განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003084579
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
საქმე №1ბ/77-20 30 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ლ---- ხ-------ა (პირადი № 0----------) დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თ---–--–------------–---–-------------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:
ლ---- ხ-------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და ლ---- ხ-------ას განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ლ---- ხ-------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
მსჯავრდებულ ლ---- ხ-------ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 19 ნოემბრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 30 მაისიდან 2019 წლის 3 ივნისის ჩათვლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ---- ხ-------ამ და ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა - საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დადგენისას არა შეკრების, არამედ შთანთქმის პრინციპის გამოყენება.
ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სისხლის სამართლის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2010 წლის 17 იანვარს.
2020 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ---- ხ-------ას სააპელაციო საჩივარი დაშვებული იქნა საქმის ზეპირის მოსმენის გარეშე განსახილველად.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 30 მაისს, 23:53 საათზე ქ. თ---–--–------------–---–-------------ში არსებულ ჩ--–----------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ლ---- ხ-------ა, რომელმაც ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მ----- განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის ინსპექტორს უ-----–-–---–ს, რომელიც ასრულებდა თავის სამსახურებრივ საქმიანობას, კერძოდ, ლ---- ხ-------ამ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით პოლიციელ უ-----–-–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში, ე.ი. ლ---- ხ-------ამ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ლ---- ხ-------ამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი არცერთი მტკიცებულება. ლ---- ხ-------ას მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით, ლ---- ხ-------ას დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმებით, დაზარალებულ უ-----–-–---–ის, მოწმეების ე-–-----------ს, ვ--–-------------–---–ის, ლ------------–---–-ს, გ----------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით და ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად; მსჯავრდებულ ლ---- ხ-------ას დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება; იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ---- ხ-------ამ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ---- ხ-------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილი აწესებს დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის წესს, რომლის თანახმად, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას. სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. აღნიშნული მუხლის რეგულაციით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება თავისი შეხედულებისამებრ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების (მისი წარსული ცხოვრების) და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენოს სასჯელთა შთანთქმის, შეკრების ან ნაწილობრივი შეკრების წესი. შესაბამისად, შთანთქმის პრინციპით საბოლოო სასჯელის განსაზღვრა სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა თვლის, რომ ლ---- ხ-------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასჯელის განსაზღვრის დროს ზედმიწევნით სწორი შეფასება მიეცა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მითითებულ გარემოებას და ლ---- ხ-------ას, დანაშაულის რეციდივის არსებობის გამო განესაზღვრა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა - საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ზღვარზე ერთი წლით მეტი. ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ლ---- ხ-------ამ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენთა ერთობლიობის დროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა სრულად შეკრების პრინციპის გამოყენებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ამის საფუძველს იძლევა მსჯავრდებულის პიროვნება - მისი წარსული ცხოვრება (საქმის მასალების მიხედვით ლ---- ხ-------ა მსჯავრდებულია არაერთხელ, მათ შორის ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის განზრახ დანაშაულთა ჩადენისათვის). ბოლო განაჩენით მას მსჯავრი დაედო მმათველობის წესის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი დანაშაულისათვის, რაც გამოირჩევა მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით და რაც წინა ნასამართლობების ფონზე ხაზს უსვამს ლ---- ხ-------ას არაკანონმორჩილ ბუნებას. გარდა ამისა, არ არის მითითებული რაიმე გარემოებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ წინა განაჩენით განსაზღვრული ჯარიმის დარჩენილი ნაწილის გადახდის შეუძლებლობა. არადამაჯერებელია სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი იმის შესახებ, რომ აპელანტი თითქოს „ვერ გაერკვა“, რა მოხდა, რადგანაც წინა განაჩენით განსაზღვრული ჯარიმიდან - 4000 ლარიდან 3000 ლარი დაიფარა მის მიერ მანამდე გირაოს სახით შეტანილი თანხით. ამდენად, სახეზე არ არის საპატიო მიზეზი, თუ რატომ ვერ შეძლო ლ---- ხ-------ამ 2015 წლის 16 აპრილის განაჩენით დაკისრებული ჯარიმის სრულად გადახდა ოთხ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში - განაჩენის გამოტანიდან ახალი დანაშაულის ჩადენამდე - 2019 წლის 30 მაისამდე, რის გამოც პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ლ---- ხ-------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ---- ხ-------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენში ლ---- ხ-------ას მიმართ დარჩეს უცვლელი;
ლ---- ხ-------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და ლ---- ხ-------ას განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ლ---- ხ-------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს;
მსჯავრდებულ ლ---- ხ-------ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 19 ნოემბრიდან.
ლ---- ხ-------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 30 მაისიდან 2019 წლის 3 ივნისის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულება:
- ქვაფენილის ქვა და მინის ფრაგმენტი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- ჩილიმი სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე