განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2020
საქმის ნომერი
330100119002835487
ინსტანცია
თარიღი
30.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002835487

საქმე №1/ბ-1419-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ა------–------ის

ადვოკატ: ვ-----------–----ის

მსჯავრდებულ: რ-----------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–------ის და მსჯავრდებულ რ-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ-----------–----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–--------–-----------------------–-----------------------------------------–-- მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ-----------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 11:30 საათზე, თ---–--–---–-------------–--------------–------------–-------------–---------–--- კლინიკას მიმართა პაციენტმა რ-----------ემ და ამავე კლინიკის ექიმს, ნ---------–---–ს, ტკივილის გაყუჩების მიზეზით სთხოვა ნარკოტიკული საშუალება „მორფინის“ გაკეთება. აღნიშნულზე შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის გარეშე, ნ---------–---–მა უარი განუცხადა. რის შემდეგაც ექიმსა და პაციენტს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, დაიძაბა ვითარება და ამ დროს რ------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ექიმ ნ------–---–ს, კერძოდ მუშტი დაარტყა ძლიერად მარცხენა თვალის არეში, რითაც მიაყენა მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

რ-----------ის ქმედების შედეგად, ნ---------–---–ი წაიქცა, მიიღო თავის ტვინის შერყევა და მარცხენა თვალის ქვედა ქუთუთოს მიმდებარედ ნახეთქი ჭრილობა, რომელზეც დაედო შვიდი ნაკერი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის განაჩენით:

 

რ-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 200 (ორიათასორასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, რ-----------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 07 იანვრიდან - 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით) შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–------ემ და მსჯავრდებულ რ-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ-----------–----ემ.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა, რ-----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

აპელანტი, აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად უთითებს, რომ რ-----------ე კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში;

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა რ-----------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით. კერძოდ, პროკურორის მოთხოვნაა რ-----------ისათვის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმუმთან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

აპელანტი, აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად უთითებს, რომ რ-----------ისათვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენის ქმედებასთან;

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება რ-----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ---------–---–მა განმარტა, რომ არის ექიმი და მუშაობს წ---------–--------------–-----ს სახელობის მრავალპროფილიან კლინიკაში. 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 11:30 საათზე, კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ მიიყვანა რ-----------ე, რომელთანაც თავდაპირველად, ანამნეზის შესაკრებად, მივიდა მისი უმცროსი ექიმი, შ--–-----------–---–ი. რ------ე პირველივე წუთიდან იყო აგრესიული და ითხოვდა „მორფინის“ გაკეთებას. როდესაც თავად გაესაუბრა, პაციენტი გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მის დასახმარებლად არაფერს აკეთებდნენ, ამასთან, განუმარტა, რომ სტკიოდა თავი, აწუხებდა ჰაიმორიტი, გაკეთებული ჰქონდა რამდენიმე სახის გამაყუჩებელი, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც ითხოვდა „მორფინის“ გაკეთებას. აღნიშნულზე უთხრა უარი, ვინაიდან ამ მედიკამენტის გაკეთება შესაბამისი გამოკვლევის გარეშე, ასევე თავის ტკივილის დროს, მათ შორის ჰაიმორიტის დროს, არ ხდება. გარდა ამისა, რ-----------ეს არ ჰქონდა იმგვარი ძლიერი ტკივილები, რომ მისი გაყუჩება ნარკოტიკული საშუალებით მომხდარიყო. აღნიშნულის საფუძველს აძლევს ის გარემოება, რომ ზოგადად, ძლიერ ტკივილს ახასიათებს მაღალი წნევა, რაც რ------ეს არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც პაციენტს განუმარტა, რომ „მორფინს“ ვერ გაუკეთებდა, შევიდა სამუშაო ოთახში, სადაც ისმოდა მისი ყვირილი და გინების ხმა, რის შემდეგაც გავიდა ოთახიდან და ჰკითხა, ვის აგინებდა. რ-----------ემ უპასუხა, რომ აგინებდა მას და თუ მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, „მორფინი“ თავად დასჭირდებოდა. ვინაიდან პაციენტი მის საუბარზე ღიზიანდებოდა, დაუძახეს დაცვის თანამშრომელს, ხოლო მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ მას „მორფინს“ არ გაუკეთებდნენ და წასასვლელად შეტრიალდა, რ------ემ მარცხენა თვალის არეში დაარტყა მუშტი, რის გამოც დაეცა გვერდით, პაციენტის საწოლზე, ხოლო შემდეგ მაგიდაზე. დარტყმის შედეგად მიიღო ტვინის შერყევა და თვალთან შვიდი ნაკერი დაადეს. მისი მხრიდან რ-----------ის მიმართ არც სიტყვიერი და მითუმეტეს არც ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შემდეგში, როდესაც კვლავ ჩავიდა მიმღებ განყოფილებაში, რ-----------ე ისევ წამოხტა და აგინა. მის მიერ თავის გაქნევა, რაც ასახულია ვიდეოჩანაწერში, არის უბრალო მოქმედება და აღნიშნულით რ-------ესთვის არ უნიშნებია, რომ გაყოლოდა გარეთ ან ენახა შემდგომში რა მოხდებოდა. დაზარალებულის განმარტებით, რ-----------ისგან ითხოვს საჯაროდ ბოდიშის მოხდას.

 

მოწმე შ--–-----------–---–ის ჩვენებით, მუშაობს წ--------–--------------–----ის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკის მიმღებში, უმცროს ექიმად. 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 12:00 საათზე, სასწრაფო დახმარებამ მიიყვანა რ-------------ე, რომელიც უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს და ამბობდა, რომ ჰქონდა ჰაიმორიტი, ამასთან, შესაძლოა ჰქონოდა ღორის გრიპი, რის გამოც, იგი იყო შეშინებული და აფორიაქებული. რ------ე აიყვანეს მონიტორზე შემდგომი კვლევებისთვის და შესთავაზეს ტკივილგამაყუჩებელის გაკეთება, რაზეც მან თქვა, რომ გაკეთებული ჰქონდა რამდენიმე სახის ჩვეულებრივი გამაყუჩებელი, თუმცა უშედეგოდ და ითხოვა „მორფინის“ გაკეთება. მის შემდეგ პაციენტი ნახა ექიმმა ნ---------–---–მა და განუმარტა, რომ „მორფინს“ ვერ გაუკეთებდა, ვინაიდან არ იყო რეკომენდებული და შესთავაზა სხვა მედიკამენტი, თუმცა რ-----------ემ სხვა გამაყუჩებლის გაკეთების საშუალება ექიმს არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ ნ------–---–ი წავიდა და როდესაც დაბრუნდა, მასსა და რ------------ეს შორის მოხდა სიტყვიერი კამათი. რ------------ე ამბობდა, რომ თუ მას „მორფინს“ არ გაუკეთებდნენ, მათ დასჭირდებოდათ აღნიშნული, ამასთან, ექიმს უზრდელი უწოდა და ჰკითხა: „კაი ბიჭი ხარ თუ ვინ ხარ, გამაყუჩებელს რომ არ მიკეთებო“. მის კითხვაზე ექიმმა უპასუხა, რომ იყო პასუხისმგებელი ექიმი და „მორფინს“ ვერ გაუკეთებდა, რის შემდეგაც რ------ემ ექიმს დაარტყა მუშტი სახის არეში, ხოლო ნ------–---–ი დავარდა გვერდით, პაციენტის საწოლზე, შემდეგ წამოდგა და ისევ დაეცა. ნ------–---–ს სახიდან მოსდიოდა სისხლი, რის გამოც გადაიყვანეს ყბა-სახის ქირურგიულ განყოფილებაში.

 

მოწმე მ----------------–---–ის ჩვენებით, არის წ---------–---------------–----ის სახელობის კლინიკის დაცვის თანამშრომელი. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც რ-----------ე კლინიკაში მიიყვანეს სასწრაფო დახმარების საშუალებით, დახვდა მას კართან, შეუშვა კლინიკაში და შემდეგ ისევ დაიკავა პოსტი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მას დაუძახა ნ---------–---–მა და უთხრა, რომ იყო ხმაური და მისულიყო. როდესაც მივიდა, ნახა პაციენტი რ-----------ე, რომელიც ამბობდა, რომ ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილი და ითხოვდა „მორფის“ გაკეთებას. ნ---------–---–მა მას უთხრა, რომ გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გაუკეთებდა შესაბამის გამაყუჩებელს, რა დროსაც რ-----------ე წამოიწია და მარჯვენა ხელი, რომელზეც ეკეთა ე.წ. სატურაცია, დაარტყა ექიმს. დარტყმის შედეგად ნ---------–---–ს სახე ჰქონდა სისხლიანი და ეტყობოდა დაზიანება. პაციენტსა და ექიმს შორის უცენზურო სიტყვებით საუბარს არ შესწრებია. რ-----------ე მის თხოვნას, რომ დამშვიდებულიყო, დაემორჩილა და ასევე, მომხდარის გამო, ყველას ბოდიში მოუხადა.

 

მოწმე ა-–-----------–-–---ის განმარტებით, 2019 წლის 5 იანვარს, როდესაც მივიდა სამსახურში, წ--------–--------------–----ის სახელობის კლინიკაში, შევიდა გამოსაცვლელ ოთახში და როდესაც გამოვიდა, დაინახა, რომ პაციენტმა, რომელიც აღმოჩნდა რ-----------ე, დაარტყა უფროს ექიმ ნ---------–---–ს და ექიმი დავარდა. რა სახის დიალოგი შედგა ექიმსა და პაციენტს შორის, ასევე იმ პირებს შორის, ვინც საწოლთან ედგა რ------ეს, არ იცის. შემდგომში, თანამშრომლებისგან გაიგო, რომ პაციენტი ითხოვდა „მორფინის“ გაკეთებას, რაზეც ექიმმა უთხრა უარი.

 

მოწმე მ--------------ის ჩვენებით, მუშაობს წმ.მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებაში ექთნად. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, სადაც სასწრაფო დახმარებით მიიყვანეს რ-----------ე, რომელიც იყო აგრესიული, ამბობდა, რომ სტკიოდა თავი და ითხოვდა მორფის გაკეთებას. ვინაიდან იყო ავად, ელოდებოდა შემცვლელს სახლში წასასვლელად, შესაბამისად, თავად პაციენტთან არ მისულა, ხოლო მისმა თანამშრომლებმა რ------ეს გაუწიეს პირველადი დახმარება და მონიტორზე შეაერთეს. როდესაც ექიმი ნ------–---–ი შეხვდა რ-----------ეს, მან კვლავ მოითხოვა მორფის გაკეთება, რაზეც ექიმმა უთხრა, რომ გამოკვლევის გარეშე მორფს ვერ გაუკეთებდა. აღნიშნულს მოჰყვა კამათი და რ-------ემ ნ----------–---–ს სახის არეში დაარტყა, რომელიც გვერდით, პაციენტის საწოლს დაეცა, ხოლო შემდეგ მაგიდას. დარტყმის დროს იჯდა რ-----------ის საწოლის წინ მდგომ მაგიდასთან და უყურებდა განვითარებულ მოვლენებს. საავადმყოფოს თანამშრომლების მხრიდან რ-----------ის მიმართ შეურაცხმყოფელ საუბარს ადგილი არ ჰქონია, პირიქით, რ-----------ე იყო აგრესიული ექიმის მიმართ და ამბობდა, რომ თუ მორფს არ გაუკეთებდნენ, ის თავად ექიმს დასჭირდებოდა პაციენტსა და ექიმს შორის ზუსტი დიალოგი არ ახსოვს, თუმცა ნ---------–---–მა პაციენტს უთხრა, რომ იყო უზრდელი, ვინაიდან პაციენტი მას უყვიროდა.

 

მოწმე ნ-------------ის განმარტებით, მუშაობს წ---------–---------------–----ის საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებაში უმცროს ექიმად. 2019 წლის 5 იანვარს, სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში მიიყვანა პაციენტი რ------------ე, რომელიც უჩიოდა თავის ძლიერ ტკივილს, ოფლიანობას და შესვლისთანავე ითხოვდა მორფის გაკეთებას. უმცროსმა ექიმმა შ--–-----------–---–მა მიიღო პაციენტი და აღმოუჩინა პირველადი დახმარება, ხოლო შემდეგ დაუძახა ექიმს, ნ---------–---–ს. როდესაც ექიმი მივიდა, რ------ე ხმამაღლა და დაჟინებით ითხოვდა, რომ მისთვის მორფი გაეკეთებინათ, რადგან გაკეთებული ჰქონდა სხვა გამაყუჩებლები, რომლებმაც ტკივილი ვერ გაუყუჩეს. ის ასევე ამბობდა, რომ არ აქცევდნენ ყურადღებას. ექიმმა მას აუხსნა, რომ პაციენტის მოთხოვნით ისეთ საშუალებას, როგორიცაა „მორფინი“, ვერ გამოიყენებდა, რადგან ამისათვის საჭირო იყო გამოკვლევების ჩატარება. ამ საუბარში რ-----------ე უეცრად წამოხტა და ექიმს მარჯვენა ხელი მოარტყა მარცხენა თვალის არეში. დარტყმის შედეგად ნ------–---–ი წაბარბაცდა და ჯერ გვერდით, პაციენტის საწოლს დაეცა, ხოლო შემდეგ მაგიდას. რ-----------ე აგრესიულად იყო განწყობილი მხოლოდ ნ---------–---–ის მიმართ და სხვა თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. კონფლიქტის დროს იმყოფებოდა მიმღებში და ხედავდა ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა.

 

მოწმე მ----------------–---–ის განმარტებით, 2019 წლის 5 იანვარს, მაღალი სიცხით, მოთავსდა წ-------------–--------------–----ის საავადმყოფოს მიმღებში. რამდენიმე წუთში შეიყვანეს რ-----------ეც, რომელიც იყო აგრესიული და ხმამაღლა ესაუბრებოდა ექთნებსა და ექიმებს. მას ჰქონდა თავის ტკივილები და ითხოვდა ტკივილგამაყუჩებელის გაკეთებას. აღნიშნულის შემდეგ გადავიდა მორფის მოთხოვნაზე, რაზეც ექიმებისგან მიიღო უარი იქიდან გამომდინარე, რომ არ აღენიშნებოდა მორფის გამოყენებისთვის შესაბამისი ტკივილები. რ-----------ის საწოლი იდგა მისი საწოლის გვერდით. როდესაც ექიმი რ-------ეს ესაუბრებოდა, მათ ვიზუალურად ვერ ხედავდა, რადგან საწოლებს შორის ფარდა იყო ჩამოფარებული, შესაბამისად, დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს. თუმცა, რაღაც მომენტში ექიმი მის საწოლზე დაეცა, რის გამოც შეეშინდა და რამდენიმე საწოლის დაშორებით, სხვა ადგილას გადააწვინეს. რ-----------ისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, პირიქით, მას ყველა ზრდილობიანად ესაუბრებოდა.

 

მოწმე ი-------------ს ჩვენებით, მუშაობს პრეჰოსპიტალური დახმარების ცენტრში ექიმ-თერაპევტად. 2019 წლის 5 იანვარს, დილის საათებში, იყო გამოძახებაზე ბ--–-------ის ქუჩაზე, სადაც დახვდა პაციენტი რ-----------ე, რომელსაც ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილები, სახსრების კუნთების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა და ხველა. ეს იყო ბოლო სამი დღის ანამნეზი. პაციენტს ადგილზე მის მიერ გაეწია დახმარება, გაუკეთდა ანალგინ-დიმედროლი და შემდეგი ჰოსპიტალიზაციის მიზნით სასწრაფო დახმარების ავტომობილით გადაყვანილი იქნა წ---------–--------------–-----ს სახელობის კლინიკაში. რ-----------ე დატოვეს მიმღებში და დაბრუნდნენ უკან, მას შემდეგ აღნიშნულ პაციენტთან შეხება აღარ ქონია.

 

მოწმე ზ---------------ის განმარტებით, მუშაობს წ--------–--------------–----ის სახელობის კლინიკაში და არის ნეოროქირურგი. 2019 წლის 5 იანვარს, ტელეფონის საშუალებით შეატყობინეს, რომ მისი კოლეგა, ნ---------–---–ი იყო ავად, მისმა თანამშრომლებმა დაუმუშავეს ჭრილობა, რაც ჰქონდა სახის არეში, ხოლო ანამნეზი შეკრიბა თავად. ნ---------–---–ი უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და გულისრევას, რის გამოც დაუსვა დიაგნოზი - თავის ტვინის შერყევა და მოათავსა განყოფილებაში სამკურნალოდ. პაციენტ ნ------–---–ის სამედიცინო ისტორია მისი შედგენილია.

 

მოწმე ზ------–---------–---–ის ჩვენებით, მუშაობს წ-------------–--------------–----ის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში კლინიკური მენეჯერის და გადაუდებელი სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. არის ექიმი-რეანიმატოლოგი. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დაურეკა ნ------–---–მა და უთხრა, რომ პაციენტთან მოუხდა ინციდენტი და სთხოვა სამსახურში დასახმარებლად მისვლა. როდესაც მივიდა, კონფლიქტი უკვე ამოწურული იყო და ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. ნ---------–---–ს ედო საფენები და უამბო, რომ პაციენტი რ-----------ე იყო ძალიან აგრესიული, ითხოვდა მორფს, რის გამოც ვერ მოახერხა მასთან კომუნიკაცია და მოულოდნელად დაარტყა. მოწმის განმარტებით, „მორფინის“ გაკეთების საკითხთან დაკავშირებით, მკვეთრად არის გაწერილი რეკომენდაციები, თუ რა შემთხვევაში, რა პათოლოგიებთან მიმართებით, რა თანმიმდევრობით, როდის და როგორ კეთდება ის. ჰაიმორიტი არის დაავადება, რომლის არსებობის შემთხვევაში შეიძლება სხვა გამაყუჩებელი არ აყუჩებდეს ტკივილს და საჭირო გახდეს „მორფინის“ გაკეთება, თუმცა ამისათვის სახეზე უნდა იყოს შესაბამისი ჩვენებები და ობიექტური მონაცემები, რასაც ექიმი დაეყრდნობა. ლიტერატურაში არ არის მითითება, რომ ჰაიმორიტის შემთხვევაში, ძლიერი ტკივილის დროს, პირველი, ან თუნდაც მეორე მედიკამენტი უნდა იყოს „მორფინი“. ინფორმაციით, რაც მას მიაწოდა ნ---------–---–მა და რაც ასახულია პაციენტ რ-----------ის სამედიცინო მასალებში, მასთან მიმართებით, „მორფინის“ გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა. როგორც მისთვის არის ცნობილი, რომ რ------ეს კლინიკაში მოთავსებამდე რამდენიმე სახის გამაყუჩებელი უკვე მიღებული ჰქონდა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ს------------–-----მ განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით და პაციენტის პირადი გასინჯვით, ჩაატარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შემდეგი სახის დასკვნა: წარმოდგენილი შპს წ-------------–--------------–----ის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N174119-ის ჩანაწერის მიხედვით, ნ---------–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2019 წლის 5 იანვარს 13:40 საათზე და გაეწერა 2019 წლის 6 იანვარს 16:00 საათზე. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით ნ---------–---–ს აღენიშნება ნახეთქი ჭრილობა მარცხენა თვალბუდის მიდამოში ზედა ქუთუთოზე, კანქვეშა ჰემატომით ამავე მიდამოში, ნეიროქირურგის კონსულტაციით დაუდგინდა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი. ზოგადი ქირურგის კონსულტაციის ჩანაწერით აღენიშნება ჰიპერემია გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ მე-4 და მე-5 ნეკნების საპროექციოდ. პირადი გასინჯვით 2019 წლის 28 იანვარს, ნ---------–---–ს აღენიშნება უსწორონაპირებიანი ნაწიბური მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2019 წლის 5 იანვრის თარიღს და წარმოადგენს ამავე მიდამოში არსებული ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს. ჰიპერემია სასამართლო სამედიცინო თვალსაზრისით არ წარმოადგენს დაზიანების ობიექტურ ნიშანს და სასამართლო სამედიცინო შეფასებას არ ექვემდებარება. დაზიანებები ნახეთქი ჭრილობა მარცხენა ქვედა ქუთუთოს მიდამოში, კანქვეშა ჰემატომით და თავის ტვინის შერყევა განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2019 წლის 5 იანვრის თარიღს.

 

მოწმე გ------------–-----ის ჩვენებით, მუშაობს საპატრულო პოლიციაში პატრულ- ინსპექტორის თანამდებობაზე. 2019 წლის 5 იანვარს შეატყობინეს წ-------------–--------------–----ის საავადმყოფოში მომხდარი კონფლიქტის შესახებ. დაახლოებით 12:12 საათზე მეწყვილესთან, დ-------------------–---–თან ერთად მივიდა ადგილზე, სადაც მათ დახვდა ნ---------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ პაციენტმა, რ-----------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა იმის გამო, რომ „მორფინის“ გაკეთებაზე უთხრა უარი. ნ---------–---–ს გახეთქილი ჰქონდა თვალი და მოსდიოდა სისხლი, რის გამოც მას ჩაუტარდა გამოკვლევები, დაადეს ნაკერები და მოათავსეს იმავე საავადმყოფოში. ვინაიდან გამოკითხვისას რ-----------ემ დაადასტურა ნ---------–---–ის მონაყოლი და გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, გამოიძახეს შესაბამისი საგამოძიებო სამსახური.

 

მოწმე დ-------------------–---–ის ჩვენებით, მუშაობს საპატრულო პოლიციაში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2019 წლის 5 იანვარს, ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, მეწყვილესთან, გ------------–-----თან ერთად იმყოფებოდა გამოძახებაზე ლ----–----ს ქუჩაზე მდებარე წ--------------–--------------–----ის სახელობის საავადმყოფოში. ადგილზე მათ დახვდათ ნ---------–---–ი, რომელსაც მარცხენა თვალის არეში აღენიშნებოდა დაზიანება და სდიოდა სისხლი. მან აღნიშნა, რომ მისმა პაციენტმა, რ-----------ემ მიაყენა აღნიშნული დაზიანება, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გამოკითხეს დაზარალებული, ასევე რ-----------ე და ვინაიდან იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, გამოიძახეს საგამოძიებო სამსახური.

 

მოწმე ი------------–--ის ჩვენებით, მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, საგამოძიებო სამმართველოში, გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას ხელმძღვანელობდა თავად და მისი დამხმარე გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ინახებოდა მასთან. მოცემული საქმის ფარგლებში გამოკითხა ბრალდებული რ-----------ე, დაზარალებული ნ---------–---–ი, ასევე სხვა თვითმხილველი მოწმეები, დაათვალიერა კლინიკაში არსებული კამერები დააკავა ბრალდებული, პირადად გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და გააცნო მტკიცებულებები. მოწმის მიერ დადასტურებული იქნა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და ნამდვილობა.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, რ-----------ე განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა 2019 წლის 7 იანვარს 15:30 საათზე.

 

2019 წლის 7 იანვრის ცნობის თანახმად, პაციენტი რ------------ე 2019 წლის 6 იანვრის 13:20 საათიდან იმყოფება სტაციონალურ მკურნალობაზე შპს „ა------------------------------–---–-----–-----–-- დიაგნოზით პნევმონია. პაციენტს უგრძელდება სტაციონალური მკურნალობა.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N000588719 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი შპს წ-------------–--------------–----ის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N174119-ის ჩანაწერის მიხედვით, ნ---------–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 05.01.19 წელს 13:40 საათზე, საიდანაც გაეწერა 06.01.19 წელს 16:00 საათზე. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით ნ---------–---–ს აღენიშნება: ნახეთქი ჭრილობა მარცხენა თვალბუდის მიდამოში ზედა ქუთუთოზე, კანქვეშა ჰემატომით ამავე მიდამოში (კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით მარცხნივ ქვედა ყბის, ზედა ყბისა და პარაორბიტალურ მიდამოში კანქვეშა რბილი ქსოვილების შეშუპება), ნეიროქირურგის კონსულტაციით დაუდგინდა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი. ზოგადი ქირურგის კონსულტაციის ჩანაწერით აღენიშნება ჰიპერემია გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ მე-4 და მე-5 ნეკნების საპროექციოდ. პირადი გასინჯვით, 28.01.2019 წელს, ნ---------–---–ს აღენიშნება უსწორონაპირებიანი ნაწიბური მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 05.01.19 წლის თარიღს და წარმოადგენს ამავე მიდამოში არსებული ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს. ჰიპერემია (სისხლსავსეობა) სასამართლო სამედიცინო თვალსაზრისით არ წარმოადგენს დაზიანების ობიექტურ ნიშანს და სასამართლო სამედიცინო შეფასებას არ ექვემდებარება. დაზიანებები ნახეთქი ჭრილობა მარცხენა ქვედა ქუთუთოს მიდამოში, კანქვეშა ჰემატომით და თავის ტვინის შერყევა განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 05.01.19 წლის თარიღს.

 

2019 წლის 31 იანვრის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ი------------–--ის მიერ, განჩინების საფუძველზე დათვალიერებული იქნა შპს წ-------------–--------------–----ის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების, 2019 წლის 5 იანვრის 11:15 საათიდან 12:45 საათამდე პერიოდის ვიდეოჩანაწერები. კადრში ჩანს საავადმყოფოს მიმღები განყოფილება, სადაც 11:28 საათზე, სასწრაფოს ურიკით შეიყვანეს რ------------ე. 11:31 საათზე, მასთან მიდის ლურჯ უნიფორმაში ჩაცმული ექიმი, პაციენტს აერთებს მონიტორზე. 11:39 საათზე რ-----------ესთან კვლავ მიდის ლურჯ უნიფორმაში ჩაცმული ექიმი, ხოლო შემდეგ მიდის ნ---------–---–ი, რომლებსაც რ-----------ე ესაუბრება და საუბრისას იყენებს ხელების ჟესტიკულაციას. რამდენიმე წამიანი საუბრის შემდეგ. რ-----------ეს შორდებიან ნ---------–---–ი და ლურჯ უნიფორმიანი ექიმი და 11:40:31 საათზე გადის კადრიდან. 11:40:40 საათზე ნ---------–---–ი და ლურჯ უნიფორმიანი ექიმი კვლავ მიდიან რ-----------ის საწოლთან, ნ---------–---–ი რამდენიმე წამი ჩერდება და 11:40:50 საათზე გადის კადრიდან, ხოლო ლურჯ უნიფორმიანი ექიმი რჩება საწოლის მიმდებარედ, რომელსაც ხელების ჟესტიკულაციით ესაუბრება რ-----------ე, რის შემდეგაც აღნიშნული ექიმი შორდება რ-----------ის საწოლს და დგას მიმღებ პალატაში. 11:41:28 საათზე კადრში ჩნდება ნ---------–---–ი, რომელიც მიდის რ------------ის საწოლთან, ასევე საწოლის მიმდებარედ დგანან განყოფილების სხვა ექიმები. რ-----------ე ნ---------–---–ს ესაუბრება და საუბრისას იყენებს ხელების ჟესტიკულაციას, 11:41:36 საათზე რ-----------ის საწოლს ეფარება ფარდა, რა დროსაც ფარდის შიგნიდან ჩანს რაღაც მოძრაობა, რის შემდეგადაც 11:41:45 საათზე ნ---------–---–ი ბარბაცით ეცემა რ-----------ის საწოლის გვერდით მდებარე საწოლზე, ჯდება ბარბაცით, მიდის და იქცევა რ-----------ის საწოლის წინ მდებარე მაგიდის გვერდით მიდგმულ სკამზე, ხოლო რ------------ე საწოლიდან იქნევს ფეხებს. აღნიშნულის გამო ნ----ის გვერდით საწოლიდან დგება პაციენტი. ნ---------–---–ი ხელს ისვამს მარცხენა თვალის ქუთუთოს ქვედა ნაწილზე, საიდანაც მოსდის სისხლი და სახეზე ხელაფარებული

11:41:58 საათზე გადის მიმღები განყოფილებიდან. 11:45 საათზე მიმღებ განყოფილებაში შემოდის ნ---------–---–ი, რომელსაც დაზიანებული თვალის უპეზე ხელით მიფარებული აქვს ნაჭერი. ნ---------–---–ის დანახვაზე რ-----------ე დგება საწოლიდან და მიემართება მისკენ, რა დროსაც რ-----------ეს აჩერებს მის საწოლთან მდგომი დაცვის თანამშრომელი, ხოლო ნ---------–---–ი გადის მიმღები განყოფილების მეორე კარიდან. 11:48 საათზე რ-----------ის საწოლთან მიდის ქალბატონი, რომელიც ესაუბრება რ-----------ეს და ფურცელზე აკეთებს ჩანაწერს, ხოლო 11:49:28 საათზე გადის მიმღები განყოფილებიდან, ხოლო რ-----------ის საწოლთან რჩება საავადმყოფოს დაცვის თანამშრომელი. 11:51 საათზე რ-----------ის საწოლთან მიდის წითელი ფერის უნიფორმაში ჩაცმული ექიმი, რომელიც მარჯვენა ხელის არეში უკეთებს სავარაუდოდ ნემსს, რის შემდეგაც აღნიშნული ქალბატონი გადის კადრიდან. აღნიშნულის შემდეგ, ჩანაწერის დასრულებამდე, კადრში ჩანს რ-----------ე, რომელიც თავზე იკიდებს ხელებს, საუბრობს ტელეფონზე და მასთან გარკვეული პერიოდულობით მიდიან საავადმყოფოს თანამშრომლები, რომლებსაც რ-----------ე ხელების გამოყენებით ესაუბრება (იხ. ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი სრულად). აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზეც.

 

რ-----------ის ჩვენებით, 2019 წელს, ახალი წლის დღეებში, დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში იყო ძალიან ცუდად, ჰქონდა მაღალი სიცხე, ახველებდა და ბოლო დღეებში მდგომარეობა უფრო გაურთულდა. ტკივილების გამო, ბოლო სამი ღამის განმავლობაში თითქმის არ ეძინა, ბევრი რაოდენობით „ნიმესილის“ მიღების შედეგად კუჭიც გაუღიზიანდა და ბოლოს გონებაც დაკარგა. ამასთან, წარსულში დასმული აქვს ქრონიკული ჰაიმორიტის და ფრონტიტის დიაგნოზი. რამდენიმე დღის განმავლობაში იძახებდნენ სასწრაფოს, თუმცა მაღალი მიმართვიანობისა და გადატვირთული გრაფიკის გამო, სასწრაფო ძალიან გვიან მოვიდა. სასწრაფო დახმარების ექიმს უთხრა ყველაფერი, რაც იმ დღეების განმავლობაში გადაიტანა, რის შემდეგაც გადაიყვანეს კლინიკაში. როდესაც წ-------------–--------------–----ის საავადმყოფოში მიიყვანეს და დააწვინეს, მასთან მივიდა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც სატურაციის აპარატი გაუკეთეს. მათ განუმარტა მისი მდგომარეობა და ჩამოთვალა ყველა გამაყუჩებელი, რაც გაკეთებული ჰქონდა, ამასთან ითხოვა ტკივილის მოხსნა მორფის მეშვეობით. სწორედ აქედან დაიწყო მის მიმართ ცუდი დამოკიდებულება, ვინაიდან მიიჩნიეს ე.წ. „მორფინისტად“. კლინიკაში ყოფნის პერიოდში, მისი გაღიზიანება გამოიწვია ექიმების უყურადღებობამ და ნ---------–---–ის უხეშმა დამოკიდებულებამ, რომელიც პერიოდულად, გავლა-გამოვლის დროს, უხეშად ესაუბრებოდა. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში, ტკივილი უფროდაუფრო ემატებოდა. იმ მომენტში, როდესაც მასთან სამი პირი მივიდა, მათ შორის დაცვის თანამშრომელი და ნ---------–---–ი და ჩამოაფარეს ფარდა, ხოლო ნ------–---–ი სახით მიიწია მასთან იმდენად ახლოს, რომ იგრძნო საფრთხე, თავდაცვის მიზნით დაარტყა ხელი. შემდგომ გაიგო, რომ მისი კლინიკაში შეყვანიდან 15 წუთში მოხდა კონფლიქტი, რადგან იმ პერიოდში, ტკივილების ფონზე, დრო გაცილებით დიდად ეჩვენებოდა. იმდენად ჰქონდა იმის განცდა, რომ ყურადღებას არავინ აქცევდა, დასახმარებლად მეგობარს, თ-------------------ს სთხოვა მისვლა. მედ.პერსონალის ჩვენებები იმ ნაწილში, რომ ექიმებს არ აძლევდა საშუალებას, აღმოეჩინათ მისთვის დახმარება, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მისი საავადმყოფოში მისვლის ერთადერთი მიზანი იყო სწორედ ის, რომ მიეღო დახმარება და გაყუჩებოდა ტკივილი. გარდა აღნიშნულისა, მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში შეიყვანა მაღალი სიცხით, კლინიკაში მისთვის სიცხის გაზომვა მოხდა კონფლიქტის შემდეგ, როცა მიაკითხა დედამ.

 

მოწმე თ--------–------ის ჩვენებით, არის რ-----------ის დედა. 2019 წლის 2 იანვარს მის შვილს დაეწყო ხველა, ჰქონდა მაღალი სიცხე და ვინაიდან ანტიბიოტიკებმა არ უშველა, მეგობარს, ნანა ქარჩავას სთხოვა გადასხმის გაკეთება. 2 იანვრიდან 5 იანვრამდე პერიოდში, ვიდრე რ-----------ეს კლინიკაში გადაიყვანდნენ, მისი მდგომარეობა უარესდებოდა, სიცხე ორმოც გრადუსამდე აეწია, დაეწყო ბოდვა, ღებინება და ბოლოს გონებაც დაკარგა. ყველაფერთან ერთად, რეკავდა სასწრაფოში, თუმცა ვინაიდან იყო ვირუსების პერიოდი და მიმართვიანობა იყო მაღალი, სასწრაფო დახმარება ვერ მიდიოდა. ბოლოს, როდესაც მივიდა სასწრაფო დახმარება, გაუკეთეს ანალგინ-დიმედროლი და გადაიყვანეს მიხაილოვის საავადმყოფოში. თავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასწრაფოს ვერ გაჰყვა. მოგვიანებით, როცა სავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის შესახებ შეიტყო და მივიდა, რ------ე კვლავ ცუდად იყო და უთხრა, რომ ექიმები ცუდად და აგრესიულად ექცეოდნენ. როცა ჰკითხა, რამდენი ჰქონდა სიცხე, აღმოჩნდა, რომ ჯერ სიცხე გაზომილი არ ჰქონდა. მისი იქ ყოფნის პერიოდშიც, ყურადღებას არავინ აქცევდა, რის გამოც რ-----------ე წაიყვანა სახლში და მეორე დღეს მიმართეს ბოჭორიშვილის კლინიკას.

 

მოწმე ნ-----------ას ჩვენებით, რ-----------ე არის მისი მეგობრის, თ--------–------ის შვილი. 2019 წლის 3 იანვარს საღამოს საათებში დაურეკა თ---–------ემ და უთხრა, რომ რ------ეს ჰქონდა ძალიან მაღალი სიცხე და სთხოვა მისთვის გადასხმის გაკეთება. იყიდა გადასხმის სისტემა და როდესაც მათთან მივიდა, რ-----------ე მართლაც ძალიან ცუდად იყო, ჰქონდა მაღალი სიცხე, ოფლიანობა და გაუკეთა გადასხმა. გადასხმის შემდეგ, ვინაიდან სიტუაცია არ გამოსწორდა, მეგობარს ურჩია სასწრაფოს გამოძახება.

 

მოწმე თ-------------------ს ჩვენებით, 2019 წლის 5 იანვარს, საავადმყოფოდან დაურეკა რ-----------ემ და სთხოვა საავადმყოფოში მისვლა, რადგან ყურადღებას არ აქცევდნენ და ფიქრობდა, რომ მისი მისვლის შემთხვევაში, შესაძლოა დახმარებოდნენ. როდესაც ადგილზე მივიდა, დაცვის თანამშრომლებმა შეატყობინეს მომხდარი ინციდენტის შესახებ.

 

შპს პრეჰოსპიტალური დახმარების ცენტრის ცნობის თანახმად, 2019 წლის 5 იანვარს 11:30 საათზე, რ-----------ე დიაგნოზით - გრიპი სხვა რესპირაციული გამოვლინებებით, მოთავსებული იქნა მიხაილოვის საავადმყოფოში. პაციენტს აღენიშნებოდა მაღალი ცხელება 39-40 გრადუსი, ხველა, ოფლიანობა, მოუსვენრობა.

 

შპს წ-------------–--------------–----ის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული ფორმა N100-ის თანახმად, პაციენტი რ-----------ე სტაციონარში მოთავსდა 2019 წლის 5 იანვარს 11:30 საათზე და გაეწერა იმავე დღეს, 14:25 საათზე. ავადმყოფობის მიმდინარეობა არის შემდეგი: პაციენტი შესვლისას აღნიშნავდა თავის ტკივილს, მოთავსდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, აყვანილი იქნა მუდმივ მონიტორულ კონტროლზე, კარდიომონიტორზე. ობ: TA/125/70mmHg, P’-68’, R’-18’, Sp02-99% (ატმოსფერულ ჰაერზე), To-36.7C, ცნობიერება ნათელი, ემოციური ლაბილობა. პაციენტმა შემოსვლისთანავე ტკივილის გამო ითხოვა ნარკოტიკული საშუალების, მორფინის გაკეთება. მას განემარტა, რომ საჭიროებს კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებას, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას, შეეთავაზა მედიკამენტური მხარდაჭერა, ტკივილის კუპირება სხვა ალტერნატიული ტკივილგამაყუჩებლებით, გარდა მორფინისა, გაუკეთდა ანალგინი, მედროლგინი, მიუხედავად ამისა, დაჟინებით მოითხოვდა ტკივილის გაყუჩებას ნარკოტიკული საშუალებით.

 

2019 წლის 4 იანვრის ჯ--------ის ცნობის თანახმად, ექიმი თ----------- 18:31 საათზე, იყო გამოძახებაზე ბ--–-------ის ქუჩაზე, პაციენტ რ-----------ესთან, რომელიც უჩიოდა სისუსტეს, ტემპერატურას, ხველას. პაციენტს დაესვა დიაგნოზი: ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია.

 

აკადემიკოს ვ-----------------–---–ის კლინიკის ავადმყოფობის N342/19 ისტორიის თანახმად, რ-----------ე სტაციონარში მოთავსდა 2019 წლის 6 იანვარს 13:20 საათზე. ანამნეზი: პაციენტი ავადაა მეხუთე დღეა. დაავადება დაეწყო მწვავედ, შემცივნებით, ცხელებით 39-40-დე, ოფლიანობით, მშრალი ხველით. იღებდა ანტიპირეტიკებს, უშედეგოდ. ბოლო სამი დღეა იღებს აზიტრომოცინს 500მგ. 1-ჯერ. ცხელება და შემცივნება გაგრძელდა, ხველა გახდა პროდუქტიული. მდგომარეობის დამძიმების გამო მიმართა კლინიკას. ავადმყოფობის მიმდინარეობა: მწვავე, შემოსვლისას გამოხატული იყო ძლიერი ინტოქსიკაცია, ჰექტიური ცხელება, ჰაერის უკმარისობა, ხველა. ფილტვების რენტგენოლოგიური შესწავლით: ჰილუსები გაფართოებული. ფილტვის სურათზე გაძლიერებულია სისხლძარღვოვანი კომპონენტის ხარჯზე. მარცხნივ პრეჰილარულად და ქვემო ველში ისახება ინფილტრაციული ხასიათის ცვლილებები. შუასაყრის ჩრდილი გაფართოებული არ არის.ლატერალური სინუსები თავისუფალი. დაწყებული იქნა ანტიბაქტერიული, დეზინტოქსიკაციური და ოქსიგენოთრაპია. მკურნალობის ფონზე ტემპერატურა თანდათან ნორმალიზდა, ალაგდა სუნთქვის უკმარისობის მოვლენები. საკონტროლო ფილტვების რენდგენოლოგიური გამოკვლევით: მარცხნივ ინფილტრაცია ალაგებულია, არის ჰიპოპნევმატიზაცი, ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მკურნალობას აგრძელებს ამბულატორიულად. პაციენტი რ-----------ე გაეწერა 2019 წლის 10 იანვარს 18:00 საათზე.

 

სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ გამოკვლეული იქნა მათ მიერ წარმოდგენილი აუდიოჩანაწერის დისკი, რომლის თანახმად, რ-----------ე რეკავს სადაზღვეო კომპანიაში და ამბობს, რომ სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა მიხაილოვის საავადმყოფოში, სადაც მას ყურადღებას არ აქცევენ, უხეშად ესაუბრებიან, ექიმთან მოუვიდა ჩხუბი და ითხოვს სხვა საავადმყოფოში გადაყვანას. გარდა ამისა რ-----------ე რეკავს სასწრაფოში და ამბობს, რომ აქვს მწვავე ჰაიმორიტი და ვინაიდან ფიზიკურად იჩხუბა საავადმყოფოს ექიმთან, რადგან მას ყურადღებას არ აქცევენ, ითხოვა სხვა კლინიკაში გადაყვანა. საუბარში რ-----------ე სასწრაფო დახმარების ოპერატორი მას ეუბნება, რომ უახლოესი ერთი საათის განმავლობაში მასთან სასწრაფო დახმარება ვერ მივა. დაცვის მხარის მიერ გამოკვლეული იქნა ასევე სატელეფონო ზარების ჩანაწერები, რომლებიც განხორციელებულია რ------ის საავადმყოფოში გადაყვანამდე. კერძოდ, რ------ე და თ---–------ე რეკავენ სასწრაფოში და ითხოვენ დროულად სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლას, რადგან რ------ეს აქვს სიცხეები, თავის ტკივილი, ჰაიმორიტი და ა.შ. დაცვის მხარის მიერ გამოკვლეული იქნა ასევე წ--------–--------------–----ის სახელობის საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის 2019 წლის 5 იანვრის ჩანაწერი 11:00 საათიდან 15:00 საათამდე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნასა და ძირითად არგუმენტებზე.

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ნ-------–---–მა რ-----------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უწოდა უზრდელი. რაც ადასტურებს იმას, რომ დაზარალებულსა და რ-----------ეს შორის ნამდვილად ჰქონდა ადგილი სიტყვიერ კონფლიქტს. კონფლიქტის მიმდინარეობიას რ-----------ეს თავზე დაადგა სამი ადამიანი და კამერას ჩამოაფარეს ფარდა, რის გამოც მსჯავრდებულს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რომ მას ფიზიკურად უსწორდებიან. რ-----------ე პირველად თვითონ იქნევს მუშტს, რათა მის მიმართ მომზადებული შეტევა მოიგერიოს. აპელანტის პოზიციით, მართალია საავადმყოფოს პერსონალს რ-----------ისთვის არ დაურტყამს, მაგრამ მან იგრძნო საფრთხის მიახლოება და იმოქმედა თავისი საკუთარი ფიზიკური შეუხებლობის დაცვის მიზნით.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად“. ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლის არსებობაც იწვევს აუცილებელი მოგერიების ფაქტს. კერძოდ, ხელყოფის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, რაც გულისხმობს, რომ ხელყოფა არღვევს მართლწესრიგს და საფრთხეს უქმნის სამართლებრივ სიკეთეს. კონკრეტულ შემთხვევაში ნ---------–---–ის მხრიდან რ-----------ის მიმართ არ განხორციელებულა თავდასხმა. შესაბამისად, ხელყოფა არ იყო იმწუთიერი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხელყოფა უნდა იყოს რეალური. ხელყოფის რეალურობა, კი გულისხმობს, რომ ხელყოფას ადგილი უნდა ჰქონდეს რეალურად და არა წარმოსახვითად. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით და თავად რ-----------ის ჩვენებითაც დგინდება, რომ დაზარალებული ნ---------–---–ი მხოლოდ უახლოვდება რ-----------ეს და არანაირი ძალადობრივი ქმედება მისი მხრიდან არ ხორციელდება, შესაბამისად, კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რ-----------ე თავს არ იცავდა რეალური თავდასხმისგან.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი ზემოხსენებული მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა მიიჩნევს, რომ რ-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია და მისი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია სწორია. სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის და უტყუარობის, ასევე რ-----------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ-----------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

რაც შეეხება პროკურორის აპელირებას რ-----------ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შეასხებ, - ასეთს პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ასევე, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, დამდგარი შედეგი და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ რ-----------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის განაჩენი რ-----------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ-----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ რ-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ-----------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 ივლისის განაჩენი რ-----------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

რ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 200 (ორიათასორასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, რ-----------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 7 იანვრიდან - 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით) შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ რ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას ექსპერტების მიერ „SONY“-ს ფირმის ვიდეოკამერით გადაღებული დათვალიერების პროცესი, გადატანილი ერთ ცალ DVD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ერთი ცალი CD დისკი და ერთი ცალი ფლეშ მეხსიერების ბარათი, დალუქული ერთ პაკეტად, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი