განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.01.2020
საქმის ნომერი
140310019003047106
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
27.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/2725-19

N140310019003047106

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

27 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნინო ყანჩაველი

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ე---------------–--–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ-------–---–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახლი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ,,აღსრულების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ" აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 19 თებერვლის №06/07-09-02422-010/003 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

 

1.2. აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 8 მაისის № 34916 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

 

1.3. მოპასუხის დავალება გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენისა და 2007 წლის 10 აპრილის №1/466 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების გადახდევინების შესახებ საქმეებზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. ნ-------–---–---–ს ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აქვს დაკისრებული.

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აღსრულების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 19 თებერვლის №06/07-09-02422-010/003 და 2019 წლის 8 მაისის №34916 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ-------–---–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენისა და 2007 წლის 10 აპრილის № 1/466 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის გამო.

 

3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

3.1. სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენით ნ-------–---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2004 წლის დროისათვის მოქმედი რედ.), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა პირობით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 3 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განაჩენი ჯარიმის ნაწილში აღსასრულებლად მიექცა 2007 წლის 10 აპრილს. სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა იმავე დღეს.

 

სააღსრულებო ფურცელი 2019 წლის 29 იანვრის მდგომარეობით არ იყო აღსრულებული(საქმის ფურცელი 44-45, 129).

 

3.2. 2019 წლის 08 თებერვალს ნ-------–---–---–მა მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა მის მიმართ წარმოებული სააღსრულებო საქმის შეწყვეტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე, გადაწყვეტილების (განაჩენის) აღსრულების ხანდაზმულობაზე მითითებით, რაზეც მას უარი ეთქვა იმ დასაბუთებით, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების გადახდევინების შესახებ საქმეებზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდებოდა (საქმის ფურცელი 16-23).

 

4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ მიუთითა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენით ნ-------–---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2004 წლის დროისათვის მოქმედი რედ.), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა პირობით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 3 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ნინო ელიკაშვილის მიმართ განაჩენი ჯარიმის ნაწილში აღსასრულებლად მიექცა 2007 წლის 10 აპრილს, რაც სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა იმავე დღეს; ჯარიმის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი 2019 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, ათი წლის შემდეგაც არ აღსრულებულა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტი და აღსრულება უნდა შეწყდეს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნტის თანახმად, მსჯავრდებული თავისფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ექვს წელში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ აქტების გამოცემით დაირღვა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის მოთხოვნები და, შესაბამისად, ნ-------–---–---–ის უფლებები. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, სასჯელის მოხდა და სასჯელისაგან გათავისუფლება პირდაპირ კავშირშია პირის ნასამართლობასთან, რასაც მთლიანად არეგულირებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და ამ საკითხებთან მიმართებაში სხვა კანონი არ უნდა იქნეს გამოყენებული. იმ შემთხვევაში, თუკი მსჯავრდებულ პირზე გავრცელდება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტი, ეს პირი შესაძლოა მთელი სიცოცხლის მანძილზე დარჩეს ნასამართლევ პირად, რაც ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის დანიშვნისა და პირის შემდგომი პასუხისმგებლობის განსაზღვრის პრინციპებს.

 

5. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო მოთხოვნა:

 

სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

5.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტი, ნაცვლად ,,კ'' ქვეპუნქტისა. მიუხედავად იმისა, რომ სააღსრულებო წარმოება დაწყებულია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, შინაარსობრივად აღსრულების შედეგად მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის ამოღება ნ-------–---–---–ისაგან, რის გამოც გამოყენებული უნდა იქნეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ'' ქვეპუნქტი.

 

6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. სააპელაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

6.3. დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენით ნ-------–---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა პირობით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმის 3 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განაჩენი ჯარიმის ნაწილში აღსასრულებლად მიექცა 2007 წლის 10 აპრილს. სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა იმავე დღეს.

 

დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცელი 2019 წლის 29 იანვრის მდგომარეობით არ იყო აღსრულებული.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ.

 

ამავე კანონის 34-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ ხსენებული ნორმით გათვალისწინებული ,,აღსასრულებელი გადაწყვეტილება" მოიცავს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომლის აღსრულებაც სააღსრულებო ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება და რომელსაც აქვს იძულებით აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო სასაჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძვლებს. მითითებული ნორმის მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ამავე ნორმით გათვალისწინებულ ვადებში.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ გასულია აღსასრულებელი განაჩენის იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასტურდება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძვლის არსებობა.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ სადავო სამართალურთიერთობას არ არეგულირებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის ,,კ" ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის განსხვავებულ წესს. უდავოა, რომ ნ-------–---–---–ის მიმართ გაცემული სააღსრულებო ფურცელი ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის ჩარიცხვას, თუმცა მითითებული თანხა წარმოადგენს სასჯელის სახეს, რომლის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლით.

 

6.4. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

7. პროცესის ხარჯები:

 

7.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 22-ე, 23-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე ნინო ყანჩაველი