განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001254881
საქმე №3ბ/923-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - შპს ,,ტ----–------------''
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - მ--------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს ,,ტ----–------------ს'' საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 57 219,36 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ორაცხრამეტი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2015 წლის 12 მარტს, ერთის მხრივ შპს ,,ტ----–-------------ს’’ (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება (საპოლიციო) №1/1071, რომლის თანახმადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიცის დეპარტამენტი უზრუნველყოფს დამკვეთის ობიექტის დაცვას, რომელიც მდებარეობს მისამართზე ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №68. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 1.1 პუნქტით განსაღვრული ,,ობიექტის’’ დაცვას განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს 1 განყოფილება პოლიციის 3 (სამი) ინსპექტორისა და 9 (ცხრა) უმცროსი ინსპექტორის საშტატო ერთეულით, გამოკვლევის აქტით გათვალსწინებული დაცვის რეჟიმით. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 9000,00 (ცხრაათასი) ლარს. დღგ-ს ჩათვლით (მათ შორის პოლიციის ერთი ინსპექტორი - 900,00 ლარი და ერთი უმცროსი ინსპექტორი - 700,00 ლარი).
2015 წლის 15 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,ტ----–------------ს’’ შორის გაფორმებული იქნა ურთიერთშეთანხმება №1/2727, რომლის თანახმადაც მხარეთა შორის 2015 წლის 12 მარტს გაფორმებული №1/1071 ხელშეკრულების 2.1. პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ხელშეკრულების 1.1 პუნქტით განსაზღვრული ,,ობიექტის’’ დაცვას განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს 1 განყოფილება პოლიციის 3 (სამი) ინსპექტორისა და 3 (სამი) უმცროსი ინსპექტორის საშტატო ერთეულით, გამოკვლევის აქტით გათვალისწინებული დაცვის რეჟიმით. ასევე შეიცვალა ხელშეკრულების 3.1 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 4800,00 (ოთხიათას რვაასი) ლარს. დღგ-ს ჩათვლით (მათ შორის პოლიციის ერთი ინსპექტორი - 900,00 ლარი და ერთი უმცროსი ინსპექტორი -700,00 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 12 მარტის ხელშეკრულება (საპოლიციო) №1/1071 (ს.ფ. 10-12)
- 2015 წლის 15 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,ტ----–------------ს’’ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმება №1/2727 (ს.ფ. 13)
3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს უფროსის 2015 წლის 21 ნოემბრის №2599584 ბრძანებით ქ. თბილისის სამმართველოს 1-ლი განყოფილების მიერ 2015 წლის 21 ნოემბრიდან შეწყვეტილი იქნა ქ. თბილისში, ჭ------------------------ში მდებარე შპს ,,ტ----–-------------ს’’ ობიექტის დაცვა პოლიციის მუშაკთა 6 საშტატო ერთეულით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს უფროსის 2015 წლის 21 ნოემბრის №2599584 ბრძანება (ს.ფ. 16)
3.3. შპს ,,ტ----–------------ს’’ 2016 წლის 08 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება დებიტორული დავალიანება 57219,36 (ორმოცდაჩვიდმეტიათას ორასცხრამეტი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი. აღნიშნული თანხა დღეის მდგომარეობით მოპასუხე მხარის მიერ დაფარული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 08 თებერვლის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 14)
- თანხის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 15)
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1. მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,ტ----–------------ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სსიპ დაცვის პოლიცის მიერ ქ. თბილისი, ი. ჭ------------------------ში მდებარე შპს ,,ტ----–------------ს’’ ობიექტზე ხორციელდებოდა დაცვა. დაცვითი სამუშაოების დებიტორულმა დავალიანებამ ჯამში შეადგინა 57 219,36 (ორმოცდაჩვიდმეტიათასორასცხრამეტი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი. ,,დამკვეთი’’ ვალდებული იყო ხელშეკრულების თანახმად გადაეხადა დაცვის თანხა, რაც მის მიერ დღემდე არ შესრულდა. მოპასუხე მხარე თავს არიდებს და დღემდე არ იხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების თანხას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს ,,ტ----–------------ს’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 57 219.36 (ორმოცდაჩვიდმეტიათას ორასცხრამეტი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
5. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. აპელანტი - შპს ,,ტ----–------------'' აღნიშნავს, რომ შპს ,,ტ----–------------ს'' არც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი და არც სასამართლო სხდომის შესახებ უწყება ჩაბარებია. შესაბამისად, კომპანიის მიერ ვერ განხორციელდა წერილობითი ფორმით შესაგებლის წარდგენა. აპელანტის დაუსწრებლად საქმის განხილვის გამო კი, აპელანტს არ მიეცა საშუალება სრულყოფილად დაეცვა კანონით გათვალისწინებული უფლებები და ინტერესები. სარჩელი ეხება ისეთ საკითხს, რაც საჭიროებს საქმის რასებით განხილვას და შეუძლებელია მხარის დაუსწრებლად მისი განხილვა.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას.
რაც შეეხება წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, აპელანტი სადაოდ ხდის დავის თაობაზე მის ინფორმირებულობას, ასევე მისი დასწრების გარეშე საქმის განხილვას. სააპელაციო პალატა არ იზიარებს საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მას სარჩელი, ასევე სასამართლოს სხდომის შესახებ უწყება არ ჩაბარებია, რის გამოც მან ვერ შეძლო შესაგებლის წარდგენა, სასამართლო პროცესზე გამოცხადება და საკუთარი უფლებების და ინტერესების დაცვა.
საქმის მასალების თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი, ასევე სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ უწყება გაგზავნილი იქნა სარჩელში მითითებულ მისამართებზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარატამენტის სარჩელი, თანდართული მასალებით და სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ უწყება 2019 წლის 29 თებერვალს ჩაბარდა შპს ,,ტ----–------------ს'' წარმომადაგენელს ნ-----–-------------ს (ს.ფ. 28). აღსანიშნავია ასევე, რომ გზავნილის ჩაბარება განხორციელდა შპს ,,ტ----–------------ს'' იურიდიულ მისამართზე (ს.ფ. 17). ამდენად, აპელანტს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ჩაბარდა როგორც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი, ასევე სასამართლოს სხდომის შესახებ უწყება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოპასუხეს სარჩელი და სასამართლოს სხდომის შესახებ უწყება ჩაბარებული ჰქონდა კანონით დადგენილი წესით. ამასთან, აპელანტს სასამართლოსთვის არ უცნობებია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმეში არსებული მასალების საფუძველზე მოპასუხის დაუსწრებლად გამოეტანა გადაწყვეტილება. ამდენად, აპელანტის ზემოაღნიშნული პრეტენზია უსაფუძვლოა.
აღსანიშნავია ასევე, რომ შპს ,,ტ----–------------ს'' თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სასამართლოს სხდომის შესახებ სასამართლო უწყება ორჯერ გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, სასამართლო უწყება დამატებით ასევე გაგზავნილი იქნა კომპანიის იურიდიულ მისამართზე. შესაბამისად, სასამართლო უწყება შპს ,,ტ----–------------სთვის'' ჩაბარებულად ითვლება, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე და 73-ე მუხლებისა. სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა, რის გამოც სააპელაციო პალატის მიერ აპელანტის დასწრების გარეშე იქნა განხილული სააპელაციო საჩივარი, თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლისა.
რაც შეეხება საქმის შინაარსობრივ მხარეს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებს და შესაბამისად, არ ასაბუთებს რა არსებითი მნიშვნელობის გარემოება არ იქნა გამოკვლეული სასამართლოს მიერ ან რაში გამოიხატა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დებულათა მცდარობა.
საქმის მასალებით კი, დადგენილია, რომ შპს ,,ტ----–------------ს'' და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2015 წლის 12 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო შპს ,,ტ----–------------ს'' ობიექტის დაცვა. თავის მხრივ, შპს ,,ტ----–------------'' ვალდებული იყო გადაეხადა გაწეული მომსახურების ღირებულება. ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებაზე.
ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 15 ივლისს, შპს ,,ტ----–------------ს'' და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა შეთანხმება 2015 წლის 12 მარტის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შპს ,,ტ----–------------ს'' ობიექტის დაცვას უზრუნველყოფდა 6 პირის (პოლიციის სამი ინსპექტორი და სამი უმცროსი ინსპექტორი) მეშვეობით, ხოლო შპს ,,ტ----–------------ს'' მიერ გადასახდელი მომსახურების ღირებულება განისაზღვრებოდა თვეში 4 800 ლარი დღგ-ს ჩათვლით (მათ შორის, პოლიციის ერთი ინსპექტორი - 900 ლარი და ერთი უმცროსი ინსპექტორი - 700 ლარი).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’. დებულების პირველი მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ'' ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაარის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მითითებული ნორმების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 12 მარტს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 2015 წლის 12 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას შპს ,,ტ----–------------ს'' უწევდა 2015 წლის მარტიდან 2015 წლის 21 ნოემბრამდე. შესაბამისად, შპს ,,ტ----–------------'' ვალდებული იყო გადაეხადა გაწეული მომსახურების ღირებულება. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ შპს ,,ტ----–------------ს'' მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ იქნა გადახდილი გაწეული მომსახურების ღირებულება. საქმეში წარმოდგენილი დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, შპს ,,ტ----–------------ს'' დავალიანება სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ შეადგენს 57 219,36 ლარს.
ამასთან, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, აპელანტს არ განუხორციელებია შედავება დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე შპს ,,ტ----–------------სთვის'' მოსარჩელე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების დავალიანების 57 219,36 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე მართებულია. თავის მხრივ, აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს შპს ,,ტ----–------------ს'' სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. შპს ,,ტ----–------------ს'' მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 2 288,77 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ტ----–------------ს'' სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე