განაჩენი

სისხლის სამართლის 27.01.2020
საქმის ნომერი
340100119003128870
ინსტანცია
თარიღი
27.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 340100119003128870

საქმე №1ბ/57-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

30 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: ი-–---------–-–---–ი (პ/ნ 4----------), დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარელი, ტ-–---------------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასჯელი: ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 2800 ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა და ითხოვა ი-–---------–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

 

მსჯავრდებულმა ი-–---------–-–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვაჟა ტურაშვილმა წარმოადგინეს შესაგებელი სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 19 ივნისს შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე საგამოძიებო მოქმედების, ჩხრეკის, ჩატარების მიზნით, ქალაქ ყვარელში, ბ-----------------ში მდებარე დ-------- შ---–---–ის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები და ატარებდნენ ჩხრეკას, რა დროსაც მათთან მივიდა მეზობლად მცხოვრები ილია მ-----–-–---–ი და ცდილობდა ხელი შეეშალა მათთვის, თუმცა, სამართალდამცველებმა არ მისცეს უფლება, რომ დასწრებოდა საგამოძიებო მოქმედებას. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, დ-------- შ---–---–ის საცხოვრებელ სახლის ეზოსა და მის წინ ქუჩაში, ი-–---------–-–---–ი კვლავ დახვდა პოლიციელებს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და გადაყვანილ იქნა შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში სათანადო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, სადაც ი-–---------–-–---–მა ძალადობით, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია და არ აძლევდა მათ შესაძლებლობას შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს გ------- გ------–-–---–ს, თ----- მ-------ესა და ი-----–- პ-------–---–ს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ი-–---------–-–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: დაზარალებულების: თ----- მ-------ის, ი-----–- პ-------–---–ის, გ------- გ------–-–---–ის, მოწმეების: შ----- მ------–-–---–ის, ი----- გ----–-–---–ის, ა----- პ----–---–ის, მ------ ო-----–---–ის, დ-------- შ---–---–ის, გ----- შ---–---–ის, ა---- შ---–---–ის, გ--- მ-----–-–---–ის, ბრალდებულ ი-–---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-–---------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-–---------–-–---–მა ძალადობის გამოყენებით ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-–---------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დანაშაული ჩადენილი აქვს შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში.

 

ი-–---------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას, ან თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, სრულიად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

 

რაც შეეხება მის გამკაცრებას, საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ ითხოვა ი-–---------–-–---–ისათვის კანონიერი სასჯელის დანიშვნა.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები - აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N005487119 დასკვნის თანახმად, მას ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს აღენიშნებოდა ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა, მკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა), დამამძიმებელი გარემოებები, რაც მას არ გააჩნია, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი და მის მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.

ამასთან, ბრალდების მხარეს სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია, რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობას, უკანონობასა და მისი გამკაცრების აუცილებლობას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი ი-–---------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ი-–---------–-–---–ს მიმართ ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო 4000 ლარის ოდენობით და გირაოს სახით გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი-–---------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000(სამიათასი) ლარი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2800(ორიათასრვაასი) ლარის ოდენობით.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა (4000 ლარი), განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს, ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/