განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002665611
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4585-19 29 ნოემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - შპს „კ-----------------“
წარმომადგენელი - მ--------–---–-----
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ----“
წარმომადგენელი - ნ------------–-
თავდაპირველი მოპასუხე - ტ--------------------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მოძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ჯ----“-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა, შპს „კ-----------------სთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ, 2017 წლის 19 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად, იჯარის თანხის - 900 ლარისა და მოძრავი ქონების იჯარის თანხის, 319,35 ლარის, დაკისრება, ასევე, თავდაპირველი მოპასუხე ტ-------------------------- უკანონო მფლობელობიდან, საიჯარო ქონების: ხარაჩო - 180 მ2; 149 ერთეული დგარი 3 მ-იანი; 51 ერთეული დგარი 2 მ-იანი; 41 ერთეული დგარი 1 მ-იანი; 556 ერთეული 1.45 მ-იანი გამკრავი; 240 ერთეული 0.95 მ-იანი გამკრავი; 113 ერთეული ხრახნიანი ფეხი; 100 ერთეული კოჭის დამჭერი ყვავილი; 111 ერთეული დგარის გადასაბმელი გილზი, გამოთხოვა მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი 319,35 ლარის ნაწილში ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „კ-----------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანების გადახდა, 2017 წლის 01 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად, 900 ლარის ოდენობით, ხოლო, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის დავალიანების გადახდა, 319.35 ლარის ოდენობით, დაეკისრა. ასევე, მოპასუხე ტ-------------------------- უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ქონება: ხარაჩო - 180 მ2; 149 ერთეული დგარი 3 მ-იანი; 51 ერთეული დგარი 2 მ-იანი; 41 ერთეული დგარი 1 მ-იანი; 556 ერთეული 1.45 მ-იანი გამკრავი; 240 ერთეული 0.95 მ-იანი გამკრავი; 113 ერთეული ხრახნიანი ფეხი; 100 ერთეული კოჭის დამჭერი ყვავილი; 111 ერთეული დგარის გადასაბმელი გილზი, იქნა გამოთხოვილი და მათი მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის ვალდებულება დადგინდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „კ-----------------მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება (საიჯარო ქირის სახით, ყოველთვიურად, 900 ლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში, ს.ფ. 193) და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. შპს „ჯ----“-სა და შპს „კ-----------------ს“ შორის, 2017 წლის აგვისტოს თვიდან, საიჯარო ურთიერთობა არსებობდა, რომლის საფუძველზეც შპს „კ-----------------ს“ იჯარით შემდეგი სამშენებლო აღჭურვილობა გადაეცა:
ხარაჩო 180 მ2;
149 ერთეული დგარი 3 მ-იანი;
51 ერთეული დგარი 2 მ-იანი;
41 ერთეული დგარი 1 მ-იანი;
556 ერთეული 1.45 მ-იანი გამკრავი;
240 ერთეული 0,95 მ-იანი გამკრავი;
113 ერთეული ხრახნიანი ფეხი;
100 ერთეული კოჭის დამწერი ყვავილი;
111 ერთეული დგარის გადასაბმელი გილზი (ს.ფ. 18-37).
6. შპს „კ-----------------სა“ და ტ------------------------- შორის ნარდობის ხელშეკრულება არსებობდა. შპს „კ-----------------ს“ დაბა წავკისში, ტ-------------------------- კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა, რომლის უზრუნველსაყოფად ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა სამშენებლო აღჭურვილობა შეიტანა. აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში, მხარეებს შორის, სხვა სასარჩელო წარმოება მიმდინარეობს (ს.ფ. 31-33, მოპასუხეთა ახსნა-განმარტება).
7. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის, საიჯარო ქირის სახით, ყოველთვიურად 900 ლარის გადახდის შესახებ შეთანხმება არსებობდა.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული ხარვეზის დადგენის საფუძველს არ წარმოადგენს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს. მხოლოდ მხარის მითითება, რომ მეორე მხარეს აქვს მისი ვალი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას, საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად განსაზღვროს და მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას სამართლებრივი შეფასება მისცეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში გადასცეს და საიჯარო დროის განმავლობაში ნაყოფის მიღების შესაძლებლობა უზრუნველყოს, თუ იგი მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად, შემოსავლის სახით, არის მიღებული. თავის მხრივ, მოიჯარე მოვალეა მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა გადაუხადოს. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზეც შეთანხმდნენ. მოდავე მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობის არსებობა სადავო არ გამხდარა, მოპასუხე მხარემ სადავოდ მხოლოდ საიჯარო ქირის ოდენობა გახადა.
საქმის მასალებში პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საიჯარო ქირის ზუსტ ოდენობას დაადასტურებდა, არ არსებობს, შესაბამისად, აღნიშნული გარემოების დადგენისას პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოდავე მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მოძრავი ნივთის ადგილსამყოფელსა და მფლობელობის სასყიდლიან ხასიათს, ასევე, შეაფასებს მოსარჩელის მიერ მითითებულ თანხის ოდენობას და შეამოწმებს, საქმის განხილვის რომელიმე ეტაპზე, ან/და საქმის სასამართლო წესით განხილვამდე, მოპასუხე მხარე თანხის ოდენობას შეედავა, თუ არა.
ნიშანდობლივია აღნიშნოს, რომ მხარემ თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მტკიცებულება შეუძლია წარმოადგინოს. შესაბამისად, გადაწყვეტილების დასაბუთების დროსაც, ორივე სახის მტკიცებულებაზე მითითებაა შესაძლებელი.
8. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდ წილად სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება განაპირობებს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
რაც შეეხება მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. შესაპირისპირებელი მტკიცებულებები სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ მტკიცებულების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სასამართლოს როლს მტკიცებულებების დასაშვებად ცნობასა და მათი შეფასების ნაწილში, ასევე, ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალიც, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრირებას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობა ან ის თუ, როგორ უნდა შეფასდეს იგი, პირველ ყოვლისა, ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა, ეროვნული სასამართლოების ამოცანაა შეაფასონ მათ წინაშე არსებული მტკიცებულებები, ამრიგად, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ევროსასამართლოს შესაძლებლობას არ აძლევს მხოლოდ მტკიცებულებათა შეფასების მხრივ ეჭვქვეშ დააყენოს სამოქალაქო დავის შედეგის სამართლიანობა. თუმცა, სტრასბურგის სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების კონტექსტში მუდმივად აღნიშნავს, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოები ვალდებულნი არიან პროცესის სამართლიანობა უზრუნველყონ, რომელიც, ასევე, მოიცავს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესის სამართლიანობის შემოწმებას. სხვა მხრივ, მხოლოდ ეროვნული სასამართლოს პრეროგატივაა შეაფასოს მხარეთა არგუმენტები, მტკიცებულებები და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები.
9. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ცალსახად დგინდება, რომ 2017 წლის 19 აგვისტოს სასყიდლიანი იჯარის ხელშეკრულება დაიდო, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტი და მხარეების მიერ ერთმანეთთან გაგზავნილი კორესპონდენცია აღნიშნულს უდავოდ ადასტურებს. რაც შეეხება იჯარის ქირის ოდენობას, პალატა ყურადღებას მიაპყრობს 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს, რომელიც ორივე მოდავე მხარის მიერაა ხელმოწერილი. ხსენებული დოკუმენტის შინაარსიდან დგინდება, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 19 აგვისტოს გაფორმებული ქვექირავნობის ხელშეკრულების თანახმად, „დამქირავებელმა“ აგვისტოს თვეში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოძრავი ქონებით არასრულად ისარგებლა. ქირავნობის თანხა დღგ-ს ჩათვლით, 319,35 ლარს შეადგენს. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, მხარეთა მიერ გამოხატული ნების სადავოობისას, ნება უნდა განიმარტოს არა მხოლოდ სიტყვა-სიტყვითი არსიდან, არამედ გონივრული განსჯის შედეგად. ხსენებული დოკუმენტის სიტყვა-სიტყვითი, ლოგიკური, გრამატიკული და გონივრული განსჯის შემდეგ სასამართლო მიიჩნევს, რომ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა იმიტომ გახდა საჭირო, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების საგნის არასრული სარგებლობის გამო, მას საიჯარო ქირის სრულად გადახდის ვალდებულება არ ეკისრებოდა, ანუ დოკუმენტის შედგენისას მხარეთა გამოხატული ნება საიჯარო ქირის პროპორციულ შემცირებას მიემართებოდა. ამასთან, ვინაიდან ხელშეკრულება 2017 წლის 19 აგვისტოს გაფორმდა, ხოლო, მიღება-ჩაბარების აქტი 2017 წლის 31 აგვისტოს შედგა, ნათელია, რომ მხარეს მხოლოდ 10-11 დღის (მიღება-ჩაბარების დღის გამოკლებით) საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა, რაც მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი ყოველთვიური ქირის, 900 ლარის, მესამედს შეადგენს. აღნიშნული გამოთვლა, გარკვეულ ლოგიკურ ჯაჭვს ქმნის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ და წერილობით მტკიცებულებაში მითითებული საიჯარო ქირის ოდენობის ურთიერთმიმართების შესახებ, ხსენებული, საქმეში პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
10. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, რომელიც მოსარჩელე კომპანიის მიერ 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, არის გამოწერილი (ს.ფ. 18-28). 2017 წლის სექტემბრის თვის ანგარიშ-ფაქტურაში მომსახურების ღირებულება 377.42 ლარს, ყველა დანარჩენ მათგანში კი, 900 ლარს, შეადგენს.
სააპელაციო პალატა მხარეების ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის, მატერიალურსამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა უნდა დადგინდეს, რაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაშვებული მტკიცებულებებით არის შესაძლებელი. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. კანონი დაუშვებელ მტკიცებულებათა რიგს, გარდა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებებისა, ასევე ისეთ მტკიცებულებებს მიაკუთვნებს, რომლებიც, მიუხედავად მათი შინაარსისა, ამა თუ იმ გარემოების სამტკიცებლად არ არის ვარგისი, ვინაიდან ამ გარემოების დამამტკიცებელი დოკუმენტის სახე თვითონ კანონმა ან/და კონკრეტულმა ნორმამ განსაზღვრა, ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონი გარკვეული გარემოების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას ითვალისწინებს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება სხვა სახის მტკიცებულებებით დადასტურდეს. გამომდინარე იქიდან, რომ იჯარისა და ქირავნობის მარეგულირებელი ნორმები მოძრავ ნივთებთან (განსახილველ შემთხვევაში, იჯარის საგანი) რაიმე მითითებას სპეციალური მტკიცებულების არსებობაზე არ შეიცავს, მოსარჩელე კომპანიის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები, საიჯარო ქირის ოდენობის დადგენასთან მიმართებით, რელევანტურ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული.
ამასთან, ანგარიშ-ფაქტურების, როგორც ვარგისი მტკიცებულების თაობაზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი კანონით რეგულირდება. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს საქართველოს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. ანგარიშ-ფაქტურა საგადასახადო-სამართლებრივ ურთიერთობებში, როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს) ცვლის და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში ყველა ის სამართლებრივი შედეგი დგება, რომლებიც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერისას/გამოუწერლობისას. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერვისი საქონლისა და მომსახურების მიწოდების რთული პროცესების ერთობლიობას მოიცავს, რომლებიც ერთმანეთთან ლოგიკური ჯაჭვითაა დაკავშირებული. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე, მიმღები (მოპასუხე) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, იღებს. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ანგარიშ-ფაქტურის მიმღების მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი მიიღო, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა უშუალოდ მიმღებ კომპანიასთან იგზავნება და მის დადასტურებაზე ხელი სხვა მესამე პირს არ მიუწვდება. ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას აღიარებენ.
აღნიშნულ მსჯელობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ ანგარიშ-ფაქტურების მარცხენა ზედა კუთხეში აღნიშნულ სტატუსს, კერძოდ, მხოლოდ 2017 წლის 11 სექტემბრის ანგარიშ-ფაქტურაზეა მითითებული, რომ მიმღებმა იგი უარყო, ყველა დანარჩენზე მითითებულია, რომ იგი გაიგზავნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმღებმა იგი არც უარყო და არც დაადასტურა. ასეთი ფაქტობრივი გარემოების არსებობისას, ვინაიდან მხარეები ერთმანეთთან სამეწარმეო ურთიერთობაში იმყოფებიან, სამოქალაქო კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების წინაპირობები იკვეთება, რომლის თანახმად, თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას, მისი დუმილი აქცეპტად ჩაითვლება. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა მეწარმე იღებს ასეთ ოფერტს იმ პირისაგან, რომლისგანაც იგი ითხოვდა შეკვეთებს ამგვარი საქმეების შესასრულებლად. ვინაიდან მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიას ანგარიშ-ფაქტურა გაუგზავნა და მოწინააღმდეგე მხარე ამტკიცებს, რომ ანგარიშ-ფაქტურები არ დაუდასტურებია, მასზე გადადის იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ანგარიშ-ფაქტურის დაუდასტურებლობა საიჯარო ქირის ოდენობაზე შედავებას ნიშნავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს პრეზუმფცია, რომ იგი ანგარიშ-ფაქტურაში მითითებულ ოდენობას დუმილით დაეთანხმა, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც ანგარიშ-ფაქტურები ერთი წლის განმავლობაში იწერებოდა.
ნიშანდობლივია, რომ მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის რაიმე წონადი მტკიცებულება ან/და დასაბუთებული ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ უარყო მხოლოდ 2017 წლის 11 სექტემბრის ანგარიშ-ფაქტურა და სხვა დანარჩენი ანგარიშ-ფაქტურების მიმართ, რატომ არ განახორციელა ქმედება, საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ასევე, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მასზედ, რომ საიჯარო ქირის ოდენობას შეედავა. შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები საიჯარო ქირის, ყოველთვიურად 900 ლარის გადახდის თაობაზე შეთანხმდნენ, რომელიც მოპასუხე მხარის მიერ შესრულებული არ ყოფილა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გადასინჯვა იმ ფარგლებითაა შებოჭილი, რა ფარგლებშიც მხარე სააპელაციო საჩივარს წარადგენს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი მხარეს მიანიჭოს ის რაც მას არ მოუთხოვია, შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხოლოდ საიჯარო ქირის 900 ლარით განსაზღვრის ნაწილშია გასაჩივრებული, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული სხვა ფაქტობრივი გარემოებები შეაფასოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და განვითარებულ სამართლებრივ შეფასებას, მიაჩნია, რომ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 791,5 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „კ-----------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სასამართლო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი