განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
330210119002859466
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210119002859466

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7816-19 29 ნოემბერი, 2019 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - ზ---- ა------–---ი

 

წარმომადგენელი - ლ---- გ------–-–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ---- ი---------–ი

 

წარმომადგენელი - პ------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ნ---- ი---------–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ზ---- ა------–---ის მიმართ სარჩელი აღძრა და მოსარჩელის სასარგებლოდ 5 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 5 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ზ---- ა------–---მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2016 წლის 29 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით, მოპასუხემ აღიარა, რომ მას მოსარჩელისთვის 6 000 აშშ დოლარი აქვს გადასახდელი. ასევე, აღიარა, რომ აღნიშნული თანხიდან 1 000 აშშ დოლარი მოსარჩელისთვის გადაცემული აქვს, ხოლო, დარჩენილ 5 000 აშშ დოლარს იგი მოსარჩელეს ეტაპობრივად, შეძლებისდაგვარად, გადაუხდიდა (ს.ფ. 18).

 

6. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სადავოდ გამხდარი 2016 წლის 29 თებერვლის ხელწერილი სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მიზნებისთვის კონსტიტუციურ ვალის აღიარებას წარმოადგენს.

 

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული ხარვეზის დადგენის საფუძველს არ წარმოადგენს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს. მხოლოდ მხარის მითითება, რომ მეორე მხარეს აქვს მისი ვალი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად განსაზღვროს და მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას სამართლებრივი შეფასება მისცეს.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი და მოდავე მხარეთა მიერ ხემოწერილი დოკუმენტისთვის სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისთვის პალატა განმარტავს, რომ ვალის აღიარება კონსტიტუციური (დამდგენი) და დეკლარაციული (კაუზალური) შეიძლება იყოს. ორივე შემთხვევაში, სახეზეა ვალის აღიარება, თუმცა, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ კონსტიტუციური ვალის აღიარების შემთხვევაში, სახეზეა ახალი, ძველი სამართალურთიერთობისაგან დამოუკიდებელი გარიგება, რა დროსაც ძველი სამართალურთიერთობიდან გამომდინარე შესაგებელი მხედველობაში არ მიიღება, მათ შორის, შესაგებელი ძველი გარიგების ბათილობის საფუძვლით სამართალურთიერთობის არარსებობის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, აღიარება წერილობით ფორმას მოითხოვს, იგი უფლებამოსილი პირის წინაშე უნდა იყოს გაცხადებული, მასში მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა იკვეთებოდეს ნება ვალდებულების აღიარების თაობაზე და რაც მთავარია, მითითებული ვალის აღიარება ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცალმხრივი ნების გამოვლენა არ არის. მას ხელშეკრულების ხელს ორივე მხარე უნდა აწერდეს. კონსტიტუციურ ვალის აღიარებათა თავისებურებას, ასევე, ხანდაზმულობის ვადის თავიდან ათვლა განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი სწორედ კონსტიტუციური ხასიათის ვალდებულების აღიარებას აწესრიგებს.

 

რაც შეეხება ე.წ. ვალის დეკლარაციულ აღიარებას, იგი ახალ გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა, ადასტურებს არსებულს, იმ სამართლებრივი შედეგებით, რაც მას თან სდევს. დეკლარაციული ვალის აღიარება ახალი გარიგება არ არის, მას სპეციალური ფორმის დაცვა არ სჭირდება, იგი გარიგების ზეპირსიტყვიერ აღიარებაშიც შეიძლება გამოიხატოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვალის კონსტიტუციური აღიარება კი, არის მტკიცებულება არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში შეუსრულებელი ვალდებულების არსებობის თაობაზე.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით ირკვევა, რომ ზ---- ა------–---ს ნ---- ი---------–ისთვის 6000 აშშ დოლარი აქვს გადასახდელი. ამ თანხიდან 1000 აშშ დოლარი უკვე გადახდილი აქვს, ხოლო, დარჩენილ 5 000 აშშ დოლარს ეტაპობრივად, შეძლებისდაგვარად გადაიხდის. შესაბამისად, ცხადია, რომ დოკუმენტში მოპასუხემ მხარემ არა მხოლოდ კონკრეტული ვალი აღიარა, არამედ კონკლუდენტური მოქმედებით ვალის არსებობა დაადასტურა და მისი გადახდის ვალდებულება იკისრა, რაც ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, დოკუმენტის კონსტიტუციურ ვალის აღიარებად ცნობის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

 

7. მართალია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტებისთვის სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა და გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ვალდებულება მხარეთა ყველა არგუმენტზე პასუხის გაცემად არ შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა, სააპელაციო პალატა საკითხის სრულად ამოწურვის მიზნით, მართებულად მიიჩნევს ყურადღება მიაპყროს აპელანტის შედავებას. სააპელაციო საჩივარში მხარე უთითებდა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი ვალის აღიარების ხელშეკრულება არაა, მხარეებმა აღნიშნული ხელწერილით სხვა გარიგება დაფარეს, კერძოდ, მოპასუხე მხარეს სურდა მოსარჩელეს მისთვის ისედაც პრობლემური მშენებლობის პროცესში ხელი არ შეეშალა და სასამართლოში სარჩელის შეტანით სამშენებლო პროცესი არ შეეჩერებინა, შესაბამისად, ხელწერილი დადეს, რომლითაც რეალურად მოპასუხე მხარემ იკისრა ვალდებულება 6000 აშშ დოლარი მოსარჩელისთვის გადაეხადა იმ შემთხვევაში, თუ იგი სასამართლოში სარჩელს არ აღძრავდა. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). სააპელაციო სასამართლოს განმარტავს, რომ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების დროს, მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტკიცების ტვირთი აკისრია მას, ვისაც მიაჩნია, რომ თვალთმაქცური/მოჩვენებითი გარიგებით მისი უფლება შეილახა, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. აღნიშნულის სამტკიცებლად მოსარჩელეს პირდაპირი ან არაპირდაპირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით მხარეთა შორის იმგვარი შეთანხმების ფაქტი, რომელსაც მოპასუხე მიუთითებს, არ დგინდება. შესაბამისად, მხოლოდ პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარის ზეპირ ახსნა-განმარტებას სასამართლო ვერ დაეყრდნობა და მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებას თვალთმაქცური გარიგებების რიგს ვერ მიაკუთვნებს.

 

8. სააპელაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხემ სადავო თანხის გადახდა იმ გარემოების გამო იკისრა, რომ შპს „ვ-----------“ ხელშეკრულებით მოსარჩელისა და მისი შვილისთვის, ჯამში, 314 კვ.მ ბინის გადაცემის ვალდებულება ჰქონდა ნაკისრი, რომლის შესრულების უზრუნველყოფაც გაფორმებული ხელწერილით მოხდა. მხარის განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ მოსარჩელესა და მის შვილს იმაზე მეტი ფართი გადაეცათ ვიდრე შეთანხმებული იყო, შესაბამისად, მოსარჩელისთვის სადავო თანხის გადახდის ვალდებულება აღარ არსებობდა.

 

ამ მიმართებით, სააპელაციო პალატა კვლავ განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპელანტის მსჯელობას გავიზიარებთ, ეს ნიშნავს, რომ ხელწერილის გაფორმების დროს მხარეთა შორის გარკვეული ვალდებულება შესრულებული არ იყო, სარჩელის აღძვრის დროს კი, ეს ვალდებულება მოპასუხეს შესრულებული ჰქონდა, რის გამოც, მას თანხა არ უნდა დაჰკისრებოდა. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ხელწერილით, არა ახალი, არამედ ძველი ვალდებულებისგან ნაწარმოები ან ძველ ვალდებულებასთან დაკავშირებული მოვალეობის აღიარება დოკუმენტს, სამართლებრივი თვალსაზრისით, კონსტიტუციურ ანუ, დამდგენ ძალას არ უკარგავს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა გასცეს. ხსენებული ნორმის დისპოზიცია პირდაპირ მითითებას ახდენს ვალდებულების სადავოობის შემთხვევაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებაზე. ვალდებულების შესრულების თაობაზე მტკიცებულების მოპოვება კრედიტორის ინტერესებში შედის. მხარეთა შორის გაფორმებული ან/და, მოპასუხის მოთხოვნით, მოსარჩელის მიერ, ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც კრედიტორის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება. მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომლითაც მოსარჩელესა და მის შვილზე გადაცემული უძრავი ქონების ფართობი დგინდება, განკუთვნად და რელევანტურ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული, მით უფრო, იმ დროს როდესაც საქმის მასალებში მხარეთა შორის ამგვარი შეთანხმების არსებობაც კი, არ დგინდება. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მსჯელობა ამ მიმართებითაც დაუსაბუთებელია.

 

9. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდ წილად სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება განაპირობებს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

რაც შეეხება მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოთხოვნის უსაფუძვლობა მოპასუხე მხარეს უნდა დაედასტურებინა. მის მიერ განვითარებულ პირველ არგუმენტთან მიმართებით გაფორმებული ხელშეკრულების თვალთმაქცური ხასიათი უნდა ედასტურებინა, რაც გარიგების ბათილობას გამოიწვევდა. თუმცა, ამ თვალსაზრისით, მოპასუხეს გარდა მისი, როგორც პროცესის შედეგით დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტებისა, სხვა რელევანტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აღნიშნული კი, რა თქმა უნდა, აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას საფუძვლად ვერ დაედება. რაც შეეხება მის არგუმენტს მხარეთა შორის შეთანხმების არსებობისა და მის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე, რომელიც მისი აზრით, თანხის დაკისრებას გამორიცხავდა, პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით განმტკიცებული ვალდებულების შესრულების დოკუმენტი საქმეში არ არსებობს. შესაბამისად, ამ მიმართებითაც, მხარემ მისი წილი მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გახდეს.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარეს, იგი აპელირებდა, რომ მოპასუხეს მისთვის 5 000 აშშ დოლარი აქვს გადასახდელი. აღნიშნულის სამტკიცებლად მხარეთა შორის 2016 წლის 29 თებერვალს გაფორმებული ხელწერილი წარმოადგინა, დოკუმენტი ორივე მოდავე მხარის მიერაა ხელმოწერილი, მასში მითითებულია საერთო ვალდებულების ოდენობა და დარჩენილი ვალის გადახდის შესახებ მზაობაა დაფიქსირებული, ასევე, ამავე დოკუმენტში, მხარე ვალდებულებას მისი კონკლუდენტური მოქმედებითაც აღიარებს, ვინაიდან უთითებს, რომ მოსარჩელისთვის 1000 დოლარი უკვე გადახდილი აქვს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლით განმტკიცებული კონსტიტუციური ვალის აღიარებისთვის ყველა ელემენტს აკმაყოფილებს და შესაბამისად, მიიჩნევა, რომ მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლია, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა გახდა კიდეც.

 

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საქმის სრული, ობიექტური და სამართლიანი გამოკვლევის შედეგად პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსი საფუძვლიანად შეისწავლა, სწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 593 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102, 386-ე, 377-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ზ---- ა------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი