განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 330310018002498970
საქმე №3-ბ-3028-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ა-----------ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ი
წარმომადგენელი - ს-----------------ე, ფ------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, საჯარო ინფორმაციის გაცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ა-----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. ა-----------ამ 2018 წლის 24 იანვრის წერილით მიმართა სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ს და ე-–---------–--ას განათლების შესახებ ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემა მოითხოვა.
1.2.2. სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის 2018 წლის 30 იანვრის N1------------ წერილით დაინტერესებულ პირს 2018 წლის 25 იანვრის კორესპონდენციის პასუხად ეცნობა, რომ ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია იყო პერსონალური მონაცემების შემცველი, უნივერსიტეტს ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ინფორმაცია გაეცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი იქნებოდა შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ წერილობითი ფორმით გაცემული, კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული თანხმობა.
1.2.3. 2018 წლის 28 თებერვალს სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ს წარედგინა ა-----------ას ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებულ იქნა 2018 წლის 30 იანვრის N1------------ უარი ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის 2018 წლის 17 მაისის N7------------ წერილის თანახმად, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას _ გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას თუ მოთხოვილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
ანალოგიურ დანაწესს შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლი, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ”მ” ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
ამავე კოდექსის შესაბამისად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, ასევე საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოხელის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევისას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებელი გაცემის ვალდებულება. ამდენად, საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციისა და ოფიციალური დოკუმენტების გაცნობა, თუ ისინი არ შეიცავენ პირად, პროფესიულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას, საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული მუხლებით აღიარებული კონსტიტუციური უფლებაა. ხსენებული კანონის ნორმები ღიად მიიჩნევს სახელმწიფო დაწესებულებაში დაცულ ოფიციალურ ინფორმაციას და ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აძლევს მათი გაცნობის შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის უარი ემყარება იმ გარემოებას, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს და მისი თანხმობის გარეშე იგი ხელმისაწვდომი ვერ გახდება. ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ არ არსებობდა საჯარო ინტერესი განსახილველი საკითხისადმი. სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა შეაფასოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია მოიაზრება თუ არა სხვა პირის პერსონალურ მონაცემად და ასევე განსაზღვროს, აღნიშნული ინფორმაციის ღიაობა ხომ არ იყო უზრუნველყოფილი კანონით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) განიმარტება, როგორც ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემების დამუშავება მათ შორის მოიცავს მონაცემთა გამჟღავნებას მათი გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის ,,ბ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტების მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია თუ ეს გათვალისწინებულია კანონით, თუ აუცილებელია მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად ან ეს აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 და მე-16 მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნებსა და მართვის პრინციპებს. ხსენებული სამართლებრივი ნორმის თანახმად, კანონით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დაწესებულების მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭირვალობას. ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ნორმები. ამ დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალე პროცედურები.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი ადგენს რა უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრირების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების საჯაროობისა და ზოგადად მართვის პროცესის გამჭირვალობის აუცილებლობას, იმავე ინფორმაციის საჯაროობის ჭრილში არ მოიაზრებს სტუდენტის შესახებ ინდივიდუალური ინფორმაციის ღიაობის დასაშვებობას.
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ თანამდებობის პირის განმარტებას იძლვა თანამდებობის პირის ?????? ????????????? ? ????????? ??????????????? ?? ????????? ??????? საქართველოს კანონის მე-2 მუხლის. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები: ღ) მოსამართლე;
სასამართლო აქვე მოიხმო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის N139 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების თაობაზე, რომლის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმადაც, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე, წარმოადგენს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირს.
სასამართლომ ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე მითითებით მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის სტუდენტის აკადემიური მოსწრების თაობაზე, რომელიც თავისთავში მოიცავს სტუდენტის სწავლების წლებს, სწავლების შესახებ ინფორმაცისა და დიპლომისა თუ საგამოცდო შედეგების ამსახველ დოკუმენტაციას, წარმოადგენს სტუდენტის პერსონალურ მონაცემს, რომლის დაცვის მოვალეობა სსიპ ი------------–---–--------–-----------–-–---------------------ს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს. რაც შეეხება მოთხოვნილ ინფორმაციაში დასახელებული ე-–------------–---ას (ხ----–--ას) სტატუსს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ვერ ექნება, ვინაიდან საქმეში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს, შესაბამისად, მასზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მოაზრებული „თანამდებობის პირის“ შესახებ ინფორმაციის საჯაროობის პრინციპი ვერ გავრცელდება.
სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას წარმოადგენს და იგი არ ექვემდებარება საჯაროობას, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად საჭიროა თვით ამ პირის თანხმობა, ხოლო როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ასეთი თანხმობები მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ წარუდგენია. ასეთ პირობებში მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა აღნიშნული ინფორმაციის მისთვის მიწოდების თაობაზე.
1.3.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების საფუძველი.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები, კერძოდ, 2017 წლის 02 აგვისტოს ს--------------–-–---------------------ის ბლანკზე გაცემული საარქივო ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ ე-–---------–--ა სწავლობდა და უმაღლესი განათლება მიიღო ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ში, ამ წერილის სიყალბეს კი ადასტურებს ს--------------–-–---------------------ის იურიდიული სამსახურის უფროსი მირანდა გაბუნია 2017 წლის 04 სექტემბრის წერილით. ამდენად, აპელანტის მითითებით, შესაძლებელია, რომ ე-–---------–--ას განათლებასთან დაკავშირებით, საჯაროდ არსებული ინფორმაცია იყოს ყალბი. სავარაუდოა, რომ ე-–---------–--ა სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს ყალბი დიპლომის საფუძველზე, იგი არის მოსამართლე, თანამდებობის პირი და მის შესახებ ინფორმაცია ღიაა. ასევე არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი აღნიშნულ ინფორმაციასთან მიმართებით.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია და ამჟამინდელი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი), რომლის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროს წარმოადგენს ისეთი საჯარო ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პირის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ასეთი ინფორმაცია ავტომატურად გასაიდუმლოებულია, ხოლო მისი განსაიდუმლოება შესაძლებელია, თუ არსებობს თავად იმ პირის თანხმობა, ვისაც ეს ინფორმაცია შეეხება.
პალატა მიუთითებს, რომ პირის ინტერესი, არ დაუშვას კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება და აკონტროლოს ამ ინფორმაციის გავრცელება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან, რომლითაც დაცულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რადგანაც მასში სწორედ ის მონაცემებია მითითებული, რომელიც პირის პრივატულ სფეროს შეეხება. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ პირს არ სურს მის კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას პირის კერძო სფერო, სანამ თავად ეს პირი არ გამოხატავს საწინააღმდეგო ნებას და არ მოითხოვს ინფორმაციის გაცემას. ამ დროს კონსტიტუციით დაცული მთავარი ფასეულობაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ეს არსებითად განსხვავდება 41-ე მუხლის პირველი პუნქტისაგან, რომლით გათვალისწინებული ინფორმაციის გასაიდუმლოებაც შესაბამისი სუბიექტის ნების გამოვლენის შემდეგ ხდება და სხვა ამოცანებს ემსახურება (საუბარია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე).
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ წყაროებში დაცულ ინფორმაციაზე, რომელიც ასახავს ფიზიკური პირების აქტივობებს, არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ ის არ გახდება ცნობილი მესამე პირთათვის. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის ზემოაღნიშნული ანალიზიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს პირის უფლებას, მოიპოვოს ოფიციალური წყაროებიდან ინფორმაცია სხვა პირის ჯანმრთელობის, ფინანსების ან სხვა კერძო საკითხების შესახებ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება).
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული თავის 28-ე მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
ამდენად, სახელმწიფოში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და ღიაობის შეზღუდვა ორ შემთხვევაშია დაშვებული: როდესაც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როდესაც დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.
3.2.2. პალატა მიუთითებს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი განსაზღვრავს რა პერსონალური მონაცემის ცნებას, ადგენს, რომ პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ხოლო მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, პერსონალური მონაცემი არის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. თავის მხრივ, იდენტიფიცირებად მონაცემებად მიიჩნევა ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირების შესაძლებლობას, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ამასთან, ასეთი მონაცემების დამუშავება დასაშვებია უშუალოდ იმ პირის თანხმობით, ვისაც ეს მონაცემები ეხება.
განსახილველ შემთხვევაში პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის უარი ემყარება იმ გარემოებას, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს და მისი თანხმობის გარეშე იგი ხელმისაწვდომი ვერ გახდება. ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ არ არსებობდა საჯარო ინტერესი განსახილველი საკითხისადმი. სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა შეაფასოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია მოიაზრება თუ არა სხვა პირის პერსონალურ მონაცემად და ასევე განსაზღვროს, აღნიშნული ინფორმაციის ღიაობა ხომ არ იყო უზრუნველყოფილი კანონით.
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემების დამუშავება მათ შორის მოიცავს მონაცემთა გამჟღავნებას მათი გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის ,,ბ”, ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტების მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია თუ ეს გათვალისწინებულია კანონით, თუ აუცილებელია მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად ან ეს აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად.
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 და მე-16 მუხლები განსაზღვრავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნებსა და მართვის პრინციპებს. ხსენებული სამართლებრივი ნორმის თანახმად, კანონით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დაწესებულების მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭირვალობას. ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ნორმები. ამ დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალე პროცედურები.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი ადგენს რა უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრირების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების საჯაროობისა და ზოგადად მართვის პროცესის გამჭირვალობის აუცილებლობას, იმავე ინფორმაციის საჯაროობის ჭრილში არ მოიაზრებს სტუდენტის შესახებ ინდივიდუალური ინფორმაციის ღიაობის დასაშვებობას.
"უმაღლესი განათლების შესახებ' საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.
აპელანტის პოზიციით, ე-–---------–--ა წარმოადგენს რა თანამდებობის პირს, მის შესახებ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, ხელმისაწვდომია სხვა პირთათვის.
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციის 27-ე მუხლი განმარტავს რა „ინფორმაციის თავისუფლების“ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამ თავის მიზნებისათვის, „დ“ ქვეპუნტით ადგენს, რომ თანამდებობის პირი არის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი.
ამდენად, დავის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული პირი წარმოადგენს თუ არა თანამდებობის პირს ინფორმაციის თავისუფლების მიზნებისათვის და მისი პერსონალური მონაცემების გასაცემად საჭიროა თუ არა უშუალოდ მისი თანხმობა.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება მოსამართლე.
მართალია, ეს უკანასკნელი ნორმა არ აკონკრეტებს და ზოგადად მოსამართლეს მიიჩნევს თანამდებობის პირად, მაგრამ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს მხოლოდ საქართველოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და აქედან გამომდინარე, ეხება მხოლოდ საქართველოს თანამდებობის პირებს.
პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის სტუდენტის აკადემიური მოსწრების თაობაზე, რომელიც თავისთავში მოიცავს სტუდენტის სწავლების წლებს, სწავლების შესახებ ინფორმაცისა და დიპლომისა თუ საგამოცდო შედეგების ამსახველ დოკუმენტაციას, წარმოადგენს სტუდენტის პერსონალურ მონაცემს, რომლის დაცვის მოვალეობა სსიპ ი------------–---–--------–-----------–-–---------------------ს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს. რაც შეეხება მოთხოვნილ ინფორმაციაში დასახელებული ე-–------------–---ას (ხ----–--ას) სტატუსს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ვერ ექნება, ვინაიდან საქმეში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს, შესაბამისად, მასზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მოაზრებული „თანამდებობის პირის“ შესახებ ინფორმაციის საჯაროობის პრინციპი ვერ გავრცელდება.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას წარმოადგენს და იგი არ ექვემდებარება საჯაროობას, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად საჭიროა თვით ამ პირის თანხმობა, ხოლო როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ასეთი თანხმობა კი მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ წარუდგენია. ასეთ პირობებში მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა აღნიშნული ინფორმაციის მისთვის მიწოდების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის უარი ინფორმაციის გაცემის თაობაზე, არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი