განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210019002847123
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7719-19 22 ნოემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - სს „ს--------------------------------------–------“
წარმომადგენელი - ჯ--------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - ო-----------–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს--------------------------------------–-------“ მოპასუხე ო-----------–--ეს მიმართ სასამართლოში სარჩელი აღძრა და მზღვეველისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის, სულ, 15 741.85 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, 7000 ლარის ნაწილში ცნო, ხოლო, ზიანის მოცულობა სადავოდ გახადა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, სს „ს--------------------------------------–------ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ო-----------–--ეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 7000 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ს--------------------------------------–-------“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2018 წლის 12 დეკემბერს, ქ. თბილისში, მოქალაქე ო-----------–--ე, რომელიც „მაზდას“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით „I--------“, მართავდა, მოძრაობის წესები დაარღვია, საპირისპირო ზოლში გადავიდა და „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით „V------“ შეეჯახა, რომელსაც ვ----–------–---–- მართავდა. პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის თანახმად, სამართალდამრღვევ პირად ო-----------–--ე იქნა მიჩნეული, რომელიც 250 ლარით დაჯარიმდა (ს.ფ. 21, 16, 17-20).
6. „A-----------------------“ მიერ 2018 წლის 30 დეკემბერს გაცემული აქტის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის HYUNDAI SANTA FE, სახელმწიფო ნომრით V-----, გამოშვების წელი - 2011, სარეგისტრაციო აღდგენითი სამუშაოების ღირებულებამ 15741.85 ლარი შეადგინა. აქტი ორი კვირის განმავლობაში იყო ძალაში. სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული ფრანშიზის გათვალისწინებით, სადაზღვევო ანაზღაურებამ 15741.85 ლარი შეადგინა, რაც სს „ს--------------------------------------–-------“ დამზღვევს 2019 წლის 18 იანვარს აუნაზღაურა (ს.ფ. 23-25, 27).
7. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ო-----------–--ეს „ს--------------------------------------–------ს“ სასარგებლოდ, სუბროგაციის წესით, 7000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება მართებულად დაეკისრა.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდ წილად განაპირობებს სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას წარმოადგენს, რომლის სტრუქტურული ელემენტები მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალია. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით სადავო არაა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხე მხარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 999-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირია, საჩივარში მხოლოდ დაკისრებული ზიანის ოდენობაა შედავებული, შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეს, დაკისრებული და მოთხოვნილი ზიანის ოდენობის მართებულობის შეფასება წარმოადგენს.
8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 832-ე მუხლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
ო-----------–--ე არ უარყოფს ფაქტს მასზედ, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს ნამდვილად მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, სადაც სს „ს--------------------------------------–------ს“ დაზღვეული ავტომანქანა დაზიანდა, უფრო მეტიც, მოპასუხე სარჩელს ნაწილობრივ 7000 ლარის ნაწილში ცნობდა. შესაგებელში მან სადავოდ გახადა მიყენებული ზიანის ოდენობა და განაცხადა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ინვოისი, რომელიც „A------------------------“ მიერ იყო შედგენილი, არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული სანდო მტკიცებულებად, ვინაიდან ამ კომპანიას ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა უჭირავს და სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მისი გაზიარება უმართებულო იქნებოდა. ასევე, მოპასუხემ განმარტა, რომ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა დაზიანებული ავტომანქანის სრულ ღირებულებას სცილდებოდა, შესაბამისად, ზიანის ამ ოდენობით ანაზღაურების დაკისრება კეთილსინდისიერების პრინციპს არღვევდა.
9. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპია დამკვიდრებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.
მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სასამართლოს როლს მტკიცებულებების დასაშვებად ცნობასა და მათი შეფასების ნაწილში, ასევე, ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალიც, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრირებას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობა ან ის თუ, როგორ უნდა შეფასდეს იგი, პირველ ყოვლისა, ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა, ეროვნული სასამართლოების ამოცანაა შეაფასონ მათ წინაშე არსებული მტკიცებულებები, ამრიგად, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ევროსასამართლოს შესაძლებლობას არ აძლევს მხოლოდ მტკიცებულებათა შეფასების მხრივ ეჭვქვეშ დააყენოს სამოქალაქო დავის შედეგის სამართლიანობა. თუმცა, სტრასბურგის სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების კონტექსტში მუდმივად აღნიშნავს, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოები ვალდებულნი არიან პროცესის სამართლიანობა უზრუნველყონ, რომელიც, ასევე, მოიცავს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესის სამართლიანობის შემოწმებას. სხვა მხრივ, მხოლოდ ეროვნული სასამართლოს პრეროგატივაა შეაფასოს მხარეთა არგუმენტები, მტკიცებულებები და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის სამართლიანი პრინციპის გათვალისწინებით, სადაზღვევო კომპანიას ზიანის ოდენობის უტყუარად დადასტურების ვალდებულება ეკისრებოდა, აღნიშნული იმ უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამიტომ, კრედიტორი ვალდებულია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით მოახდინოს ზიანის მოცულობის შესაძლებელი მინიმალიზაცია. დანაკლისის განსაზღვრის სტანდარტი საბაზრო ღირებულების შეფასების კრიტერიუმით შემოიფარგლება.
სადაზღვევო კომპანიას სარჩელთან ერთად, მტკიცებულების სახით, საგზარო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმი და შპს „A------------------------“ მიერ შედგენილი აქტი ჰქონდა წარმოდგენილი. სააპელაციო პალატა უპირველესად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დათვალიერების ოქმის დანართში მითითებულ დაზიანებებსა და აქტში მითითებულ ნაწილებს შორის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ იკვეთება. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება დაზიანებული ნაწილების შეკეთების შეუძლებლობა და მათი ახალი ნაწილით შეცვლის აუცილებლობა. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს გარემოებას მასზედ, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით მხარეები უფლებამოსილნი არიან, იმგვარი ანაზღაურების მოდელზე შეთანხმდნენ, რომელიც მათთვის მისაღებია. სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების მხედველობაში მიღებით განისაზღვრება სადაზღვევო პრემიის ოდენობაც, თუმცა, სადაზღვევო კომპანიის მიერ, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ანაზღაურებული ზიანის მესამე პირისგან სუბროგაციის წესით მოთხოვნისას, მესამე პირებისთვის ხელშეკრულების მხარეების მიერ შეთანხმებული ანაზღაურების მოდელი ავტომატურად მბოჭავი ვერ იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო უფლების კეთილსინდისიერად გამოყენების პრინციპიდან გამომდინარე (სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი), დაზარალებულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ზიანის ოდენობა გონივრულ ოდენობამდე შემცირდეს, მათ შორის, ზიანის აღმოსაფხვრელად მიმართოს არა ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიას. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოსაზრებას მასზედ, რომ შპს „A------------------------“ ფასების გაანგარიშების ცხრილი წარმოადგენს არა საბაზრო ღირებულების მაჩვენებელს, არამედ ერთ-ერთი კონკრეტული მეწარმე სუბიექტის მიერ შემოთავაზებული ფასების ჩამონათვალს, რაც ზიანის ოდენობის განსაზღვრისთვის ლოგიკურ და გონივრულ ოდენობად ვერ იქნება მიჩნეული. სააპელაციო პალატა იდენტურ მსჯელობას მიიჩნევს რელევანტურად, ასევე, ჰუნდაის ცენტრში გაცემულ ინვოისთან მიმართებითაც.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე ყველა ჩატარებული სარემონტო სამუშაოს საჭიროება ო-----------–--ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ავტოავარიის შედეგად დამდგარი ზიანის ზუსტი საბაზრო ოდენობა მოსარჩელის/აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო მოპასუხისთვის 7000 ლარის დაკისრების დროს, სწორად დაეყრდნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლს, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდოს. შესაბამისად, რადგან მოპასუხე მხარემ სარჩელი სწორედ 7000 ლარის ნაწილში ცნო, პირველმა ინსტანციის სასამართლომ ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობად 7000 ლარი სრულიად მართებულად განსაზღვრა.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, სრულად, მიზეზობრივი კავშირის სარწმუნოდ დადასტურებისა და მოთხოვნილი ოდენობის თაობაზე, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამ მიმართებით გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მტკიცება, რომ ქვემდგომი სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის გადანაწილება არასწორად მოხდა, რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია ამ კატეგორიის საქმეებზე მტკიცების ტვირთის გადანაწილების დადგენილ სტანდარტთან.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას შესაბამისად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 350 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს--------------------------------------–------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი