განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.11.2019
საქმის ნომერი
330310018002728101
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002728101

საქმე №3ბ/838-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სპეციალური პენიტენციური სამსახური

წარმომადგენლები - სა-–--------------ე, ნა-----–--–------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კა------------------ი

წარმომადგენელი - და---------------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარე - კა------------------ი და მისი წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით კა------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 19 ოქტომბრის №MOC 8 18 00957898 წერილობითი მიმართვა მოსარჩელე კა------------------ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, 1995 წლის 26 ივნისიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე წელთა ნამსახურობის შეღავათიანი ანგარიშის შედგენაზე უარის თქმის შესახებ; სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე კა------------------ს წელთა ნამსახურობის საერთო ანგარიშში ჩაეთვლება 1995 წლის 26 ივნისიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე, სასჯელაღსრულების სისტემაში ნამსახურები პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

კა------------------ი 1995 წლის 26 ივნისიდან 1999 წლის 11 მაისამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 დაწესებულების კონტროლიორის სპეციალური წოდების მქონე თანამდებობაზე, 2001 წლის 27 აგვისტოდან 2004 წლის 25 თებერვლამდე - მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 საპყრობილის სპეცგანყოფილების არქივარიუსის თანამდებობაზე, ხოლო 2004 წლის 25 თებერვლიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე კა------------------ი მსახურობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემაში კონტროლიორის თანამდებობაზე სპეციალური წოდებით.

 

კა------------------მა არაერთხელ, მათ შორის, 2018 წლის 10 ოქტომბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს და ითხოვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშება იმგვარად, რომ 1995 წლის 26 ივნისიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე სასჯელაღსრულების სისტემაში ნამსახურები პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლოდა კომპენსაციის მისაღებად.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 19 ოქტომბრის №MOC 8 18 00957898 წერილობითი მიმართვით, კა------------------ს უარი ეთქვა 2013 წლის 25 სექტემბრამდე შეღავათიანი პირობებით ნამსახურობის ნუსხის შედგენაზე იმ საფუძვლით, რომ მისი წელთა ნამსახურობა არ შეადგენდა 20 წელს, კომპენსაციის გაანგარიშება ხდებოდა საპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის ორგანოდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე, ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას ჰქონდა ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი, ხოლო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლებოდა საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 20 კალენდარულ წელზე მეტი ექნება ნამსახურები. ამასთან, მისი სასჯელაღსრულების სისტემაში ნამსახურები პერიოდი უნდა დაანგარიშდეს მხოლოდ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე. შესაბამისად, მოსარჩელე კა------------------ის სასჯელაღსრულების სიტემაში ნამსახურები საერთო პერიოდი (2010 წლის 1 ოქტომბრამდე), შეღავათიანი დაანგარიშებით, 19 წელს, 04 თვეს და 06 დღეს შეადგენს.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის №7975/06 გადაწყვეტილებაზე მითითებით, განმარტა, კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.

 

სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოპასუხის უარი წელთა ნამსახურობის სადავო პერიოდის ჩათვლასთან დაკავშირებით გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.

 

სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილების 24-ე პუნქტის თანახმად, სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, მუშაობაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება ობიექტურობის, ერთიანობის, გენეტიკური განმარტების პრინციპებს. კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში. კანონმდებელმა სწორედ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე დააწესა შეღავათი სამომავლოდ კომპენსაციის მისაღებად და იმპერატიულად დაადგინა, რომ აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით. შესაბამისად, წელთა ნამსახურობის შეღავათიანი გაანგარიშება ისევე, როგორც ნამსახურების საერთო პერიოდი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზანს ემსახურება, რის გამოც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ შეღავათიანი პირობებით წელთა ნამსახურობის გაანგარიშება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს, თუ პირს აქვს 20 წელზე მეტი ნამსახურები შესაბამის სამსახურში.

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი და მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას უკავშირებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამსახურს და გამონაკლისს რაიმე პერიოდზე არ ითვალისწინებს. ამასთან, დადგენილია, რომ „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილება დღემდე არ არის ძალადაკარგული. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე კა------------------ს ნამსახურები წლები მხოლოდ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა დაუანგარიშდეს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე კა------------------ი 1995 წლის 26 ივნისიდან 1999 წლის 11 მაისამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 დაწესებულების კონტროლიორის სპეციალური წოდების მქონე თანამდებობაზე, 2001 წლის 27 აგვისტოდან 2004 წლის 25 თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 საპყრობილის სპეცგანყოფილების არქივარიუსის თანამდებობაზე, ხოლო 2004 წლის 25 თებერვლიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე მოსარჩელე კა------------------ი მსახურობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემაში (სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში) კონტროლიორის თანამდებობაზე სპეციალური წოდებით.

 

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მითითება იმის თაობაზე, რომ შეღავათიანი გაანგარიშება ემატებოდა წელთა ნამსახურობას მხოლოდ 20 კალენდარული წლის ნამსახურობის შემდგომ და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის წელთა ნამსახურობა მხოლოდ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე ჩაითვლება, რის გამოც მოსარჩელე კა------------------ი არ წარმოადგენდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს, არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნული კანონით დადგენილ მოწესრიგებას. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელე კა------------------ის სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის შრომითი სტაჟი, შეღავათიანი გაანგარიშების ნამსახურობაში ჩათვლის პირობებში, აღემატება 20 კალენდარულ წელს, რის გამოც იგი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს შეღავათიანი პირობებით კომპენსაციის დასანიშნად.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-601 მუხლებზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე, 33-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 19 ოქტომბრის №MOC 8 18 00957898 წერილობითი მიმართვა და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი აქტი, რომლითაც მოსარჩელე კა------------------ს წელთა ნამსახურობის საერთო ანგარიშში ჩაეთვლება 1995 წლის 26 ივნისიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე სასჯელაღსრულების სისტემაში ნამსახურები პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, კა------------------ი არის ყოფილი თანამშრომელი და მან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით ნამსახურობის წელთა ანგარიშის მომზადების მოთხოვნით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. სამსახურის მიერ კა------------------ს უარი ეთქვა კომპენსაციის დასანიშნად ნამსახურობის წელთა ანგარიშის გაცემაზე, ვინაიდან ნამსახურობის კალენდარულ წელში განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის შეღავათიანი წლების ჩათვლის შემთხვევაშიც კი მას არ ჰქონდა ნამსახურობის 20 წელი. მისი სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა შეადგენს 13 წელს, 10 თვესა და 15 დღეს, ხოლო განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის შეღავათიანი წლები - 5 წელს, 5 თვესა და 21 დღეს, მთლიანობაში 19 წელს, 04 თვეს და 06 დღეს.

 

„საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილების საფუძველზე სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის შეღავათიანი წლები - ერთი წელი წელიწადნახევრად ეთვლებათ 1995 წლის 15 აპრილიდან 2010 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში. კა------------------მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნამსახურობის 20 კალენდარულ წელში ჩაეთვალათ განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის შეღავათიანი წლები 1995 წლის 15 აპრილიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე, მისი სისტემიდან დათხოვნამდე. მოთხოვნის არგუმენტად უთითებდა, რომ „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა - სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილება არ არის გაუქმებული და ის კვლავ ძალაშია.

 

აპელანტი აღნიშნავს, მართალია, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილება არ არის გაუქმებული, მაგრამ საქარველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შედეგად 2000 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შეიქმნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. ამასთან 1999 წლის დეკემბერში მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“, რომლის მე-15 მუხლის თანახმად, სასჯელაღსრულების სისტემის მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებოდათ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესითა და ოდენობით. ამავე კანონის მე-17 მუხლი ადგენდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემის მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები, რომელიც განსაზღვრული იყო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2010 წლის 01 ოქტომბრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“, რომელმაც გააუქმა საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“ და რომელიც აღარ არეგულირებდა სასჯელაღსრულების სისტემის მოსასახურეებზე სოციალური გარანტიების საკითხს. კერძოდ, მათზე 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 01 იანვრამდე აღარ გაიცემოდა სახელმწიფო კომპენსაცია და 2010 წლის 01 ოქტომბრიდან მათზე აღარ ვრცელდება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 393-ე და 394-ე მუხლებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო, იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მიღებულია კანონის დარღვევით. აპელანტი სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს კა------------------ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, 1995 წლის 26 ივნისიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე წელთა ნამსახურობის შეღავათიანი ანგარიშის შედგენაზე უარის თქმის კანონიერება.

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს.

 

მითითებული კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გათვალისწინებულია კომპენსაციის მიღების უფლება წელთა ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო, რომლის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ოფიცერსა და რიგითზე, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.

 

იმავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება, აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები უნდა განიმარტოს ერთობლიობაში და ემსახურება კომპენსაციის დანიშვნას, მე-6 პუნქტი ავსებს მე-5 პუნქტის შემადგენლობას და განსაზღვრავს ნამსახურობის გაანგარიშების წესს. ამასთან, კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს, რომ წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილებაზე, რომლის 24-ე პუნქტის თანახმად, სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, მუშაობაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის წელთა ნამსახურობის გაანგარიშებისას გამოყენებულ უნდა იქნეს სწორედ ზემოაღნიშნული წესი, ამასთან, იგი უნდა გავრცელდეს კა------------------ის სასჯელაღსრულების სიტემაში მუშაობის სრულ პერიოდზე და არა მხოლოდ ნაწილზე, როგორც ამას აპელანტი მიუთითებს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ: ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იყო მიღებული (გამოცემული); ბ) მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს; გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტის მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის N214 დადგენილება არ ყოფილა ძალადაკარგულად გამოცხადებული შემდგომში მიღებული არცერთი ნორმატიული აქტით, იგი არ ყოფილა განსაზღვრული ვადით გამოცემული. აპელანტის მიერ დასახელებულ ნორმატიულ აქტებში N214 დადგენილების გაუქმებაზე არ არის მითითება გაკეთებული, ამასთან, ამავე აქტებით არც სადავო საკითხი არის მოწესრიგებული. შესაბამისად, არ არსებობს ნორმათა შორის კოლიზია, რომლის დროსაც უფრო ახალ კანონს უპირატესობა მიენიჭებოდა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ კანონმდებელმა სწორედ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე დააწესა შეღავათი სამომავლოდ კომპენსაციის მისაღებად და იმპერატიულად დაადგინა, რომ აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწადნახევრის ანგარიშით. შესაბამისად, წელთა ნამსახურობის შეღავათიანი გაანგარიშება ისევე, როგორც ნამსახურების საერთო პერიოდი, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზანს ემსახურება, რის გამოც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ შეღავათიანი პირობებით წელთა ნამსახურობის გაანგარიშება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს, თუ პირს აქვს 20 წელზე მეტი ნამსახურები შესაბამის სამსახურში.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კა------------------ი 1995 წლის 26 ივნისიდან 1999 წლის 11 მაისამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 დაწესებულების კონტროლიორის სპეციალური წოდების მქონე თანამდებობაზე, 2001 წლის 27 აგვისტოდან 2004 წლის 25 თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის №5 საპყრობილის სპეცგანყოფილების არქივარიუსის თანამდებობაზე, ხოლო 2004 წლის 25 თებერვლიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე მოსარჩელე კა------------------ი მსახურობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემაში (სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში) კონტროლიორის თანამდებობაზე სპეციალური წოდებით. შესაბამისად, მისი სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის შრომითი სტაჟი, შეღავათიანი გაანგარიშების ნამსახურობაში ჩათვლის პირობებში, აღემატება 20 კალენდარულ წელს, რის გამოც იგი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს შეღავათიანი პირობებით კომპენსაციის დასანიშნად.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები. შესაბამისად, ასევე საფუძვლიანი იყო სასარჩელო მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მანანა ჩოხელი