განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
330210118002253464
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002253464

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/ 5922-18 29 ნოემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - შპს „S---------“

 

წარმომადგენელი - ე----–------

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ-------- ა------------ი“

 

წარმომადგენელი - ა-----------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შპს „S---------“-ის წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „კ-------- ა------------ის“ მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხისთვის 14 760.35 ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „S---------“-ის წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. მოდავე მხარეთა შორის წლების მანძილზე, ზეპირი ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა. შპს „S---------“, გარკვეული პერიოდულობით, შპს „კ-------- ა------------ს“ საქონელს აწვდიდა, რომლის ღირებულებასაც მოპასუხე ეტაპობრივად ფარავდა (ტომი I, ს.ფ. 22-62).

 

6. სადავოდ გამხდარი საქონლის მიწოდება, რომლის ღირებულების ანაზღაურებასაც შპს „S---------“ ითხოვს, მოსარჩელის მიერ 2013 წლის 2 დეკემბრიდან - 2014 წლის 2 ივლისამდე, განხორციელდა (ტომი I, ს.ფ. 22-62).

 

7. შპს „კ-------- ა------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ ნასყიდობის საზღაური სრულად არ აქვს გადახდილი (ტომი I, ს.ფ. 102-112,118-126).

 

8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხოლო, ამავე კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა მოითხოვოს. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც მოთხოვნის უფლება წარმოიშვა, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე გამორიცხოს. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას უწყობს ხელს; ბ) ინარჩუნებს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას.

 

აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება ისპობა. ხანდაზმულობის ვადა უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით სპობს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან თავისი უფლების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში ხორციელდება. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე მიმდინარეობს. ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ვალდებულების არსებობას ეთანხმებოდეს და მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას აღიარებდეს, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დროის გარკვეულ მონაკვეთს გულისხმობს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა მოითხოვოს. ამ ვადის გაცდენა კი ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას გულისხმობს. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად ვადითაა შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას კარგავს.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე, საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად მიიჩნევა, კერძოდ, გადაწყვეტილება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ეფუძნება, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად უმნიშვნელოვანესია. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება გამოიწვიოს, რაც, საბოლოო ჯამში, სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას გაართულებს. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, ასევე სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი გაიზრდება. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან დაიცვას.

 

ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერი მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადები რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე აპელირებდა, რომ რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული, ივარაუდებოდა, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდა ნასყიდობის საგნის მიღებისთანავე უნდა განხორციელებულიყო. მისივე განმარტებით, რადგან სადავო მიწოდება 2013-2014 წლებში განხორციელდა, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

ნათელია, რომ მოპასუხის მიერ, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი იქნა წარდგენილი, ამიტომ პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს სამართლებრივი შეფასება მისცეს.

 

10. საქმის განხილვისას სადავო არ გამხდარა გარემოება მასზედ, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელისგან მიღებული საქონლის ანაზღაურებისთვის რაიმე კონკრეტული ვადები გაწერილი არ ჰქონდა, თუმცა, აღნიშნული მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით ნიშნავდა, რომ გადახდა ნასყიდობის საგნის მიღებიდან დაუყოვნებლივ უნდა განხორციელებულიყო. სააპელაციო პალატა აღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სამართლებრივად მოპასუხე მხარე თავს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლთან მიმართებით მოქმედი პრეზუმფციით იცავს, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ მყიდველის მიერ გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასის გადახდა ნაყიდი ქონების მიღებისას ხდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე მონაწილეობს. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება მოპასუხემ უნდა გააქარწყლოს, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, მოსარჩელემ უნდა გააბათილოს. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან მხარეს კი არ ათავისუფლებს, არამედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს წარმოადგენს. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, სამოქალაქო პროცესში რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს.

 

შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხე სწორედ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლთან დაკავშირებული პრეზუმფციით იცავდა თავს, მოსარჩელეს მისი გამაბათილებელი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება ეკისრებოდა. ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები, საბანკო ამონაწერი და მოპასუხე კომპანიის მთავარი ბუღალტრის მიერ გაგზავნილი წერილი გამოიკვლია (ტომი I, ს.ფ. 22-66, 113), რომელთა ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება- ჩაბარებებს იმავე პერიოდულობით, საგადასახადო ანგარიშფაქტურები და გადახდები არ მოჰყვება. პირიქით, საგადასახადო დოკუმენტაციით დგინდება, რომ გადახდები არა კონკრეტული ანგარიშფაქტურით განსაზღვრული თანხით, არამედ ნაწილ-ნაწილ ხორციელდებოდა. ამასვე ადასტურებს მოსარჩელე კომპანიისთვის მოპასუხე კომპანიისგან 2018 წლის 14 მაისს გაგზავნილი წერილიც, სადაც დავალიანებული თანხების პერიოდულად გადახდაზეა საუბარი. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლთან მიმართებით არსებული თანხის დაუყოვნებლივი გადახდის პრეზუმფცია მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გააქარწყლა, კერძოდ, დაამტკიცა, რომ მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებები, საწარმოების მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობიდან გამომდინარე, ნასყიდობის საგნის საფასურის არა დაუყოვნებლივ, არამედ ნაწილ-ნაწილ მოგვიანებით გადახდას მიემართებოდა. რაც შეეხება, მოპასუხე მხარეს, მისი არგუმენტის გამამყარებელი სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც მხარეთა შორის დადგენილ კონკლუდენტური მოქმედების ქცევის წესს სასამართლოს სხვაგვარად დაანახებდა, არ წარმოუდგენია, რის გამოც პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდისთვის რაიმე კონკრეტული ვადა დადგენილი არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის რეგულირება მოქმედებს, რომლის მიხედვითაც, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა კრედიტორის მოთხოვნიდან აითვლება, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

11. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს. მნიშვნელოვანია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. ზოგად ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან იწყება. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას არ ეთანხმება, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა თუ როდიდან უნდა დაიწყოს.

 

მოსარჩელის საპრეტენზიო წერილი (მოთხოვნა), რომლითაც იგი, კონკრეტულად, 2013 წლის 2 დეკემბრიდან 2014 წლის 2 ივლისამდე განხორციელებული მიწოდების ანაზღაურებას მოითხოვდა, საქმეში არ მოიძებნება, ამასთან, ვინაიდან დადგინდა, რომ მიღებული საქონლის ღირებულებას მყიდველი ავტომატურად არ იხდიდა, ხანდაზმულობის ვადის დენის ობიექტური მომენტის დადგენა შეუძლებელია. თუმცა, სუბიექტური ათვლის წერტილთან მიმართებით, საქმის მასალებში არსებობს მოპასუხე კომპანიისგან მოსარჩელე კომპანიის მოთხოვნის საპასუხოდ გაგზავნილი ოფიციალური წერილი, რომლის შინაარსიდან დგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ 15 000,35 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. აღნიშნული თანხის ოდენობას მოპასუხე საწარმო არ დაეთანხმა და მოთხოვნილი თანხის 6 416,25 ლარამდე კორექტირება მოითხოვა. ინფორმაცია, რაც განსახილველი საქმის გადაწყვეტისთვის უმნიშვნელოვანესია არის ის, რომ აღნიშნულ წერილში შინაარსობრივად მხოლოდ 2014 წლის ზაფხულის თვის გადახდებზე და დავალიანებებზეა საუბარი, ამავე დოკუმენტში თავად მოპასუხე აღიარებს, რომ მათ მიერ ბოლო გადახდა 2015 წლის 07 მაისს განხორციელდა. შესაბამისად, დოკუმენტის შინაარსობრივი, გრამატიკული და ლოგიკური კვლევის შედეგად, ასევე იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ 2015 წლის 07 მაისს განხორციელებული გადახდა სადავო 2013-2014 წლის დავალიანებას არ მიემართებოდა და აღნიშნულით სხვა დავალიანების დაფარვა ხდებოდა, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის დისპოზიცია, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად კი, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო, მხედველობაში არ მიიღება და ვადა თავიდან დაიწყება. ყოველივე აღნიშნულის თანახმად, პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, გამყიდველისათვის (მოწინააღმდეგე მხარე) ნასყიდობის საგნის დარჩენილი საფასურის – 73770 ლარის გადახდის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 2015 წლის 07 მაისიდან დაიწყო, სარჩელი კი, 2018 წლის 11 იანვარსაა აღძრული, აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

 

12. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შპს „კ-------- ა------------ს“ შპს „S---------“-ის სასარგებლოდ 14 760,35 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებას არა მხოლოდ სარჩელის, არამედ შესაგებლის საფუძვლებიც საჭიროებს. მოპასუხეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მოსარჩელის მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტი არ უარყვია, თუმცა, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით იცავდა თავს. ამასთან, პირველი ინსტანციის, სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მითითებულია, რომ კომპანიას უნდა დაეზუსტებინა, თუ რა რაოდენობისა და ღირებულების საქონელი იქნა მიწოდებული, რის შემდგომაც დაზუსტებული შესაგებელი იქნებოდა წარდგენილი, თუმცა საქმის მასალებში მხარის დაზუსტებული პოზიციის წარდგენა არ მომხდარა. ასევე, მოპასუხე მხარეს კონკრეტულ, რელევანტურ, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების სხვა ოდენობის არსებობა არ უმტკიცებია. აღნიშნულთან მიმართებით, მხოლოდ მოპასუხე მხარის მთავარი ბუღალტრის წერილი გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან დავალიანების მცირე ოდენობით არსებობა განკუთვნადი მტკიცებულებებით უნდა იყოს დადასტურებული, რათა მოსარჩელის პოზიცია გაბათილებულად იქნეს მიჩნეული. ამდენად, გამაბათილებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, პალატა მიიჩნევს, რომ გაზიარებულ უნდა იქნეს მოპასუხის დავალიანების შესახებ მოსარჩელის გაანგარიშება და გადასახდელ დავალიანებად 14 760,35 ლარი უნდა დადგინდეს.

 

13. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდ წილად სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება განაპირობებს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი მოჰყვება.

 

რაც შეეხება მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობა, ნასყიდობის საფასურის საქონლის მიღებისთანავე გადახდის თაობაზე ვალდებულების არსებობა და 2015 წლის 07 მაისს განხორციელებული გადახდით რაიმე კონკრეტული დავალიანების გადახდა, რომელიც 2013-2014 წელს არ მიემართებოდა, მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, რომელიც საქმეში წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებითა და ახსნა-განმარტებით ვერ განხორციელდა.

 

ზემოთ თქმულის საწინააღმდეგოდ, აპელანტმა დასაბუთებული შედავების წარმოდგენის გზით, შეძლო სასამართლოსთვის შეექმნა ვარაუდი მასზედ, რომ სარჩელი დასაბუთებული იყო და სრული მოცულობით დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი დასძლია, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი უნდა გახდეს.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის სახით 442,85 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 590,42 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „S---------“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და შპს „S---------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. შპს „კ-------- ა------------ს“ შპს „S---------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 14 760,35 ლარის გადახდა;

 

5. შპს „კ-------- ა------------ს“ შპს „S---------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ საქმეზე ბაჟის სახით გადახდილი 442,85 ლარისა (პირველ ინსტანციაში გადახდილი ბაჟი) და 590,42 ლარის (სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი ბაჟი) ანაზღაურება;

 

6. შპს „S---------“-ის დაუბრუნდეს 2018 წლის 11 იანვარს, ანა კრესტიანიკოვას მიერ, სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 460 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 17.15 ლარი;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი