტის მიერ ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე(მოტყუებაზე და თვალთმაქცობაზე ბანკის მხრიდან) და ახალ მტკიცებულებებზე მითითებას, პალატა მათ ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ მათზე მითითება დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო: სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

რაც შეეხება ც-–---- ჩ------–---ის 2019 წლის 26 აგვისტოთი დათარიღებულ განცხადებას თბილისის პროკურატურისადმი, სადაც იგი მიუთითებს ბანკის მხრიდან მის მოტყუებას და ბანკის სასარგებლო შეთანხმებაზე ხელის მოწერას, აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული როგორც ახალი მტკიცებულება და როგორც ახალი გარემოება, რადგან მასში გადმოცემული გარემოებებზე ისედაც მიუთითებდა მხარე თავის დროზე წარდგენილ შესაგებელში (შედარებით მოკლედ) და სააპელაციო საჩივარშიც(ვრცლად). ამდენად, ვერც ეს დოკუმენტი გამოდგება აპელანტის პიზიციის ვარგისიანობის გასამყარებლად. იგი დაუშვებელიც კი არის, რადგან მსგვასი შინაარსის განცხადება მას მანამდეც შეეძლო წარედგინა პროკურატურაში, რადგან სარჩელი 2019 წლის 10 მაისს ჩაბარდა.(ს.ფ. 27).

4.8. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს მსჯელობა სრულად შეესაბამება როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალს,ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას მსგავსი ტიპის დავებზე.(იხ. სუსგ ას-1099-2019წ. 3 ოქტომბერი, 2019 წელი, ქ. თბილისი).

4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, ასევე დავის განხილვისას საპროცესო ნორმათა მოთხოვნები არ დაურღვევია და სს ,,ს----------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ც-–---- ჩ------–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ც-–---- ჩ------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე თამარ სვანიძე