განაჩენი

სისხლის სამართლის 20.01.2020
საქმის ნომერი
330100117002148475
ინსტანცია
თარიღი
20.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002148475

საქმე №1ბ/1025-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ-------------–--ს

ადვოკატის: მ--–--------–-----ს

გამართლებულის: ა-------------–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ზ-------------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ ა-------------–--ის, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), უმაღლესი განათლების მქონის, მარტოხელა დედის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------–-------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ა-------------–--ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-------------–--ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2007 წლის 25 აპრილს, რეგისტრირებულ იქნა შპს „მ-----------ი“, რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელი დამფუძნებელი 2013 წლის 8 აპრილამდე იყო ა-------------–--ე. საზოგადოების საქმიანობის საგანი იყო სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტი და რეალიზაცია.

 

ა-------------–--ეს ევალებოდა საწარმოს საქმეების გაძღოლა კეთილსინდისიერად და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გადახდა.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, ა-------------–--ემ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, სრულად არ ასახავდა საზოგადოების მიერ მიღებულ შემოსავალს და ყალბად უთითებდა მონაცემებს დეკლარაციებსა და ბალანსებში.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ჩატარდა შპს „მ-----------ის“ საქმიანობის შემსწავლელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც საზოგადოებას ზემოხსენებული დარღვევების გამო 2013 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით, 2014 წლის 21 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტით და მათ საფუძველზე გამოცემული 2013 წლის 24 დეკემბრის N5---- საგადასახადო მოთხოვნით და 2014 წლის 24 ოქტომბრის N------ საგადასახადო მოთხოვნით, 2007 წლის 25 აპრილიდან 2013 წლის 8 აპრილის საანგარიშო პერიოდზე, დამატებით, სულ ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 214 885 ლარი.

 

ა-------------–--ემ არ ისარგებლა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მის მიერ არ იქნა დაფარული გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა 214 885 ლარი, ამასთანავე, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენით:

 

ა-------------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ზ-------------–--მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ა-------------–--ის მიმართ გამოტანილი, ზემოხსენებული გამამართლებელი განაჩენის, რომელიც აპელანტს დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიაჩნია, გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ა-------------–--ის დამნაშავედ ცნობას ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენაში და მისთვის ადეკვატური და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ზ-------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი გამართლებულ ა-------------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ----–--------–--–---–მა განმარტა, რომ შპს „მ-----------ის“ შემოწმება დაევალა 2013 წლის 24 სექტემბრის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სულ შედგა ორი აქტი. პირველი აქტი შედგა 2013 წლის 20 დეკემბერს და მან მოიცვა 2007 წლის საანგარიშო პერიოდი. ამ აქტის საფუძველზე, გადამხდელს ჯამში დაეკისრა 101 820 ლარი. მეორე აქტი შედგა 2014 წლის 21 ოქტომბერს, რამაც მოიცვა 2008 წლიდან 2013 წლის 1 ივლისამდე პერიოდი და გადამხდელს დაერიცხა 280 061 ლარი. საერთო ჯამში საგადასახადო შემოწმების შედეგებით დარიცხულმა თანხამ შეადგინა 381 881 ლარი. აქედან ძირითადი გადასახადი არის 254 852 ლარი, საიდანაც უშუალოდ ა-------------–--ის დირექტორობის პერიოდში წარსადგენ დეკლარაციებზე დარიცხული თანხა არის 214 885 ლარი, ხოლო 127 299 ლარი არის ჯარიმა. შემოწმების პერიოდში შპს „მ-----------ის“ ხელმძღვანელი პირი იყო ა------------ის მოქალაქე ფ---------------ი, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოახერხეს და კომუნიკაცია ჰქონდათ ა-------------–--ესთან, რომელიც 2013 წლის აპრილამდე წარმოადგენდა შპს-ს დამფუძნებელსა და დირექტორს და შემოწმების პერიოდისთვის შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით, ფიქსირდებოდა საკონტაქტო პირად. შემოწმების პროცესში, როგორც მისთვის (მოწმისთვის) არის ცნობილი, ა--------------–--ეს, როგორც კომპანიის წარმომადგენელს, ჰქონდა წვდომა R---- პორტალზე, რადგან, როცა შეატყობინა, რომ აქტი ატვირთული იყო, მან თანხმობა განაცხადა გაცნობაზე და ელექტრონულად იმავე დღეს გაეცნო აქტს. ამასთან, ბაზაში ჩანდა, რომ მას ნანახი ჰქონდა აქტი. შემოწმების პროცესში, ა-------------–--ე, როგორც დირექტორი, უფლებამოსილი პირი არ იყო. შემოწმების დასრულების პერიოდისთვის ა-------------–--ე ასევე არ იყო უფლებამოსილი პირი, არ იყო დირექტორი და არ ჰქონდა შესაბამისი მინდობილობა იმისათვის, რომ ჩაბარებოდა და გაცნობოდა აქტს, შესაბამისად, მას, როგორც არაუფლებამოსილ პირს, აღნიშნულზე წერილობით ეთქვა უარი. ა-------------–--ისთვის რაიმე განმარტებები მოსალოდნელი ვალდებულებების შესახებ, რაც შემოწმების აქტის შემდეგ შეიძლება გასჩენოდა კომპანიას, არ განუმარტავთ. მას (ა-------------–--ეს) მინდობილობის გარეშე აქტის გასაჩივრება არ შეეძლო, ხოლო აქტი საჩივრდება მისი გაცნობიდან 30 დღის ვადაში დავების დეპარტამენტში ან სასამართლოში.

 

მოწმე დ-------–---–----ის განმარტებით, მის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ა-------------–--ის მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე. გამოძიებას საფუძვლად ედო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარატმენტის მიერ ჩატარებული „მ-----------ის“ საგადასახადო შემოწმების მასალები, რითაც გამოვლენილი იყო ა-------------–--ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადის დამალვის ფაქტი და სწორედ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის მას წარედგინა ბრალდება. შემოწმების პერიოდში შედგენილი იყო ორი აქტი და მათი მონაცემებით ჯამში გამოვიდა 214 889 ლარი დამალული გადასახადი ძირითადი თანხის ნაწილში. გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო შემოწმების გასაჩივრების უფლება აქვს შემოსავლების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და სასამართლოში. ასევე, მას აქვს უფლება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის წარმოების გარეშე პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. ა-------------–--ის მიერ ასეთი დავა წარმოებული არ ყოფილა. საქმის მასალების მიხედვით, ა-------------–--ემ მიმართა ფინანსთა სამინისტროს, მაგრამ მას, როგორც არაუფლებამოსილ პირს, ეთქვა უარი, თუმცა მას ჰქონდა მეორე შესაძლებლობაც, რომ მიემართა სასამართლოსთვის, თუმცა გამოთხოვილი მასალებით, მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. მოწმემ დაადასტურა მის მიერ შედგენილი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ნამდვილობა. პირადად მისთვის ა-------------–--ეს არ მიუმართავს ისეთი განცხადებით, რომ აქტი მოეთხოვა. შპს „მ------------ს“ სხვა დირექტორიც ჰყავდა, როგორც ახსოვს ა------------ელი მოქალაქე, რომელიც გამოძიების პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. საქმის მასალების მიხედვით, შემოწმების აქტი ჩაბარებული ჰქონდა ა-------------–--ეს ელექტრონულად, რაც ფიქსირდებოდა RS პორტალზე.

 

ა-------------–--ის ჩვენებით, შპს „მ-----------ის“ დირექტორი და ბუღალტერი იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო 2016 წლის აპრილში გაასხვისა ა------------ის მოქალაქეზე. მათი საქმიანობის სფერო იყო საოფისე ავეჯის და სამეურნეო საქონლის იმპორტი. აუდიტორ თ----–--------–--–---–ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ტარდებოდა შემოწმება და დაიბარეს როგორც ინდ. მეწარმე „ა-------------–--ე“, რადგან მიმდინარეობდა რევიზია და საჭირო იყო მისი მისვლა. როდესაც საგადასახადო ორგანოში მივიდა, ამოწმებდნენ ფიზიკურ პირს - „ა--------------–--ეს“, პარალელურ რეჟიმში გააცნეს ბრძანება, რომ უნდა ჩატარებულიყო „მ-----------ის“ შემოწმება. მათ უთხრა, რომ ბრძანებას არ ჩაიბარებდა, ვინაიდან არ იყო „მ-----------ის“ არც დირექტორი და არც ბუღალტერი. შესაბამისად, არც „მ-----------ის“ საბუღალტრო საბუთები ჰქონია. შემოწმების პერიოდში „მ-----------ი“ და ინდ. მეწარმე „ა-------------–--ე“ არ იყო ერთი სუბიექტი. „მ-----------ის“ შემოწმების აქტი ჩაბარდა ბრალის წაყენების შემდეგ, როდესაც ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. მანამდე მას მხოლოდ მოთხოვნა ჰქონდა ჩაბარებული, სადაც აღნიშნული იყო მხოლოდ თანხა, თუმცა რა პერიოდს ეხებოდა, როგორ და ა.შ., არ იყო მითითებული მოთხოვნაში. ამიტომ მისთვის უცნობია, რა პერიოდს ედავებოდნენ, რა თანხას და რისთვის. მოთხოვნა, რაც ორჯერ ჩაბარდა, (ერთხელ შემოსავლების სამსახურში, ერთხელ გამომძიებლის მიერ), მაშინვე, ვადებში გაასაჩივრა და ითხოვდა აქტის გაცნობას და იმის გაგებას, მოთხოვნაში რა იყო მისი ბრალი. თუმცა აღნიშნულზე მიუვიდა უარი, რომ სუბიექტი არ იყო და სასამართლოშიც არ შეეძლო გასაჩივრება. ამასთან, დამოუკიდებლად შემოწმება ვერ ჩაატარა, რადგან ა------------ელი დირექტორის შემდეგ საგადასახადო პორტალზე წვდომა აღარ ჰქონდა და შემოწმების აქტიც ელექტრონულად ამიტომ არ უნახავს. მის მიერ ვერც ინდ.მეწარმე „ა-------------–--ის“ გადამოწმება მოხდებოდა, რადგან შემოწმების პროცესში უკვე ხანდაზმული იყო 2007 და 2008 წელი და მხოლოდ ბოლო 6 თვის შემოწმება იყო შესაძლებელი. აქტის გაცნობის შემთხვევაში, თუ აღმოჩნდებოდა, რომ ნამდვილად მისი ბრალეულობა იკვეთებოდა, საგადასახადო ორგანოსთან გააფორმებდა საგადასახადო შეთანხმებას, ან სხვა გზას ნახავდა, რათა საქმე სასამართლომდე არ მისულიყო.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 24 სექტემბრის N4---- ბრძანების თანახმად, დაინიშნა შპს „მ-----------ს“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2007 წლის 25 აპრილიდან 2013 წლის 1 ივლისამდე, ხოლო მასთან შერწყმული საწარმოს ი/მ „ა-------------–--ის“ (პ/ნ 0----------) დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში შემოწმდა 2007 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 2 ნოემბრამდე (შერწყმამდე) პერიოდი. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 25 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 25 ოქტომბრის N5---- ბრძანების თანახმად, შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2013 წლის 24 სექტემბრის N4---- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 2013 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 22 ნოემბრის N5---- ბრძანების თანახმად, შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2013 წლის 24 სექტემბრის N4---- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 2013 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 20 დეკემბრის N6---- ბრძანების თანახმად, შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 24 სექტემბრის N4---- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 2014 წლის 20 იანვრის ჩათვლით და შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა

2007 წლის 25 აპრილიდან 2013 წლის 1 ივლისამდე პერიოდი.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 იანვრის N2--- ბრძანების თანახმად, შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 24 სექტემბრის N4---- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 2014 წლის 24 თებერვლის ჩათვლით.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 თებერვლის N1---- ბრძანების თანახმად, შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 24 სექტემბრის N4---- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 2014 წლის 24 მარტის ჩათვლით.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 მარტის N1---- ბრძანების თანახმად, შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 24 სექტემბრის N4---- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 2014 წლის 21 აპრილის ჩათვლით.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 აპრილის N2---- ბრძანების თანახმად, შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 24 სექტემბრის N4---- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 2014 წლის 23 მაისის ჩათვლით.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 14 მაისის N2---- ბრძანების თანახმად, შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება დაევალა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების მე-2 სამმართველოს მთავარ აუდიტორებს - ემზარ კაპანაძესა და თ----–--------–--–---–ს.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 22 მაისის N2---- ბრძანების თანახმად, შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 24 სექტემბრის N4---- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივნისის N3---- ბრძანების თანახმად, შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 24 სექტემბრის N4---- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 2014 წლის 18 ივლისის ჩათვლით.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივლისის N3---- ბრძანების თანახმად, შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 24 სექტემბრის N4---- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 2014 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 19 სექტემბრის N4---- ბრძანების თანახმად, შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 24 სექტემბრის N4---- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 2014 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 ოქტომბრის N4---- ბრძანების თანახმად, შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 24 სექტემბრის N4---- ბრძანებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 2014 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით.

 

2013 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის თანახმად, შპს „მ-----------ს“ ჯამში, ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 67 880 ლარი და ჯარიმა 33 940 ლარი. შპს „მ------------ს“ დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 12 335 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 12 335 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 24 დეკემბრის N6---- ბრძანების თანახმად, შპს „მ-----------ს“ (ს/ნ 2--------) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 101 820 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახდელი 67 880 ლარი, ჯარიმა 33 940 ლარი. შპს „მ------------ს“ (ს/ნ 2--------) დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 12 335 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 12 335 ლარით. აღნიშნული ბრძანება ა-------------–--ეს ჩაბარდა და გაეცნო 2015 წლის 31 აგვისტოს.

 

შემოსავლების სამსახურის N5---- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს „მ-----------ს“ ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 67 880 ლარი და ჯარიმა 33 940 ლარი. აღნიშნული მოთხოვნა ა-------------–--ეს ჩაბარდა 2015 წლის 31 აგვისტოს.

 

შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 26 აგვისტოს N2---------- წერილის თანახმად, შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) მიმართ გამოცემულ 2013 წლის 24 დეკემბრის N5---- „საგადასახადო მოთხოვნას“ გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2013 წლის 24 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით.

 

2015 წლის 23 სექტემბრის საჩივრის თანახმად, ა-------------–--ე შემოსავლების სამსახურში ითხოვს შპს „მ-----------ის“ საგადასახადო შემოწმების აქტის, აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 24 დეკემბრის N6---- ბრძანებისა და N5---- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 12 ოქტომბრის N3---- ბრძანების თანახმად, ა-------------–--ის საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, საჩივარზე არ იყო წარდგენილი მინდობილობა ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.

 

შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 2 ნოემბრის N2----------- წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურში 2015 წლის 23 სექტემბერს განსახილველად წარდგენილია ა-------------–--ის (ს/ნ 0----------) საჩივარი, რითაც მომჩივანი ითხოვს შპს „მ-----------ის“ საგადასახადო შემოწმების აქტის, აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 24 დეკემბრის N6---- ბრძანებისა და N5---- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 12 ოქტომბრის N3---- ბრძანებით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის 19 აგვისტოს N0------- წერილის თანახმად, შპს „მ-----------ის“ საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 24 დეკემბრის N6---- ბრძანების გაუქმების თაობაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული არ არის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აგვისტოს N8--- წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ელექტრონული ბაზების მონაცემებით, 2014 წლის 24 ოქტომბრიდან 2015 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით, შპს „მ-----------ი“ მოსარჩელე მხარედ არ იძებნება.

 

2014 წლის 21 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შპს „მ-----------ს“ ჯამში, ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 186 702 ლარი და ჯარიმა 93 359 ლარი. შპს „მ-----------ს“ დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 7 932 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 7 932 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ოქტომბრის N4---- ბრძანების თანახმად, შპს „მ-----------ს“ (ს/ნ 2--------) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 280 061 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახდელი 186 702 ლარი, ჯარიმა 93 359 ლარი. შპს „მ-----------ს“ (ს/ნ 2--------) დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 7 932 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 7 932 ლარით. აღნიშნული ბრძანება ა-------------–--ეს ჩაბარდა 2015 წლის 05 ივნისს.

 

შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 იანვრის N2--------- წერილის თანახმად, შპს „მ-----------ის“ 2014 წლის 24 ოქტომბრის N------ „საგადასახადო მოთხოვნა“ გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე საფოსტო გზავნილით 18.11.2014 წელს და ფოსტამ შეტყობინება მოუძიებლობის გამო უკან მიაბრუნა 24.11.2014 წელს. შემდგომი რეაგირების მიზნით 2014 წლის 27 ნოემბერს საგადასახადო მოთხოვნა გამოქვეყნდა საჯაროდ ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

შემოსავლების სამსახურის N------ საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს „მ-----------ს“ ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 186 702 ლარი და ჯარიმა 93 359 ლარი. აღნიშნული მოთხოვნა ა-------------–--ეს ჩაბარდა 2015 წლის 05 ივნისს.

 

შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 19 თებერვლის N2---------- წერილის თანახმად, შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) დავების დეპარტამენტში 2014 წლის 24 ოქტომბრის N------ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით საჩივარი არ არის წარდგენილი.

 

შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 26 თებერვლის N----------- წერილის თანახმად, შპს „მ-----------თან“ საგადასახადო შეთანხმების აქტი არ გაფორმებულა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის 23 იანვრის N0------ წერილის თანახმად, შპს „მ-----------ის“ საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ოქტომბრის N4---- ბრძანების, თანდართული 2014 წლის 21 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, გაუქმების თაობაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული არ არის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის N3--- წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ელექტრონული ბაზების მონაცემებით, 2014 წლის 24 ოქტომბრიდან 2015 წლის 22 აპრილის ჩათვლით, შპს „მ-----------ი“ მოსარჩელე მხარედ არ იძებნება.

 

2015 წლის 1 ივლისის ინფორმაციით, შპს „მ-----------ის შესახებ“, აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 24 სექტემბრის N4---- ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება და 2014 წლის 21 ოქტომბერს შედგა კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც, გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 280 061 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 186 702 ლარი და ჯარიმა 93 359 ლარი. აღნიშნულიდან გადასახადის ძირითადი თანხა 147 005 და ჯარიმა 73 503 ლარი დარიცხულია იმ საანგარიშო პერიოდებზე, რომლის დეკლარირების ვალდებულება შპს „მ-----------ს“ ჰქონდა 2013 წლის აპრილამდე, როდესაც საზოგადოების დირექტორი იყო ა-------------–--ე, ხოლო გადასახადის ძირითადი თანხა 39 697 ლარი და ჯარიმა 19 856 ლარი დარიცხულია იმ საანგარიშო პერიოდებზე, რომელთა დეკლარირების ვალდებულება გადამხდელს ჰქონდა 2013 წლის აპრილიდან, როდესაც საზოგადოების დირექტორი იყო ფ---------------ი.

 

2015 წლის 31 აგვისტოს დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ვ----–-----–---–ის მიერ, ა-------------–--ის მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა ა-------------–--ის მიერ წარდგენილი 2015 წლის 3 ივნისის შემოსავლების სამსახურისადმი შედგენილი განცხადება, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 ივლისის N2---- ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 ივლისის წერილი ა-------------–--ის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

ა-------------–--ის 2015 წლის 3 ივლისის განცხადების თანახმად, 2013 წლის 08 აპრილამდე იყო შპს „მ-----------ის“ დირექტორი. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწმდება შპს „მ-----------ის“ საქმიანობა. შემოწმება შეეხება პერიოდს, როდესაც თავად იყო დირექტორი, შესაბამისად, არის დაინტერესებული მხარე და ვინაიდან შემოწმების შედეგებით დგება მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ითხოვს ჩაბმას ადმინისტრაციულ წარმოებაში. გარდა ამისა, ვინაიდან იყო შპს „მ-----------ის“ დირექტორი, მისი პერიოდში განხორციელებული შპს-ს საქმიანობა მისთვის ცნობილია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა-------------–--ე ითხოვს შემოწმების პროცესში ჩართვას და შემოწმებასთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული აქტების გაცნობას, ასევე - დამუშავებულ ინფორმაციას, შემოწმების მასალებს, მათ შორის შპს „მ-----------ის“ საგადასახადო შემოწმების აქტს, აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ოქტომბრის N4---- ბრძანებას და 2014 წლის 24 ოქტომბრის N------ საგადასახადო მოთხოვნას.

 

შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 ივლისის N2---- ბრძანების თანახმად, ა-------------–--ის საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, საჩივარზე არ იყო წარდგენილი მინდობილობა ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 13 ივლისის N2----------- წერილის თანახმად, ა-------------–--ეს მისი 2015 წლის 03 ივლისის წერილის პასუხად აცნობეს, რომ 2013 წლის 24 სექტემბრის N4---- ბრძანებით დანიშნული შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) კამერალური საგადასახადო შემოწმება დასრულებულია, შემოწმების აქტი ჩაბარებულია კომპანიის ახლანდელ ხელმძღვანელობაზე. აქტის დასრულების პერიოდში ა---------–--ე არ ბრძანდება კომპანიის პასუხისმგებელი თანამდებობის პირი, შესაბამისად, შემოწმების აქტის, 2014 წლის 24 ოქტომბრის N4---- ბრძანებისა და ამავე თარიღის N------ საგადასახადო მოთხოვნის გადაცემა მასზე ვერ მოხდება.

 

2017 წლის 11 ოქტომბრის დათვალიერების ოქმისა და თანდართული მასალების თანახმად, დათვალიერებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო რეესტრი. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ შპს „მ-----------ი“ (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია 2007 წლის 25 აპრილს და მას 2007 წლის 05 ნოემბერს შეერწყა „ა-------------–--ე“ - პ/ნ0----------. საწარმოს დირექტორი 10.04.2017 წლამდე იყო ა-------------–--ე, ხოლო შემდეგ - ფ---------------ი (F------------ი, დაბ. 2--------- წ. პასპორტის N P-------).

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 13 ოქტომბრის N0-------- წერილის თანახმად, შპს „მ-----------ის“ საჩივარი 2013 წლის 24 დეკემბრის N5---- და 2014 წლის N------ საგადასახადო მოთხოვნებთან და მასთან დაკავშირებით მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში რეგისტრირებული არ არის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის N2------ წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ელექტრონული ბაზების მონაცემებით, 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით, შპს „მ-----------ი“ მოსარჩელე მხარედ არ იძებნება.

 

შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 ოქტომბრის N2----------- წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურში 2015 წლის 23 სექტემბერს განსახილველად წარდგენილია ა-------------–--ის (ს/ნ 0----------) საჩივარი, რითაც მომჩივანი ითხოვს შპს „მ-----------ის“ საგადასახადო შემოწმების აქტის, აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 24 დეკემბრის N6---- ბრძანებისა და N5---- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 12 ოქტომბრის N3---- ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.

 

შემოსავლების სამსახურში 2015 წლის 3 ივლისს განსახილველად წარდგენილია ა-------------–--ის (ს/ნ 0----------) საჩივარი, რითაც მომჩივანი ითხოვს შპს „მ-----------ის“ საგადასახადო შემოწმების აქტის, აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ოქტომბრის N4---- ბრძანებისა და N------ საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 ივლისის N2---- ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.

 

შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 12 ოქტომბრის N3---- ბრძანების თანახმად, ა-------------–--ის საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, საჩივარზე არ იყო წარდგენილი მინდობილობა ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი.

 

სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ა-------------–--ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

წარმოდგენილ სააპლაციო საჩივარში პროკურორი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ, რადგან ა-------------–--ეს არ მიეცა შემოწმების შედეგების გაცნობისა და საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების უფლება, იგი ავტომატურად არ არის საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი. ბრალდების მხარის პოზიციით, ვინაიდან 2007 წლის 25 აპრილიდან 2013 წლის 8 აპრილამდე პერიდოში, შპს ,,მ-----------ის“ ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას ახორციელებდა მისი დირექტორი ა-------------–--ე, შესაბამისად, მას ეკისრება პასუხიმსგებლობა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე. სააპელაციო პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის აღნიშნულ პოზიციას იზიარებს და აღნიშნავს, - საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: ...შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2007 წლიდან 2013 წლის 25 აპრილამდე გადამხდელი იყო შპს „მ-----------ი“, რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელი იყო ა-------------–--ე. შესაბამისად, სწორედ ა-------------–--ეს, როგორც კომპანიის დირექტორს (დირექტორის ყველა უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს), გააჩნდა საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისა და კანონით დადგენილ ვადაში/ოდენობით გადასახადის გადახდის ვალდებულება. ამდენად, იგი ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტს.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნასთან დაკავშირებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ შენიშვნას, რომლის თანახმად, ,,პირს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე“, - აქვს წამახალისებელი ნორმის ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს სამეწარმეო საზოგადოების უფლებამოსილ პირს გადაიხადოს, გადაავადოს ან დააკორექტიროს მოთხოვნით განსაზღვრული თანხა და მას არ დაეკისრება შესაბამისი პასუხსიმგებლობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ, თუ დარიცხული თანხა აღემატება 100 000 ლარს, მას დანაშაული არ ჩაუდენია. სააპელაციო პალატა აპელანტის აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად კანონიერად და მართებულად განხორციელდა დარიცხვა, უნდა გადაწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ ა-------------–--ეს არ მიეცა შესაძლებლობა - ადმინსიტრაციული სამართალწარმოების წესით დაეცვა მისი უფლებები. კერძოდ, არ იქნა განხილული ა-------------–--ის საჩივარი შპს „მ------------ის“ საგადასახადო შემოწმების აქტის, აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 24 დეკემბრის N6---- ბრძანებისა და N5---- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, ამასთან, საჩივარზე არ იყო წარდგენილი მინდობილობა ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის N------ საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს „მ-----------ს“ ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 186 702 ლარი და ჯარიმა 93 359 ლარი. აღნიშნული მოთხოვნა ა-------------–--ეს ჩაბარდა 2015 წლის 5 ივნისს. ა-------------–--ემ 2015 წლის 3 ივლისს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და განაცხადა, რომ 2013 წლის 8 აპრილამდე იყო შპს „მ-----------ის“ დირექტორი. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწმდება შპს „მ-----------ის“ საქმიანობა. შემოწმება შეეხება პერიოდს, როდესაც თავად იყო დირექტორი, შესაბამისად, არის დაინტერესებული მხარე და ვინაიდან შემოწმების შედეგებით დგება მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ითხოვს ჩაბმას ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამასთანავე, ვინაიდან იყო შპს „მ-----------ის“ დირექტორი, მის პერიოდში განხორციელებული შპს-ს საქმიანობა მისთვის ცნობილია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა-------------–--ე ითხოვს შემოწმების პროცესში ჩართვას და შემოწმებასთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული აქტების გაცნობას, ასევე დამუშავებულ ინფორმაციას, შემოწმების მასალებს, მათ შორის - შპს „მ-----------ის“ საგადასახადო შემოწმების აქტს, აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ოქტომბრის N4---- ბრძანებას და N------ საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნულ მოთხოვნაზე ა-------------–--ეს შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 ივლისის N2---- ბრძანების თანახმად, ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, საჩივარზე არ იყო წარდგენილი მინდობილობა ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი. გარდა აღნიშნულისა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 13 ივლისის N2---------- წერილის თანახმად, ა-------------–--ეს მისი 2015 წლის 3 ივლისის წერილის პასუხად აცნობეს, რომ 2013 წლის 24 სექტემბრის N4---- ბრძანებით დანიშნული შპს „მ-----------ის“ (ს/ნ 2--------) კამერალური საგადასახადო შემოწმება დასრულებულია, შემოწმების აქტი ჩაბარებულია კომპანიის ახლანდელ ხელმძღვანელობაზე. აქტის დასრულების პერიოდში ა-------------–--ე არ ბრძანდება კომპანიის პასუხისმგებელი თანამდებობის პირი, შესაბამისად, შემოწმების აქტის, 2014 წლის 24 ოქტომბრის N4---- ბრძანებისა და ამავე თარიღის N------ საგადასახადო მოთხოვნის გადაცემა მასზე ვერ მოხდებოდა. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში; ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მითითებული ნორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო მხოლოდ მას შემდეგ არის უფლებამოსილი გაატაროს იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების ამოღების მიზნით, მათ შორის დარიცხული გადასახადის კანონით დადგნილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში აამოქმედოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მექანიზმი. კონკრეტულ შემთხვევაში, ზემოთგანხილული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-------------–--ეს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არ მიეცა სამართლებრივი შესაძლებლობა - ესარგებლა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების უფლებით. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც ადმინისტრაციული დავის ფარგლებში არ მომხდარა დარიცხული თანხის ოდენობის ან/და თანხის დარიცხვის კანონიერების შემოწმება, დაუშვებელია ა-------------–--ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც შეუსაბამო იქნება ამავე მუხლის შენიშვნის მეორე ნაწილის დანაწესთან.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ა-------------–--ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ა-------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი ა-------------–--ის მიმართ უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ზ-------------–--ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განაჩენი ა-------------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ა-------------–--ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გამართლებულ ა-------------–--ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-------------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმებულია; ყადაღა მოეხსნას აღნიშნული გირაოს უზრუნველსაყოფად 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით დაყადაღებულ ა----------------ის (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე თბილისში, ს------–--------–--–--ში, საკადასტრო კოდი 8--------------------, (ოცი ათასი) ლარის პროპორციულ წილს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე