განაჩენი

სისხლის სამართლის 23.01.2020
საქმის ნომერი
150100119003281625
ინსტანცია
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119003281625

საქმე #1ბ/1985-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-–---------–---–ის

ადვოკატის: ზ------------ის

მსჯავრდებულის: მ------------------ის

თარჯიმნის: თ------------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), მ------------------ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა---–---–----------------------–--–----------–-ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ა---–---–----------------------–--–----------–-ში, მიწის ნაკვეთის მოხვნის თაობაზე მ------------------სა და ლ-------------–------ს შორის მომხდარი კონფლიქტისას, მ------------------მა სახის არეში ხელი დაარტყა ლ-------------–------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ცხვირის ძვლის მოტეხილობის სახით მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენით:

 

მ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ მ------------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სახელმწიფი ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ მ------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეების - ლ-------------–------ის, რ----------–------ის, ა-------------–-----ის, ა-–---------–------ის, ო------–----------ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ მ------------------ის გამოკითხვის ოქმის და მიერ დანაშაულის აღიარების, სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის №7--------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ------------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მ------------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი. მის მიმართ დანიშნული ლმობიერი სასჯელი მსჯავრდებულისთვის ვერ იქნება ხელისშემშლელი და შემაკავებელი იმისა, რომ მან კვლავ არ ჩაიდინოს დანაშაული დაზარალებულის მიმართ. ამასთან, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის კვლავ გრძელდება დაძაბული ურთიერთობა. ისინი არ შერიგებულან, მათ შორის კონფლიქტი არ არის აღმოფხვრილი და მსჯავრდებულს არ აუნაზღაურებია დაზარალებულისთვის მკურნალობის ხარჯები (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ მ------------------ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.

 

აპელანტს სააპელაციო საჩივარში სასჯელის გამკაცრების ერთ-ერთ არგუმენტად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არ შერიგებულა დაზარალებულთან და ზიანი არ არის ანაზღაურებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს, ხოლო დაზარალებულს, პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის რაიმე ახალი კონფლიქტის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ მ------------------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს, ექნება რა ლმობიერი სასჯელის მიღების განცდა, აღნიშნული ვერ იქნება ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ მ------------------ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ მ------------------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს მ------------------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრის შესახებ. მ------------------მა გამოძიებაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას დამნაშავედ ცნო თავი წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, მ------------------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, დასაქმებულია და ოჯახის მარჩენალია, აგრეთვე, მ------------------მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ------------------ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ------------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

მ------------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე